სილა — გამხნევების წყარო
ქრისტიანობის დასაწყისიდანვე ერთგული მიმომსვლელი ზედამხედველების საქმიანობა ღვთის ხალხის კრების გამხნევებისთვისაც და დედამიწის ყველაზე დაშორებულ ტერიტორიებში კეთილი ცნობის გავრცელებისთვისაც მნიშვნელოვანი იყო. პირველ ზედამხედველებს შორის იყო სილა, წინასწარმეტყველი და იერუსალიმის კრების ხელმძღვანელი. მან დიდი როლი შეასრულა სამქადაგებლო საქმიანობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან მოვლენებში და იმ პირველ მისიონერებს შორის იყო, რომლებიც ევროპის ქვეყნებში ქადაგებდნენ. როგორ გახდა სილა ყოველივე ამაში განსაკუთრებით გამოცდილი? მის რომელ თვისებებს უნდა მივბაძოთ?
წინადაცვეთასთან დაკავშირებული საკამათო საკითხი
ახ. წ. 49 წელს წინადაცვეთის საკითხი წამოიჭრა, რომელსაც, შესაძლებელია, კრების წევრებს შორის დაყოფა გამოეწვია. ამიტომ ამ საკითხის გადასაჭრელად საჭირო იყო, ხელმძღვანელ საბჭოს გასაგები მითითება მიეცა ქრისტიანებისთვის; ამ ვითარებისას ბიბლია ახსენებს სილას, რომელსაც სილოვანესაც უწოდებდნენ. ის შეიძლება მათ შორის იყო, ვინც გადაწყვეტილება მიიღო, შემდეგ კი „მოციქულებმა და უხუცესებმა“ მოითათბირეს, რომ მათი გადაწყვეტილება „ანტიოქიაში, სირიასა და კილიკიაში“ ძმებისთვის სილას შეეტყობინებინა. ანტიოქიაში ძმებს სილამ და იუდამ (ბარსაბამ), რომელთაც ახლდნენ ბარნაბა და პავლე, გადასცეს ეს ცნობა; მათ, როგორც ჩანს, მოუყვნენ, როგორ ჩატარდა იერუსალიმის კრება, რა დასკვნა გამოიტანეს და რა ეწერა მათთვის გამოგზავნილ წერილში. მათ აგრეთვე „მრავალი სიტყვით ანუგეშეს ძმები და გაამხნევეს“. შედეგად ანტიოქიელმა ქრისტიანებმა „გაიხარეს“ (საქმეები 15:1–32).
ასე რომ, სილამ საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამ ძირითადი საკითხის გადაწყვეტაში. მაგრამ ის, რაც მას დაევალა, არც თუ ისე ადვილი იყო. არავინ იცოდა, როგორ გამოეხმაურებოდა ანტიოქიის კრება ამ გადაწყვეტილებას. ამიტომ „გონიერი და ტაქტიანი ადამიანი იყო საჭირო, რომ აეხსნა ის, რაც მოციქულებმა მისწერეს“,— აღნიშნავს ერთი მიმომხილველი. ის, რომ ამ საფრთხილო დავალებისთვის სილა აირჩიეს, გარკვეულწილად მის პიროვნებაზე მეტყველებს. მას, ალბათ, უყოყმანოდ ანდობდნენ ხელმძღვანელი საბჭოს მითითებების წარდგენას, რადგან იცოდნენ, რომ ერთგულად ასრულებდა ამ საქმეს. გარდა ამისა, როგორც ჩანს, ის გონიერი ზედამხედველი იყო, რომელსაც შეეძლო დაეცხრო კრებაში არსებული კამათი.
პავლესთან ერთად მოგზაურობა
ამ დავალების შესრულების შემდეგ დაბრუნდა თუ არა სილა იერუსალიმში, არ ვიცით. ყოველ შემთხვევაში მას შემდეგ, რაც პავლეს ბარნაბასთან მარკოზთან (იოანე) დაკავშირებით უთანხმოება მოუვიდა, მან თავისი ახალი მოგზაურობისთვის ანტიოქიაში მყოფი სილა აირჩია. ამ მოგზაურობისას თავდაპირველად ის აპირებდა, რომ ხელმეორედ მოენახულებინა ქალაქები, რომლებშიც პირველი მისიონერული მოგზაურობისას იქადაგა (საქმეები 15:36–41).
სილას ამორჩევა შეიძლება განაპირობა წარმართებში ქადაგებისადმი მისმა დადებითმა განწყობამ, ასევე იმან, რომ ის წინასწრამეტყველი და სირიასა და კილიკიაში ხელმძღვანელი საბჭოს გადაწყვეტილების შეტყობინებაში უფლებამოსილი პირი იყო. შედეგი მშვენიერი იყო. წიგნი „საქმეები“ გვატყობინებს: „ქალაქებში გავლისას ისინი ასწავლიდნენ, რომ დაეცვათ მოციქულებისა და უხუცესების მიერ იერუსალიმში დადგენილი წესები. ეკლესიები მტკიცდებოდა რწმენით და დღითი დღე იზრდებოდა მათი რიცხვი“ (საქმეები 16:4, 5).
