საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w98 3/1 გვ. 26-29
  • „ჩვენი მსგავსი“ ადამიანები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • „ჩვენი მსგავსი“ ადამიანები
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • მოსე — თვითდაჯერებულობიდან თვინიერებამდე მივიდა
  • ელიას ჩვენი მსგავსი გრძნობები ჰქონდა მართლმსაჯულების დროს
  • მიუხედავად გულგატეხილობისა, იერემიამ სიმამაცე გამოავლინა
  • იესოს ჩვენი მსგავსი გრძნობები ჰქონდა
  • იეჰოვასადმი ნდობა
  • იქნები ელიასავით ერთგული?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1997
  • მან ღმერთთან პოვა ნუგეში
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2011
  • ის ფხიზლობდა და ელოდა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2008
  • მან ღმერთთან პოვა ნუგეში
    მიჰბაძეთ მათ რწმენას
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
w98 3/1 გვ. 26-29

„ჩვენი მსგავსი“ ადამიანები

ის მეფე და წინასწარმეტყველი, ამავე დროს მოსიყვარულე მამა იყო. მისი ერთ-ერთი ვაჟი ამაყი და პატივმოყვარე გაიზარდა. სამეფო ტახტის ხელში ჩაგდების მიზნით, მან სამოქალაქო ომი წამოიწყო და მამამისის მოკვლა განიზრახა. მაგრამ ბრძოლას შედეგად მისი სიკვდილი მოჰყვა. როდესაც მამამ თავისი ვაჟის სიკვდილის ამბავი შეიტყო, მარტო ავიდა კარიბჭის ზემოთვალში და ატირდა: „შვილო აბესალომ, შვილო, შვილო აბესალომ! ნეტავ შენს მაგივრად მე მოვმკვდარიყავი, აბესალომ, შვილო, შვილო!“ (მეორე მეფეთა 19:1). მამა დავით მეფე იყო. იეჰოვას სხვა წინასწარმეტყველების მსგავსად, ის „ჩვენი მსგავსი კაცი“ იყო (იაკობი 5:17).

ბიბლიურ დროში მცხოვრები მამაკაცები და ქალები, რომლებიც იეჰოვას წინასწარმეტყველებად ითვლებოდნენ, ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ ნებისმიერი ფენიდან. ჩვენს მსგავსად, მათაც ჰქონდათ პრობლემები და იტანჯებოდნენ არასრულყოფილების გამო. ვინ იყო ზოგიერთი იმ წინასწარმეტყველთაგანი და როგორ იყვნენ ისინი ჩვენი მსგავსნი?

მოსე — თვითდაჯერებულობიდან თვინიერებამდე მივიდა

მოსე ქრისტიანობამდელი დროის ცნობილი წინასწარმეტყველი იყო. რატომღაც 40 წლის ასაკშიც კი ის მზად არ იყო იეჰოვას სიტყვა ხალხამდე მიეტანა. რატომ? იმ დროს, როცა მისი თვისტომელები ეგვიპტის ფარაონის მიერ მძიმედ იჩაგრებოდნენ, ის ფარაონის კარზე აღიზარდა და „იყო ძლიერი თავისი სიტყვებითა და საქმეებით“. ჩანაწერში ვკითხულობთ: „ეგონა, მიუხვდებოდნენ ძმები, რომ ღმერთი მისი ხელით იხსნიდა მათ“. ის სრულიად თვითდაჯერებული იყო, როდესაც ებრაელი მონის გამოსარჩლების მიზნით, სასტიკად მოკლა ეგვიპტელი (საქმეები 7:22–25; გამოსვლა 2:11–14).

ახლა მოსე იძულებული შეიქმნა გაქცეულიყო. მომდევნო ოთხი ათეული წლის განმავლობაში ის ცხვარს მწყემსავდა შორეულ მიდიამის ქვეყანაში (გამოსვლა 2:15). ამ დროის მიწურულს, 80 წლის ასაკში, მან იეჰოვასგან მიიღო დავალება, ეწინასწარმეტყველა. მოსე მეტად აღარ იყო თვითდაჯერებული. მას იმდენად შეუფერებლად მიაჩნდა თავი ამ დავალების შესასრულებლად, რომ იეჰოვას ასეთი გამონათქვამებით მიმართა: „მე ვინ ვარ, ფარაონთან რომ წავიდე?“ და „რა ვუპასუხო?“ (გამოსვლა 3:11, 13). იეჰოვამ სიყვარულით განამტკიცა და დაეხმარა, შესდგომოდა თავისი დანიშნულების წარმატებით შესრულებას.

მოსეს მსგავსად, თვითდაჯერებულობის გამო გაგიკეთებია ან გითქვამს ისეთი რამ, რითაც უგუნურობას დაამტკიცებდი? თუ ასეა, თავმდაბლურად მიიღე შემდგომი სწავლებები. გიგრძვნია, რომ მოუმზადებელი ხარ გარკვეული ქრისტიანული პასუხისმგებლობების შესასრულებლად? თავის არიდების ნაცვლად, მიიღე იეჰოვასა და მისი ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებული დახმარება. ის, ვინც მოსეს დაეხმარა, შენც დაგეხმარება.

ელიას ჩვენი მსგავსი გრძნობები ჰქონდა მართლმსაჯულების დროს

„ელია ჩვენი მსგავსი კაცი იყო და ლოცვით ილოცა, რომ არ მოსულიყო წვიმა და არ მოსულა ქვეყნად წვიმა სამ წელსა და ექვს თვეს“ (იაკობი 5:17). ელიას ლოცვა იეჰოვას სურვილის შესაბამისი იყო, დაესაჯა ერი ღვთისადმი ზურგშექცევის გამო. ცხადია, ელიამ იცოდა, რომ გვალვა, რომლისთვისაც ის ლოცულობდა, ადამიანების ტანჯვას გამოიწვევდა. ისრაელები, ძირითადად, სოფლის მეურნეობას მისდევდნენ; წვიმა და ნამი ხალხის მასაზრდოებელი იყო. უწყვეტი გვალვა უკიდურეს გასაჭირს მოიტანდა. მცენარეულობა გახმებოდა და მოუსავლიანობა იქნებოდა. შინაური ცხოველები, რომლებსაც სამუშაოდ და საკვებად იყენებდნენ, მოკვდებოდნენ, ზოგიერთ ოჯახსაც შიმშილობისგან სიკვდილი დაემუქრებოდა. ვინ დაიტანჯებოდა ყველაზე მეტად? უბრალო ხალხი. მოგვიანებით, ქვრივმა ქალმა უთხრა ელიას, რომ მხოლოდ ერთი მუჭა ფქვილი და ცოტაოდენი ზეთი ჰქონდა დარჩენილი. ქალი სრულიად დარწმუნებული იყო, რომ ის და მისი ვაჟი მალე შიმშილისგან დაიხოცებოდნენ (მესამე მეფეთა 17:12). ელიას რომ ელოცა, მას მტკიცე რწმენა უნდა ჰქონოდა, რომ იეჰოვა იზრუნებდა თავის მსახურებზე — როგორც მდიდრებზე, ისე ღარიბებზე — ვისაც მიტოვებული არ ჰქონდა ჭეშმარიტი თაყვანისცემა. როგორც ჩანაწერი გვიჩვენებს, ელია არ იყო სასოწარკვეთილი (მესამე მეფეთა 17:13–16; 18:3–5).

სამი წლის შემდეგ, როცა იეჰოვამ აცნობა, რომ მალე წვიმას მოავლენდა, ელიას გულწრფელად სურდა, გვალვის დასასრული ენახა და განმეორებით მტკიცედ ლოცულობდა ისე, რომ „მიწაზე გაწვა და პირისახე მუხლებში ჩამალა“ (მესამე მეფეთა 18:42). რამდენიმეჯერ იგი დაჟინებით სთხოვდა თავის მსახურს: „წადი, ზღვისკენ გაიხედე!“ რაც იმის მიმანიშნებელი იყო, რომ იეჰოვა ისმენდა მის ლოცვებს (მესამე მეფეთა 18:43). რა სიხარული უნდა განეცადა, როდესაც ბოლოს მისი ლოცვის პასუხად „ცამ მისცა წვიმა, და მიწამ აღმოაცენა თავისი ნაყოფი!“ (იაკობი 5:18).

თუ მშობელი ხარ ან უხუცესად მსახურობ ქრისტიანულ კრებაში, შენ შესაძლოა გიწევს ღრმა გრძნობების დაძლევა გამოსასწორებელი რჩევის მიცემისას. მიუხედავად ამისა, ასეთ ემოციებს დაცხრომა ესაჭიროება და დარწმუნებული უნდა იყო, რომ ხანდახან დასჯა აუცილებელია და როდესაც მასში სიყვარული ჩანს, ‘შემდგომში სიმართლის მშვიდობიან ნაყოფს იძლევა’ (ებრაელთა 12:11). იეჰოვას კანონებისადმი მორჩილება ყოველთვის კარგ შედეგს იძლევა. ელიას მსგავსად, ჩვენც გულით ვლოცულობთ, რათა ისინი შესმენილ იქნეს.

მიუხედავად გულგატეხილობისა, იერემიამ სიმამაცე გამოავლინა

ბიბლიის მწერალთაგან შესაძლოა ყველაზე მეტად იერემიამ გადმოსცა პირადი გრძნობების შესახებ. როგორც ახალგაზრდამ, მან უხალისოდ მიიღო დავალება (იერემია 1:6). მიუხედავად ამისა, იგი დიდი სიმამაცით განაგრძობდა ღვთის სიტყვის გაცხადებას მრისხანე მოწინააღმდეგე ისრაელებთან შეჯახებისას, დაწყებული მეფიდან — მდაბიო ხალხამდე. ასეთი წინააღმდეგობა ზოგჯერ მის გულისწყრომასა და ცრემლებს იწვევდა (იერემია 9:2; 18:20–23; 20:7–18). იყო შემთხვევები, როცა იერემია სცემეს, ბოძზე მიაბეს, დაატუსაღეს, სიკვდილით დაემუქრნენ და ცარიელ ჭაშიც ჩააგდეს სიკვდილის მიზნით. დროდადრო თვით იეჰოვას დავალებაც კი იერემიას დამწუხრებას იწვევდა, რასაც შემდეგი სიტყვებით გამოხატავდა: „ვაი, ჩემი შიგნეული, შიგნეული! მტკივა გულის ფიცარი!“ (იერემია 4:19).

ყველაფრის მიუხედავად, მას მაინც უყვარდა იეჰოვას სიტყვა და ამბობდა: „შვება და გულის სიხარული იყო ჩემთვის შენი სიტყვა“ (იერემია 15:16). იმავე დროს იმედგაცრუების გამო იეჰოვას შესძახოდა: „მატყუარა ხევი ხარ ჩემთვის, წყალგამშრალი“, იმ ნაკადულის მსგავსი, რომელიც ადვილად შრება. იეჰოვას მაინც ესმოდა მისი ურთიერთსაწინააღმდეგო აზრები და განაგრძობდა მის გამხნევებას, რათა შეძლებოდა თავისი დავალების შესრულება (იერემია 15:20; აგრეთვე იხილე 20:7–9).

იერემიას მსგავსად, შეხვედრიხარ იმედგაცრუებას ან წინააღმდეგობას მსახურების დროს? მიმართე იეჰოვას. მიჰყევი მის ხელმძღვანელობას და ის შენს ძალისხმევასაც აკურთხებს.

იესოს ჩვენი მსგავსი გრძნობები ჰქონდა

ღვთის ძე, იესო ქრისტე, ყველა დროის უდიდესი წინასწარმეტყველი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ის სრულყოფილი იყო, არ ფარავდა თავის ემოციებს. ჩვენ ხშირად ვკითხულობთ მისი შინაგანი გრძნობების შესახებ, რომლებიც აშკარად აღებეჭდებოდა სახეზე და ვლინდებოდა ხოლმე სხვების მიმართ. იესოს ხშირად ‘ეცოდებოდა’ ხალხი და ის ამავე სიტყვას იყენებდა, როცა თვალსაჩინო მაგალითები მოჰყავდა (მარკოზი 1:41; 6:34; ლუკა 10:33).

მან ალბათ ხმას აუწია, როდესაც გამყიდველები და ცხოველები ტაძრიდან გამოდევნა შემდეგი სიტყვებით: „გაიყვანეთ ესენი აქედან!“ (იოანე 2:14–16). პეტრემ ურჩია: „შეიწყალე თავი, უფალო!“ მან კი დამაჯერებელი პასუხით მოიშორა „მომცილდი სატანავ!“ (მათე 16:22, 23).

გარკვეული პიროვნებები, რომლებიც გამორჩეულად ახლოს იყვნენ მასთან, იესოს განსაკუთრებულად უყვარდა. მოციქული იოანე აღწერილია როგორც „მოწაფე, რომელიც უყვარდა იესოს“ (იოანე 21:7, 20). იოანეს 11:5-ში ვკითხულობთ: „იესოს უყვარდა მართა, მისი და, და ლაზარე“.

იესოს მწუხარების განცდაც შეეძლო. ლაზარეს ‘სიკვდილით’ აღშფოთებული „აცრემლდა იესო“ (იოანე 11:32–36). იუდა ისკარიოტელის მიერ გაცემით დამწუხრებულმა იესომ მტკივნეული ციტატა მოიყვანა ფსალმუნიდან „ჩემი პურის მჭამელმა ჩემზე აღმართა ქუსლი“ (იოანე 13:18; ფსალმუნი 40:10).

ძელზე წამების აუტანელი ტკივილის განცდისასაც კი იესომ გამოხატა თავისი გრძნობები. მან მზრუნველობით მიაბარა დედამისი „მოწაფეს, რომელიც უყვარდა“ (იოანე 19:26, 27). როდესაც მან იხილა, რომ მის გვერდით ძელზე გაკრული ერთ-ერთი ბოროტმოქმედი დანაშაულს ინანიებდა, იესომ თანაგრძნობით უთხრა: „ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“ (ლუკა 23:43). მის შეძახილში: „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე?“ ჩვენ ვგრძნობთ, როგორ იცლებოდა ემოციებისგან. მან გულწრფელი სიყვარული და ნდობა გამოავლინა სიტყვებით, რომელიც სიკვდილისას წარმოთქვა: „მამაო, შენს ხელთ ჩამიბარებია ჩემი სული“ (ლუკა 23:46).

როგორ გვამშვიდებს ყოველივე ეს! „ვინაიდან ისეთი მღვდელმთავარი როდი გვყავს, რომ ვერ შეძლოს თანაგვიგრძნოს ჩვენს უძლურებებში, არამედ ჩვენსავით გამოცდილი ყველაფერში, გარდა ცოდვისა“ (ებრაელთა 4:15).

იეჰოვასადმი ნდობა

იეჰოვა არასოდეს ნანობდა, როცა თავის წარმომადგენლებს ირჩევდა. მან იცოდა, რომ ისინი ერთგულები იყვნენ მის მიმართ და თანაგრძნობით თვალს ხუჭავდა არასრულყოფილების შედეგად გამოვლენილ მათ სისუსტეებზე. და მაინც, მათგან დავალების შესრულებას მოელოდა. იეჰოვას დახმარებით მათ შეძლეს ამის გაკეთება.

ჩვენც მოთმინებით გამოვავლინოთ ჩვენი ერთგული დებისა და ძმებისადმი ნდობა. ჩვენს მსგავსად, ისინი ყოველთვის არასრულყოფილები იქნებიან ამ სისტემაში. და მაინც, არასოდეს უნდა განვსაჯოთ ჩვენი ძმები, იმისათვის რომ არ იმსახურებენ ჩვენს სიყვარულსა და ყურადღებას. პავლე წერდა: „ხოლო ჩვენ, ძლიერთ, გვმართებს, ვზიდოთ უსუსურთა უძლურება და არ ვეძებოთ საკუთარი თავის სიამე“ (რომაელთა 15:1; კოლასელთა 3:13, 14).

იეჰოვას წინასწარმეტყველებს ჩვენი მსგავსი ემოციები ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, ისინი მინდობილნი იყვნენ იეჰოვაზე და ის აძლიერებდა მათ. უფრო მეტიც, იეჰოვა აძლევდა მათ სიხარულის მიზეზს: სუფთა სინდისს, მხარდამჭერ ერთგულ მეგობრებს, ბედნიერი მომავლის რწმენას და მათ მიმართ კეთილგანწყობილებას ავლენდა (ებრაელთა 12:1–3). რადგანაც ვბაძავთ ძველი დროის წინასწარმეტყველების, „ჩვენი მსგავსი კაცების“, რწმენას, ჩავეჭიდოთ იეჰოვას სრული ნდობით.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება