საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • არასოდეს მივიქცეთ უკან დასაღუპავად!
    საგუშაგო კოშკი — 1999 | 15 დეკემბერი
    • არასოდეს მივიქცეთ უკან დასაღუპავად!

      „ჩვენ უკან მიქცეულთაგანნი. . . არა ვართ დასაღუპავად“ (ებრაელთა 10:39).

      1. რა მდგომარეობამ განაპირობა პეტრეს დაშინება?

      მოციქულებისთვის თავზარი უნდა დაეცა თავიანთი საყვარელი უფლის, იესოს, სიტყვებს, რომ ყველა გაიფანტებოდა და მიატოვებდა მას. როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო მაშინ, როდესაც მათს უფალს ყველაზე მეტად სჭირდებოდა თავისი მოწაფეების მხარდაჭერა? პეტრე დაჟინებით ამბობდა: „თუნდაც ყველანი ცდუნდნენ, მაგრამ მე — არა“. პეტრე მართლაც მამაცი, გულადი მამაკაცი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, როდესაც იესო გასცეს და დააპატიმრეს, მოციქულები, პეტრეს ჩათვლით, გაიფანტნენ. მოგვიანებით, როდესაც იესოს მღვდელმთავარ კაიაფას სახლში დაკითხვას უწყობდნენ, შეწუხებული პეტრე ეზოში მიმოდიოდა; მაგრამ გამთენიისას შიშმა შეიპყრო, რომ შეიძლება მოეკლათ იესო და მასთან ერთად ნებისმიერი მისი მეგობართაგანი. როდესაც იქ მყოფთაგან ზოგმა პეტრეში იესოს მოწაფე ამოიცნო, პეტრე შეშინდა. მან სამჯერ უარყო იესოსთან ურთიერთობა. მოციქულმა ისიც კი თქვა, რომ საერთოდ არ იცნობდა მას! (მარკოზი 14:27—31, 66—72).

      2. ა) რატომ არ გაუხდია იესოს დაპატიმრების ღამეს პეტრეს მიერ გამოვლენილ სიმხდალეს ეს მოციქული ‘უკან მიქცეულთაგანი’? ბ) რა გადაწყვეტილებით უნდა ვიყოთ აღსავსე?

      2 ეს იყო პეტრეს ცხოვრებაში დაცემის ერთ-ერთი პერიოდი, მომენტი, რომელსაც მოციქული, ეჭვგარეშეა, მთელი ცხოვრების განმავლობაში ინანიებდა. მაგრამ იმ ღამის შემთხვევამ მშიშარად აქცია პეტრე? გახდა თუ არა ის ერთი იმათგანი, რომლებზეც პავლე მოგვიანებით წერდა: „ჩვენ უკან მიქცეულთაგანი კი არა ვართ დასაღუპავად“? (ებრაელთა 10:39). ალბათ, ყველა იმ აზრის ვართ, რომ პავლეს სიტყვები პეტრეს არ ეხება. რატომ? იმიტომ რომ პეტრეს შიში დიდხანს არ გაგრძელებულა; ეს იყო შეცდომა მის ცხოვრებაში, რომელიც განსაკუთრებული ვაჟკაცობითა და რწმენით გამოირჩეოდა. მსგავსად ამისა, მრავალ ჩვენგანს წარსულში ისეთი რამ გადახდენია, რის გახსენებაც გვრცხვენია ხოლმე — მომენტები, როდესაც მოულოდნელად შიშს შევუპყრივართ და ჭეშმარიტების დაცვაში ისე გაბედულად ვერ მოვქცეულვართ, როგორც გვდომებია (შეადარეთ რომაელთა 7:21—23). შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ამგვარად გამოვლენილი წამიერი სიმხდალე ისეთ ადამიანებად არ გვაქცევს, რომლებიც უკან მიიქცევიან დასაღუპავად. მიუხედავად ამისა, აუცილებელია, ვიყოთ გადაწყვეტილებით აღსავსე, არასოდეს გავხდეთ ასეთები. რატომ? რა დაგვეხმარება ამაში?

      რას ნიშნავს უკან მიქცევა დასაღუპავად

      3. როგორ შეიპყრო შიშმა ელია და იონა წინასწარმეტყველები?

      3 როდესაც პავლე ‘უკან მიქცეულთა’ შესახებ წერდა, მხედველობაში არ ჰყოლია ქრისტიანები, რომლებმაც გარკვეულ მომენტში ვერ გამოავლინეს გამბედაობა. პავლემ დანამდვილებით იცოდა, რა გადახდა თავს პეტრეს; მან სხვა მსგავსი შემთხვევებიც იცოდა. ელია, ღვთის გულადი და პირდაპირ მთქმელი წინასწარმეტყველი, ერთხელ შიშმა შეიპყრო და გაექცა ბოროტ დედოფალ იზებელს, რომელიც სიკვდილით დასჯით ემუქრებოდა (მესამე მეფეთა 19:1—4). კიდევ უფრო დიდმა შიშმა მოიცვა წინასწარმეტყველი იონა. იეჰოვამ ის ძალადობითა და ბოროტებით სახელგანთქმულ ქალაქ ნინევეში გაგზავნა. იონამ სასწრაფოდ მიაშურა გემს, რომელიც თავისი დანიშნულების ადგილიდან საპირისპირო მხარეს, 3 500 კილომეტრის მანძილზე მდებარე თარშიშში, მიდიოდა (იონა 1:1—3). მაგრამ არც ერთი ამ ერთგულ წინასწარმეტყველთაგან და არც მოციქული პეტრე არ შეიძლება ‘მიქცეულთაგანებში’ ჩაითვალოს. რატომ?

      4, 5. ა) როგორ გვეხმარება კონტექსტი იმის განსაზღვრაში, თუ რა ჰქონდა პავლეს მხედველობაში, როდესაც ებრაელების 10:39-ში ‘დაღუპვაზე’ წერდა? ბ) რას გულისხმობდა პავლე, როდესაც თქვა: „ჩვენ უკან მიქცეულთაგანნი კი არა ვართ დასაღუპავად“?

      4 ყურადღება მიაქციეთ მთლიან ფრაზას, რომელიც პავლემ აქ გამოიყენა: „ხოლო ჩვენ უკან მიქცეულთაგანნი კი არა ვართ დასაღუპავად“. რას გულისხმობდა ის ‘დაღუპვაში’? ბერძნული სიტყვა, რომელიც მოციქულმა აქ გამოიყენა, ზოგჯერ მარადიულ განადგურებაზე მიუთითებს. ეს მნიშვნელობა კონტექსტს შეესაბამება. პავლემ სწორედ ის-ის იყო ებრაელი ქრისტიანები გააფრთხილა: „თუ ჩვენ მას აქეთ, რაც მივიღეთ ჭეშმარიტების შემეცნება, კვლავ ნებსით ვცოდავთ, აღარა რჩება მსხვერპლი ცოდვებისათვის, არამედ სამსჯავროს რაღაც საშინელი მოლოდინი და მოწინააღმდეგეთა შთანთქმისათვის გამზადებული შურის ცეცხლი“ (ებრაელთა 10:26, 27).

      5 ამგვარად, როდესაც პავლემ თანაქრისტიანებს უთხრა: „ჩვენ უკან მიქცეულთაგანნი კი არა ვართ დასაღუპავად“, მხედველობაში ჰქონდა, რომ თვითონ და თავისი ერთგული თანაქრისტიანი მკითხველები გადაწყვეტილებით იყვნენ აღსავსენი, არასოდეს შეექციათ ზურგი იეჰოვასთვის და არ მიეტოვებინათ მისადმი მსახურება. სხვაგვარი მოქმედება მხოლოდ მარადიულ განადგურებას მოუტანდათ. იუდა ისკარიოტელი ერთ-ერთი დასაღუპავად მიქცეულთაგანი იყო. უკან მიქცეულთა შორის იყვნენ ჭეშმარიტების სხვა მტრებიც, რომლებიც შეგნებულად მოქმედებდნენ იეჰოვას სულიწმიდის წინააღმდეგ (იოანე 17:12; 2 თესალონიკელთა 2:3). ასეთი ადამიანები იმ „მხდალთა“ შორის არიან, რომლებიც სიმბოლურ ცეცხლის ტბაში სამუდამოდ განადგურდებიან (გამოცხადება 21:8). არა, ჩვენ არ გვსურს ოდესმე ასეთ ადამიანთა შორის აღმოვჩნდეთ!

      6. სატანას რომელ გზაზე სურს ჩვენი დაყენება?

      6 სატანა ეშმაკის სურვილია, უკან მიგვაქციოს დასაღუპავად. ის ‘მზაკვრობაში’ დახელოვნებულია და იცის, რომ დაღუპვისკენ მიმავალი გზა ხშირად წვრილმანებით იწყება (ეფესელთა 6:11). თუ უშუალოდ დევნით ვერ აღწევს მიზანს, ცდილობს, უფრო დახვეწილი საშუალებებით გამოუთხაროს ძირი ჭეშმარიტი ქრისტიანების რწმენას. მისი სურვილია, გააჩუმოს იეჰოვას გამბედავი, ენთუზიაზმით აღსავსე მოწმეები. მოდი განვიხილოთ, რა ტაქტიკას მიმართა სატანამ ებრაელი ქრისტიანების წინააღმდეგ, რომლებსაც პავლე სწერდა.

      რა მდგომარეობაში აყენებდნენ ქრისტიანებს, რათა უკან მიექციათ

      7. ა) რა შეემთხვა იერუსალიმის კრებას? ბ) სულიერობის მხრივ რა მდგომარეობაში იყო პავლეს წერილის ზოგი მკითხველი?

      7 ფაქტები ცხადყოფს, რომ პავლემ ებრაელებს წერილი დაახლოებით ახ. წ. 61 წელს მისწერა. იერუსალიმის კრებას მრავალი რამ შეემთხვა. იესოს სიკვდილის შემდეგ სასტიკი დევნების მძლავრმა ტალღამ ქალაქში მყოფი მრავალი ქრისტიანი აიძულა, გაფანტულიყვნენ. გარკვეული ხნის შემდეგ ამ ტალღამ ჩაიარა, რასაც ქრისტიანების რიცხვის მნიშვნელოვანი ზრდა მოჰყვა (საქმეები 8:4; 9:31). გადიოდა წლები. დევნებისა და სხვა სირთულეების ტალღა დროდადრო კვლავ გადაივლიდა ხოლმე ქრისტიანულ კრებებზე. როგორც ჩანს, იმ დროისთვის, როდესაც პავლემ ებრაელებს წერილი მისწერა, კრებები დევნებისგან შედარებით მოსვენებული იყო. მაგრამ მათი შევიწროების შემთხვევები მაინც არსებობდა. მას შემდეგ, რაც იესომ იერუსალიმის განადგურება იწინასწარმეტყველა, დაახლოებით სამი ათწლეული იყო გასული. როგორც ჩანს, ქრისტიანებს შორის იყვნენ ისეთები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ აღსასრული ძალიან იგვიანებდა და შეიძლება მათს სიცოცხლეში არც კი მომხდარიყო. სხვები, განსაკუთრებით რწმენაში ახლები, არ იყვნენ მკაცრი განსაცდელებით გამოცდილები და მაინცდამაინც არ ესმოდათ განსაცდელისას მოთმინების აუცილებლობა (ებრაელთა 12:4). რა თქმა უნდა, სატანა ცდილობდა ესარგებლა შექმნილი სიტუაციით. რა ‘მზაკვრული’ ხრიკები გამოიყენა მან?

      8. რა დამოკიდებულება ჰქონდა მრავალ იუდეველს ახალდაფრთიანებული ქრისტიანული კრების მიმართ?

      8 იერუსალიმისა და იუდეის ებრაელები ახალდაფრთიანებულ ქრისტიანულ კრებას ზიზღით უყურებდნენ. პავლეს წერილის შინაარსიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავინახოთ, რა გესლიანად დასცინოდნენ ქრისტიანებს ქედმაღალი იუდეველი რელიგიური წინამძღოლები და მათი მიმდევრები. ისინი შეიძლება ამბობდნენ: „უკვე საუკუნეებია, რაც ჩვენ იერუსალიმში გვაქვს დიდებული ტაძარი. გვყავს ჩინებული მღვდელმთავარი, რომელთანაც სხვა მღვდლებიც მსახურობენ. ყოველდღე შესაწირავი იკვლება. გვაქვს რჯული, რომელიც ანგელოზებმა მოსეს მეშვეობით სინაის მთაზე დიდი ნიშნებით გადმოგვცეს. ამ წინამასწარა სექტას, იუდაიზმიდან განდგომილ ქრისტიანებს, მსგავსი არაფერი აქვთ!“ მოქმედებდა ქრისტიანებზე მათ მიმართ ასეთი ზიზღით აღსავსე დამოკიდებულება? ზოგი ებრაელი ქრისტიანი, როგორც ჩანს, შეწუხებული იყო შეტევებით მათი მხრიდან. პავლეს წერილი მათთვის სწორედ რომ დროული დახმარება იყო.

      რატომ არ უნდა მიქცეულიყვნენ არასოდეს უკან დასაღუპავად

      9. ა) რა თემა გასდევს ებრაელებისთვის მიწერილ წერილს? ბ) რა გაგებით მსახურობდნენ ქრისტიანები იერუსალიმის ტაძარზე უკეთეს ტაძარში?

      9 განვიხილოთ იუდეაში მცხოვრები ძმებისა და დებისთვის პავლეს მიერ მოყვანილი ორი მიზეზი იმისა, რატომ არ უნდა მიქცეულიყვნენ არასოდეს უკან დასაღუპავად. პირველი — ქრისტიანული თაყვანისმცემლობის უპირატესობა — ებრაელების მიმართ მიწერილ მთელ წერილს გასდევს. წერილში პავლე შლის ამ თემას. იერუსალიმის ტაძარი იეჰოვას ბევრად უფრო დიდებული სულიერი, ‘ხელთუქმნელი’, ტაძრის მხოლოდ აჩრდილი იყო (ებრაელთა 9:11). პირველი საუკუნის ქრისტიანებს წილად ხვდათ პატივი, ემსახურათ წმინდა თაყვანისმცემლობის ამ სულიერ ტაძარში. მათთან უკეთესი კავშირი დაიდო, დიდი ხნის წინათ აღთქმული ახალი კავშირი, რომლის შუამავლი მოსეზე აღმატებული პიროვნება, იესო ქრისტე, იყო (იერემია 31:30—33).

      10, 11. ა)  რატომ ვერ შეუშლიდა ხელს იესოს თავისი წარმომავლობა სულიერ ტაძარში მღვდელმთავრად მსახურებაში? ბ) რა მხრივ არის იესო იერუსალიმის ტაძარში მომსახურე მღვდელმთავარზე უპირატესი?

      10 იმ ქრისტიანებს ბევრად უკეთესი მღვდელმთავარი, იესო ქრისტე, ჰყავდათ. არა, ის არ ყოფილა აარონის შთამომავალი, არამედ იყო უფრო მეტი — მღვდელმთავარი „მელქიცედეკის წესით“ (ფსალმუნი 109:4). მელქიცედეკი, ვისი საგვარტომო ნუსხაც წერილობითი სახით მოცემული არ არის, ძველი სალიმის მეფეც იყო და მღვდელმთავარიც. ამგვარად, ის იყო შესაფერისი წინასწარმეტყველური სახე იესოსი, რომლის მღვდლობა რომელიმე არასრულყოფილი ადამიანის გენეალოგიაზე კი არ იყო დამოკიდებული, არამედ ბევრად უფრო დიდ რამეზე — თვით იეჰოვა ღმერთის ფიცზე. მელქიცედეკის მსგავსად, იესო არა მარტო მღვდელმთავარია, არამედ მეფეც, რომელიც არასოდეს მოკვდება (ებრაელთა 7:11—21).

      11 გარდა ამისა, იერუსალიმის ტაძრის მღვდელმთავრისგან განსხვავებით, იესოს არ სჭირდებოდა ყოველწლიურად მსხვერპლის შეწირვა. მისი მსხვერპლი საკუთარი სრულყოფილი სიცოცხლე იყო, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გაიღო (ებრაელთა 7:27). ტაძარში შეწირული მსხვერპლი იესოს მიერ გაღებული მსხვერპლის მხოლოდ აჩრდილს წარმოადგენდა. მისი სრულყოფილი მსხვერპლის საფუძველზე შესაძლებელი გახდა ცოდვების ნამდვილი მიტევება ყველასთვის, ვინც კი რწმენას გამოავლენდა. გულს სიხარულით გვივსებს პავლეს სიტყვები, რომლებშიც ნაჩვენებია, რომ ეს მღვდელმთავარი, ისევ ის იესოა, რომელსაც იერუსალიმელი ებრაელი ქრისტიანები იცნობდნენ. ის იყო თავმდაბალი, გულმოწყალე და ისეთი პიროვნება, ვისაც შეეძლო ‘თანაეგრძნო მათს უძლურებაში“ (ებრაელთა 4:15; 13:8). იმ ცხებულ ქრისტიანებს ქრისტეს თანამღვდლებად მსახურების პერსპექტივა ჰქონდათ! მაშ როგორ შეეძლოთ მათ აზრადაც კი გაევლოთ უკან, გახრწნილი იუდაიზმის ‘უძლური და ღატაკი საწყისებისკენ’ მიქცეულიყვნენ? (გალატელთა 4:9).

      12, 13. ა) რა მეორე მიზეზი მოუყვანა პავლემ თანაქრისტიანებს იმისათვის, რომ არასოდეს მიქცეულიყვნენ უკან დასაღუპავად? ბ) რატომ გაამხნევებდა წარსულში გამოვლენილი მოთმინების მაგალითები ებრაელ ქრისტიანებს, რათა არასოდეს მიქცეულიყვნენ უკან დასაღუპავად?

      12 განა ებრაელებისთვის მოყვანილი მიზეზი საკმარისი არ იყო? მაგრამ პავლეს იმის მეორე მიზეზიც მოჰყავს, რომ არასოდეს მიქცეულიყვნენ უკან დასაღუპავად. ეს მიზეზია თავიანთივე მოთმინების მაგალითები. ის წერდა: «გაიხსენეთ [„გახსოვდეთ“, აქ] უწინდელი დღეები, როცა განათლდით და დაითმინეთ ტანჯვის უდიდესი ღვაწლი“. პავლემ მათ შეახსენა, რომ ისინი „შეურაცხყოფასა და ჭირში სხვათა სასეიროდ“ იყვნენ. ზოგი დააპატიმრეს; სხვები კი თანაუგრძნობდნენ და ეხმარებოდნენ დაპატიმრებულებს. დიახ, მათ სანიმუშო რწმენა და მდგრადობა გამოავლინეს (ებრაელთა 10:32—34). მაგრამ რატომ სთხოვდა მათ პავლე, მუდამ ‘გაეხსენებინათ’ ასეთი მტკივნეული მომენტები? განა ეს ხალისს არ დაუკარგავდა მათ?

      13 პირიქით, ‘უწინდელი დღეების გახსენება’ ებრაელებს შეახსენებდა, როგორ განამტკიცა ისინი იეჰოვამ განსაცდელების ჟამს. მისი დახმარებით ებრაელებმა არაერთხელ გაუძლეს სატანის შემოტევებს. პავლე წერდა: „ღმერთი არაა უსამართლო, რომ დაივიწყოს თქვენი საქმე და სიყვარულის შრომა, რომელიც გამოიჩინეთ მისი სახელისათვის“ (ებრაელთა 6:10). დიახ, იეჰოვას ახსოვდა მისადმი ერთგულებით გაკეთებული ყველა საქმე. ყოველი მათი კეთილი საქმე თავის ზღვარდაუდებელ მეხსიერებაში ჰქონდა. ეს გვახსენებს იესოს მოწოდებას, დავაგროვოთ საუნჯე ზეცაში. ამ საუნჯეს ვერც ქურდები მოგვპარავენ და ვერც ჩრჩილი და ჟანგი მოსპობს (მათე 6:19—21). ეს განძი მხოლოდ მაშინ დაეკარგება ქრისტიანს, თუ უკან, დასაღუპავად მიიქცევა. ამგვარი მოქმედებით ის გაანიავებს მთელ იმ საუნჯეს, რომელიც ზეცაში დააგროვა. რა საფუძვლიანი მიზეზი მოუყვანა პავლემ ებრაელ ქრისტიანებს, რათა არასოდეს დამდგარიყვნენ ასეთ გზაზე! რატომ უნდა ჩაეყარათ წყალში წლების განმავლობაში ერთგულად მსახურება? სწორი და ბევრად უკეთესი იქნებოდა, ბოლომდე მოეთმინათ.

      რატომ არ უნდა მივიქცეთ არასოდეს უკან დასაღუპავად

      14. რა სირთულეებს ვხვდებით დღეს ჩვენ, რომლის მსგავსსაც პირველი საუკუნის ქრისტიანები ხვდებოდნენ?

      14 დღევანდელ ჭეშმარიტ ქრისტიანებსაც ასეთივე საფუძვლიანი მიზეზები აქვთ, რათა უკან არ მიიქცნენ. ჯერ ერთი, გავიხსენოთ, როგორ გვაკურთხა იეჰოვამ წმინდა მსახურებაში. პირველი საუკუნის ქრისტიანებივით ჩვენც ვცხოვრობთ ისეთ დროში, როდესაც პოპულარული რელიგიები დაგვცინიან და მასხარად გვიგდებენ, ამასთანავე ამაყად აღნიშნავენ, რომ საუცხოო ნაგებობები და ძველისძველი ტრადიციები აქვთ. მაგრამ იეჰოვა გვარწმუნებს, რომ მას ჩვენი თაყვანისმცემლობის ფორმა მოსწონს. დღეს ჩვენ ისეთი კურთხევები გვაქვს, რომლებიც პირველი საუკუნის ქრისტიანებსაც კი არ ჰქონიათ. „როგორ?“ — შეიძლება იფიქროთ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ისინი ცხოვრობდნენ იმ დროს, როდესაც სულიერი ტაძარი ამოქმედდა. ახ. წ. 29 წელს ნათლობის შემდეგ ქრისტე მისი მღვდელმთავარი გახდა და ზოგიერთი მათგანი ღვთის ძის სასწაულების თვითმხილველი იყო. იესოს სიკვდილის შემდეგ უფრო მეტი სასწაულებიც ხდებოდა. მაგრამ, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, ასეთი ნიჭები გაუქმდა (1 კორინთელთა 13:8).

      15. რომელი წინასწარმეტყველების შესრულების მოწმენი არიან დღევანდელი ჭეშმარიტი ქრისტიანები და რას ნიშნავს ეს ჩვენთვის?

      15 მაგრამ ჩვენ დღეს ისეთ პერიოდში ვცხოვრობთ, როდესაც მნიშვნელოვანწილად სრულდება ტაძრის შესახებ ეზეკიელის 40—48 თავებში მოცემული დიდი წინასწარმეტყველებაa. ამგვარად, ვხედავთ, თუ როგორ ანხორციელებს ღმერთი წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენას. სულიერი ტაძარი ყოველგვარი რელიგიური წაბილწულობისა და კერპთაყვანისმცემლობისგან იწმინდება (ეზეკიელი 43:9; მალაქია 3:1—5). იფიქრეთ იმ სარგებლობაზე, რომელიც ამ განწმენდას მოაქვს.

      16. რა გულის გამტეხი მდგომარეობის პირისპირ აღმოჩნდნენ პირველი საუკუნის ქრისტიანები?

      16 პირველი საუკუნის ქრისტიანთა ორგანიზებულ კრებას არც ისე ნათელი მომავალი ელოდა. იესომ იწინასწარმეტყველა, რომ დადგებოდა დრო, როდესაც თითქოს ახლად დათესილ ხორბლის ყანაში ღვარძლს ჩათესავდნენ, რაც თითქმის შეუძლებელს გახდიდა ხორბლისა და ღვარძლის ერთმანეთისგან გარჩევას (მათე 13:24—30). ეს ასეც მოხდა. პირველი საუკუნის მიწურულისთვის, როდესაც ხანდაზმული მოციქული იოანე გახრწნილების წინააღმდეგ უკანასკნელი მებრძოლი იყო, განდგომილება ყვაოდა (1 იოანე 2:18; 2 თესალონიკელთა 2:6). მოციქულების სიკვდილიდან არცთუ ისე დიდი ხნის შემდეგ გაჩნდა სამღვდელოების კლასი, რომელიც ავიწროებდა ფარას. ეს კლასი განსხვავებულ სამოსს ატარებდა. განდგომილება განგრენასავით სწარფად ვრცელდებოდა. რამდენად გულის გამტეხი იყო ეს ერთგული ქრისტიანებისთვის! ისინი ხედავდნენ, რომ ახლად დაფუძნებული წმინდა თაყვანისმცემლობას თაყვანისცემის გახრწნილი ფორმა დევნიდა. ყოველივე ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც ქრისტეს მიერ კრების დაარსებიდან ერთი საუკუნეც კი არ იყო გასული.

      17. პირველ საუკუნესთან შედარებით, რა გაგებით არსებობს დღევანდელი ქრისტიანული კრება უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში?

      17 ახლა ეს დღევანდელ მდგომარეობას შევადაროთ. დღეს წმინდა თაყვანისმცემლობა უკანასკნელი მოციქულის გარდაცვალებამდე არსებულ პერიოდთან შედარებით უფრო დიდი ხანია, რაც არსებობს. ამ ჟურნალის პირველი ნომრის გამოცემიდან, რაც 1879 წელს მოხდა, იეჰოვამ აკურთხა ეს საქმე და წმინდა თაყვანისმცემლობა უფრო და უფრო იხვეწება. 1918 წელს იეჰოვა და ქრისტე იესო სულიერ ტაძარში შევიდნენ, რათა განეწმინდათ ის (მალაქია 3:1—5). 1919 წლიდან იეჰოვა ღმერთისადმი თაყვანისმცემლობა თანდათანობით იწმინდება. ბიბლიური წინასწარმეტყველებებისა და პრინციპების გაგება ჩვენთვის უფრო ნათელი გახდა (იგავნი 4:18). ვის ეკუთვნის პატივისცემა ყოველივე ამისთვის? არა უბრალო, არასრულყოფილ ადამიანებს. მხოლოდ იეჰოვასა და თავის ძეს, კრების თავს, შეეძლოთ ამ გახრწნილ პერიოდში უზნეობისგან თავიანთი ხალხის დაცვა. ამიტომ, ნურასოდეს შევწყვეტთ იეჰოვასადმი მადლიერების გამოვლენას იმისათვის, რომ დღეს თავის წმინდა თაყვანისმცემლობაში მონაწილეობის საშუალება მოგვცა. დაე მტკიცედ გვქონდეს გადაწყვეტილი, არასოდეს მივიქცეთ უკან დასაღუპავად!

      18. რა მიზეზი გვაქვს იმისათვის, რომ არასოდეს მივიქცეთ უკან დასაღუპავად?

      18 ებრაელი ქრისტიანების მსგავსად, ჩვენც გვაქვს მეორე მიზეზი, რის გამოც გაბედულად და უკან დაუხევლად უნდა განვაგრძოთ ჩვენ მიერ აღებული კურსი. ეს არის ჩვენივე მოთმინების მაგალითები. ახალი დაწყებული გვაქვს იეჰოვასადმი მსახურება თუ ათეული წლებია, რაც ერთგულად ვემსახურებით, უკვე შესრულებული გვაქვს გარკვეული ქრისტიანული საქმეები. მრავალმა ჩვენგანმა აიტანა დევნა — იყო ეს დაპატიმრება, აკრძალვა, დაუნდობელი მოპყრობა თუ საკუთრების წართმევა. უფრო მეტი წინააღმდეგობას, უპატივცემლობას, დაცინვასა და გულგრილობას წააწყდა ოჯახის წევრების მხრიდან. თითოეულმა ჩვენგანმა, სირთულეებისა და განსაცდელების მიუხედავად, მოთმინებით განაგძრო იეჰოვასადმი ერთგულად მსახურება. ასეთი მოქმედებით შეიქმნა ჩვენი მდგრადობის მაგალითები, რომლებსაც იეჰოვა არ დაივიწყებს და რომლებიც ზეციერ საგანძურშია დაუნჯებული. ამიტომ დღეს მართლაც არ არის მიტოვებული, გახრწნილი სისტემისკენ მიქცევის დრო! რატომ უნდა ჩავყაროთ წყალში ყველაფერი, რისთვისაც ასე ვიღწვოდით? განსაკუთრებით ეს სიტყვები მოქმედია დღეს, როდესაც აღსასრულამდე ‘ძალიან ცოტაღა’ არის დარჩენილი (ებრაელთა 10:37).

      19. რა განიხილება მომდევნო სტატიაში?

      19 დიახ, ვიყოთ გადაწყვეტილებით აღსავსენი, ‘უკან არ მივიქცეთ დასაღუპავად’! ვიყოთ „მორწმუნენი“! (ებრაელთა 10:39). რის გაკეთება შეგვიძლია, რომ შევესაბამებოდეთ ამ აღწერილობას და როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ თანაქრისტიანებს მსგავსად მოქმედებაში? ეს საკითხი მომდევნო სტატიაში იქნება განხილული.

  • ვიყოთ მორწმუნენი
    საგუშაგო კოშკი — 1999 | 15 დეკემბერი
    • ვიყოთ მორწმუნენი

      „ჩვენ. . . ვართ. . . მორწმუნენი სულის სახსნელად“ (ებრაელთა 10:39).

      1. რატომ შეიძლება ითქვას, რომ თითოეული ერთგული მსახურის რწმენა ძვირფასია?

      მომდევნო შეხვედრისას, როდესაც იეჰოვას თაყვანისმცემელთა სამეფო დარბაზში იქნებით, დააკვირდით თქვენს გარშემო მყოფთ. დაფიქრდით, რამდენ რამეში ავლენენ საოცრად დიდ რწმენას. მათ შორის დაინახავთ ხანში შესულებს, რომლებიც ათეული წლების მანძილზე ემსახურებიან ღმერთს; ახალგაზრდებს, რომლებსაც ყოველდღიურად უწევთ თანატოლების ზეგავლენის წინააღმდეგ ბრძოლა და მშობლებს, რომლებიც ყოველ ღონეს ხმარობენ შვილების ღვთისმოშიშებად აღსაზრდელად. აქ არიან კრების უხუცესები და სამსახურებრივი თანაშემწეები, რომლებსაც ბევრი პასუხისმგებლობა აკისრიათ. დიახ, იქ ნებისმიერი ასაკის სულიერ და-ძმებს იხილავთ, რომლებიც ყველანაირ დაბრკოლებას უძლებენ, რათა იეჰოვას ემსახურონ. რამდენად ძვირფასია თითოეული მათგანის რწმენა! (1 პეტრე 1:7).

      2. რატომ არის ებრაელთა მე-10, მე-11 თავებში მოცემული პავლეს დარიგება დღეს ჩვენთვის სასარგებლო?

      2 არასრულყოფილი ადამიანებიდან ძალიან მცირედს, თუ საერთოდ ვინმეს, გაუგია მოციქულ პავლეზე უკეთესად რამდენად მნიშვნელოვანია რწმენა. ნამდვილი რწმენა ‘სულს იხსნის’, — აღნიშნავდა ის (ებრაელთა 10:39). მიუხედავად ამისა, პავლემ იცოდა, რომ ამ ურწმუნო წუთისოფელში რწმენა მუდამ თავდასხმისა და შერყევის საფრთხის წინაშე იყო. ის დიდად წუხდა იერუსალიმსა და იუდეაში მცხოვრები ებრაელი ქრისტიანების გამო, რომლებსაც რწმენის შესანარჩუნებლად დიდი ბრძოლა უწევდათ. გადავხედოთ ებრაელთა მე-10 და მე-11 თავების ზოგიერთ მონაკვეთს და ყურადღება მივაქციოთ, რა მეთოდებს იყენებდა პავლე მათი რწმენის აღსაშენებლად. ამასთანავე, ვნახავთ, როგორ შეგვიძლია აღვაშენოთ როგორც ჩვენი, ისე ჩვენ გარშემო მყოფთა რწმენა.

      გამოვავლინოთ ნდობა ერთმანეთის მიმართ

      3. როგორ აჩვენებს ებრაელთა 10:3-ში მოცემული პავლეს სიტყვები თანამორწმუნეების მიმართ ნდობას?

      3 პირველი, რასაც შევნიშნავთ მკითხველის მიმართ, პავლეს დადებითი განწყობილებაა. მან დაწერა: „ხოლო ჩვენ უკან მიქცეულთაგანნი კი არა ვართ დასაღუპავად, არამედ მორწმუნენი სულის სახსნელად“ (ებრაელთა 10:39). პავლე კარგს ხედავდა ერთგულ თანაქრისტიანებში და არა ცუდს. ყურადღება მიაქციე იმასაც, რომ მან თქვა: „ჩვენ“. პავლე მართალი კაცი იყო, მაგრამ მსმენელებს ქედმაღლურად არ დაჰყურებდა, თითქოსდა მათზე მეტად მართალი იყო (შეადარეთ ეკლესიასტე 7:16). თავის თავსაც მათთან ერთად მოიხსენიებდა. მას მთელი გულით სწამდა, რომ ის და ყველა ერთგული ქრისტიანი მკითხველი გაბედულად შეხვდებოდა შემაშფოთებელ წინააღმდეგობებს, მტკიცედ უარყოფდა დასაღუპავად უკან მიქცევას და ნამდვილ მორწმუნედ დარჩებოდა.

      4. რა მიზეზებით ენდობოდა პავლე თანამორწმუნეებს?

      4 რატომ იყო პავლე ამდენად დარწმუნებული? ვერ ხედავდა ებრაელი ქრისტიანების შეცდომებს? პირიქით, ის მათ შესაფერის რჩევებს აძლევდა, რომ დახმარებოდა სულიერი სისუსტეების დაძლევაში (ებრაელთა 3:12; 5:12—14; 6:4—6; 10:26, 27; 12:5). მიუხედავად ამისა, პავლეს, სულ მცირე, ორი საფუძვლიანი მიზეზი მაინც ჰქონდა, რომ ძმებს დანდობოდა. პირველი, როგორც იეჰოვას მიმბაძველი, პავლე ცდილობდა ღვთის ხალხისთვის ისე შეეხედა, როგორც იეჰოვა უყურებდა მათ. ეს მხოლოდ მათი შეცდომებისადმი მის დამოკიდებულებაში არ გამოიხატებოდა. პავლე ხედავდა მათს კარგ თვისებებსაც და იმის უნარსაც, რომ მომავალში სიკეთე ექმნათ (ფსალმუნი 129:3; ეფესელთა 5:1). მეორე, პავლეს უსიტყვოდ სჯეროდა სულიწმიდის ძალის. მან იცოდა, რომ ვერავითარი დაბრკოლება თუ ადამიანთა სისუსტე ვერ შეუშლიდა ხელს იეჰოვას, მიეცა „აღმატებული ძლიერება“ იმ ქრისტიანებისთვის, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებდნენ მისადმი ერთგული მსახურებისათვის (2 კორინთელთა 4:7; ფილიპელთა 4:13, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990). ასე რომ, ძმებისა და დებისადმი პავლეს ნდობა, სულაც არ იყო მიზანშეუწონელი, არარეალური ან ბრმა ოპტიმიზმით ნაკარნახევი. ის იყო საფუძვლიანი და საღვთო წერილიდან გამომდინარე.

      5. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ პავლეს ნდობას და რა შედეგი მოჰყვება ამას?

      5 ნამდვილად, პავლეს მიერ გამოვლენილი ნდობა გადამდები აღმოჩნდა. როგორც ჩანს, მის ესოდენ გამამხნევებელ საუბარს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იერუსალიმისა და იუდეის კრებებისთვის. ეს დიდი დახმარება იყო ებრაელი ქრისტიანებისთვის — რომლებსაც იუდეველი მოწინააღმდეგეები ზიზღითა და ცინიზმით უყურებდნენ — რათა მტკიცენი და მორწმუნენი დარჩენილიყვნენ. შეგვიძლია მსგავსად დავეხმაროთ ერთმანეთს დღეს? რასაკვირველია, ადვილია მხოლოდ სხვისი ნაკლოვანებებისა და უცნაურობების დანახვა (მათე 7:1—5). მაგრამ ერთმანეთის დახმარებას უფრო მეტად შევძლებთ, თუ ყურადღებას მივაქცევთ და დავაფასებთ თითოეულის განუმეორებელ რწმენას. ამგვარი წახალისებით უფრო გავზრდით რწმენას (რომაელთა 1:11, 12).

      ღვთის სიტყვის მართებულად გამოყენება

      6. საიდან ციტირებდა პავლე, როდესაც ებრაელთა 10:38-ში მოყვანილ სიტყვებს წერდა?

      6 პავლემ თანამორწმუნეების რწმენა საღვთო წერილის ოსტატური გამოყენებითაც აღაშენა. მაგალითად, მან დაწერა: „მართალი იცოცხლებს რწმენით, ხოლო თუ უკან მიიქცევა, ჩემი სული არ მოიწონებს მას“ (ებრაელთა 10:38). პავლე აქ წინასწარმეტყველ აბაკუმის სიტყვებს ციტირებდაa. ეს ფრაზა, ალბათ, ცნობილი იყო პავლეს მკითხველებისთვის, ებრაელი ქრისტიანებისთვის, რომლებმაც კარგად იცოდნენ წინასწარმეტყველური წიგნები. მისი მიზნის — ახ. წ. 61 წელს იერუსალიმსა და მის შემოგარენში მცხოვრები ქრისტიანებისთვის რწმენის განმტკიცების — გათვალისწინებით, აბაკუმის მაგალითი სწორედ მართებული არჩევანი იყო. რატომ?

      7. როდის დაწერა აბაკუმმა თავისი წინასწარმეტყველება და რა მდგომარეობა იყო იუდაში ამ დროს?

      7 როგორც ჩანს, აბაკუმმა თავისი წიგნი ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმის განადგურებამდე სულ ორი ათეული წლით ადრე დაწერა. ხილვაში წინასწარმეტყველმა ნახა ქალდეველები (ანუ ბაბილონელები), ‘ხალხი სასტიკი და ფიცხელი’, რომლებიც თავს ესხმიან იუდას, ანადგურებენ იერუსალიმს და ნთქავენ ხალხებსა და ერებს (აბაკუმი 1:5—11). მაგრამ ასეთი საშინელი მოვლენები ესაიას დღეებიდან იყო ნაწინასწარმეტყველები, მანამდე საუკუნეზე მეტი ხნის წინათ. აბაკუმის დროს ღვთისმოშიში მეფის, იოშიას შემდეგ, იეჰოიაკიმი გამეფდა და იუდაში კვლავ ბოროტება აყვავდა. იეჰოიაკიმი სდევნიდა და კლავდა კიდეც მათ, ვინც იეჰოვას სახელით ლაპარაკობდა (მეორე ნეშტთა 36:5ა; იერემია 22:17; 26:20—24). გასაკვირი არ არის, რომ გაწამებული წინასწარმეტყველი აბაკუმი მოსთქვამდა: „როდემდის. . . უფალო“ (აბაკუმი 1:2).

      8. რატომ იყო აბაკუმის მაგალითი დამხმარე პირველი საუკუნის ქრისტიანებისთვის და რატომ არის ასეთივე სასარგებლო დღეს?

      8 აბაკუმმა არ იცოდა, რამდენად მოახლოვებული იყო იერუსალიმის განადგურება. ასევე პირველი საუკუნის ქრისტიანებმა არ იცოდნენ, როდის დასრულდებოდა იუდეველთა სისტემა. არც ჩვენ ვიცით დღეს ‘ის დღე და ჟამი’, როდესაც იეჰოვა გაასამართლებს ამ ბოროტ სისტემას (მათე 24:36). მაშ ყურადღება მივაქციოთ აბაკუმისთვის გაცემულ იეჰოვას პასუხს, რომელსაც ორი მნიშვნელოვანი მხარე აქვს. პირველი, მან დაარწმუნა წინასწარმეტყველი, რომ დასასრული დანიშნულ დროს დადგებოდა. „არ დაბრკოლდება“, — თქვა ღმერთმა, თუმცა ადამიანის თვალში შეიძლება დაყოვნება ჩანდეს (აბაკუმი 2:3). მეორე, იეჰოვამ შეახსენა აბაკუმს: „მართალი კი თავისი რწმენით იცოცხლებს“ (აბაკუმი 2:4). რა შესანიშნავი, უბრალო ჭეშმარიტებებია! უფრო მნიშვნელოვანია არა ის, როდის მოვა დასასრული, არამედ დავრჩებით თუ არა მორწმუნენი.

      9. როგორ გადაარჩინა იეჰოვას მორჩილი მსახურები თავიანთმა ერთგულებამ ა) ძვ. წ. 607 წელს? ბ) ახ. წ. 66 წელს? გ) რატომ არის მნიშვნელოვანი ჩვენი რწმენის განმტკიცება?

      9 როდესაც ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმი განადგურებულ იქნა, იერემია, მისი მდივანი ბარუქი, ყებედ-მელექი და ერთგული რექაბიანები აბაკუმისათვის მიცემული იეჰოვას დანაპირების ჭეშმარიტებაში დარწმუნდნენ. ისინი გაექცნენ იერუსალიმის საშინელ განადგურებას და ‘ცოცხლები დარჩნენ’. რატომ? იმიტომ რომ იეჰოვამ დააჯილდოვა ერთგულებისთვის (იერემია 35:1—19; 39:15—18; 43:4—7; 45:1—5). ასევე, როგორც ჩანს, პირველი საუკუნის ებრაელი ქრისტიანები კარგად გამოეხმაურნენ პავლეს რჩევას, რადგან, როდესაც რომაელთა ჯარებმა იერუსალიმს შეუტიეს ახ. წ. 66 წელს და შემდეგ მოულოდნელად უკან დაიხეს, ქრისტიანები ერთგულად მიჰყვნენ იესოს გაფრთხილებას და იერუსალიმიდან გაიქცნენ (ლუკა 21:20, 21). ისინი თავიანთმა ერთგულებამ გადაარჩინა. მსგავსად ამისა, ჩვენც ვიცოცხლებთ, თუ წუთისოფლის აღსასრულის მოსვლისას ერთგულები ვიქნებით. რა საფუძვლიანი მიზეზი არსებობს იმისათვის, რომ ახლა განვიმტკიცოთ ჩვენი რწმენა!

      რწმენის მაგალითების გაცოცხლება

      10. როგორ აღწერა პავლემ მოსეს რწმენა და როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მოსეს?

      10 პავლე თანაქრისტიანების რწმენას მაგალითების ოსტატურად გამოყენებითაც აძლიერებდა. ებრაელთა მე-11 თავის კითხვისას ყურადღება მიაქციეთ, როგორ აცოცხლებს ბიბლიურ პერსონაჟებს. მაგალითად, ის ამბობს, რომ მოსე „თითქოს უხილავს ხედავსო, მტკიცე იყო“ (ებრაელთა 11:27). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იეჰოვა მოსესთვის იმდენად რეალური იყო, რომ მას თითქოს უხილავი ღვთის ხილვა შეეძლო. შეიძლება ჩვენზეც იგივე ითქვას? ადვილია იეჰოვასთან ურთიერთობაზე საუბარი, მაგრამ, რომ დაამყარო და განამტკიცო ეს ურთიერთობა, ძალისხმევაა საჭირო. ეს არის სწორედ ის, რაც უნდა გავაკეთოთ! არის თუ არა იეჰოვა ჩვენთვის ისე რეალური, რომ თვით უმნიშვნელო გადაწყვეტილების მიღების დროსაც კი მის აზრს ვითვალისწინებთ? ამგვარი რწმენა ყველაზე დიდი წინააღმდეგობის გადატანაშიც კი დაგვეხმარება.

      11, 12. ა) როგორც ჩანს, რა მდგომარეობაში იცდებოდა ენოქის რწმენა? ბ) რა გამამხნევებელი ჯილდო მიიღო ენოქმა?

      11 განვიხილოთ ენოქის მაგალითიც. ის წინააღმდეგობა, რომელსაც მას უწევდნენ, ჩვენთვის წარმოსადგენადაც კი ძნელია. ენოქს უნდა ემცნო იმდროინდელი ბოროტი ხალხის წინააღმდეგ გამოტანილი არასასიამოვნო განაჩენი (იუდა 14; 15). როგორც ჩანს, ის დევნა, რომელიც ამ ერთგულ კაცს ემუქრებოდა, ისეთი საშინელი და სასტიკი იყო, რომ იეჰოვამ ‘გადაიყვანა ენოქი’, სიკვდილის ძილით მიაძინა, სანამ მისი მტრები უბოროტებდნენ. ასე რომ, ენოქმა ვერ იხილა თავის მიერ წარმოთქმული წინასწარმეტყველების შესრულება. მაგრამ მან მიიღო ძღვენი, რომელიც, გარკვეული გაგებით, უკეთესიც იყო (ებრაელთა 11:5; დაბადება 5:22—24).

      12 პავლე გვიხსნის: „წაყვანამდე [ენოქმა] მიიღო დამოწმება, რომ ღმერთს აამა“ (ებრაელთა 11:5). რას ნიშნავს ეს? სანამ სიკვდილის ძილით დაიძინებდა, შეიძლება ღმერთმა აჩვენა ხილვა — შესაძლებელია სამოთხედ ქცეული დედამიწა, სადაც ერთ დროს ის გაიღვიძებს. ნებისმიერ შემთხვევაში, იეჰოვამ ამცნო ენოქს, რომ თავისი ერთგულებით აამა ღმერთს. ენოქმა იეჰოვას გული გაუხარა (შეადარეთ იგავნის 27:11). განა ამაღელვებელი არ არის ენოქის ცხოვრებაზე ფიქრი? არ ისურვებდით თქვენც ცხოვრებაში ასეთივე რწმენის გამოვლენას? მაშინ იფიქრეთ ასეთ მაგალითებზე; უყურეთ მათ, როგორც ცოცხალ ადამიანებს; იყავით გადაწყვეტილებით აღსავსე, იცხოვროთ რწმენით ყოველდღე; გახსოვდეთ ისიც, რომ მორწმუნენი არ ემსახურებიან იეჰოვას თარიღების ან უკანასკნელი დღის გამო, როდესაც ღმერთი შეასრულებს თავის აღთქმებს. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, ვემსახუროთ იეჰოვას მარადიულად! ასე მოქცევა ნიშნავს ცხოვრების საუკეთესო გზის არჩევას, როგორც ამ წუთისოფელში ისე მომავალ ახალ ქვეყნიერებაში.

      როგორ განვიმტკიცოთ რწმენა

      13, 14. ა) როგორ დაგვეხმარება ებრაელთა 10:24, 25-ში ჩაწერილი პავლეს სიტყვები, რომ შეხვედრები ჩვენთვსი სასიხარულო წუთებად ვაქციოთ? ბ) რა არის ქრისტიანული შეხვედრების მთავარი მიზანი?

      13 ებრაელ ქრისტიანებს რწმენის განსამტკიცებლად პავლემ რამდენიმე პრაქტიკული საშუალება დაანახვა. განვიხილოთ ორი მათგანი. ჩვენთვის, ალბათ, ცნობილია ებრაელთა 10:24, 25-ში ჩაწერილი მისი მოწოდება, რომ რეგულარულად დავესწროთ ქრისტიანულ შეხვედრებს. მაგრამ არ დავივიწყოთ, პავლეს ღვთივშთაგონებულ სიტყვებში არ იგულისხმება, რომ შეხვედრებზე, უბრალოდ, მაყურებლები ვიყოთ. პავლე ამბობს, რომ შეხვედრები ერთმანეთის გაცნობის, გამხნევებისა და ღვთისადმი მსახურებისკენ წახალისების შესაძლებლობას გვაძლევს. კრებაში გასაცემადაც უნდა მოვდიოდეთ, და არა მხოლოდ მისაღებად. ამგვარი დამოკიდებულება კრების შეხვედრებზე დასწერებას სასიხარულოს გახდის ჩვენთვის (საქმეები 20:35).

      14 მაგრამ, პირველ რიგში, ქრისტიანულ კრებებს იეჰოვა ღმერთის თაყვანსაცემად ვესწრებით. ამას ვაკეთებთ საჯარო ლოცვის სხვებთან ერთად მოსმენითა და საგალობლების შესრულებით, პროგრამის ყურადღებით მოსმენითა და ‘ბაგეთა ნაყოფით’ — იეჰოვას განდიდებით კომენტარებსა და პროგრამაში მონაწილეობით (ებრაელთა 13:15). თუ ამ მიზნებს დავისახავთ და ყოველთვის შესაბამისად მოვიქცევით, ჩვენი რწმენა აუცილებლად გაიზრდება თითოეულ შეხვედრასთან ერთად.

      15. რატომ მოუწოდებდა პავლე ებრაელ ქრისტიანებს, მტკიცენი ყოფილიყვნენ მსახურებაში და რატომ არ არის ურიგო იგივე რჩევა დღეს ჩვენთვის?

      15 რწმენის გაზრდის სხვა საშუალება სამქადაგებლო მსახურებაა. პავლემ დაწერა: „მტკიცედ მივყვეთ იმედის აღსარებას, ვინაიდან აღმთქმელი სარწმუნოა“ (ებრაელთა 10:23). თქვენ შეგიძლიათ გაამხნევოთ სხვები, მტკიცენი იყვნენ, როდესაც ხედავთ მათ მიერ მსახურების მიტოვების შესაძლებლობას. რა თქმა უნდა, სატანა ზემოქმედებას ახდენდა იმ ებრაელ ქრისტიანებზე, რომ მსახურება მიეტოვებინათ, და ის დღესაც ამას ცდილობს ღვთის ხალხთან დაკავშირებით. რა უნდა გავაკეთოთ ასეთ შემთხვევაში? განვიხილოთ, რა გააკეთა პავლემ.

      16, 17. ა) როგორ შეიძინა გამბედაობა პავლემ მსახურებაში? ბ) რა ზომები უნდა მივიღოთ, თუ ვხედავთ, რომ გვეშინია ქრისტიანული მსახურების რომელიმე სფეროში მონაწილეობის მიღება?

      16 თესალონიკელ ქრისტიანებს პავლემ მისწერა: „ფილიპეში გატანჯულებმა და გალანძღულებმა, როგორც იცით, გავბედეთ ჩვენს ღმერთში, რომ თქვენთვის გვექადაგა სახარება დიდი ბრძოლით“ (1 თესალონიკელთა 2:2). რა გაგებით ‘გალანძღეს’ პავლე და მისი თანამშრომლები ფილიპეში? ზოგიერთი სწავლულის აზრით, პავლეს მიერ გამოყენებული ბერძნული სიტყვა ნიშნავს: შეურაცხმყოფელ, საძრახის ან აღმაშფოთებელ მოპყრობას. ფილიპელმა მთავრებმა ისინი გაჯოხეს, საპყრობილეში ჩაყარეს და ხუნდები დაადეს (საქმეები 16:16—24). როგორ იმოქმედა ამ საშინელმა შემთხვევამ პავლეზე? შეეშინდა პავლეს მისიონერული მოგზაურობის დროს სხვა ქალაქში, თესალონიკეში, გამგზავრების? არა, მან ‘გაბედა’. მან დაძლია შიში და გაბედულად გააგრძელა ქადაგება.

      17 რამ მისცა პავლეს ასეთი გამბედაობა? თვითონ მოიკრიბა ძალა? არა, მან თქვა, რომ გაბედა „ჩვენს ღმერთში“. ბიბლიის მთარგმნელთა ცნობარი ამბობს, რომ ეს სიტყვები შეიძლება შემდეგნაირად ითარგმნოს: „ღმერთმა შიში განარიდა ჩვენს გულებს“. ასე რომ, თუ მსახურებაში გაბედულებას ვერ იჩენთ ან მსახურების რომელიმე სფერო გაშინებთ, რატომ არ გეთხოვათ იეჰოვასთვის, რომ თქვენც დაგხმარებოდათ? სთხოვეთ, რომ განაშოროს შიში თქვენს გულს. სთხოვეთ, რომ მსახურება ‘გაგაბედინოთ’. გარდა ამისა, მიიღეთ სხვა საჭირო ზომები. მაგალითად, ეცადეთ იმასთან ერთად იქადაგოთ, ვინც მსახურების გარკვეულ ფსეროში გაწაფულია. ეს შეიძლება იყოს არაფორმალური დამოწმება საქმიან უბანზე, ქუჩაში ან ტელეფონით ქადაგება. შესაძლოა მან, ვისთანაც ითანამშრომლებთ, თავის თავზე აიღოს ქადაგების დაწყების ინიციატივა. ამ შემთხვევაში, დააკვირდით და ისწავლეთ მისგან. მაგრამ შემდეგ, გაბედეთ და შეეცადეთ, იგივე გაიმეოროთ.

      18. რა კურთხევებს მივიღებთ, თუ გაბედულები ვიქნებით ჩვენს მსახურებაში?

      18 თუ გაბედულებას მოიკრებთ, დაფიქრდით, რა შეიძლება მოჰყვეს ამას. როდესაც გააგრძელებთ ასე მოქმედებას და ხალისს არ დაკარგავთ, მსახურებაში ბევრი საინტერესო შემთხვევა გელით, შემთხვევები, რომლებიც სხვაგვარად შეიძლება არ გქონოდათ (იხილეთ 25-ე გვერდი). კმაყოფილებას მოგიტანთ იმის ცოდნა, რომ ასიამოვნეთ იეჰოვას იმის კეთებით, რაც ძნელია თქვენთვის; შეიგრძნობთ მის კურთხევას და დახმარებას შიშის დაძლევაში; რწმენას განიმტკიცებთ. მართლაც, შეუძლებელია სხვების რწმენა განამტკიცოთ, თუ ამავე დროს თქვენსავე რწმენას არ ანმტკიცებთ (იუდა 20; 21).

      19. რა ძვირფასი ჯილდოა შემონახული ‘მორწმუნეთათვის’?

      19 დაე მუდამ განამტკიცებდეთ თქვენსა და თქვენ გარშემო მყოფთა რწმენას. საკუთარი თავისა და სხვების აღშენება შეგიძლიათ ღვთის სიტყვის დახელოვნებული გამოყენებით, ბიბლიური პერსონაჟების მაგალითების განხილვით, რომლებმაც მტკიცე რწმენა გამოავლინეს; ქრისტიანული შეხვედრებისთვის მზადებით; მათში მონაწილეობის მიღებითა და გაბედულად ქადაგებით, რაც ძვირფასი უპირატესობაა. თუ ყოველივე ამას გააკეთებთ, დარწმუნებული იყავით, რომ ნამდვილად ‘მორწმუნეთაგანი’ იქნებით. ამასთანავე, გახსოვდეთ, რომ ასეთებს ძვირფასი ჯილდო ელით. ისინი არიან „მორწმუნენი სულის სახსნელად“b. დაე თქვენი რწმენა იზრდებოდეს და იეჰოვა ღმერთმა გიხსნათ სამუდამოდ.

      [სქოლიოები]

      a პავლე აბაკუმს სეპტუაგინტადან ციტირებდა, სადაც მე-2 თავის მე-4 მუხლში გამოყენებულია ფრაზა: „თუ უკან მიიქცევა, ჩემი სული არ მოიწონებს მას“. ეს სიტყვები დღეს არსებულ სხვა ებრაულ ხელნაწერში არ გვხვდება. ზოგის აზრით სეპტუაგინტა ითარგმნა ძველი ებრაული ხელნაწერებიდან, რომლებიც დღეისათვის აღარ არსებობს. ნებისმიერ შემთხვევაში, პავლემ ეს სიტყვები ღვთის სულიწმიდის შთაგონებით ჩაწერა, ამრიგად ეს ღვთის ნებართვით მოხდა.

      b იეჰოვას მოწმეების წლიური მუხლი 2000 წლისთვის იქნება: „ჩვენ უკან მიქცეულთაგანნი კი არა ვართ. . . არამედ მორწმუნენი სულის სახსნელად“ (ებრაელთა 10:39).

ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება