საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • si გვ. 239-241
  • ბიბლიის წიგნი 56 — ტიტე

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ბიბლიის წიგნი 56 — ტიტე
  • „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • შინაარსი
  • რატომ არის სასარგებლო
  • ტიტე — ‘თანამშრომელი თქვენთან’
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
  • ტიტე
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ტიტესთვის მიწერილი წერილი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • შენი ცხოვრების გზად აქციე ჯანსაღი მოძღვრება
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1994
იხილეთ მეტი
„მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“
si გვ. 239-241

ბიბლიის წიგნი 56 — ტიტე

დამწერი: პავლე

დაწერის ადგილი: მაკედონია (?)

წერა დასრულდა: დაახლ. ახ. წ. 61—64

1. ა) რა ჰქონდა დავალებული ტიტეს? ბ) როგორ გარემოში ჩამოყალიბდა კრებები კრეტაში და როგორ უნდა მოქცეულიყვნენ კრეტელი ქრისტიანები?

„პავლე — ღვთის მონა და იესო ქრისტეს მოციქული . . . ტიტეს, ჭეშმარიტ შვილს საერთო რწმენაში“ (ტიტ. 1:1, 4). ამ სიტყვებით იწყებს პავლე თავის წერილს, რომელიც მან ტიტეს მისწერა. პავლემ ტიტე, რომელთანაც დიდი ხნის მანძილზე მსახურობდა, კუნძულ კრეტაზე დატოვა კრებების უკეთ ორგანიზებისთვის. ტიტე რთული ამოცანის წინაშე იდგა. ამ კუნძულს, რომელსაც „ღმერთთა და ადამიანთა მამის“ სამკვიდროდ მიიჩნევდნენ, უკავშირდებოდა გამოთქმა „კრეტელს კრეტელივით უნდა მოექცე“, რაშიც იმას გულისხმობდნენ, რომ თაღლითს თაღლითურად უნდა მოქცეოდნენa. კრეტელებს მატყუარების სახელი ჰქონდათ. პავლემ მათი წინასწარმეტყველის სიტყვებიც კი მოიშველია: „კრეტელები ყოველთვის იტყუებიან; ისინი საშიში მხეცები და უქნარა ღორმუცელები არიან“ (1:12). პავლეს დროს მცხოვრები კრეტელების შესახებ ერთ ნაშრომში ნათქვამია: „ისინი იყვნენ არასაიმედოები, არაგულწრფელები და ჩხუბისთავები. მათი სიხარბე, გარყვნილება, სიცრუე და ლოთობა ყოველგვარ ზღვარს სცილდებოდა. იქ მცხოვრები იუდეველები მათ არ ჩამოუვარდებოდნენ უზნეობაში“b. ასეთ გარემოში ჩამოყალიბდა კრებები კრეტაში. ამიტომ იქაურ მორწმუნეებს, როგორც პავლემ აღნიშნა, უნდა ‘უარეყოთ უღმერთოება, ქვეყნიური სურვილები და აზრიანად, სიმართლითა და ღვთისადმი ერთგულებით ეცხოვრათ’ (2:12).

2, 3. ა) როგორი ურთიერთობა ჰქონდა ტიტეს პავლესთან? ბ) როგორც ჩანს, საიდან მისწერა პავლემ წერილი ტიტეს და რა მიზნით?

2 ტიტეს მიმართ მიწერილი წერილი მწირ ინფორმაციას გვაწვდის პავლესა და ტიტეს ურთიერთობის შესახებ. მაგრამ ბევრის გაგება შეგვიძლია პავლეს სხვა წერილების იმ მონაკვეთებიდან, სადაც ტიტეა მოხსენიებული. ტიტე ბერძენი იყო. ის ხშირად ახლდა პავლეს და ისინი, სულ მცირე, ერთხელ მაინც იყვნენ იერუსალიმში ერთად (გალ. 2:1—5). პავლე მას „თანამსახურსა და თანამშრომელს“ უწოდებს. სწორედ ტიტე გაგზავნა კორინთში პავლემ მას შემდეგ, რაც კორინთელებს პირველი წერილი მისწერა ეფესოდან. კორინთში ყოფნისას ტიტემ მონაწილეობა მიიღო იერუსალიმში მყოფი ძმებისთვის შესაწირავების შეგროვების ორგანიზებაში. საქმის ბოლომდე მისაყვანად ის იქ მეორედ ჩავიდა პავლეს მითითებისამებრ. მანამდე მაკედონიაში ტიტე შეხვდა პავლეს, რომელმაც მას კორინთელებთან მეორე წერილი გაატანა (2 კორ. 8:16—24; 2:13; 7:5—7).

