მკითხველთა შეკითხვები
რას ამბობს ბიბლია დამნაშავეთა სასჯელის უმაღლეს ზომაზე — სიკვდილით დასჯაზე?
გასაგებია, რომ, ცხოვრებისეული გამოცდილებიდან თუ მდგომარეობიდან გამომდინარე, ყოველ ჩვენგანს შეიძლება პირადი თვალსაზრისი ჰქონდეს ამ საკითხზე. მაგრამ ჩვენ, როგორც იეჰოვას მოწმეები, უნდა ვეცადოთ, რომ სასჯელის უმაღლეს ზომასთან დაკავშირებით ღვთის თვალსაზრისი გავიზიაროთ და ამ საკითხზე მრავალი ადამიანის მიერ წამოყენებულ პოლიტიკურ მოსაზრებებთან დაკავშირებით ნეიტრალურები დავრჩეთ.
არსებითად რომ ვთქვათ, თავის წერილობით სიტყვაში ღმერთი არ ამბობს, რომ სასჯელის უმაღლესი ზომა არასწორია.
ადამიანთა ისტორიის ადრინდელ ხანაში იეჰოვამ პირადი თვალსაზრისი გამოთქვა ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც ამას დაბადების მე-9 თავში ვკითხულობთ. იქ საუბარია ნოესა და მის ოჯახზე, რომლებიც მთელი კაცობრიობის წინაპრები გახდნენ. მას შემდეგ, რაც კიდობნიდან გამოვიდნენ, ღმერთმა უთხრა მათ, რომ შეეძლოთ ცხოველების ჭამა — ესე იგი შეიძლებოდა ცხოველების დახოცვა, მათგან სისხლის გამოშვება და ჭამა. შემდეგ, დაბადების 9:5, 6-ის თანახმად, ღმერთმა თქვა: „მე კი თქვენს სისხლს თქვენი სიცოცხლის წილ მოვიკითხავ, ყოველ მხეცს მოვკითხავ, ადამიანს მოვკითხავ, თქვენ მოგკითხავთ ერთმანეთის სიცოცხლეს. ვინც ადამიანის სისხლს დაღვრის, ადამიანის მიერვე დაიღვრება მისი სისხლი, რადგან ღვთის ხატად შეიქმნა ადამი“. ამგვარად, მკვლელებთან დაკავშირებით იეჰოვამ დაუშვა სასჯელის უმაღლესი ზომა.
იმ დროს, როდესაც ღმერთს ურთიერთობა ჰქონდა ისრაელთან, როგორც თავის ხალხთან, ღვთიური კანონის საწინააღმდეგო სხვადასხვა სერიოზული დანაშაულის ჩადენა სიკვდილით ისჯებოდა. ამ საყოველთაო განაცხადს ვკითხულობთ რიცხვნის 15:30-ში: „თუ ვინმე თავხედურად მოიქცევა, მკვიდრი იქნება თუ მდგმური, უფლის მგმობელია იგი და უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან“.
მაგრამ რა შეიძლება ითქვას ქრისტიანული კრების ჩამოყალიბების შემდგომ პერიოდზე? ვიცით, რომ იეჰოვამ ადამიანთა მთავრობების არსებობა დაუშვა და უმაღლესი ხელმწიფება უწოდა მათ. სინამდვილეში, მას შემდეგ, რაც ქრისტიანებს სახელმწიფო მოხელეებისადმი მორჩილებას ურჩევს, ბიბლია ამბობს, რომ ისინი მსახურობენ, როგორც ‘ღვთის მსახური შენდა სასიკეთოდ. მაგრამ თუ ბოროტებას იქმ, გეშინოდეს, რადგან ტყუილად როდი ატარებს მახვილს. ის ღვთის მსახურია და რისხვით შურისმაძიებელი ბოროტმოქმედზე’ (რომაელთა 13:1–4).
ნიშნავს ეს, რომ მთავრობებს უფლება აქვთ, სიკვდილითაც კი დასაჯონ სერიოზული დანაშაულის ჩამდენები? პირველი პეტრეს 4:15-ში ჩაწერილი სიტყვებიდან გამომდინარე, შეგვეძლო დაგვესკვნა, რომ დიახ. ამ ნაწყვეტში მოციქული შეაგონებდა ძმებს: „არც ერთ თქვენგანს არა ევნოს რა, როგორც მკვლელს ან ქურდს, ბოროტმოქმედს ან სხვის საქმეში ჩამრევს“. მიაქციე თუ არა ყურადღება სიტყვებს: „არც ერთ თქვენგანს არა ევნოს რა, როგორც მკვლელს“? პეტრეს არაფერი უთქვამს იმაზე, რომ მთავრობებს არანაირი უფლება არა აქვთ, დანაშაულისთვის დასაჯონ მკვლელი. პირიქით, მან ნათელჰყო, რომ მკვლელს შეიძლება სამართლიანად მიეზღოს საკადრისი სასჯელი. შედიოდა ამაში სიკვდილით დასჯა?
შესაძლებელია. ეს ნათლად ჩანს პავლეს სიტყვებიდან, რომლებიც საქმეების 25-ე თავშია ჩაწერილი. იუდეველებმა პავლე მათი რჯულის დარღვევაში დაადანაშაულეს. რომაელ განმგებელთან თავისი პატიმრის, პავლეს, გაგზავნისას ათასისთავმა, საქმეების 23:29-ის თანახმად, მოახსენა: „გავიგე, რომ მათი რჯულის საქმეში დაუდევთ ბრალი მისთვის, მაგრამ ისეთი არაფერი დანაშაული ჰქონია, რომ სიკვდილი ან ბორკილები დაემსახურებინოს“. ორი წლის შემდეგ პავლე განმგებელ ფესტოსის წინაშე აღმოჩნდა. საქმეების 25:8-ში ვკითხულობთ: «თავის გასამართლებლად [პავლემ] თქვა: „არაფერი შემიცოდავს არც იუდეველთა რჯულის, არც ტაძრის, არც კეისრის წინააღმდეგ“ ». ახლა კი ყურადღება გაამახვილე, რა თქვა მან დასჯაზე, თვით სასჯელის უმაღლეს ზომაზე. საქმეების 25:10, 11-ში ვკითხულობთ:
«პავლემ უთხრა: „კეისრის სამსჯავროს წინაშე ვდგავარ, სადაც ჯერ არს ჩემი განკითხვა. იუდეველთათვის ცუდი არაფერი მიქნია, როგორც თავად მოგეხსენება. თუ მართალი არა ვარ და რაიმე ჩამიდენია ისეთი, რომ სიკვდილს ვიმსახურებ, არ გავექცევი სიკვდილს. ხოლო თუ ყველაფერი ტყუილია, რაშიც ესენი ბრალს მდებენ, არავის შეუძლია მათ ხელში მიმცეს. კეისრის სამსჯავროს მოვითხოვ“ ».
კანონიერი ხელისუფლის წინაშე პავლემ აღიარა, რომ კეისარს უფლება ჰქონდა, დაესაჯა დამნაშავეები — თვით სიკვდილითაც კი. მას საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა, დასჯილიყო, თუკი დამნაშავეს წარმოადგენდა. გარდა ამისა, მას არ უთქვამს, რომ კეისარს მხოლოდ მკვლელების წინააღმდეგ შეეძლო სასჯელის უმაღლესი ზომის გამოყენება.
მართალია, რომის სასამართლო სისტემა სრულყოფილი არ იყო; არც დღესაა სრულყოფილი ადამიანთა სასამართლო სისტემები. როგორც წარსულში, ასევე დღესაც მსჯავრი ედება და ისჯება ზოგი უდანაშაულო ადამიანი. თვით პილატემაც კი თქვა იესოზე: „მე ვერაფერი სასიკვდილო დანაშაული ვერ ვპოვე მასში. ამიტომ ჭკუას ვასწავლი და გავუშვებ“. დიახ, იმის მიუხედავადაც კი, რომ სახელმწიფო მოხელემ იესო უდანაშაულოდ სცნო, ეს უდანაშაულო მამაკაცი სიკვდილით დაისაჯა (ლუკა 23:22–25).
ასეთი უსამართლობების გამო პავლესა თუ პეტრეს არ დაუწყიათ იმის მტკიცება, რომ სიკვდილით დასჯა სრულიად ამორალურია. ამ საკითხზე ღვთის თვალსაზრისი უფრო ისაა, რომ კეისრის უმაღლესი ხელმწიფება, სანამ არსებობს, ‘მახვილს ატარებს ბოროტმოქმედზე რისხვით შურისსაძიებლად’. ამაში შედის მახვილით სარგებლობა სასჯელის უმაღლესი ზომის გამოყენების მიზნით. მაგრამ, როდესაც წამოიჭრება საკამათო საკითხი, უნდა ისარგებლოს თუ არა წუთისოფლის რომელიმე მთავრობამ საკუთარი უფლებით — სიკვდილით დასაჯოს მკვლელები, ჭეშმარიტი ქრისტიანები გულმოდგინედ იცავენ ნეიტრალიტეტს. ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოებისგან განსხვავებით, ამ საკითხზე ისინი არანაირ დებატებში არ ერევიან.