საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • yb13 გვ. 78-173
  • მიანმა (ბირმა)

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მიანმა (ბირმა)
  • იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2013
  • ქვესათაურები
  • სამქადაგებლო საქმიანობას საფუძველი ეყრება
  • „რეიჩელ, მე ვიპოვე ჭეშმარიტება!“
  • მამაცი პიონერები
  • ისტორიული კონგრესი
  • პირველი კაია მოწაფეები
  • სირთულეები მეორე მსოფლიო ომის დროს
  • სასიხარულო შეხვედრა
  • ქვეყანაში პირველად ჩადიან „გალაადის“ კურსდამთავრებულები
  • სამოქალაქო ომი
  • ქადაგება ბირმულ ენაზე
  • ნაყოფიერი მსახურება მანდალაიში
  • მისიონერებს ქვეყნიდან აძევებენ
  • სასიხარულო ცნობამ ჩინის ოლქამდეც მიაღწია
  • მთებში სიარული
  • «მიიჩინაში ერთი „ცხვარიც“ კი ვერ ვიპოვეთ»
  • ექვსი ვაგონი გაუჩინარდა
  • ქადაგება ნაგა ხალხებთან
  • წინააღმდეგობა „ოქროს სამკუთხედში“
  • ურყევი ნეიტრალური პოზიცია
  • სამხედრო პირები ქრისტიანები ხდებიან
  • ქადაგება „ყველანაირ ადამიანთან“
  • კონგრესები ცვალებადი პოლიტიკური ამინდის ფონზე
  • არასდროს მიუტოვებიათ თავიანთი შესაკრებელი
  • საგამომცემლო საქმე წინ მიიწევს
  • ფილიალი ახალ ადგილზე გადადის
  • „არც ძლიერებით, არამედ ჩემი სულით“
  • სამეფო დარბაზების მშენებლობა
  • ქვეყანაში მისიონერები ჩადიან
  • კარგ მაგალითს დიდი ძალა აქვს
  • მთარგმნელობითი საქმიანობის გაუმჯობესება ხელს უწყობს ზრდას
  • ქვეყანას ციკლონმა „ნარგისმა“ გადაუარა
  • დაუვიწყარი მოვლენა
  • „გადათეთრებული მოსამკელად“
იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2013
yb13 გვ. 78-173

მიანმა (ბირმა)

მიანმა ორ აზიურ გიგანტ სახელმწიფოს, ინდოეთსა და ჩინეთს, შორისაა მოქცეული.a მიანმას ყველაზე დიდ ქალაქ იანგონში (ყოფილი რანგუნი) უამრავი მრავალსართულიანი სახლი დგას, მაღაზიები გადაჭედილია ხალხით და მოძრაობა გადატვირთულია. მაგრამ საკმარისია, გასცდეთ იანგონს, რომ იწყება სოფლები, სადაც მიწას დღემდე კამეჩებით ხნავენ, ხოლო იქ მცხოვრებთ უცხოელების დანახვა აკვირვებთ. აქ ცხოვრება ისე დუნედ მიედინება, რომ მხოლოდ წელიწადის დროთა ცვალებადობა თუ მიახვედრებს კაცს, რა დრო გასულა.

მიანმა კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ როგორი იყო აზია არცთუ ისე შორეულ წარსულში. აქ ისევ დანჯღრეული ავტობუსები დაჯაყჯაყებენ ოღროჩოღრო გზებზე, მარცვლეული ხარებშებმულ ურმებს გადააქვთ ბაზარში, მინდვრებში კი თხებს მწყემსავენ. მიანმელი კაცების უმეტესობას დღემდე ტრადიციული სამოსი, ლუნგი (გადასადები ქვედაბოლო), მოსავთ. ქალები სახის კოსმეტიკურ საშუალებად ტანაკას ხის დანაყილი ქერქისგან მიღებულ ნაზავს იყენებენ. მიანმას მოსახლეობა საკმაოდ რელიგიურია. ბუდისტები მეტ პატივს მიაგებენ თავიანთ ბერებს, ვიდრე ცნობილ ადამიანებს. ამასთანავე, ისინი ყოველდღიურად ბუდას ქანდაკებას ეგრეთ წოდებული ოქროს ფურცლებით ფარავენ.

მიანმელები მშვიდი, ყურადღებიანი და ცნობისმოყვარე ხალხია. ქვეყანაში ცხოვრობს რვა ძირითადი ეთნიკური ჯგუფი და, სულ მცირე, 127 ქვეჯგუფი. თითოეულ ჯგუფს აქვს თავისი ენა, კულტურა, ტრადიციული სამოსი და კერძები. მოსახლეობის უმეტესობა ცხოვრობს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ვრცლად გაშლილ დაბლობზე, რომელსაც ასაზრდოებს ირავადის წყალუხვი მდინარე. ეს მდინარე 1 350 კილომეტრი სიგრძისაა; სათავეს იღებს დათოვლილი ჰიმალაის მთებიდან და ანდამანის ზღვის თბილ წყლებში ჩაედინება. მილიონები ცხოვრობენ ვრცელ სანაპირო ზოლზე და ქვეყნის მთიან ნაწილში, რომელიც ბანგლადეშს, ჩინეთს, ინდოეთს, ლაოსსა და ტაილანდს ესაზღვრება.

[რუკები 81 გვერდზე]

თითქმის 100 წელია, რაც მიანმაში იეჰოვას მოწმეები მტკიცე რწმენასა და მოთმინებას ავლენენ. ცვალებადი პოლიტიკური ამინდის, განუკითხაობისა და არეულობების დროს ისინი ქრისტიანულ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებენ (იოან. 17:14). გაჭირვების, წინააღმდეგობისა თუ საერთაშორისო საძმოსთან შეზღუდული ურთიერთობის მიუხედავად, იეჰოვას ხალხი დაუცხრომლად ქადაგებს სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ. ქვემოთ მოყვანილია გამამხნევებელი შემთხვევები.

თითქმის 100 წელია, რაც მიანმაში ჩვენი ძმები მტკიცე რწმენასა და მოთმინებას ავლენენ

სამქადაგებლო საქმიანობას საფუძველი ეყრება

1914 წელს, სწორედ იმ წელს, რომელიც გარდამტეხი აღმოჩნდა კაცობრიობისთვის, ორი ინგლისელი მამაკაცი სულისშემხუთველ სიცხეში იანგონის პორტში გემით შევიდა. ჰენდრი კარმაიკლი და მისი თანამსახური პიონერი ინდოეთიდან ჩავიდნენ, რათა თავი გაერთვათ მეტად საპასუხისმგებლო დავალებისთვის — ბირმაში სამქადაგებლო საქმიანობა წამოეწყოთ. მათი სამქადაგებლო ტერიტორია მთელ ქვეყანას მოიცავდა.

„რასაკვირველია, თუ გინდა, რომ შენ მაგივრად ისინი მოხვდნენ ახალ ქვეყნიერებაში“

[სქემა 84 გვერდზე]

იანგონში მსახურების დაწყებიდან მალევე ისინი შეხვდნენ ორ მამაკაცს, რომლებიც „ანგლო-ინდოელები“b იყვნენ. ისინი გულწრფელად დააინტერესა სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობამ. ამ მამაკაცებმა, ბერტრამ მარსელინმა და ვერნონ ფრენჩმა, ყოველგვარი კავშირი გაწყვიტეს ქრისტიანულ სამყაროსთან და თავიანთ მეგობრებთან ქადაგება დაიწყეს. სულ ცოტა ხანში ბერტრამის სახლში რეგულარულად დაიწყო შეკრება 20-მდე ადამიანმა, რათა „საგუშაგო კოშკის“ დახმარებით ბიბლია შეესწავლათ.c

მაუწყებლები იანგონში, 1932

1928 წელს ინდოეთიდან კიდევ ერთი ინგლისელი პიონერი, ჯორჯ რაიტი, გადავიდა ბირმაში. მან ხუთი თვის განმავლობაში მთელი ქვეყანა შემოიარა და დიდი რაოდენობით ბიბლიური ლიტერატურა გაავრცელა. ჭეშმარიტების „თესლში“, რომელიც მან ქვეყნის ტერიტორიაზე „გააბნია“, შედიოდა 1920 წელს გამოცემული ბროშურა „დღეს მცხოვრები მილიონები არასდროს მოკვდებიან“; ეს იყო პირველი პუბლიკაცია, რომელიც ბირმულ ენაზე ითარგმნა.

ორი წლის შემდეგ, როცა პიონერები კლოდ გუდმენი და რონალდ ტიპინი იანგონში ჩავიდნენ, ძმების პატარა ჯგუფი უკვე რეგულარულად იკრიბებოდა და კრების შეხვედრებს ატარებდა, მაგრამ სამქადაგებლო საქმეს ორგანიზება არ ეწეოდა. «ჩვენ წავახალისეთ ძმები, რომ ყოველ კვირა დღეს ჩვენთან ერთად ექადაგათ, — იხსენებს კლოდი. — ერთმა ძმამ შემოგვთავაზა: „არ შეიძლება, პიონერებს მატერიალური დახმარება აღმოვუჩინო და მათ ჩემ მაგივრად იქადაგონ?“. ამაზე რონმა მიუგო: „რასაკვირველია, თუ გინდა, რომ შენ მაგივრად ისინი მოხვდნენ ახალ ქვეყნიერებაში“». ჯგუფი მართლაც წაახალისა ასეთმა პირდაპირმა რჩევამ. მალე კლოდთან და რონალდთან მსახურება ბევრმა მოისურვა.

„რეიჩელ, მე ვიპოვე ჭეშმარიტება!“

იმავე წელს რონი და კლოდი რკინიგზის უფროსს, სიდნი კიუტს, შეხვდნენ იანგონში. სიდნიმ აიღო ეგრეთ წოდებული ცისარტყელა ანუ ჩვენ მიერ გამოცემული 10 წიგნი, რომელთაც სხვადასხვა ფერის გარეკანი ჰქონდათ. როდესაც მან ერთ-ერთი წიგნიდან ზოგიერთი მონაკვეთი ამოიკითხა, ცოლს დაუძახა: „რეიჩელ, მე ვიპოვე ჭეშმარიტება!“. მალე კიუტების მთელი ოჯახი იეჰოვას თაყვანისმცემელი გახდა.

სიდნი გულმოდგინედ იკვლევდა წმინდა წერილებს. მისი ქალიშვილი, ნორმა ბარბერი, რომელიც დიდი ხნის მანძილზე მისიონერი იყო და ახლა ბრიტანეთის ფილიალში მსახურობს, გვიყვება: «მამამ თავისთვის ღვთის სიტყვის საკვლევი ცნობარი შეადგინა. როდესაც იგი წააწყდებოდა მუხლს, რომელიც ბიბლიის ამა თუ იმ სწავლებას ხსნიდა, მას ამ ცნობარში შეჰქონდა ეს მუხლი შესაბამისი სათაურის ქვეშ. მან ცნობარს უწოდა: „რა სად არის?“».

სიდნი კიუტი (შუაში) გულმოდგინედ სწავლობდა ბიბლიას; ის და მისი მეუღლე, რეიჩელი (მარცხნივ) სხვებთან ქადაგებდნენ ბიბლიურ ცნობას

სიდნის არა მარტო თავად სურდა ბიბლიის გამოკვლევა, არამედ სხვებისთვისაც უნდოდა ბიბლიური ცნობის გაზიარება. ამიტომ, მან ინდოეთის ფილიალს წერილობით სთხოვა, შეეტყობინებინათ მისთვის, იყვნენ თუ არა ბირმაში იეჰოვას მოწმეები. მალე მან მიიღო დიდი რაოდენობით ლიტერატურა და მოწმეების მისამართების სია. „მამამ თითოეულ მათგანს მისწერა და სთხოვა, რომ ერთი დღით ჩვენ სანახავად მოსულიყვნენ, — ამბობს ნორმა. — მოგვიანებით ხუთი-ექვსი ძმა გვესტუმრა. მათ გვაჩვენეს, როგორ შეიძლებოდა არაფორმალურად გვექადაგა. ჩემმა მშობლებმა მაშინვე მისცეს ლიტერატურა თავიანთ მეგობრებსა და მეზობლებს. მათ ლიტერატურასთან ერთად წერილებიც გაუგზავნეს მთელ სანათესაოს“.

როდესაც დეიზი დე სოუზამ, სიდნის დამ, რომელიც მანდალაიში ცხოვრობდა, სიდნის წერილი და ტრაქტატი „სამეფო — კაცობრიობის იმედი“ მიიღო, მაშინვე უპასუხა მას და სთხოვა, მისთვის ბიბლია და სხვა პუბლიკაციებიც გაეგზავნა. «დედაჩემს ისე მოეწონა ბიბლიური ლიტერატურა, რომ პუბლიკაციების კითხვაში თავზე დაათენდა, — იხსენებს დეიზის ქალიშვილი, ფილის ცატოსი. — შემდეგ შეგვკრიბა ექვსივე შვილი და მოულოდნელად გამოგვიცხადა: „ჭეშმარიტება ვიპოვე და ამიტომ, ვტოვებ კათოლიკურ ეკლესიას!“» მოგვიანებით, დეიზის ქმარმა და შვილებმაც მიიღეს ჭეშმარიტება. დღეისათვის დეიზის ოჯახში უკვე მეოთხე თაობა ემსახურება ერთგულად იეჰოვა ღმერთს.

მამაცი პიონერები

XX საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისისთვის გულმოდგინე პიონერებმა გაავრცელეს სასიხარულო ცნობა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მთელი სარკინიგზო ხაზის გასწვრივ, იანგონიდან მიიჩინამდე, რომელიც ჩინეთის საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს. მათ აგრეთვე იქადაგეს მოლამიაინში (მოულმეინი) და სიტუეში (აკიაბი), იანგონის აღმოსავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ზღვისპირა ქალაქებში. მალე მოლამიაინსა და მანდალაიში პატარა კრებები ჩამოყალიბდა.

1938 წლიდან სამქადაგებლო საქმიანობას ინდოეთის ნაცვლად ავსტრალია უწევდა ზედამხედველობას. ამიტომ, პიონერებმა ავსტრალიიდან და ახალი ზელანდიიდან ბირმაში დაიწყეს გადასვლა. ამ მამაც პიონერთა რიგებში იყვნენ ფრედ პეიტონი, ჰექტორ ოუტსი, ფრანკ დიუარი, მიკ ენგელი და სტიუარტ კელტი. ეს ძმები მართლაც პიონერები იყვნენ ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით.

ფრანკ დიუარი

ფრედ პეიტონი გვიყვება: „ბირმაში გატარებული ოთხი წლის მანძილზე ქვეყნის უმეტეს ნაწილში ვიქადაგე. მთელი ამ ხნის განმავლობაში მალარია, ტიფი და დიზენტერია გადავიტანე; ამასთანავე, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემებიც მქონდა. მსახურებაში გატარებული გრძელი დღის ბოლოს ხშირად ღამის გასათევი ადგილიც არ მქონდა. მაგრამ იეჰოვა ყოველთვის ზრუნავდა ჩემს საჭიროებებზე და კვლავ და კვლავ მაძლევდა ძალას თავისი წმინდა სულის მეშვეობით“. ფრანკ დიუარი, გაბედული ახალზელანდიელი, იხსენებს: „ხშირად ვაწყდებოდი ყაჩაღებსა და მეამბოხეებს, ვხვდებოდი პირქუშ თანამდებობის პირებს. მაგრამ ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი არ ვკარგავდი თავმდაბლობას, ვინარჩუნებდი სიმშვიდეს, ვავლენდი გონიერებას და თავაზიანად ვიქცეოდი, რაც, საბოლოო ჯამში, სიტუაციას მუხტავდა. ბევრი მიხვდა, რომ იეჰოვას მოწმეები საფრთხეს არ ვუქმნიდით საზოგადოებას“.

პიონერები ძალიან განსხვავდებოდნენ სხვა იმიგრანტებისგან, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას ზიზღით უყურებდნენ. მათგან განსხვავებით, პიონერები ხალხს პატივისცემითა და სიყვარულით ეპყრობოდნენ. მათმა საქციელმა გულგრილი არ დატოვა თავმდაბალი ბირმელები, რომლებიც მოიხიბლნენ მათი სიკეთითა და თბილი მოპყრობით. თავიანთი სიტყვითა თუ საქმით პიონერები აჩვენებდნენ, რომ იეჰოვას მოწმეები მართლაც ჭეშმარიტი ქრისტიანები იყვნენ (იოან. 13:35).

ისტორიული კონგრესი

პიონერების ბირმაში ჩასვლიდან რამდენიმე თვეში ავსტრალიის ფილიალმა იანგონში კონგრესის ჩატარებას გაუწია ორგანიზება. კონგრესი უნდა ჩატარებულიყო იანგონის ერთ-ერთ საკონცერტო დარბაზში, რომელიც სასახლის ტიპის ნაგებობა იყო მარმარილოს კიბეებითა და უზარმაზარი ბრინჯაოს კარებით. კონგრესის დელეგატები ჩავიდნენ ტაილანდიდან, მალაიზიიდან და სინგაპურიდან, ხოლო ალექსანდრე მაკგილივრეიმ, ავსტრალიის ფილიალის მსახურმა (ადრე ასე უწოდებდნენ ფილიალის კოორდინატორს), კონგრესზე დასასწრებად სიდნეიდან ძმების ჯგუფი ჩაიყვანა.

მაშინ, როცა ქვეყანაში ომის დაწყების საშიშროება არსებობდა, იეჰოვას მოწმეები ხალხს იწვევდნენ საჯარო მოხსენების მოსასმენად, სახელწოდებით „გლობალური ომი ახლოსაა“. ფრედ პეიტონი ყვება: „არასდროს მინახავს, რომ დარბაზი ასე მალე შევსებულიყოს. როდესაც შენობაში შესასვლელი კარები გავაღე, ხალხი მოაწყდა დარბაზს და კიბეებზე ნაკადი არ წყდებოდა. ათი წუთიც არ იყო გასული, როცა 1000-ზე მეტმა კაცმა მოიყარა თავი 850-ადგილიან დარბაზში“. ფრანკ დიუარი კი იხსენებს: „ჩვენ შესასვლელი კარების დაკეტვა მოგვიწია, გარეთ კიდევ 1000 კაცი იდგა. მაგრამ ზოგიერთმა მოხერხებულმა ახალგაზრდამ გვერდითა პატარა კარიდან მოახერხა დარბაზში შემოსვლა“.

ძმები არა მხოლოდ იმან აღაფრთოვანა, თუ რამხელა ინტერესი გამოიწვია ამ საჯარო მოხსენებამ, არამედ დამსწრე საზოგადოების მრავალფეროვნებამაც, რომელთა შორის არაერთი ადგილობრივი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი იყო. მანამდე ადგილობრივი ხალხიდან ძალიან ცოტა თუ იჩენდა ინტერესს ჭეშმარიტების მიმართ, რადგან მათი უმეტესობა თავგამოდებული ბუდისტი იყო. ამ ადგილობრივ ხალხს შორის ნომინალური ქრისტიანებიც იყვნენ (უმეტესობა მიეკუთვნებოდა ეთნიკურ ჯგუფებს: კაია, კარენი, კაჩინი და ჩინი) და ისეთ დაშორებულ ტერიტორიებზე ცხოვრობდნენ, სადამდეც სასიხარულო ცნობა ვერ აღწევდა. როგორც ჩანდა, ადგილობრივი ველი მზად იყო მოსამკელად. მალე ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებ მრავალეროვან „უამრავ ხალხში“ ბირმის ბევრი ადგილობრივი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელიც შევიდა (გამოცხ. 7:9).

პირველი კაია მოწაფეები

პირველი კაია მოწაფეები, მარცხნივ ჩუ მაი (დეიზი) და მარჯვნივ ჰნინ მაი (ლილია)

1940 წელს პიონერი რუბი გოფი ქადაგებდა იანგონის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქ ინსეინში. ერთ დღეს, როცა მას თითქმის არავინ მოუსმინა, ილოცა: «იეჰოვა, გთხოვ, სანამ სახლში წავალ, ერთი „ცხვარი“ მაინც მაპოვნინე». ის პირველივე კართან შეხვდა ჰმვე ჯინგს, ბაპტისტს, რომელიც კაია ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი იყო. მან სიამოვნებით მოისმინა სამეფოს შესახებ ცნობა. მალე ჰმვე ჯინგმა და მისმა ქალიშვილებმა, ჩუ მაიმ (დეიზი) და ჰნინ მაიმ (ლილია), დაიწყეს ბიბლიის შესწავლა და სულიერად გაიზარდნენ. თუმცა, ჰმვე ჯინგი მალე გარდაიცვალა, ლილია, მისი უმცროსი ქალიშვილი, კაია ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებს შორის პირველი იეჰოვას მოწმე გახდა. მოგვიანებით დეიზიც მოინათლა.

ლილიამ და დეიზიმ სრული დროით მსახურება დაიწყეს და დიდი სულიერი მემკვიდრეობა დატოვეს. დღეს ასობით მათი სულიერი შვილი თუ სისხლით ნათესავი მიანმასა თუ მის ფარგლებს გარეთ იეჰოვას ემსახურება.

სირთულეები მეორე მსოფლიო ომის დროს

1939 წელს ევროპაში მეორე მსოფლიო ომმა იფეთქა და მთელი მსოფლიო შეძრა. რაც უფრო გადამწყვეტ ფაზაში შედიოდა ომი, მით უფრო დიდ ზეწოლას ახდენდა ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება კოლონიურ მთავრობაზე, რომ აეკრძალა ჩვენი ლიტერატურა. ამის საპასუხოდ, მიკ ენგელმა, რომელსაც იანგონში ლიტერატურის საწყობი ებარა, შეერთებული შტატების ოფიციალურ წარმომადგენელს მიმართა თხოვნით, რომლისგანაც მიიღო წერილობითი ნებართვა, რომ სამხედრო სატვირთო მანქანებით დაახლოებით ორი ტონა ლიტერატურა ჩინეთში გადაეტანა.

ფრედ პეიტონმა და ჰექტორ ოუტსმა ლაშიოში, ჩინეთის საზღვართან მდებარე პატარა ქალაქში, მატარებლით ჩაიტანეს ლიტერატურა. როდესაც ისინი შეხვდნენ თანამდებობის პირს, რომელიც ჩინეთში გადასატანი ტვირთის ტრანსპორტირებაზე იყო პასუხისმგებელი, იგი ძალიან გაბრაზდა. „რაა? — იყვირა განრისხებულმა. — როგორ ჩაგალაგებინოთ თქვენი ფარატინა ქაღალდები სატვირთო ავტომობილში, როცა სამხედრო აღჭურვილობა და მედიკამენტები ღია ცის ქვეშ მილპება?“ ფრედი წამიერად შეყოვნდა, შემდეგ პორტფელიდან საბუთი ამოიღო, რომელიც ტვირთის გადატანის ნებას აძლევდა. მან ეს საბუთი გამცილებელს უჩვენა და გააფრთხილა, რომ ძვირად დაუჯდებოდა, თუ იანგონიდან მიღებულ ბრძანებას არ დაემორჩილებოდა. გამცილებელი იძულებული გახდა, ძმებისთვის პატარა ზომის სატვირთო ავტომობილი გამოეყო თავისი მძღოლითურთ. მათ დაახლოებით 2 400 კილომეტრი გაიარეს ცენტრალური ჩინეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ჩუნცინამდე (დღევანდელი ჩონკინგი), სადაც ეს ძვირფასი ლიტერატურა გაავრცელეს და პირადად უქადაგეს ჩინეთის ნაციონალისტური მთავრობის ხელმძღვანელს, ჩან კაიშს.

როდესაც სახელმწიფო მოხელეების საწყობში მივიდნენ, ის ცარიელი დახვდათ

1941 წლის მაისში ინდოეთის კოლონიურმა მთავრობამ ტელეგრამა გაუგზავნა იანგონს და ხელისუფლების ადგილობრივ წარმომადგენლებს უბრძანა, რომ ჩვენი ლიტერატურის კონფისკაცია მოეხდინათ. ორმა ძმამ, რომლებიც ფოსტაში მუშაობდნენ, ნახა ეს ტელეგრამა და სასწრაფოდ მიკ ენგელს აცნობა. მიკმა ლილიასა და დეიზის შეატყობინა, დაუყოვნებლივ მისულიყვნენ საწყობში, სადაც ლიტერატურით სავსე 40 ყუთი იყო დარჩენილი. მან დაავალა მათ, რომ ეს ყუთები იანგონში მცხოვრები მოწმეების სახლებში გადაემალათ. როდესაც სახელმწიფო მოხელეები საწყობში მივიდნენ, ის ცარიელი დახვდათ.

1941 წლის 11 დეკემბერს, იაპონელების მიერ პერლ-ჰარბორზე განხორციელებული თავდასხმიდან ოთხი დღის შემდეგ, იაპონელებმა ბირმის დაბომბვა დაიწყეს. იმ შაბათ-კვირას იანგონის ცენტრალური რკინიგზის სადგურის თავზე მდებარე ბინაში იეჰოვას მოწმეების პატარა ჯგუფი შეიკრიბა. შესაბამისი თემის წაკითხვის შემდეგ ლილია აბაზანაში მოინათლა.

დაახლოებით სამი თვის შემდეგ იანგონში იაპონიის ჯარები შეიჭრნენ. მათ ქალაქი დაცლილი დახვდათ. ასი ათასზე მეტმა ადამიანმა ინდოეთს შეაფარა თავი. ათასობით ადამიანი გზაში დაუძლურდა — ბევრი მათგანი ავადმყოფობამ და შიმშილმა იმსხვერპლა. სიდნი კიუტი, რომელიც თავის ოჯახთან ერთად გაიქცა, ინდოეთის საზღვართან ცერებრალური მალარიით დაიღუპა. ერთი ძმა იაპონელმა ჯარისკაცებმა დახვრიტეს, მეორეს კი ცოლი და სხვა ოჯახის წევრები მაშინ დაეღუპა, როცა მისი სახლი დაბომბეს.

ბირმაში ძალიან ცოტა იეჰოვას მოწმე დარჩა. ლილია და დეიზი მანდალაის სიახლოვეს მთაზე შეფენილ ქალაქ პინ-ო-ლვინში (მემიო) გადავიდნენ, სადაც ჭეშმარიტების თესლი დათესეს, რომელმაც ნაყოფი მოგვიანებით გამოიღო. სირილ გეი კი თაიარვადში, იანგონის ჩრდილოეთით 100 კილომეტრში მდებარე სოფელში დასახლდა, სადაც უსაფრთხოდ ცხოვრობდა ფრონტის ხაზიდან მოშორებით.

სასიხარულო შეხვედრა

როდესაც ომი დამთავრდა, და-ძმების უმეტესობამ, რომლებმაც ინდოეთს შეაფარეს თავი, ბირმაში დაიწყეს დაბრუნება. 1946 წლის აპრილში იანგონის კრებაში 8 აქტიური მაუწყებელი იყო. ამავე წლის ბოლოს, როცა კრების მაუწყებელთა რიცხვმა 24-ს მიაღწია, ძმებმა კონგრესის ჩატარება გადაწყვიტეს.

კონგრესის ორდღიანი პროგრამა ინსეინის ერთ-ერთ სკოლაში ჩატარდა. „როდესაც ინდოეთიდან დავბრუნდი, მითხრეს, რომ ერთსაათიანი მოხსენება უნდა წამეკითხა, — იხსენებს თეო სირიოპულოსი, რომელმაც ჭეშმარიტება 1932 წელს იანგონში გაიგო.  — მანამდე მხოლოდ ორი ხუთწუთიანი მოხსენებით ვიყავი გამოსული კრების შეხვედრებზე ინდოეთში. თუმცა, კონგრესის პროგრამამ, რომელსაც 100-ზე მეტი ადამიანი დაესწრო, კარგად ჩაიარა“.

რამდენიმე კვირის შემდეგ კაია ეთნიკური ჯგუფის ერთ-ერთმა ლიდერმა, რომელიც ჭეშმარიტებით დაინტერესდა, კრებას მიწის ნაკვეთი დაუთმო ქალაქ იანგონის ცენტრთან ახლოს, მდინარისპირა უბან ალოუნში. იქ ძმებმა ბამბუკისგან ააგეს სამეფო დარბაზი, რომელიც დაახლოებით ას კაცს იტევდა. ამან ყველა ძალიან გაახარა. და-ძმებმა ომის ქარცეცხლი გამოიარეს და მტკიცე რწმენა შეინარჩუნეს. ისინი მზად იყვნენ, ენთუზიაზმით გაეგრძელებინათ ქადაგება.

ქვეყანაში პირველად ჩადიან „გალაადის“ კურსდამთავრებულები

1947 წლის დასაწყისში იანგონის პორტში ძმები სიხარულით დახვდნენ „გალაადის“ კურსდამთავრებულ პირველ მისიონერს, რობერტ კირკს, რომელიც ბირმაში ჩავიდა. მალე ქვეყანაში კიდევ სამი მისიონერი — ნორმან ბარბერი, რობერტ რიჩარდზი და ჰუბერტ სმედშტადი — ჩავიდა. მათ შეუერთდა ფრანკ დიუარი, რომელიც ომის დროს ინდოეთში მსახურობდა პიონერად.

მისიონერებს ქალაქი ომისგან გაპარტახებული დახვდათ. შენობათა უმეტესობა ნახევრად დამწვარი იყო. ათასობით ადამიანი გზის პირას ჩამწკრივებულ ბამბუკის ქოხმახებში ცხოვრობდა. ხალხი საკვებს ქუჩაში ამზადებდა, სარეცხსაც ქუჩაში რეცხავდა და ქუჩაშივე ცხოვრობდა. თუმცა, მისიონერები, რომლებიც ხალხისთვის ბიბლიური ჭეშმარიტების სასწავლებლად ჩავიდნენ, შეეგუენ იქაურ პირობებს და მთელი გულით შეუდგნენ მსახურებას.

1947 წლის 1 სექტემბერს საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ფილიალმა ქალაქის ცენტრთან ახლოს, სიგნალ-პაგოდას ქუჩაზე მისიონერთა სახლში დაიწყო ფუნქციონირება. ფილიალის ზედამხედველად რობერტ კირკი დაინიშნა. მალე იანგონის კრება ალოუნში მდებარე ბამბუკით ნაგები სამეფო დარბაზიდან ბოგალაი-ზაის ქუჩაზე, მრავალსართულიანი სახლის ერთ-ერთ ბინაში გადავიდა. დარბაზიდან ორი წუთის სავალზე მდებარეობდა მთავრობის სახლი, შთამბეჭდავი შენობა, სადაც ბრიტანეთის კოლონიური მთავრობა იყო განთავსებული, რომელსაც არსებობის დღეები დათვლილი ჰქონდა.

სამოქალაქო ომი

1948 წლის 4 იანვარს ბრიტანეთის კოლონიურმა მთავრობამ ხელისუფლება ბირმის ახალ მთავრობას გადაულოცა. 60-წლიანი კოლონიური მმართველობის შემდეგ ბირმამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მაგრამ იქ სამოქალაქო ომმა იფეთქა.

[სქემა 100 გვერდზე]

სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს ქვეყნისგან გამოყოფა და დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჩამოყალიბება სურდათ. კერძო შეიარაღებული შენაერთები და ბოროტმოქმედთა ბანდები ინაწილებდნენ ტერიტორიებს, რომელთაც თავიანთი გავლენის ქვეშ აქცევდნენ. 1949 წლის დასაწყისში ამბოხებულები ქვეყნის უმეტეს ნაწილს აკონტროლებდნენ. იანგონის შემოგარენში შეიარაღებული დაპირისპირებები დაიწყო.

როდესაც ასეთმა შეტაკებებმა პერმანენტული ხასიათი მიიღო, ძმებმა დიდი სიფრთხილით დაიწყეს ქადაგება. ფილიალი სიგნალ-პაგოდას ქუჩაზე მდებარე მისიონერთა სახლიდან 39-ე ქუჩაზე, მრავალსართულიანი შენობის ერთ-ერთ ბინაში გადავიდა. ეს ადგილი გაცილებით უსაფრთხო იყო, რადგან ამ შენობაში განთავსებული იყო რამდენიმე საელჩო და ცენტრალური ფოსტის შენობიდან, სულ რაღაც, სამი წუთის სავალზე მდებარეობდა.

ვინაიდან ბირმის ჯარი ნელ-ნელა იკრებდა ძალას, ამბოხებულებმა მთებს შეაფარეს თავი. 50-იანი წლების შუა ხანებში მთავრობამ ქვეყნის უდიდესი ნაწილის გაკონტროლება შეძლო. თუმცა, სამოქალაქო ომის დასასრულს ჯერ კიდევ არ უჩანდა ბოლო. ქვეყანაში, მეტ-ნაკლები სიმწვავით, ასეთი მდგომარეობა დღემდე ნარჩუნდება.

ქადაგება ბირმულ ენაზე

50-იანი წლების შუა პერიოდამდე ბირმაში ძმები, ძირითადად, ინგლისურ ენაზე ქადაგებდნენ. ამ ენაზე მხოლოდ დიდ ქალაქებში მცხოვრები საზოგადოების განათლებული ფენა საუბრობდა. მილიონობით ადამიანი მხოლოდ ბირმულ, კაია, კაჩინ, ჩინ და სხვა ადგილობრივ ენებზე ლაპარაკობდა. ვის უნდა ექადაგა სასიხარულო ცნობა მათთვის?

1934 წელს სიდნი კიუტმა სთხოვა კაია ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელ სკოლის ერთ-ერთ მასწავლებელს, რამდენიმე ბროშურა ბირმულ და კაია ენებზე ეთარგმნა. მოგვიანებით რამდენიმე მაუწყებელმა ბირმულად თარგმნა წიგნი „დაე, მართალი იყოს ღმერთი“ და კიდევ რამდენიმე ბროშურა. 1950 წელს კი რობერტ კირკმა ბა უს სთხოვა, რომ „საგუშაგო კოშკის“ სასწავლო სტატიები ბირმულ ენაზე ეთარგმნა. ხელნაწერ ტექსტს საბეჭდ მანქანაზე კრეფდნენ და იანგონის კომერციულ სტამბებში ბეჭდავდნენ. დაბეჭდილ ლიტერატურას ძმები მათ ურიგებდნენ, ვინც კრების შეხვედრებს ესწრებოდა. მოგვიანებით ძმებმა შეიძინეს საბეჭდი მანქანა, რომელსაც ბირმული შრიფტი ჰქონდა, რამაც დააჩქარა თარგმნის პროცესი.

ბა უ (მარცხნივ) თარგმნიდა „საგუშაგო კოშკის“ სასწავლო სტატიებს ბირმულ ენაზე

პირველ მთარგმნელებს არაერთ სირთულესთან უწევდათ ჭიდილი. „დღე ვმუშაობდი, რომ ოჯახი მერჩინა, ღამღამობით კი მბჟუტავ ნათურის შუქზე ვთარგმნიდი სტატიებს, — იხსენებს ნაიგარ პო ჰანი, რომელმაც გააგრძელა ლიტერატურის თარგმნა მას შემდეგ, რაც ბა უმ ვეღარ შეძლო ამ საქმის შესრულება. — ინგლისური ცუდად ვიცოდი და ამიტომ, ნათარგმნ ტექსტშიც ბევრი უზუსტობა იყო. მაგრამ ძალიან გვსურდა, ჩვენი ჟურნალების წყალობით რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაეგო სასიხარულო ცნობა“. როდესაც რობერტ კირკმა დორის რაჯს სთხოვა, ეთარგმნა „საგუშაგო კოშკი“ ბირმულ ენაზე, ის იმდენად აღელდა, რომ ატირდა. „მხოლოდ ზოგადი განათლება მქონდა მიღებული და თარგმნის არანაირი გამოცდილება არ გამაჩნდა, — იხსენებს დორისი. — მიუხედავად ამისა, ძმა კირკმა გამამხნევა და მითხრა, რომ მაინც მეცადა. ლოცვით მივმართე იეჰოვას და თარგმნას შევუდექი“. თითქმის უკვე 50 წელია, რაც დორისი იანგონის ბეთელში მთარგმნელობით განყოფილებაში მსახურობს. ნაიგარ პო ჰანიც, რომელიც 93 წლისაა, ბეთელში მსახურობს და უწინდებურად მოშურნეობას იჩენს ღვთის საქმეში.

1956 წელს იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარი სამმართველოდან ნეითან ნორი ჩავიდა ბირმაში და და-ძმებს ახარა, რომ ბირმულ ენაზე „საგუშაგო კოშკი“ გამოიცა. მან ასევე მისიონერებს მოუწოდა, ესწავლათ ბირმული ენა, რათა მეტ ადამიანს დახმარებოდნენ. ძმა ნორის მიერ გამხნევებული მისიონერები მეტი გულმოდგინებით შეუდგნენ ბირმული ენის შესწავლას. მომდევნო წელს ბირმას მსოფლიო მთავარი სამმართველოდან კიდევ ერთი სტუმარი, ფრედერიკ ფრენცი, ეწვია. ის იყო მთავარი მომხსენებელი ხუთდღიან კონგრესზე, რომელიც იანგონში, რკინიგზის ინსტიტუტის დარბაზში, ჩატარდა. ფრედერიკ ფრენცმა პასუხისმგებელ ძმებს მოუწოდა, რომ დიდსა თუ პატარა ქალაქებში პიონერები გაეგზავნათ და ამგვარად სამქადაგებლო საქმიანობა გაეფართოებინათ. თავდაპირველად პიონერები ბირმის ყოფილ დედაქალაქსა და სიდიდით მეორე ქალაქ მანდალაიში ჩავიდნენ და წარმატებით იქადაგეს.

ნაყოფიერი მსახურება მანდალაიში

1957 წლის დასაწყისში მანდალაიში ექვსი სპეციალური პიონერი ჩავიდა. მათ იქ დახვდა ახალდაქორწინებული წყვილი, რობერტ რიჩარდზი და მისი მეუღლე, ბეიბი, რომელიც კაია ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი იყო. პიონერებმა დაინახეს, რომ ამ ქალაქში საკმაოდ რთული იყო ქადაგება. მანდალაი ბუდიზმის ცენტრია, სადაც ბირმელი ბუდისტი ბერების ნახევარზე მეტი ცხოვრობს. მიუხედავად ამისა, პიონერებმა ისიც დაინახეს, რომ როგორც უძველეს კორინთში, იეჰოვას „ამ ქალაქშიც ბევრი ხალხი“ ჰყავდა (საქ. 18:10).

21 წლის სტუდენტი, რობინ ზაუჯა, რომელიც კაჩინთა ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნებოდა, ერთ-ერთი იყო, ვინც ჭეშმარიტებით დაინტერესდა. ის იხსენებს: „ერთ სისხამ დილით იეჰოვას მოწმეები, რობერტ და ბეიბი რიჩარდზები, მესტუმრნენ. მათ მითხრეს, რომ იესოს მითითებისამებრ კარდაკარ ქადაგებდნენ სასიხარულო ცნობას (მათ. 10:11—13). მათ ბიბლიური ცნობა გამიზიარეს და თავისი მისამართი მომცეს რამდენიმე ჟურნალთან და წიგნთან ერთად. საღამოს ერთი წიგნი ავიღე და თავიდან ბოლომდე წავიკითხე; მთელი ღამე ვკითხულობდი, სანამ თავზე არ დამათენდა. იმ დღესვე მივედი რობერტის სახლში და კითხვები დავაყარე; რამდენიმე საათი ვისაუბრეთ. მან ყველა ჩემს კითხვას ბიბლიიდან უპასუხა“. მალე რობინ ზაუჯამ ჭეშმარიტება მიიღო. ის კაჩინთა შორის პირველი იყო, ვინც იეჰოვას მოწმე გახდა. რობინი წლების მანძილზე სპეციალურ პიონერად მსახურობდა ჩრდილოეთ ბირმაში; ის დაახლოებით ას ადამიანს დაეხმარა ჭეშმარიტების გაგებაში. ამჟამად მისი ორი შვილი იანგონის ბეთელში მსახურობს.

კიდევ ერთი გულმოდგინე ბიბლიის შემსწავლელი იყო 17 წლის პრამილა გალიარა, რომელმაც ჭეშმარიტება იანგონში გაიგო. „მამაჩემი, რომელიც ჯაინიზმის მიმდევარია, ძალიან მეწინააღმდეგებოდა ახალშეძენილი რწმენის გამო, — ამბობს პრამილა. — მან ორჯერ დამიწვა ბიბლია და ბიბლიური ლიტერატურა და რამდენჯერმე სახალხოდ მცემა; სახლშიც გამომკეტა, რომ ვერ წავსულიყავი ქრისტიანული კრების შეხვედრებზე და იმითაც დამემუქრა, რომ ძმა რიჩარდზის სახლს გადაწვავდა. მაგრამ, როდესაც დაინახა, რომ ვერ შემირყია რწმენა, დროთა განმავლობაში შეწყვიტა წინააღმდეგობის გაწევა“. პრამილამ უნივერსიტეტში სწავლას თავი დაანება, მოშურნე პიონერი გახდა და მოგვიანებით სარაიონო ზედამხედველს, დანსტენ ო’ნილს, გაჰყვა ცოლად. მას შემდეგ ის 45 ადამიანს დაეხმარა, ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები გამხდარიყვნენ.

ვინაიდან სამქადაგებლო საქმიანობამ მანდალაიში წინ წაიწია, ფილიალმა გაგზავნა მისიონერები და პიონერები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ქალაქებში — პათეინში (ბასეინი), კალაიმიოში, ბჰამოში, მიიჩინაში, მოლამიაინსა და მიეიკში (მერგი). აშკარაა, რომ იეჰოვამ აკურთხა ამ და-ძმების მიერ წამოწყებული საქმე, რადგან ამ ქალაქებში ძლიერი კრებები ჩამოყალიბდა.

მისიონერებს ქვეყნიდან აძევებენ

იმ დროს, როცა ქვეყანაში სამქადაგებლო საქმიანობა დიდ მასშტაბებს აღწევდა, პოლიტიკურ თუ ეთნიკურ ნიადაგზე არსებული დაპირისპირებები კიდევ უფრო მწვავდებოდა. საბოლოოდ, 1962 წლის მარტში, შეიარაღებულმა ძალებმა დაამხო მთავრობა. ასობით ათასი ინდოელი და ანგლო-ინდოელი აიძულეს, დაეტოვებინათ ქვეყანა და ინდოეთსა და ბანგლადეშში (მაშინდელი აღმოსავლეთი პაკისტანი) გადაასახლეს. ქვეყანაში უცხოელებს მხოლოდ 24-საათიანი ვიზის მიღება შეეძლოთ. ბირმამ „ცხვირწინ მიუკეტა კარი“ მთელ მსოფლიოს.

ძმები თვალყურს ადევნებდნენ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და უფრო და უფრო აღელვებდათ შექმნილი მდგომარეობა. სამხედრო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ყველას ექნებოდა რელიგიური თავისუფლება იმ პირობით, თუ რელიგიები არ ჩაერეოდნენ პოლიტიკაში. მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ქრისტიანული სამყაროს მისიონერები კვლავაც ერეოდნენ პოლიტიკაში. ბოლოს, 1966 წლის მაისში, ხელისუფლებას მოთმინების ფიალა აევსო და გამოსცა ბრძანება, რომ ყველა უცხოელ მისიონერს დაეტოვებინა ქვეყანა. მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვას მოწმე მისიონერები მკვეთრად ემიჯნებოდნენ პოლიტიკას, ეს ბრძანება მათზეც ვრცელდებოდა და მალე მათაც დაატოვებინებდნენ ქვეყანას.

ადგილობრივ ძმებს თავზარი დაეცათ, მაგრამ სიმტკიცე არ დაუკარგავთ. ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ იეჰოვა ღმერთი მათ გვერდით იყო (კან. 31:6). და მაინც, ზოგი ძმა საგონებელში იყო ჩავარდნილი, როგორ გაგრძელდებოდა სამეფოს შესახებ ქადაგება.

მალე ცხადი გახდა, რომ იეჰოვა კვლავაც ხელმძღვანელობდა თავის ხალხს. ყოფილი სარაიონო ზედამხედველი, მორის რაჯი, რომელმაც მომზადების კურსი გაიარა ფილიალში, სასწრაფოდ დაინიშნა ფილიალის ზედამხედველად. მიუხედავად იმისა, რომ იგი წარმოშობით ინდოელი იყო, დეპორტირებულთა შორის არ მოხვედრილა. ის იხსენებს: «რამდენიმე წლით ადრე, როცა მიანმას მოქალაქეობაზე განცხადება შევიტანე, პირადობის მოწმობის ასაღებად 450 კიატიd დამაკლდა. გადავწყვიტე, ცოტა მომეცადა. ერთხელ იმ ოფისს ჩავუარე, სადაც წლების წინ ვმუშაობდი. ჩემმა ყოფილმა უფროსმა დამინახა და დამიძახა: „გამარჯობა, რაჯ! მოდი, შენი ფული წაიღე! სამსახურიდან რომ წახვედი, ფული ასაღები დაგრჩა“. თანხა ზუსტად 450 კიატს შეადგენდა.

გზაში იმაზე დავიწყე ფიქრი, თუ რისი ყიდვა შემეძლო 450 კიატად. ვინაიდან ეს თანხა ზუსტად იმდენი იყო, რამდენიც პირადობის მოწმობის ასაღებად მჭირდებოდა, მივხვდი, რომ იეჰოვას ნება იყო, მოწმობა ამეღო. ამაზე უკეთეს გადაწყვეტილებას ვერ მივიღებდი, რადგან როგორც მიანმას მოქალაქეს, შემეძლო ქვეყანაში დავრჩენილიყავი, თავისუფლად გადავაადგილებულიყავი, ლიტერატურა შემეტანა და მიანმაში სამქადაგებლო მსახურებასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საქმეები შემესრულებინა».

მორის რაჯმა და დანსტენ ო’ნილმა დაგეგმეს, რომ ქვეყნის მასშტაბით თითოეული კრება თუ დაშორებული ჯგუფი მოენახულებინათ და გაემხნევებინათ. «ჩვენ ძმებს ვეუბნებოდით: „ნუ წუხხართ. იეჰოვა ჩვენთანაა! თუ მისი ერთგულები ვიქნებით, ის აუცილებლად დაგვეხმარება“, — იხსენებს მორისი. — იეჰოვა მართლაც გვეხმარებოდა! ბევრი სპეციალური პიონერი დაინიშნა და სამქადაგებლო საქმიანობა კიდევ უფრო მასშტაბური გახდა».

დღეს, დაახლოებით 46 წლის შემდეგ, მორისი, რომელიც ფილიალის კომიტეტის წევრია, კვლავ ინახულებს და ამხნევებს კრებებს მთელ მიანმაში. ხანდაზმული ქალებ იეფუნეს ძის მსგავსად, მას ღვთის საქმეში მოშურნეობა დღემდე არ განელებია (იეს. 14:11).

სასიხარულო ცნობამ ჩინის ოლქამდეც მიაღწია

[რუკა 111 გვერდზე]

ერთ-ერთი პირველი ოლქი, სადაც სპეციალური პიონერები დანიშნეს, იყო ჩინის ოლქი, მთიანი რეგიონი, რომელსაც ბანგლადეში და ინდოეთი ესაზღვრება. აქ ბევრი ნომინალური ქრისტიანი ცხოვრობს. ისინი მაშინ გახდნენ ქრისტიანები, როცა იქ, ბრიტანეთის კოლონიური მთავრობის მმართველობის დროს, ბაპტისტებმა იქადაგეს. ამიტომ, ჩინის ოლქის მცხოვრებნი მეტად აფასებდნენ ბიბლიას და ბიბლიის მასწავლებლებს.

1966 წლის ბოლოს ყოფილი ჯარისკაცი, ლალ ჩანა, რომელიც სპეციალური პიონერი გახდა, ჩავიდა ფალანში, იმ დროს ჩინის ოლქის ყველაზე დიდ ქალაქში. იქ მას შეუერთდნენ დანსტენ და პრამილა ო’ნილები და თან ტუმი, კიდევ ერთი ყოფილი ჯარისკაცი, რომელიც არც ისე დიდი ხნის მონათლული იყო. ამ სულით ანთებულმა მქადაგებლებმა რამდენიმე ოჯახი დააინტერესეს და მალე პატარა, მაგრამ აქტიური კრება ჩამოაყალიბეს.

მომდევნო წელს თან ტუმი გადავიდა ჰაკჰაში, ფალანის სამხრეთით მდებარე ქალაქში, სადაც პიონერად მსახურება დაიწყო და პატარა ჯგუფი ჩამოაყალიბა. მოგვიანებით მან მთელ ჩინის ოლქში იქადაგა და ძმებს დაეხმარა, ჩამოეყალიბებინათ კრებები ვანჰნაში, სურკჰუაში, განგოუსა და სხვა მხარეებში. დღეს, 45 წლის შემდეგ, თან ტუმი კვლავ აქტიურად მსახურობს სპეციალურ პიონერად თავის მშობლიურ სოფელ ვანჰნაში.

როდესაც თან ტუმმა დატოვა ჰაკჰა, მისი საქმე 20 წლის დონალდ დიუარმა, სპეციალურმა პიონერმა, გააგრძელა. რადგან დონალდის მშობლები, ფრანკი და ლილია (ქალიშვილობის გვარი მაი) დიუარები, ცოტა ხნით ადრე დეპორტირებულთა შორის აღმოჩნდნენ, დონალდს თავისი 18 წლის ძმა, სამუელი, შეუერთდა მსახურებაში. «ჩვენ ვცხოვრობდით პატარა თუნუქის ქოხში, სადაც ზაფხულში სიცხისგან ვიწვოდით, ზამთარში კი სიცივისგან ვიყინებოდით, — ამბობს დონალდი. — მაგრამ მივხვდი, რომ გაცილებით რთული იყო მარტო ყოფნა. გამუდმებით მარტო ვმსახურობდი და თან ძლივს ვლაპარაკობდი ადგილობრივ ენაზე, ჰაკჰა ჩინზე. კრების შეხვედრებს მხოლოდ მე, სამუელი და ერთი-ორი მაუწყებელი თუ ვესწრებოდით, რამაც გული გამიტეხა. იმასაც კი ვფიქრობდი, რომ მიმეტოვებინა მსახურება.

სწორედ ამ დროს „წელიწდეულში“ წავიკითხე, როგორ გადაიტანეს მალავიში ძმებმა საშინელი დევნა და ერთგულები დარჩნენ.e მაშინ საკუთარ თავს ვკითხე: „თუ მარტოობას ვერ ვუძლებ, დევნას როგორღა გადავიტან?“ ლოცვაში ღმერთს გული გადმოვუღვარე და შვება ვიგრძენი. ძალა შემმატა ბიბლიისა და „საგუშაგო კოშკის“ სტატიების კითხვამ და წაკითხულზე დაფიქრებამ. როდესაც მოულოდნელად მორის რაჯი და დანსტენ ო’ნილი მესტუმრნენ, ისე გამიკვირდა, რომ მეგონა ორი ანგელოზი გამომეცხადა! ნელ-ნელა დამიბრუნდა სიხარული».

მოგვიანებით, როცა მიმომსვლელ ზედამხედველად მსახურობდა, დონალდი თავის გამოცდილებას უზიარებდა დაშორებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოწმეებს და ამგვარად ამხნევებდა მათ. მისმა მსახურებამ ჰაკჰაში ნაყოფი გამოიღო. დღეს იქ ძლიერი კრებაა და რეგულარულად იმართება სარაიონო თუ საოლქო კონგრესები. მაუწყებლები, ჯონსონ ლალ ვონგი და დანიელ სანგ კარი, რომლებიც ჰაკჰაში ესწრებოდნენ კრების შეხვედრებს, სპეციალური პიონერები გახდნენ და თითქმის მთელ ჩინის ოლქში იქადაგეს სასიხარულო ცნობა.

მთებში სიარული

ჩინის ოლქი ზღვის დონიდან 900—1 800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, სადაც ზოგიერთი მწვერვალის სიმაღლე 3 000 მეტრს აღწევს. მთების უმეტესობა უღრანი ტყეებით არის დაფარული, სადაც მრავლად ხარობს უზარმაზარი ტექტონები, ტანკენარი წიწვოვნები, მრავალფერი როდოდენდრონები და იშვიათი სილამაზის ორქიდეები. ამ მხარეში ბუნებას არსად ატყვია ადამიანის ხელი. ის უწინდებურად გოროზი და ძნელად დასალაშქრია. ქალაქები ერთმანეთთან მიხვეულ-მოხვეული მტვრიანი გზებითაა დაკავშირებული, სადაც ხშირია მეწყერი და ნაწვიმარზე ფაქტიურად შეუძლებელი ხდება გავლა. ბევრ სოფლამდე მისვლა მხოლოდ ფეხითაა შესაძლებელი. თუმცა, ამ დაბრკოლებებს იეჰოვას მსახურები არ უშინდებიან. მათ მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, სასიხარულო ცნობა რაც შეიძლება მეტ ადამიანს უქადაგონ.

სარაიონო ზედამხედველის მეუღლე, აი აი თიტი, რომელიც ქმართან ერთად ჩინის ოლქში მიმოსვლით მსახურებას ეწეოდა, იხსენებს: „ირავადის დელტის დაბლობზე გავიზარდე და ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ჩინის მთებმა. პირველი მთის წვერზე, შეიძლება ითქვას, სულმოუთქმელად ავედი, მაგრამ რამდენიმე მთის დალაშქვრის შემდეგ ისე დავიქანცე, მეგონა, ვკვდებოდი. საბოლოოდ ვისწავლე, როგორ მევლო ნელა და ძალა დამეზოგა. მალე დღეში 32 კილომეტრს გავდიოდი და ასე გრძელდებოდა ექვსი ან მეტი დღის განმავლობაში“.

მარცხნივ: მატუპის კრების წევრები ჰაკჰაში გამართულ ქრისტიანულ კონგრესებზე დასასწრებად 270 კილომეტრს გადიოდნენ ფეხით

წლების მანძილზე ძმები ჩინის ოლქში გადაადგილებისთვის სხვადასხვა საშუალებას იყენებდნენ. ისინი გადაადგილდებოდნენ ჯორით, ცხენით, ველოსიპედით, ბოლო წლებში კი — მოტოციკლით, სამგზავრო ფურგონითა თუ სხვა სახის ოთხთვალა ტრანსპორტით. მაგრამ, ძირითადად, მაინც ფეხით დადიან. მაგალითად, ისეთ სოფლებამდე მისაღწევად, რომლებიც ქალაქ მატუპისთან მდებარეობს, სპეციალურ პიონერებს, კიავ ვინსა და დეივიდ ზამას, არაერთი კილომეტრის ფეხით გავლა უწევდათ მთებში. მატუპის კრების წევრები ჰაკჰაში გამართულ ქრისტიანულ კონგრესებზე დასასწრებად 270 კილომეტრს გადიოდნენ ფეხით, რასაც 6-8 დღეს ანდომებდნენ. სწორედ ამდენივე დღე სჭირდებოდათ უკან დასაბრუნებლად. გზად ისინი სამეფოს სიმღერებს მღეროდნენ, თვალწარმტაცი მთები კი ბანს აძლევდნენ.

გზა დამქანცველი არა მხოლოდ მთის ცივი კლიმატის გამო იყო, არამედ კოღოებისა და ყველანაირი მწერისა თუ ქვეწარმავლის სიუხვის გამოც, რომლებიც განსაკუთრებით წვიმიან სეზონზე მრავლდებოდნენ. „როცა ტყეში მივიკვლევდი გზას, ვხედავდი, როგორ მაცოცდებოდნენ ფეხებზე წურბელები, — იხსენებს სარაიონო ზედამხედველი, მინ ლვინი. — ერთს რომ ვიცილებდი, ორი მაცოცდებოდა. ერთხელ წაქცეულ ხეზე ავხტი, მაგრამ წურბელებმა იქაც მომაგნეს. შეშინებული გავრბოდი ტყეში. როდესაც გზამდე მივაღწიე, ფეხებზე წურბელები მასხდნენ“.

მარჯვნივ: საოლქო ზედამხედველი გუმჯა ნო და მისი მეუღლე ნან ლუ ჩინის მთიან ოლქში კრებებს ინახულებდნენ

ჩინის ოლქში მოგზაურებს მხოლოდ წურბელები არ უქმნიდნენ სირთულეებს. მიანმას ტყეებში ბინადრობენ ველური ტახები, დათვები, ჯიქები, ვეფხვები; ზოგიერთი წყაროს თანახმად, მსოფლიოში ყველაზე მეტი სახეობის შხამიანი გველი სწორედ აქაა. როდესაც საოლქო ზედამხედველი გუმჯა ნო და მისი მეუღლე ნან ლუ ჩინის ოლქში ერთი კრებიდან მეორე კრების მოსანახულებლად მიდიოდნენ, ღამღამობით თავიანთი ბანაკის ირგვლივ კოცონს ანთებდნენ მტაცებლების დასაფრთხობად.

ამ დაუღალავმა მქადაგებლებმა დიდი სულიერი მემკვიდრეობა დატოვეს ქვეყანაში. „ისინი იეჰოვას მსახურებაში ძალ-ღონეს არ იშურებდნენ, — გვიყვება მორის რაჯი. — მას შემდეგაც კი, რაც დატოვეს ჩინის ოლქი, ყოველთვის მზად იყვნენ უკან დასაბრუნებლად. მათი დაუღალავი მსახურება მართლაც აკურთხა იეჰოვამ!“. მიუხედავად იმისა, რომ ჩინის ოლქი დღემდე ყველაზე მეჩხრად დასახლებული ტერიტორიაა, აქ შვიდი კრება და რამდენიმე დაშორებული ჯგუფია.

«მიიჩინაში ერთი „ცხვარიც“ კი ვერ ვიპოვეთ»

1966 წელს ჩინეთის საზღვრის სიახლოვეს, კაჩინის ოლქში მდებარე პატარა და ლამაზ ქალაქ მიიჩინაში, რომელსაც გარს მდინარე ირავადი უვლის, რამდენიმე სპეციალური პიონერი ჩავიდა. ამ ქალაქში 6 წლით ადრე მცირე ხნის მანძილზე ქადაგებდნენ რობერტ და ბეიბი რიჩარდზები. მათ ძმებს შეატყობინეს: «მიიჩინაში ერთი „ცხვარიც“ კი ვერ ვიპოვეთ». თუმცა, ახალმა პიონერებმა ჭეშმარიტებას მოწყურებული ადამიანები იპოვეს.

ერთ-ერთი ასეთი დაინტერესებული იყო 19 წლის ბაპტისტი მია მაუნგი. ის ლოცვაში შესთხოვდა ღმერთს, რომ ბიბლიის გაგებაში დახმარებოდა. იგი გვიყვება: „როდესაც ერთმა პიონერმა სამუშაო ადგილზე მომაკითხა და ბიბლიის შესწავლა შემომთავაზა, გულწრფელად გამიხარდა. მივხვდი, რომ ღმერთმა უპასუხა ჩემს ლოცვებს. მე და ჩემი უმცროსი ძმა, სან აი, კვირაში ორჯერ ვსწავლობდით ბიბლიას და მალე სულიერად გავიზარდეთ.

ბიბლიას არაჩვეულებრივი მასწავლებელი, ძმა უილსონ ტეინი, გვასწავლიდა. ის არა მხოლოდ იმას გვეუბნებოდა, თუ როგორ მოვქცეულიყავით, არამედ პრაქტიკული გაკვეთილებითა და ინსცენირებებით გვანახვებდა, როგორ გამოგვეყენებინა უფრო დახელოვნებულად ბიბლია, როგორ გვექადაგა გაბედულად, როგორ გავმკლავებოდით წინააღმდეგობებს და როგორ მოგვემზადებინა მოხსენებები, რომლებითაც კრების წინაშე წარვდგებოდით. უილსონ ტეინი ისმენდა ჩვენ მიერ მომზადებულ მოხსენებებს და გვაძლევდა რჩევებს გასაუმჯობესებლად. ეს სულიერი მიზნების დასახვაში დაგვეხმარა.

„დღეს სარკინიგზო ხაზის მახლობლად მდებარე ქალაქებში — ნამტიში, ჰოუპინში, მოჰნინსა და კათაში — აქტიური კრებებია“

1968 წელს მე და სან აიმ პიონერად მსახურება დავიწყეთ და მიიჩინაში, ჩვენი ჩათვლით, უკვე 8 პიონერი იყო. თავიდან ბიბლიის შესწავლა დედაჩემსა და ჩემს 7 და-ძმას დავაწყებინეთ. თითოეულმა მათგანმა მიიღო ჭეშმარიტება. ჩვენ მიიჩინა-მანდალაის სარკინიგზო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე გაშენებულ ქალაქებსა თუ სოფლებშიც ვქადაგებდით. ასეთი მოგზაურობა 1-3 დღემდე გრძელდებოდა. ჭეშმარიტების მიმოფანტულმა თესლმა ნაყოფი გამოიღო. დღეს სარკინიგზო ხაზის მახლობლად მდებარე ქალაქებში — ნამტიში, ჰოუპინში, მოჰნინსა და კათაში — აქტიური კრებებია“.

მიიჩინაში საქმიან უბნებზე ქადაგებისას სან აი შეხვდა ფუმ რამს, კაჩინ ბაპტისტს, რომელიც ერთ-ერთ სამთავრობო უწყებაში მუშაობდა. ფუმ რამმა სიხარულით მიიღო ჭეშმარიტება და გადავიდა პატარა ქალაქ პუტაოში, რომელსაც ჰიმალაის მთები გადმოსცქერის. მან იქ თავის ბევრ ნათესავს უქადაგა და მალე ქრისტიანულ კრების შეხვედრებს 25 ადამიანი ესწრებოდა. პიონერად მსახურების განმავლობაში ფუმ რამი დაეხმარა თავის ცოლს, შვიდ შვილსა და სხვა ბევრ ნათესავს, რომ მათაც მიეღოთ ჭეშმარიტება. ის დღეს პიონერია და მიიჩინაში უხუცესად მსახურობს.

ექვსი ვაგონი გაუჩინარდა

მოწმეები 1969 წელს კონგრესზე დასასწრებად იანგონიდან მიიჩინაში სპეციალური რეისით ჩავიდნენ

კაჩინის ოლქში ჩვენი საქმიანობა სწრაფად მიიწევდა წინ. ამიტომ, 1969 წელს ქვეყნის ფილიალმა მიიღო გადაწყვეტილება, იანგონის მაგივრად მიიჩინაში ჩაეტარებინა კონგრესი, სახელწოდებით „მშვიდობა დედამიწაზე“, რომელსაც მოწმეები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაესწრებოდნენ. კონგრესის დელეგატები იანგონიდან მიიჩინაში რომ ჩასულიყვნენ, 1 100 კილომეტრი უნდა გაევლოთ. ამიტომ, ფილიალმა მიანმას რკინიგზის სადგურის უფროსს ექვსი ვაგონის დაჯავშნა სთხოვა. ეს საკმაოდ უჩვეულო თხოვნა იყო. ვინაიდან კაჩინის ოლქი იმ დროისთვის ცხელ წერტილს წარმოადგენდა და ამ მხარეში შესვლა თუ მისი დატოვება მკაცრად კონტროლდებოდა, ძმებმა, მათდა გასაკვირად, რკინიგზის ადმინისტრაციისგან თანხმობა მიიღეს.

უხუცესები 1969 წლის საერთაშორისო კონგრესზე „მშვიდობა დედამიწაზე“ მიიჩინაში. (უკანა რიგში) ფრენსის ვაიდოპაუ, მორის რაჯი, ტინ პეი თანი, მია მაუნგი; (შუა რიგი) დანსტენ ო’ნილი, ჩარლი აუნგ ტეინი, აუნგ ტინ შუა, უილსონ ტეინი, სან აი; (წინა რიგში) მაუნგ კჰარი, დონალდ დიუარი, დეივიდ აბრაამი, რობინ ზაუჯა

იმ დღეს, როცა მატარებელი განრიგის მიხედვით მიიჩინაში უნდა ჩასულიყო, მორის რაჯი და სხვა ძმები რკინიგზის სადგურში მივიდნენ დელეგატების დასახვედრად. მორისი ყვება: «სანამ მატარებლის ჩამოდგომას ველოდებოდით, რკინიგზის სადგურის უფროსმა მოირბინა და გვითხრა, რომ მიიღეს დეპეშა, რომლის თანახმადაც ექვსი ვაგონი, რომელშიც კონგრესის დელეგატები ისხდნენ, შუა გზაზე ჩაეხსნათ. ამის მიზეზად მათ ის დაასახელეს, რომ დამატებითი ვაგონებით მატარებელი აღმართზე ვერ ავიდოდა.

ახლა რა უნდა გვექნა? პირველი, რაც აზრად მოგვივიდა, კონგრესის გადადება იყო. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ არაერთი ნებართვა ხელმეორედ უნდა აგვეღო, რასაც კვირები დასჭირდებოდა. დავიწყეთ მხურვალედ ლოცვა. ამასობაში, მატარებელიც ჩამოდგა. თვალებს არ ვუჯერებდით — ექვსივე ვაგონი მოწმეებით იყო სავსე! ისინი გვიღიმოდნენ და ხელს გვიქნევდნენ. როცა ვკითხეთ, თუ რა მოხდა, ერთ-ერთმა მათგანმა გვიპასუხა: „ექვსი ვაგონი მართლა ჩახსნეს, მაგრამ არა ის ექვსი, რომელშიც ჩვენ ვიყავით“».

„ექვსი ვაგონი მართლა ჩახსნეს, მაგრამ არა ის ექვსი, რომელშიც ჩვენ ვიყავით“

მიიჩინაში კონგრესმა კარგად ჩაიარა. პროგრამის დროს გამოცხადდა, რომ ბირმულ ენაზე გამოვიდა სამი ახალი პუბლიკაცია, ხოლო ინგლისურზე — ხუთი. სამი წლით ადრე, როცა მისიონერებს ქვეყანა დაატოვებინეს, იქ სულიერი საზრდოს შეტანა ჭირდა, მაგრამ დღეს ბირმელებს უხვი სულიერი საზრდო აქვთ.

ქადაგება ნაგა ხალხებთან

მიიჩინაში ჩატარებული კონგრესიდან ოთხის თვის შემდეგ ფილიალმა წერილი მიიღო ფოსტის ერთი მუშაკისგან, რომელიც ცხოვრობდა მდინარისპირა ქალაქ ხამტიში. ეს ქალაქი ჩრდილო-დასავლეთით, ბირმისა და ინდოეთის საზღვარზე მთებქვეშაა მოქცეული. სწორედ ამ მხარეში ცხოვრობენ ნაგა ხალხები, რომლებიც უამრავ ჭრელ ხალხს, არაერთ ტომს, აერთიანებს. ისინი ერთ დროს სისასტიკით გამოირჩეოდნენ და თავის სკალპებზე ნადირობდნენ. თავის წერილში ფოსტის მუშაკი, ბა ი, რომელიც უწინ მეშვიდე დღის ადვენტისტი იყო, ითხოვდა, რომ მისთვის სულიერი დახმარება აღმოეჩინათ. ფილიალმა დაუყოვნებლივ გაგზავნა ამ მხარეში ორი სპეციალური პიონერი, აუნგ ნაინი და ვინ პე.

ვინ პე გვიყვება: „ხამტის საველე აეროდრომზე ფეხის ჩამოდგმისთანავე ძალიან შევშინდით მკაცრი გამომეტყველების ნაგა მეომრების დანახვაზე, რომელთაც მხოლოდ სასირცხო ადგილები ჰქონდათ ქსოვილით დაფარული. ცოტა ხანში ბა ი შემოგვეგება და საჩქაროდ დაინტერესებულებთან წაგვიყვანა. მალე ხუთ იქაურ მაცხოვრებელთან დავიწყეთ ბიბლიის შესწავლა.

ბიაკ მოია (უკანა რიგში, მარჯვენა კუთხეში) ხამტის კრებასთან ერთად, როცა ნაგა ხალხებთან იწყებდა ქადაგებას

მაგრამ ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებს ჩვენ ბაპტისტი პასტორები ვეგონეთ და იფიქრეს, რომ ამბოხებულებს შევუერთდებოდით. მათ ვარწმუნებდით, რომ ნეიტრალური პოზიცია გვეკავა, მაგრამ მაინც გვიბრძანეს, ერთ თვეზე ნაკლებ დროში დაგვეტოვებინა იქაურობა“.

სამი წლის შემდეგ, როცა მთავრობა შეიცვალა, 18 წლის პიონერი ბიაკ მოია სწორედ იქ ჩავიდა, საიდანაც პიონერები აიძულეს, ქვეყანა დაეტოვებინათ. მალე ბა იმ თავი დაანება ფოსტაში მუშაობას და პიონერად მსახურება დაიწყო. შემდეგ იქ კიდევ რამდენიმე პიონერი ჩავიდა. მალე ამ სულით ანთებულმა პიონერებმა ხამტიში კრება ჩამოაყალიბეს, ხოლო ახლომდებარე სოფლებში — პატარა ჯგუფები. ბიაკ მოია იხსენებს: „ნაგა და-ძმებმა წერა-კითხვა არ იცოდნენ, მაგრამ მათ შეიყვარეს ღვთის სიტყვა, გულმოდგინედ ქადაგებდნენ და დახელოვნებულად იყენებდნენ ჩვენს პუბლიკაციებში მოცემულ ილუსტრაციებს. მათ აგრეთვე ზეპირად იცოდნენ ბევრი ბიბლიური მუხლი და სამეფოს სიმღერები“.

დღეს ხამტიში რეგულარულად ტარდება საოლქო კონგრესები, რომელზეც დელეგატები ამ ოლქის ისეთ უკიდურეს სამხრეთში მდებარე ქალაქიდანაც კი ჩადიან, როგორიცაა ჰოუმალინი. ამ ქალაქიდან ხამტიმდე ნავით მგზავრობას 15 საათი სჭირდება.

წინააღმდეგობა „ოქროს სამკუთხედში“

სამქადაგებლო საქმიანობა გაფართოვდა ქვეყნის აღმოსავლეთ მთიან მხარეში, რომელსაც ესაზღვრება ჩინეთი, ლაოსი და ტაილანდი. ეს არის ულამაზესი რეგიონის „ოქროს სამკუთხედის“ შუაგული, სადაც მთაგრეხილები და უხვმოსავლიანი ველებია. სამწუხაროდ, ამ ლამაზ მხარეში აწარმოებენ ოპიუმს, აწყობენ ამბოხებებს და სხვა არალეგალურ საქმიანობასაც ეწევიან. პიონერებმა ჭეშმარიტების ქადაგება სწორედ ამ პოლიტიკურად არასტაბილურ რეგიონში დაიწყეს, სადაც ფრთხილნი და უწყინარნი უნდა ყოფილიყვნენ (მათ. 10:16). მაგრამ მათ გამუდმებით უწევდა დიდ წინააღმდეგობას ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება.

როცა პიონერები რობინ ზაუჯა და დეივიდ აბრაამი შანის ოლქის ხალხმრავალ ქალაქ ლაშიოში ჩავიდნენ, ადგილობრივმა მღვდლებმა მყისვე მეამბოხეებად შერაცხეს. რობინი ამბობს: «დაგვაკავეს და ციხეში წაგვიყვანეს, სადაც პოლიციას იმის დამადასტურებელი საბუთები ვუჩვენეთ, რომ რელიგიური მსახურები ვიყავით. მალე ციხეში ჯარის მეთაური შემოვიდა. მან დამიძახა და მითხრა: „გამარჯობა, ბატონო ზაუჯა! როგორც ვხედავ, იეჰოვას მოწმეებს ლაშიომდეც ჩამოგიღწევიათ!“ ის ჩემი სკოლელი იყო და ამიტომ, მაშინვე გაგვათავისუფლეს».

ამ ორ პიონერს უქმად არ დაუკარგავს დრო და მალე საკმაოდ დიდი კრება ჩამოაყალიბეს. შემდეგ მათ ააშენეს სამეფო დარბაზი. ორი წლის მერე ისინი გამოიძახეს სამთავრობო შტაბში, სადაც 70-ზე მეტი სამხედრო პირი, ტომის ლიდერი და მღვდელი შეკრებილიყო. რობინი იხსენებს: „განრისხებულმა სამღვდელოებამ იმაში დაგვადანაშაულა, რომ ხალხზე ზეწოლას ვახდენდით და თავიანთ რელიგიურ წეს-ჩვეულებებზე ხელს ვაღებინებდით. როდესაც კრების თავმჯდომარემ უფლება მომცა, ამ ბრალდებებზე მეპასუხა, ვკითხე, თუ შემეძლო ჩემი პოზიციის დასაცავად ბიბლიის გამოყენება. მან დამრთო ამის ნება. გულში მოკლედ ვილოცე და შემდეგ ავხსენი ბიბლიის თვალსაზრისი ცრუ რელიგიურ წეს-ჩვეულებებთან, სამხედრო სამსახურთან და ეროვნულ დღესასწაულებთან დაკავშირებით. როცა ჩემი სიტყვა ვთქვი, თავმჯდომარე წამოდგა და გამოაცხადა, რომ ბირმის კანონმდებლობის თანახმად, ყველა რელიგიის წარმომადგენელს შეეძლო თავისუფლად შეესრულებინა ღვთის მსახურება. შედეგად, გაგვათავისუფლეს და, მღვდლების გულის გასახეთქად, კვლავ მოგვცეს ქადაგების უფლება“.

მოგვიანებით, ჩინეთის საზღვართან ახლოს მდებარე პატარა სოფელ მონგპოში ბაპტისტების გაცოფებულმა ბრბომ სამეფო დარბაზი გადაწვა. როდესაც ასეთმა ძალადობამ ვერ შეაშინა იეჰოვას მოწმეები, ბრბომ ერთ სპეციალურ პიონერსაც გადაუწვა სახლი; ისინი სხვა და-ძმებს სახლში უვარდებოდნენ და მათ დაშინებას ცდილობდნენ. ძმებმა მხარის გამგებელს მიმართეს, მაგრამ იგი ბაპტისტებს მიემხრო. საბოლოოდ, მთავრობის წარმომადგენლები ჩაერივნენ და ძმებს მისცეს ნებართვა, აეშენებინათ ახალი სამეფო დარბაზი სოფლის განაპირას კი არა, სადაც ადრე იდგა სამეფო დარბაზი, არამედ სოფლის ცენტრში!

შორეულ სამხრეთში, „ოქროს სამკუთხედის“ მოსაზღვრე კაიას ოლქის მთებში ჩაკარგულ სოფელ ლეიტოში გრეგორი სარილო კათოლიკური ეკლესიის მხრიდან საშინელ წინააღმდეგობას შეხვდა. გრეგორი ყვება: «სოფლის მღვდელმა თავის მრევლს უბრძანა, გაეპარტახებინათ ჩემი ბოსტანი. შემდეგ მათ გამომიგზავნეს საჭმელი, მაგრამ ერთმა მეგობარმა გამაფრთხილა, რომ საჭმელი მოწამლული იყო და არ მეჭამა. ერთხელ ერთმა კაცმა, რომელიც მღვდლის მარჯვენა ხელი იყო, მკითხა, საით ვაპირებდი მეორე დღეს წასვლას. მაგრამ მომდევნო დღეს სხვა გზით წავედი და ამგვარად გადავრჩი. როგორც გავიგე, ისინი ჩემ მოკვლას აპირებდნენ. როდესაც მთავრობის წარმომადგენლებს ვაცნობე ამის შესახებ, მკაცრად უბრძანეს მღვდელსა და მის მომხრეებს, რომ ჩემთვის თავი დაენებებინათ. ასე დამიცვა იეჰოვამ მათგან, ვინც „ვინც ჩემს სულზე ნადირობდა“» (ფსალმ. 35:4).