მოგზაურობისას მისიონერებს სულიწმინდამ ორჯერ შეაცვლევინა აღებული გეზი (საქმეები 16:6, 7). მის შესახებ ჩვენთვის უცნობი „წინასწარმეტყველების“ შემდეგ ლისტრაში მათ ტიმოთე შეუერთა (1 ტიმოთე 1:18; 4:14). მას შემდეგ, რაც პავლემ, რომელსაც წინასწარმეტყველების უნარიც ჰქონდა, ჩვენება იხილა, ეს მისიონერები ღვთის ხელმძღვანელობით მაკედონიისკენ, ევროპისკენ გაემგზავრნენ (საქმეები 16:9, 10).
ნაცემები და დატუსაღებულები
ფილიპეში, ‘მაკედონიის ამ ნაწილის მთავარ ქალაქში’, სილას დიდი განსაცდელი შეხვდა. მას შემდეგ, რაც პავლემ ერთი მხევლისგან განდევნა ბოროტი სული და მისნობის უნარი წაართვა, მისმა ბატონებმა, რომლებმაც დაინახეს, რომ შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩნენ, სილა და პავლე ქალაქის მთავრებთან მიიყვანეს; შემდეგ საზოგადოებაში ბოროტმოქმედებად გამოაცხადეს, ტანისამოსი შემოახიეს და ხალხის თვალწინ გაროზგეს (საქმეები 16:12, 16–22).
ასეთი გაროზგვა არა მარტო საშინელი სასჯელი იყო, არამედ პავლესა და სილას შემთხვევაში, — უკანონობაც. რატომ? რომის კანონების თანახმად, მისი არც ერთი მოქალაქე არ უნდა გაეროზგათ. პავლე და სილა კი რომის მოქალაქეები იყვნენ. „მაგრად რომ სცემეს“, მათ ფეხებზე ხუნდები დაადეს და საპყრობილეში ჩაყარეს. „ეს ხუნდები საშინელი რამ იყო, — ამბობს გუსტავ შტეჰლინი, — რომლებითაც პატიმარს რაც შეიძლება მაგრად უწევდნენ ფეხებს, რომ ძილის საშუალება არ მიეცათ“. მიუხედავად ამისა, შუაღამისას პავლე და სილა, რომელთაც ზურგზე უეჭველად მტკივნეული ჭრილობები ჰქონდათ, „ლოცულობდნენ და უგალობდნენ ღმერთს“ (საქმეები 16:23–25).
გარკვეულწილად ეს ფაქტიც გვაცნობს სილას პიროვნებას. ის ბედნიერი იყო, რადგან ქრისტეს სახელისთვის იტანჯებოდა (მათე 5:11, 12; 24:9). ეს, როგორც ჩანს, სწორედ ის განწყობა იყო, რომელმაც ანტიოქიაში თავიანთი დავალების შესრულებისას საშუალება მისცა სილას და მის თანამგზავრებს, გაემხნევებინათ და განემტკიცებინათ კრება, რამაც თანაქრისტიანები გაახარა. პავლეს და სილას სიხარული, ალბათ, კიდევ უფრო გაიზარდა, როდესაც ისინი სასწაულებრივი სახით, მიწისძვრის შედეგად, გათავისუფლდნენ ციხიდან; ისინი დაეხმარნენ ციხის ზედამხედველს, რომელმაც თავის მოკვლა დააპირა, და მის ოჯახს, ღმერთი ერწმუნათ (საქმეები 16:26–34).
ამ გაროზგვამ და პატიმრობამ ვერც პავლე და ვერც სილა ვერ დააშინა. როდესაც გაათავისუფლეს, ისინი არ გაპარულან ფილიპედან სირცხვილნაჭამნი, როგორც ამას მთავრები მოელოდნენ. ისინი მტკიცედ იდგნენ და ამჯერად თვითონ შეუტიეს იმ ქედმაღალ და თვითნება მთავრებს. „ჩვენ, რომაელი მოქალაქეები, განუკითხავად გვცემეს სახალხოდ და საპყრობილეში ჩაგვყარეს, და ახლა ფარულად გვიშვებენ? — იკითხა პავლემ. — არა, მოვიდნენ და თვითონ გაგვიყვანონ.“ იმით შეშინებული მთავრები, თუ რა შეიძლებოდა ამას მოჰყოლოდა, იძულებული იყვნენ, მათთვის ქალაქიდან გასვლა ეთხოვათ (საქმეები 16:35–39).
მას შემდეგ, რაც, როგორც რომაელებმა, მთავრებს თავიანთი უფლებები დაანახვეს, პავლე და სილა გამოემშვიდობნენ თანამორწმუნეებს და ხელისუფლების წარმომადგენლების თხოვნა შეასრულეს. ამ სამქადაგებლო მოგზაურობის მიზნის შესაბამისად, სილამ და მისმა თანამგზავრმა კიდევ ერთხელ „ანუგეშეს“ ძმები და ისე დატოვეს იქაურობა (საქმეები 16:40).
მაკედონიიდან ბაბილონამდე
ამ შემთხვევამ მათ თავგზა ვერ აუბნია, ასე რომ, პავლე, სილა და მათი თანამგზავრები ახალი ტერიტორიებისკენ გაეშურნენ საქადაგებლად. ისინი თესალონიკეშიც სიძნელეებს შეხვდნენ. სამი შაბათის განმავლობაში პავლეს იქ ქადაგებისას მიღწეული წარმატების გამო შურიანმა მოწინააღმდეგეებმა ხალხი ააჯანყეს და მისიონერები იძულებული გახადეს, იმ ღამესვე დაეტოვებინათ ქალაქი. ამის შემდეგ მათ ბერეასკენ განაგრძეს გზა. როდესაც გაიგეს, რომ პავლე და მისი თანამგზავრები ამ ქალაქში ქადაგებდნენ, მოწინააღმდეგეები თესალონიკედან მივიდნენ. პავლემ მარტომ განაგრძო გზა, სილა და ტიმოთე კი ბერეაში დარჩნენ, რომ ყურადღება მიექციათ ახალი დაინტერესებულებისთვის (საქმეები 17:1–15). სილა და ტიმოთე პავლეს კორინთში შეუერთდნენ და მაკედონიიდან სასიამოვნო ამბები და, შესაძლებელია, თანამორწმუნეებისგან საჩუქარიც გადასცეს. ეს საშუალებას მისცემდა ღარიბ მოციქულს, მიეტოვებინა თავისი სამსახური, რომელიც მას იმ დროისთვის ჰქონდა, და ახალი ძალებით დაბრუნებოდა სრული დროით ქადაგებას (საქმეები 18:1–5; 2 კორინთელთა 11:9). კორინთში სილას და ტიმოთეს იცნობდნენ, როგორც მქადაგებლებს და პავლეს თანამშრომლებს. ასე რომ, ცხადია, მათი საქმიანობა არც ამ ქალაქში შენელებულა (2 კორინთელთა 1:19).
ის, რომ თესალონიკელების მიმართ მიწერილ ორივე წერილში — რომლებიც კორინთიდან სწორედ ამ პერიოდში იქნა გაგზავნილი — ყველგან გამოყენებულია ნაცვალსახელი „ჩვენ“, შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ მათ დაწერაში სილამ და ტიმოთემ მიიღეს მონაწილეობა. თუმცა აზრი, რომ სილამ მონაწილეობა მიიღო ამ წერილების წერაში, ძირითადად პეტრეს მიერ ერთ-ერთი თავისი წერილის შესახებ ნათქვამზეა დაფუძნებული. მან თქვა, რომ ბაბილონიდან თავისი პირველი წერილი ‘სილოვანის, ერთგული ძმის ხელით’ მისწერა თანაქრისტიანებს (1 პეტრე 5:12, 13). თუმცა სილამ შეიძლება გადასცა წერილი, მაგრამ პეტრეს ორ წერილში სტილებს შორის სხვაობა შეიძლება იმაზე მიანიშნებდეს, რომ პეტრემ ის მხოლოდ თავისი პირველი წერილის დამწერად გამოიყენა. ასე რომ, სილა, რომელსაც სხვადასხვა ნიჭი და თეოკრატიული უპირატესობები ჰქონდა, მდივანიც იყო.
მაგალითი ჩვენთვის
როდესაც ვიხსენებთ, რაც სილამ გააკეთა, მის შესახებ ცნობა შთაბეჭდილებას ახდენს ჩვენზე. ის მშვენიერი მაგალითია დღევანდელი მისიონერებისთვის და მიმომსვლელი ზედამხედველებისთვის. ის თავდაუზოგავად გადიოდა დიდ მანძილს, რასაც დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა, არა მატერიალური სარგებლობისთვის და პრესტიჟისთვის, არამედ სხვების დასახმარებლად. მისი მიზანი იყო თანაქრისტიანების გამხნევება გონივრული და ტაქტიკური რჩევით, კარგად მომზადებული თბილი საუბრებით და ქადაგებისას თავისი ენთუზიაზმით. მსგავსად, იეჰოვას ორგანიზებულ ხალხში რაც უნდა გევალოს, თუ ცდილობ — სიძნელეების დროსაც კი — დადებითი განწყობილება გქონდეს, შენც გამხნევების წყარო იქნები შენი თანამორწმუნეებისთვის.
[რუკა 29 გვერდზე]
[ტექსტი სრულად მოცემულია პუბლიკაციაში]
პავლეს მეორე მისიონერული მოგზაურობა
დიდი ზღვა
ანტიოქია
დერბე
ლისტრა
იკონია
ტროადა
ფილიპე
ამფიპოლისი
თესალონიკე
ბერეა
ათენი
კორინთი
ეფესო
იერუსალიმი
კესარია
[საავტორო უფლება]
Mountain High Maps® Copyright © 1997 Digital Wisdom, Inc.