ყველა გათავისუფლდება
„ვფიქრობ, რომ ახლანდელი ტანჯვანი არაფერია იმ დიდებასთან შედარებით, რომელიც გამოვლინდება ჩვენს მიმართ. ვინაიდან ქმნილება იმედით მოელის ღვთის შვილთა გამოცხადებას. რადგან ქმნილება თავისი ნებით კი არ დაემორჩილა ამაოებას, არამედ მისი დამმორჩილებლის მიერ სასოებით. რომ თვით ქმნილებაც გათავისუფლდება ხრწნილების მონობისაგან ღვთის შვილთა დიდების თავისუფლებისათვის. ვინაიდან ვიცით, რომ მთელი ქმნილება ერთად კვნესის და იტანჯება აქამდე“ (რომაელთა 8:18–22).
რომაელი ქრისტიანებისთვის მიწერილი წერილის ამ მონაკვეთში პავლე სულ რამდენიმე სიტყვით თვალსაჩინოდ გვიჩვენებს, რატომ არ გვაქვს ჭეშმარიტი თავისუფლება და რატომ ვგრძნობთ ასე ხშირად სიცარიელესა და ტკივილს. ის აგრეთვე გვიხსნის, როგორ შეგვიძლია ჭეშმარიტი თავისუფლების მოპოვება.
„ახლანდელი ტანჯვანი“
პავლე სულაც არ ამცირებს ‘ახლანდელი ტანჯვის’ სიმძაფრეს სიტყვებით: „არაფერია იმ დიდებასთან შედარებით, რომელიც გამოვლინდება ჩვენს მიმართ“. პავლეს დროს და მოგვიანებითაც ქრისტიანები რომის მკაცრი, ტოტალიტარული მმართველობის ქვეშევრდომობით იტანჯებოდნენ, მმართველობისა, რომელსაც ადამიანთა უფლებები სულაც არ აინტერესებდა. როგორც კი ქრისტიანები სახელმწიფოს მტრებად შერაცხეს, რომაელებმა მათი დევნა და სასტიკი ტანჯვა დაიწყეს. ისტორიკოსი ჯ. მ. რობერტსი აღნიშნავს: „მრავალი ქრისტიანი დედაქალაქში [რომში] არენაზე იღუპებოდა ან მრავალს ცოცხლად წვავდნენ“ (Shorter History of the World). ნერონის მიერ დევნილ ამ მსხვერპლთა შესახებ სხვა წყაროში ნათქვამია: „ზოგს ჯვარზე აკრავდნენ, სხვებს ცხოველის ტყავში ახვევდნენ და მონადირე ძაღლებს უქსევდნენ; იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც ფისს უსვამდნენ, ცეცხლს უკიდებდნენ და ღამით ცოცხალ ჩირაღდნებად იყენებდნენ“ (ფ. ფ. ბრიუსის New Testament History).
პირველი საუკუნის იმ ქრისტიანებს ნამდვილად სურდათ ასეთი საშინელებების თავიდან არიდება, მაგრამ არა იესო ქრისტეს მოძღვრების დარღვევის ფასად. მაგალითად, ისინი აბსოლუტურ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდნენ რომის ხელისუფლებასა და თავისუფლებისთვის მებრძოლ იუდეველებს (ზელოტებს) შორის გამართულ ბრძოლაში (იოანე 17:16; 18:36). ზელოტებისთვის „ღვთის მიერ დანიშნული დროის მოლოდინის შესახებ ლაპარაკი არსებულ საშინელ მდგომარეობას ვერ უშველიდა“. მათი თქმით, „მტრის [რომაელების] წინააღმდეგ სასტიკი გალაშქრება“ იყო საჭირო (New Testament History). პირველი საუკუნის ქრისტიანები კი სხვაგვარად ფიქრობდნენ; მათთვის „ღვთის მიერ დანიშნული დროის მოლოდინი“ ერთადერთი რეალური არჩევანი იყო. ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ ღვთის ჩარევის გარდა სხვა ვერაფერი გაანადგურებდა სამუდამოდ ‘ახლანდელ ტანჯვას’ და ვერაფერი მოუტანდათ ჭეშმარიტ, მარადიულ თავისუფლებას (მიქა 7:7; აბაკუმი 2:3). მაგრამ, ვიდრე იმის განხილვას შევუდგებოდეთ, როგორ შესრულდება ყოველივე ეს, გავიგოთ რატომ ‘დაემორჩილა ქმნილება ამაოებას’.
„დაემორჩილა ამაოებას“
ბენჟამენ უილსონი ერთ-ერთ ნაშრომში (The Emphatic Diaglott) აღნიშნავს, რომ აქ გამოყენებული სიტყვა „ქმნილება“ არ ნიშნავს „ცხოველს ან უსულო არსებას“, როგორც ამას ზოგი ვარაუდობს, არამედ „მთელ კაცობრიობას“ (შეადარეთ კოლასელთა 1:23). ეს სიტყვა მიუთითებს მთელ კაცობრიობაზე — თითოეულ ჩვენგანზე, რომლებსაც დიდი ხანია გვწყურია თავისუფლება. ჩვენ „ამაოებას“ პირველი მშობლების მოქმედების შედეგად დავემორჩილეთ. ეს არ მომხდარა ჩვენი „ნებით“, ანუ ჩვენი პირადი არჩევანის საფუძველზე. ამაოება მემკვიდრეობით მივიღეთ. თუ ბიბლიური თვალსაზრისით შევხედავთ, რუსო მართალი არ იყო, როდესაც თქვა, რომ „ადამიანი თავისუფალი იბადება“. თითოეული ჩვენგანი ცოდვისა და არასრულყოფილების ბორკილებით ვიბადებით, ასე ვთქვათ, იმ სისტემის მონებად, რომელიც იმედგაცრუებებითა და ამაოებით არის სავსე (რომაელთა 3:23).
რატომ მოხდა ასე? იმიტომ, რომ პირველ ადამიანებს, ადამსა და ევას სურდათ „ღმერთივით“ ყოფილიყვნენ და თვითონვე, აბსოლუტური დამოუკიდებლობით გადაეწყვიტათ, რა იყო კარგი და რა — ცუდი (დაბადება 3:5). მათ უგულებელყვეს თავისუფლებასთან დაკავშირებული ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ მხოლოდ შემოქმედი შეიძლება ფლობდეს აბსოლუტურ თავისუფლებას, რომ მხოლოდ ის არის უზენაესი მმართველი (ესაია 33:22; გამოცხადება 4:11). ადამიანს კი ფარდობითი თავისუფლება უნდა ჰქონოდა. ამიტომაც მოწაფე იაკობი თანაქრისტიანებს მოუწოდებდა, ‘თავისუფლების სრულყოფილი რჯულით’ ეხელმძღვანელათ (იაკობი 1:25).
იეჰოვამ ადამი და ევა სამართლიანად განდევნა თავისი საყოველთაო ოჯახიდან, რის შედეგადაც, ეს უკანასკნელნი დაიხოცნენ (დაბადება 3:19). მაგრამ რა შეიძლება ითქვას მათი შთამომავლების შესახებ? მიუხედავად იმისა, რომ შეცოდების შემდეგ ადამსა და ევას მხოლოდ არასრულყოფილების, ცოდვისა და სიკვდილის გადაცემა შეეძლოთ, იეჰოვამ მაინც გულმოწყალედ დაუშვა, მათი გამრავლება. მას შემდეგ „სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში“ (რომაელთა 5:12). ამ გაგებით ‘დაუმორჩილა’ ღმერთმა ‘ქმნილება ამაოებას’.
‘ღვთის შვილთა გამოცხადება’
იეჰოვამ ქმნილება ამაოებას „სასოებით“ დაუმორჩილა, რომ ერთ მშვენიერ დღეს, „ღვთის შვილთა“ მეშვეობით კაცობრიობას თავისუფლებას აღუდგენდა. ვინ არიან ეს ‘ღვთის შვილები’? ესენი იესო ქრისტეს მოწაფეები არიან, რომლებიც სხვა „ქმნილების“ (ადამიანების) მსგავსად ცოდვისა და არასრულყოფილების მონობაში დაიბადნენ და არა აქვთ კანონიერი ადგილი ღვთის წმინდა, სრულყოფილ საყოველთაო ოჯახში. მაგრამ იეჰოვა მათთვის რაღაც მნიშვნელოვანს აკეთებს. იესო ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე ის ათავისუფლებს მათ მემკვიდრეობით მიღებული ცოდვის ბორკილებისგან და „მართლებად“, ანუ სულიერად წმიდებად აცხადებს (1 კორინთელთა 6:11). შემდეგ იშვილებს, ‘ღვთის შვილებად’ აცხადებს და უკან, თავის საყოველთაო ოჯახში ღებულობს (რომაელთა 8:14–17).
როგორც იეჰოვას მიერ შვილებად გამოცხადებულებს, მათ დიდებული უპირატესობა ექნებათ. ისინი ემსახურებიან „ღმერთს . . . მღვდლებად და იმეფებენ დედამიწაზე“ ზეციდან იესო ქრისტესთან ერთად ღვთის სამეფოში, ანუ მთავრობაში (გამოცხადება 5:9, 10; 14:1–4, „ახალი აღთქმა და ფსალმუნები“, 1990). ეს არის მთავრობა, რომელიც მყარად არის დაფუძნებული თავისუფლებისა და სამართლიანობის, და არა ჩაგვრისა და ტირანიის პრინციპებზე (ესაია 9:5, 6; 61:1–4). მოციქული პავლე ამბობს, რომ ღვთის ეს შვილები გაერთიანებული არიან იესოსთან, დიდი ხნის წინათ აღთქმულ ‘აბრაამის თესლთან’ (გალატელთა 3:16, 26, 29). ამგვარად, ისინი ძირითად როლს ასრულებენ ღვთის მიერ თავისი მეგობრისთვის, აბრაამისთვის, მიცემული აღთქმის შესრულებაში. ამ აღთქმაში ისიც შედის, რომ აბრაამის თესლის (ანუ შთამომავლის) მეშვეობით ‘იკურთხონ ქვეყნიერნი’ (დაბადება 22:18).
რა კურთხევებს მოუტანენ ისინი კაცობრიობას? ღვთის შვილები მთელი საკაცობრიო ოჯახის ადამის ცოდვის შედეგებისგან გათავისუფლებასა და გასრულყოფილებაში ღებულობენ მონაწილეობას. იესო ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლისადმი რწმენის გამოვლენითა და მისი სიკეთის მომტანი სამეფოსადმი მორჩილებით ადამიანებს „ყოველი ერიდან და ტომიდან, [და] ხალხებიდან“ შეუძლიათ ამ კურთხევების მიღება (გამოცხადება 7:9, 14–17; 21:1–4; 22:1, 2; მათე 20:28; იოანე 3:16). ამგვარად „მთელი ქმნილება“ კვლავ დატკბება ‘ღვთის შვილთა დიდების თავისუფლებით’. ეს არ იქნება შეზღუდული, დროებითი, პოლიტიკური თავისუფლება, არამედ თავისუფლება ყველაფრისგან, რაც ადამისა და ევას მიერ ღვთის უზენაესობის უგულებელყოფის შემდეგ საკაცობრიო ოჯახს ტკივილსა და მწუხარებას გვრის. ეჭვგარეშეა, მოციქულ პავლეს შეეძლო ეთქვა: „ახლანდელი ტანჯვანი არაფერია“ იმ დიდებულ მსახურებასთან შედარებით, რომელსაც ერთგულები შეასრულებენ!
როდის იწყება „ღვთის შვილთა გამოცხადება“? ძალიან მალე, როცა იეჰოვა ყველასთვის ცხადს გახდის ღვთის შვილების ვინაობას. ეს მოხდება მაშინ, როდესაც სულიერ სამფლობელოში საცხოვრებლად აღდგენილი „შვილები“ იესო ქრისტესთან ერთად ღვთის ომში, არმაგედონში, დედამიწას ბოროტებისა და მჩაგვრელებისგან გაწმენდენ (დანიელი 2:44; 7:13, 14, 27; გამოცხადება 2:26, 27; 16:16; 17:14; 19:11–21). დღეს ჩვენს ირგვლივ იზრდება იმ ფაქტების რიცხვი, რომლებიც ადასტურებს, რომ ‘უკანასკნელი დღეები’ იწურება. მალე ღმერთი აღარ მოუთმენს თავის მოწინააღმდეგეებს და მოსპობს მათი მოქმედების შედეგს, ბოროტებას (2 ტიმოთე 3:1–5; მათე 24:3–31).
დიახ, ჭეშმარიტია მოციქულ პავლეს სიტყვები: „მთელი ქმნილება ერთად კვნესის და იტანჯება აქამდე“, მაგრამ ეს ტანჯვა დიდხანს აღარ გაგრძელდება. დღეს მცხოვრები მილიონები იხილავენ მთელი საკაცობრიო ოჯახისთვის იმ ‘ყველაფრის აღდგენას, რასაც ღმერთი დასაბამიდან ამბობდა თავისი წმიდა წინასწარმეტყველების პირით’. მასში მშვიდობის, თავისუფლებისა და სამართლიანობის აღდგენაც შედის (საქმეები 3:21).
ბოლოს კი ნამდვილი თავისუფლება
რა უნდა გააკეთოთ პირადად თქვენ, რომ ‘ღვთის შვილთა დიდების თავისუფლებით’ დატკბეთ? იესო ქრისტემ თქვა: „თუ ჩემ სიტყვაში დარჩებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ. შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“ (იოანე 8:31, 32). როგორც ვხედავთ, თავისუფლების გასაღები ქრისტეს მითითებებისა და მოძღვრების სწავლა და დაცვაა. ამას დღესაც კი მოაქვს გარკვეული თავისუფლება. ახლო მომავალში კი ქრისტე იესოს მმართველობით სრულ თავისუფლებას მოიტანს. სწორი კურსის აღებაში ბიბლიის შესწავლის საშუალებით იესოს „სიტყვის“ გაცნობა შედის (იოანე 17:3). პირველი საუკუნის ქრისტიანების მსგავსად, აქტიურად ჩაებით ქრისტეს ჭეშმარიტი მოწაფეების კრების მოღვაწეობაში. დღეს მსგავსი მოქმედება შესაძლებლობას მოგცემთ, ისარგებლოთ იეჰოვას ორგანიზაციის მეშვეობით მოწოდებული ჭეშმარიტებით, რომელიც გაგათავისუფლებთ (ებრაელთა 10:24, 25).
სანამ ‘ღვთის შვილთა გამოცხადებას მოელით’, განივითარეთ ისეთივე რწმენა, როგორიც მოციქულ პავლეს ჰქონდა და გჯეროდეთ, რომ ქრისტე დაგიცავთ და მხარს დაგიჭერთ მაშინაც კი, როდესაც გეჩვენებათ, რომ ტანჯვა და უსამართლობა აუტანელია. ღვთის შვილთა გამოცხადების მოხსენიების შემდეგ პავლემ დასვა კითხვა: „ვინ ჩამოგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს: ჭირი თუ შევიწროება, დევნა თუ შიმშილი, სიშიშვლე თუ საფრთხე, ანდა მახვილი?“ (რომაელთა 8:35). რა თქმა უნდა, პავლეს დღეებში ქრისტიანები, რუსოს სიტყვებით რომ ვილაპარაკოთ, ამა თუ იმ სახის რეპრესიული ძალების „ბორკილებში“ იყვნენ. „დასაკლავი ცხვრებივით“ მათ „ყოველდღე ხოცავდნენ“ (რომაელთა 8:36). მოტეხა ამან ისინი?
„ყოველივე ამას ვძლევთ ჩვენი მოყვარულის მეშვეობით“, — წერს პავლე (რომაელთა 8:37). გამარჯვებულები ყოველივე იმის შემდეგ, რისი ატანაც პირველი საუკუნის ქრისტიანებს მოუწიათ? როგორ? „მწამს, — აღნიშნავს პასუხში მოციქული, — რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზები და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო და ვერც მყოფადი, ვერც სიმაღლე და ვერც სიღრმე, ვერც ვერავითარი სხვა ქმნილება ვერ შეძლებს ჩვენს ჩამოშორებას ღვთის სიყვარულისაგან, ჩვენს უფალ ქრისტე იესოში“ (რომაელთა 8:38, 39). თქვენც შეგიძლიათ „სძლიოთ“ „ჭირს, შევიწროებას, თუ დევნას“, რომლის ატანაც დღეს გიწევთ. ღვთის სიყვარულით აღსავსე აღთქმა მალე, ძალიან მალე, ‘გაგვათავისუფლებს . . . [ყოველგვარი] მონობისაგან ღვთის შვილთა დიდების თავისუფლებისთვის’.
[სურათები 6 გვერდზე]
„მთელი ქმნილება ერთად კვნესის და იტანჯება აქამდე“.
[სურათი 7 გვერდზე]
‘ქმნილება გათავისუფლდება ყველანაირი მონობისაგან ღვთის შვილთა დიდების თავისუფლებისთვის’.