-
„დაუახლოვდით ღმერთს“საგუშაგო კოშკი — 2002 | 15 დეკემბერი
-
-
„დაუახლოვდით ღმერთს“
„დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ თქვენ“ (იაკობი 4:8, აქ).
1, 2. ა) ჩვეულებრივ, რის გაცხადება უყვართ ადამიანებს? ბ) რა რჩევა მოგვცა იაკობმა და რატომ იყო ეს საჭირო?
„ჩვენთან არს ღმერთი!“. ეს სიტყვები მრავალი ქვეყნის ეროვნულ სიმბოლოსა თუ ჯარისკაცის ფორმას ამშვენებს. „ღმერთზე ვართ მინდობილი“ — ეს ფრაზა კი უთვალავ თანამედროვე მონეტასა თუ ქაღალდის ფულზე გვხვდება. ჩვეულებრივ, ადამიანებს უყვართ იმის გაცხადება, რომ ღმერთთან ახლო ურთიერთობა აკავშირებთ. ალბათ, ეთანხმებით იმ აზრს, რომ ერთია, ნამდვილად იქონიო ასეთი ურთიერთობა და მეორეა ამის შესახებ ლაპარაკი ან ლოზუნგების გამოფენა.
2 ბიბლიიდან ჩანს, რომ ღმერთთან ურთიერთობა შესაძლებელია, თუმცა ამას ძალისხმევა სჭირდება. პირველ საუკუნეში მცხოვრებ ზოგიერთ ცხებულ ქრისტიანსაც კი სჭირდებოდა იეჰოვა ღმერთთან ურთიერთობის განმტკიცება. ქრისტიანი ზედამხედველი იაკობი აფრთხილებდა მათ ხორციელი მიდრეკილებების და სულიერი სისუფთავის დაკარგვის შესახებ. რჩევასთან ერთად ის მოუწოდებდა მათ: „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ თქვენ“ (იაკობი 4:1—12, აქ). რა ჰქონდა იაკობს მხედველობაში, როდესაც წერდა „დაუახლოვდით ღმერთს“?
3, 4. ა) რის გახსენება შეეძლო გამოთქმას „დაუახლოვდით ღმერთს“ იაკობის წერილის მკითხველებისთვის, რომლებიც პირველ საუკუნეში ცხოვრობდნენ? ბ) რატომ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ღმერთთან მიახლოება შესაძლებელია?
3 იაკობმა გამოიყენა გამოთქმა, რომელიც მისი წერილის მკითხველთაგან უმრავლესობისთვის ცნობილი იყო. მოსეს რჯულში მოცემული იყო სპეციალური მითითებები მღვდლებისთვის, თუ როგორ უნდა ‘მიახლებოდნენ’ იეჰოვას ხალხის სახელით (გამოსვლა 19:22). ამგვარად, იაკობის წერილის მკითხველებს მიეცათ შეხსენება, რომ დაეფასებინათ იეჰოვასთან მიახლოების შესაძლებლობა. იეჰოვა ხომ ყველაზე აღმატებულია მთელ სამყაროში.
4 სხვა მხრივ, ერთმა ბიბლეისტმა აღნიშნა, რომ: „ეს მოწოდება [იაკობის 4:8, აქ] სავსეა ოპტიმიზმით“. იაკობმა იცოდა, რომ იეჰოვა ყოველთვის სიყვარულით იწვევდა არასრულყოფილ ადამიანებს, მიახლოებოდნენ მას (მეორე ნეშტთა 15:2). იესოს მიერ გაღებულმა მსხვერპლმა იეჰოვასთან მიახლოება უფრო მეტად გახადა შესაძლებელი (ეფესელთა 3:11, 12, სსგ). დღეს ღმერთთან მიახლოების შესაძლებლობა მილიონობით ადამიანს აქვს! მაგრამ, როგორ ვისარგებლოთ ამ ბრწყინვალე შესაძლებლობით? მოდი მოკლედ განვიხილოთ იეჰოვა ღმერთთან მიახლოების სამი საშუალება.
განაგრძეთ ღვთის ‘გაცნობა’
5, 6. როგორ გვიჩვენებს ახალგაზრდა სამუელის მაგალითი, თუ რას ნიშნავს „ვეცნობოდეთ“ ღმერთს?
5 იოანეს 17:3-ის თანახმად, იესომ თქვა: «ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ [„გეცნობოდნენ“, აქ] შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას ვინც მოავლინე — იესო ქრისტეს». ამ მუხლის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ოდნავ განსხვავდება სხვა თარგმანებისგან. მათში ნათქვამია, არა „გეცნობოდნენ“, არამედ უბრალოდ „გიცნობდნენ“ ან „იცნობდნენ“ ღმერთს. მაგრამ, ენათმეცნიერები აღნიშნავენ, რომ ბერძნულ ორიგინალში გამოყენებულ ამ სიტყვას ცოტა სხვა დატვირთვა აქვს. ის აღნიშნავს უწყვეტ პროცესს, რომელსაც შეუძლია ვინმესთან ძალიან დაახლოოს ადამიანი.
6 იესოს დროს უცხო არ ყოფილა ის აზრი, რომ ღმერთთან დაახლოება შესაძლებელია. მაგალითად, ებრაულ წერილებში ვკითხულობთ, რომ სამუელი პატარაობისას „ჯერ კიდევ ვერ სცნობდა . . . უფალს“ (პირველი მეფეთა 3:7). ნიშნავს თუ არა ეს, რომ სამუელმა ღვთის შესახებ ძალიან ცოტა რამ იცოდა? არა. რა თქმა უნდა, მშობლებმა და მღვდლებმა ბევრი რამ ასწავლეს მას. მაგრამ, ერთი სწავლულის თანახმად, აქ მოცემული ებრაული სიტყვა „გამოიყენება ძალიან ახლო ნაცნობობასთან დაკავშირებით“. სამუელი არ იცნობდა ღმერთს ისე კარგად, როგორც მოგვიანებით, როდესაც იეჰოვას წარმომადგენლად მსახურობდა. მაგრამ ზრდასთან ერთად, მან უკეთ გაიცნო იეჰოვა და მასთან პირადი, ახლო ურთიერთობა განავითარა (პირველი მეფეთა 3:19, 20).
7, 8. ა) რატომ არ უნდა გვიკარგავდეს ხალისს ბიბლიის ღრმა სწავლებები? ბ) რომელია ღვთის სიტყვის ზოგი ღრმა სწავლება, რომლის კარგად შესწავლაც გვმართებს?
7 ღებულობთ შემეცნებას იეჰოვას შესახებ, რომ ახლოს გაეცნოთ მას? ამისთვის აუცილებელია, „ინატროთ“ ღვთისგან ბოძებული სულიერი საზრდო (1 პეტრე 2:2). ნუ დასჯერდებით იმას, რომ იცით ბიბლიის ძირითადი სწავლებები. ეცადეთ, ჩასწვდეთ მასში არსებულ უფრო ღრმა სწავლებებს (ებრაელთა 5:12—14). ხომ არ გიკარგავთ ასეთი სწავლებები ბიბლიის შესწავლის სურვილს, რადგან ძალიან რთული გეჩვენებათ? თუ დიახ, გახსოვდეთ, რომ იეჰოვა უდიდესი „მოძღვარია“ (ესაია 30:20). მან იცის, როგორ მოგვაწოდოს ასეთი ღრმა საკითხები, რადგან ითვალისწინებს ჩვენს არასრულყოფილ გონებრივ შესაძლებლობებს. იეჰოვა აკურთხებს თქვენს გულწრფელ ძალისხმევას, რომ ჩაწვდეთ იმას, რასაც ის გასწავლით (ფსალმუნი 24:4).
8 კარგი იქნებოდა, თუ შეამოწმებდით, რამდენად კარგად იცით „ღვთის სიღრმეები“ (1 კორინთელთა 2:10). ეს არ არის ერთფეროვანი, მშრალი თემები, რომელთა ირგვლივაც თეოლოგები და სასულიერო პირები კამათობენ. ეს უმნიშვნელოვანესი სწავლებებია, რომლებიც არაჩვეულებრივ საშუალებას გვაძლევს, ჩავიხედოთ ჩვენი მოსიყვარულე ზეციერი მამის გონებასა და გულში. მაგალითად, ისეთი თემების, როგორიცაა გამოსყიდვა, „წმინდა საიდუმლო“ და სხვადასხვა შეთანხმება, რომელთა მეშვეობითაც იეჰოვა აკურთხებდა თავის ხალხს და ასრულებდა თავის განზრახვებს, ასევე სხვა მსგავსი საკითხების პირადად გამოკვლევა და შესწავლა უდიდეს სიამოვნებასა და სარგებლობას მოგვიტანს (1 კორინთელთა 2:7).
9, 10. ა) რატომ არის სიამაყე საშიში და როგორ ავარიდოთ მას თავი? ბ) რატომ გვმართებს თავმდაბლობის გამოვლენა, როდესაც საქმე იეჰოვას შესახებ შემეცნებას ეხება?
9 სულიერი საკითხების ღრმად შესწავლისას ერიდე საფრთხეს — სიამაყეს, რომელიც ცოდნის შეძენას მოჰყვება ხოლმე (1 კორინთელთა 8:1). სიამაყე ანუ გულზვიადობა იმით არის საშიში, რომ ხალხს ღვთისგან აშორებს (იგავნი 16:5; იაკობი 4:6). გახსოვდეთ, არავის აქვს მიზეზი, რომ იამაყოს თავისი ცოდნით. მაგალითისთვის, ყურადღება მიაქციეთ იმ წიგნის წინასიტყვაობას, რომელიც ბოლოდროინდელ მეცნიერულ აღმოჩენებს განიხილავს: „რაც უფრო მეტს ვიგებთ, უფრო მეტად ვხვდებით, რამდენად ცოტა ვიცით . . . რაც ვიცით, არაფერია იმასთან შედარებით, რის სწავლაც მოგვიწევს“. რა სასიამოვნოა ასეთი თავმდაბლური სიტყვების მოსმენა! ახლა, თუ შევეხებით ამოუწურავ შემეცნებას, ანუ შემეცნებას იეჰოვას შესახებ, თავმდაბლობის რამდენად მეტი მიზეზი უნდა გვქონდეს! რატომ?
10 ნახეთ, რას ამბობს ზოგიერთი ბიბლიური მონაკვეთი იეჰოვას შესახებ. „ფრიად ღრმაა შენი ზრახვები“ (ფსალმუნი 91:6). „[იეჰოვას] გონიერება განუზომელია“ (ფსალმუნი 146:5). „გამოუკვლეველია . . . [იეჰოვას] გონება“ (ესაია 40:28, „ბიბლიური საზოგადოების გამოცემა“). „ო! ღვთის სიმდიდრეთა და სიბრძნისა და შემეცნების სიღრმე!“ (რომაელთა 11:33). როგორც ჩანს, ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ იეჰოვას შესახებ ყველაფერს (ეკლესიასტე 3:11). მან ბევრი ბრწყინვალე რამ გვასწავლა, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც ჯერ კიდევ სასწავლი გვაქვს. ნუთუ ასეთი პერსპექტივა არ ახდენს ჩვენზე ღრმა შთაბეჭდილებას და არ გვიბიძგებს თავმდაბლობისკენ? ამიტომ, როდესაც ვსწავლობთ, ჩვენი ცოდნა ყოველთვის იეჰოვასთან მისაახლოებლად გამოვიყენოთ და სხვებსაც დავეხმაროთ ამის გაკეთებაში; არასოდეს გამოვიყენოთ ცოდნა იმისთვის, რომ სხვებზე აღმატებული გამოვჩნდეთ (მათე 23:12; ლუკა 9:48).
გამოავლინეთ იეჰოვასადმი სიყვარული
11, 12. ა) როგორ უნდა მოქმედებდეს ჩვენზე იეჰოვას შესახებ მიღებული შემეცნება? ბ) როგორ განისაზღვრება ღვთისადმი ნამდვილი სიყვარული?
11 მოციქულმა პავლემ შემთხვევით არ დააკავშირა ერთმანეთთან შემეცნება და სიყვარული. ის წერდა: „ამაზე ვლოცულობ, რომ უფრო და უფრო გაიზარდოს თქვენი სიყვარული შემეცნებასა და შეგრძნებაში“ (ფილიპელთა 1:9). ამიტომ, იეჰოვასა და მისი განზრახვების შესახებ ყოველი ძვირფასი ჭეშმარიტების მიღებამ კი არ უნდა გაგვაამაყოს, არამედ ჩვენი ზეციერი მამისადმი სიყვარულში უნდა გაგვზარდოს.
12 რა თქმა უნდა, მრავალი მხოლოდ ამბობს, რომ უყვარს ღმერთი. შესაძლოა, მათ საკმაოდ გულწრფელი გრძნობები აქვთ. ასეთი გრძნობები კარგი და საქებარია, თუ ის საფუძვლიან ცოდნას უკავშირდება. მაგრამ ეს გრძნობები თავისთავად არ მეტყველებს იმაზე, რომ მათ ნამდვილად უყვართ ღმერთი. რატომ? ყურადღება მიაქციეთ, როგორ განსაზღვრავს ღვთის სიტყვა ასეთ სიყვარულს: „ღვთის სიყვარული ისაა, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს“ (1 იოანე 5:3). ასე რომ, იეჰოვასადმი სიყვარული შეიძლება ნამდვილ სიყვარულად ჩაითვალოს, თუ ის მორჩილებით ვლინდება.