3 რომში პირველი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, თავისი მსახურების ბოლო წლებში, პავლემ კვლავ განაგრძო თანამშრომლობა ტიმოთესა და ტიტესთან. სავარაუდოდ, ამ პერიოდში მან იმსახურა კრეტაზე, საბერძნეთსა და მაკედონიაში. ბიბლიიდან ჩანს, რომ პავლე ნიკოპოლისში (საბერძნეთის ჩრდილო-დასავლეთი) აპირებდა წასვლას. როგორ ჩანს, ის იქ დააპატიმრეს და რომში დააბრუნეს, სადაც საბოლოო განაჩენი გამოუტანეს და სიკვდილით დასაჯეს. კრეტაზე მსახურების შემდეგ პავლემ ტიტე იქ დატოვა, რათა ‘გამოესწორებინა ნაკლოვანებები და ყოველ ქალაქში უხუცესები დაენიშნა მისი მითითებისამებრ’. ამის შემდეგ პავლემ, როგორც ჩანს, მალევე მისწერა წერილი კრეტაში დარჩენილ ტიტეს, სავარაუდოდ მაკედონიიდან (ტიტ. 1:5; 3:12; 1 ტიმ. 1:3; 2 ტიმ. 4:13, 20). ტიმოთესთვის მიწერილი პირველი წერილის მსგავსად, პავლემ ეს წერილიც იმ მიზნით დაწერა, რომ გაემხნევებინა თავისი თანამსახური და დახმარებოდა მას პასუხისმგებლობების შესრულებაში.

4. სავარაუდოდ, როდის მისწერა პავლემ ტიტეს წერილი და რა ადასტურებს მის კანონიკურობას?

4 ეს წერილი პავლემ, როგორც ჩანს, დაწერა დაახლოებით ახ. წ. 61—64 წლებში, ანუ რომში პირველი პატიმრობის შემდეგ, ვიდრე მეორედ დააპატიმრებდნენ. „ტიტეს“ კანონიკურობაზე იმავეს თქმა შეიძლება, რაც ტიმოთეს მიმართ მიწერილ წერილებზე ითქვა. ამ სამ წერილს, რომლებიც დაახლოებით ერთ პერიოდში დაიწერა, ხშირად პავლეს „სამწყემსო წერილებს“ უწოდებენ. ისინი ერთ სტილშია დაწერილი. „ტიტედან“ ციტატები მოყვანილი აქვთ ირინეოსსა და ორიგენეს. მის კანონიკურობას ადასტურებენ სხვა ცნობილი ადამიანებიც. ის გვხვდება სინურ და ალექსანდრიის კოდექსებში. ჯონ რაილენდსის ბიბლიოთეკაში ინახება პაპირუსის ფრაგმენტი (P32), რომელიც დაახლოებით ახ. წ. III საუკუნით თარიღდება და შეიცავს ტიტეს 1:11—15-სა და 2:3—8-სc. უდავოა, რომ ბიბლიის ეს წიგნი კანონიკური და ღვთისგან შთაგონებულია.

შინაარსი

5. ა) რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ ზედამხედველები და რატომ? ბ) რატომ უნდა შეეგონებინა ტიტეს კრეტელები მკაცრად და რა თქვა პავლემ წაბილწულ ადამიანებზე?

5 ჯანსაღი სწავლებით დარიგება (1:1—16). გულთბილი მისალმების შემდეგ პავლე ტიტეს სწერს, თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ ზედამხედველები. ზედამხედველი უნდა იყოს ბრალდაუდებელი, კარგის მოყვარული, მართალი, ერთგული. „მისი სწავლების უნარს რაც შეეხება, სარწმუნო სიტყვას უნდა იყოს ჩაჭიდებული, რათა შეეძლოს როგორც ჯანსაღი სწავლებით დარიგება, ასევე მოწინააღმდეგეების შეგონება“. ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება აუცილებელი იყო, თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ ცბიერი ადამიანები უპატიოსნო შემოსავლის მიზნით ოჯახებს რწმენას უნგრევდნენ. ტიტეს ‘მკაცრად უნდა შეეგონებინა ისინი, რათა ჯანსაღნი ყოფილიყვნენ რწმენაში და ყურადღება არ მიექციათ იუდეველთა იგავ-არაკებისთვის’. წაბილწული ადამიანები ყველას წინაშე აღიარებენ, რომ იცნობენ ღმერთს, მაგრამ თავიანთი ურჩობით უარყოფენ მას (1:6—10, 13, 14).

6. როგორები უნდა იყვნენ ქრისტიანები?

6 აზრიანად, სიმართლითა და ღვთისადმი ერთგულებით ცხოვრება (2:1—3:15). ხანში შესული მამაკაცები და ქალები უნდა იყვნენ სერიოზულები და ღვთისმოშიშები. ახალგაზრდა ქალებს უნდა უყვარდეთ ქმრები და შვილები, აგრეთვე უნდა ემორჩილებოდნენ ქმრებს, „რომ არ იგმობოდეს ღვთის სიტყვა“. ყმაწვილკაცები კარგი საქმეების მაგალითს უნდა იძლეოდნენ და ჯანსაღი სიტყვებით ლაპარაკობდნენ. მონებმა „სრულად [უნდა] გამოავლინონ ერთგულება“. ღვთის წყალობა, რომელსაც ხსნა მოაქვს, ცხადი გახდა. მათ, ვინც ღმერთმა იესო ქრისტეს მეშვეობით თავის საკუთრებად განწმინდა, როგორც „ერი, კარგი საქმეების მოშურნე“, უნდა იცხოვრონ აზრიანად, სიმართლითა და ღვთისადმი ერთგულებით (2:5, 10, 14).

7. რას ამბობს პავლე მორჩილებაზე, ხსნაზე და კარგ საქმეებზე?

7 პავლე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქრისტიანები უნდა ემორჩილებოდნენ და უსმენდნენ მთავრობებს და „ყველასთან რბილ ხასიათს“ ავლენდნენ. ერთ დროს პავლე და სხვა ქრისტიანები ბოროტებას სჩადიოდნენ. ღმერთმა თავისი წყალობით, სიყვარულითა და გულმოწყალებით (და არა სიმართლის საქმეების გამო) იხსნა ისინი წმინდა სულის მეშვეობით და მემკვიდრეები გახადა მარადიული სიცოცხლის იმედის შესაბამისად. მათ, ვინც ღმერთი ირწმუნა, „კვლავაც [უნდა] იფიქრონ კარგი საქმეების კეთებაზე“. ისინი უნდა მოერიდონ სულელურ კითხვებზე კამათს და ჩხუბს კანონის თაობაზე. სექტანტური იდეების გამავრცელებელი უნდა უარყონ მეორე გაფრთხილების შემდეგ. პავლე ტიტეს სთხოვს, რომ მასთან ჩავიდეს ნიკოპოლისში. ის სხვა მითითებებსაც აძლევს მას და კვლავ ამახვილებს ყურადღებას კარგი საქმეების კეთებაზე, რათა უნაყოფონი არ იყვნენ (3:2, 7, 8).

რატომ არის სასარგებლო

8. როგორც ტიტესთვის მიწერილი წერილიდან ჩანს, რა არის ჩვენთვის „კარგი და სასარგებლო“ და რატომ?

8 კრეტელ ქრისტიანებს ცხოვრება უწევდათ მატყუარა, ზნედაცემული და ხარბი ადამიანების გარემოცვაში. უნდა აჰყოლოდნენ ისინიც ფეხის ხმას? თუ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაედგათ იმისათვის, რომ მათგან განსხვავებულნი ყოფილიყვნენ, როგორც იეჰოვა ღმერთის განწმენდილი მსახურები? ტიტეს მეშვეობით პავლემ მათ ურჩია, ‘კვლავაც ეფიქრათ კარგი საქმეების კეთებაზე’, რადგან „ყოველივე ეს კარგი და სასარგებლოა ადამიანისთვის“. მაშინ როცა ქვეყნიერებაში სულ უფრო მეტად იკიდებს ფეხს უნდობლობა და უპატიოსნობა, ‘კარგი საქმეების კეთების სწავლა’ და ღვთის მსახურებაში ნაყოფის გამოღება ჩვენთვისაც „კარგი და სასარგებლოა“ (3:8, 14). პავლემ ყოველმხრივ დაგმო უზნეობა და ბოროტება, რაც საფრთხეს უქმნიდა კრეტის კრებებს. ეს ჩვენთვისაც კარგი გაფრთხილებაა, რადგან „ღვთის წყალობა . . . გვასწავლის, რომ უარვყოთ უღმერთოება და ქვეყნიური სურვილები, ახლანდელ ქვეყნიერებაში აზრიანად, სიმართლითა და ღვთისადმი ერთგულებით ვიცხოვროთ“. ქრისტიანებს მოეთხოვებათ, რომ „მზად იყვნენ ნებისმიერი კარგი საქმისთვის“, დაემორჩილონ მთავრობებს და შეინარჩუნონ სუფთა სინდისი (2:11, 12; 3:1).

9. როგორ ამახვილებს პავლე ყურადღებას იმაზე, რომ მნიშვნელოვანია „სწორი სწავლება“, განსაკუთრებით კი ზედამხედველებისთვის?

9 ტიტეს 1:5—9-ში მოცემული ინფორმაცია ავსებს 1 ტიმოთეს 3:2—7-ს და უფრო სრულ წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, თუ რა მოეთხოვებათ წმინდა სულით დანიშნულ ზედამხედველებს. ამ მონაკვეთში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ ზედამხედველი „სარწმუნო სიტყვას უნდა იყოს ჩაჭიდებული“ და მასწავლებელი უნდა იყოს კრებაში. ეს აუცილებელია კრების წევრების სულიერი მოწიფულობისთვის. ტიტეს მიმართ მიწერილ წერილში რამდენჯერმეა აღნიშნული, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სწორი სწავლება. პავლემ ტიტეს მოუწოდა, ‘კვლავაც ჯანსაღი სწავლების შესაფერისად ელაპარაკა’. ხანში შესული ქალები უნდა იყვნენ „კარგის მასწავლებლები“. მონებმა „ყველაფერში [უნდა] შეამკონ ჩვენი მხსნელის, ღვთის სწავლება“ (ტიტ. 1:9; 2:1, 3, 10). პავლემ აღნიშნა, რომ ზედამხედველის მოვალეობის შესრულებისას ტიტეს გაბედულად და უშიშრად უნდა ესწავლებინა. ის წერს: „განაგრძე ამაზე ლაპარაკი, შეგონება და დარიგება, როგორც სრული უფლების მქონემ“. მათთან დაკავშირებით, ვინც მორჩილებას არ ავლენდა, პავლემ ტიტეს უთხრა: „კვლავაც მკაცრად შეაგონე ისინი, რათა ჯანსაღნი იყვნენ რწმენაში“. ასე რომ, ტიტეს მიმართ მიწერილი წერილი განსაკუთრებით „სასარგებლოა სასწავლებლად, შესაგონებლად, გამოსასწორებლად და სიმართლეში აღსაზრდელად“ (ტიტ. 2:15; 1:13; 2 ტიმ. 3:16).

10. რისკენ მოგვიწოდებს ტიტესადმი მიწერილი წერილი და რა „მშვენიერ იმედზე“ მახვილდება მასში ყურადღება?

10 ტიტეს მიმართ მიწერილი წერილი გვეხმარება ღვთის წყალობის დაფასებაში და მოგვიწოდებს, უარვყოთ უღმერთოება „ვიდრე ველით მშვენიერ იმედს და დიადი ღვთისა და ქრისტე იესოს, ჩვენი მხსნელის, დიდებით გამოცხადებას“. ამგვარად მოქმედების შემთხვევაში ისინი, ვინც მართლებად არიან აღიარებულნი ქრისტე იესოს მეშვეობით, გახდებიან ღვთის სამეფოს მემკვიდრეები „მარადიული სიცოცხლის იმედის შესაბამისად“ (ტიტ. 2:13; 3:7).

[სქოლიოები]

a McClintock and Strong’s Cyclopedia, 1981, ტ. II, გვ. 564; The New Schaff-Herzog Encyclopedia of Religious Knowledge, 1958, ტ. III, გვ. 306.

b McClintock and Strong’s Cyclopedia, 1981, ტ. X, გვ. 442.

c The Text of the New Testament, კურტ და ბარბარა ალანდები, 1987, გვ. 98.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება