-
იეჰოვაწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
ერთი შეხედვით არსებული ეს სხვაობები, სინამდვილეში, ერთი და იმავე უცვლელი პიროვნების განსხვავებული მხარეებია. იეჰოვა ყოველთვის სიტუაციიდან გამომდინარე მოქმედებდა და ყველა ადამიანს ინდივიდუალურად ეპყრობოდა, სწორედ ამით არის განპირობებული მისი განსხვავებული მიდგომა (შდრ. ეს. 59:1—4). იეჰოვა კი არა, ადამი და ევა შეიცვალნენ. მათ თავად ჩაიგდეს საკუთარი თავი ისეთ მდგომარეობაში, რომ იეჰოვას უცვლელი სამართლიანი ნორმების გამო ვეღარ იქნებოდნენ მისი ძვირფასი ოჯახის წევრები. როგორც სრულყოფილებს, მათ სრული პასუხისმგებლობა დაეკისრათ განზრახ ჩადენილი დანაშაულისთვის (რმ. 5:14), რის გამოც ღვთის გულმოწყალება აღარ გავრცელდა მათზე. მიუხედავად ამისა, იეჰოვამ მათდამი წყალობა გამოავლინა — შემოსა ისინი და საუკუნეების განმავლობაში ედემის გარეთ ცხოვრებისა და შთამომავლობის ყოლის ნება დართო, ვიდრე დაიხოცებოდნენ თავიანთი ცოდვილი მდგომარეობის გამო (დბ. 3:8—24). ედემის ბაღიდან გაძევების შემდეგ, როგორც ჩანს, ღმერთმა ადამსა და ევასთან ყოველგვარი ურთიერთობა გაწყვიტა.
რატომ აქვს ურთიერთობა არასრულყოფილ ადამიანებთან. თავისი სამართლიანი ნორმებიდან გამომდინარე, იეჰოვა ადამისა და ევას შთამომავლობას სხვანაირად ეპყრობოდა, ვიდრე თავად მათ. ამის მიზეზი ის იყო, რომ ადამის მოდგმას ცოდვა შთამომავლობით გადაეცა და არასრულყოფილება და ბოროტებისკენ მიდრეკილება დაბადებიდან დაჰყვა (ფს. 51:5; რმ. 5:12). აქედან გამომდინარე, ღმერთს ჰქონდა მათდამი გულმოწყალების გამოვლენის საფუძველი. ედემის ბაღში განაჩენის გამოტანისას იეჰოვას მიერ წარმოთქმული პირველი წინასწარმეტყველებიდან გამოჩნდა (დბ. 3:15), რომ მისი პირველი მიწიერი შვილების (აგრეთვე ერთ-ერთი სულიერი ძის) ურჩობის გამო ის არც გაბოროტებულა და არც სიყვარული განელებია. ამ წინასწარმეტყველებაში, რომელსაც ნათელი სრულად ათასწლეულების შემდეგ მოეფინა, ღმერთმა სიმბოლური ენით ახსნა, თუ როგორ გამოასწორებდა ურჩობით გამოწვეულ მდგომარეობას და როგორ აღადგენდა სრულყოფილ პირობებს (შდრ. ერთმანეთს „გველის“, „ქალისა“ და „შთამომავლის“ სიმბოლური მნიშვნელობები შემდეგ მუხლებში: გმც. 12:9, 17; გლ. 3:16, 29; 4:26, 27).
იეჰოვამ დაუშვა, რომ ადამის შთამომავლობას დედამიწაზე ათასობით წელი ეარსება, მაგრამ ისინი არასრულყოფილები იყვნენ და თავს ვერ დააღწევდნენ ცოდვის მომაკვდინებელ მარწუხებს. მოციქულმა პავლემ ახსნა, თუ რატომ მიიღო იეჰოვამ ეს გადაწყვეტილება: „ვინაიდან ქმნილება თავისი ნებით კი არ დაემორჩილა ამაოებას, არამედ მისი დამმორჩილებლის [იეჰოვა ღმერთის] ნებით იმ იმედის საფუძველზე, რომ თვით ქმნილებაც გათავისუფლდება ხრწნის მონობისგან და მიიღებს ღვთის შვილთა დიდებულ თავისუფლებას. ვიცით, რომ მთელი ქმნილება დღემდე ოხრავს და იტანჯება“ (რმ. 8:20—22). როგორც ახსნილია სტატიაში წინასწარგანჭვრეტა, წინასწარგანწესება, არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ იეჰოვამ წინასწარ იცოდა, გადაუხვევდნენ თუ არა პირველი ადამიანები სწორი გზიდან. თუმცა ამის შემდეგ, იეჰოვამ უკვე წინასწარ განსაზღვრა, როგორ გამოასწორებდა ამ ვითარებას (ეფ. 1:9—11). ედემში წარმოთქმულ სიმბოლურ წინასწარმეტყველებაში დაფარული წმინდა საიდუმლო საბოლოოდ გაცხადდა იეჰოვას მხოლოდშობილი ძის მეშვეობით, რომელიც დედამიწას იმიტომ მოევლინა, რომ „ჭეშმარიტების შესახებ“ დაემოწმებინა და „ღვთის მიერ გამოვლენილი წყალობით სიკვდილი ეგემა ყველას გულისთვის“ (ინ. 18:37; ებ. 2:9; იხ. გამოსასყიდი).
-
-
სინათლეწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
იეჰოვა „ციურ მნათობთა მამაა“ (იაკ. 1:17). ის „მზით ანათებს დღეს, ღამის გასანათებლად კი მთვარესა და ვარსკვლავებს უდგენს წესს“ (იერ. 31:35). ამასთანავე, ის სულიერი ცოდნის წყაროა (2კრ. 4:6). მისი კანონი, სამართალი და სიტყვა სინათლეა მათთვის, ვინც მისით ხელმძღვანელობს (ფს. 43:3; 119:105; იგ. 6:23; ეს. 51:4). ფსალმუნმომღერალმა დაწერა: „შენი სინათლით ვხედავთ ნათელს“ (ფს. 36:9; შდრ. ფს. 27:1; 43:3). როგორც სინათლე მატულობს მზის ამოსვლიდან „შუადღის დადგომამდე“, ისე მართალთა ბილიკიც ღვთის სიბრძნის წყალობით უფრო კაშკაშა ხდება (იგ. 4:18). იეჰოვას სინათლეში რომ ვიაროთ, იმ გზას უნდა მივყვეთ, რომელსაც ის გვიჩვენებს (ეს. 2:3—5). ადამიანი, რომელიც ყველაფერს ბოროტი და ცუდი ზრახვით უყურებს, სულიერ წყვდიადში იმყოფება. ამიტომაც თქვა იესომ: „თუ თვალი ბოროტი გაქვს, მთელი სხეული ბნელი გექნება. თუკი სინათლე, რომელიც შენშია, სიბნელეა, რამდენად დიდია ეს სიბნელე!“ (მთ. 6:23; შდრ. კნ. 15:9; 28:54—57; იგ. 28:22; 2პტ. 2:14).
-
-
ჩრდილიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
მზის მოძრაობასთან ერთად ჩრდილი ზომას იცვლის და თანდათან ქრება. ამიტომ ბიბლიაში ადამიანის ხანმოკლე და წარმავალი სიცოცხლე ჩრდილთან არის შედარებული (1მტ. 29:15; იობ. 8:9; 14:1, 2; ფს. 102:11; 144:4; ეკ. 6:12; 8:13). როცა ბიბლიაში ნათქვამია, რომ ვინმეს დღეები „გადახრილი ჩრდილივითაა“, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი სიცოცხლის დღეები დათვლილია (ფს. 102:11; 109:23). ჩრდილისგან განსხვავებით, რომელიც დედამიწის ბრუნვასთან ერთად ზომასა და მიმართულებას იცვლის, იეჰოვა უცვლელია. მოწაფე იაკობი იეჰოვას შესახებ წერდა, რომ ის „ცვალებად ჩრდილს არა ჰგავს“ (იაკ. 1:17).
-