ურყევი ნეიტრალური პოზიცია

წლების მანძილზე ბირმელი და-ძმების ერთგულება სხვა მხრივაც გამოიცადა. ხშირად ეთნიკურ თუ პოლიტიკურ ნიადაგზე წარმოქმნილი ომების ფონზე ქრისტიანების მხრიდან გაბედულებას მოითხოვდა ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნება (იოან. 18:36).

ქვეყნის სამხრეთით, ქალაქ თანბიუზაიატში, რომელიც ავადსახსენებელი მეორე მსოფლიო ომის დროს გაყვანილი ბირმა-ტაილანდის სარკინიგზო ხაზის სიახლოვეს მდებარეობდა, სპეციალური პიონერი ჰლა აუნგი ორ დაპირისპირებულ მხარეს, მეამბოხე სეპარატისტებსა და სამთავრობო ძალებს, შორის აღმოჩნდა. ის გვიყვება: „ჯარისკაცებმა ღამით სოფელში რეიდი მოაწყვეს, რომ მამაკაცები შეეკრიბათ და იარაღის მუქარით ეიძულებინათ, სამხედროთა მებარგულები ყოფილიყვნენ. ბევრი მათგანი მეტად აღარასდროს გვინახავს. სწორედ იმ ღამეს მე და დონალდ დიუარი ჩემს სახლში ვსაუბრობდით, როცა მოულოდნელად ჯარისკაცებმა ჩვენს სოფელში რეიდი მოაწყვეს. ჩემმა მეუღლემ უმალვე გვაცნობა ამის შესახებ. ჩვენ დრო აღარ დაგვიკარგავს და ტყეს შევაფარეთ თავი. ბეწვზე გადავრჩით. მას შემდეგ სახლში სამალავი გავაკეთე, სადაც მორიგი რეიდის შემთხვევაში სწრაფად შევძლებდი დამალვას“.

თანბიუზაიატის სამხრეთით მდებარე ქალაქ ტამოიში ჩასვლისთანავე ერთმა სპეციალურმა პიონერმა, რაჯან პანდიტმა, ახლომდებარე სოფელში უმალვე დაიწყო რამდენიმე ადამიანთან ბიბლიის შესწავლა. ამ სოფელს ბევრი მეამბოხე აფარებდა თავს. რაჯანი ყვება: „ერთხელ, როცა სოფლიდან ვბრუნდებოდი, ჯარისკაცებმა დამაკავეს და მცემეს. მათ მეც ერთ-ერთი ამბოხებული ვეგონე. როდესაც ვუთხარი, რომ იეჰოვას მოწმე ვიყავი, მკითხეს, როგორ მოვხვდი ტამოიში. მაშინ ვაჩვენე ჩემი თვითმფრინავის ბილეთი, რომელსაც როგორც სუვენირს, ისე ვინახავდი. ამან ნამდვილად დაარწმუნა ისინი, რომ არ ვიყავი მეამბოხე, რადგან მეამბოხეები არასდროს მგზავრობდნენ თვითმფრინავით. მათ მეტად აღარ ვუცემივარ და საბოლოოდ გამათავისუფლეს კიდეც. მიუხედავად ამისა, ჯარისკაცებმა დაჰკითხეს ერთი ჩემი დაინტერესებული, რომელმაც დაარწმუნა ისინი, რომ მხოლოდ ბიბლიას ვსწავლობდით. ამის შემდეგ ჯარისკაცები წავიდნენ. მას შემდეგ ზოგიერთ მათგანთან რეგულარულადაც კი მიმქონდა ჟურნალები“.

ზოგჯერ ქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლები ცდილობდნენ, ეიძულებინათ ძმები, არჩევნებში ან სხვა ეროვნულ დღესასწაულებში მიეღოთ მონაწილეობა და ამგვარად პოლიტიკაში ჩაბმულიყვნენ. როდესაც იანგონის ჩრდილოეთით დაახლოებით 130 კილომეტრში მდებარე მდინარისპირა ქალაქ ზალუნის ხელმძღვანელობა შეეცადა, ადგილობრივ მოწმეებზე ზეწოლა მოეხდინა, რათა მათ არჩევნებში მიეღოთ მონაწილეობა, ძმები არ წავიდნენ დათმობაზე და განუცხადეს, რომ მათთვის ავტორიტეტი მხოლოდ ბიბლია იყო (იოან. 6:15). ქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ამ საკითხის თაობაზე რეგიონულ ხელისუფლებას მიმართეს. მაგრამ რეგიონულმა ხელისუფლებამ კარგად იცოდა, რომ იეჰოვას მოწმეები პოლიტიკურად ნეიტრალურები იყვნენ. ამიტომ, ძმებს აღარ მოსთხოვეს არჩევნებში მონაწილეობის მიღება.

როდესაც ბირმა-ინდოეთის საზღვართან მდებარე ქალაქ ხამპატში 23 ბავშვმა, რომლებიც იეჰოვას მოწმეთა შვილები იყვნენ, უარი თქვა, ეროვნული დროშისთვის სალმის მიცემაზე, სკოლის დირექტორმა ისინი სკოლიდან გარიცხა. შემდეგ მან დაიბარა ორი უხუცესი, რომლებიც ქალაქის ხელმძღვანელობის, მათ შორის ქალაქის მოსამართლისა და სამხედრო ოფიცრის, წინაშე უნდა წარმდგარიყვნენ. ამ შეხვედრას ერთი უხუცესი, პოლ ხაი ხან თანგი, ასე იხსენებს: «როცა ბიბლიის დახმარებით მათ ჩვენი პოზიცია გავაცანით, ზოგიერთმა მათგანმა ჩვენ მიმართ აშკარა მტრული დამოკიდებულება გამოხატა. შემდეგ ვანახეთ სამთავრობო დადგენილების ასლი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ იეჰოვას მოწმეებს უფლება ჰქონდათ, „დროშისთვის სალმის მიცემის დროს დამსწრე საზოგადოების პატივისცემის ნიშნად წყნარად მდგარიყვნენ“. ქალაქის ხელმძღვანელობა გაოგნდა. როდესაც გონს მოეგნენ, სამხედრო ოფიცერმა დირექტორს უბრძანა, რომ აღედგინათ გარიცხული მოსწავლეები. ამ სკოლის დირექტორმა სამთავრობო დადგენილების ასლები ყველა სკოლას დაუგზავნა».

დღეს მიანმას მთავრობის მაღალ ეშელონებში კარგად იციან, რომ იეჰოვას მოწმეები არ ერევიან პოლიტიკაში. იეჰოვას მსახურები მტკიცედ იცავენ ბიბლიურ პრინციპებს და იესო ქრისტეს წინასწარმეტყველების თანახმად, კარგად უმოწმებენ გარშემომყოფთ (ლუკ. 21:13).

სამხედრო პირები ქრისტიანები ხდებიან

თუ მიანმას ბობოქარ ისტორიას და უახლოეს წარსულში მომხდარ მოვლენებს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ მოქალაქეთა უმეტესობა სამხედრო პირი ან მეამბოხე იყო. პირველ საუკუნეში მცხოვრები რომაელი რაზმის ასისთავის, კორნელიუსის, მსგავსად, ზოგი მათგანი „მორწმუნე იყო და ღვთის შიში ჰქონდა“ (საქ. 10:2). ჭეშმარიტების მიღების შემდეგ ისინი დაუღალავად მუშაობდნენ საკუთარ თავზე, რომ თავიანთი ცხოვრების წესი იეჰოვას სამართლიანი ნორმებისთვის შეესაბამებინათ.

სიძულვილის მარწუხებისგან გათავისუფლებულნი დღეს ეს ორი მამაკაცი ღვთის სიტყვის გამათავისუფლებელი ძალის წყალობით სიყვარულის კავშირით არის გაერთიანებული

აიკ ლინი (მარცნივ) და სა თან ჰტუნ აუნგი (მარჯვნივ), რომლებიც ჯუნგლებში არაერთ ბრძოლაში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს

ჰლოუნ მანგმა, სამხედრო-საზღვაო ფლოტის ყოფილმა რიგითმა ოფიცერმა, ჭეშმარიტება მაშინ გაიგო, როცა ის მოლამიაინში მსახურობდა. ის გვიყვება: „ჭეშმარიტების გაგებისთანავე მინდოდა ქადაგების დაწყება. როდესაც სამხედრო სამსახურის დატოვება გადავწყვიტე, გავიგე, რომ მაწინაურებდნენ და ერთ-ერთ მდიდარ დასავლურ ქვეყანაში სამხედრო სასწავლებელში სწავლას მიფინანსებდნენ. თუმცა, მე ღვთის მსახურების დაწყება მინდოდა. ზემდგომთა გასაკვირად, განცხადება დავწერე სამსახურის დატოვების თაობაზე და იეჰოვას მსახურებას შევუდექი. დღეს, დაახლოებით 30 წლის შემდეგ, ერთი წუთითაც არ მეპარება ეჭვი იმაში, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ჭეშმარიტი ღვთის მსახურებას მართლაც არაფერი შეედრება!“.

ერთი სამხედრო პირი ლა ბანგ გამი სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა. იქ მას რობინ ზაუჯამ აჩვენა წიგნი „დაკარგული სამოთხიდან დაბრუნებულ სამოთხემდე“.f ლა ბანგ გამი მოიხიბლა ამ წიგნით და რობინს სთხოვა, ეჩუქებინა მისთვის. ვინაიდან რობინს ამ წიგნის ერთადერთი ეგზემპლარი ჰქონდა, მან წიგნი მხოლოდ ერთი ღამით ათხოვა ლა ბანგ გამს. მომდევნო დღეს, როცა რობინმა კვლავ ინახულა, ლა ბანგ გამმა წამოიძახა: „აი, შენი წიგნი. მე ახლა საკუთარი ეგზემპლარი მაქვს!“. მას მთელი ღამე თვალი არ მოეხუჭა და 250-გვერდიანი წიგნი რამდენიმე რვეულში ხელით გადაეწერა. მალე ლა ბანგ გამმა დატოვა სამხედრო სამსახური. მას შემდეგ მოყოლებული ის ამ წიგნით ბევრს დაეხმარა ჭეშმარიტების გაგებაში.

შანის მთიან ოლქში სან თან ჰტუნ აუნგი, ბირმის ჯარის კაპიტანი და აიკ ლინი, ვას ოლქის გაერთიანებული ჯარის მეთაური, ჯუნგლებში არაერთ ბრძოლაში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. როდესაც ამ ურთიერთდაპირისპირებულმა მხარეებმა ცეცხლი შეწყვიტა, ეს ორი სამხედრო პირი შანის ოლქში დასახლდა. მოგვიანებით, ორივემ მიიღო ჭეშმარიტება, მიატოვეს სამხედრო სამსახური და მოინათლნენ. ეს ორი მამაკაცი, რომლებიც ერთ დროს დაუძინებელი მტრები იყვნენ, სარაიონო კონგრესზე შეხვდნენ და, როგორც ქრისტიანი ძმები, სიყვარულით გადაეხვივნენ ერთმანეთს. სიძულვილის მარწუხებისგან გათავისუფლებულნი დღეს სიყვარულის კავშირით არიან გაერთიანებული ღვთის სიტყვის გამათავისუფლებელი ძალის წყალობით (იოან. 8:32; 13:35).

ქადაგება „ყველანაირ ადამიანთან“

1965—1976 წლებში ბირმაში მაუწყებელთა რიცხვი 300 პროცენტზე მეტით გაიზარდა. მათი უმეტესობა, რომლებმაც მიიღეს სასიხარულო ცნობა, ერთ დროს ქრისტიანულ სამყაროს რელიგიებს მიეკუთვნებოდა. მაგრამ ძმებმა იცოდნენ, რომ ღვთის ნება იყო „ყველანაირი ადამიანი გადარჩენილიყო და ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიეღო“ (1 ტიმ. 2:4). ამიტომ, XX საუკუნის 70-იანი წლების შუა ხანიდან მოყოლებული იეჰოვას მოწმეები ძალ-ღონეს არ იშურებდნენ, რომ ბირმაში სხვა რელიგიური მიმდინარეობების წარმომადგენლებისთვისაც ექადაგათ, მათ შორის ბუდისტებისთვის, ინდუსებისა და ანიმისტებისთვის.

ტრადიციულ სამოსში გამოწყობილ ბუდისტ ბერებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით

მოწმეები მსახურების დროს არაერთ სირთულეს ხვდებოდნენ. ბუდისტებს არ სწამთ, რომ არსებობს ღმერთი ანუ შემოქმედი, ინდუსები მილიონობით ღვთაებას სცემენ თაყვანს, ხოლო ბირმელი ანიმისტები ბუნების ძალებსა და სულებს ეთაყვანებიან. ცრურწმენა, მკითხაობა და სპირიტიზმი ყველა ამ რელიგიის განუყოფელი ნაწილია. ამ რელიგიების ყველაზე ერთგული მიმდევრები ბიბლიას წმინდა წიგნად თვლიან; როგორც წესი, მათ ზერელე წარმოდგენა აქვთ ან საერთოდ არაფერი იციან ბიბლიური სწავლებების, პერსონაჟების, მათი კულტურისა და ისტორიის შესახებ.

მაგრამ ძმებმა იციან, რომ ღვთის სიტყვას უდიდესი ძალა აქვს და ჭეშმარიტებას შეუძლია ნებისმიერი ადამიანის გულამდე მიაღწიოს (ებრ. 4:12). ისინი ღვთის სულს ენდობიან და „სწავლების ხელოვნებას“ იყენებენ — საფუძვლიანად მსჯელობენ, რაც მსმენელებს არ ტოვებს გულგრილს და აღძრავს, ცხოვრებაში ცვლილებები მოახდინონ (2 ტიმ. 4:2).

აი, როგორ ქადაგებს როზალინი, რომელიც დიდი ხანია სპეციალურ პიონერად მსახურობს. იგი ბუდისტებთან საუბრისას დამაჯერებელ არგუმენტებს იშველიებს. როზალინი თავის გამოცდილებას გვიზიარებს: «როცა ბუდისტები იგებენ, რომ არსებობს შემოქმედი, ხშირად სვამენ კითხვას: „შემოქმედი ვინღა შექმნა?“». ბუდისტებს სჯერათ, რომ ცხოველები ერთ დროს ადამიანები იყვნენ და რეინკარნაციის შედეგად გარდაისახნენ. ამიტომ, მათთან საუბრისას მათივე შინაური ცხოველების მაგალითი მომყავს.

— იცის შინაურმა ცხოველმა, რომ პატრონი ჰყავს? — ვეკითხები.

— რა თქმა უნდა.

— მაგრამ იცის შინაურმა ცხოველმა, სად მუშაობს მისი პატრონი, დაქორწინებულია თუ არა ან წარმოშობით საიდან არის?

— არა.

«სიყვარული, რომელსაც ძმები ავლენდნენ ჩემ მიმართ, „მელასას სიროფივით“ ტკბილი იყო»

— მსგავსად ამისა, ვინაიდან ადამიანები განსხვავდებიან ღვთისგან, რომელიც სულიერი პიროვნებაა, უნდა მოველოდეთ, რომ ბოლომდე ჩავწვდებით ყველაფერს, რაც ღმერთსა და მის არსებობას უკავშირდება?

— რასაკვირველია, არა.

ასეთმა მსჯელობამ ბევრი გულწრფელი ბუდისტი აღძრა, მომავალში ღვთის არსებობის დამადასტურებელ კიდევ მეტ მტკიცებულებებზე ემსჯელა. ხალხზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს არა მარტო დამაჯერებელი არგუმენტების მოსმენა, არამედ ნამდვილი ქრისტიანული სიყვარულიც, რომელსაც მოწმეები ავლენენ მათ მიმართ. ონ თვინი, ყოფილი ბუდისტი, ყვება: «როდესაც ბუდისტურ მოძღვრებას, რომლის თანახმადაც ნირვანას, უდიდეს ნეტარებას, აღწევენ, ბიბლიურ დანაპირებს — დედამიწაზე მარადიულ ცხოვრებას — ვადარებდი, მივხვდი, რომ სამოთხე გაცილებით მიმზიდველი იყო ჩემთვის. მაგრამ რადგანაც მჯეროდა, რომ ყველა გზას ჭეშმარიტებამდე მივყავდი, ვერ ვხედავდი იმის აუცილებლობას, რომ ნასწავლის თანახმად მეცხოვრა. ცოტა ხანში იეჰოვას მოწმეების კრების შეხვედრებზე დასწრება დავიწყე. სიყვარული, რომელსაც ძმები ავლენდნენ ჩემ მიმართ, როგორც ბირმულ ენაზე ამბობენ, „მელასას სიროფივით“g ტკბილი იყო. სწორედ ამ სიყვარულმა აღმძრა, ჭეშმარიტების თანახმად მეცხოვრა».

მოწმეთა ჯგუფი ბირმაში, 1987 წელი

რასაკვირველია, ხალხს რომ დაეხმარო თავიანთი რელიგიური შეხედულების შეცვლაში, ტაქტიანობა და მოთმინება გჭირდება. კუმარ ჩაკარაბანი ათი წლის იყო, როცა მამამისმა, თავგამოდებულმა ინდუსმა, ბეთელელ ჯიმი ზავიერს მიაბარა, რომ მისთვის წერა-კითხვა ესწავლებინა. კუმარი ყვება: «მამამ გააფრთხილა ჯიმი, რომ ჩემთვის მხოლოდ კითხვა ესწავლებინა და რელიგიაზე არ ესაუბრა. ჯიმიმ უთხრა მამაჩემს, რომ „ბიბლიური მოთხრობები“ შესანიშნავი სახელმძღვანელო იყო იმისთვის, რომ ბავშვებს კითხვა ესწავლათ. როცა ჯიმი ერთ გაკვეთილს ჩამიტარებდა, შემდეგ მამასთან იწყებდა საუბარს და მის მიმართ გულწრფელ ინტერესს ავლენდა. როდესაც მამაჩემი ჯიმის კითხვებს უსვამდა რელიგიაზე, ის ტაქტიანად პასუხობდა: „ამ კითხვებზე ბიბლია გვპასუხობს. მოდი, ერთად ვნახოთ“. დროთა განმავლობაში არა მარტო მამაჩემმა მიიღო ჭეშმარიტება, არამედ ჩვენი სანათესაოდან 63 ადამიანი გახდა იეჰოვას მოწმე».

კონგრესები ცვალებადი პოლიტიკური ამინდის ფონზე

80-იანი წლების შუა ხანიდან მოყოლებული ბირმაში პოლიტიკური მდგომარეობა დაიძაბა. საბოლოოდ, 1988 წელს, ათობით ათასმა ადამიანმა მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო დემონსტრაცია მოაწყო. მაგრამ მათი პროტესტი ხელისუფლებამ მალევე ჩაახშო და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

„ბირმაში კომენდანტის საათი ამოქმედდა და ხუთზე მეტი ადამიანის ერთად შეკრება აიკრძალა, — იხსენებს ბეთელელი კიავ ვინი. — ვფიქრობდით, შევძლებდით თუ არა მოახლოებული საოლქო კონგრესების ჩატარებას. მაგრამ მთლიანად მივენდეთ იეჰოვას და იანგონის დანაყოფის მეთაურს მივმართეთ. ჩვენ მას ვთხოვეთ, 1 000-კაციანი კონგრესის ჩატარების ნებართვა მოეცა. ორ დღეში თანხმობის წერილი მივიღეთ! როცა ეს წერილი სხვა ოლქებში ხელისუფლების წარმომადგენლებს ვაჩვენეთ, ნება დაგვრთეს, მათ ოლქებშიც ჩაგვეტარებინა კონგრესები. იეჰოვას წყალობით, კონგრესები მთელ ქვეყანაში ყოველგვარი შეფერხების გარეშე ჩატარდა“.

არასდროს მიუტოვებიათ თავიანთი შესაკრებელი

1988 წელს, საპროტესტო გამოსვლების დროს, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა. ამის მიუხედავად, და-ძმები ძლიერ რწმენას ავლენდნენ ღვთისადმი და თავიანთ ცხოვრებაში პირველ ადგილზე აყენებდნენ სამეფო საქმეს (მათ. 6:33).

ჩინ ხან დალი ოჯახთან ერთად მივარდნილ სოფელ საგაინგში ცხოვრობს. ის იხსენებს: „ტახანში საოლქო კონგრესზე დასწრება გვინდოდა, რისთვისაც ორი დღე უნდა გვემგზავრა ნავით და სატვირთო ავტომობილით. სამწუხაროდ, ვერავინ ვიპოვეთ, ვინც ჩვენს წიწილებს უპატრონებდა. მაგრამ მივენდეთ იეჰოვას და კონგრესზე დასასწრებად გავემგზავრეთ. შინ რომ დავბრუნდით, აღმოვაჩინეთ, რომ 19 წიწილა აღარ გვყავდა. ეს ჩვენი ოჯახისთვის დიდი ზარალი იყო. მიუხედავად ამისა, მომავალ წელს ჩვენი წიწილების რიცხვმა 60-ს გადააჭარბა. იმ წელს ბევრ ჩვენს თანასოფლელს გაუწყდა წიწილები, ჩვენ კი ერთიც არ მოგვკვდომია“.

კიდევ ერთი წყვილი, რომლებმაც ღვთის ნება პირველ ადგილზე დააყენეს, აუნგ ტინ ნიუნტი და მისი მეუღლე, ნიან მია იყვნენ. ისინი თავიანთ ცხრა შვილთან ერთად იანგონის ჩრდილო-დასავლეთით 64 კილომეტრში მდებარე სოფელ იონშაში ცხოვრობდნენ. აუნგ ტინ ნიუნტი ყვება: «ძირითადად ბრინჯის წყალწყალა ფაფითა და ბოსტნეულით ვიკვებებოდით. ჩვენ არც ფული გვქონდა და არც არაფერი გაგვაჩნდა, რომ გაგვეყიდა. ამის მიუხედავად, გულს არ ვიტეხდით. ოჯახის წევრებს ვეუბნებოდი: „იესოს თავის დასადები ადგილიც არ ჰქონდა. ასე რომ, ხის ძირშიც რომ მომიწიოს ცხოვრება და შიმშილითაც რომ ამომხდეს სული, მაინც ერთგულად ვემსახურები ღმერთს“.

„იეჰოვაა ჩემი შემწე, არ შემეშინდება. რას მიზამს კაცი?“ (ებრ. 13:6)

ერთ დღესაც გავიღვიძეთ და არაფერი გვქონდა საჭმელი. ცოლ-შვილი დაღვრემილი სახით შემომყურებდა. „ნუ გეშინიათ, იეჰოვა არ დაგვტოვებს“, — ვუთხარი მათ. დილას ვიმსახურეთ, მერე კი ჩემი ბიჭები სათევზაოდ წავიყვანე. მაგრამ მხოლოდ იმდენი თევზი დავიჭირეთ, რაც ერთ ჯერზე გვეყოფოდა. სათევზაო ფაცრები მდინარეში, წყლის შროშანების სიახლოვეს დავტოვე და ბიჭებს ვუთხარი: „კრების შემდეგ მოვიდეთ და შევამოწმოთ“. შუადღისით ძლიერი ქარი ამოვარდა. როდესაც დავბრუნდით, წყლის შროშანებისთვის ბევრ თევზს შეეფარებინა თავი ქარის დროს. ამიტომ, ფაცრებით ბევრი თევზის დაჭერა შევძელით, რომლებიც გავყიდეთ და მთელი კვირის სამყოფი საჭმელი ვიყიდეთ».

მიანმაში იეჰოვას მოწმეები ხშირად ხედავენ საკუთარი თვალით, თუ როგორ ასრულებს იეჰოვა თავის დანაპირებს: „არ დაგტოვებ და არ მიგატოვებ“. ამიტომ, მათ თამამად შეუძლიათ თქვან: „იეჰოვაა ჩემი შემწე, არ შემეშინდება. რას მიზამს კაცი?“ (ებრ. 13:5, 6).

საგამომცემლო საქმე წინ მიიწევს

[სქემა 146 გვერდზე]

1956 წლიდან მოყოლებული მიანმელები რეგულარულად იღებენ სულიერ საზრდოს, რადგან სწორედ ამ წელს გამოვიდა „საგუშაგო კოშკი“ ბირმულ ენაზე. ეთნიკურ ნიადაგზე არსებული დაპირისპირების, სამოქალაქო ომებისა თუ ეკონომიკური არასტაბილურობის მიუხედავად, უკლებლივ ყველა ნომერი გამოიცა. როგორ გამოსცემდნენ ამ ჟურნალს?

არაერთი წლის მანძილზე ფილიალი ნათარგმნი ჟურნალის ტექსტს მთავრობის წარმომადგენლებს უგზავნიდა გადასამოწმებლად. როცა ტექსტი ცენზურას გაივლიდა, ფილიალი საბეჭდი ქაღალდის ყიდვის უფლებას იღებდა. ქაღალდის ყიდვის შემდეგ ძმას ქაღალდი და ნათარგმნი ჟურნალის ტექსტი მიჰქონდა სტამბაში, სადაც ბირმული შრიფტით ხდებოდა ტექსტის ასო-ასო აკრეფა. შემდეგ ძმა ტექსტის სიზუსტეს ამოწმებდა და, საბოლოოდ, ჟურნალი მორყეულ საბეჭდ მანქანაზე იბეჭდებოდა. ჟურნალების ეგზემპლარი კიდევ ერთხელ გადიოდა ცენზორთა ხელში, რომლებიც სპეციალურ შტრიხ-კოდს არტყამდნენ ჟურნალებს. ამ საკმაოდ რთულ და დამქანცველ პროცედურას არაერთი კვირა სჭირდებოდა; ამას ისიც ემატებოდა, რომ ქაღალდიცა და ნაბეჭდიც ძალიან უხარისხო იყო.

1989 წელს ფილიალმა მიიღო ბეჭდვის ახალი პროგრამა, რამაც საგრძნობლად გააადვილა პუბლიკაციების ბეჭდვა. ბეჭდვის ახალი პროგრამა, „მრავალენოვანი ელექტრონული ფოტოაწყობის სისტემა“ (MEPS), მთავარმა სამმართველომ შეიმუშავა, რის შედეგადაც კომპიუტერების, კომპიუტერული პროგრამებისა და ფოტოაწყობის სისტემის დახმარებით შესაძლებელი გახდა ტექსტის 186 ენაზე, მათ შორის ბირმულ ენაზე, ჩამოსხმა.h

„როგორც ჩანს, იეჰოვას მოწმეები პირველები არიან, რომლებმაც მიანმაში კომპიუტერული ტექნოლოგიების დახმარებით ჩამოასხეს ტექსტი და გამოსცეს ლიტერატურა, — ამბობს მია მაუნგი, რომელიც ბეთელში მსახურობდა. — MEPS-ის სისტემამ, რომლის დახმარებითაც ჩვენს ფილიალში ლამაზი ბირმული შრიფტი შევიმუშავეთ, ბევრად გააუმჯობესა ბეჭდვითი საქმე. ხალხი გაოცებას ვერ მალავს, როცა ხედავს, როგორ შევძელით შრიფტის ასე დახვეწა“. MEPS-ის სისტემამ ხელი შეუწყო ოფსეტური ბეჭდვის განვითარებას. ოფსეტური ბეჭდვა აუმჯობესებს ბეჭდვის ხარისხს. უფრო მეტიც, MEPS-ის დახმარებით შესაძლებელი გახდა, მაღალი ხარისხის ილუსტრაციების დაბეჭდვა, რამაც საკმაოდ მიმზიდველი გახადა „საგუშაგო კოშკი“.

1991 წელს მიანმას მთავრობამ იეჰოვას მოწმეებს ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ის გამოცემის უფლებაც მისცა, რამაც ძმები ძალიან გაახარა. ერთმა მაღალჩინოსანმა, საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტროს მუშაკმა, ბევრი მკითხველის შეხედულება გამოხატა, როცა შემდეგი სიტყვები თქვა: «ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ განსხვავდება სხვა რელიგიური ჟურნალებისგან. ის მოიცავს ბევრ საინტერესო თემას და ადვილად გასაგებია. ძალიან მომწონს ეს ჟურნალი».

ბოლო 20 წლის მანძილზე გამოცემული ჟურნალების ტირაჟი დაახლოებით 900 პროცენტით გაიზარდა

ბოლო 20 წლის მანძილზე ფილიალის მიერ გამოცემული ჟურნალების თვიური ტირაჟი 15 000-დან 141 000-მდე გაიზარდა. ეს კი დაახლოებით 900 პროცენტიანი ზრდის ტოლფასია! იანგონის მოსახლეობა კარგად არის გაცნობილი ჟურნალ „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!“-ს და ქვეყანაში ბევრი სიამოვნებით კითხულობს ამ ჟურნალებს.

ფილიალი ახალ ადგილზე გადადის

1988 წლის საპროტესტო დემონსტრაციების შემდეგ სამხედრო პირებმა მიანმაში საზოგადოებრივ თუ რელიგიურ ორგანიზაციებს მოუწოდეს, რეგისტრაცია გაევლოთ. რა თქმა უნდა, ფილიალი ამ მოწოდებას გამოეხმაურა. ორი წლის შემდეგ, კერძოდ, 1990 წლის 5 იანვარს, მთავრობამ რეგისტრაციაში გაატარა „იეჰოვას მოწმეთა (საგუშაგო კოშკის) საზოგადოება“ მიანმაში.

ბეთელის შენობა ძალიან პატარა იყო. და იატაკზე აუთოებდა ტანსაცმელს

სწორედ იმ დროს საჭირო გახდა, ფილიალი 39-ე ქუჩიდან ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში, პრესტიჟულ უბანში, ინიას ქუჩაზე ორსართულიან სახლში გადასულიყო, რომლის ფართობიც 2 000 კვადრატულ მეტრზე მეტი იყო. შენობაში ერთი კვადრატული მეტრიც არ დარჩენილა აუთვისებელი. სამხარეო ზედამხედველი, ვივ მორიცი, რომელიც იმ დროს ინახულებდა მიანმას, იხსენებს: „25 ბეთელელს მძიმე პირობებში უწევდა მუშაობა. სამზარეულოში არ ჰქონდათ ღუმელი და ელექტროქურას იყენებდნენ, სამრეცხაოში კი სარეცხი მანქანა არ ჰქონდათ და სარეცხს იატაკზე გაკეთებულ ჩაღრმავებულ ადგილას რეცხავდნენ. ძმებს უნდოდათ, ეყიდათ სარეცხი მანქანა და ღუმელი, მაგრამ ქვეყანაში არ შემოჰქონდათ ასეთი საქონელი“.

ცხადია, ძმებს ფილიალისთვის უფრო დიდი შენობა სჭირდებოდათ. ამიტომ, ხელმძღვანელმა საბჭომ უფლება მისცა ძმებს, უკვე არსებული ორსართულიანი შენობა დაენგრიათ და ახალი ოთხსართულიანი საცხოვრებელი სახლი და ადმინისტრაციული შენობა აეშენებინათ. მიუხედავად ამისა, სანამ ძმები მშენებლობას დაიწყებდნენ, რამდენიმე დიდი პრობლემა უნდა გადაეჭრათ. პირველი, საჭირო იყო ექვსი სხვადასხვა ინსტანციიდან ნებართვის აღება. მეორე, ადგილობრივ სამშენებლო კომპანიებს არ ჰქონდათ რკინა-ბეტონის კონსტრუქციით მშენებლობის გამოცდილება. მესამე, გამოცდილ მოხალისე მოწმეებს ქვეყანაში შესვლა არ შეეძლოთ. და ბოლოს, ქვეყანაში არ იშოვებოდა საჭირო სამშენებლო მასალა და მისი შეტანაც შეუძლებელი იყო. აქედან გამომდინარე, პროექტის განხორციელება არარეალური ჩანდა. მაგრამ ძმები იეჰოვას მიენდნენ. თუ იეჰოვას ნება იქნებოდა, ფილიალის ახალი შენობა აშენდებოდა (ფსალმ. 127:1).

„არც ძლიერებით, არამედ ჩემი სულით“

კია ვინი, რომელიც იურიდიულ განყოფილებაში მსახურობს, გვიყვება: «მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებული ჩვენი თხოვნა ექვსი ინსტანციიდან ხუთმა დააკმაყოფილა, მათ შორის რელიგიურ საქმეთა სამინისტრომაც. იანგონში ქალაქის დაგეგმარების კომიტეტმა კი ჩვენი თხოვნა არ დააკმაყოფილა, რადგან, მათი აზრით, ოთხსართულიანი შენობა ამ უბნისთვის ძალიან მაღალი იქნებოდა. ხელახლა შევიტანეთ განცხადება და ისევ უარი მივიღეთ. ფილიალის კომიტეტმა მირჩია, არ ჩამექნია ხელი და კიდევ შემეტანა განცხადება. ასე რომ, მხურვალედ ვილოცე და მესამედაც შევიტანე განცხადება. ამჯერად ჩვენი თხოვნა დაკმაყოფილდა.

ამის შემდეგ იმიგრაციის სამინისტროს მივმართეთ. იქ განგვიმარტეს, რომ უცხოელებს ქვეყანაში შემოსასვლელად მხოლოდ შვიდდღიანი ვიზის აღება შეეძლოთ. მაგრამ, როცა ავუხსენით, რომ გამოცდილი უცხოელი მოხალისე მშენებლები ადგილობრივებს მშენებლობის ახალ მეთოდებს ასწავლიდნენ, მათ ექვსთვიანი ვიზები მისცეს.

შემდეგ მივმართეთ ვაჭრობის სამინისტროს, რათა გაგვეგო, მართლა არ გვქონდა თუ არა ქვეყანაში რაიმეს შემოტანის უფლება. როცა ჩვენი პროექტი გავაცანით, უფლება მოგვცეს, ქვეყანაში ერთი მილიონი დოლარის (აშშ) ღირებულების სამშენებლო მასალა შემოგვეტანა. რა შეიძლება ითქვას საბაჟო გადასახადზე? ფინანსთა სამინისტრომ უფლება მოგვცა, სამშენებლო მასალები ქვეყანაში საბაჟო გადასახადის გარეშე შემოგვეტანა. ამ და ბევრ სხვა სიტუაციაში დავრწმუნდით ღვთის სიტყვების ჭეშმარიტებაში: „არც ჯარითა და არც ძლიერებით, არამედ ჩემი სულით“, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა“» (ზაქ. 4:6).

უცხოელი და ადგილობრივი ძმები ერთმანეთის მხარდამხარ მსახურობდნენ

1997 წელს მოხალისეებმა ქვეყანაში ჩამოსვლა დაიწყეს. სამშენებლო მასალის უმეტესობა ავსტრალიელმა ძმებმა შესწირეს ბირმელ ძმებს, დანარჩენი კი — მალაიზიელმა, სინგაპურელმა და ტაილანდელმა ძმებმა. ბრიუს პიკერინგი, რომელიც პროექტის ერთ-ერთი ზედამხედველი იყო, იხსენებს: „ავსტრალიელმა ძმებმა თავიანთ ქვეყანაშივე დაამზადეს არმატურის ფორმები და მალავიში ჩამოიტანეს, რათა აქ აეწყოთ. საოცარია, რომ ყველაფერი ზუსტად ჩაჯდა ერთმანეთში!“ მიანმაში მოხალისეები დიდი ბრიტანეთიდან, ფიჯიდან, გერმანიიდან, საბერძნეთიდან, ახალი ზელანდიიდან და შეერთებული შტატებიდან ჩავიდნენ.

30 წლის მანძილზე ადგილობრივ მოწმეებს პირველად მიეცათ უცხოელ და-ძმებთან თავისუფლად ურთიერთობის შესაძლებლობა. დონალდ დიუარი იხსენებს: „ეს ისეთი სასიხარულო მოვლენა იყო, რომ თავი სიზმარში გვეგონა. უცხოელი და-ძმების სულიერი მოწიფულობა, მათ მიერ გამოვლენილი სიყვარული და თავგანწირვის სული ძალიან გვამხნევებდა“. ერთი ძმა კი დასძენს: „გარდა ამისა, მათგან სამშენებლო საქმეში ბევრი რამ ვისწავლეთ. იმ მაუწყებლებმა, რომლებიც ადრე მხოლოდ სანთელს იყენებდნენ, ელექტრობის გაყვანა ისწავლეს, სხვებმა კი, რომლებიც გასაგრილებლად მხოლოდ მარაოთი ინიავებდნენ, კონდიციონერების დაყენება ისწავლეს. ჩვენ ელექტროხელსაწყოების გამოყენებაც ვისწავლეთ“.

მიანმას ბეთელი

თავის მხრივ, უცხოელ და-ძმებზე დიდი გავლენა მოახდინა მიანმელი და-ძმების რწმენამ და სიყვარულმა. ბრიუს პიკერინგი ამბობს: „მართალია, ძმები ხელმოკლედ ცხოვრობდნენ, მაგრამ გულუხვები იყვნენ. ბევრი მათგანი სახლში სადილზე გვეპატიჟებოდა და გვიმასპინძლდებოდა იმ საკვებით, რომელიც მათი ოჯახის წევრებს მომდევნო რამდენიმე დღის მანძილზე უნდა ეჭამათ. თავიანთი მაგალითით ისინი შეგვახსენებდნენ, რომ ცხოვრებაში ნამდვილად მნიშვნელოვანია ოჯახი, ღმერთთან ურთიერთობა, ჩვენი საძმო და ღვთის კურთხევები“.

2000 წლის 22 იანვარს ეროვნული თეატრის შენობაში ფილიალის ახალი შენობების მიძღვნის პროგრამა ჩატარდა. ადგილობრივი ძმები ძალიან აღაფრთოვანა ხელმძღვანელი საბჭოს წევრის, ჯონ ბარის, გამოსვლამ, რომელმაც მიძღვნის მოხსენება წარმოთქვა.

სამეფო დარბაზების მშენებლობა

როცა ფილიალის მშენებლობა დასასრულს უახლოვდებოდა, ძმებმა კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს, კერძოდ სამეფო დარბაზების მშენებლობას, მიაქციეს ყურადღება. 1999 წელს მიანმაში ნობუჰიკო და აია კოიამები ჩავიდნენ იაპონიიდან. ძმა ნობუჰიკომ ფილიალში სამეფო დარბაზების სამშენებლო განყოფილება ჩამოაყალიბა. ის ყვება: «იმ ადგილების შესამოწმებლად, სადაც კრების შეხვედრები ტარდებოდა, თვითმფრინავით, ავტობუსით, მოტოციკლით, ველოსიპედითა და ნავით ვმგზავრობდით, თუმცა ზოგჯერ ფეხითაც გვიწევდა ასეთ ადგილებამდე მისვლა. ხშირად, როგორც უცხოელებს, ამა თუ იმ ოლქში ჩასასვლელად მთავრობისგან ნებართვის აღება გვჭირდებოდა. როცა ვხედავდით, რომ ახალი დარბაზების აშენება იყო საჭირო, ხელმძღვანელი საბჭო თანხებს გამოყოფდა შეზღუდული სახსრების მქონე ქვეყნებისთვის განკუთვნილი ფონდიდან.

ჩამოვაყალიბეთ მოხალისეებისგან შემდგარი ჯგუფი, რათა იანგონის გარეუბანში, სუეპითიაში, პირველი სამეფო დარბაზი აგვეშენებინა. ამ პროექტზე უცხოელი და ადგილობრივი და-ძმები ერთად მუშაობდნენ, რამაც პოლიცია გააოცა. მათ რამდენჯერმე შეგვაჩერებინეს მშენებლობა, რათა გაერკვიათ, ჰქონდათ თუ არა ადგილობრივებს უცხოელებთან მუშაობის უფლება. სხვები აქებდნენ ძმებს. ერთმა კაცმა თქვა: „დავინახე, როგორ წმენდდა ერთი უცხოელი საპირფარეშოს. მანამდე არასდროს მინახავს, რომ უცხოელს ასეთი საქმე შეესრულებინოს. თქვენ მართლაც განსხვავებულები ხართ!“

ახალაშენებულ სამეფო დარბაზამდე და-ძმები ნავით მიდიან

ამასობაში, მეორე სამშენებლო ჯგუფიც ჩამოყალიბდა. მათ მიანმა-ტაილანდის საზღვართან მდებარე ქალაქ ტაჩილეიკში დაიწყეს სამეფო დარბაზის მშენებლობა. ბევრ ტაილანდელ და-ძმას ყოველდღე უწევდა საზღვრის გადაკვეთა იმისათვის, რომ მიანმელ ძმებთან ერთად ემუშავათ ამ პროექტზე. ისინი ერთმანეთის მხარდამხარ მუშაობდნენ მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთის ენა არ იცოდნენ. იმ დროისთვის, როცა ეს პროექტი დასასრულს უახლოვდებოდა, მიანმელ და ტაილანდელ სამხედრო დაჯგუფებებს შორის დაპირისპირება დაიწყო. ყუმბარები და ტყვიები წვიმასავით ცვიოდა სამეფო დარბაზის სიახლოვეს, მაგრამ, საბედნიეროდ, დარბაზს არაფერი დაშავებია. როდესაც ბრძოლა შეწყდა 72 ადამიანი შეიკრიბა ამ დარბაზში, რათა მშვიდობის ღმერთისთვის, იეჰოვასთვის მიეძღვნათ ეს ახალი დარბაზი».

1999 წლიდან დღემდე მთელ ქვეყანაში სამშენებლო ჯგუფებმა 65-ზე მეტი ახალი სამეფო დარბაზი ააშენეს

1999 წლიდან დღემდე მთელ ქვეყანაში ამ სამშენებლო ჯგუფებმა 65 ახალი სამეფო დარბაზი ააშენეს. როგორ იმოქმედა ამან ადგილობრივ და-ძმებზე? ერთმა მადლიერმა დამ, რომელიც სიხარულის ცრემლებს ვერ იკავებდა, თქვა: „ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი ლამაზი სამეფო დარბაზი გვექნებოდა. ახლა რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავპატიჟებ კრების შეხვედრებზე. მადლობელი ვარ იეჰოვასი და მისი ორგანიზაციის, რომელთაც ჩვენ მიმართ ასეთი დიდი სიკეთე გამოავლინეს!“. ამ დის აზრს ბევრი მიანმელი და-ძმა იზიარებს.

ქვეყანაში მისიონერები ჩადიან

უცხოელებისთვის მიანმას კარი ათწლეულების მანძილზე იყო ჩაკეტილი, მაგრამ 90-იან წლებში ეს კარი გაიხსნა. ამიტომ, ფილიალმა გადაწყვიტა, ხელისუფლებისთვის ნებართვა ეთხოვა, რომ მისიონერები კვლავ შესულიყვნენ ქვეყანაში. 2003 წლის იანვარში იაპონიიდან მიანმაში ჩავიდნენ სკოლა „გალაადის“ კურსდამთავრებულები ჰიროში და ჯუნკო აოკი. ისინი ბოლო 37 წლის განმავლობაში პირველი მისიონერები იყვნენ, რომლებიც ქვეყანაში შევიდნენ.

ჰიროში და ჯუნკო აოკი ბოლო 37 წლის განმავლობაში პირველი მისიონერები იყვნენ, რომლებიც ქვეყანაში შევიდნენ

„ვინაიდან მიანმაში ძალიან ცოტა უცხოელი იყო, სიფრთხილე უნდა გამოგვეჩინა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს არასწორად არ გაეგოთ ჩვენი სამქადაგებლო საქმიანობის მიზანი, — ყვება ჰიროში. — ამიტომ, განმეორებით მონახულებებსა თუ ბიბლიის შესწავლებზე ადგილობრივ და-ძმებთან ერთად მივდიოდით. მალე დავინახეთ, რომ მიანმელებს უყვარდათ სულიერ საკითხებზე საუბარი. პირველივე დილას მსახურებაში გასვლის დროს ხუთი ბიბლიის შესწავლა დავიწყეთ“.

«ჩვენ ხშირად გვიგრძვნია, როგორ გვიკვალავდა იეჰოვა გზას, — იხსენებს ჯუნკო. — ერთხელ, როცა შესწავლის შემდეგ, რომელსაც მანდალაის ახლოს ვატარებდით, მოტოციკლით შინ ვბრუნდებოდით, საბურავი დაგვეშვა. მოტოციკლი ახლომდებარე ფაბრიკამდე მივაგორეთ და დახმარება ვითხოვეთ. დარაჯმა ჰიროში მოტოციკლიანად შიგნით შეუშვა, მე კი გარეთ, ჯიხურთან, დამტოვა. ცნობისმოყვარე დარაჯი ჩვენი საქმიანობით დაინტერესდა.

— რას აკეთებთ აქ? — შემეკითხა.

— მეგობრებს ვინახულებთ, — ვუპასუხე მე.

— რა მიზნით? რელიგიურ თემებზე ესაუბრებით? — მკითხა მან.

რადგან არ ვიცოდი, რა მოტივით მისვამდა ამ კითხვას, არ ვუპასუხე.

— გულახდილად მითხარით, რომელ ორგანიზაციას მიეკუთვნებით, — ჩამაჟინდა.

ჩანთიდან ამოვიღე ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“ და ვაჩვენე.

— ვიცი, რა ჟურნალიცაა! — გახარებულმა წამოიძახა. სხვა დარაჯებს მიუბრუნდა და დაუძახა:

— ნახეთ! ანგელოზს იეჰოვას მოწმეები გამოუგზავნია ჩვენთან!

ამ კაცმა გახსნა ჩანთა და ბიბლია და ერთი ჩვენი ტრაქტატი ამოიღო. ის თურმე იეჰოვას მოწმესთან სწავლობდა ბიბლიას, როდესაც სხვა მხარეში ცხოვრობდა, მაგრამ მანდალაიში რომ გადმოვიდა, მასთან კონტაქტი დაკარგა. ჩვენ მასთან მაშინვე დავიწყეთ ბიბლიის შესწავლა. მოგვიანებით, ზოგმა მისმა თანამშრომელმაც დაიწყო შესწავლა».

2005 წელს მიანმაში კიდევ ოთხი მისიონერი ჩავიდა, რომლებმაც ფილიპინებში დაამთავრეს მსახურებაში დახელოვნების სკოლა (დღეს ჰქვია ბიბლიური სკოლა დაუქორწინებელი ძმებისთვის). ერთ ძმას, ნელსონ ხუნიოს, ძალიან ენატრებოდა მშობლიური მხარე. ეს გრძნობა უცხო არ არის ბევრი მისიონერისთვის. ის ამბობს: „ხშირად ტირილსა და ლოცვაში ჩამძინებია. მაგრამ ერთხელ ერთმა გულისხმიერმა ძმამ ებრაელების 11:15, 16-ში ჩაწერილი სიტყვები წამაკითხა. ამ მუხლებში ნათქვამია, რომ აბრაამი და სარა არ მისტიროდნენ თავიანთ მშობლიურ სახლს ქალაქ ურში. პირიქით, მათთვის მთავარი ღვთის ნების შესრულება იყო. მას შემდეგ მეტად აღარ მიტირია. იმ დღიდან მოყოლებული მიანმა ჩემთვის საკუთარი სახლივით გახდა“.

კარგ მაგალითს დიდი ძალა აქვს

პირველ საუკუნეში პავლე მოციქულმა ტიმოთეს ურჩია: „ის, რაც ჩემგან მოისმინე . . . მიანდე ერთგულ მამაკაცებს, რომლებიც გამოსადეგნი იქნებიან იმისთვის, რომ სხვებს ასწავლონ“ (2 ტიმ. 2:2). მისიონერები ამ პრინციპით ხელმძღვანელობდნენ და ადგილობრივ და-ძმებს ასწავლიდნენ, იმ თეოკრატიულ მითითებებს მიჰყოლოდნენ, რომლითაც იეჰოვას ხალხი მთელ მსოფლიოში ხელმძღვანელობს.

მაგალითად, მისიონერებმა შენიშნეს, რომ ბევრი ადგილობრივი მაუწყებელი თავის დაინტერესებულებს ასწავლიდა, პირდაპირ წიგნიდან ამოეკითხათ პასუხები — ეს სწორედ ის მეთოდი იყო, რომელსაც მიანმას ბევრ სკოლაში იყენებდნენ. „ჩვენ მოთმინებით ვუხსნიდით მაუწყებლებს, ისეთი კითხვები დაესვათ დაინტერესებულებისთვის, რომ მათი აზრები და გრძნობები გაეგოთ, — გვიყვება იომარ იუბინია. — მაუწყებლები მთელი გულით ითვალისწინებდნენ ამ რჩევებს და უფრო კარგი მასწავლებლები ხდებოდნენ“.

მისიონერებმა ისიც დაინახეს, რომ ბევრ კრებაში მხოლოდ ერთი უხუცესი ან ერთი მომსახურე იყო. მართალია, ამ ძმებიდან ზოგიერთი ერთგული იყო და თავს არ ზოგავდა, მაგრამ ისინი და-ძმებს მეტისმეტად მკაცრ წესებს უდგენდნენ. პირველ საუკუნეშიც მსგავსი მდგომარეობა იყო კრებებში და ამიტომაც მოუწოდა პავლე მოციქულმა უხუცესებს: „მწყემსეთ თქვენთვის მობარებული ღვთის სამწყსო . . . ნუ იბატონებთ მათზე, ვინც ღვთის საკუთრებაა, არამედ მაგალითი იყავით სამწყსოსთვის“ (1 პეტ. 5:2, 3). როგორ დაეხმარნენ მისიონერები ასეთ ძმებს? ბენჯამინ რეიესი ამბობს: „ვცდილობდით, ვყოფილიყავით ძალიან თავაზიანები, უშუალოები და მშვიდები და ამგვარად მათთვის კარგი მაგალითი მიგვეცა. მათ მაგალითს მართლაც დიდი ძალა ჰქონდა. ბევრმა უხუცესმა შეიცვალა თავისი დამოკიდებულება და უფრო მზრუნველი და თანამგრძნობი გახდა სამწყსოს მიმართ.

მთარგმნელობითი საქმიანობის გაუმჯობესება ხელს უწყობს ზრდას

წლების მანძილზე მიანმელი ძმები სარგებლობდნენ მე-19 საუკუნეში გამოცემული ბიბლიით, რომელიც ქრისტიანული სამყაროს ერთმა მისიონერმა ბუდისტი ბერების დახმარებით თარგმნა. ამ თარგმანში გამოყენებულია ბევრი მოძველებული და ძნელად გასაგები სიტყვა პალი ენაზე. ამიტომ, როცა 2008 წელს ბირმულ ენაზე „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ გამოვიდა, ძმების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მორის რაჯი იხსენებს: „დამსწრეები დიდხანს უკრავდნენ ტაშს და ზოგი სიხარულისგან ტიროდა კიდეც, როცა ქრისტიანულ-ბერძნული წერილების პირადი ეგზემპლარი მიიღო. ეს ახალი თარგმანი ზუსტია და უბრალო, გასაგები ენითაა დაწერილი. ბუდისტებისთვისაც კი ადვილი გასაგებია“. ამ თარგმანის გამოცემიდან მალევე ბიბლიის შემსწავლელთა რიცხვი 40 პროცენტზე მეტით გაიზარდა.

თითქმის უკვე 50 წელია, რაც დორისი იანგონის ბეთელში მთარგმნელობით განყოფილებაში მსახურობს

ბევრი სხვა ენის მსგავსად, ბირმულ ენაშიც არის სალიტერატურო ენა, რომელიც მომდინარეობს პალიდან და სანსკრიტიდან, და სასაუბრო ენა, რომელსაც ყოველდღიური საუბრების დროს იყენებენ. დამწერლობა სალიტერატუროსაც აქვს და სასაუბროსაც. ბევრი ჩვენი ხანდაზმული მაუწყებელი იყენებს სალიტერატურო ენას, რომელსაც ახალი თაობა კარგად ვერ იგებს. ამიტომ, ფილიალმა ახლახან დაიწყო პუბლიკაციების სასაუბრო ენაზე თარგმნა, რომელსაც უმეტესობა ადვილად იგებს.

მთარგმნელები (მიანმას ბეთელი)

ამ ახალ პუბლიკაციებს მალევე მოჰყვა გამოხმაურება. თან ჰტუე უ, მთარგმნელობითი განყოფილების ზედამხედველი, იხსენებს: «ადრე ხალხი ამბობდა: „ლიტერატურას ისეთი მაღალფარდოვანი ენით წერთ, რომ ვერაფერს ვიგებთ“. ახლა მიღებისთანავე სიხარულით იწყებენ კითხვას. ბევრი მათგანი ამბობს: „ამ ლიტერატურის გაგება ძალიან ადვილია“». კრების შეხვედრების დროს და-ძმების კომენტარები საგრძნობლად გაუმჯობესდა, რადგან ახლა მათ გაცილებით უადვილდებათ ჩვენს პუბლიკაციაში მოცემული მასალის გაგება.

დღეისათვის მთარგმნელობით განყოფილებაში 26 სრული დროით მთარგმნელი მსახურობს, რომლებიც სამ ენაზე — ბირმულზე, ჰაკჰა ჩინზე და სგო კაინზე — თარგმნიან. გარდა ამისა, ლიტერატურა 11 სხვა ადგილობრივ ენაზეც ითარგმნება.

ქვეყანას ციკლონმა „ნარგისმა“ გადაუარა

2008 წლის 2 მაისს ქვეყანას ციკლონმა „ნარგისმა“ გადაუარა. ეს იყო ძლიერი ქარიშხალი, რომლის სიჩქარეც საათში 240 კილომეტრს აღწევდა. ამ ციკლონის შედეგად ირავადის დელტიდან ტაილანდის საზღვრამდე ყველაფერი მიწასთან გასწორდა. ამ ქარიშხალმა ორ მილიონზე მეტი ადამიანი დააზარალა; დაახლოებით 140 000 ადამიანი დაიღუპა ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

ათასობით იეჰოვას მოწმეც დაზარალდა, მაგრამ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, არც ერთი მათგანი სერიოზულად არ დაშავებულა. ბევრი იმიტომ გადარჩა, რომ ახლომდებარე სამეფო დარბაზებს შეაფარა თავი. ირავადის დელტის მახლობლად მდებარე სოფელ ბოტინგონში 20 მოწმე სხვა 80 თანასოფლელთან ერთად 9 საათის განმავლობაში სამეფო დარბაზის სახურავის დამჭერ ძელებზე იჯდა, რადგან ადიდებულმა წყალმა თითქმის ჭერამდე მიაღწია.

მე სინ უ თავისი სახლის წინ, რომლის აღდგენაც მიმდინარეობს

მაშველთა ჯგუფი ციკლნ „ნარგისის“ შემდეგ ჰტუნ ხინების ახლად აშენებული სახლის წინ

ფილიალმა დაუყოვნებლივ ჩამოაყალიბა მაშველთა ჯგუფი იმ რეგიონების დასახმარებლად, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ. ბოტინგონამდე რომ ჩაეტანათ საკვები, სასმელი წყალი და მედიკამენტები, მაშველთა ჯგუფს მოუწია ამ გავერანებული მხარის გავლა, რომელიც გვამებით იყო მოფენილი. ისინი პირველები იყვნენ, რომლებიც ამ მხარეში დასახმარებლად ჩავიდნენ. მას შემდეგ, რაც ადგილობრივ და-ძმებს პირველი დახმარება აღმოუჩინეს, ძმებმა ბიბლიური მოხსენებები წაუკითხეს და ბიბლია და ბიბლიური ლიტერატურა დაურიგეს, რადგან ციკლონმა მათ ყველაფერი გაუნადგურა.

ფილიალმა იანგონსა და პათეინში დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი ჩამოაყალიბა, რათა ორგანიზება გაწეოდა დაზარალებულთათვის დახმარების აღმოჩენას. ამ კომიტეტმა ასობით მოხალისე გაგზავნა ციკლონის შედეგად დაზარალებულ და-ძმებთან, რათა ისინი სასმელი წყლით, ბრინჯითა და სხვა პირველადი მოხმარების ნივთებით მოემარაგებინათ. მათ აგრეთვე შექმნეს ჯგუფები, რომლებიც ერთი ადგილიდან მეორეზე გადავიდოდნენ და მოწმეთა დაზიანებულ სახლებს შეაკეთებდნენ ან ახალს აუშენებდნენ.

ერთი ასეთი მოხალისე, ტობიას ლუნდი, ყვება: «მე და ჩემმა ცოლმა, სოფიამ, ვიპოვეთ 16 წლის გოგონა, მეი სინ უ, რომელიც ოჯახში ერთადერთი მაუწყებელი იყო. ის დასველებულ ბიბლიას თავისი დანგრეული სახლის სიახლოვეს მზეზე აშრობდა. მას სახეზე ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ცრემლები, მაგრამ, როცა დაგვინახა, გაგვიღიმა. მალე იქ ერთი ჩვენი ჯგუფი ჩაფხუტებით, ელექტროხელსაწყოებითა და სამშენებლო მასალით აღჭურვილი ჩავიდა, რათა ამ გოგონას ოჯახისთვის ახალი სახლი აეშენებინათ. მეზობლები გაოცებულნი დარჩნენ! ხალხი დღეების მანძილზე გარს უვლიდა იმ ადგილს, სადაც ჩვენ ვაშენებდით. იმ დროს ეს ადგილი ყველას ყურადღების ცენტრში მოექცა. ხალხი ამბობდა: „ასეთი რამ არასდროს გვინახავს! თქვენი ორგანიზაციის წევრებს მართლაც უყვართ ერთმანეთი და ისინი მართლაც უდგანან ერთმანეთს მხარში! ჩვენც გვინდა, რომ იეჰოვას მოწმეები გავხდეთ“. მეი სინ უს მშობლები და და-ძმები ახლა კრების შეხვედრებს ესწრებიან და სულიერად წინ მიიწევენ».

აღდგენითი სამუშაოები თვეები გაგრძელდა. ძმებმა ტონობით საჭირო პროდუქტი და ნივთი დაურიგეს იქაურებს და შეაკეთეს ან ხელახლა ააშენეს 160 სახლი და 8 სამეფო დარბაზი. ციკლონმა „ნარგისმა“ დიდი უბედურება დაატეხა თავს მიანმას, მაგრამ, როცა საშინელმა ქარიშხალმა გადაიარა, ყველასთვის ნათელი გახდა, თუ რა ძლიერ უყვარს ღვთის ხალხს ერთმანეთი, რაც მათ აერთიანებს და იეჰოვას სახელს განადიდებს.

დაუვიწყარი მოვლენა

2007 წლის დასაწყისში მიანმას ფილიალმა ამაღელვებელი წერილი მიიღო. «ხელმძღვანელი საბჭო გვთხოვდა, ორგანიზება გაგვეწია იანგონში საერთაშორისო კონგრესის ჩატარებისთვის, — ამბობს ჯონ შარპი, რომელიც თავის მეუღლესთან, ჯანეტთან, ერთად ფილიალში ერთი წლის ჩასული იყო. — 2009 წელს საერთაშორისო კონგრესს ასობით უცხოელი დელეგატი უნდა დასწრებოდა ათი სხვადასხვა ქვეყნიდან. ჩვენი ფილიალისთვის ეს უპრეცედენტო მოვლენა იყო!

ათასი კითხვა გვიტრიალებდა თავში: „სად უნდა ჩაგვეტარებინა ასეთი დიდი კონგრესი? შეძლებდნენ დაშორებული ადგილებიდან მაუწყებლები ჩამოსვლას? სად გაჩერდებოდნენ? რით იმგზავრებდნენ? რას შეჭამდნენ კონგრესის დღეებში? მოგვცემდა თუ არა მიანმას ხელისუფლება კონგრესის ჩატარების უფლებას? პრობლემების ნუსხას ბოლო არ უჩანდა. მაგრამ ამ დროს გაგვახსენდა იესოს სიტყვები: „რაც ადამიანისთვის შეუძლებელია, ღვთისთვის შესაძლებელია“ (ლუკ. 18:27). სრულიად მივენდეთ იეჰოვას და შევუდექით მზადებას.

მალე ვიპოვეთ შესაფერისი ადგილი — ქალაქის ცენტრში არსებული მიანმას ეროვნული სტადიონი. ეს 11 000-ადგილიანი გადახურული სტადიონი იყო, რომლის კონდიცირებაც ხდებოდა. დაუყოვნებლივ მივმართეთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ სტადიონის გამოყენების უფლება მოეცათ. გავიდა თვეები. კონგრესის თარიღამდე რამდენიმე კვირაღა იყო დარჩენილი, ჩვენ კი ჯერ პასუხი არ გვქონდა. ამ დროს თავზარდამცემი ამბავი გავიგეთ: სტადიონის ადმინისტრაციას სწორედ იმ კვირაში, როცა ჩვენ უნდა ჩაგვეტარებინა კონგრესი, კიკბოქსინგში ტურნირის ჩატარება ჰქონდა დაგეგმილი. სხვა ადგილის მოსაძებნად დრო აღარ იყო. ამიტომ, დაველაპარაკეთ ტურნირის ორგანიზატორს და არაერთ სახელმწიფო მოხელეს. ბოლოს, ტურნირის ორგანიზატორმა გვითხრა, რომ ტურნირის თარიღს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადასწევდა, თუ 16 მოკრივე თავიანთი კონტრაქტის პირობებს შეცვლიდა და ტურნირის თარიღს გადასწევდა. როცა მოკრივეებმა გაიგეს, რომ იმ რიცხვებში იეჰოვას მოწმეები აპირებდნენ კონგრესის ჩატარებას სტადიონზე, ყველამ უკლებლივ თანხმობა განაცხადა ტურნირის თარიღის გადაწევაზე».

ფილიალის კომიტეტი, მარცხნიდან მარჯვნივ: კიავ ვინი, ჰლა აუნგი, ჯონ შარპი, დონალდ დიუარი და მორის რაჯი

„ჯერ კიდევ გვესაჭიროებოდა, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან აგვეღო ნებართვა სტადიონის გამოყენების თაობაზე, მაგრამ ჩვენს წერილობით თხოვნაზე ოთხჯერ მივიღეთ უარი, — ყვება კიავ ვინი, ფილიალის კომიტეტის წევრი. — იეჰოვას მივმართეთ ლოცვით და ერთ სამხედრო მაღალჩინოსანს შევხვდით, რომელიც მიანმაში ყველა სტადიონს უწევდა ზედამხედველობას. სულ რაღაც ორი კვირა იყო კონგრესამდე დარჩენილი და სწორედ ამ დროს პირველად მოგვეცა შესაძლებლობა, დავლაპარაკებოდით ასეთი მაღალი თანამდებობის პირს. ჩვენდა გასახარად, მან დააკმაყოფილა ჩვენი თხოვნა!“

ათასობით დელეგატი იანგონში თვითმფრინავით, მატარებლით, ნავით, ავტობუსით, მანქანით და ფეხითაც კი ჩავიდა მიანმას სხვადასხვა ოლქიდან თუ მის ახლომდებარე ქვეყნიდან. თუმცა, მათ არაფერი იცოდნენ, რა მოვლენები უძღოდა წინ კონგრესს. ბევრი ოჯახი თვეების მანძილზე აგროვებდა თანხებს, რომ კონგრესს დასწრებოდნენ. ზოგმა, კონგრესზე რომ წასულიყვნენ, მოსავალი გაყიდა, ზოგმა გოჭები გაზარდა, სხვებმა ტანსაცმლის კერვა დაიწყეს, ზოგი კი მდინარეში ოქროს ეძებდა. ბევრი არასდროს ყოფილა დიდ ქალაქში და მანამდე არასდროს ენახა უცხოელები.

ჩრდილოეთ მიანმადან 1 300-ზე მეტმა დელეგატმა მოიყარა თავი მანდალაის სარკინიგზო სადგურში, რათა სპეციალური რეისით წასულიყვნენ იანგონში. და-ძმების ერთმა ჯგუფმა ნაგას მთიანი რეგიონიდან ექვსი დღე მოანდომა მგზავრობას. მათ ზურგზე მოკიდებული მიჰყავდათ ორი ინვალიდი მაუწყებელი, რომელთა სავარძლებიც დილით, მგზავრობის დროს გამოვიდა მწყობრიდან. ასობით დელეგატმა რკინიგზის სადგურზე კარვები გაშალა. ისინი ერთმანეთთან საუბრობდნენ, იცინოდნენ და სამეფოს სიმღერებს მღეროდნენ. «ყველა უსაზღვროდ გახარებული იყო, — იხსენებს პუმ სინ ხაი, რომელიც ტრანსპორტირებაზე იყო პასუხისმგებელი. — ჩვენ დელეგატები მოვამარაგეთ საკვებით, სასმელი წყლითა და ნოხებით, რომელზეც დაძინებას შეძლებდნენ. როდესაც მატარებელი ჩამოდგა, უხუცესები დაეხმარნენ თითოეულ ჯგუფს, რომ თავიანთი ვაგონები ეპოვათ. ბოლოს რუპორში გაისმა ხმა: „იეჰოვას მოწმეების მატარებელი გადის!“. ბაქანი დავათვალიერე, რომ ვინმე არ დაგვრჩენოდა და მეც ვაგონში ავედი».

ამასობაში იანგონში თითქმის 700 უცხოელი დელეგატი სასტუმროებში დაბინავდა. მაგრამ სად დაბინავდებოდა 3 000-ზე მეტი მიანმელი დელეგატი? მინტ ლვინი, რომელიც დაბინავების განყოფილებაში მსახურობდა, ამბობს: „იეჰოვამ იანგონელი და-ძმები აღძრა, ჩამოსული დელეგატებისთვის ემასპინძლათ. ზოგმა ოჯახმა 15 სტუმარიც კი მიიღო. მათ თანხაც გადაიხადეს იმისთვის, რომ რეგისტრაციაში გაეტარებინათ თავიანთი სტუმრები; ამავე დროს, ყოველ დილით საუზმეს უმზადებდნენ ჩამოსულ და-ძმებს და მათ ტრანსპორტირებაზეც ზრუნავდნენ. ბევრი დელეგატი ადგილობრივ სამეფო დარბაზებში დაბინავდა, ასობით დელეგატი კი ერთ დიდ ქარხანაში ცხოვრობდა. მიუხედავად ასეთი მასობრივი ღონისძიებებისა, კიდევ 500 დელეგატს ესაჭიროებოდა ღამის გასათევი. ჩვენი პრობლემა სტადიონის ადმინისტრაციას ავუხსენით და მათ ნება დაგვრთეს, რომ ამ 500 დელეგატს ღამე სტადიონზე გაეთია, რაც მათი მხრიდან უპრეცედენტო ნაბიჯი იყო“.

„იეჰოვამ იანგონელი და-ძმები აღძრა, ემასპინძლათ ჩამოსული დელეგატებისთვის“

იანგონში 2009 წელს ჩატარებულმა საერთაშორისო კონგრესმა, სახელწოდებით „იფხიზლეთ!“, რწმენა განუმტკიცა და-ძმებს და გარშემომყოფებზე წარუშლელი კვალი დატოვა

ვინაიდან სტადიონი ცუდ მდგომარეობაში იყო, 350-ზე მეტი მოხალისე 10 დღის მანძილზე ზრუნავდა მის კეთილმოწყობაზე. ჰტაუ ვინი, კონგრესის თავმჯდომარე, იხსენებს: «ჩვენ შევაკეთეთ სანტექნიკა, ელექტროგაყვანილობა და ჰაერის კონდიცირების სისტემა; გარდა ამისა, შევღებეთ და დავასუფთავეთ მთელი ნაგებობა. ასეთი დიდი შრომა შეუმჩნეველი არ დარჩენილა და გარშემომყოფთათვის კარგი დამოწმება იყო. სამხედრო ოფიცერმა, რომელიც სტადიონს მეთვალყურეობდა, წამოიძახა: „მადლობა! დიდი მადლობა! ვილოცებ, რომ თქვენმა ხალხმა ყოველ წელს გამოიყენოს ჩვენი სტადიონი“».

2009 წლის 3—6 დეკემბერს გამართულ კონგრესს 5 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. ბოლო დღეს, როცა ბევრი დელეგატი ეროვნულ სამოსში გამოეწყო, ყველას თვალწინ საოცრად მრავალფეროვანი და თვალისმომჭრელი სანახაობა გადაიშალა. ერთი და იხსენებს: „ყველა ერთმანეთს ეხვეოდა და ტიროდა მას მერეც კი, როცა პროგრამა დაიწყო. მას შემდეგ, რაც ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, გერიტ ლოშმა, დამამთავრებელი ლოცვა წარმოთქვა, აუდიტორიაში რამდენიმე წუთი უკრავდნენ ტაშს და ერთმანეთს ხელს უქნევდნენ“. ერთმა 86 წლის დამ ბევრის სათქმელი თქვა: „ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ახალ ქვეყნიერებაში ვარ!“

ამ ყველაფრის დანახვამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ხელისუფლების ბევრ წარმომადგენელზეც. მთავრობის ერთმა წარმომადგენელმა თქვა: „ეს შეკრება მართლაც განუმეორებელი იყო — არავინ ილანძღებოდა, არავინ ეწეოდა და ბეტელის კაკალსაც არავინ ღეჭავდა. სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები ერთმანეთში მშვიდობიანად იყვნენ. არასდროს მინახავს ასე გაერთიანებული და ერთსულოვანი ყოფილიყოს ამდენი ხალხი!“ მორის რაჯი ყვება: „იანგონში სამხედრო ოფიცერმაც კი გვითხრა, რომ მას და მის თანამშრომლებს არასდროს უნახავთ ასეთი შთამბეჭდავი მოვლენა“.

ბევრი დელეგატი ამბობს, რომ განსაკუთრებული რამის თვითმხილველნი გახდნენ. ერთი ადგილობრივი ძმა გვიზიარებს: „ჩვენ კონგრესამდეც ვიცოდით, რომ საერთაშორისო საძმოს წევრები ვიყავით, მაგრამ ახლა მთელი არსებით შევიგრძენით, რას ნიშნავს, იყო საერთაშორისო საძმოს ნაწილი. არასოდეს დაგვავიწყდება ის სიყვარული, რომელიც ძმებმა გამოავლინეს ჩვენ მიმართ“.

„კონგრესამდეც ვიცოდით, რომ საერთაშორისო საძმოს წევრები ვიყავით, მაგრამ ახლა მთელი არსებით შევიგრძენით, რას ნიშნავს, იყო საერთაშორისო საძმოს ნაწილი“

„გადათეთრებული მოსამკელად“

თითქმის 2 000 წლის წინათ იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „ასწიეთ თავი და შეხედეთ ყანებს, როგორ გადათეთრებულან მოსამკელად“ (იოან. 4:35). იმავეს თქმა შეიძლება დღეს მიანმაზეც. ბოლო ინფორმაციით, ქვეყანაში 3 790 მაუწყებელია, 1 მაუწყებელზე 15 931 მოსახლე მოდის. მართლაც რომ ბევრი სამუშაო აქვთ და-ძმებს მიანმაში! 2012 წელს გახსენების საღამოს 8 005 ადამიანი დაესწრო, რაც კიდევ უფრო დიდი ზრდის მომასწავებელია.

რაქაინის ოლქში, რომელიც სანაპირო ზოლში მდებარეობს და ბანგლადეშს ესაზღვრება, დაახლოებით 4 მილიონი მოსახლეა, მაგრამ ერთი იეჰოვას მოწმეც არ არის. ეს კიდევ ერთი მტკიცებაა იმისა, რომ მიანმაში ბევრი საქმეა გასაკეთებელი. მორის რაჯი ამბობს: „ყოველთვე ჩვენ უამრავ წერილს ვიღებთ ამ ოლქში მცხოვრები ხალხისგან, რომლებიც სულიერ დახმარებას და ლიტერატურას ითხოვენ. ბუდისტებიც კი, რომელთა რიცხვი სულ უფრო იზრდება მიანმაში, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ინტერესდებიან ჭეშმარიტებით. ამიტომ, ვთხოვთ ჩვენს ბატონს, რომ მეტი მუშა გამოგზავნოს სამკალში“ (მათ. 9:37, 38).

„ვთხოვთ ჩვენს ბატონს, რომ მეტი მუშა გამოგზავნოს სამკალში“

თითქმის 100 წლის წინ ამ ბუდისტურ ქვეყანაში პირველად ორმა გაბედულმა პიონერმა იქადაგა სასიხარულო ცნობა. მას შემდეგ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის ათასობით ადამიანი დადგა ჭეშმარიტების მხარეს. საშინელი კონფლიქტების, პოლიტიკური არეულობის, სიღატაკის, რელიგიური დევნის, გარე სამყაროსგან იზოლირებისა თუ სტიქიური უბედურებების მიუხედავად, იეჰოვას მოწმეები მიანმაში მტკიცე რწმენას ინარჩუნებენ და იეჰოვასა და მისი ძის, იესო ქრისტეს, ერთგულნი რჩებიან. მათ გადაწყვეტილი აქვთ, კვლავაც გააგრძელონ სასიხარულო ცნობის ქადაგება, „ყველაფერი მოითმინონ და სულგრძელნი იყვნენ სიხარულით“ (კოლ. 1:11).

a მიანმას უწინ ბირმა ერქვა, რადგან ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხთაგან ყველაზე მრავალრიცხოვანი ბირმელთა ტომია. 1989 წელს ამ ქვეყანას ახალი სახელი, მიანმას კავშირის რესპუბლიკა ეწოდა, რადგან ამ სახელის ქვეშ გაერთიანდა ქვეყანაში მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფი. ჩვენ ამ ქვეყანას იმ მოვლენებთან მიმართებით, რომლებიც 1989 წლამდე მოხდა, ბირმას სახელით მოვიხსენიებთ, ხოლო ამ წლის შემდეგ — მიანმას სახელით.

b „ანგლო-ინდოელების“ სახელით მოიხსენიებენ ადამიანებს, რომლებიც შერეული, ინგლისურ-ინდური წარმომავლობის არიან. ბრიტანეთის მმართველობის დროს ათასობით ანგლო-ინდოელი ბირმაში გადავიდა, რომელიც მაშინ „ბრიტანეთის ინდოეთის“ შემადგენლობაში შედიოდა.

c ბერტრამ მარსელინი პირველი ბირმელი იყო, რომელიც იეჰოვას მოწმე გახდა. ის XX საუკუნის 60-იანი წლების მიწურულს გარდაიცვალა. ბერტრამი სიკვდილამდე იეჰოვას ერთგული დარჩა.

d იმ დროისათვის 450 კიატი 95 აშშ დოლარის ეკვივალენტი იყო, რაც საკმაოდ დიდ თანხას შეადგენდა.

e იხილეთ 1966 წლის „იეჰოვას მოწმეების წელიწდეული“, გვერდი 192 (ინგლ.).

f გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ. დღეს აღარ გამოიცემა.

g ნარჩენი შაქრის წარმოების დროს — სქელი შავი სითხე.

h ამჟამად MEPS-ის დახმარებით ტექსტის 600-ზე მეტ ენაზე ჩამოსხმაა შესაძლებელი.

მოკლე მიმოხილვა

ტერიტორია.

მიანმა გეოგრაფიული მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ქვეყანაში ნახავთ დათოვლილ მთებსა და ტენიან ჯუნგლებს, თვალუწვდენელ ველებსა და წყალუხვ მდინარეებს. მიანმა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში სიდიდით მეორე ქვეყანაა და მისი ფართობი საფრანგეთის ტერიტორიის ფართობს აღემატება.

მოსახლეობა.

ქვეყანაში, სულ მცირე, 135 ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი ცხოვრობს და მათი საერთო რაოდენობა დაახლოებით 60 მილიონს შეადგენს. მოსახლეობის ორ მესამედს ბირმელები შეადგენენ. მოსახლეობის დაახლოებით 90 პროცენტი ბუდისტია, თერავადას მოძღვრების მიმდევარი. ამავე დროს, კაია, ჩინი და კაჩინი ეთნიკური ჯგუფის ბევრი წარმომადგენელი ქრისტიანია.

ენა.

მიანმური (ბირმული) ენა სახელმწიფო ენაა ქვეყნის მასშტაბით, თუმცა იქ მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებს საკუთარი ენებიც აქვთ.

ეკონომიკა.

ქვეყნის ეკონომიკის წამყვანი დარგებია სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა და თევზჭერა. მთავარი მარცვლეული, რომელიც აქ მოჰყავთ, ბრინჯია. ქვეყანა მდიდარია ბუნებრივი წიაღისეულით — მოიპოვებენ ნავთობს, ბუნებრივ გაზს, ჟადეიტს, ლალს. ქვეყნის ტერიტორიაზე მრავლად ხარობს ტექტონები.

საკვები.

ბრინჯი თითქმის ყოველი კერძის შეუცვლელი ინგრედიენტია. ხშირად მას მიირთმევენ ნგაპისთან, გატარებული თევზის ან კრევეტების ცხარე საწებელთან ერთად. მართალია, მიანმელებს უყვართ „კარის“ სანელებელი, მაგრამ მათი კერძები და სალათები არც ისე ცხარეა. კერძების მომზადების დროს მიანმელები მცირე რაოდენობით თევზს, ქათმის ხორცს და კრევეტებსაც იყენებენ. ყველაზე პოპულარული სასმელია ჩაი როგორც შავი, ისე მწვანე.

კლიმატი.

ქვეყნის ტერიტორიაზე კლიმატს, ძირითადად, ეკვატორული მუსონური ქარები განაპირობებს. აქ ურთიერთმონაცვლეობს წელიწადის სამი დრო: თბილი, ცხელი და უხვნალექიანი ცხელი. ქვეყნის ტერიტორიაზე ვხვდებით როგორც მაღალ, ისე საკმაოდ დაბალ ტემპერატურას. მაგრამ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, მთიან მხარეში, ტემპერატურა მკვეთრად ეცემა.

მეგობრები გემრიელად შეექცევიან ბირმულ კერძებს

ბიბლიური ჭეშმარიტების გაბედული მქადაგებელი

სიდნი კიუტი

დაიბადა: 1896 წ.

მოინათლა: 1939 წ.

მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: ერთ-ერთი პირველი მიანმელი, რომელმაც მიიღო ჭეშმარიტება. მოგვითხრო მისმა დისშვილმა, ფილის ცატოსმა (ქალიშვილობის გვარი დე სოუზა).

◆ ჩემი ოჯახის წევრებს ბიძაჩემმა უქადაგა.

— შენ მართლა გწამს, რომ ღმერთი ჯოჯოხეთის ცეცხლში მარადიულად აწამებს ადამიანებს? — მკითხა მან.

— კი, რადგან სწორედ ასე ასწავლის კათოლიკური ეკლესია, — ვუპასუხე მე.

მან ჩვენს ძაღლზე მიმითითა, რომელიც ფეხებთან გვეწვა, და მკითხა: „რას იზამ, შენმა ძაღლმა რომ გიკბინოს?“

— დავსჯი და მიხვდება, რომ არასწორად მოიქცა, — გავეცი პასუხი.

— იქნებ უკეთესი ყოფილიყო, კუდით დაგეკიდა და ეკლიანი ტოტით გეცემა?

ამის წარმოდგენამაც კი შემზარა და ხმას ავუწიე: „ბიძია, ამას როგორ ამბობ, რა სისასტიკეა!“

— სისასტიკეა? — მკითხა მან. — მაგრამ ეკლესიაც ხომ ასწავლის, რომ ყველა ცოდვილი მარადიულად უნდა დაიტანჯოს ჯოჯოხეთის ცეცხლში?!

ასეთი პირდაპირი და ლოგიკური საუბარი დამეხმარა, კიდევ ერთხელ გადამეხედა იმისთვის, თუ რისი მწამდა. მალე ჩვენი ოჯახის რვა წევრი დიდი მონდომებით შევუდექით იეჰოვას მსახურებას.

მიანმური კულტურა და ტრადიციები

სახელები.

მიანმელთა უმეტესობას არა აქვს გვარი. პირად სახელებად, ძირითადად, რამდენიმე ერთმარცვლიან სიტყვას იყენებენ, რომელთაც კონკრეტული მნიშვნელობა აქვს. ხშირ შემთხვევაში ესა თუ ის სახელი სასურველ თვისებასა თუ საგანს აღნიშნავს ან ეთნიკურ წარმომავლობაზე მიუთითებს. მაგალითად, სახელი „ჩო-სანდ-მინ“ სიტყვასიტყვით ნიშნავს „ლამაზ მთვარეს ზემოთ“, „ჰტეტ-აუნგ-ჰტუნი“ —„სიბრძნით ძლევის ზეიმს“, ხოლო „ნაუ-საი-ვა-ფაუ“ — „ქალის ვერცხლის ყვავილს“.

მისალმება.

მიანმელები ბევრნაირად ესალმებიან ერთმანეთს და ხანდახან მეტად ორიგინალურადაც. დიდი ხნის უნახავი მეგობრები ერთმანეთს გულღიად ხვდებიან და ასეთი სიტყვებით მიმართავენ: „ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ?“. ისინი, ვინც სადილის დროს ხვდებიან, შეიძლება ასე მიესალმონ ერთმანეთს: „ჯერ არ გიჭამია?“. მიანმელები „ნახვამდის“ თქმის ნაცვლად, ამბობენ: „წავედი!“. როგორც წესი, ამაზე ისინი პასუხად იღებენ: „კარგი!“ ან „ნელა წადი!“.

მანერები.

მიანმელები ძალიან აფასებენ სითბოსა და სიკეთეს. ხალხი პატივისცემით ექცევა ხანდაზმულებს და ამის ნიშნად სხვებს ხშირად უწოდებენ ბიძას, დეიდას ან მასწავლებელს. როდესაც ისინი ერთმანეთს რამეს გადასცემენ ან ხელს ართმევენ, მარცხენა ხელით თავიანთი მარჯვენა ხელის მაჯას ეხებიან და ამით პატივისცემას გამოხატავენ. აღსანიშნავია, რომ საპირისპირო სქესის წარმომადგენლები იმის მიუხედავად, დაქორწინებულები არიან თუ არა, ერიდებიან სითბოს საჯაროდ გამოხატვას, თუმცა ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლები ხშირად ხელიხელჩაკიდებულები დადიან.

ჩაცმულობა.

კაცებსაც და ქალებსაც ლუნგი მოსავთ. ეს ფერადი, ცილინდრის ფორმის ქვედაბოლო კოჭამდე სიგრძისაა. კაცები ლუნგის წინ იკრავენ ნასკვით, ქალები კი — უკან. ქსოვილის მოხატულობით შეიძლება განისაზღვროს, სამოსი ქალისაა თუ კაცის, ან რომელ ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნება მისი პატრონი.

თავის მოვლის საშუალებები.

დედა ტანაკას საცხს უსვამს სახეზე თავის გოგონას

ქალებისა და ბავშვების უმეტესობა იყენებს სურნელოვან ნაზავს, რომელიც მიიღება ტანაკას ხის ქერქის დანაყვის შედეგად; ის სახის კანის მოვლის კოსმეტიკური საშუალებაა. ტანაკა აგრილებს სახის კანს და იცავს მზის მწველი სხივებისგან.

„იეჰოვამ ახალი სული ჩამიდგა“

უილსონ ტეინი

დაიბადა: 1924 წ.

მოინათლა: 1955 წ.

მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: ყოფილი მძარცველი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ შეცვლილიყო და უკვე 54 წელია სპეციალურ პიონერად მსახურობს.

◆ ბავშვობაში დავდიოდი კრივზე, ჭიდაობასა და ძიუდოზე. შედეგად, მოძალადე და აგრესიული ადამიანი გავხდი. 19 წლის უკვე შეიარაღებული ბანდის წევრი ვიყავი. საბოლოოდ დამაპატიმრეს და რვა წელი მომისაჯეს. ციხეში ყოფნის დროს ბევრს ვფიქრობდი განვლილ ცხოვრებაზე და ვლოცულობდი. გულის სიღრმეში მსურდა, მეტი გამეგო ღვთის შესახებ.

გათავისუფლების შემდეგ იანგონში გადავედი, სადაც იეჰოვას მოწმეთა კრების შეხვედრებზე დასწრება დავიწყე. საბოლოოდ, მოსიყვარულე ძმების მოთმინებისა და დახმარების წყალობით, ცხოვრების წესი შევიცვალე და მოვინათლე.

მონათვლის შემდეგ ჯერ კიდევ ბრძოლა მიწევდა საკუთარ თავთან, რომ ქრისტიანისთვის შესაფერისად მეცხოვრა (ეფეს. 4:24). ყველას კრიტიკული თვალით ვუყურებდი, რის გამოც ხშირად მიტყდებოდა გული. მინდოდა, უკეთესი ადამიანი გავმხდარიყავი, მაგრამ მიჭირდა საკუთარი ემოციების გაკონტროლება. ვფიქრობდი, რომ არაფრის მაქნისი ვიყავი და ზოგჯერ ამის გამო მდინარის პირას მივდიოდი და საათობით ვტიროდი.

ვფიქრობდი, რომ არაფრის მაქნისი ვიყავი. ზოგჯერ ამის გამო მდინარის პირას მივდიოდი და საათობით ვტიროდი

1957 წელს სპეციალურ პიონერად დავინიშნე. პირველად მანდალაიში გამგზავნეს. იქ ვთანამშრომლობდი მისიონერ რობერტ რიჩარდზთან. რობერტი მამასავით იყო ჩემთვის. მან მასწავლა, სხვებში კარგი დამენახა და ყოველთვის თავმდაბლურად მეღიარებინა, რომ თავადაც არასრულყოფილი ვიყავი (გალ. 5:22, 23). როგორც კი გუნება გამიფუჭდებოდა, იეჰოვას ლოცვით მივმართავდი და ვთხოვდი, „ახალი, მტკიცე სული ჩაედგა“ ჩემთვის, რომ სიმშვიდე შემენარჩუნებინა (ფსალმ. 51:10). იეჰოვას უპასუხოდ არ დაუტოვებია ჩემი ლოცვები და თანდათანობით შევიცვალე.

მოგვიანებით ბიბლიის შესწავლა დავიწყე ერთ 80 წლის მამაკაცთან, რომელიც ბაპტისტი იყო. მისი ეკლესიის წევრები გაბრაზდნენ და დამადანაშაულეს, რომ მათ „ცხვარი მოვპარე“. ერთ-ერთმა მათგანმა სახესთან მომიტანა დანა და კბილებში გამოსცრა: „ცოდვაა ვინმეს მოკვლა?“. ძალიან გავბრაზდი, მაგრამ მაშინვე გულში იეჰოვას მივმართე ლოცვით და წყნარი ხმით მივუგე: „თავად პასუხობ შენსავე დასმულ კითხვას“. ის წამიერად შეყოვნდა, შემდეგ გატრიალდა და წავიდა. მადლიერი ვიყავი იეჰოვასი, რომელიც სიმშვიდის შენარჩუნებაში დამეხმარა. ხანდაზმული მამაკაცი, რომელსაც ბიბლიას ვასწავლიდი, ამ ინციდენტის შემდეგ მალევე მოინათლა და სიკვდილამდე ერთგულად ემსახურებოდა იეჰოვას.

წლების მანძილზე 17 სხვადასხვა ადგილას ვმსახურობდი სპეციალურ პიონერად და მთლიანობაში 64 ადამიანს დავეხმარე ჭეშმარიტების გაგებაში. როდესაც ვფიქრობ, რამხელა სიკეთეს ავლენს იეჰოვა დღემდე ჩემ მიმართ, თვალები ცრემლებით მევსება. მისი წყალობით, ერთი უბედური, აგრესიული და მოძალადე მამაკაცი კი არა, მშვიდობისმოყვარე ადამიანი ვარ, რომელსაც ღმერთმა ახალი სული ჩაუდგა.

იეჰოვამ მიჩვენა გზა!

მორის რაჯი

დაიბადა: 1933 წ.

მოინათლა: 1949 წ.

მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: 50 წელზე მეტია, სრული დროით მსახურობს მიანმაში. ამ წლების მანძილზე მან, ძირითადად, ფილიალის ზედამხედველად იმსახურა; ის დღემდე ფილიალის კომიტეტში მსახურობს.i

◆ იანგონის ქუჩებში 1988 წელს ათასობით ადამიანი გამოვიდა და ძალის დემონსტრირებით მოითხოვა პოლიტიკური რეფორმების გატარება. სამხედრო ამბოხებაც მოეწყო და ქვეყნის უმეტეს ნაწილში კომენდანტის საათი გამოცხადდა, რასაც ათასობით დემონსტრანტის სიცოცხლე შეეწირა.

სწორედ იმ თვეში ფილიალიდან წლიური ანგარიში უნდა გაგვეგზავნა იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარ სამმართველოში, ნიუ-იორკში (აშშ), მაგრამ რადგან სხვა ქვეყნებთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა, ვფიქრობდით, რომ ანგარიშს ვერ გავგზავნიდით. მაშინ შევიტყვე, რომ შეერთებული შტატების საელჩო საჰაერო გზით აგზავნიდა დიპლომატიურ ფოსტას. ვფიქრობდი, რომ მათ შეეძლოთ ჩვენი წლიური ანგარიშიც ასეთი სახით გაეგზავნათ. ამიტომ, საუკეთესო კოსტიუმში გამოვეწყვე და საელჩოს მივაშურე.

როდესაც წვიმისგან დატბორილ ქუჩებში მანქანით მივდიოდი, კაცის ჭაჭანება არ იყო. მალე მანქანით მოძრაობა ვეღარ შევძელი, რადგან გზა ხის მორებით იყო ჩახერგილი. მანქანა გავაჩერე და გზა ფეხით განვაგრძე.

საელჩოს ჭიშკრის სიახლოვეს ასობით ადამიანს მოეყარა თავი. ისინი ყვიროდნენ და საელჩოს შენობაში შეშვებას ითხოვდნენ. უეცრად გზად კუშტი გამომეტყველების საზღვაო ქვეითი ჯარისკაცები გადამეღობნენ. წამიერად შევყოვნდი და გულში მოკლედ მივმართე ღმერთს ლოცვით. როდესაც იქვე მდგომმა ერთმა სტუდენტმა შენიშნა, რომ მოწესრიგებულად მეცვა, დაიყვირა: „ეგ კაცი საელჩოს თანამშრომელი უნდა იყოს!“. ხალხში გზა გავიკვლიე და საელჩოს დაკეტილ ჭიშკართან კიდევ ერთი ზორბა ჯარისკაცის პირისპირ აღმოვჩნდი, რომელიც ეჭვნარევი მზერით მათვალიერებდა.

— ვინა ხარ, — შემომიღრინა მან. — და რა გინდა?

— ელჩის ნახვა მსურს, — მივუგე მე. — მეტად მნიშვნელოვანი ცნობა მაქვს ამერიკაში გასაგზავნი.

მას დიდხანს არ მოუცილებია გამჭოლი მზერა. უეცრად გახსნა ჭიშკარი, შემიყვანა და შემდეგ ცხვირწინ მიუხურა კარი ჯგროდ მდგომ ხალხს.

— მომყევი, — უხეშად მითხრა მან.

ჯარისკაცმა შესასვლელამდე მიმაცილა, სადაც ერთი გაღიზიანებული ჩინოსანი დამხვდა, რომელმაც მკითხა, რისთვის ვიყავი მისული.

— იეჰოვას მოწმეთა ადგილობრივი ფილიალის წარმომადგენელი ვარ, — ვუპასუხე მე. — ამ თვეში ნიუ-იორკში, მთავარ სამმართველოში მეტად მნიშვნელოვანი ანგარიში მაქვს გასაგზავნი. შეგიძლიათ თქვენი დიპლომატიური ფოსტით გაგზავნოთ ანგარიში? — ხელში გადავეცი კონვერტი და დავძინე: „ძალიან ვწუხვარ, საფოსტო მარკა არა მაქვს“.

«ხელში გადავეცი კონვერტი და დავძინე: „ძალიან ვწუხვარ, საფოსტო მარკა არა მაქვს“»

შეფიქრიანებულმა ჩინოსანმა რამდენიმე შეკითხვა დამისვა. შემდეგ დამარწმუნა, რომ გაგზავნიდა ანგარიშს. მოგვიანებით გავიგე, რომ ანგარიშმა მთავარ სამმართველომდე დროულად ჩააღწია.

i ძმა მორის რაჯის ბიოგრაფია იხილეთ 2010 წლის 1 დეკემბრის „საგუშაგო კოშკში“.

გულწრფელი მოსამართლე ჭეშმარიტებას იღებს

მანგ ჯუნგი

დაიბადა: 1934 წ.

მოინათლა: 1981 წ.

მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: გავლენიანი სკოლის დირექტორი და მოსამართლე, რომელიც მოგვიანებით გულმოდგინე სრული დროით მქადაგებელი გახდა.

◆ როდესაც პირველად ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“ შემომთავაზეს, ვუთხარი: „ძალიან დაკავებული ვარ; დრო არ მაქვს ამ ჟურნალის წასაკითხად“. მაგრამ რამდენადაც აქტიური მწეველი ვიყავი, უცებ გონებაში გამიელვა, რატომაც არ გამომეყენებინა ამ ჟურნალის გვერდები თუთუნის გასახვევად. ამიტომ, მათ ჟურნალი გამოვართვი.

როდესაც თუთუნის გასახვევად ერთი გვერდი ამოვხიე, გავიფიქრე, ჯერ თვალი გადამევლო ამ ფურცლისთვის. სწორედ ამგვარად გავეცანი „საგუშაგო კოშკს“ და შევიყვარე ის. წაკითხულმა აღმძრა, მიმეტოვებინა წევა და ღვთის მაღალზნეობრივი პრინციპებით მეცხოვრა. ცოტა ხანში მოვინათლე კიდეც.

როცა ნათლობის შემდეგ სოფელში დავბრუნდი, ერთმა პასტორმა და ეკლესიის უხუცესებმა ფული შემომთავაზეს, რომ ჩემს ყოფილ რელიგიას დავბრუნებოდი. როდესაც უარი განვაცხადე, მათ მოატყუეს ხალხი და დააჯერეს, რომ მოწმეებმა ფული გადამიხადეს, რათა მოვნათლულიყავი და მეც ერთ-ერთი მათგანი გავმხდარიყავი. ასეთი ცილისწამების მიუხედავად, ვერ დამაშინეს. ვამაყობდი, რომ ვიცნობდი და ვემსახურებოდი ჭეშმარიტ ღმერთს.

„იეჰოვამ მაკურთხა მოთმინებისთვის“

აჰ ში

დაიბადა: 1952 წ.

მოინათლა: 1998 წ.

მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: კათოლიკე მქადაგებელი, რომელმაც მიიღო ჭეშმარიტება.

◆ წლების მანძილზე „ოქროს სამკუთხედის“ შუაგულში კათოლიციზმს ვქადაგებდი, თუმცა არასდროს მქონია სასულიერო წოდება. როდესაც იეჰოვას მოწმეებს შევხვდი და ვნახე, რა დახელოვნებულად იყენებდნენ ღვთის სიტყვას, ბიბლიის, შესწავლაზე დავთანხმდი.

ცოტა ხანში კვირაობით, როგორც წესი, დილით ეკლესიაში ვქადაგებდი, ხოლო შუადღისით სამეფო დარბაზში კრების შეხვედრებს ვესწრებოდი. მალე ქადაგების დროს ბიბლიის ჭეშმარიტ სწავლებებზეც დავიწყე საუბარი, რამაც მრევლიდან ზოგიერთი აღაშფოთა, რომ აღარაფერი ვთქვა თავად მღვდელზე! როცა უარი ვთქვი ქადაგებაზე, მრევლმა სასამართლოს წინაშე წარმადგინა, რათა სოფლიდან გავეძევებინე. მოსამართლემ მათ უთხრა, რომ არჩევნის თავისუფლება მქონდა და ვისთვისაც მინდოდა, შემეძლო იმისთვის მეცა თაყვანი. მაგრამ ჩემი მეუღლე ვერ შეეგუა ამ ფაქტს. მან მიყვირა: „წადი! აიღე შენი ჩანთა და ბიბლია და მოშორდი აქაურობას!“. მისი განრისხების მიუხედავად, ფიქრადაც არ მომსვლია სამაგიეროს გადახდა და კვლავაც განვაგრძობდი მეუღლესა და შვილებზე ზრუნვას. ჩემდა საბედნიეროდ, იეჰოვამ მაკურთხა მოთმინებისთვის. დღეს ჩემს ცოლთან, ჩერისთან და შვილებთან ერთად სიხარულით ვემსახურები იეჰოვას.

„ეჭვები სრულიად გამიქარწყლდა“

გრეგორი სარილო

დაიბადა: 1950 წ.

მოინათლა: 1985 წ.

მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: ერთ დროს ეკლესიაში მუშაობდა და იეჰოვას მოწმეები ცრუ წინასწარმეტყველები ეგონა.

◆ წლების მანძილზე კათოლიკური ეკლესიის თავგამოდებული მრევლი ვიყავი; ჩემი სოფლის ეკლესია სწორედ კათოლიკური ეკლესიის დაქვემდებარებაში იყო. შეუმჩნეველი არ დამრჩენია, რომ ეკლესიის წინამძღოლები უზნეობას იწყნარებდნენ, ანიმისტურ შესაწირავებს აღავლენდნენ და სპირიტიზმს ეწეოდნენ. იმდენად მეზიზღებოდა მათი თვალთმაქცობა, რომ უარი ვთქვი ეკლესიაში ჩემი მოვალეობის შესრულებაზე, მაგრამ კვლავ კათოლიკურ წეს-ჩვეულებებს ვიცავდი.

1981 წელს იეჰოვას მოწმეებს შევხვდი. ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ მათ კარგად იცოდნენ ბიბლია. ამიტომ, დავთანხმდი ბიბლიის შესწავლაზე. თუმცა, მაინც ეჭვის თვალით ვუყურებდი მათ სწავლებებს და გაუთავებლად ვეკამათებოდი. ისინი აუღელვებლად მპასუხობდნენ ბიბლიიდან.

ერთხელ იეჰოვას მოწმეების საოლქო კონგრესს დავესწარი, რათა გამეგო, ნამდვილად ერთი აზრი ჰქონდათ თუ არა სწავლებებთან დაკავშირებით. შესვენების დროს შემთხვევით სკამზე ჩანთა დამრჩა, რომელშიც პირადობის მოწმობა, ფული და სხვა ნივთები მედო. ვიფიქრე, რომ ჩანთას აუცილებლად მოიპარავდნენ, მაგრამ ძმები მარწმუნებდნენ: „ნუ ღელავ, ჩანთა ადგილზე დაგხვდება“. როცა ჩემს ადგილზე მივირბინე, ჩანთა მართლაც იქ დამხვდა. იმ წუთიდან ეჭვები სრულიად გამიქარწყლდა.

ვიპოვე „განუზომელი სიმდიდრე“!

სა თან ჰტუნ აუნგი

დაიბადა: 1954 წ.

მოინათლა: 1993 წ.

მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: ყოფილი ბუდისტი ბერი და ჯარისკაცი. ჭეშმარიტების მიღების შემდეგ იგი არაერთი წელი მსახურობდა პიონერად.

◆ ბუდისტურ ოჯახში გავიზარდე და რაღაც პერიოდის განმავლობაში ბერიც ვიყავი. არ მწამდა, რომ არსებობდა ღმერთი, რომელმაც ყველაფერი შექმნა. შემდეგ ერთმა მეგობარმა, რომელიც „ქრისტიანი“ იყო, თავის ეკლესიაში წამიყვანა, სადაც გავიგე, რომ ზეცაში არსებობდა ღმერთი. მომინდა, მეტი გამეგო მასზე და დავახლოებოდი ზეციერ მამას.

როდესაც ბერად მსახურების ვადა ამომეწურა, ჯარში დავიწყე მსახურება. ამ დროს დღიურს ვაწარმოებდი. ყოველთვის წერას ვიწყებდი სიტყვებით: „ზეციერო მამა“. მოგვიანებით, გადავწყვიტე მიმეტოვებინა სამხედრო სამსახური და პასტორად მემსახურა, მაგრამ უფროსები არ მაძლევდნენ სამუშაოსთვის თავის დანებების საშუალებას. გარკვეული დროის შემდეგ კაპიტნის წოდება მივიღე, რის შედეგადაც დიდება, ძალაუფლება და სიმდიდრე მოვიხვეჭე. მიუხედავად ყველაფრისა, სულიერ შიმშილს ვგრძნობდი.

1982 წელს ჰტუ აუნგზე ვიქორწინე, რომლის უფროსი და იეჰოვას მოწმე იყო, მან მომცა წიგნი „დაკარგული სამოთხიდან დაბრუნებულ სამოთხემდე“. წიგნიდან გავიგე, რომ ღმერთს იეჰოვა ერქვა, მაგრამ ამაში ეჭვი მეპარებოდა. ჩემს ცოლს ვუთხარი: „თუ ბირმულ ბიბლიაში მანახებ, რომ ღვთის სახელი იეჰოვაა, მეც მოწმე გავხდები!“. მან ბევრი ეძება ბიბლიაში, თუმცა ვერ იპოვა. მაგრამ მისმა მეგობარმა, მერიმ, რომელიც იეჰოვას მოწმე იყო, ადვილად იპოვა ღვთის სახელი და მაჩვენა! მალე ცოლ-შვილთან ერთად მეც დავიწყე ბიბლიის შესწავლა და ქრისტიანულ კრების შეხვედრებზე დასწრება.

რაც უფრო მეტ ცოდნას ვიძენდი ბიბლიიდან, მით უფრო მინდებოდა, ღვთისთვის მემსახურა. 1991 წელს კიდევ ერთხელ განვაცხადე, რომ სამხედრო სამსახურის დატოვება მინდოდა. ამჯერად მიზეზად ის მოვიყვანე, რომ იეჰოვას მოწმედ მსახურება მსურდა. როგორც იქნა, ორი წლის შემდეგ გამომიშვეს. ამავე წელს მე და ჩემი ცოლი მოვინათლეთ.

ოჯახის სარჩენად ბაზარში საკვების გაყიდვა დავიწყე. ნათესავები და მეგობრები მეუბნებოდნენ, რომ სულელურად მოვიქეცი, როცა პერსპექტიული სამხედრო სამსახური შავ სამუშაოზე გავცვალე. მაგრამ ყოველთვის მახსენდებოდა მოსე, რომელმაც ღვთის ნების შესასრულებლად დატოვა ფარაონის სასახლე და უბრალო მწყემსი გახდა (გამ. 3:1; ებრ. 11:24—27). მოგვიანებით კიდევ უფრო ფასეულ მიზანს მივაღწიე — პიონერად დავიწყე მსახურება.

მალე ზოგმა ჩემმა მეგობარმა, ვისთან ერთადაც სამხედრო სამსახურში ვმსახურობდი, მაღალი თანამდებობები დაიკავა და სიმდიდრეც დააგროვა. მე კი „განუზომელი სიმდიდრე“ ვიპოვე — კურთხევები, რაც ზეციერ მამასთან დაახლოებასა და მისთვის მსახურებას მოაქვს (ეფეს. 2:7). დღეს, ჩემი დისშვილები და ძმისშვილები სრული დროით ემსახურებიან იეჰოვას. ჩემი უფროსი შვილი კი მიანმას ბეთელში მსახურობს.

ქრისტიანულმა სიკეთემ გული გამილღო

ზოუ ბაუმი

დაიბადა: 1954 წ.

მოინათლა: 1998 წ.

მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: ყოფილი ნარკოტიკებით მოვაჭრე და სასტიკი მოწინააღმდეგე, რომელსაც ქრისტიანულმა სიკეთემ გული გაულღო.

◆ როცა ჩემმა მეუღლემ, ლუ მაიმ, იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო, სასტიკად შევეწინააღმდეგე. მას ბიბლიური ლიტერატურა ტუალეტში ჩავუყარე და მოწმეები სახლიდან გავყარე.

დღეს ჩემი „აღთქმის“ ერთგული ვრჩები და მაქსიმალურად ვიხარჯები იეჰოვას მსახურებაში

მოგვიანებით, როცა ნარკოტიკებით ვაჭრობას მივყავი ხელი, დამიჭირეს და ციხეში ჩამსვეს. დაპატიმრებიდან მეორე დღესვე ლუ მაიმ ბიბლია გამომიგზავნა გულისამაჩუყებელ წერილთან ერთად, რომელიც ბიბლიური მუხლებით იყო დახუნძლული. მან კიდევ არაერთი ასეთი გამამხნევებელი წერილი გამომიგზავნა. მალე მივხვდი, ბიბლიური ნორმების თანახმად რომ მეცხოვრა, ციხეში არ ამოვყოფდი თავს.

ციხეში მოულოდნელად ორი მამაკაცი მეწვია. ერთმა მითხრა, რომ იეჰოვას მოწმეები იყვნენ და ჩემი ცოლის თხოვნით მომინახულეს. მათ ორი დღე მოუწიათ მგზავრობა, რომ ჩემთან მოსულიყვნენ. ძალიან გაოცებული და მადლიერი ვიყავი მათ მიერ გამოვლენილი სიკეთის გამო. არც ერთ ჩემს ნათესავს, რომლებიც არც ისე ცოტანი არიან, აზრადაც არ მოსვლია ჩემი მონახულება; მხოლოდ იმ ხალხმა მომინახულა, რომლებსაც ერთ დროს სასტიკად ვეწინააღმდეგებოდი.

მალე მუცლის ტიფი შემეყარა და საავადმყოფოში გადამიყვანეს, მაგრამ მკურნალობისთვის თანხა არ გამაჩნდა. სწორედ ამ დროს მოულოდნელად კიდევ ერთი მოწმე მესტუმრა, რომელიც ისევ ჩემს ცოლს გამოეგზავნა. მას ჩემ დანახვაზე იმდენად დაეწვა გული, რომ მკურნალობისთვის საჭირო თანხა გადამიხადა. ძალიან შემრცხვა იმის გამო, რომ სასტიკად ვექცეოდი ასეთ კეთილ ხალხს. ამიტომ აღთქმა დავდე, რომ იეჰოვას მოწმე გავხდებოდი. ხუთ წელიწადში, როცა ციხიდან გამათავისუფლეს, ჩემი პირობა შევასრულე.

„ირემივით ვიხტუნებ“

ლიან სანგი

დაიბადა: 1950 წ.

მოინათლა: 1991 წ.

მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: ყოფილი ჯარისკაცი, რომელმაც ორივე ფეხი ომში დაკარგა. ახლა იგი მომსახურეა კრებაში.

◆ დავიბადე და გავიზარდე ჩინის ოლქის მივარდნილ მთიან სოფელ მატუპიში. ჩემი ოჯახი სულებს სცემდა თაყვანს, რომლებიც, მათი აზრით, ჩვენი ოლქის ტყეებსა და მთებში ბინადრობდნენ. როცა ჩვენი ოჯახის რომელიმე წევრი ავად ხდებოდა, საჭმელს ვდებდით ოჯახის საკურთხეველზე და სულს ვუხმობდით, რომ მიეღო ჩვენი შესაწირი. გვჯეროდა, რომ ამ სულს შეეძლო განეკურნა დაავადებული.

როცა 21 წლის გავხდი, ჯარში წავედი. მომდევნო წლებში 20 ბრძოლაში მივიღე მონაწილეობა. 1977 წელს კომუნისტი მეამბოხეები ჩვენს ბანაკს თავს დაეხსნენ, როდესაც შანის ოლქში, ქალაქ მუსის მახლობლად ვიყავით დაბანაკებული. ეს შეტაკება 20 დღეს გაგრძელდა. ბოლოს საიერიშო თავდასხმა განვახორციელეთ. ამ დროს ნაღმზე ავფეთქდი. ფეხებზე რომ დავიხედე, ცარიელი ძვლებიღა მეკიდა. ფეხები მიხურდა და მწყუროდა, მაგრამ არ შემშინებია. სასწრაფოდ გადამიყვანეს ჰოსპიტალში, სადაც ორივე ფეხი მომკვეთეს. ოთხი თვის შემდეგ, როცა ჰოსპიტალიდან გამომწერეს, უკვე სამოქალაქო პირი ვიყავი.

სამოთხეში არა მხოლოდ ირემივით ვიხტუნებ, არამედ სიხარულით ვირბენ!

მე და ჩემი ცოლი, სეინ აი, მანდალაის მახლობლად, საგაინგში დავსახლდით, სადაც ბამბუკისგან სკამებს ვწნავდი. იქ გავიცანი ბაპტისტი პასტორი. როგორც მან მითხრა, ღვთის ნება იყო, რომ ფეხები დავკარგე. მოგვიანებით, მე და სეინ აიმ გავიცანით ერთი პიონერი, სახელად რებეკა, რომელმაც გვითხრა, რომ მალე დედამიწა სამოთხედ გადაიქცეოდა, სადაც კვლავ გავივლიდი. ცოტა ხანში ბიბლიის საფუძვლიანად გამოკვლევაში რებეკა გვეხმარებოდა და არა ის პასტორი.

დღეს, თითქმის 30 წლის გასვლის შემდეგ, მე, სეინ აი და ჩვენი შვიდი შვილი იეჰოვას მონათლული მსახურები ვართ. ჩვენ ვცხოვრობთ მანდალაიდან დაახლოებით 65 კილომეტრში მდებარე ლამაზ მთაგორიან ქალაქ პინ-ო-ლვინის სიახლოვეს, ერთ პატარა სოფელში. მე მომსახურე ვარ პინ-ო-ლვინის კრებაში, ჩემი სამი შვილი კი პიონერად მსახურობს. მე და სეინ აი ყველაფერს ვაკეთებდით, რომ ჩვენს შვილებს ჭეშმარიტება შეეყვარებინათ. ჩვენი შრომა მართლაც დაფასდა — დღეს ისინი იეჰოვას ემსახურებიან.

რეგულარულად ვქადაგებ ჩემს სოფელში ინვალიდის სავარძლით; კრების შეხვედრებზე ჩემი ოჯახის ერთ-ერთ წევრს მოტოციკლით დავყავარ. გარდა ამისა, ხის ნაჭრებს ვეყრდნობი და ისე გადავაადგილდები.

ჩემი საყვარელი მუხლია ესაიას 35:6: „მაშინ კოჭლი ირემივით იხტუნებს“. მოუთმენლად ველი იმ დროს, როცა ფეხზე დავდგები! მაშინ არა მხოლოდ ირემივით ვიხტუნებ, არამედ სიხარულით ვირბენ!

მუხლჩაუხრელი მიმომსვლელი ზედამხედველები

[რუკა]

ამ უზარმაზარ და მრავალფეროვან ქვეყანაში მიმომსვლელი ზედამხედველები მართლაც მუხლჩაუხრელად შრომობენ, რომ და-ძმები გაამხნევონ. როგორ აუდიან ისინი ამდენ საქმეს? მოდი, ახლა ერთ-ერთ მათგანს „დავემგზავროთ“, რომელიც ნაგას შორეულ მთიანეთში ინახულებს კრებებს. სარაიონო ზედამხედველი, მინ ლვინი, რომელიც თავის ცოლთან, ლალ ლუნ მოუმისთან ერთად მსახურობს, წერს: „დილით მე და ჩემი ცოლი კალაიმიოდან სატვირთო ავტომობილით მივემგზავრებით, რომლის საბარგულშიც სხვადასხვა საქონლითა თუ ბოსტნეულით დატვირთულ ყუთებს შორის ძლივძლივობით ვთავსდებით. სხვა მგზავრები საბარგულს ეკიდებიან ან სახურავზე ძვრებიან. სატვირთო ავტომობილი ორმოებიან გზაზე მიჯაყჯაყებს და კაბინა მტვრით ივსება. მტვერმა რომ არ გაგვგუდოს, სახეზე ნიღბები გვიკეთია.

ორ საათში ჩავდივართ მდინარისპირა ქალაქ კალევაში, საიდანაც ნავს უნდა გავყვეთ. სანამ ნავს ველოდებით, გამყიდველებთან და სხვა მგზავრებთან ვქადაგებთ, რომელთა უმეტესობას არასდროს არაფერი სმენია იეჰოვას მოწმეებზე. როცა ნავი მოდის და მგზავრებს ნაპირზე გადმოსხამს, ახალი მგზავრები კისრისტეხით გარბიან, რომ თავისუფალი ადგილები დაიკავონ. თითქმის 100 კაცი ვსხდებით ნავში. ნავი იმდენად გადაჭედილია, რომ ადვილად შეიძლება გადაბრუნდეს. ჩანთებში გვილაგია პოლიეთილენის ბოთლები, რათა ნავის გადაბრუნების შემთხვევაში არ ჩავიძიროთ.

ხუთ საათში ჩავდივართ ქალაქ მოულეიკში, სადაც პატარა სასტუმროში ვათევთ ღამეს. მომდევნო დილით, 5 საათზე ისევ გზას ვადგებით. მშრალი სეზონია და მდინარე წყალმარჩხია. ამიტომ, ნავი ოთხჯერ შეჯდა მეჩეჩზე. მე და კიდევ სხვა რამდენიმე მამაკაცს ნავიდან გადმოსვლა გვიწევს, რომ ნავი მეჩეჩს მოვაცილოთ და სვლა განვაგრძოთ. 14 საათის შემდეგ, მგზავრობისგან სიქაგამძვრალნი, ჰოუმალინში ჩავდივართ. იქ ადგილობრივი კრების წევრები მოუთმენლად ელიან ჩვენთან შეხვედრას. როდესაც მათ გაბრწყინებულ სახეებს ვხედავთ, ძალა გვემატება. იმ საღამოს მათთან ურთიერთობით ვტკბებით. მომდევნო დღეს კი ხამტისკენ გავუდგებით გზას, სადამდე მისაღწევადაც 15 საათი უნდა ვიმგზავროთ.

დილას კვლავ ადრე ვდგებით. ნავი უწინდებურად აღარ არის გადაჭედილი და ხედიც იცვლება. ჩვენ ზევით მივუყვებით დინებას და გვერდს ვუვლით ასობით სოფლის მაცხოვრებლებს, რომლებიც მდინარეში ოქროს ეძებენ. როცა საბოლოოდ ხამტიში ქანცგაწყვეტილები ჩავდივართ, არავინ გვხვდება. თურმე, ჩვენი წერილი, რომლითაც ადგილობრივებს ჩვენი ჩასვლის შესახებ ვატყობინებდით, დაკარგულა. ამიტომ, გვიწევს, ტაქს-მოტოციკლს გავყვეთ, რათა ადგილობრივი სამეფო დარბაზის საცხოვრებელ ოთახში გავათიოთ ღამე.

მომდევნო დილით 25 ადგილობრივ მოწმეს ვხვდებით, რომლებიც სამეფო დარბაზში სამქადაგებლო მსახურების შეხვედრაზე მოვიდნენ. მათი უმეტესობა ნაგა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელია, რომლებიც ინდოეთის საზღვართან ახლოს, მთიან მხარეში ცხოვრობენ. ყველამ ჩვენს სამქადაგებლო ტერიტორიას მივაშურეთ. ქალაქი ხამტი მთებს შორისაა მოქცეული და მდინარე უვლის გარს. მე და ჩემი თანამსახური მივადექით ბამბუკის სახლს და მასპინძელს ვეძახით. კარს ნაგა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი გვიღებს და შინ გვიპატიჟებს. ის და მისი მეუღლე ყურადღებით ისმენენ ცნობას სამეფოს შესახებ და სიხარულით იღებენ ლიტერატურას. ამ ეთნიკური ჯგუფის ბევრი წარმომადგენელი სასიხარულო ცნობის მიმართ დიდ ინტერესს ავლენს. ნაშუადღევს იმ კვირაში კრების პირველ შეხვედრას ვესწრებით.

როდესაც მათ გაბრწყინებულ სახეებს ვხედავთ, ძალა გვემატება

ერთი კვირის შემდეგ ჩვენ ნავით ჩავდივართ პატარა ქალაქ სინთეში, სადაც 12 მაუწყებელია. ვინახულებთ სამ ჯგუფს, რომელთაგან ყველაზე დაშორებულ ჯგუფამდე მისაღწევად 11 კილომეტრის გავლა გვიწევს. თითოეულ ჯგუფს ვინახულებთ, მოხსენებას ვკითხულობ და მათთან ერთად ვქადაგებთ. აქ მაუწყებლები ძალიან ღარიბები არიან. ბევრის ცხოვრებას კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდის მალარია და ტუბერკულოზი. მათ საშინელი რელიგიური დევნის ატანაც უწევთ. ყველაფრის მიუხედავად, ისინი ერთგულად ემსახურებიან ღმერთს. კვირა დღეს, გავოცდით იმით, რომ საჯარო მოხსენების მოსასმენად 76 ადამიანი მოვიდა. ბევრს არაერთი საათი მოუწია ფეხით სიარული, რომ შეხვედრას დასწრებოდნენ.

მალე ჩვენი წამოსვლის დრო დგება. გვიჭირს საყვარელი და-ძმების დატოვება, რომლებიც გამუდმებით უმტკიცებენ თავიანთ სიყვარულს იეჰოვას. ვსხდებით ნავში და სამხრეთისკენ ვიღებთ გეზს. გზად მათ ძლიერ რწმენაზე ვფიქრობთ. მართალია, ეს და-ძმები ღარიბები არიან, მაგრამ აურაცხელ სულიერ სიმდიდრეს ფლობენ. ერთი სული გვაქვს, კვლავ როდის მოვინახულებთ მათ“.

„მინდა, მთელ მსოფლიოს ვუქადაგო!“

საგარ რაი

დაიბადა: 1928 წ.

მოინათლა: 1968 წ.

მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: ყოფილი ჯარისკაცი, რომელმაც არაერთი ჩინი თუ მედალი მიიღო; მოგვიანებით, მან გაიგო ჭეშმარიტება და დევნის მიუხედავად, ქადაგება დაიწყო.

◆ დავიბადე მიანმას ჩრდილო-დასავლეთით მდებარე შანის მთიან ოლქში. ჩემი ინდუისტური ოჯახი ნეპალურ ეთნიკურ ჯგუფს, გურქებს, მიეკუთვნებოდა. თუმცა, ჩვენ ანიმისტურ ტრადიციებსაც არ ვღალატობდით. მეც გავყევი გურქთა ტრადიციას და მამაჩემისა და ჩემი ოთხი უფროსი ძმის მსგავსად, ჯარისკაცი გავხდი. 20 წელი ბირმის ჯარში ვიმსახურე და არაერთ ბრძოლაში მივიღე მონაწილეობა. საოცარი ისაა, რომ სერიოზულად არასდროს დავჭრილვარ.

როდესაც პირველად წავიკითხე „საგუშაგო კოშკი“, იქ მოყვანილი ბიბლიური მუხლებიდან გავიგე, რომ არსებობს ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი იეჰოვა. ძალიან დავინტერესდი. მე, როგორც ინდუსს, მჯეროდა, რომ მილიონობით ღმერთი არსებობდა! ღვთის სახელი ლექსიკონებში უამრავ ენაზე — ნეპალურ, ბირმულ, ინგლისურ თუ ჰინდი ენებზე მოვიძიე. ყველგან ეწერა, რომ იეჰოვა ბიბლიური ღმერთის სახელია.

მოგვიანებით, მე და ჩემი ცოლი, ჯიოტი, ქალაქ პათეინში გადავედით საცხოვრებლად, სადაც მისიონერმა ფრანკ დიუარმა ბიბლიის შესწავლა შემომთავაზა. ორივე დავთანხმდით შესწავლაზე. მალე დავრწმუნდით, რომ იეჰოვა ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთია და გადავწყვიტეთ, მხოლოდ მისთვის გვეცა თაყვანი. ჩვენი კერპები მდინარე პათეინში გადავყარეთ, რათა აღარავის გამოეყენებინა (კან. 7:25; გამოცხ. 4:11).

მალე სამხედრო სამსახური მივატოვე და ცოლთან და შვილებთან ერთად მშობლიურ მხარეში დავბრუნდი. იქ იეჰოვას მოწმეთა პატარა ჯგუფს შევუერთდით, რომლებმაც გვასწავლეს, თუ როგორ გვექადაგა. ცოტა ხანში ტყიდან ხის მასალა მოვიტანეთ და ჩემი სახლის წინ სამეფო დარბაზი ავაშენეთ. ამან განარისხა გურქთა წარმომადგენლობითი საბჭო. მათ განგვიცხადეს: «ვინ მოგცათ ქრისტიანული „ეკლესიის“ აგების უფლება ინდუსთა მიწაზე? არავის სჭირდება აქ თქვენი ქადაგება, რადგან ჩვენ უკვე გვაქვს ჩვენი რელიგია!».

გურქთა საბჭოს წარმომადგენლებმა ადგილობრივი ხელისუფლების პირებთან გვიჩივლეს, რომლებმაც მკითხეს: „ბატონო რაი, მართლა ქადაგებთ თქვენს მხარეში მცხოვრებ ხალხთან და მოუწოდებთ, რომ ქრისტიანები გახდნენ?“

„მე იეჰოვას მოწმე ვარ, — ვუპასუხე. — არა მხოლოდ ამ მხარეში მსურს ქადაგება, არამედ მინდა მთელ მსოფლიოს ვუქადაგო! მაგრამ ხალხი შეიცვლის თუ არა რელიგიას, ეს მათი გადასაწყვეტია“.

მე და ჯიოტი 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში 100-ზე მეტ ადამიანს დავეხმარეთ ჭეშმარიტების გაგებაში

საბედნიეროდ, ხელისუფლების წარმომადგენლებს ჩვენთვის ქადაგება არ აუკრძალავთ.

მე და ჯიოტი 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში 100-ზე მეტ ადამიანს დავეხმარეთ ჭეშმარიტების გაგებაში. ბევრი მათგანი ამჟამად სპეციალურ პიონერად, მიმომსვლელ ზედამხედველად ან ბეთელში მსახურობს. ძალიან გვახარებს, რომ ჩვენი შვილები და მათი ოჯახის წევრები ერთგულად ემსახურებიან იეჰოვას.

„ვერსად ვიპოვე იეჰოვას სამეფო!“

სოე ლვინი

დაიბადა: 1960 წ.

მოინათლა: 2000 წ.

მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: ყოფილი ბუდისტი, რომელმაც წაიკითხა „იეჰოვას სამეფოს“ შესახებ და უნდოდა მისი პოვნა.

◆ ერთხელ, როცა ტაილანდის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ტაჩილეიკში სამუშაოზე მივდიოდი, ქუჩაში ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ რამდენიმე ეგზემპლარი ვიპოვე. ჟურნალებში საუბარი იყო იმ კურთხევებზე, რომელიც იეჰოვას სამეფოს ქვეშევრდომებს ჰქონდათ. ბუდისტი ვიყავი და არაფერი მსმენოდა იეჰოვაზე. ამიტომ, დავასკვენი, რომ „იეჰოვას სამეფო“ სადღაც აფრიკაში უნდა ყოფილიყო. რუკაზე დავიწყე ამ სამეფოს ძებნა, მაგრამ ვერსად ვიპოვე. სხვებსაც ვკითხე, მაგრამ ვერც ისინი დამეხმარნენ.

მოგვიანებით გავიგე, რომ ერთ ჩემს ახალგაზრდა თანამშრომელს იეჰოვას მოწმეები ასწავლიდნენ. ვკითხე მას: „შეგიძლია მითხრა, სად შემიძლია ვიპოვო იეჰოვას სამეფო? როცა შევიტყვე, რომ იეჰოვას სამეფო ზეციერი მთავრობა იყო, რომელიც დედამიწას სამოთხედ გადააქცევდა, გავოცდი და ძალიან გამიხარდა. შევიჭერი თმა, ბეტელის კაკლის ღეჭვასა და ნარკოტიკებს თავი დავანებე და ჩემს ბუდისტურ რწმენასაც დავემშვიდობე. ახლა, ისე როგორც არასდროს, მინდა, იეჰოვას სამეფოს ქვეშევრდომი ვიყო (მათ. 25:34).

ზემოთ: „გალაადის“ კურსდამთავრებული პირველი მისიონერები, რობერტ კირკი, ჰუბერტ სმედშტადი, ნორმან ბარბერი და რობერტ რიჩარდზი

ქვემოთ: (უკანა რიგში) ნენსი დე სოუზა, მილტონ ჰენშელი, ნეითან ნორი, რობერტ კირკი, ტერენს დე სოუზა; (წინა რიგში) რასელ მობლი, პენელოპე ჯარვიზ-ვაგი, ფილის ცატოსი, დეიზი დე სოუზა, ბასილ ცატოსი

1956 წელს ნეითან ნორმა ბირმელ და-ძმებს ახარა, რომ ბირმულ ენაზე „საგუშაგო კოშკი“ გამოიცა

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება