სიყვარულის სრულყოფილი კავშირით გაერთიანებულნი
‘[იყავით] სიყვარულით შეერთებული’ (კოლასელთა 2:2).
1, 2. შუღლის როგორი ზეგავლენა იგრძნობა განსაკუთრებით დღეს?
ისმინე! მქუხარე ხმა ზეციდან ამბობს: „ვაი მიწასა და ზღვას, ვინაიდან თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი დიდი მძვინვარებით, რადგან იცის, რომ დრო ცოტა აქვს“ (გამოცხადება 12:12). ყოველწლიურად ეს ცნობა დედამიწის მოსახლეობისთვის უფრო და უფრო ავის მომასწავებელი ხდება.
2 იეჰოვას უდიდესი მოქიშპე, დიდი ხანია ცნობილია, როგორც მოწინააღმდეგე (სატანა) და ცილისმწამებელი (ეშმაკი). მაგრამ ეს მაცდური ახლა სხვა მზაკვრულ როლს ასრულებს — ის მრისხანე ღმერთი გახდა! რატომ? იმიტომ რომ ის გადმოგდებულ იქნა ზეციდან მიქაელისა და მისი ანგელოზების მიერ 1914 წელს დაწყებული ბრძოლის დროს (გამოცხადება 12:7–9). ეშმაკმა იცის, რომ მცირე დრო აქვს იმ პრეტენზიების დასამტკიცებლად, რომლითაც განაცხადა, რომ შეძლებდა ადამიანების ჩამოცილებას ღმერთის თაყვანისმცემლობისაგან (იობი 1:11; 2:4, 5). რაკი გასაქცევი ადგილი არა აქვთ, ეშმაკი და მისი დემონები ჰგვანან ფუტკრების განრისხებულ გუნდს, რომელიც თავის მრისხანებას ანთხევს დაუცხრომელ ხალხთა მასებზე (ესაია 57:20).
3. დღეს, რა შედეგები მოჰყვა სატანის გადმოგდებას?
3 ეს მოვლენები, რომელიც ადამიანის თვალისთვის უხილავია, ცხადყოფს, თუ რატომ არის გამეფებული დღეს კაცობრიობაში საერთო ზნეობრივი კრიზისი. ასევე, ნათელი ხდება, თუ გაშმაგებულად რატომ ცდილობენ ადამიანები დაქუცმაცებული ერების გაერთიანებას, რომლებსაც, უბრალოდ, არ შეუძლიათ შეთანხმებული ცხოვრება. ტომობრივი და ეთნიკური ჯგუფები უმართებულოდ ებრძვიან ერთიმეორეს, რის შედეგადაც მილიონობით ადამიანია უსახლკარო. არ არის გასაკვირი უკანონობის უპრეცენდენტო ზრდა! როგორც იესომ იწინასწარმეტყველა ‘მრავალს გაუნელდებოდა სიყვარული’. საითაც არ უნდა გაიხედო დღეს, ყველგან, დაუცხრომელ კაცობრიობაში უთანხმოება და სიყვარულის ნაკლებობა შეინიშნება (მათე 24:12).
4. რატომ ემუქრება უფრო მეტი საშიშროება ღმერთის ხალხს?
4 იმ დროს, როდესაც ვიცით ქვეყნიერებაში გამეფებული სიტუაცია, უფრო ღრმა მნიშვნელობა ენიჭება იესოს ლოცვას, რომელიც თავის მიმდევრებს შეეხებოდა: „არ გევედრები, რომ ქვეყნიერებიდან წაიყვანო ისინი, არამედ რომ დაიცვა ბოროტისაგან. ისინი არაამქვეყნიურნი არიან, როგორც მე ვარ არაამქვეყნიური“ (იოანე 17:15, 16). დღეს ‘ბოროტი’ განსაკუთრებით იმათ წინააღმდეგ ანთხევს მრისხანებას, „რომლებიც იცავენ ღმერთის მცნებებს და რომელთაც აქვთ იესოს მოწმობა“ (გამოცხადება 12:17). იეჰოვას ყურადღება და სიყვარულით აღსავსე მზრუნველობა რომ არა, ერთგული მოწმეები განადგურებული იქნებოდნენ. ჩვენი სიცოცხლე დამოკიდებულია იმაზე, ვიყენებთ თუ არა იმას, რასაც იეჰოვა გვთავაზობს ჩვენი სულიერი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ძალისხმევა, როგორც გვირჩია მოციქულმა კოლასელთა 1:29-ში, შეთანხმებული უნდა იყოს ღმერთის ძალის მოქმედებასთან, რომელიც მოქმედებს ქრისტეს მეშვეობით.
