გაკვეთილი 27
საკუთარი სიტყვებით გადმოცემა
გამოსვლისთვის მომზადებას, ალბათ, საკმაოდ დიდი ძალისხმევა მოახმარე. ახლა უკვე გაქვს შინაარსიანი და ლოგიკურად განლაგებული მასალა. მისი გამართულად გადმოცემაც არ გაგიჭირდება. მაგრამ რამდენად ეფექტური იქნება შენი გამოსვლა, თუ მსმენელი დროდადრო გონებით სხვაგან იქნება და ყველაფერს არ მოისმენს? განა შეძლებ მათ გულებამდე მასალის მიტანას, თუ შენი ლაპარაკის ყურადღებით მოსმენა გაუჭირდებათ?
რა იწვევს ასეთ პრობლემას? სხვადასხვა ფაქტორი. ხშირ შემთხვევაში მიზეზი ის არის, რომ გამომსვლელი აზრებს საკუთარი სიტყვებით არ გადმოსცემს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხშირად იხედება ჩანაწერებში ან ოფიციალურად ლაპარაკობს. ეს პრობლემები პირდაპირ უკავშირდება მომზადების პროცესს.
თუ ჯერ მთლიანად დაწერ ტექსტს, ხოლო შემდეგ მის გეგმას შეადგენ, ალბათ, გაგიჭირდება მასალის შენი სიტყვებით გადმოცემა. რატომ? იმიტომ, რომ უკვე განსაზღვრული გაქვს, რა სიტყვებით უნდა გამოხატო აზრები. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ლაპარაკის დროს გეგმით იხელმძღვანელებ, ტექსტში გამოყენებული სიტყვების გახსენებას შეეცდები და მასზე იქნები დამოკიდებული. წერის დროს უფრო ოფიციალურ ენასა და რთულ წინადადებებს ვიყენებთ, ვიდრე ყოველდღიურ საუბარში. სწორედ ეს მოახდენს გავლენას შენს გამოსვლაზე.
ტექსტის დაწერის ნაცვლად შეეცადე შემდეგი რჩევების გათვალისწინებას: 1) შეარჩიე თემა და მთავარი აზრები, რომლებზეც ამ თემას ააგებ. მოკლე განხილვისათვის საკმარისი იქნება ორი მთავარი აზრი, შედარებით ვრცელისათვის კი — ოთხი-ხუთი; 2) თითოეული მთავარი აზრის ქვეშ მიუთითე ბიბლიური მუხლები, რომლებსაც მის განსავითარებლად გამოიყენებ; აგრეთვე ჩაინიშნე მაგალითები და ძირითადი არგუმენტები; 3) მოიფიქრე, რას იტყვი შესავალში. შეგიძლია სრულად დაწერო ერთი-ორი წინადადება. მოამზადე დასკვნაც.
გამოსვლისთვის მომზადება აუცილებელია, მაგრამ ნუ ეცდები მთელი მასალის სიტყვასიტყვით გამეორებას იმ მიზნით, რომ ზეპირად დაიმახსოვრო. საკუთარი სიტყვებით რომ შეძლო მასალის გადმოცემა, მომზადებისას ყურადღება სიტყვებზე კი არა, აზრებზე უნდა გაამახვილო. სწორედ აზრები უნდა გაიმეორო, რათა გონებაში ჩაგებეჭდოს და ფიქრი არ დაგჭირდეს ერთი აზრიდან მეორეზე გადასასვლელად. თუ მასალა ლოგიკურად ჩამოყალიბებული გექნება, ლაპარაკის დროს აზრები თავისთავად გაგახსენდება.
რატომ არის უმჯობესი საკუთარი სიტყვებით გადმოცემა. საკუთარი სიტყვებით გადმოცემის ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ ამ დროს ადამიანებს ადვილად გასაგები ენით ელაპარაკები და მათ უადვილდებათ ნათქვამზე რეაგირება. შენი გამოსვლა მსმენელისთვის უფრო ცოცხალი და საინტერესო ხდება.
გადმოცემის ეს მეთოდი შესაძლებლობას მოგცემს, მაქსიმალურად შეინარჩუნო მსმენელთან მხედველობითი კონტაქტი. ეს კი მასთან ურთიერთობას გაგიადვილებს. თუ ყოველი წინადადების შემდეგ ჩანაწერებში ჩახედვა არ დაგჭირდება, მსმენელი დაინახავს, რომ კარგად იცი თემა და გულწრფელად ხარ დარწმუნებული იმაში, რასაც ამბობ. ამგვარად, საკუთარი სიტყვებით გადმოცემის წყალობით, ბუნებრივად, სულითა და გულით ილაპარაკებ და მსმენელის გულამდე მიიტან მასალას.
საკუთარი სიტყვებით გადმოცემა მეტ თავისუფლებას გაძლევს. მასალის შინაარსი ისე მკაცრად არა გაქვს განსაზღვრული, რომ სიტყვის შეცვლა არ შეგეძლოს. დავუშვათ, დილით ადრე — იმ დღეს, როდესაც გამოსვლა გაქვს — იგებ ახალ ამბავს, რომელიც პირდაპირ უკავშირდება შენს თემას. განა კარგი არ იქნებოდა მისი მოხსენიება? ან გამოსვლის დროს ამჩნევ, რომ დარბაზში ბევრი სასკოლო ასაკის ბავშვია. განა გონივრული არ იქნება, მათთვის გასაგები მაგალითები მოიყვანო და დაანახვო, რომ მასალა მათაც ეხება?
სხვა უპირატესობა ის არის, რომ აზრების საკუთარი სიტყვებით გადმოცემისას უფრო თავისუფლად აზროვნებ. თუ ხედავ, რომ მსმენელი დიდი ინტერესით გისმენს, ეს ენთუზიაზმით გავსებს; სურვილი გიჩნდება, უფრო საფუძვლიანად განიხილო მასალა და ხაზგასმის მიზნით გაიმეორო ზოგიერთი აზრი. ხოლო თუ ამჩნევ, რომ მსმენელს ინტერესი ეკარგება, შესაძლებლობა გეძლევა, რაღაც იღონო, ნაცვლად იმისა, რომ ელაპარაკო ადამიანს, რომელიც უკვე აღარ გისმენს.
რა საშიშროებები არსებობს. გახსოვდეს, რომ მასალის საკუთარი სიტყვებით გადმოცემის დროს სიფრთხილე გმართებს. შეიძლება დროს გადააცილო. მოხსენების წარმოთქმისას თუ ბევრ დამატებით აზრს ჩართავ, გაგიჭირდება დროულად დამთავრება. ამ პრობლემას თავს აარიდებ, თუ გეგმაში ჩაინიშნავ, რა დროს გამოუყოფ მოხსენების თითოეულ ნაწილს და გამოსვლის დროს გეგმას მიჰყვები.
სხვა საშიშროება — მეტისმეტი თავდაჯერებულობა — განსაკუთრებით გამოცდილ მომხსენებლებს ემუქრება. სცენაზე გამოსვლას მიჩვეული ადამიანისთვის რთული არ არის გარკვეული აზრების თავმოყრა და გამოსვლისთვის გამოყოფილი დროის შევსება. მაგრამ თუ თავმდაბლობას გამოვავლენთ და გავაანალიზებთ, რას ნიშნავს ის, რომ თავად იეჰოვას, უდიდესი მასწავლებლის, მიერ გათვალისწინებულ საგანმანათლებლო პროგრამაში ვმონაწილეობთ, თითოეულ გამოსვლას სერიოზულად მივუდგებით და მომზადებას ლოცვით დავიწყებთ (ეს. 30:20; რომ. 12:6—8).
გამოუცდელ გამომსვლელებს, ალბათ, უფრო მეტად ის აღელვებთ, რომ მასალის საკუთარი სიტყვებით გადმოცემის დროს შეიძლება დაავიწყდეთ, რისი თქმა უნდოდათ. ამის გამო არ მოერიდო აზრის შენი სიტყვებით გამოხატვას, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ კარგ მომხსენებლად ჩამოყალიბდე. საფუძვლიანად მოემზადე და იეჰოვას სთხოვე, თავისი სულით დაგეხმაროს (იოან. 14:26).
ზოგი გამომსვლელი მასალის საკუთარი სიტყვებით გადმოცემისგან თავს იმის გამო იკავებს, რომ ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სიტყვების შერჩევას. მართალია, სიტყვებს ისეთივე სიზუსტით ვერ შეარჩევ და ვერც გრამატიკულ წესებს დაიცავ ისე, როგორც მზა ტექსტით გამოსვლისას გააკეთებდი. სამაგიეროდ სასაუბრო სტილით გადმოსცემ მასალას, რაც ამ ხარვეზებს გადაფარავს. მსმენელი უფრო სწრაფად აღიქვამს ადვილად გასაგები სიტყვებითა და მარტივი წინადადებებით გადმოცემულ აზრებს. კარგად თუ მოემზადები და ფრაზების დაზეპირების ნაცვლად აზრებს გაიმეორებ, სიტყვების ძებნა არ მოგიწევს და აზრებს ბუნებრივად გამოხატავ. გარდა ამისა, თუ ყოველდღიურ საუბრებშიც მიაქცევ ყურადღებას აზრების სწორად გამოხატვას, სცენაზე გამოსვლის დროს აღარ გაგიჭირდება საკუთარი სიტყვებით გადმოცემა.
როგორ ჩანაწერებს იყენებ? დროთა განმავლობაში გამოცდილებას შეიძენ და უფრო მოკლე გეგმა დაგჭირდება. მასში აზრებს მხოლოდ რამდენიმე სიტყვით ჩაინიშნავ და შესაბამის ბიბლიურ მუხლებს მიაწერ. გეგმა შეგიძლია ფურცელზე ან თუნდაც ბარათზე დაწერო, რომ ადვილი იყოს მისი გამოყენება. ქადაგების დროს, ალბათ, უფრო მოსახერხებელი იქნება მარტივი გეგმის დამახსოვრება. თუ განმეორებითი მონახულებისთვის რაღაც საკითხი გამოიკვლიე, შეგიძლია მოკლე ჩანაწერი გააკეთო და პირდაპირ ბიბლიაში ჩადო. აგრეთვე შეგიძლია განხილვისთვის გამოიყენო „ბიბლიური თემები საუბრებისთვის“ ან მასალა წიგნიდან „მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე“.
თუ ორი-სამი კვირის განმავლობაში რამდენჯერმე მოგიწევს სცენაზე გამოსვლა და, მათ შორის, საჯარო მოხსენებებიც გექნება, ალბათ, შედარებით ვრცელი ჩანაწერები დაგჭირდება. რატომ? თითოეული გამოსვლის წინ მასალის გონებაში აღსადგენად. ამ შემთხვევაშიც კი, თუ ჩანაწერებზე იქნები მეტწილად დამოკიდებული და თითქმის ყოველი წინადადების შემდეგ ტექსტში ჩაიხედავ, მსმენელი ვერ მიიღებს ისეთ სარგებლობას, როგორსაც საკუთარი სიტყვებით გადმოცემული მასალიდან მიიღებდა. თუ ვრცელ ჩანაწერებს გამოიყენებ, გახაზე ძირითადი სიტყვები და ბიბლიური მუხლები, რომ დახედვისთანავე იპოვო ისინი.
გამოცდილმა მომხსენებელმა, როგორც წესი, თავისი სიტყვებით უნდა გამოხატოს აზრები, მაგრამ გამოსვლის დროს მას შეუძლია გადმოცემის სხვა ფორმების გამოყენებაც. შესავალსა და დასკვნაში, ერთი მხრივ, საჭიროა მსმენელთან მხედველობითი კონტაქტის შენარჩუნება, მაგრამ, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია ძლიერი, კარგად შერჩეული სიტყვები. ამიტომაც შეიძლება ეფექტური იყოს რამდენიმე წინადადების დაზეპირება. გარდა ამისა, კონკრეტული ფაქტები, ციფრები, ციტატები და ბიბლიური მუხლები უმჯობესია წაიკითხო.
როდესაც რაიმეს ახსნას გთხოვენ. ზოგჯერ წინასწარი მომზადების გარეშე გვიწევს ჩვენს მრწამსთან დაკავშირებული საკითხების ახსნა; მაგალითად, ქადაგების დროს, როდესაც ვინმე ამა თუ იმ საკითხზე საწინააღმდეგო აზრს გამოთქვამს. შესაძლებელია ნათესავებთან საუბრის დროს, სამსახურში ან სკოლაში შეიქმნას ასეთი მდგომარეობა. ზოგჯერ ჩვენგან სახელმწიფო მოხელეები მოითხოვენ, ავუხსნათ, რა არის ჩვენი რწმენის საფუძველი და რატომ ვიქცევით ამა თუ იმ სახით. ბიბლია მოგვიწოდებს: „ყოველთვის მზად იყავით, დამცველებად გამოხვიდეთ ყველას წინაშე, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა-განმარტებას გთხოვთ, ოღონდ ეს რბილად და ღრმა პატივისცემით აკეთეთ“ (1 პეტ. 3:15).
