ნუ მოვდუნდებით!
„სიკეთის ქმნისას ნუ მოვდუნდებით, ვინაიდან თავის დროზე მოვიმკით, თუკი არ მოვიქანცეთ“ (გალატელთა 6:9, სსგ).
ლომი სხვადასხვაგვარად ნადირობს. ზოგჯერ ის თავის მსხვერპლს უსაფრდება წყლის დასალევ ადგილზე ან გზაზე, სადაც ხშირი მიმოსვლაა. მაგრამ ზოგჯერ, — ამბობს წიგნი „ველური ბუნების პორტრეტები“ (Portraits in the Wild), — ლომი „უბრალოდ, ხელსაყრელ მდგომარეობას ეძებს, მაგალითად, თავს ესხმის ზებრის მძინარე ნაშიერს“.
2 ჩვენი „მოწინააღმდეგე ეშმაკი, — ამბობს მოციქული პეტრე, — დაძრწის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ ჩაყლაპოს“ (1 პეტრე 5:8). ვინაიდან სატანამ იცის, რომ ცოტა დრო დარჩა, უდიდეს გავლენას ახდენს კაცობრიობაზე და ცდილობს, იეჰოვას ჩამოაშოროს ისინი. მაგრამ ეს „მბრდღვინავი ლომი“ დაინტერესებულია, რომ განსაკუთრებით იეჰოვას მსახურებს დაესხას თავს (გამოცხადება 12:12, 17). სატანის ნადირობის მეთოდი მასთან შედარებული, ნადირთა მეფის, მოქმედების მსგავსია. როგორ?
3 დროდადრო სატანა ჩასაფრებას ცდილობს დევნის ან წინააღმდეგობის საშუალებით, რომელიც გამიზნულია ჩვენი უმწიკვლოების შესალახად და ამგვარად ღმერთის მსახურებისგან ჩვენს ჩამოსაშორებლად (2 ტიმოთე 3:12). მაგრამ სხვა დროს ლომის მსგავსად, სატანა, უბრალოდ, შემთხვევით სარგებლობს. ის ჩასაფრებულია და ელოდება, როდის გავხდებით იმედგაცრუებული ან როდის მოვიქანცებით, და შემდეგ თავის სასარგებლოდ იყენებს ჩვენს დამძიმებულ ემოციურ მდგომარეობას, რათა მოგვადუნოს. ჩვენ არ უნდა გავხდეთ ხელში ადვილად ჩასაგდები მსხვერპლი!
4 მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ კაცობრიობის ისტორიის ყველაზე უფრო რთულ პერიოდში. ამ ‘საზარელ დროში’ მრავალი ჩვენგანი დროდადრო იმედგაცრუებულობას ან გულდამძიმებულობას გრძნობს (2 ტიმოთე 3:1). როგორ შეგვიძლია ავირიდოთ იმ დონემდე მოქანცულობა, რომ სატანისთვის ხელში ადვილად ჩასაგდები მსხვერპლი არ გავხდეთ? დიახ, როგორ შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ მოციქულ პავლეს ინსპირირებული რჩევით: „სიკეთის ქმნისას ნუ მოვდუნდებით, ვინაიდან თავის დროზე მოვიმკით თუკი არ მოვიქანცეთ“? (გალატელთა 6:9, სსგ).
როდესაც სხვები გულს გვიტეხენ
5 ბიბლიურ დროში შესაძლოა, იეჰოვას ერთგულ მსახურთა უმრავლესობაც კი გრძნობდა გულდამძიმებულობას. „მოვიქანცე ვაებით. — წერდა ფსალმუნმომღერალი დავითი. — ყოველღამ ვბან ჩემს საწოლს, ცრემლებით ვალტობ ჩემს სარეცელს. დაიშრიტა წუხილით ჩემი თვალი“. რატომ გრძნობდა თავს ასე დავითი? „ყოველთა მტერთა გამო“, — განმარტავდა ის. სხვების საწყენმა საქციელმა ისე ატკინა დავითს გული, რომ ცრემლები გადმოსცვივდა. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ თანამოძმეები ცუდად მოექცნენ, დავითს არ მიუტოვებია იეჰოვა (ფსალმუნი 6:6–9).
6 მსგავსად ამისა, სხვების სიტყვებმა ან საქციელმა, შესაძლოა, ჩვენც გაგვიტეხოს გული და დიდი გულისტკივილი გვაგრძნობინოს. „გესლიანი ენა მახვილივით ჩხვლეტს“ — ამბობს იგავნის 12:18. როცა გესლიანი პიროვნება არის ქრისტიანი და ან ძმა, ‘მახვილი’ უფრო ღრმად ესობა. ადამიანს შესაძლოა აქვს მიდრეკილება გაბრაზდეს ან გულში ჩაიტოვოს წყენა. ეს განსაკუთრებით მართლდება მაშინ, როცა ვფიქრობთ, რომ ბოროტად ან უსამართლოდ მოგვექცნენ. შესაძლოა, გვიძნელდება მასთან საუბარი, ვინც გვაწყენინა; შესაძლოა მას განზრახ ვარიდებთ თავს. წყენით გულდამძიმების გამო, ზოგიერთი მოდუნდა და შეწყვიტა ქრისტიანულ შეხვედრებზე სიარული. საწყენია, რომ ამის საშუალებით მათ ‘ადგილი მისცეს ეშმაკს’ და ადვილად დასაჭერი მსხვერპლი გახდნენ (ეფესელთა 4:27).
7 როგორ შევძლებთ, ჩვენი მოქმედებით ხელი არ შევუწყოთ სატანას, როცა სხვები გულს გვიტეხენ ან ტკივილს გვაყენებენ? უნდა ვეცადოთ, არ დავიტოვოთ გულში წყენა. ნაცვლად ამისა, გამოვავლინოთ ინიციატივა, რაც შეიძლება სწრაფად აღვადგინოთ მშვიდობა ან მოვაგვაროთ პრობლემები (ეფესელთა 4:26). კოლასელთა 3:13 მოგვიწოდებს: „მიუტევეთ ერთმანეთს, თუ ვინმესთან რაიმე სადავო აქვს ვინმეს“. მიტევება განსაკუთრებით მართებულია მაშინ, როცა წყენის მომყენებელი აღიარებს თავის შეცდომას და გულწრფელად ინანიებს (შეადარე ფსალმუნი 31:3–5 და იგავნი 28:13). ეს დაგვეხმარება ჩვენ, თუმცა გვახსოვს, რომ მიტევება არ ნიშნავს სხვების არასწორ მოქმედებაზე თვალის დახუჭვას ან ამ შეცდომის გაუბრალოებას. მიტევება ნიშნავს წყენისგან გათავისუფლებას. წყენა მძიმე ტვირთია. მან შეიძლება მოიცვას ჩვენი ფიქრები, წაგვართვას ბედნიერება. მან შეიძლება გავლენა იქონიოს ჩვენს ჯანმრთელობაზეც კი. ამის საპირისპიროდ, მიტევება, სადაც მართებულია, ჩვენს სასარგებლოდ მოქმედებს. დაე, დავითის მსგავსად, სხვა ადამიანების ნათქვამის ან მოქმედებების გამო, არასდროს მოვდუნდეთ და არასდროს მივატოვოთ იეჰოვას გზები!
როცა გულგატეხილობა გვიპყრობს
8 „ჩვენ ყველანი ბევრს ვცოდავთ“, — ნათქვამია იაკობის 3:2-ში. როცა ვცოდავთ, ბუნებრივია, თავს დამნაშავედ ვგრძნობთ (ფსალმუნი 37:3–8). დანაშაულის გრძნობა შეიძლება განსაკუთრებით მძიმე იყოს მაშინ, როცა ვებრძვით ხორციელ სისუსტეებს და პერიოდულად მარცხს განვიცდითa. ერთი ქრისტიანი, რომელმაც მსგავსი ბრძოლა გადაიტანა, ამბობდა: „მე არ მინდოდა სიცოცხლე, ვინაიდან არ ვიცოდი ჩემს მიერ ჩადენილი შეცდომა მიუტევებელი ცოდვა იყო თუ არა. ვფიქრობდი, რა აზრი აქვს ჩემს ძალისხმევას იეჰოვასადმი მსახურებაში, რადგან ჩემთვის არავითარი იმედი არ არსებობს“. როდესაც მოცული ვართ ჩვენი დანაშაულით, ეს გვადუნებს და ეშმაკს ვაძლევთ მისადგომს, მას კი მაშინვე შეუძლია ამ მდგომარეობით სარგებლობა! (2 კორინთელთა 2:5–7, 11). ამგვარად, საჭიროა მეტი გაწონასწორებული თვალსაზრისი დანაშაულის შესახებ.