5, 6. რას გრძნობდა პავლე კოლასელი ქრისტიანების მიმართ და რატომ არის 1995 წლის მუხლი სათანადო?
5 მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა პავლეს პირისპირ არც უნახავს კოლასელი ძმები, მას უყვარდა ისინი. მან უთხრა მათ: „მე მსურს, რომ იცოდეთ, რაოდენი ღვაწლი მაქვს თქვენთვის“ (კოლასელთა 2:1). რადგან ქრისტეს მიმდევრები არ არიან ქვეყნიერების ნაწილი, ‘ბოროტი’ კვლავ შეეცდება, დაარღვიოს ძმების ერთიანობა იმით, რომ მათ შორის დათესოს ქვეყნიერების სულისკვეთება. ახალი ამბები, რომელიც ეპაფრამ ამცნო პავლეს, იტყობინებოდა იმასაც, რომ კოლასელებში გარკვეულწილად გავრცელდა ქვეყნიერების სულისკვეთება.
6 ის, რასაც პავლე ძირითად მნიშვნელობას ანიჭებდა ქრისტიანი ძმებისადმი რჩევაში, შეიძლება მოკლედ გამოიხატოს შემდეგი სიტყვებით: ‘[იყავით] სიყვარულით შეერთებული’. მის სიტყვებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დღეს, ამ ქვეყნიერებაში, რომელიც აღსავსეა განხეთქილებებითა და სიყვარულის დეფიციტით. თუ ჩვენ გულთან მიგვაქვს პავლეს რჩევა დავტკბებით იეჰოვას მზრუნველობით. ასევე, ჩვენს ცხოვრებაში ვიგრძნობთ მისი სულის მძლავრ მოქმედებას, რომელიც დაგვეხმარება, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ ქვეყნიერებას. რაოდენ ბრძნულია ეს რჩევა! ამგვარად, კოლასელთა 2:2 არის 1995 წლის მუხლი.
7. როგორი ერთიანობა უნდა არსებობდეს ქრისტიანებს შორის?
7 კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში, რომელიც უფრო ადრე დაწერა, მოციქულმა მაგალითად მოიყვანა ადამიანის სხეული. მან დაწერა: „არ იყოს განხეთქილება“ სულითცხებულ ქრისტიანთა კრებაში, არამედ „ყველა ასო ერთნაირად ზრუნავდეს ერთიმეორეზე“ (1 კორინთელთა 12:12, 24, 25). რაოდენ შესანიშნავი შედარებაა! ჩვენი ასოები ურთიერთდამოკიდებულებაში არიან, თითოეული მთელ სხეულთან არის გაერთიანებული. იგივე პრინციპია მსოფლიო მასშტაბის ძმობაში, რომელშიც გაერთიანებული არიან სულითცხებულები და მილიონობით ადამიანები, რომლებსაც დედამიწაზე ცხოვრების იმედი აქვთ. ჩვენ არ უნდა გვქონდეს განხეთქილება თანაქრისტიანების საზოგადოებასთან და არც დამოუკიდებლად უნდა ვიცხოვროთ! ჩვენს ძმებთან ურთიერთობის საშუალებით დიდი ზომით მოედინება ჩვენზე ღმერთის სული, რომელიც ქრისტეს მეშვეობით მოქმედებს.
ერთიანობა დაკავშირებულია შემეცნებასთან
8, 9. ა) რა არის აუცილებელი, რომ ერთიანობა იყოს კრებაში? ბ) როგორ მიიღე შემეცნება ქრისტეს შესახებ?
8 პავლეს მიერ მოხსენიებული ერთ-ერთი ძირითადი საკითხი შეეხებოდა იმას, რომ ქრისტიანობაში ერთიანობა დაკავშირებულია შემეცნებასთან, რომელიც განსაკუთრებით შეეხება ქრისტეს. პავლე წერდა, რომ ქრისტიანები უნდა იყვნენ: ‘სიყვარულით შეერთებული გულებით სრულქმნილი გონების ყოველგვარი სიმდიდრისათვის, ღმერთის საიდუმლოს, ქრისტეს შეცნობისათვის’ (კოლასელთა 2:2). იმ დროიდან, რაც დავიწყეთ ღმერთის სიტყვის შესწავლა ჩვენ შევიძინეთ შემეცნება — ფაქტები. ამ შემეცნების შეძენით ჩვენთვის ნათელი ხდება, თუ როგორ არის ღმერთის განზრახვებთან შეთანხმებული ეს საკითხები და გვესმის ქრისტეს გადამწყვეტი როლი. „[ქრისტეში] დაფარულია სიბრძნისა და შემეცნების ყველა საუნჯე“ (კოლასელთა 2:3).
9 შენც ასე ფიქრობ ქრისტესა და მისი როლის შესახებ ღმერთის განზრახვაში? ქრისტიანული სამყაროს წარმომადგენლებიდან უმრავლესობა ხშირად საუბრობს ქრისტეზე და ირწმუნება, რომ სწამთ მისი და ამით გადარჩენილები არიან. მაგრამ ნამდვილად იცნობენ თუ არა მას? — საეჭვოა, რადგან უმეტესობას სწამს არაბიბლიური დოგმატი სამების შესახებ. შენ არა მარტო ამასთან დაკავშირებით იცი ჭეშმარიტება, არამედ, შესაძლოა, საკმაოდ ნათელ შემეცნებასაც ფლობ იმის შესახებ, თუ რას ლაპარაკობდა და რას აკეთებდა იესო. მილიონობით ადამიანს დახმარება გაეწია შემეცნების შეძენაში იმ წიგნის შესწავლის მეშვეობით, რომელსაც ეწოდება „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“ (ინგლ.). მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ გვესაჭიროება კვლავ გავაგრძელოთ ქრისტესა და მისი გზების შესახებ ღრმა შემეცნების მიღება.
10. როგორ არის ჩვენთვის ხელმისაწვდომი დაფარული შემეცნება?
10 სიტყვები, რომ ქრისტეში „დაფარულია სიბრძნისა და შემეცნების ყველა საუნჯე“, არ ნიშნავს იმას, რომ ეს შემეცნება ჩვენს გონებრივ შესაძლებლობებს აღემატება. პირიქით, ეს ჰგავს ღია საბადოს. ჩვენ არ გვესაჭიროება, რომ თვალუწვდენელ ტერიტორიებზე ვეძებოთ ადგილი, სადაც საბადოს აღმოჩენის მიზნით უნდა დავიწყოთ თხრა. ჩვენ უკვე ვიცით — ჭეშმარიტი შემეცნება იწყება იქიდან, რასაც ბიბლია გვთავაზობს იესო ქრისტეს შესახებ. რაც უფრო ღრმად ვაფასებთ იესოს როლს იეჰოვას განზრახვების შესრულებაში, მით უფრო მეტად ვიძენთ ჭეშმარიტი სიბრძნისა და შემეცნების საუნჯეს. ამგვარად, ჩვენ გვესაჭიროება მხოლოდ ის, რომ საბადო უფრო ღრმად ამოვთხაროთ, უფრო მეტი ძვირფასი ქვა ან განძეულობა ამოვიტანოთ განძის სწორედ იმ ხელმისაწვდომი წყაროდან, რომლის თხრაც უკვე დავიწყეთ (იგავნი 2:1–5).
