‘მოუხმე ეკლესიის ხუცესთ’
„არის თქვენ შორის ვინმე ავად? მოიხმოს ეკლესიის ხუცესნი [კრების უფროსი მამაკაცები, აქ]“ (იაკობი 5:14).
ახლა არის „კრიტიკული დრო, რომლის გამკლავებაც ძნელია“ [აქ]. ადამიანები მოქმედებენ ეგოისტური, მატერიალისტური აღძვრებით, სიამაყის ზემოქმედებით, რაც ამ „უკანასკნელ დღეებში“ ხშირად უწესრიგობას იწვევს (2 ტიმოთე 3:1–5). რამდენადაც, ჩვენ, ქრისტიანები თანამედროვე ბოროტ სისტემაში ვცხოვრობთ, სამი დიდი საფრთხე გვემუქრება: სატანა ეშმაკი, უღმერთო ადამიანთა საზოგადოება და საკუთარი, მემკვიდრეობით მიღებული, ცოდვისკენ მიდრეკილება (რომაელთა 5:12; 1 პეტრე 5:8; 1 იოანე 5:19).
2როდესაც ეს საშიშროებანი გვემუქრება, ამან, შეიძლება ჩვენში ხანდახან გულდამძიმებულობის გრძნობა გამოიწვიოს. სად შეგვიძლია ვიპოვოთ თანადგომა, რომელიც ყველაფრის მართებულად გადატანაში დაგვეხმარება? ვის შეგვიძლია მივმართოთ ხელმძღვანელობისთვის, როცა უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება ჩვენს ქრისტიანულ მოღვაწეობასა და თაყვანისცემასთან დაკავშირებით?
დახმარება ჩვენს გვერდითაა
3 იმის ცოდნა, რომ იეჰოვა — ჩვენი ძალის წყაროა, გვაძლევს მანუგეშებელ გამხნევებას (2 კორინთელთა 1:3, 4; ფილიპელთა 4:13). ფსალმუნმომღერალმა დავითმა, რომელსაც გამოცდილი ჰქონდა ღმერთის დახმარება, თქვა: „მიაქციე ღმერთზე შენი გზასავალი, მიენდე მას და ის აღასრულებს“. „მიანდე უფალს შენი საზრუნავი და ის შეგეხიდება, იგი არასოდეს არ დაუშვებს წმიდანის წაბორძიკებას“ (ფსალმუნი 36:5; 54:23). რაოდენ მადლიერები შეიძლება ვიყოთ ასეთი თანადგომისთვის!
4 გამოცდებსა თუ საშიშროებებთან პირისპირ შეხვედრისას, შეგვიძლია, ასევე, თავი ვინუგეშოთ იმის ცოდნით, რომ ჩვენ მარტონი არა ვართ. მოციქული პეტრე თანაქრისტიანებს მოუწოდებდა: „წინააღუდექით მას [სატანა ეშმაკს] მტკიცე რწმენით და იცოდეთ, რომ მსგავსი ტანჯვანი თქვენს ძმებსაც ხვდებათ ქვეყნიერებაზე“ (1 პეტრე 5:9). რა თქმა უნდა, ყველა ქრისტიანის სურვილია მტკიცედ იდგეს რწმენაში. მართალია, ხშირად, შეიძლება, თავს ვგრძნობდეთ როგორც მოციქული პავლე — ‘ყველაფერში შევიწროებულად’. მაგრამ ის არ იყო „ვიწროდ“. მის მსგავსად, ჩვენც შეიძლება ვიყოთ უიმედო მდგომარეობაში, მაგრამ „არა სასოწარკვეთილნი“. მაშინაც კი, როცა გვდევნიან, „არა [ვართ] მიტოვებულნი“. თუ „გადაყრილნი ვართ“, „არა [ვართ] დაღუპულნი“. მაშასადამე, „არ ვცხრებით“. ჩვენ ვისწრაფვით, ‘ვუყუროთ არა ხილულს, არამედ უხილავს’ (2 კორინთელთა 4:8, 9, 16, 18). როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება?
5 იეჰოვა, ‘მომსმენი ლოცვისა’, გვთავაზობს სამმაგ დახმარებას (ფსალმუნი 64:3; 1 იოანე 5:14). პირველი, ის ხელმძღვანელობას გვთავაზობს მის მიერ ინსპირირებული სიტყვის, ბიბლიის მეშვეობით (ფსალმუნი 118:105; 2 ტიმოთე 3:16). მეორე, მისი სულიწმიდა ძალას გვაძლევს, შევასრულოთ მისი ნება (შეადარე საქმე 4:29–31). მესამე, იეჰოვას მიწიერი ორგანიზაცია ყოველთვის მზად არის ჩვენთვის დახმარების აღმოსაჩენად. რა უნდა ვაკეთოთ იმისათვის, რომ მივიღოთ დახმარება?
„ძღვენი ადამიანთა სახით“
6 წინასწარმეტყველ მოსეს დროს მომხდარი მოვლენები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორი სიყვარულით აღსავსე მზრუნველობა გამოიჩინა იეჰოვამ თავისი მსახურებისადმი დახმარების აღმოჩენით. ეს შემთხვევა მოხდა ‘თაბყერად’ წოდებულ ადგილზე, რაც ნიშნავს „წვას; დიდ ხანძარს; ალს“. სინაის უდაბნოს ამ ადგილზე ღმერთისგან აინთო ცეცხლი მდრტვინავ ისრაელებზე. „ჭრელი ბრბო, მათ შორის რომ იყო“ ეგვიპტიდან გამოსვლის დროიდან, შეუერთდა მათ ღმერთის მიერ შეთავაზებული საკვების შესახებ, უკმაყოფილების გამოხატვაში. ღმერთის რისხვისა და ასევე, ამ ადამიანებზე და მათ მოთხოვნებზე პასუხისმგებლობის გამო, გულდამძიმებულმა მოსემ წამოიძახა: „მე ერთი ვერ წავიყვან მთელ ამ ხალხს, რადგან მემძიმება. რაკი ასე მექცევი, მომკალი ბარემ, თუ მადლი მიპოვნია შენს თვალში, რომ არ ვუყურო ჩემს გასაჭირს“ (რიცხვნი 11:1–15). როგორი იყო ამაზე იეჰოვას რეაქცია? მან დანიშნა „სამოცდაათი კაცი ისრაელის უხუცესთაგან“ და მოჰფინა სულიწმიდა, ასე რომ, მათაც შეეძლოთ მოსესთან ერთად შეესრულებინათ ორგანიზაციული სამუშაოები (რიცხვნი 11:16, 17, 24, 25). ასეთი უნარიანი მამაკაცების დანიშვნის შედეგად ისრაელებმა და ‘უამრავმა ჭრელმა ხალხმა’ შეძლეს მალე მიეღოთ დახმარება (გამოსვლა 12:38).
7 იმის შემდეგ, რაც ისრაელები მრავალი წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ აღთქმულ მიწაზე, იეჰოვა სიმბოლურად ავიდა სიონის მთაზე და იერუსალიმი გახადა იმ პირველსახეობრივი სამეფოს დედაქალაქად, რომელშიც დავითი მეფობდა. როდესაც განადიდებდა „ყოვლისშემძლე“ იეჰოვას, დავითმა ხოტბა შეასხა მას: „შენ ახვედი მაღლა, დააბრუნე ტყვე, წამოიღე ძღვენი ადამიანისათვის [ძღვენი ადამიანთა სახით, აქ] (ფსალმუნი 67:15, 19). ნამდვილად, მამაკაცები, რომლებიც აღთქმული მიწის დაპყრობისას იყვნენ ტყვედ აყვანილნი, ლევიანებისთვის თავისი მოვალეობის შესრულებაში გამოსადეგნი გახდნენ (ეზრა 8:20).
8 ახალი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში ქრისტიანმა მოციქულმა, პავლემ, ყურადღება გაამახვილა ფსალმუნმომღერლის წინასწარმეტყველური სიტყვების შესრულებაზე. პავლე წერდა: „ყოველ ჩვენგანს მოცემული აქვს მადლი ქრისტეს ნიჭის ზომის მიხედვით. ამისათვის ამბობს: ავიდა მაღლობზე, დაატყვევა ტყვე და ნიჭები მისცა ადამიანს [მისცა ძღვენი ადამიანთა სახით, აქ]. ხოლო ავიდა რა არის, თუ არა, რომ ჩავიდა იგი უწინ დედამიწის ქვესკნელებში? ჩასული კი იგივეა, რაც ასული კიდეც ყველა ცაზე მაღლა, რათა აღავსოს ყოველივე“ (ეფესელთა 4:7–10). ვისზეა ნათქვამი „იგივეა“? სხვა არავისზე, თუ არა ღმერთის წარმომადგენელზე, დიდ დავითზე, ანუ მესიანურ მეფე იესო ქრისტეზე. ესაა ის, ვინც ღმერთმა აღადგინა და აღამაღლა იგი „უზენაეს მდგომარეობამდე“ (ფილიპელთა 2:5–11, „კეთილი ცნობა“).
9 ვინ არის ეს „ძღვენი ადამიანთა სახით“ (ანუ „ადამიანებისგან შემდგარი“)? პავლე ხსნის, რომ ღმერთის მთავარმა წარმომადგენელმა „დააყენა ერთნი მოციქულებად, მეორენი წინასწარმეტყველებად, ზოგნი მახარებლებად, ზოგნი მწყემსებად და მასწავლებლებად, წმიდანთა სრულყოფილებისათვის მსახურების საქმისთვის, ქრისტეს სხეულის აღმშენებლობისათვის“ (ეფესელთა 4:11, 12). იესოს ყველა მიმდევარი, რომლებიც მსახურობდნენ მოციქულებად, წინასწარმეტყველებად, მახარებლებად, მწყემსებად და მასწავლებლებად, ამას აკეთებდნენ თეოკრატიული ხელმძღვანელობით (ლუკა 6:12–16; საქმე 8:12; 11:27, 28; 15:22; 1 პეტრე 5:1–3). ჩვენს დღეებში სულიერად კვალიფიცირებული უფროსი მამაკაცები, რომლებიც სულიწმიდით არიან დანიშნულნი, ხელმძღვანელებად მსახურობენ მთელ მსოფლიოში, იეჰოვას მოწმეთა დაახლოებით 70 000 კრებაში. ისინი — ჩვენთვის ძღვენია ადამიანთა სახით (საქმე 20:28). ვინაიდან მთელ მსოფლიოში გრძელდება სამეფოს შესახებ ქადაგება, სულ უფრო და უფრო მეტი ძმები ‘ისწრაფვიან’ მოვალეობებისკენ, რომლებიც დაკავშირებულია ‘ზედამხედველის თანამდებობასთან’ და საკუთარ თავზე იღებენ მათ (1 ტიმოთე 3:1, აქ). დანიშვნის შემდეგ ისინიც ხდებიან ძღვენნი ადამიანთა სახით.
10 ამ ქრისტიან უხუცესებს, ანუ ძღვნებს ადამიანთა სახით შეეფერება წინასწარმეტყველ ესაიას მიერ მოცემული აღწერილობა, რომელმაც იწინასწარმეტყველა ‘თავადთა’ როლი, რომელნიც იქნებოდნენ განმკარგულებელნი სამეფოს ქვეშევრდომობით. თითოეული მათგანი უნდა იყოს „როგორც საფარი ქარში, თავშესაფარი ავდარში, როგორც წყლის ნაკადულები უდაბნოში, როგორც მაღალი კლდისგან დაფენილი ჩრდილი ურწყულ მიწაზე“ (ესაია 32:1, 2). ეს ცხადყოფს, თუ რა დიდი მხარდაჭერის აღმომჩენი უნდა იყოს ამ მამაკაცების სიყვარულით აღსავსე ზედამხედველობა. როგორ შეგიძლია სრულად ისარგებლო ამ ღონისძიებით?
ინიციატივის გამოვლენა
11 ადამიანი, რომელიც იხრჩობა, ინსტიქტურად ყვირის და შველას ითხოვს. ასეთ შემთხვევაში ის არ მერყეობს. როცა საფრთხეშია სიცოცხლე არავის სჭირდება კარნახი, რომ დახმარების აღმოსაჩენად საჭიროა ვინმეს მიმართო. განა მეფე დავითმა რამდენჯერმე არ მოუხმო იეჰოვას და არ სთხოვა მას დახმარება? (ფსალმუნი 3:5; 4:2; 5:2–4; 16:1, 6; 33:7, 18–20; 38:13). როდესაც ვიმყოფებით სულიერად დაუძლურებულ მდგომარეობაში და შესაძლოა, სასოწარკვეთილებაში ვვარდებით, დავითის მსგავსად, ჩვენც ლოცვით მივმართავთ იეჰოვას და ვთხოვთ, რომ გვიხელმძღვანელოს თავისი სულიწმიდით (ფსალმუნი 54:23; ფილიპელთა 4:6, 7). ჩვენ ნუგეშს ვეძებთ საღვთო წერილში (რომაელთა 15:4). პრაქტიკული რჩევებისთვის მივმართავთ საგუშაგო კოშკის საზოგადოების ქრისტიანულ პუბლიკაციებს. ეს ხშირად გვეხმარება პირადი პრობლემების გადალახვაში. მაგრამ, თუ გვეჩვენება, რომ სიძნელეებმა დაგვთრგუნა, ასევე შეგვიძლია, რჩევისთვის მივმართოთ კრების უხუცესებს. სინამდვილეში, შეიძლება ზოგჯერ ისეთ მდგომარეობაში ვიყოთ, რომ ჩვენთვის ნამდვილად აუცილებელი იყოს ‘მოვიხმოთ ეკლესიის ხუცესნი’. რატომ უნდა მოვუხმოთ ქრისტიან უხუცესებს? როგორ შეუძლიათ მათ უშველონ იმ პირებს, ვისაც სულიერი დახმარება სჭირდებათ?
12 როცა ავად ვხდებით, იმისათვის, რომ ჩვენმა ორგანიზმმა აღიდგინოს ძალები, ვისვენებთ. მაგრამ, თუ ჩვენი ავადმყოფობა გრძელდება, ბრძნულად ვიქცევით იმ შემთხვევაში, თუ მივმართავთ კვალიფიციური სამედიცინო დახმარებისთვის. განა ასევე არ უნდა მოვიქცეთ, როცა სულიერად დავუძლურდებით?
13 ყურადღება მიაქციე, თუ რას გვირჩევს ამ მხრივ მოწაფე იაკობი. ის ამბობს: „არის თქვენ შორის ვინმე ავად? მოიხმოს ეკლესიის ხუცესნი [კრების უფროსი მამაკაცები, აქ]. და ილოცონ მას ზედა და ნელსაცხებელი სცხონ უფლის სახელით“ (იაკობი 5:14). დაავადების რომელ სახეობაზე ლაპარაკობს აქ იაკობი? ბიბლიის ზოგიერთი განმმარტებელი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ეს ფიზიკური დაავადებაა, რადგან იმდროინდელ მედიცინაში, ნელსაცხებელი ჩვეულებრივი სამკურნალო საშუალება იყო (ლუკა 10:34). ისინი, ასევე, მიიჩნევენ, რომ იაკობს მხედველობაში ჰქონდა განკურნების უნარის მეშვეობით სასწაულებრივი გამოჯანმრთელება. მაგრამ, რაზე მიუთითებს კონტექსტი?
14 ‘მხიარულება’ დაპირისპირებულია ‘ტანჯვასთან’. ეს ნიშნავს, რომ იაკობი მსჯელობდა სულიერად დაავადების შესახებ (იაკობი 5:13). საჭირო იყო ‘ეკლესიის ხუცესთა [უხუცესების, „მეფე იაკობის თარგმანი“]’ მოხმობა და არა ექიმების ან მათიც კი, ვისაც ჰქონდა სასწაულებრივი განკურნების უნარი. და რა უნდა ეკეთებინათ მათ? იაკობმა თქვა: „და ილოცონ მას ზედა. . . და რწმენის ლოცვა გადაარჩენს ავადმყოფს“ (იაკობი 5:14, 15; შეადარე ფსალმუნი 118:9–16). იმის საბოლოო დამადასტურებელი, რომ იაკობი ლაპარაკობს სულიერი დაავადების შესახებ, არის ის ფაქტი, რომ ის სასურველ გამოჯანსაღებასთან დაკავშირებით მოუწოდებს ცოდვების აღიარებისკენ. ის წერს: „აღიარეთ ცოდვები ერთმანეთის წინაშე, და ილოცეთ ერთმანეთისათვის, რათა განიკურნოთ“. თუ სულიერად დაავადების მიზეზია მძიმე ცოდვა, ავადმყოფს შეუძლია გამოჯანსაღებას მოელოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეგონებაზე, რომელიც ღმერთის სიტყვაზეა დაფუძნებული, ექნება დადებითი რეაქცია, მოინანიებს და მოიქცევა თავისი ცოდვილი გზიდან (იაკობი 5:16; საქმე 3:19, 20).
15 იაკობის მიერ მოცემულ ამ რჩევაში, არის კიდევ რაღაც, რისი აღნიშვნაც საჭიროა. როცა ქრისტიანი იტანჯება, უნდა „ილოცოს“. თუ მხიარულია — „იგალობოს“. ნებისმიერ სიტუაციაში — იტანჯება ვინმე თუ მხიარულია — საჭიროა მოქმედება. ერთ შემთხვევაში აუცილებელია ლოცვა, მეორეში — მხიარული შეძახილები. ამგვარად, რას უნდა მოველოდეთ, როცა იაკობი სვამს კითხვას: „არის თქვენ შორის ვინმე ავად?“ ის ისევ იძლევა რეკომენდაციას, მიიღო გარკვეული ზომები, დიახ, გამოავლინო ინიციატივა. „მოიხმოს ეკლესიის ხუცესნი [კრების უფროსი მამაკაცები, აქ] (ფსალმუნი 49:15; ეფესელთა 5:19; კოლასელთა 3:16).
როგორ ეხმარებიან „უფროსი მამაკაცები“
16 ზოგჯერ ჩვენთვის ძნელად გასაგებია, თუ როგორ გამოვიყენოთ ბიბლიური პრინციპები პირადად, კონკრეტულ სიტუაციებში. ამ შემთხვევაში ქრისტიანი უხუცესები შეიძლება ფასდაუდებელი დახმარების წყარო აღმოჩნდნენ. მაგალითად, ისინი ლოცულობენ სულიერად დაავადებული ადამიანისთვის და ‘ნელსაცხებელს სცხებენ უფლის სახელით’ იმით, რომ ამ დროს დახელოვნებულად იყენებენ ღმერთის სიტყვიდან ნუგეშისმომცემ ხელმძღვანელობას. ასეთნაირად, უხუცესებს დიდი წვლილის შეტანა შეუძლიათ მის სულიერ გაჯანსაღებაში (ფსალმუნი 140:5). ხშირად ნებისმიერი ჩვენთაგანისთვის აუცილებელია დაგვიდასტურონ, რომ სწორად ვმსჯელობთ. თუ გარკვეულ საკითხებზე ვილაპარაკებთ გამოცდილ ქრისტიან უხუცესებთან, მაშინ ეს განამტკიცებს ჩვენს გადაწყვეტილებას, ვაკეთოთ ის, რაც სწორია (იგავნი 27:17).
17 როცა უხუცესებს სთხოვენ მოინახულონ ვინმე, მათთვის აუცილებელია ‘ანუგეშონ სულმოკლენი [დამწუხრებული სულები, აქ]’. ისინი, ასევე, ‘მხარს დაუჭერენ უძლურთ და სულგრძელნი იქნებიან ყველას მიმართ’ (1 თესალონიკელთა 5:14). ასეთი ახლო ურთიერთდამოკიდებულების წყალობით, ‘უფროს მამაკაცებსა’ და ‘უძლურებს’ შორის ურთიერთგაგება სულიერად სრული გამოჯანმრთელებისთვის დიდ შესაძლებლობას ქმნის.
პირადი პასუხისმგებლობა და ლოცვა
18 ქრისტიანი უხუცესები ღმერთის ფარასთან დაკავშირებით უნდა ატარებდნენ პირად პასუხისმგებლობას. მაგალითად, პავლემ თქვა: „ძმებო! თუ კაცი რომელიმე შეცოდებაში ჩავარდება, თქვენ, სულიერებმა გამოასწორეთ იგი თავმდაბლობის სულით და გაფრთხილდი, რომ შენც არ ჩავარდე განსაცდელში. ატარეთ ერთიმეორის ტვირთი [სიძნელე, „ახალი თარგმანი“] და ამით აღასრულებთ ქრისტეს სჯულს“. მოციქული, აგრეთვე, წერდა: „ყველა თავის ტვირთს ატარებს“ (გალატელთა 6:1, 2, 5).
19 როგორ შევძლებთ, როგორც ერთიმეორის სიძნელეების, ასევე, საკუთარი ტვირთის ტარებას? პასუხის გასაღებია სხვაობა ბერძნული სიტყვების მნიშვნელობაში, რომლებიც გადმოთარგმნილია სიტყვებით „ტვირთი“ და „სიძნელე“. თუ ქრისტიანი აღმოჩნდა სულიერ გასაჭირში, რომელიც მისთვის ძალიან დამამძიმებელია, უხუცესებმა და სხვა თანამორწმუნეებმა უნდა აღმოუჩინონ მხარდაჭერა და ამგვარად დაეხმარონ ‘სიძნელის’ გამკლავებაში. მაგრამ ადამიანმა თვითონ უნდა ატაროს ღმერთის წინაშე საკუთარი პასუხისმგებლობის „ტვირთი“a. უხუცესები სიამოვნებით ატარებენ თავიანთი ძმების ‘სიძნელეებს’ მათი გამხნევებით, ბიბლიური რჩევების მიცემითა და მათზე ლოცვის მეშვეობით. მაგრამ უხუცესები სულიერი პასუხისმგებლობის ჩვენს პირად ‘ტვირთს’ საკუთარ თავზე არ იღებენ (რომაელთა 15:1).
20 ლოცვა აუცილებელია და მისი უგულებელყოფა არ შეიძლება. მაგრამ სულიერად დაუძლურებული მრავალი ქრისტიანისთვის ეს ძნელია. როცა უხუცესები წარმოთქვამენ რწმენის ლოცვას სულიერად ავადმყოფი ადამიანისთვის, რა მიზნით კეთდება ეს? „უფალი წამოაყენებს მას“, მაგალითად, დაცემული სულიერი მდგომარეობიდან და განამტკიცებს, რათა მისდევდეს ჭეშმარიტებისა და სამართლიანობის გზას. სულიერად დაავადებულ ქრისტიანს შეიძლება ჰქონდეს არასწორი განწყობა, მაგრამ, შესაძლოა, მას აუცილებლად არ ჰქონდეს ჩადენილი მძიმე ცოდვა, ვინაიდან იაკობი ამბობს: „თუ ცოდვები უქმნია, მიეტევება“. უხუცესების მიერ მოცემული ბიბლიური რჩევა, გულწრფელ ლოცვასთან ერთად, ზოგჯერ სულიერად დაავადებულ ადამიანს აღძრავს აღიაროს სერიოზული ცოდვები, რომლებიც, შესაძლოა, მან ჩაიდინა და გამოავლინოს მონანიების სულისკვეთება. ეს, თავის მხრივ, გამოიწვევს ღმერთის მიერ ცოდვების მიტევებას (იაკობი 5:15, 16).
21 კეთილსინდისიერ უფროს მამაკაცებს, როცა ახორციელებენ სათანადო ზედამხედველობას, ბევრი სამუშაო აქვთ, ვინაიდან ისინი პირისპირ დგანან ისეთი ძნელი ამოცანის წინაშე, როგორიცაა ქრისტიანულ კრებაში მოსულ მრავალ ახალ პიროვნებაზე სათანადო მზრუნველობის გამოვლენა. ნამდვილად, ეს ძღვენი ადამიანთა სახით არის იეჰოვასგან ბოძებული შესანიშნავი დახმარება, რათა ჩვენ შევძლოთ, ამ კრიტიკულ დროს, ყველაფრის ატანა. მაგრამ ზოგიერთი ქრისტიანი თავს იკავებს, მოუხმოს მათ და სთხოვოს დახმარება, ვინაიდან ფიქრობს, რომ ეს ძმები ძალიან დაკავებულნი და პრობლემებით დატვირთულნი არიან. მომდევნო სტატია დაგვეხმარება, გავიგოთ, რომ ეს მამაკაცები მოხარულნი არიან დახმარება აღმოუჩინონ ყველას, ვინაიდან ნებაყოფლობით მსახურობენ ქრისტიანულ კრებაში დამხმარე მწყემსებად.
[სქოლიოები]
a ფრიც რინეკერის ნაშრომში, „ბერძნული ახალი აღთქმისათვის ლინგვისტური გასაღები“, სიტყვა ფორ·ტი·ონ განმარტებულია როგორც „ტვირთი, რომელიც ადამიანმა უნდა ატაროს“, იქ ასევე მითითებულია: „ის გამოყენებული იყო, როგორც საომარი ტერმინი, ფუთის აღსანიშნავად, რომელსაც ადამიანი ატარებს, ან ჯარისკაცის ზურგჩანთა“.
როგორ უპასუხებდი შენ?
◻ როდესაც ვსაჭიროებთ დახმარებას, რომელ სამმაგ დახმარებას გვთავაზობს იეჰოვა?
◻ ვინ არის თანამედროვე ძღვენი ადამიანთა სახით?
◻ როდის უნდა მოვუხმოთ უფროს მამაკაცებს?
◻ რა დახმარებას შეიძლება მოველოდეთ ქრისტიანი უხუცესებისგან?
[სასწავლო კითხვები]
1, 2. ა) რა საშიშ სიტუაციაში იმყოფებიან ახლა იეჰოვას მსახურები და რას შეიძლება ისინი გრძნობდენ? ბ) რა კითხვები მოითხოვენ ახლა პასუხს?
3. ვისგან შეიძლება მივიღოთ მანუგეშებელი გამხნევება და როგორ?
4. როგორ გვანუგეშებენ პეტრე და პავლე?
5. რომელ სამმაგ დახმარებას გვთავაზობს იეჰოვა?
6. რა დახმარება აღმოუჩინა თავის მსახურებს იეჰოვამ თაბყერში და როგორ?
7, 8. ა) როგორ შემოგვთავაზა იეჰოვამ „ძღვენი ადამიანთა სახით“ ძველ ისრაელში? ბ) პირველ საუკუნეში როგორ გამოიყენა პავლემ სიტყვები ფსალმუნის 67:19-დან?
9. ა) ვინ იყო პირველ საუკუნეში ძღვენი ადამიანთა სახით? ბ) ვინ არის ძღვენი ადამიანთა სახით ჩვენს დღეებში?
10. როგორ შეესაბამება ესაიას მიერ აღწერილი ‘თავადთა’ როლი დღევანდელ ქრისტიან უხუცესებს?
11. როგორ მივიღოთ დახმარება, როცა სულიერად დასუსტებულნი ვართ?
12-14. ა) როგორი მოქმედება იქნებოდა ბრძნული, როცა ვინმე დაავადდებოდა? ბ) იაკობის 5:14-ის თანახმად, რის გაკეთებას ურჩევენ ‘ავადმყოფ’ ქრისტიანს? გ) რა სახის დაავადებაა მოხსენიებული იაკობის 5:14-ში და რატომ პასუხობ ასე?
15. როგორი მოქმედებაა რეკომენდებული იაკობის 5:13, 14-ში?
16, 17. როგორ გვეხმარებიან უფროსი მამაკაცები ბიბლიური პრინციპების გამოყენებაში?
18, 19. რა როლს თამაშობენ ქრისტიანი უხუცესები გალატელთა 6:2, 5 სიტყვებთან დაკავშირებით?
20. რატომ არ შეიძლება ლოცვის უგულებელყოფა?
21. ა) რატომაა, რომ ზოგიერთ ქრისტიანს, მაინც და მაინც, არ სურს, მოუხმოს უფროს მამაკაცებს? ბ) რა იქნება განხილული მომდევნო სტატიაში?