9 როცა ვცოდავთ, მართებულია, რომ გარკვეულწილად თავს დამნაშავედ ვგრძნობთ. მაგრამ ზოგჯერ დანაშაულის გრძნობა რჩება, ვინაიდან ქრისტიანი ფიქრობს, რომ ვერასდროს შეძლებს დაიმსახუროს ღმერთის გულმოწყალება. მაგრამ ბიბლია გულითადად გვარწმუნებს: „თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, ერთგული და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და გაგვწმენდს ყოველგვარი უკეთურებისაგან“ (1 იოანე 1:9). არის რამე საფუძვლიანი მიზეზი გვჯეროდეს, რომ ღმერთი ასე არ მოიქცევა ჩვენს შემთხვევაში? გაიხსენე, თავის სიტყვაში იეჰოვა ამბობს, რომ ის არის „შემბრალე“ (ფსალმუნი 85:5; 129:3, 4). ვინაიდან ღმერთი არ ცრუობს, ის შეასრულებს თავის სიტყვაში მოცემულ დაპირებას, იმ შემთხვევაში, თუ მას მივუახლოვდებით მომნანიებელი გულით (ტიტე 1:2).
10 რა უნდა გააკეთო, თუ ებრძვი სისუსტეებს, მაგრამ ისინი კვლავ იჩენენ თავს? ნუ მოდუნდები! სისუსტეების კვლავ შემობრუნება არ ნიშნავს აუცილებლად იმ წარმატების ანულირებას, რომელსაც ადრე მიაღწიე. ამ ჟურნალის 1954 წლის 15 თებერვლის გამოცემაში მოცემულია შემდეგი გულთბილი სიტყვები: „ჩვენ შეიძლება დავბრკოლდეთ ან მრავალჯერ წავბორძიკდეთ რამე ცუდ ჩვევაზე, რომელიც უფრო ღრმად ყოფილა ფესვებგადგმული ჩვენს წარსულ ცხოვრებაში, ვიდრე გვეგონა. . . იმედს ნუ დაკარგავ. ნუ დაასკვნი, რომ ჩაიდინე მიუტევებელი ცოდვა. სატანას სწორედ ეს უნდა, რომ გაფიქრებინოს. ფაქტი, რომ დარდობ და საკუთარ თავზე ღიზიანდები, მოწმობს იმაზე, რომ არც ისე ღრმად შეგიტოპავს. არასდროს მოიქანცო, მიმართო ღმერთს თავმდაბლურად და სერიოზულად, ეძიე მისგან მიტევება, განწმენდა და დახმარება. პრობლემების დროს მიდი მასთან, როგორც ბავშვი მამასთან, არა აქვს მნიშვნელობა, რამდენად ხშირად მიმართავ ერთი და იმავე სისუსტის შესახებ, იეჰოვა დიდსულოვნად დაგეხმარება და ჩვენგან დაუმსახურებელი მისი სიკეთისა და შენი გულწრფელობის გამო, ის აღგიდგენს სუფთა სინდისს“.
როცა ვფიქრობთ, რომ არ ვაკეთებთ საკმარისს
11 სამეფოს შესახებ ქადაგება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქრისტიანთა ცხოვრებაში და მასში მონაწილეობას სიხარული მოაქვს (ფსალმუნი 39:9). ამიტომ მრავალი ქრისტიანი დიდ დანაშაულს გრძნობს იმის გამო, რომ უფრო მეტს ვერ აკეთებს მსახურებაში. დანაშაულის ასეთმა გრძნობამ შესაძლოა მოგვისპოს კიდეც სიხარული და მოგვადუნოს, ვინაიდან გვგონია, რომ იეჰოვასთვის ჩვენი მსახურება ყოველთვის არასაკმარისია. მხედველობაში მიიღე გრძნობები, რომელსაც ზოგიერთები ებრძვიან.
„იცით, რამდენი დრო მიაქვს სიღარიბეს? — წერდა ერთი ქრისტიანი და, რომელიც ქმართან ერთად ზრდის სამ შვილს. — სადაც კი შესაძლებელია, ყველგან მომჭირნეობა უნდა გავწიო. ეს ნიშნავს დროის გამოყოფას მაღაზიების მოსაძებნად, სადაც შეიძლება ფულის დაზოგვა, ვინაიდან საქონლის ჩქარა გაყიდვის მიზნით, ფასები დაკლებულია, და ზოგჯერ ეს ნიშნავს დროის გამოყოფას ტანსაცმლის შესაკერადაც კი. მე, ასევე, ყოველკვირეულად ერთი ან ორი საათი უნდა დავხარჯო ჩამოფასებული საკვების ტალონებზე მუშაობაში — მათ ამოჭრაზე, სისტემაში მოყვანასა და მის გამოყენებაზე. ზოგჯერ, ამ საქმეებზე დროის დახარჯვის გამო, ძალიან დამნაშავედ ვგრძნობ თავს, როცა ვფიქრობ, რომ შემეძლო ეს დრო სამქადაგებლო მსახურებაში გამომეყენებინა“.
„მე მეგონა, რომ იეჰოვა ჯეროვნად არ მიყვარდა, — ამბობდა და, რომელსაც ოთხი შვილი და ურწმუნო ქმარი ჰყავს. — ამიტომ, დიდი ძალისხმევის ფასად ვაგრძელებდი იეჰოვასადმი მსახურებას. ნამდვილად ძალიან ვცდილობდი, მაგრამ ყოველთვის მეგონა, რომ ეს არასაკმარისი იყო. როგორც ხედავთ, მე არ მქონდა საკუთარი ღირსების არავითარი გრძნობა, დიახ, ვერ წარმომედგინა, როგორ უნდა მიეღო იეჰოვას ჩემი მსახურება“.
ერთ-ერთმა ქრისტიანმა, რომელმაც დაინახა, რომ აუცილებელი იყო სრული დროით მსახურების მიტოვება, თქვა: „ვერ შევეგუე იმ აზრს, რომ ვერ მოვახერხე იეჰოვასადმი სრული დროით მსახურების შესახებ დანაპირების შესრულება. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, თუ რამდენად გულგატეხილი ვიყავი! მე ვტირივარ, როცა ამას ვიხსენებ“.
12 სურვილი, რაც შეიძლება სრულად ემსახურო იეჰოვას, სწორედ რომ ბუნებრივია (ფსალმუნი 85:12). მაშინ, რატომ გრძნობს ზოგიერთი თავს ძალიან დამნაშავედ იმის გამო, რომ არ შეუძლია უფრო მეტის გაკეთება? როგორც ჩანს, ზოგიერთისთვის ეს დაკავშირებულია ძირითადად საკუთარი ღირსების გრძნობის ნაკლებობასთან, რომელიც შესაძლოა ცხოვრებაში არასასიამოვნო შემთხვევების შედეგი იყოს. სხვა მხრივ, უადგილო დანაშაულის გრძნობა, შესაძლოა, არის არარეალური თვალსაზრისის შედეგი იმის შესახებ, რასაც იეჰოვა ჩვენგან მოელის. „მე მეგონა, რომ თუ მსახურებას უკანასკნელ ძალებს არ მოახმარდი, არ მუშაობდი საკმარისად“ — აღიარა ერთმა ქრისტიანმა. ამის გამო ის საკუთარ თავს მეტისმეტ მოთხოვნებს უყენებდა, და შემდეგ დამნაშავედაც გრძნობდა თავს, როცა ვერ ასრულებდა მათ.
13 რას მოელის იეჰოვა ჩვენგან? მარტივად რომ ვთქვათ, იეჰოვა მოელის, ვემსახუროთ მას მთელი არსებით და ვაკეთოთ ის, რის საშუალებასაც ჩვენი მდგომარეობა გვაძლევს (კოლასელთა 3:23). მაგრამ, არსებობს დიდი განსხვავება მათ შორის, თუ რამდენის გაკეთება გვსურს და რამდენის გაკეთება შეგვიძლია რეალურად. ჩვენ შესაძლოა გვზღუდავს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ასაკი, ჯანმრთელობა, ფიზიკური ამტანობა ან ოჯახური პასუხისმგებლოებები. მიუხედავად ამისა, როცა ვაკეთებთ შესაძლებლობის მაქსიმუმს, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ არც მეტი, არც ნაკლები, იეჰოვას ვემსახურებით მთელი არსებით, მაშინ, როცა ზოგიერთს ხელს უწყობს ჯანმრთელობა და მდგომარეობა, რომ სრული დროით ემსახუროს ღმერთს (მათე 13:18–23).
14 მაშინ როგორ შეგიძლია გაიგო, რეალურად რას უნდა მოელოდე საკუთარი თავისგან? შენ, შესაძლოა, გსურს ამ საკითხზე ელაპარაკო სანდო, მოწიფულ ქრისტიან მეგობარს, შესაძლოა უხუცესს ან გამოცდილ დას, რომელმაც იცის შენი შესაძლებლობები, შემზღუდველი ფაქტორები და ოჯახური პასუხისმგებლობები (იგავნი 15:22). გახსოვდეს, რომ ღმერთის თვალში შენი, როგორც პიროვნების ფასი არ იზომება საველე მსახურებაში მონაწილეობის სიდიდით. იეჰოვასთვის ყველა თავისი მსახური ძვირფასია (ანგია 2:7, აქ; მალაქია 3:16, 17). შენი წვლილი სამქადაგებლო საქმიანობაში შეიძლება ან მეტი, ან ნაკლები იყოს, ვიდრე სხვების, მაგრამ სანამ ის წარმოადგენს საუკეთესოს, იეჰოვას ეს სიამოვნებს და საჭირო არ არის, რომ თავს დამნაშავედ გრძნობდე (გალატელთა 6:4).
როცა ბევრი მოგვეთხოვება
15 „ყველას, ვისაც მეტი მიეცა, — ამბობს იესო, — მეტს მოსთხოვენ“ (ლუკა 12:48). ნამდვილად, ‘ბევრი მოითხოვება’ მათგან, რომლებიც კრების უხუცესებად მსახურობენ. პავლეს მსგავსად, ისინი კრების სასარგებლოდ იხარჯებიან (2 კორინთელთა 12:15). ისინი ამზადებენ მოხსენებებს, აკეთებენ სამწყემსო მონახულებებს, წარმართავენ სამართლებრივ საქმეებს და ყოველივე ამას აკეთებენ საკუთარი ოჯახის უგულებელყოფის გარეშე (1 ტიმოთე 3:4, 5). ასევე, ზოგიერთი უხუცესი დაკავებულია სამეფო დარბაზების მშენებლობით, მსახურობს საავადმყოფოებთან საურთიერთო კომიტეტში და მოხალისედ მუშაობს პატარა თუ დიდ კონგრესებზე. როგორ შეუძლიათ ამ მძიმედ მშრომელ, თავდადებულ მამაკაცებს თავიდან აიცილონ მოქანცულობა ასეთი დიდი პასუხისმგებლობების შესრულებისას?
16 როცა თვინიერმა და თავმდაბალმა კაცმა, მოსემ, სხვების პრობლემებზე ზრუნვის გამო, საკუთარი თავი მომქანცველ მდგომარეობაში ჩაიგდო, მისმა სიმამრმა, ითრომ, შესთავაზა საკითხის პრაქტიკული გადაწყვეტა: გაენაწილებინა გარკვეული პასუხისმგებლობები სხვა უნარიანი მამაკაცებისთვის (გამოსვლა 18:17–26; რიცხვნი 12:3). „თვინიერებთან. . . სიბრძნეა“, — ამბობს იგავნის 11:2. იყო თვინიერი, ნიშნავს აღიარო და სცნო შენი შეზღუდული შესაძლებლობანი. თვინიერი კაცი უხალისოდ არ აღჭურავს სხვებს უფლებამოსილებით, არ ეშინია, რომ სხვა უნარიან მამაკაცებზე სათანადო პასუხისმგებლობების განაწილებით დაკარგავს ხელმძღვანელობასb (რიცხვნი 11:16, 17, 26–29). ნაცვლად ამისა, მას ძალიან სურს ხელი შეუწყოს მათ წინსვლას (1 ტიმოთე 4:15).
17 კრების წევრებს ბევრის გაკეთება შეუძლიათ უხუცესების ტვირთის შესამსუბუქებლად. როცა ესმით, რომ უხუცესებს აქვთ საკუთარი ოჯახი, რომელზეც უნდა იზრუნონ, სხვებმა ზედმეტად არ უნდა მოითხოვონ უხუცესებისგან დრო და ყურადღება. არავინ უნდა ჩათვალოს თავისთავად ნაგულისხმევად უხუცესების ცოლებისგან გაღებული ნებაყოფლობითი მსხვერპლი, რომლებიც უანგაროდ უთმობენ კრებას თავიანთი ქმრების დროს. სამი შვილის დედა, რომლის ქმარიც უხუცესად მსახურობს, ამბობდა: „არასდროს გამომითქვამს უკმაყოფილება დამატებითი სამუშაოს გამო, რომელსაც ნებაყოფლობით ვასრულებ ჩემი ოჯახის წევრებისთვის, რათა ქმარს შეეძლოს უხუცესად მსახურება. ვიცი, რომ მისი მსახურების გამო იეჰოვას კურთხევა ჩვენს ოჯახში ძალიან დიდია და არასდროს ვიშურებ იმ დროსა და ენერგიას, რომელსაც ქმარი ხარჯავს კრებისთვის. მაგრამ, სინამდვილეში, მე ხშირად მიწევს უფრო მეტის მუშაობა ბაღში, უფრო მეტი წვლილი შემაქვს შვილების აღზრდაში და ამდენს სხვა შემთხვევაში არ გავაკეთებდი, ჩემი ქმარი დაკავებული რომ არ ყოფილიყო“. სამწუხაროა, რომ ნაცვლად იმისა, მადლიერება გამოეთქვათ დამატებითი სამუშაოს შესრულების გამო, ამ დამ გაიგო ვიღაცის ისეთი უგულო შენიშვნა, როგორიცაა „რატომ არა ხარ პიონერი?“ (იგავნი 12:18). რამდენად უკეთესია შევაქოთ სხვები იმის გამო, რასაც აკეთებენ, ვიდრე გავაკრიტიკოთ იმის გამო, რასაც ვერ აკეთებენ! (იგავნი 16:24; 25:11).
ვინაიდან აღსასრული ჯერ არ დამდგარა
18 როცა მორბენალმა იცის, რომ დიდი დისტანციის ფინიში ახლოსაა, ის არ დუნდება. შესაძლოა მისი სხეულის ამტანობა უკიდურეს წერტილამდეა მისული — გამოფიტული, ზედმეტად გადახურებული და გაუწყლოებული — მაგრამ ფინიშის ხაზთან ასე ახლოს ყოფნისას, არ არის შეჩერების დრო. მსგავსად ამისა, როგორც ქრისტიანები, ჩვენ მარადიული სიცოცხლის ჯილდოსთვის გზაზე ვიმყოფებით და ძალიან ახლოსა ვართ ფინიშის ხაზთან. ახლა არ არის სირბილის შეწყვეტის დრო (შეადარე 1 კორინთელთა 9:24; ფილიპელთა 2:16; 3:13, 14).
19 პირველი საუკუნის ქრისტიანები მსგავს მდგომარეობაში იყვნენ. დაახლოებით ახალი წელთაღრიცხვით 61 წელს ამის შესახებ სწერდა მოციქული პავლე იერუსალიმელ ქრისტიანებს. დრო გადიოდა — ბოროტი „მოდგმა“, განდგომილ იუდეველთა სისტემა, მალე ‘გადაივლიდა’. განსაკუთრებით იერუსალიმელი ქრისტიანები უნდა ყოფილიყვნენ ფხიზლად და ერთგულად; ისინი ქალაქიდან უნდა გაქცეულიყვნენ, როცა ჯარებით გარშემორტყმულს დაინახავდნენ მას (ლუკა 21:20–24, 32). დროული იყო მაშინ პავლეს ინსპირირებული რჩევა: „არ დაუძლურდეთ და არ დაჰკარგოთ სულის სიმხნევე“ (ებრაელთა 12:3, სსგ]). აქ მოციქული პავლე იყენებს ორ გარკვეულ ზმნას: „არ დაუძლურდეთ“ (კაʹმნო) და „არ დაჰკარგოთ“ (ე·კლიʹო·მაი). ბიბლიის ერთ-ერთი მცოდნის თანახმად, ეს ბერძნული სიტყვები „არისტოტელემ გამოიყენა მორბენალებთან დაკავშირებით, რომლებიც მოდუნდნენ და არაქათი გამოეცალათ ხაზის გადაკვეთის შემდეგ. პავლეს წერილის მკითხველები ჯერაც გზაში იმყოფებოდნენ. ისინი ნაადრევად არ უნდა მოდუნებულიყვნენ. მათ საკუთარი თავისთვის ნება არ უნდა დაერთოთ, რომ დასუსტებულიყვნენ და დაღლილობას ძალ-ღონე გამოეცალა. ასე რომ, კიდევ ერთხელ ისმის მოწოდება სიძნელეების დროს შეუპოვრობის შესახებ“.
20 რა დროულია პავლეს რჩევა დღეს ჩვენთვის! როცა ვდგავართ მზარდი გავლენის პირისპირ, შესაძლოა ამ დროს, თავს ვგრძნობთ, როგორც ძალაგამოცლილი მორბენალი, რომელსაც ფეხები არ ემორჩილება. მაგრამ ვინაიდან ასე ახლოსაა ფინიშის ხაზი, არ უნდა მოვდუნდეთ! (მეორე ნეშტთა 29:11). მოდუნება არის ზუსტად ის, რაც ჩვენს მოწინააღმდეგეს, ‘მბრდღვინავ ლომს’, სურს, რომ მოგვივიდეს. საბედნიეროდ, იეჰოვამ მიიღო ზომები, რათა მისცეს ‘ღონე დაღლილ-დაქანცულს’ (ესაია 40:29). თუ რა ზომებია ეს და როგორ შეგვიძლია მისი გამოყენება, განხილული იქნება შემდეგ სტატიაში.
[სქოლიოები]
a მაგალითად, ზოგიერთი შესაძლოა ებრძვის, კონტროლი გაუწიოს ღრმად ფესვგადგმულ ისეთ თვისებას, როგორიცაა სიფიცხე ან მასტურბაციის პრობლემის გადალახვა. [იხილე „გამოიღვიძეთ!“ 1989 წლის 8 მარტი, გვერდები 18–20; 8 ოქტომბერი, გვერდები 17–19; 8 ნოემბერი, გვერდები 13–16 (რუს.), გამოქვეყნებული საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების მიერ (ნიუ-იორკი)].
b „საგუშაგო კოშკის“ 1992 წლის 15 ოქტომბრის ნომერში იხილე სტატია „უხუცესებო, გადაეცით უფლებამოსილებები!“ გვ. 20–23 (ინგლ.).
როგორია შენი პასუხი?
◻ როგორ შეგვიძლია ავიცილოთ მოდუნება, როცა სხვები გულს გვიტეხენ ან ტკივილს გვაყენებენ?
◻ დანაშაულის გრძნობის შესახებ, რა გაწონასწორებული თვალსაზრისი დაგვიცავს მოდუნებისგან?
◻ რას მოელის იეჰოვა ჩვენგან?
◻ როგორ შეიძლება თავმდაბლობა დაეხმაროს კრების უხუცესებს მოქანცულობის არიდებაში?
◻ რატომ არის დღეს ჩვენთვის დროული პავლეს რჩევა ებრაელთა 12:3-დან?
[სასწავლო კითხვები]
1, 2. ა) როგორ ესხმის ლომი თავს? ბ) განსაკუთრებით ვისი ხელში ჩაგდებითაა ეშმაკი დაინტერესებული?
3, 4. ა) რა მეთოდებს იყენებს სატანა იეჰოვას მსახურებზე თავდასასხმელად? ბ) რა კითხვები წამოიჭრება იმის გამო, რომ ვცხოვრობთ ‘საზარელ დროში’?
5. რამ გამოიწვია დავითის მოქანცულობა, მაგრამ რა არ გაუკეთებია მას?
6. ა) როგორ შეიძლება იმოქმედოს სხვების სიტყვებმა ან მოქმედებებმა? ბ) როგორ შეიძლება ზოგიერთი სატანისთვის ხელში ადვილად ჩასაგდები მსხვერპლი გახდეს?
7. ა) როგორ შევძლებთ, ჩვენი მოქმედებით ხელი არ შევუწყოთ სატანას, როცა სხვები გულს გვიტეხენ ან ტკივილს გვაყენებენ? ბ) რატომ უნდა მოვიშოროთ გულისწყრომა?
8. ა) რატომ გრძნობენ ადამიანები ზოგჯერ თავს დამნაშავედ? ბ) რა საშიშროება არსებობს, როცა ვგრძნობთ, რომ დანაშაულის გრძნობით ვართ მოცული, რომელიც გვადუნებს?
9. რატომ უნდა მივენდოთ ღმერთის გულმოწყალებას?
10. როგორი გულთბილი სიტყვები იყო გამოთქმული ადრინდელ „საგუშაგო კოშკში“ ხორციელ სისუსტეებთან ბრძოლის შესახებ?
11. ა) რას უნდა ვგრძნობდეთ სამეფოს შესახებ ქადაგების საქმეში მონაწილეობასთან დაკავშირებით? ბ) მსახურებასთან დაკავშირებით რა გრძნობებთან მოუწია ზოგიერთ ქრისტიანს ბრძოლა?
12. რატომ გრძნობს ზოგიერთი ქრისტიანი თავს ძალიან დამნაშავედ იმის გამო, რომ მსახურებაში არ შეუძლია მეტის გაკეთება?
13. რას მოელის იეჰოვა ჩვენგან?
14. რა უნდა გააკეთო, როცა გჭირდება დახმარება იმის გასაგებად, თუ რეალურად რას შეგიძლია მოელოდე საკუთარი თავისგან?
15. რა მხრივ ‘მოითხოვება’ კრების უხუცესებისგან ბევრი?
16. ა) საკითხის რა პრაქტიკული გადაწყვეტა შესთავაზა ითრომ მოსეს? ბ) რა თვისება აძლევს უხუცესებს შესაძლებლობას, სხვებს გაუნაწილონ პასუხისმგებლობები?
17. ა) როგორ შეუძლიათ კრების წევრებს უხუცესების ტვირთის შემსუბუქება? ბ) რა მსხვერპლს იღებენ უხუცესის ცოლები და როგორ უნდა ვუჩვენოთ მათ, რომ ამას არ ვღებულობთ, როგორც თავისთავად ნაგულისხმევს?
18, 19. ა) რატომ არ არის დრო, შევჩერდეთ მარადიული სიცოცხლისათვის რბოლაში? ბ) რომელი დროული რჩევა მისცა პავლემ იერუსალიმელ ქრისტიანებს?
20. რატომ არის პავლეს რჩევა დროული ჩვენთვის?