11. როგორ შეგვიძლია გავიღრმავოთ ცოდნა და შევიძინოთ სიბრძნე ქრისტეზე ფიქრით? (მაგალითად მოიყვანე შემთხვევა, როდესაც იესომ ფეხები დაბანა თავის მოციქულებს ან გაიხსენე სხვა შემთხვევა).
11 მაგალითად, ჩვენ, შესაძლოა, ვიცით, რომ იესომ ფეხები დაბანა თავის მოციქულებს (იოანე 13:1–20). მაგრამ, გვიფიქრია თუ არა იმის შესახებ, რაც მან გვასწავლა და იმ განწყობილებაზე, რომელიც მან გამოავლინა? თუ ჩვენ ვფიქრობთ, მაშინ საბადოდან ამოგვაქვს სიბრძნის საგანძური, რაც გვაძლევს უნარს — დიახ, აღგვძრავს — რომ შევცვალოთ იმ ძმასთან თუ დასთან ურთიერთობა, რომელიც დიდი ხნის მანძილზე გვაღიზიანებდა. ან როდესაც გვაძლევენ ისეთ დავალებას, რომელიც საერთოდ არ მოგვწონს, შესაძლოა, ჩვენ სხვაგვარი რეაგირება გვქონდეს, თუ ჩავწვდებით იოანეს 13:14, 15-ში დაწერილი სიტყვების სრულ მნიშვნელობას. ამგვარად უნდა მოქმედებდეს ჩვენზე შემეცნება და სიბრძნე. თუ ჩვენ უფრო და უფრო მეტად ვბაძავთ ქრისტეს მაგალითს, ვიღრმავებთ ცოდნას ქრისტეს შესახებ როგორ შეიძლება ამან იმოქმედოს სხვებზე? ალბათ, სამწყსო ‘უფრო მეტად გაერთიანდება სიყვარულით’a.
ყურადღების მოდუნება — შესაძლოა საზიანო იყოს ერთიანობისთვის
12. როგორ შემეცნებას უნდა განვერიდოთ?
12 თუ ზუსტი შემეცნება გვიადვილებს, რომ ‘[ვიყოთ] სიყვარულით შეერთებული’, მაშინ რა შედეგი მოჰყვება იმას, რასაც ‘ცრუმეცნიერება’ ეწოდება? — ყველაფერი საწინააღმდეგო: კამათი, უთანხმოება და რწმენიდან გადახვევა. ასე რომ, ჩვენ უნდა მოვერიდოთ ისეთ ცრუ სწავლებებს, რომლის შესახებაც გააფრთხილა პავლემ ტიმოთე (1 ტიმოთე 6:20, 21). პავლემ, ასევე, დაწერა: „ამას იმიტომ გეუბნებით, რათა არავინ შეგაცდინოთ შემპარავი სიტყვით. გაფრთხილდით, არავინ წარგატყვევოთ ფილოსოფიით და ცარიელი ცდუნებით, ადამიანების გადმოცემისა და ქვეყნიერების სტიქიისამებრ, და არა ქრისტეს მიხედვით“ (კოლასელთა 2:4, 8).
13, 14. ა) რატომ იყვნენ კოლასელი ძმები საშიშროების წინაშე შემეცნებასთან დაკავშირებით? ბ) რატომ შეიძლება, ზოგიერთ ადამიანს ეგონოს, რომ არ იმყოფება საშიშროების წინაშე?
13 კოლასელი ქრისტიანები გარემოცული იყვნენ მზაკვრული ზეგავლენით, რასაც ნამდვილად ეწოდებოდა ცრუ მეცნიერება. მრავალი ადამიანი კოლასესა და მის გარშემომდებარე ტერიტორიებზე დიდად აფასებდა ბერძნულ ფილოსოფიებს. ასევე მძლავრობდნენ იუდაიზმის მიმდევრები, რომლებიც ქრისტიანებისგან მოითხოვდნენ, დაეცვათ მოსეს რჯული, ასევე დღესასწაულები და მოთხოვნები საკვებთან დაკავშირებით (კოლასელთა 2:11, 16, 17). პავლე არ იყო იმის წინააღმდეგი, რომ ძმებს ჭეშმარიტი შემეცნება მიეღოთ, მაგრამ მათ ესაჭიროებოდათ სიფხიზლე, რომ არც ერთი მათგანი არ გამხდარიყო იმათი ნადავლი, რომელთაც მოჰყავთ შემპარავი სიტყვები, რაც დაარწმუნებდა მათ, რომ გამოეყენებინათ კაცობრიობაში გამეფებული თვალსაზრისი ცხოვრებასა და მოქმედებასთან დაკავშირებით. თუ კრების რომელიმე წარმომადგენელი დაუშვებს, რომ საკუთარი აზროვნება და გადაწყვეტილებები ყალიბდებოდეს ასეთი არაბიბლიური საერთო წარმოდგენებისა და ცხოვრების შესახებ პოზიციების მიხედვით, შენ დაინახავ, რომ ეს დაარღვევს ერთიანობასა და სიყვარულს კრების წევრებს შორის.
14 „დიახ, — შესაძლოა, შენ ფიქრობ, — მე ვხედავ იმ საშიშროებას, რომლის წინაშეც იდგნენ კოლასელები, მაგრამ ჩემთვის სარისკოს არ წარმოადგენს ბერძნული შეხედულებების ზეგავლენა, მაგალითად თვალსაზრისი უკვდავი სულის ან სამერთიანი ღმერთის შესახებ; არც იმაში ვპოულობ საშიშროებას, რომ შევცდე ცრუ რელიგიის კერპთაყვანისმცემლური დღესასწაულებით, რომელსაც უკვე გავერიდე“. ეს კარგია. კარგია, როდესაც მტკიცედ ხარ დარწმუნებული ბიბლიაში არსებული ძირითადი ჭეშმარიტებების უპირატესობაში, რომელიც ქრისტეს მეშვეობით გახდა ცხადი. მაგრამ, შესაძლებელია თუ არა, რომ ვიმყოფებოდეთ საშიშროებაში დღეს გაბატონებული სხვა ფილოსოფიების ან ადამიანთა თვალსაზრისის გამო?
15, 16. ცხოვრების შესახებ როგორმა თვალსაზრისმა შეიძლება იმოქმედოს ქრისტიანის აზროვნებაზე?
15 ადამიანთა ფილოსოფიების გავლენა დიდი ხანია არსებობს: „სად არის მისი მოსვლის აღთქმა? რამეთუ მას შემდეგ, რაც მიიცვალნენ მამები, ყოველივე ისევე რჩება, როგორც დასაბამიდან“ (2 პეტრე 3:4). ასეთი სენტიმენტალობა, შესაძლოა, გამოიხატოს სხვა სიტყვებითაც, მაგრამ აზრი იგივე რჩება. მაგალითად, შესაძლოა, რომელიმე ფიქრობს: «როდესაც პირველად გავიგე ჭეშმარიტება, ათწლეულების წინ, აღსასრული „ძალიან ახლოს იყო“. მაგრამ აღსასრული ჯერ კიდევ არ დამდგარა და ვინ იცის, როდის მოვა?» მართალია, არცერთმა ადამიანმა არ იცის, თუ როდის დადგება აღსასრული. მაგრამ, ყურადღება მიაქციე რას მოგვიწოდებდა იესო: „უყურეთ, იფხიზლეთ, [ილოცეთ]: ვინაიდან არ იცით როდის დადგება ის ჟამი“ (მარკოზი 13:32, 33).
16 რადგან არ ვიცით, თუ როდის მოვა აღსასრული, რამდენად საშიში იქნებოდა, გვქონოდა ისეთი თვალსაზრისი, რომ დაგვეგეგმა კომფორტული და „ნორმალური“ ცხოვრება! ასეთი აზროვნება, შესაძლოა, გამოვლინდეს ასეთ მსჯელობაში: „სავსებით დასაშვებია, გადავდგა ნაბიჯი იმ მიზნით, რომ მე (ან ჩემს შვილებს) გვქონდეს საკმაოდ კარგი კარიერა, ძალიან კარგი ხელფასი, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ სიამოვნება მივიღოთ კომფორტული ცხოვრებით. რასაკვირველია, მე დავესწრები ქრისტიანულ შეხვედრებს და გარკვეულწილად მონაწილეობასაც მივიღებ სამქადაგებლო საქმიანობაში, მაგრამ არავითარი მიზეზი არ არსებობს საიმისოდ, რომ ძალ-ღონე მოვახმარო ან დიდი მსხვერპლი გავიღო“ (მათე 24:38–42).
17, 18. როგორი თვალსაზრისის შესახებ მოგვიწოდებდნენ იესო და მისი მოციქულები?
17 მაგრამ, შეუძლებელია იმის უარყოფა, რასაც იესო და მისი მოციქულები გვირჩევენ, რომ ვიცხოვროთ კეთილი ცნობის დაჟინებული ქადაგების სულისკვეთებით, არ დავზოგოთ საკუთარი ძალები და მზად ვიყოთ მსხვერპლის გასაღებად. პავლე წერდა: „ამას გეუბნებით, ძმანო, რომ დრო მოკლეა, ასე, რომ ამიერიდან ცოლიანები უნდა იყვნენ, ვითომც არა ჰყავთ. . . მყიდველნი, როგორც არა მქონენი; რომლებიც სარგებლობენ ქვეყნიერებით, თითქოს არ სარგებლობენ; ვინაიდან წარმავალია წუთისოფლის სახე“ (1 კორინთელთა 7:29–31; ლუკა 13:23, 24; ფილიპელთა 3:13–15; კოლასელთა 1:29; 1 ტიმოთე 4:10; 2 ტიმოთე 2:4; გამოცხადება 22:20).
18 პავლეს რჩევა, რომელიც ღმერთისგან შთაგონებით დაიწერა, საერთოდ არ ეთანხმება იმ აზრს, რომ მიზნად დავისახოთ ცხოვრების კომფორტულად მოწყობა; პავლე წერდა: „არაფერი მოგვიტანია წუთისოფლად, ცხადია, რომ ვერც ვერაფერს წავიღებთ მისგან. ამიტომ, თუ გვაქვს საზრდო და ტანსაცმელი, დავკმაყოფილდეთ ამით. . . იღვაწე რწმენის კეთილი ღვაწლი, ჩაეჭიდე მარადიულ სიცოცხლეს, რომლისკენაც მოწოდებული ხარ, და აღიარე კეთილი აღსარება მრავალი მოწმის წინაშე [საჯაროდ იქადაგე ყოველი შესაძლებლობისას, აქ]“ (1 ტიმოთე 6:7–12).
19. როგორ ზემოქმედებას ახდენს კრებაზე, თუ კრების წევრები მიჰყვებიან ცხოვრების შესახებ ისეთ თვალსაზრისს, რომლისკენაც მოგვიწოდებდა იესო?
19 როდესაც კრება შედგება გულმოდგინე ქრისტიანებისგან, რომლებიც გულწრფელად ცდილობენ ‘ყოველი შესაძლებლობისას საჯაროდ იქადაგონ’, ერთიანობა ნიშანდობლივი შედეგი იქნება. ისინი არ უნდა აჰყვნენ თვალსაზრისს: „ბევრი სიკეთე გაქვს დადებული მრავალი წლისათვის: მოისვენე, ჭამე, სვი, იმხიარულე“ (ლუკა 12:19). პირიქით, გულმოდგინე ქრისტიანები გაერთიანებული არიან ერთი და იმავე ძალისხმევით, მზად არიან გაიღონ მსხვერპლი, რომ რამდენადაც შესაძლებელია სრული მონაწილეობა მიიღონ იმ საქმიანობაში, რომელიც აღარასოდეს განმეორდება (შეადარე ფილიპელთა 1:27, 28).
წინდახედულება შემპარავი სიტყვების მიმართ
20. კიდევ რომელია ის სფერო, რითაც, შესაძლოა, ქრისტიანი შეცდომაში იყოს შეყვანილი?
20 რასაკვირველია, არსებობს სხვა გზებიც — ქრისტიანს, შესაძლოა, მიმართონ „შემპარავი სიტყვებით“ ან ცარიელი ცდუნებებით, იმ მიზნით, რომ ხელი შეუშალონ, ‘სიყვარულში ერთიანობას’. საგუშაგო კოშკის საზოგადოების ფილიალი გერმანიაში წერდა: „ერთ-ერთმა შემთხვევამ მრავალ კრებაში გამოიწვია ფართოდ გავრცელებული კამათი, მაუწყებლები და თვით უხუცესებიც სხვადასხვა არგუმენტებს უჭერდნენ მხარს იმ თერაპიასთან დაკავშირებით, რითაც მკურნალობდა ერთი ძმა“. ისინი უმატებენ: „უამრავი მეთოდებისა და ურიცხვი პაციენტის გამო, ეს არის საკითხის ისეთი ასპექტი, რომელიც საკამათოა და თუ თერაპიის მეთოდები შეიცავს თუნდაც მცირე სპირიტიზმს, ეს საშიშია“ (ეფესელთა 6:12).
21. როგორ შეიძლება რომ დღეს ქრისტიანმა დაკარგოს სწორი მიმართულება?
21 ქრისტიანებს სურთ დარჩნენ ცოცხლები და ჯანსაღები, რომ შეძლონ ღმერთისადმი თაყვანისცემა. მიუხედავად ამისა, ამ სისტემაში ჩვენ ვბერდებით და ვავადმყოფობთ, რაც არასრულყოფილების შედეგია. მაგრამ ჩვენ განსაკუთრებული მნიშვნელობა ფიზიკური ჯანმრთელობის საკითხებს კი არ უნდა მივანიჭოთ, არამედ კონცენტრირება უნდა მოვახდინოთ რეალურ გამოსავალზე, როგორც ჩვენთვის, ასევე სხვებისთვისაც (1 ტიმოთე 4:16). პრობლემების გადაწყვეტაში მთავარ როლს თამაშობს იესო ქრისტე, ის ასევე, მთავარი თემა იყო პავლეს რჩევაშიც კოლასელთა მიმართ. მაგრამ გახსოვდეს, რომ პავლე იძლეოდა გაფრთხილებას, რომ ზოგიერთები შეეცდებიან „შემპარავი სიტყვით“ მოადუნონ ჩვენი ყურადღება ქრისტეს მიმართ, შესაძლოა, იმით, რომ შემოგვთავაზონ დიაგნოზის დასმის მეთოდები, მკურნალობა ან დიეტა (კოლასელთა 2:2–4).
22. როგორი გაწონასწორებული პოზიცია უნდა გვეჭიროს მკურნალობისა და დიაგნოზის დასმის მეთოდების ურიცხვი რეკლამის მიმართ?
22 მთელ მსოფლიოში უამრავი განცხადებებისა და რეკლამების თავდასხმაა ადამიანებზე ყველანაირი სახის მკურნალობისა და დიაგნოზის დასმის მეთოდების შესახებ. ზოგიერთი ფართოდ არის აღიარებული და პრაქტიკაშიც გამოიყენება; ხოლო ზოგიერთი ფართოდ არის გაკრიტიკებული ან ეჭვის ობიექტს წარმოადგენს. ყოველი პიროვნება პასუხისმგებელია, რომ იცოდეს, თუ რას გააკეთებს თავის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. მაგრამ ისინი, რომლებიც ღებულობენ პავლე მოციქულის რჩევას, რომელიც ჩაწერილია კოლასელთა 2:4, 8-ში თავს იზღვევენ, რომ „შემპარავი სიტყვებით“ ან „ცარიელი ცდუნებით“ შეცდომაში არ იყვნენ შეყვანილი იმ ადამიანების მსგავსად, რომლებსაც არა აქვთ სამეფოს იმედი და რადგან შვებას ვერ პოულობენ სასოწარკვეთილებაში არიან ჩავარდნილი. მაშინაც კი, თუ ქრისტიანი დარწმუნებულია, რომ გარკვეული მკურნალობა კარგია მისთვის, მან არ უნდა გაუწიოს რეკლამა ამას ქრისტიან ძმებში, რადგან ეს, შესაძლოა, გახდეს ფართო მსჯელობისა და კამათის საგანი. ამგვარად, მას შეუძლია გამოამჟღავნოს უღრმესი პატივისცემა კრებაში ერთიანობის მნიშვნელობის მიმართ.
23. რატომ გვაქვს განსაკუთრებით ჩვენ სიხარულის მიზეზი?
23 პავლემ განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ ქრისტიანული ერთიანობა ნამდვილი სიხარულის საფუძველია. მისი ცხოვრების პერიოდში მრავალი კრება გაცილებით მცირე იყო იმ კრებებთან შედარებით, რომლებიც დღეს არსებობს. მაგრამ, მან მისწერა კოლასელებს: „თუმცა ხორციელად შორს ვარ თქვენგან, სულით თქვენთან ვიმყოფები და მიხარია, რომ ვხედავ თქვენს წესიერებას და თქვენი რწმენის სიმტკიცეს ქრისტეში“ (კოლასელთა 2:5; იხილე, აგრეთვე, კოლასელთა 3:14). რაოდენ დიდია ჩვენი სიხარულის მიზეზი! ჩვენ ვხედავთ კრებებში ერთიანობის ნამდვილ მტკიცებას, კარგ წესრიგსა და რწმენის ურყეობას, რომელიც ირეკლავს ღმერთის ხალხის საერთო სიტუაციას მთელ მსოფლიოში. ასე რომ, ახლანდელი სისტემის დარჩენილ მოკლე დროში, დაე, თითოეული ჩვენგანი გადაწყვეტილებით იყოს აღსავსე, რომ ‘[ვიყოთ] სიყვარულით შეერთებული’.
[სქოლიოები]
a შემდეგი მაგალითები გთავაზობს უსასრულო შესაძლებლობებს და დაფიქრდი, თუ რა შეგიძლია ისწავლო ქრისტეს შესახებ, რაც დაგეხმარება, რომ ხელი შეუწყო კრების ერთიანობას: მათე 12:1–8; ლუკა 2:51, 52; 9:51–55; 10:20; ებრაელთა 10:5–9.
მიაქციე თუ არა ყურადღება?
□ რომელია 1995 წლის მუხლი იეჰოვას მოწმეებისთვის?
□ რატომ სჭირდებოდათ კოლასელ ქრისტიანებს სიყვარულით გაერთიანება და რატომ გვჭირდება ეს დღეს ჩვენც?
□ ცხოვრების შესახებ რომელი ცბიერი თვალსაზრისისგან უნდა დაიცვას ქრისტიანმა თავი განსაკუთრებით დღეს?
□ რატომ უნდა იყოს ქრისტიანი ფხიზლად, რომ ჯანმრთელობისა და დიაგნოზის დასმის მეთოდების შესახებ „შემპარავი სიტყვებით“ არ იყოს შეცდომაში შეყვანილი?
[სურათები მე-15 გვერდზე]
უკავია თუ არა იესოს თანდასწრებას შენს მომავალ გეგმებში ძირითადი ადგილი?