„იყავით წმიდები ყოველ საქციელში“
«იყავით წმიდები ყოველ საქციელში, როგორც წმიდაა იგი, ვინც თქვენ მოგიწოდათ. რადგან წერია: „იყავით წმიდები, რადგან წმიდა ვარ მე“» (1 პეტრე 1:15, 16).
1. რატომ მოუწოდა პეტრემ ქრისტიანებს სიწმინდისკენ?
რატომ გვირჩევს პეტრე ზემოხსენებულს? მან დაინახა იმის აუცილებლობა, რომ ყოველმა ქრისტიანმა დაიცვას ფიქრები და მოქმედებები, რათა მიჰყვეს იეჰოვას სიწმინდეს. ამიტომ, ამ სიტყვებამდე მან თქვა: „შემოისარტყლეთ თქვენი გონების წელნი, იფხიზლეთ. . . როგორც გამგონი შვილები, ნუ აჰყვებით თქვენი უმეცრების დროინდელ გულისთქმებს“ (1 პეტრე 1:13, 14).
2. რატომ იყო ჩვენი გულისთქმები უწმინდური ჭეშმარიტების შეცნობამდე?
2 ჩვენი ადრინდელი გულისთქმები უწმინდური იყო. რატომ? ქრისტიანული ჭეშმარიტების მიღებამდე უმრავლესობა მივყვებოდით წუთისოფლისეულ გზას. პეტრემ იცოდა ეს, როდესაც სავსებით ნათლად წერდა: „რადგან თქვენთვის ისიც საკმარისია, რომ წარსულში იქცეოდით წარმართთა ნებისამებრ, რაკი ცხოვრებას ატარებდით გარყვნილებაში, გულისთქმებში, სიმთვრალეში, ღრეობაში, სმაში და საძაგელ კერპთაყვანისმცემლობაში. ამის გამო უკვირთ მათ, რომ მათთან ერთად არ მისდევთ იმ უზომო გარყვნილებას, და გგმობენ“. რასაკვირველია, პეტრეს არ ჩამოუთვლია ის უწმინდური მოქმედებები, რომლებიც ჩვენს თანამედროვე წუთისოფელშია დამახასიათებელი და იმ დროისთვის ცნობილი არ იყო (1 პეტრე 4:3, 4).
3, 4. ა) როგორ შეგვიძლია წინააღმდეგობა გავუწიოთ არასწორ გულისთქმებს? ბ) უნდა გამოხატონ თუ არა ქრისტიანებმა ემოციები? განმარტე.
3 გაამახვილე თუ არა ყურადღება, რომ ზემოთ ჩამოთვლილი გულისთქმები, ხორცისთვის, გრძნობებისა და ემოციებისთვის არის მიმზიდველი? როდესაც დავუშვებთ, რომ მსგავსმა გულისთქმებმა იმძლავროს ჩვენში, ჩვენი ფიქრები და მოქმედებები იოლად ხდება უწმინდური. ეს ნათლად გვიჩვენებს აუცილებლობას, რომ აზროვნების უნარმა მართოს ჩვენი მოქმედებები. პავლემ ეს შემდეგნაირად გამოთქვა: „ამრიგად, შეგაგონებთ, ძმებო, ღვთის წყალობებით, რომ შესწიროთ თქვენი სხეული ცოცხალ, წმიდა, ღვთის სასურველ მსხვერპლად — თქვენი სულიერი მსახურება. და ნუ დაემსგავსებით ამ წუთისოფელს, არამედ შეიცვალენით თქვენი გონების განახლებით [აზროვნების უნარით]“ (რომაელთა 12:1, 2).
4 ღმერთს რომ წმინდა მსხვერპლი წარვუდგინოთ, გზა უნდა მივცეთ აზროვნების უნარს და არა ემოციებს. რამდენმა ჩაიდინა უზნეობა მხოლოდ იმიტომ, რომ ნებაზე მიუშვა საკუთარი თავი და რომ მოქმედებები გრძნობებს დაუმორჩილა! ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ჩავახშოთ ჩვენში ემოციები; მათ გარეშე, როგორ შევძლებდით სიხარული გამოგვეხატა იეჰოვასადმი მსახურებაში? მაგრამ, თუ ჩვენ გვსურს რომ გვქონდეს სულის ნაყოფები და არა ხორცის, უნდა შევეცადოთ რომ ჩვენი გონება ქრისტეს აზროვნებით წარვმართოთ (გალატელთა 5:22, 23; ფილიპელთა 2:5).
წმინდა ცხოვრება, წმინდა ფასი
5. რატომ ჰქონდა პეტრეს შეგნებული სიწმინდის აუცილებლობა?
5 რატომ ჰქონდა პეტრეს შეგნებული ქრისტიანული სიწმინდის აუცილებლობა? მას კარგად ესმოდა წმინდა ფასი, რომელიც მორჩილი ადამიანების გამოსასყიდად იქნა გაღებული. ის წერდა: „იცით, რომ არა ხრწნადი ვერცხლით ან ოქროთი იქენით გამოსყიდულნი მამებისგან გადმოცემული ამაო გზიდან, არამედ ქრისტეს ძვირფასი სისხლით, როგორც უბიწო და უმანკო კრავისა“ (1 პეტრე 1:18, 19). დიახ, სიწმინდის წყარომ, იეჰოვა ღმერთმა, გამოგზავნა თავისი მხოლოდშობილი ძე, „წმიდა“, რომ დედამიწაზე გაეღო გამოსასყიდი, რათა ადამიანებს კარგი ურთიერთობა ჰქონოდათ ღმერთთან (იოანე 3:16; 6:69; გამოსვლა 28:36; მათე 20:28).
6. ა) რატომ არის ძნელი, ყოველთვის წმინდად მოვიქცეთ? ბ) რა დაგვეხმარება წმინდა მოქმედებების შენარჩუნებაში?
6 მაგრამ ჩვენ უნდა შევიგნოთ, რომ იოლი არ არის სატანის გახრწნილ წუთისოფელში წმინდა ცხოვრების შენარჩუნება. სატანა ყოველთვის მახეს უგებს ჭეშმარიტ ქრისტიანებს, რომლებიც ცდილობენ ცოცხლები გადარჩნენ ამ სისტემაში (ეფესელთა 6:12; 1 ტიმოთე 6:9, 10). ზემოქმედება ქვეყნიურ სამსახურში, წინააღმდეგობა ოჯახის მხრიდან, დაცინვა სკოლაში და თანატოლების ზეგავლენა — ასეთ სიტუაციებში სიწმინდის შესანარჩუნებლად საჭიროა ძლიერი სულიერობა. ეს ხაზგასმით გვიჩვენებს პირადი შესწავლისა და ქრისტიანულ შეხვედრებზე რეგულარული დასწრების უაღრესად დიდ მნიშვნელობას. პავლე ურჩევდა ტიმოთეს: „ჩაეჭიდე საღი სიტყვების ნიმუშს, რაც ჩემგან მოისმინე რწმენით და სიყვარულით, რაც ქრისტე იესოშია“ (2 ტიმოთე 1:13). ამ ჯანსაღ სიტყვებს ვღებულობთ სამეფო დარბაზებში ყოფნისა და ბიბლიის პირადი შესწავლის დროს. ეს ჯანსაღი სიტყვები დაგვეხმარება, რომ ვიყოთ წმინდა ჩვენს ყოველდღიურ მოქმედებებში, ნებისმიერი შემთხვევისას.
წმინდა საქციელი ოჯახში
7. როგორ უნდა ახდენდეს სიწმინდე ჩვენს ოჯახურ ცხოვრებაზე გავლენას?
7 როდესაც პეტრემ მოიყვანა ციტატა ლევიანთა 11:44-დან, მან გამოიყენა ბერძნული სიტყვა ჰაʹგი·ოს, რაც ნიშნავს „ცოდვისგან შორს მდგომსა და ღმერთზე, ღვთიურზე კონცენტრირებულს“ (An Expository Dictionary of New Testament Words, უ. ი. უაინი). როგორ გავლენას უნდა ახდენდეს ეს ჩვენს ქრისტიანულ ოჯახურ ცხოვრებაზე? ეს, რასაკვირველია, უნდა ნიშნავდეს, რომ ჩვენი ოჯახური ცხოვრება დაფუძნებული იყოს სიყვარულზე, რადგან „ღმერთი სიყვარულია“ (1 იოანე 4:8). თავგანწირული სიყვარული არის ზეთი, რომელიც არეგულირებს როგორც დაქორწინებულ წყვილთა შორის ურთიერთობას, აგრეთვე მშობლებსა და შვილებს შორის დამოკიდებულებასაც (1 კორინთელთა 13:4–8; ეფესელთა 5:28, 29, 33; 6:4; კოლასელთა 3:18, 21).
8, 9. ა) როგორი სიტუაციები ვითარდება ზოგჯერ ქრისტიანულ ოჯახებში? ბ) რა ბრძნულ რჩევას იძლევა ბიბლია ამასთან დაკავშირებით?
8 ჩვენ შესაძლოა ვიფიქროთ, რომ ასეთი სიყვარული თავისთავად უნდა არსებობდეს ქრისტიანულ ოჯახში. მაგრამ ჩვენთვის ნათელია, რომ სიყვარული ქრისტიანულ ოჯახებში ყოველთვის არ მეფობს ისე, როგორც ნამდვილად უნდა მეფობდეს. ოჯახური სიყვარული შესაძლოა ვლინდება სამეფო დარბაზებში, მაგრამ რამდენად იოლია სიყვარულის ჩახშობა ოჯახურ ატმოსფეროში. მაშინ ჩვენ შესაძლოა უეცრად გვავიწყდება, რომ ცოლი არის ჩვენი ქრისტიანი და, ხოლო ქმარი ჯერ კიდევ იგივე ძმაა (შესაძლოა სამსახურებრივი თანაშემწე ანდა უხუცესი), რომელსაც სამეფო დარბაზში ყველა პატივს ცემს. ნერვები იძაბება და შესაძლოა წარმოიშვას სიბრაზეგარეული არგუმენტები. შეიძლება გაორებული ნორმები თანდათან დამკვიდრდეს ჩვენს ცხოვრებაში. ეს უკვე აღარ ჰგავს ქრისტიანი ქმრისა და ცოლის ურთიერთობას, არამედ ქალისა და მამაკაცის უთანხმოებას. მათ ავიწყდებათ, რომ ოჯახში უნდა მეფობდეს წმინდა ატმოსფერო. შესაძლოა ისინი წუთისოფლის ადამიანთა მსგავსად საუბრობენ. რამდენად იოლია გესლიანი და სარკაზმით აღსავსე შენიშვნების გამოცრა! (იგავნი 12:18; შეადარე საქმეები 15:37–39).
9 მაგრამ პავლე გვირჩევს: „არავითარი უშვერი სიტყვა [ბერძნულად ლოʹგოს სა·ფროსʹ, „ბილწი საუბარი“, მაშასადამე უწმინდური] არ დაგცდეთ პირიდან, არამედ მხოლოდ კეთილი აღსაშენებლად, რათა მადლი მიანიჭოს მსმენელებს“. ეს შეეხება ყველა მსმენელს ოჯახში, მათ შორის ბავშვებსაც (ეფესელთა 4:29; იაკობი 3:8–10).
10. როგორ ეხება ბავშვებს სიწმინდესთან დაკავშირებული რჩევა?
10 სიწმინდეზე ეს მითითებები ასევე ქრისტიანული ოჯახის ბავშვებსაც შეეხება. რამდენად იოლია, რომ სკოლიდან დაბრუნებულებმა მიბაძონ თავიანთი წუთისოფლის ამხანაგების ურჩობითა და უპატივცემლობით გაჟღენთილ საუბარს! ბავშვებო, ნუ მიბაძავთ უკულტურო ყმაწვილების საქციელს, რომლებმაც შეურაცხყვეს იეჰოვას წინასწარმეტყველი და რომლებიც ბილწი ენითა და ღვთისმგმობლობით დღევანდელ დღეს წარმოადგენენ უტიფარი ახალგაზრდების პარალელს (მეოთხე მეფეთა 2:23, 24). შენი საუბარი არ უნდა წაიბილწოს უხეში ქუჩური გამოთქმებით, რომლებსაც იყენებენ უზომოდ უსაქმური ადამიანები ან ისინი, რომლებიც არ ცდილობენ თავაზიანი სიტყვების ხმარებას. როგორც ქრისტიანები, ჩვენი საუბარი უნდა იყოს წმინდა, სასიამოვნო, წამახალისებელი, სიკეთით აღსავსე და „მარილით შეზავებული“. ეს უნდა გვანსხვავებდეს ჩვენ სხვა ხალხებისგან (კოლასელთა 3:8–10; 4:6).
სიწმინდე და ოჯახის ურწმუნო წევრები
11. რატომ არ ნიშნავს წმინდად ყოფნა თავდაჯერებულ სამართლიანად ყოფნას?
11 როდესაც კეთილსინდისიერად ვცდილობთ სიწმინდის გამოვლენას, განსაკუთრებით ოჯახის ურწმუნო წევრებთან ისე არ უნდა ვიმოქმედოთ, თითქოს, ვინმეზე უკეთესს წარმოვადგენთ და სხვებთან შედარებით სამართლიანები ვართ. ჩვენი სიკეთით აღსავსე მოქმედებები სხვა თუ არაფერი, დაეხმარება მათ, გაიგონ, რომ ჩვენ განსხვავებულებს წარმოვადგენთ დადებითი მხრიდან და ვიცით, როგორ გამოვავლინოთ სიყვარული და თანაგრძნობა ისე, როგორც კეთილი სამარიელი მოიქცა იესოს იგავში (ლუკა 10:30–37).
12. როგორ შეუძლია ქრისტიან პიროვნებას ჭეშმარიტება უფრო მოსაწონად გამოიყენოს საკუთარ მეუღლესთან?
12 პეტრემ ყურადღება გაამახვილა ოჯახის ურწმუნო წევრებთან სწორი დამოკიდებულების დიდ მნიშვნელობაზე, როდესაც ქრისტიანი ცოლების მისამართით წერდა: „ასევე ცოლები დაემორჩილონ თავიანთ ქმრებს, რათა ისინი, ვინც არ ერწმუნებიან სიტყვას, სიტყვის გარეშე იყვნენ მოგებულნი თავიანთი ცოლების საქციელით, იხილავენ რა თქვენს უბიწო ქცევას მოშიშობით“. ქრისტიან ცოლს (სხვა შემთხვევებში ქმარსაც) შეუძლია უფრო მოსაწონად უჩვენოს ჭეშმარიტება ურწმუნო მეუღლეს, თუ მისი მოქმედებები არის წრფელი, ყურადღებიანი და პატივისცემით აღსავსე. ეს ნიშნავს, რომ თეოკრატიულ გეგმებში უნდა იყოს საკმაოდ მოქნილი ისე, რომ ურწმუნო მეუღლე არ იყოს მისგან უარყოფილი და მიტოვებულიa (1 პეტრე 3:1, 2).
13. როგორ შეუძლიათ ზოგჯერ უხუცესებსა და სამსახურებრივ თანაშემწეებს დაეხმარონ თანაქრისტიანის ურწმუნო მეუღლეს, დააფასოს ჭეშმარიტება?
13 ზოგჯერ უხუცესებსა და სამსახურებრივ თანაშემწეებს შეუძლიათ დახმარების აღმოჩენა იმით, რომ ახლოს გაიცნონ თანაქრისტიანი დის ურწმუნო ქმარი. ასეთი გზით მან შეიძლება დაინახოს, რომ იეჰოვას მოწმეები არიან ჩვეულებრივი, თავაზიანი ადამიანები, აქვთ ფართო ინტერესები, რომლებიც მხოლოდ ბიბლიით არ შემოიფარგლება. ერთ-ერთი შემთხვევისას უხუცესმა გამოავლინა ინტერესი თანაქრისტიანი დის ურწმუნო მეუღლის მიმართ, რომელიც თევზაობით იყო გატაცებული. ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ მათ შორის ყინული გამხვალიყო. ის მამაკაცი საბოლოოდ მოინათლა და გახდა ძმა. მეორე შემთხვევაში, ურწმუნო მეუღლე გატაცებული იყო იადონებით. უხუცესები უკან არ იხევდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა შეისწავლა იადონებთან დაკავშირებული მასალები და როდესაც შეხვდებოდა მას, შეეძლო საუბარი მისთვის საინტერესო თემაზე წამოეწყო! მაშასადამე, სიწმინდე არ ნიშნავს, იყო მკაცრი ან გქონდეს შეზღუდული გონება (1 კორინთელთა 9:20–23).
როგორ შეგვიძლია ვიყოთ წმინდები კრებაში?
14. ა) რომელია სატანის ერთ-ერთი მეთოდი, რომ ძირი გამოუთხაროს კრებას? ბ) როგორ შევძლებთ არ გავებათ სატანის მახეში?
14 სატანა ეშმაკი არის ცილისმწამებელი, რადგან ბერძნული სიტყვა ეშმაკი, დი·აʹბო·ლოს, ნიშნავს „ბრალმდებელს“ ან „ცილისმწამებელს“. ცილისწამება მისი ერთ-ერთი ხელობაა და, რასაკვირველია, ცდილობს გამოიყენოს კრებაში. მისი უსაყვარლესი მეთოდია ჭორაობა. ვრთავთ თუ არა ჩვენ საკუთარ თავს ნებას, რომ მოგვატყუოს ასეთი უწმინდური საქციელით? როგორ შეიძლება ეს მოხდეს? ჭორაობის წამოწყებით, მისი გამეორებით ან მოსმენით. ბრძნულ იგავში ნათქვამია: „უკუღმართი კაცი შუღლს აღვივებს და ცილისმწამებელი მეგობრებს აშორებს“ (იგავნი 16:28). რა არის ჭორისა და ცილისწამების შხამსაწინააღმდეგო საშუალება? ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი საუბარი ყოველთვის არის წამახალისებელი და სიყვარულზე დაფუძნებული. თუ ჩვენს ძმებში ვეძებთ სათნოებას და არა ხასიათის ნაკლოვანებებს, ჩვენი საუბარი ყოველთვის იქნება სასიამოვნო და სულიერი. გახსოვდეს, რომ კრიტიკა იოლია. და პიროვნება, რომელიც ჭორაობს შენთან სხვების შესახებ, ის სხვებთანაც ჭორაობს შენზე! (1 ტიმოთე 5:13; ტიტე 2:3).
15. ქრისტესთვის დამახასიათებელი რომელი თვისება დაეხმარება ყველას კრებაში სიწმინდის შესანარჩუნებლად?
15 კრების სიწმინდის შესანარჩუნებლად, ყოველ ჩვენგანს უნდა ჰქონდეს ქრისტეს აზრი და როგორც ვიცით, მისი ძირითადი თვისება სიყვარულია. პავლე კოლასელებს ურჩევდა, რომ ქრისტეს მსგავსად, მოწყალეები ყოფილიყვნენ: „როგორც ღვთის რჩეულებმა, წმიდებმა და საყვარლებმა, შეიმოსეთ მოწყალება, სახიერება, თავმდაბლობა, სიმშვიდე, სულგრძელობა. . . მიუტევეთ ერთმანეთს. . . და ყოველივე ამას დაურთეთ სიყვარული, რაც სრულქმნილობის კავშირია“. შემდეგ მან დაუმატა: „ბატონობდეს თქვენს გულებში ღვთის მშვიდობა“, უეჭველია, რომ ასეთი მიმტევებლური სულისკვეთებით შეგვიძლია შევინარჩუნოთ კრების ერთიანობა და სიწმინდე (კოლასელთა 3:12–15).
ჩანს თუ არა ჩვენი სიწმინდე მეზობლებში?
16. რატომ უნდა იყოს ჩვენი წმინდა თაყვანისმცემლობა ბედნიერების მომტანი თაყვანისმცემლობა?
16 რა შეიძლება ითქვას ჩვენს მეზობლებზე? როგორი შეხედულება აქვთ მათ ჩვენზე? ვაფრქვევთ თუ არა ირგვლივ ჭეშმარიტების სიხარულს, თუ ისე გამოვიყურებით, რომ მძიმე ტვირთი გვაქვს აკიდებული? თუ ჩვენ ვართ წმინდები, როგორც იეჰოვაა წმინდა, ეს უნდა ვლინდებოდეს ჩვენს საუბარსა და მოქმედებაში. ყველასათვის ნათელი უნდა იყოს, რომ ჩვენი წმინდა თაყვანისმცემლობა არის ბედნიერების მომტანი თაყვანისმცემლობა. რატომ? იეჰოვა, ჩვენი ღმერთი, არის ბედნიერი ღმერთი, რომელსაც სურს, რომ მისი თაყვანისმცემლები იყვნენ სიხარულით აღსავსენი. ამიტომ თქვა ფსალმუნმომღერალმა ძველად იეჰოვას ხალხის შესახებ: „ნეტარ არს ხალხი, რომელსაც ჰყავს უფალი, თავისი ღმერთი [იეჰოვა, აქ]“. ვავლენთ თუ არა ამ ბედნიერებას? ჩვენი ბავშვებიც ავლენენ თუ არა კმაყოფილებას, რომ არიან იეჰოვას ხალხს შორის სამეფო დარბაზებსა და კონგრესებზე? (ფსალმუნი 88:16, 17; 143:15 ბ).
17. რა პრაქტიკული საშუალება არსებობს, რომ წმინდა თაყვანისმცემლობაში გაწონასწორებულობა გამოვავლინოთ?
17 ჩვენ, აგრეთვე, გაწონასწორებული სიწმინდე უნდა გამოვავლინოთ თანამშრომლობისა და მეზობლური თავაზიანობის სულისკვეთებით. ზოგჯერ მეზობლებთან აუცილებელია თანამშრომლობა, შესაძლოა, ერთობლივი დასუფთავების ღონისძიებისას ან, როგორც ზოგიერთ ქვეყნებშია, ქუჩებისა და გზების გალამაზებისა და შეკეთებისას. ამასთან დაკავშირებით ჩვენი სიწმინდე შეიძლება გამოვლინდეს იმითაც, თუ როგორ ვუვლით ჩვენს ბაღს, ეზოსა და სხვა საკუთრებას. თუ ჩვენ ნაგავს ვტოვებთ გარეთ დაყრილს ან მოუვლელი და მიგდებული ეზო გვაქვს და შესაძლოა ძველი, დამტვრეული მანქანაც ყველასათვის თვალში მოსახვედრად გვაქვს მიტოვებული, ნუთუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პატივისცემას ვავლენთ მეზობლების მიმართ? (გამოცხადება 11:18).
სიწმინდე სამსახურსა და სკოლაში
18. ა) რა დაბრკოლება არსებობს დღეს ქრისტიანებისთვის? ბ) როგორ შეგვიძლია, განსხვავებულები ვიყოთ ქვეყნიერებისგან?
18 უწმინდურ ქალაქ კორინთში მცხოვრებ ქრისტიანებს პავლე მოციქული სწერდა: „წერილში გწერდით, რომ არ იქონიოთ ურთიერთობა გარყვნილ ხალხთან. არა საერთოდ ამ წუთისოფლის გარყვნილებთან ან ხარბებთან, მტაცებლებთან ან კერპთაყვანისმცემლებთან, ვინაიდან მაშინ თქვენ უნდა განშორებოდით წუთისოფელს“ (1 კორინთელთა 5:9, 10). ქრისტიანები, რომლებსაც უწევთ დღის განმავლობაში შეხვდნენ უზნეო, ამორალურ ადამიანებს, მრავალი დაბრკოლების პირისპირ დგანან. ეს მათთვის უმწიკვლოების საკმაოდ დიდი გამოცდაა, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც სექსუალურ გადაკიდებას, გახრწნილობასა და ორგულობას იწონებენ და მიმტევებლობით ეპყრობიან. სამსახურსა თუ სკოლაში არ უნდა დავრთოთ თავს ნება, რომ დავაკნინოთ ჩვენი ნორმები იმისთვის, რომ გარშემომყოფთათვის ვჩანდეთ „ჩვეულებრივი“. ამის ნაცვლად, ჩვენი თავაზიანი, მაგრამ საკმაოდ განსხვავებული ქრისტიანული მოქმედებები ცნობილი უნდა იყოს იმ გამჭრიახი ხალხისთვის, რომლებიც გრძნობენ სულიერ მოთხოვნილებებს და რომლებიც უკეთესს ეძებენ (მათე 5:3; 1 პეტრე 3:16, 17).
19. ა) რა განსაცდელი აქვთ თქვენს ბავშვებს სკოლაში? ბ) რის გაკეთება შეუძლიათ მშობლებს, რომ მხარი დაუჭირონ თავიანთ ბავშვებს და მათ წმინდა საქციელს?
19 მსგავსად დგანან მრავალი განსაცდელის წინაშე ჩვენი ბავშვები სკოლაში. თქვენ, მშობლებო, მიდიხართ თუ არა თქვენი ბავშვების სკოლაში? იცით თუ არა როგორი ატმოსფეროა გამეფებული იქ? გაქვთ თუ არა მასწავლებლებთან ურთიერთობა? რატომ არის ეს კითხვები მნიშვნელოვანი? მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სკოლა იქცა ძალადობის, ნარკოტიკებისა და გარყვნილების ბუდედ. როგორ შეძლებენ თქვენი ბავშვები უმწიკვლოების შენარჩუნებასა და წმინდად მოქცევას, თუ მშობლებისგან თანაგრძნობით აღსავსე მხარდაჭერას არ ღებულობენ? პავლემ სამართლიანად ურჩია მშობლებს: „მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, რათა თავი არ მოაბეზროთ“ (კოლასელთა 3:21). ბავშვების გაღიზიანების ერთ-ერთი მიზეზია ის, როცა არ გვესმის მათი ყოველდღიური პრობლემები და განსაცდელი. სკოლაში განსაცდელების გადალახვისთვის მომზადება იწყება ქრისტიანული ოჯახის სულიერ ატმოსფეროში (მეორე რჯული 6:6–9; იგავნი 22:6).
20. რატომ არის სიწმინდე აუცილებელი?
20 დასკვნისას, რატომ არის ყოველი ჩვენგანისთვის სიწმინდე აუცილებელი? ის წარმოადგენს თავდასაცავ საშუალებას სატანის წუთისოფლისა და აზროვნების თავდასხმისას. ეს კურთხევაა დღეს და მომავალშიც კურთხევა იქნება. ეს გვეხმარება, რომ გვქონდეს სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში ნამდვილი ცხოვრების საწინდარი. ეს გვეხმარება, რომ ვიყოთ გაწონასწორებულები, სხვებისთვის მისადგომები, კომუნიკაციის დამყარების უნარის მქონე ქრისტიანები და არა დაუცხრომელი ფანატიკოსები. უბრალოდ რომ ვთქვათ, ასეთი მოქმედებით ვემსგავსებით ქრისტეს (1 ტიმოთე 6:19).
[სქოლიოები]
a დამატებითი ინფორმაციისთვის, ურწმუნო მეუღლესთან ტაქტიან ურთიერთობასთან დაკავშირებით, იხილე 1990 წლის 15 აგვისტოს ჟურნალი, „ნუ უგულებელყოფ შენს მეუღლეს!“, გვერდები 20–22 და 1988 წლის 1 ნოემბერი, გვერდები 24–25, აბზაცები 20–22 (რუს.).
გახსოვს თუ არა შენ?
◻ რატომ ხედავდა პეტრე სიწმინდესთან დაკავშირებით ქრისტიანებისთვის რჩევის მიცემის აუცილებლობას?
◻ რატომ არის ძნელი, იცხოვრო წმინდად?
◻ რის გაკეთება შეუძლია ყოველ ჩვენგანს ოჯახში სიწმინდის გასაუმჯობესებლად?
◻ რომელ უწმინდურ მოქმედებას უნდა მოვერიდოთ კრების სიწმინდის შესანარჩუნებლად?
◻ როგორ შეგვიძლია წმინდები დავრჩეთ სამსახურსა თუ სკოლაში?
[სურათები 25 გვერდზე]
როგორც იეჰოვას მოწმეები, იეჰოვასადმი მსახურებასა და ყოველ მოქმედებაში უნდა ვიყოთ სიხარულით აღსავსენი.