ვნახოთ, საქმეების 4:19, 20-ის თანახმად, როგორ უპასუხეს პეტრემ და იოანემ იუდეველთა სინედრიონის წევრებს. მათ ორი წინადადებით ნათლად გამოხატეს თავიანთი პოზიცია და, ამავე დროს, გაითვალისწინეს მსმენელი — დაეყრდნენ იმ ფაქტს, რომ პრინციპი, რომლითაც მოციქულები ხელმძღვანელობდნენ, სასამართლოს წევრებზეც ვრცელდებოდა. მოგვიანებით ცრუ ბრალდებების გამო სტეფანესაც მოუწია იმავე სასამართლოს წინაშე წარდგომა. წაიკითხე საქმეების 7:2—53-ში, რა შთამბეჭდავი სიტყვებით მიმართა მან სინედრიონს წინასწარი მომზადების გარეშე. როგორ ჩამოაყალიბა მან აზრები? სტეფანემ ისტორიული თანამიმდევრობით მოიხსენია წარსულში მომხდარი მოვლენები. სათანადო მომენტში ისრაელების დაუმორჩილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. ბოლოს კი აღნიშნა, რომ სინედრიონის წევრებმაც იგივე სული გამოავლინეს, როდესაც ღვთის ძე მოკლეს.
რა დაგეხმარება კარგი პასუხის გაცემაში, როდესაც მოუმზადებლად გიწევს შენს შეხედულებებზე ლაპარაკი? მიჰბაძე ნეემიას, რომელმაც თავისთვის გულში ილოცა, ვიდრე პასუხს გასცემდა მეფე არტაქსერქსეს შეკითხვას (ნეემ. 2:4). შემდეგ გონებაში სწრაფად გააკეთე მონახაზი, რაზე ილაპარაკებ. გადადგი რამდენიმე ძირითადი ნაბიჯი: 1) შეარჩიე ერთი-ორი აზრი, რომელთა საფუძველზეც იმსჯელებ (შეგიძლია გამოიყენო აზრები წიგნიდან „მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე“); 2) შეარჩიე ბიბლიური მუხლები, რომელთაც ამ აზრების დასადასტურებლად მოიყვან; 3) მოიფიქრე ტაქტიანი შესავალი, რათა ინტერესით მოგისმინონ. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყე ლაპარაკი.
შესაძლებელია ფიქრობ, რომ რთულ სიტუაციაში დაიბნევი. იესომ თავის მიმდევრებს უთხრა: „ნუ შეგაწუხებთ იმაზე ფიქრი, რა თქვათ ან როგორ თქვათ, რადგან მაშინ მოგეცემათ ის, რაც უნდა თქვათ. მარტო თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ თქვენი მამის სული ილაპარაკებს თქვენი მეშვეობით“ (მათ. 10:19, 20). ეს არ ნიშნავს იმას, რომ პირველი საუკუნის ქრისტიანების მსგავსად სასწაულებრივად მოგეცემა „სიბრძნის სიტყვა“ (1 კორ. 12:8). თუ რეგულარულად იღებ ცოდნას, რომელსაც იეჰოვა ქრისტიანული კრების საშუალებით თავის ყველა მსახურს აძლევს, საჭიროების შემთხვევაში, წმინდა სული გაგახსენებს იმას, რაც გისწავლია (ეს. 50:4).
მასალის საკუთარი სიტყვებით გადმოცემა უდავოდ ეფექტურია. თუ კრებაში თითოეული გამოსვლის დროს შენი სიტყვებით გადმოსცემ აზრებს, არც ექსპრომტად პასუხის გაცემა გაგიჭირდება, რადგანაც გეგმას ორივე შემთხვევაში ერთი და იმავე პრინციპით შეადგენ. მაშ, ნუ ყოყმანობ. ისწავლე მასალის საკუთარი სიტყვებით გადმოცემა და სამქადაგებლო მსახურებაში უკეთეს შედეგებს მიაღწევ. ხოლო თუ კრებაში საჯარო მოხსენებით გამოხვალ, დიდი ინტერესით მოგისმენენ და შენი სიტყვები გულში ჩასწვდება მსმენელს.