მტერი
ებრაული ʼოჲევ და ბერძნული ექთროს ავის მსურველსა და მოძულეს აღნიშნავს (გმ. 23:22; მთ. 5:43). მტრული დამოკიდებულება პირველად „გველმა“ გამოავლინა, რომელსაც ბიბლია სატანა ეშმაკის სახელით მოიხსენიებს (გმც. 12:9). მან ევა ღვთის სამართლიანობაში დააეჭვა (დბ. 3:4, 5). იესო ქრისტემ მას კაცისმკვლელი, „ცრუ და სიცრუის მამა“ უწოდა (ინ. 8:44; იხ. სატანა).
ღვთის მტრები. პირველი ადამიანების შეცდენის შემდეგ სატანა ღვთის მთავარი მტერი გახდა (მთ. 13:25, 39). კაცობრიობა მის გავლენაში მოექცა, ამიტომ „მთელი ქვეყნიერება ბოროტის ხელშია“ (1ინ. 5:19). შესაბამისად, ქვეყნიერებაც ღვთის მტერია (იაკ. 4:4). თუმცა ღმერთი სულგრძელია თავისი მტრების მიმართ და თუ მათგან ვინმე მის მსახურებას მოინდომებს, შეიწყალებს. ღმერთმა ასეთებს იესო ქრისტეს მსხვერპლის საფუძველზე თავისთან შერიგების საშუალება მისცა (რმ. 5:10; კლ. 1:21, 22). ქრისტესთან ერთობაში მყოფნი ღმერთმა ელჩებად დანიშნა მტრულად განწყობილ ქვეყნიერებაში შერიგების მსახურების შესასრულებლად (2კრ. 5:18—21).
ღვთის დაუძინებელ მტრებს შორის არიან სატანა და მისი ბოროტი დემონები, რომლებიც ერებს ღვთის წინააღმდეგ კრებენ (გმც. 16:13—16), განდგომილი „უკანონობის კაცი“, რომელიც ღმერთს უპირისპირდება (2თს. 2:3, 4), „დიდი ბაბილონი“, რომლის „ცოდვები ცას მისწვდა“ (გმც. 17:5; 18:5), ზღვიდან ამოსული „მხეცი“, რომელიც ძალასა და ძალაუფლებას „დრაკონისგან“ ანუ სატანისგან იღებს (გმც. 13:1, 2, 6), ორრქიანი „მხეცი“, რომელიც ზღვიდან ამოსული „მხეცის“ თაყვანისცემას აიძულებს ხალხს (გმც. 13:11, 12), „ალისფერი მხეცი“, რომელიც სავსეა ღვთისმგმობელი სახელებით (გმც. 17:3) და ღვთის ამ დაუძინებელი მტრების მომხრეები (გმც. 19:17—21). ყველა მათგანს ღმერთი ბოლოს მოუღებს (კნ. 32:41; ეს. 59:18; გმც. 20:10).
ქრისტეს მტრები. ღვთის მტრები ქრისტეს მტრებიც არიან (ინ. 8:42—47; მთ. 10:40). დედამიწაზე ყოფნისას იესო ქრისტეს ღვთის მტრებმა მრავალი ტანჯვა მიაყენეს. მაგრამ ის სამაგიეროს არ უხდიდა მათ და არც რამეს უშავებდა (1პტ. 2:21—23). ის კი არადა, მის შესაპყრობად მახვილებითა და ხელკეტებით მისული ბრბოდან ერთი კაცი განკურნა (ლკ. 22:49—51; ინ. 18:10, 11).
აღდგომის შემდეგ იესო „ღვთის მარჯვნივ დაჯდა. მას შემდეგ ელის იმ დროს, როცა მისი მტრები მის ფეხსადგამად იქცევიან“ (ებ. 10:12, 13; ლკ. 20:41—43). ეს ნაწინასწარმეტყველები იყო 110-ე ფსალმუნში, სადაც იეჰოვა თავის ძეს მიმართავს: „იბატონე შენს მტრებს შორის“ (ფს. 110:2). იეჰოვასა და მისი ცხებულის წინააღმდეგ ამხედრებულებს შორის არიან „ხალხები“, „ერები“, „დედამიწის მეფეები“ და „უმაღლესი მოხელეები“ (ფს. 2:1—9). გამოცხადების 19:11—21-ში მას ეწოდება „ერთგული და ჭეშმარიტი“, „ღვთის სიტყვა“ და „მეფეთა მეფე და უფალთა უფალი“, რომელიც ზეციერ ლაშქარს მიუძღვის თავისი მტრების წინააღმდეგ. ქრისტეს მტრები არიან „მხეცი, დედამიწის მეფეები და მათი ლაშქრები“ და „ცრუწინასწარმეტყველი“, რომლებსაც ის გაანადგურებს.
კაცობრიობის მტრები. ღვთის მტრები ამავე დროს კაცობრიობის მტრები არიან, რადგან ისინი ყველაფერს აკეთებენ საიმისოდ, რომ ადამიანები არ შეურიგდნენ ღმერთს და არ შესრულდეს ის, რაც ღმერთმა მათთვის განიზრახა. ისინი ეწინააღმდეგებიან ჭეშმარიტების გაცხადებას და ამგვარად კაცობრიობის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ ისევე, როგორც პირველ ქრისტიანთა მდევნელები (1თს. 2:15).
ვინაიდან ადამის გამო ცოდვა შემოვიდა ქვეყნიერებაში და სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე, ბიბლია სიკვდილს კაცობრიობის მტერს უწოდებს (1კრ. 15:26; რმ. 5:12). ადამიანს არ შეუძლია სძლიოს სიკვდილს (ფს. 89:48). მხოლოდ იეჰოვა ღმერთს შეუძლია იესო ქრისტეს მეშვეობით მოაშოროს კაცობრიობას ეს მტერი (1კრ. 15:24—26; ეს. 25:8).
ქრისტიანთა ბრძოლა. პავლე მოციქულმა შემდეგნაირად აღწერა ბრძოლა, რომელსაც ქრისტიანები ეწევიან: „სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელისუფლებათა წინააღმდეგ, ამ ქვეყნიერების სიბნელის მპყრობელთა წინააღმდეგ, ზეციერი ბოროტი სულების წინააღმდეგ“ (ეფ. 6:12; შდრ. 2კრ. 10:4). ქრისტიანები ადამიანებს კი არ ებრძვიან, არამედ ბოროტ სულებს, რომლებიც ღვთისგან მათ ჩამოშორებას ცდილობენ. გარდა ამისა, იესო ქრისტემ გააფრთხილა თავისი მიმდევრები, რომ ქვეყნიერება შეიძულებდა მათ და ზოგს დახოცავდა კიდეც (მთ. 10:22; 24:9; ინ. 16:2), ზოგს კი საკუთარი ოჯახის წევრები ექცეოდნენ მტრებად (მთ. 10:36).
როგორ უნდა მოეპყრონ ქრისტიანები მათდამი მტრულად განწყობილებს? იესომ თქვა: „გიყვარდეთ თქვენი მტრები, კარგად მოექეცით თქვენს მოძულეებს“ (ლკ. 6:27, 28). შემდეგ დასძინა: «თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა [არა ღვთის კანონის, არამედ გადმოცემის თანახმად]: „მოყვასი გიყვარდეს და მტერი გძულდეს“, მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები და ილოცეთ თქვენი მდევნელებისთვის» (მთ. 5:43, 44). მოციქული პავლე იგავების 25:21-ს ციტირებდა, როცა ქრისტიანებს მოუწოდა: „თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე“ (რმ. 12:20). ეს პრინციპი კანონში ასე იყო ჩამოყალიბებული: „თუ შენი მტრის დაკარგულ ხარს ან ვირს წააწყდები, აუცილებლად დაუბრუნე. თუ დაინახავ შენი მოძულის ვირს ტვირთქვეშ გაშხლართულს, არ მიატოვო იგი; ტვირთი მოხსენი“ (გმ. 23:4, 5).
ვინაიდან იეჰოვას მსახურები ამ შესანიშნავი პრინციპებით ხელმძღვანელობენ, ზოგმა, ვინც ერთ დროს მათ მტრობდა, როგორც მათდამი, ისე ღვთისადმი შეიცვალა დამოკიდებულება. იგავების 16:7-ში ნათქვამია: „თუ იეჰოვას კაცის გზა მოსწონს, მტერსაც კი მშვიდობიანად განაწყობს მისდამი“ (შდრ. რმ. 12:17, 18, 21; 1პტ. 2:19, 20; 3:9). მტრისადმი გულმოწყალების გამოვლენის შესანიშნავი მაგალითია იესო ქრისტე, რომელმაც წყალობა გამოავლინა ტარსოსელი სავლესადმი (მოგვიანებით მოციქულ პავლედ წოდებული) (სქ. 9:1—16; 1ტმ. 1:13; შდრ. კლ. 1:21, 22).
იეჰოვა ღმერთი ამბობს: „ჩემია შურისძიებაც და საზღაურის მიგებაც“ (კნ. 32:35; რმ. 12:19; ებ. 10:30). ასე რომ, ღვთის მსახურები სამაგიეროს არავის უხდიან. მათ არც მტრის უბედურება ახარებთ, რადგან ახსოვთ ბრძნული რჩევა: „შენი მტრის დაცემა ნუ გაგახარებს და მისი წაბორძიკება ნუ გაგიხალისებს გულს“ (იგ. 24:17). როცა განზრახ თუ უნებლიე მკვლელობის საკითხი წყდებოდა, მოსეს კანონი ითვალისწინებდა მოკლულის მიმართ მკვლელის დამოკიდებულებას; მოკლულის მიმართ სიძულვილი დანაშაულის დამამძიმებელ ფაქტორად ითვლებოდა (რც. 35:20—25).
ქრისტიანებს ფარული მტრებიც ჰყავთ. თუ მათ დანებდებიან, თავადაც ღვთის მტრები გახდებიან და სიცოცხლეს საფრთხეში ჩაიგდებენ. მოციქული პავლე წერდა: „ხორცისაზე ფიქრი ღვთის მტრობას ნიშნავს, რადგან ხორცი არ ემორჩილება ღვთის კანონს და ვერც დაემორჩილება“ (რმ. 8:7; გლ. 5:17). ბიბლიიდან თვალსაჩინოდ ჩანს, რომ ქრისტიანში იბრძვის ორი ძალა: 1) „ღვთის კანონი“, რომელსაც პავლემ თავისი გონების კანონი და სულის კანონი უწოდა, „რომელიც სიცოცხლეს იძლევა ქრისტე იესოსთან ერთობაში“ და 2) სხეულის ნაწილებში მოქმედი „ცოდვის კანონი“, იგივე „ცოდვისა და სიკვდილის კანონი“ (რმ. 7:22—25; 8:2). მოციქული პეტრეც მოუწოდებდა ქრისტიანებს: „ერიდეთ ხორციელ სურვილებს, რომლებიც სულს ებრძვიან“ (1პტ. 2:11). იესოს ნახევარძმა იაკობიც „სხეულის ნაწილებში მებრძოლ ვნებებზე“ საუბრობდა (იაკ. 4:1). ამ ყველაფერს მხოლოდ მაშინ აღვუდგებით წინ, თუ გავაცნობიერებთ, რომ მტერთან გვაქვს საქმე.