13. როგორ დაგვეხმარება ღვთისმოშიშება იეჰოვასადმი სიყვარულის გამოვლენაში?
13 ღვთისმოშიშება დაგვეხმარება, დავემორჩილოთ იეჰოვას. ღვთისადმი ასეთი დიდი მოკრძალება და ღრმა პატივისცემა ჩვენში მის გაცნობასთან ერთად ვითარდება, სწორედ მაშინ, როდესაც მის უსაზღვრო სიწმინდეს, დიდებას, ძლიერებას, სამართლიანობას, სიბრძნესა და სიყვარულს ვეცნობით. ასეთი შიში გადამწყვეტი ფაქტორია ღმერთთან მისაახლოებლად. ნახეთ, რა წერია ფსალმუნის 24:14-ში: «საიდუმლო უფლისა [„ახლო ურთიერთობა იეჰოვასთან“, აქ] — მოშიშთა მისთა, და თავის აღთქმას აუწყებს მათ». ამიტომ, თუ გვაქვს ჯანსაღი შიში, რომ არ ვაწყენინოთ ჩვენს მოსიყვარულე ზეციერ მამას, შეგვიძლია დავუახლოვდეთ მას. ღვთისმოშიშება დაგვეხმარება, მივიღოთ იგავნის 3:6-ში ჩაწერილი რჩევა: „შეეცადე მის შეცნობას ყოველ შენს გზაზე და ის გაგისწორებს სავალს“. რას ნიშნავს ეს?
14, 15. ა) როგორი გადაწყვეტილებების მიღება გვიწევს ყოველდღიურად? ბ) როგორ მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენს ღვთისმოშიშებას ირეკლავენ?
14 ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს მნიშვნელოვანი თუ ნაკლებად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. მაგალითად, რაზე აპირებთ საუბარს თანამშრომლებთან, თანაკლასელებთან ან მეზობლებთან? (ლუკა 6:45). აპირებთ თუ არა გულდასმით შეასრულოთ თქვენი დავალებები, თუ შეეცდებით, რაც შეიძლება მალე მოიცილოთ ისინი თავიდან? (კოლასელთა 3:23). აპირებთ თუ არა დამეგობრებას მათთან, ვისაც არასაკმარისად ან საერთოდ არ უყვართ იეჰოვა, თუ შეეცდებით სულიერად ძლიერ პიროვნებებთან იქონიოთ ურთიერთობა? (იგავნი 13:20). გსურთ, რომ მცირედით მაინც დაუჭიროთ მხარი სამეფოს ინტერესებს? (მათე 6:33). თუ ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღებისას ამ პრინციპებით ხელმძღვანელობთ, მაშასადამე, ყოველნაირად ცდილობთ იეჰოვას შეცნობას „ყოველ [თქვენს] გზაზე“.
15 ყოველი გადაწყვეტილების მიღებისას შემდეგზე უნდა დავფიქრდეთ: რას ელის იეჰოვა ჩემგან? ყველაზე მეტად რა ესიამოვნება მას? (იგავნი 27:11). ღვთისმოშიშების ასეთი გამოვლენა იეჰოვასადმი სიყვარულის გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა. ღვთისმოშიშება ასევე აღგვძრავს, რომ დავიცვათ სულიერი, ზნეობრივი და ფიზიკური სიწმინდე. გაიხსენეთ, რომ იმავე მუხლში, სადაც იაკობი მოუწოდებს ქრისტიანებს, „დაუახლოვდნენ ღმერთს“, იქვე აგრძელებს: „დაიბანეთ ხელები, ცოდვილნო, განიწმიდეთ გულები, ორჭოფნო“ (იაკობი 4:8, აქ).
16. რას ვერ მივაღწევთ ვერასდროს იეჰოვასთვის რაიმეს გაღებით, მაგრამ რას ვავლენთ ამით?
16 უდავოდ, იეჰოვასადმი სიყვარულის გამოვლენა ცუდისგან თავის შეკავებაზე მეტს ნიშნავს. სიყვარული კარგის კეთებისკენ აღგვძრავს. მაგალითად, როგორ ვრეაგირებთ იეჰოვას უსაზღვრო ხელგაშლილობაზე? იაკობი წერდა: „ყველა კეთილი საბოძვარი და ყველა სრულყოფილი ნიჭი მაღლიდან მოდის, ნათელთა მამისაგან“ (იაკობი 1:17). რა თქმა უნდა, თუ რაიმეს ვაძლევთ იეჰოვას, ამით არ ვამდიდრებთ, რადგან ისედაც მას ეკუთვნის ყველაფერი (ფსალმუნი 49:12). და როდესაც ჩვენს დროსა და ენერგიას ვუძღვნით, ამით მის მოთხოვნილებებს არ ვაკმაყოფილებთ, თითქოს უჩვენოდ ვერაფერს გახდებოდა. თუნდაც უარი გვეთქვა ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებაზე, მისი ბრძანებით ქვებიც კი იღაღადებდნენ! მაშ, რატომ უნდა გავიღოთ იეჰოვასთვის ჩვენი სახსრები, დრო და ენერგია? უპირველესად იმიტომ, რომ ასეთი სახით მთელი გულით, სულით, გონებითა და ძალით ვავლენთ მისადმი სიყვარულს (მარკოზი 12:29, 30).
17. რა უნდა აღგვძრავდეს, რომ სიხარულით გავცეთ იეჰოვასთვის?
17 როდესაც იეჰოვას ვუძღვნით რაიმეს, ეს სიხარულით უნდა გავაკეთოთ, „ვინაიდან სიხარულით გამცემი უყვარს ღმერთს“ (2 კორინთელთა 9:7). ამაში დაგვეხმარება მეორე რჯულის 16:17-ში მოცემული პრინციპი: „თითოეულმა, რაც შეძლოს, ის უძღვნას უფლის, შენი ღმერთის, კურთხევის კვალობაზე, რაც უფალს შენთვის მოუცია“ („ბიბლიური საზოგადოების გამოცემა“). იეჰოვას ხელგაშლილობაზე ფიქრი გვეხმარება, რომ ჩვენც სიხარულით გავცეთ მისთვის. ეს ისევე ახარებს იეჰოვას, როგორც მშობელს მცირეოდენი საჩუქარი საყვარელი შვილისგან. სიყვარულის ასეთი გამოვლენა დაგვაახლოებს იეჰოვასთან.
დაუახლოვდით ღმერთს ლოცვის მეშვეობით
18. რატომ ღირს იმაზე დაფიქრება, თუ როგორ გავიუმჯობესოთ ლოცვები?
18 ლოცვისთვის დათმობილი დრო ჩვენს ზეციერ მამასთან პირადი და გულღია საუბრის არაჩვეულებრივ საშუალებას გვაძლევს (ფილიპელთა 4:6). რადგან ლოცვა ძალიან მნიშვნელოვანია ღმერთთან მისაახლოებლად, ღირს, შევჩერდეთ და დავფიქრდეთ, როგორია ჩვენი ლოცვები. აუცილებელი არ არის, რომ ისინი მჭევრმეტყველებითა და მაღალმხატვრულობით გამოირჩეოდეს, არამედ გულწრფელი და გულიდან გამომავალი უნდა იყოს. როგორ გავიუმჯობესოთ ლოცვები?
19, 20. რატომ უნდა დავფიქრდეთ ლოცვამდე და რა საკითხებზე გვმართებს დაფიქრება?
19 ლოცვამდე შეგვიძლია დავფიქრდეთ. თუ წინასწარ დავფიქრდებით, მაშინ ჩვენი ლოცვები კონკრეტული და მრავლისმეტყველი იქნება; ამასთანავე მოვერიდებით ერთი და იმავე, თავში მოსული პირველივე სიტყვების გამეორებას (იგავნი 15:28, 29). შესაძლოა, სასარგებლო აღმოჩნდეს იესოს სანიმუშო ლოცვაში მოხსენიებულ საკითხებზე დაფიქრება, რათა ისინი ჩვენს გარემოებას დავუკავშიროთ (მათე 6:9—13). მაგალითად, შეგვეძლო საკუთარი თავისთვის გვეკითხა: რა მცირეოდენი წვლილის შეტანა მსურს დედამიწაზე იეჰოვას ნების შესრულებაში? ნუთუ კარგი არ იქნებოდა იეჰოვას წინაშე გამოგვეხატა ჩვენი სურვილი, რომ მაქსიმალურად გამოგვიყენოს და შემდეგ დახმარება ვთხოვოთ, რომ შევასრულოთ მისგან მიღებული ყველა დავალება? ტვირთად ხომ არ გვაწევს ფიზიკურ მოთხოვნილებებზე ზრუნვა? რა ცოდვების პატიებას ვსაჭიროებთ და ვის მიმართ გვმართებს მიმტევებლობა? რა ცდუნებების წინაშე ვდგავართ და ვაცნობიერებთ თუ არა, რომ ვსაჭიროებთ იეჰოვას დაცვას?
20 გარდა ამისა, შეგვიძლია ვიფიქროთ მათზე, რომლებიც განსაკუთრებით საჭიროებენ იეჰოვას დახმარებას (2 კორინთელთა 1:11). ამასთანავე, არ უნდა დაგვავიწყდეს მადლიერების გამოხატვა. თუ შევჩერდებით და დავფიქრდებით ამაზე, უამრავ მიზეზს აღმოვაჩენთ, რომ მადლობა მივუძღვნათ და ყოველდღე განვადიდოთ იეჰოვა მისი უსაზღვრო სიკეთისთვის (მეორე რჯული 8:10; ლუკა 10:21). ამას სხვა სარგებლობაც მოაქვს — ეს გვეხმარება უფრო დადებითად და მადლიერებით ვუყუროთ სიცოცხლეს.
21. რომელი ბიბლიური მაგალითების შესწავლა დაგვეხმარება, რათა ლოცვით დავუახლოვდეთ იეჰოვას?
21 ლოცვების გაუმჯობესებაში შესწავლაც დაგვეხმარება. ღვთის სიტყვაში ერთგული მამაკაცებისა და ქალების ლოცვებია მოცემული. მაგალითად, თუ ჩვენთვის ან ჩვენი ახლობლებისთვის საშიში, დიდი პრობლემების წინაშე აღმოვჩნდით, შეგვიძლია წავიკითხოთ ლოცვა, რომელიც იაკობმა წარმოთქვა მაშინ, როდესაც თავის შურისმაძიებელ ძმასთან, ესავთან, შეხვედრას აპირებდა (დაბადება 32:9—12). ან შეგვიძლია განვიხილოთ მეფე ასას ლოცვა, რომელიც მან მაშინ წარმოთქვა, როდესაც ღვთის ხალხს ეთიოპელთა დაახლოებით მილიონიანი არმია ემუქრებოდა (მეორე ნეშტთა 14:10, 11). თუკი საფიქრალში გვაგდებს პრობლემა, რომელიც იეჰოვას წმინდა სახელის შებღალვის საფრთხეს ქმნის, კარგი იქნება, თუ გადავხედავთ ელიას მიერ ქარმელის მთაზე ბაალის თაყვანისმცემლების წინაშე წარმოთქმულ ლოცვას, ან იერუსალიმის სავალალო მდგომარეობის შესახებ ნეემიას მიერ წარმოთქმულ ლოცვას (მესამე მეფეთა 18:36, 37; ნეემია 1:4—11). ასეთი ლოცვების წაკითხვა და მათზე დაფიქრება გვიძლიერებს რწმენას და გვეხმარება იმის დადგენაში, თუ როგორ მივმართოთ იეჰოვას ლოცვაში საუკეთესო სახით ჩვენი საზრუნავის გამო.
22. როგორ ჟღერს 2003 წლის წლიური მუხლი და რა კითხვა უნდა დავუსვათ დროდადრო საკუთარ თავს ამ წლის განმავლობაში?
22 ნამდვილად, არ არსებობს იმაზე მეტი პატივი და იმაზე უკეთესი მიზანი, ვიდრე მივყვეთ იაკობის რჩევას — „დაუახლოვდით ღმერთს“ (იაკობი 4:8, აქ). მოდი გავიზარდოთ ღვთის შემეცნებაში, ვეცადოთ, უფრო მეტად გამოვავლინოთ მისადმი ჩვენი სიყვარული და ლოცვების მეშვეობით განვავითაროთ ახლო ურთიერთობა. დაე მთელი 2003 წლის განმავლობაში გვახსოვდეს წლიური მუხლი, იაკობის 4:8, და დავუკვირდეთ საკუთარ თავს, რამდენად რეალურად ვუახლოვდებით იეჰოვას. რის თქმა შეიძლება ამ მუხლის მეორე ნაწილზე? რა გაგებით „მოგიახლოვდებათ თქვენ“ იეჰოვა და რა კურთხევები მოჰყვება ამას? ამ საკითხებს მომდევნო სტატიაში განვიხილავთ.
-
-
„ისიც დაგიახლოვდებათ თქვენ“საგუშაგო კოშკი — 2002 | 15 დეკემბერი
-
-
„ისიც დაგიახლოვდებათ თქვენ“
„[ღმერთი] შორს როდია თითოეული ჩვენთაგანისაგან“ (საქმეები 17:27).
1, 2. ა) რა კითხვა იბადება შემოქმედთან დაკავშირებით, როდესაც ვარსკვლავებით მოჭედილ ცას შევყურებთ? ბ) როგორ გვარწმუნებს ბიბლია, რომ ადამიანები უმნიშვნელო არ არიან ღვთის თვალში?
დაკვირვებიხართ უღრუბლო ღამეს ვარსკვლავებით მოჭედილ ცას? ზღაპრული სანახაობაა! უთვალავი ვარსკვლავი და უკიდეგანო სამყარო ჩვენს აღტაცებას იწვევს. ამ უზარმაზარ სამყაროში ჩვენი დედამიწა პატარა ნამცეცს ჰგავს. ნიშნავს ეს, რომ შემოქმედი, „უზენაესი მთელ ქვეყნიერებაზე“, იმდენად მაღლა დგას ადამიანებზე, რომ საერთოდ არ ზრუნავს მათზე ან ძალიან შორი და მიუწვდომელია მათთვის? (ფსალმუნი 82:19).
2 ბიბლია გვარწმუნებს, რომ იეჰოვას თვალში ადამიანები უმნიშვნელო არ არიან. უფრო მეტიც, ღვთის სიტყვა მოგვიწოდებს, რომ ვეძებოთ ის, ვინაიდან „შორს როდია თითოეული ჩვენთაგანისაგან“ (საქმეები 17:27; პირველი ნეშტთა 28:9). ასე რომ, თუ ღვთისკენ ნაბიჯებს ვდგამთ, ისიც შესაბამისად რეაგირებს. როგორ? 2003 წლის წლიური მუხლი აღმაფრთოვანებელ პასუხს გვცემს: „ისიც დაგიახლოვდებათ თქვენ“ (იაკობი 4:8, აქ). განვიხილოთ ზოგიერთი ის კურთხევა, რომლებსაც იეჰოვა არ იშურებს მათთვის, ვინც უახლოვდება მას.
იეჰოვას საჩუქარი თითოეული ჩვენგანისთვის
3. რით ასაჩუქრებს იეჰოვა მათ, ვინც მას უახლოვდება?
3 უპირველეს ყოვლისა, იეჰოვას მსახურებს აქვთ ბრწყინვალე საჩუქარი, რომელიც ღმერთმა თავისი ხალხისთვის შემოინახა. ვერანაირი ძალაუფლება, სიმდიდრე ან განათლება, რომელთა მიღებაც ამ სისტემაში შეიძლება, ვერ მოგვცემს ამ ძღვენს. ეს არის საჩუქარი მხოლოდ მათთვის, რომლებიც მასთან ახლოს არიან. რა საჩუქარია ეს? ღვთის სიტყვა გვპასუხობს: „გონებას რომ გააღვიძებდე. რომ ვერცხლივით მისი შოვნის წადილი გქონდეს და განძივით დაუწყებდე ძებნას. მაშინ შეიგნებ უფლის შიშს და მოიპოვებ ღვთისშემეცნებას. რადგან უფალი იძლევა სიბრძნეს“ (იგავნი 2:3—6). მხოლოდ წარმოიდგინე, არასრულყოფილ ადამიანს შეუძლია იპოვოს „ღვთის შემეცნება“! ეს საჩუქარი — ღვთის სიტყვაში მოცემული სიბრძნე — „განძთან“ არის შედარებული. რატომ?
4, 5. რატომ შეგვიძლია „ღვთის შემეცნება“ „განძს“ შევადაროთ? ახსენი.
4 ღვთის შესახებ შემეცნება ნამდვილად ფასდაუდებელია. ყველაზე დიდი ჯილდო, რომელიც ასეთ შემეცნებას მოაქვს, მარადიული სიცოცხლის იმედია (იოანე 17:3). მაგრამ, ამ შემეცნებას დღესაც ბევრი კურთხევა მოაქვს. მაგალითად, ღვთის სიტყვის გულმოდგინე შესწავლით პასუხები ვიპოვეთ ისეთ მნიშვნელოვან კითხვებზე, როგორებიცაა: რა ჰქვია ღმერთს? (ფსალმუნი 82:19, აქ). სინამდვილეში, რა მდგომარეობაში იმყოფებიან მკვდრები? (ეკლესიასტე 9:5, 10). რა განზრახვები აქვს ღმერთს დედამიწისა და კაცობრიობის მიმართ? (ესაია 45:18). ისიც გავიგეთ, რომ ბიბლიური პრინციპების გამოყენება საუკეთესო არჩევანია ცხოვრებაში (ესაია 30:20, 21; 48:17, 18). ამგვარად, გვაქვს ხელმძღვანელობა, რომელიც ცხოვრებისეული სიძნელეების დაძლევაში გვეხმარება; ის ასევე ბედნიერებასა და კმაყოფილებას გვანიჭებს. ხოლო, რაც ყველაზე მთავარია, ღვთის სიტყვის შესწავლით საშუალება გვეძლევა გავეცნოთ იეჰოვას ბრწყინვალე თვისებებს და დავუახლოვდეთ მას. რა შეიძლება იყოს იმაზე უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ის, რომ იქონიო „ღვთის [ზუსტ] შემეცნებაზე“ დაფუძნებული ახლო ურთიერთობა იეჰოვასთან?
5 არის კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ არის ღვთის შესახებ შემეცნება შედარებული „განძთან“. ის, ისევე როგორც სხვა განძეული, ამ წუთისოფელში იშვიათობას წარმოადგენს. ექვსი მილიარდი მოსახლეობიდან დაახლოებით ექვსი მილიონი, ანუ ყოველი ათასიდან მხოლოდ ერთი სცემს თაყვანს იეჰოვას; მხოლოდ მათ იპოვეს „ღვთის შემეცნება“. იმის საჩვენებლად, თუ რამხელა იშვიათობას წარმოადგენს ღვთის სიტყვის ჭეშმარიტი სწავლებების ცოდნა, განვიხილოთ მხოლოდ ერთი ბიბლიური საკითხი: რა მოსდის ადამიანს სიკვდილის დროს? წმინდა წერილებიდან ვიცით, რომ სული კვდება და მკვდრები უგრძნობ მდგომარეობაში იმყოფებიან (ეზეკიელი 18:4). მაგრამ, რელიგიათა უმეტესობა მხარს უჭერს ცრურწმენას იმის თაობაზე, რომ რაღაც, ადამიანის შიგნით, სიკვდილის შემდეგაც განაგრძობს არსებობას. ეს ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი ფუნდამენტური მოძღვრებაა. მსგავს წარმოდგენებს იზიარებს ბუდიზმი, ინდუიზმი, ისლამი, ჯაინიზმი, იუდაიზმი, სინტოიზმი, სიქიზმი და დაოსიზმი. თქვენ წარმოიდგინეთ, მილიარდობით ადამიანია შეცდომაში შეყვანილი მხოლოდ ამ ერთი ცრუ მოძღვრებით!
6, 7. ა) მხოლოდ ვის შეუძლია იპოვოს „ღვთის შემეცნება“? ბ) რა ცხადყოფს, რომ იეჰოვა გვაკურთხებს ისეთი საკითხების გაგებით, რაც ‘ბრძენებსა და გონიერებს’ რჩებათ მხედველობიდან?
6 რატომ იპოვა ასე ცოტა ადამიანმა „ღვთის შემეცნება“? იმიტომ, რომ არავის შეუძლია სრულად ჩასწვდეს ბიბლიის მნიშვნელობას ღვთის დახმარების გარეშე. გაიხსენეთ, რომ ეს შემეცნება არის საჩუქარი, რომელსაც იეჰოვა ჩუქნის მხოლოდ მათ, ვინც ცდილობს, გულწრფელად და თავმდაბლურად გამოიკვლიოს ღვთის სიტყვა. აუცილებელი არ არის, რომ ასეთი ადამიანები „ხორციელად ბრძენ[ებ]ი“ იყვნენ (1 კორინთელთა 1:26). წუთისოფლის სტანდარტების მიხედვით, მრავალი მათგანი ‘უწიგნური და უბრალო ადამიანია’ (საქმეები 4:13, აფ). მაგრამ, ეს სრულებითაც არ არის მნიშვნელოვანი. იეჰოვა ჩვენში ნაპოვნი თვისებების გამო გვასაჩუქრებს „ღვთის შემეცნებით“.
7 განვიხილოთ მაგალითი. ქრისტიანული სამყაროს მრავალმა სწავლულმა ბიბლიას საკმაოდ დაწვრილებითი კომენტარები გაუკეთა. ასეთ ნაშრომებში განიხილება ისტორიული ფონი, ებრაული თუ ბერძნული სიტყვების მნიშვნელობები და მრავალი სხვა. იპოვეს მათ „ღვთის შემეცნება“ ამ ზღვა ინფორმაციის შეგროვებით? ცხადად ესმით ბიბლიის მთავარი თემა — ზეციერი სამეფოს მეშვეობით იეჰოვას უზენაესობის გამართლება? იციან, რომ იეჰოვა ღმერთი არ არის სამების ნაწილი? ჩვენ კი ზუსტად გვესმის ეს საკითხები. როგორ? იეჰოვამ გვაკურთხა სულიერი საკითხების ღრმა წვდომით, იმ დროს, როცა ეს მრავალ ‘ბრძენსა და გონიერს’ გამორჩა მხედველობიდან (მათე 11:25). მართლაც, როგორ აკურთხა იეჰოვამ ყველა, ვინც უახლოვდება მას!
„იცავს უფალი ყველა მის მოყვარულს“
8, 9. ა) როგორ აღწერა დავითმა იეჰოვას კიდევ ერთი კურთხევა მათ მიმართ, რომლებიც მას უახლოვდებიან? ბ) რატომ სჭირდებათ ჭეშმარიტ ქრისტიანებს ღვთის მფარველობა?
8 ისინი, რომლებიც ახლოს არიან იეჰოვასთან, ღვთის მფარველობითაც არიან კურთხეული. ფსალმუნმომღერალი დავითი, რომლისთვისაც გაჭირვება უცხო არ იყო, წერდა: „ახლოა უფალი ყველა მის მლოცველთან, ყოველთან, ვინც მას მოუხმობს ჭეშმარიტებით. მის მოშიშთა სურვილს შეასრულებს და მათს ღაღადისს მოისმენს და უშველის მათ. იცავს უფალი ყველა მის მოყვარულს და ყველა ბოროტს მოსპობს“ (ფსალმუნი 144:18—20). დიახ, იეჰოვა ახლოა მათთან, ვისაც უყვარს ის და ყოველთვის მზად არის მათ დასახმარებლად, ვინც მას შველას სთხოვს.
9 რატომ გვჭირდება ღვთის მფარველობა? გარდა იმისა, რომ მათზე ზეწოლას ახდენს „საზარელი ჟამი“, ჭეშმარიტი ქრისტიანები იეჰოვას მთავარი მტრის, სატანა ეშმაკის, სამიზნეს წარმოადგენენ (2 ტიმოთე 3:1). ეს ვერაგი მოწინააღმდეგე ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ ჩაგვყლაპოს (1 პეტრე 5:8). სატანა გვდევნის, გვავიწროებს და გვაცდუნებს. ის ცდილობს ჩვენს აზროვნებაში ისეთი მხარეების პოვნას, რომელსაც თავის სასარგებლოდ გამოიყენებს. მას აქვს ერთი მიზანი — რწმენა დაგვაკარგვინოს და სულიერად გაგვანადგუროს (გამოცხადება 12:12, 17). რაოდენ მანუგეშებელია, რომ ასეთი დაუძინებელი მტრის წინაშე მარტო არ გვიწევს ბრძოლა, რადგან „იცავს უფალი ყველა მის მოყვარულს“.
10. ა) როგორ იცავს იეჰოვა თავის ხალხს? ბ) რის დაცვაა ყველაზე მნიშვნელოვანი და რატომ?
10 მაშ, როგორ იცავს იეჰოვა თავის ხალხს? ღვთის მფარველობა არ ნიშნავს, რომ სრულიად უპრობლემო ცხოვრება გვექნება. ამ სისტემაში არც სასწაულები მოხდება ჩვენი გულისთვის. მიუხედავად ამისა, იეჰოვა მთლიანობაში ფიზიკურად იცავს თავის ხალხს. სხვა თუ არაფერი, სატანას არასდროს მიეცემა იმის უფლება, რომ მიწის პირიდან აღგავოს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები (2 პეტრე 2:9). ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ იეჰოვა სულიერად გვიცავს. ის გვაძლევს ყველაფერს, რომ გავუძლოთ განსაცდელებს და შევინარჩუნოთ მასთან ურთიერთობა. საბოლოო ჯამში, სულიერი დაცვა ყველაზე მნიშვნელოვანია. რატომ? სანამ იეჰოვასთან გვაქვს ურთიერთობა, ვერაფერი — სიკვდილიც კი — ვერ მოგვაყენებს გამოუსწორებელ ზიანს (მათე 10:28).
11. რას აკეთებს იეჰოვა თავისი ხალხის სულიერობის დასაცავად?
11 იეჰოვა ბევრს აკეთებს მათი სულიერობის დასაცავად, ვინც მასთან ახლოს არის. თავისი სიტყვის, ბიბლიის, მეშვეობით გვანიჭებს იეჰოვა სიბრძნეს, რომელიც სხვადასხვა განსაცდელის დროს გვეხმარება (იაკობი 1:2—5). ბიბლიის პრაქტიკული რჩევების მიყოლა თავისთავად უკვე გვიცავს. გარდა ამისა, იეჰოვა აძლევს „სულიწმიდას იმათ, ვინც სთხოვს“ (ლუკა 11:13). ეს სული სამყაროში ყველაზე დიდი ძალაა და უდავოდ შეუძლია წარმატებით გადაგვატანინოს ნებისმიერი განსაცდელი ან ცდუნება. იესოს მეშვეობით, იეჰოვა გვაძლევს „ძღვენს ადამიანების სახით“ (ეფესელთა 4:8, აქ). ეს სულიერად მომზადებული მამაკაცები თანამორწმუნეების დახმარებისას ცდილობენ, ისეთივე თანაგრძნობა გამოავლინონ, როგორსაც იეჰოვა ავლენს (იაკობი 5:14, 15).
12, 13. ა) როგორ უზრუნველგვყოფს იეჰოვა დროული სულიერი საზრდოთი? ბ) როგორ ეპყრობით ყველაფერს, რასაც იეჰოვა ჩვენი სულიერი კეთილდღეობისთვის აკეთებს?
12 ჩვენს დასაცავად იეჰოვა სხვა რამესაც გვთავაზობს — დროულ სულიერ საზრდოს (მათე 24:45). დაბეჭდილი პუბლიკაციების, მათ შორის „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“-ის მეშვეობით, ასევე კრების შეხვედრებითა და კონგრესებით იეჰოვა გვაძლევს ყველაფერს, რაც გვჭირდება და მაშინ, როცა გვჭირდება. შეგიძლია, გაიხსენო შემთხვევა, როდესაც ქრისტიანულ კრებაზე ან კონგრესზე მოსმენილმა პირდაპირ გულში შეაღწია, განგამტკიცა ან განუგეშა? თუ გიფიქრია ზემოხსენებული ჟურნალების კითხვისას, რომ ეს პირადად შენთვის იყო დაწერილი?
13 სატანის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური იარაღი გულგატეხილობაა და არავინ არის დაზღვეული მისი ზეგავლენისგან. სატანამ კარგად იცის, რომ თუ დიდი ხნის განმავლობაში გვეუფლება უიმედობა, ეს ძალებს გვართმევს და უფრო ადვილად ვუვარდებით მას ხელში (იგავნი 24:10). ჩვენ დახმარება გვესაჭიროება, რადგან სატანა ცდილობს, ეს უარყოფითი გრძნობები თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. ჟურნალებში, „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“, ხშირად იბეჭდება სტატიები, რომლებიც გულგატეხილობის დაძლევაში გვეხმარება. ერთ-ერთი ასეთი სტატიის შესახებ ერთმა ქრისტიანმა დამ თქვა: „ამ სტატიას თითქმის ყოველდღე ვკითხულობ და ცრემლებს ვერ ვიკავებ. ჟურნალი საწოლთან მიდევს და ყოველთვის ვკითხულობ, როდესაც თავს დათრგუნულად ვგრძნობ. ასეთი სტატიების შემდეგ, თავს ისე ვგრძნობ თითქოს იეჰოვა თავისი მფარველი მკლავით გულში მიხუტებს“a. ვართ თუ არა იეჰოვას მადლიერი დროული სულიერი საზრდოსთვის? გახსოვდეთ, რომ ყველაფერი, რასაც ღმერთი ჩვენი სულიერი კეთილდღეობისთვის აკეთებს, ჩვენთან მის სიახლოვესა და მფარველობაზე მეტყველებს.
მივმართოთ ‘ლოცვების მომსმენს’
14, 15. ა) როგორ აკურთხებს იეჰოვა მასთან ახლოს მყოფებს? ბ) რატომ არის იეჰოვასთვის თავისუფლად მიმართვის შესაძლებლობა ასე ძვირფასი?
14 შეგიმჩნევიათ, რომ ძალაუფლებისა და ავტორიტეტის მოპოვების შემდეგ, ადამიანი უფრო მიუწვდომელი ხდება მასზე დაბლა მდგომებისთვის? რის თქმა შეიძლება იეჰოვას შესახებ? ნუთუ იმდენად შორსაა ჩვენგან, რომ არ აინტერესებს უბრალო ადამიანების ლოცვები? პირიქით. ლოცვა კიდევ ერთი საშუალებაა, რომლითაც იეჰოვამ მასთან ახლოს მყოფები აკურთხა. ‘ლოცვების მომსმენისთვის’ თავისუფლად მიმართვის შესაძლებლობა საუცხოო საჩუქარია (ფსალმუნი 64:3). რატომ?
15 მაგალითად, ერთი მსხვილი კორპორაციის უფროსს უამრავი პასუხისმგებლობა აკისრია. ის წყვეტს, თუ რას გააკეთებს თვითონ და რას დაავალებს სხვებს. სამყაროს უზენაესი მმართველიც თავად წყვეტს, თუ რა საკითხებს გადაწყვეტს თავად და რას დაავალებს სხვებს. წარმოიდგინეთ, რამდენი რამ დაავალა იეჰოვამ თავის საყვარელ ძეს, იესოს. მას „გასამართლების უფლებამოსილებაც“ მისცა (იოანე 5:27, აქ). იესოს „დაემორჩილნენ“ ანგელოზები (1 პეტრე 3:22). იეჰოვას უძლიერესი სულიწმიდა იესოს განკარგულებაშია, რომ უხელმძღვანელოს დედამიწაზე მყოფ თავის მოწაფეებს (იოანე 15:26; 16:7). ამიტომ შეეძლო იესოს ეთქვა: „მოცემული მაქვს მე მთელი ხელმწიფება ცაში და დედამიწაზე“ (მათე 28:18). მაგრამ, რაც შეეხება ჩვენს ლოცვებს, იეჰოვამ გადაწყვიტა, რომ პირადად მოუსმინოს მათ. აი, რატომ მოგვიწოდებს ბიბლია, ლოცვით მივმართოთ მხოლოდ იეჰოვას იესო ქრისტეს სახელით (ფსალმუნი 68:14; იოანე 14:6, 13).
16. რატომ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ იეჰოვა მართლა ისმენს ჩვენს ლოცვებს?
16 მართლა ისმენს იეჰოვა ჩვენს ლოცვებს? ის რომ გულგრილი ყოფილიყო, არასდროს მოგვიწოდებდა, ვყოფილიყავით „ლოცვაში მდგრადნი“ ან ჩვენი საზრუნავი და ტვირთი მისთვის მიგვენდო (რომაელთა 12:12; ფსალმუნი 54:23; 1 პეტრე 5:7). ბიბლიური დროის ერთგულ მსახურებს ერთი წამითაც არ ეპარებოდათ ეჭვი, რომ იეჰოვა ისმენდა მათ ლოცვებს (1 იოანე 5:14). ამიტომ, ფსალმუნმომღერალმა დავითმა თქვა: „[იეჰოვა] მოისმენს ჩემს ხმას“ (ფსალმუნი 54:18). ყველა მიზეზი გვაქვს იმაში დარწმუნებისა, რომ იეჰოვა გვერდით გვყავს და ყურს უგდებს ჩვენ მიერ გამოთქმულ თითოეულ აზრსა და გულისტკივილს.
იეჰოვა აჯილდოებს თავის მსახურებს
17, 18. ა) როგორ უყურებს იეჰოვა თავისი გონიერი ქმნილებების ერთგულ მსახურებას? ბ) ახსენით, როგორ უჩვენებს იგავნის 19:17, რომ ჩვენი გულმოწყალება შეუმჩნეველი არ რჩება იეჰოვას.
17 იეჰოვას უზენაესობას ზიანს ვერ მიაყენებს ის, თუ რას აკეთებენ ან რის კეთებაზე ამბობენ უარს ადამიანები. მიუხედავად ამისა, იეჰოვა ის ღმერთია, რომელიც ყოველთვის ავლენს მადლიერებას. ის აფასებს გონიერი ქმნილებების ერთგულ მსახურებას (ფსალმუნი 146:11). ამიტომ ისინი, ვინც მიუახლოვდნენ ღმერთს, კიდევ ერთ კურთხევას იღებენ — იეჰოვა აჯილდოებს თავის მსახურებს (ებრაელთა 11:6).
18 ბიბლია ნათლად გვიჩვენებს, რომ იეჰოვა აფასებს თავისი თაყვანისმცემლების საქმიანობას. მაგალითად, ღვთის სიტყვაში ვკითხულობთ: „ღარიბ-ღატაკის განმკითხავი სესხს აძლევს უფალს და ის მიუზღავს სამაგიეროს“ (იგავნი 19:17). ღარიბებზე იეჰოვას გულმოწყალე ზრუნვა მოსეს რჯულში აისახა (ლევიანნი 14:21; 19:15). რას გრძნობს იეჰოვა, როდესაც მისი მიბაძვით, ჩვენც გულმოწყალედ ვეპყრობით ღარიბებს? როდესაც ვაძლევთ რაიმეს ღარიბებს, მათგან სანაცვლოს არაფერს ველით და იეჰოვა თვლის, რომ მას მივეცით სესხი. იეჰოვა გვპირდება, რომ დაგვიბრუნებს ვალს თავისი კეთილგანწყობითა და კურთხევებით (იგავნი 10:22; მათე 6:3, 4; ლუკა 14:12—14). დიახ, როდესაც თანაგრძნობას ვავლენთ გაჭირვებაში ჩავარდნილი ჩვენი თანამორწმუნეების მიმართ, ეს იეჰოვას გულს უხარებს. რაოდენ მადლიერი ვართ, რომ ჩვენი გულმოწყალება შეუმჩნეველი არ რჩება ჩვენს ზეციერ მამას! (მათე 5:7).
19. ა) რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, რომ იეჰოვა აფასებს ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმეში ჩვენს მონაწილეობას? ბ) როგორ აკურთხებს იეჰოვა სამეფოსთვის გაწეულ მსახურებას?
19 იეჰოვა განსაკუთრებით აფასებს იმას, რასაც მისი სამეფოსთვის ვაკეთებთ. როდესაც ვუახლოვდებით იეჰოვას, ბუნებრივი სურვილი გვიჩნდება, რომ სამეფოს შესახებ ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმეს მაქსიმალურად დავუთმოთ დრო, ძალები და სახსრები (მათე 28:19, 20). დროდადრო შეიძლება ვფიქრობთ, რომ ძალიან ცოტას ვაკეთებთ. არასრულყოფილმა გულმა შეიძლება ეჭვებიც კი გაგვიჩინოს, კმაყოფილია თუ არა იეჰოვა ჩვენი ძალისხმევით (1 იოანე 3:19, 20). მაგრამ იეჰოვა აფასებს ნებისმიერ ძღვენს — თუნდაც ძალიან მცირეს — თუ ის გულითა და სიყვარულითაა გაღებული (მარკოზი 12:41—44). ბიბლია გვარწმუნებს: „ღმერთი არაა უსამართლო, რომ დაივიწყოს თქვენი საქმე და სიყვარულის შრომა, რომელიც გამოიჩინეთ მისი სახელისათვის“ (ებრაელთა 6:10). სინამდვილეში, იეჰოვას ახსოვს და საზღაურის გარეშე არ ტოვებს თუნდაც ყველაზე პატარა საქმეს, რომელიც ჩვენ მისი სამეფოსთვის შევასრულეთ. ამ უხვ სულიერ კურთხევებთან ერთად, სიხარულით მოველით ცხოვრებას ახალ ქვეყნიერებაში, სადაც იეჰოვა კიდევ უფრო გულუხვად გადმოაფრქვევს კურთხევებს და დააკმაყოფილებს მათ სურვილებს, რომლებიც მას უახლოვდებიან (ფსალმუნი 144:16; 2 პეტრე 3:13).
20. რა დაგვეხმარება, რომ 2003 წლის განმავლობაში არ დაგვავიწყდეს წლიური მუხლის სიტყვები და რა იქნება ამის შედეგი?
20 მოდი მთელი 2003 წლის განმავლობაში ვკითხოთ საკუთარ თავს: განუწყვეტლივ ვცდილობთ თუ არა ჩვენს ზეციერ მამასთან დაახლოებას? თუ ასე ვიქცევით, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ იეჰოვა დაპირებისამებრ დაგვიახლოვდება. ბოლოს და ბოლოს, ‘ღმერთი უტყუარია’ (ტიტე 1:2). თუ თქვენ დაუახლოვდებით მას, ისიც დაგიახლოვდებათ (იაკობი 4:8, აქ). რა იქნება ამის შედეგი? უხვი კურთხევები ახლა და იეჰოვასთან მთელი მარადიულობის განმავლობაში დაახლოების პერსპექტივა!
[სქოლიოები]
a ეს გამოხმაურება ეხება სტატიას: „იეჰოვა ჩვენს გულზე დიდია“ (2000 წლის 1 მაისის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 28—31).
-