სიფხიზლის დრო
„ჯერ სახარება უნდა ექადაგოს ყველა ერს. . . ხოლო ვინც ბოლომდის მოითმენს, ის გადარჩება“ (მარკოზი 13:10, 13).
ჩვენ უნდა მოვითმინოთ ურწმუნო და უკუღმართ მოდგმას შორის არსებობა! 1914 წლიდან ხალხი ისეა გახრწნილი, როგორც იესოს დღეებში იყო. დღეს გახრწნილებამ მსოფლიო მასშტაბებს მიაღწია. ამ „უკანასკნელ დღეებში“, „საზარელი ჟამი“, რომელიც აღწერა პავლემ ზიანს აყენებს კაცობრიობას. ‘ბოროტი ადამიანები და ცრუმარქვიები წინ მიიწევენ უარესისკენ’. ცხადია, რომ „მთელი წუთისოფელი ბოროტებაში [ბოროტის ძალაუფლებაში, აქ] ძევს“, ბოროტის, ანუ სატანა ეშმაკის, რომელიც ახლა უკანასკნელ ძალებს იყენებს დედამიწის გასანადგურებლად. მაგრამ გამაგრდი! მოახლოებულია ‘დიდი გასაჭირი’, რომელიც მარადიულ შვებას მოჰგვრის სამართლიანობის მოყვარულებს (2 ტიმოთე 3:1–5, 13; 1 იოანე 5:19; გამოცხადება 7:14).
2 საბედნიეროდ, იეჰოვამ ზეცაში უკვე გაამეფა უფალი იესო ქრისტე, რითაც საფუძველი მოამზადა კაცობრიობის დესპოტი მტრების გასანადგურებლად (გამოცხადება 11:15). როგორც მესიის პირველი მოსვლისას, ასევე ამ საუკუნეშიც შესრულდა დანიელის მიერ ჩაწერილი შესანიშნავი წინასწარმეტყველება. დანიელის 4:13, 14, 29-ში (ძველი აღთქმის ორტომეული, 1884 წლის გამოცემა) გვეუბნებიან, რომ სამართლიანი მეფობა დედამიწაზე შეწყვეტილი იქნება ‘შვიდი ჟამის’ განმავლობაში. მისი უფრო დიდი მასშტაბით შესასრულებლად, ეს შვიდი ჟამი შეადგენს ბიბლიურ შვიდ წელიწადს, სადაც თითოეული წელი შედგება 360 ‘დღისგან’, ანუ სულ 2 520 წელსa. ის დაიწყო ძველი წელთაღრიცხვით 607 წელს, როცა ბაბილონმა მიწასთან გაასწორა ისრაელის სამეფო და გაგრძელდა 1914 წლამდე, როცა იესო გამეფდა ზეცაში, როგორც კაცობრიობის კანონიერი მეფე. მაშინ „წარმართთა ჟამი“ დასრულდა (ლუკა 21:24). მაგრამ წარმართები უარესობისკენ მიდიან მესიანური სამეფოს დადგომამდე (ფსალმუნი 2:1–6, 10–12; 109:1, 2).
3 როგორც კი ახლოვდებოდა წელიწადებისგან შემდგარი 70-ე კვირა (ახალი წელთაღრიცხვით 29–36 წლები) და ასევე როგორც კი ახლოვდებოდა 1914 წელი, ღვთისმოშიში ხალხი მოელოდა მესიის მოსვლას. და ის მოვიდა! მაგრამ მისი მოვლინება თითოეულ შემთხვევაში განსხვავდებოდა იმისგან, რასაც მოელოდნენ. ასევე, თითოეულ შემთხვევაში, შედარებით მოკლე პერიოდის შემდეგ ღვთიური ბრძანებით ბოროტი „მოდგმა“ საბოლოოდ ისჯება (მათე 24:34).
4 წინა სტატიაში მოვიხსენიეთ, ბოროტმა იუდეველთა მოდგმამ თუ როგორ დაღვარა იესოს სისხლი და როგორ შეხვდა თავის აღსასრულს. რა მოუვა კაცობრიობის გახრწნილ მოდგმას, რომელიც ჩვენს დღეებშიც ეწინააღმდეგება ან უგულებელყოფს მას? როდის მოვა სისრულეში ამ ურწმუნო მოდგმაზე განაჩენი?
„ფხიზლად იყავით“
5 იმ წინასწარმეტყველური მოვლენების ჩამოთვლის შემდეგ, რომლებიც წინ უძღვის ‘დიდ გასაჭირს’, იესომ დაამატა: „იმ დღეზე და ჟამზე არავინ იცის, არც ზეციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ“ (მათე 24:3–36; მარკოზი 13:3–32). ჩვენ არ გვჭირდება მოვლენების ზუსტი დროის ცოდნა. პირიქით, ჩვენ მთელი ყურადღებით უნდა ვიფხიზლოთ, განვავითაროთ მტკიცე რწმენა და ვიზრუნოთ, რომ დაკავებული ვიყოთ იეჰოვასადმი სამსახურით და არა თარიღის გამოთვლით. იესომ თავისი უდიდესი წინასწარმეტყველება დაასრულა შემდეგი სიტყვებით: „გაფრთხილდით, იფხიზლეთ, ილოცეთ, ვინაიდან არ იცით, როდის დადგება ის ჟამი. . . ფხიზლად იყავით. . . რასაც თქვენ გეუბნებით, ყველას ვეუბნები: იფხიზლეთ“ (მარკოზი 13:33–37). საფრთხე ჩასაფრებულია დღევანდელი ქვეყნიერების სიბნელის საბურველში. ჩვენ უნდა ვიფხიზლოთ! (რომაელთა 13:11–13).
6 ჩვენ არა მარტო ყურადღება უნდა მივაქციოთ ბოროტი სისტემის ამ უკანასკნელი დღეების შესახებ ინსპირირებულ წინასწარმეტყველებას, არამედ ჩვენი რწმენის ღუზა პირველ ყოვლისა უნდა ჩავუშვათ, იესოს ძვირფას გამომსყიდველურ მსხვერპლსა და მასზე დაფუძნებულ ღმერთის სასწაულებრივ აღთქმებში (ებრაელთა 6:17–19; 9:14; 1 პეტრე 1:18, 19; 2 პეტრე 1:16–19). ბოროტი სისტემის აღსასრულის ხილვის ძლიერი სურვილის გამო, ზოგჯერ იეჰოვას ხალხი ვარაუდებს აგებდა იმის შესახებ, თუ როდის დაიწყებოდა „დიდი გასაჭირი“ და ამას უკავშირებდა კიდეც 1914 წლიდან დაწყებული მოდგმის სიცოცხლის ხანგრძლივობის გამოთვლას. მაგრამ ჩვენ ‘გულის სიბრძნეს ვიძენთ’ არა ვარაუდებით, თუ რამდენი წლის ან დღის არის მოდგმა, არამედ იმაზე ფიქრით, თუ როგორ ‘დავთვალოთ ჩვენი დღეები’ იეჰოვასადმი სიხარულით ხოტბის შესხმაში (ფსალმუნი 89:12). იმის მაგივრად, რომ მოეცა დროის გამოთვლის წესი, გამოთქმით „მოდგმა“ იესო ძირითადად მოიხსენიებდა გარკვეულ ისტორიულ პერიოდში მცხოვრებ ხალხს, მათი ინდივიდუალური თავისებურებებითb.
7 ზემოთ მოყვანილის შესაბამისად, ისტორიკოსი, პროფესორი რობერტ ვოლი თავის წიგნში „1914 წლის მოდგმა“ (Generation of 1914) წერდა: „ისტორიულად თაობა არ განისაზღვრება მისი ქრონოლოგიური ზღვარით. . . ის არ განისაზღვრება თარიღებით“. მაგრამ ის მიუთითებდა, რომ პირველმა მსოფლიო ომმა „წარსულთან უზარმაზარი უფსკრული“ წარმოქმნა და დაამატა: „მათ, რომლებმაც გადაიტანეს ეს ომი, ვერაფრით დააღწიეს თავი რწმენას, რომ 1914 წლის აგვისტოში დასრულდა ერთი მსოფლიო და არსებობა დაიწყო მეორემ“. რა ჭეშმარიტი სიტყვებია! ეს ცნობა ყურადღებას ამახვილებს მდგომარეობის სირთულეზე. კაცობრიობის ‘ამ მოდგმამ’ 1914 წლიდან საზარელი ცვლილებები განიცადა. ის მილიონთა სისხლით დედამიწის მორწყვის თვითმხილველი იყო. ომმა, გენოციდმა, ტერორიზმმა, დამნაშავეობამ და უსამართლობამ მთელ მსოფლიოში იფეთქა. შიმშილობა, დაავადებები და უზნეობა ფართო მასშტაბით გავრცელდა. იესო წინასწარმეტყველებდა: „ასევე თქვენ [მისი მოწაფეები], როცა იხილავთ ყოველივე ამის ახდენას, იცოდეთ, რომ ახლოა ღვთის სასუფეველი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადაივლის ეს მოდგმა, ვიდრე ყველაფერი არ ახდება“ (ლუკა 21:31, 32).
8 დიახ, მესიანური სამეფოს სრული ტრიუმფი ხელის გაწვდენაზეა! მოვიპოვებთ კი რაიმეს თარიღების კვლევა-ძიებით ან ‘მოდგმის’, პირდაპირი გაგებით, სიცოცხლის ხანგრძლივობის შესახებ ვარაუდების გამოთქმით? რა თქმა უნდა, არა! აბაკუმის 2:3-ში ნათლად არის ნათქვამი: „უკვე დათქმული ჟამისთვის არის ხილვა და ბოლოს გაცხადდება, არ გამტყუნდება. თუ დააგვიანდეს, დაელოდე, რადგან უსათუოდ მოვა, არ დაბრკოლდება“. ანგარიშსწორების დღე სწრაფად ახლოვდება (იერემია 25:31–33; მალაქია 3:19).
9 როცა 1914 წელს დაიწყო ქრისტეს მმართველობა, სატანა გადმოგდებულ იქნა დედამიწაზე. ეს ნიშნავს ‘ვაის მიწისთვის. . . ვინაიდან. . . ჩამოვიდა ეშმაკი დიდი მძვინვარებით, რადგან იცის, რომ დრო მცირეღა დარჩა’ (გამოცხადება 12:12). რასაკვირველია, სატანის მმართველობის ათასობით წელთან შედარებით, ეს დრო მოკლეა. ხელის გაწვდენაზეა სამეფო და აგრეთვე იეჰოვას დღე და საათი, რომ განაჩენი აღასრულოს ამ ბოროტ მოდგმაზე! (იგავნი 3:25; 10:24, 25).
„მოდგმა“, რომელიც გადადის
10 მოდი, უფრო ყურადღებით განვიხილოთ იესოს ცნობა მათეს 24:34, 35-დან: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს მოდგმა ვიდრე ყოველივე ეს არ მოხდება. ცა და დედამიწა გადავლენ, ჩემი სიტყვები კი არ გადავლენ“. იესოს შემდეგი სიტყვები ცხადყოფს, რომ „იმ დღეზე და ჟამზე არავინ იცის“. იესო აჩვენებს ბევრად უფრო მნიშვნელოვან რამეს — თავი უნდა ავარიდოთ მახეებს, რომელიც გარს გვარტყია ‘ამ მოდგმაში’. ასე რომ, იესო ამატებს: „ვინაიდან, როგორც იყო ნოეს დღეები, ისევე იქნება კაცის ძის მოსვლაც. ვინაიდან, როგორც წარღვნამდელ დღეებში ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე ნოე კიდობანში შევიდოდა, და არ იცოდნენ, ვიდრე არ მოვიდა წარღვნა და ყველა არ წალეკა — ასევე იქნება კაცის ძის მოსვლაც“ (მათე 24:36–39). აქ იესომ თავისი თანამედროვე მოდგმა შეადარა ნოეს დღეებს (დაბადება 6:5, 9).
11 ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როცა მოციქულებს ‘მოდგმების’ შესახებ შედარება ესმოდათ იესოსგან, ხოლო რამდენიმე დღით ადრე მან საკუთარი თავის შესახებ თქვა: ‘კაცის ძის ხვედრია მრავალი ტანჯვის ატანა და უარყოფა ამ მოდგმის მიერ. და როგორც ნოეს დღეებში იყო, ასევე იქნება კაცის ძის დღეებშიც“ (ლუკა 17:24–26). მაშასადამე, მათეს 24-ე და ლუკას მე-17 თავში გაკეთებულია ერთნაირი შედარება. ნოეს დღეებში ‘გარყვნილი ჰქონდა ყოველ ხორციელს თავისი ზნე ამ ქვეყანაზე’ და ის, ვინც წარღვნით განადგურდა, იყო „ეს თაობა“, ანუ მოდგმა. იესოს დღეებში „ეს მოდგმა“ იყო განდგომილი იუდეველები, რომლებმაც უარყვეს იესო (დაბადება 6:11, 12; 7:1).
12 მაშასადამე, დღეს იესოს წინასწარმეტყველება საბოლოოდ სრულდება, ტერმინი „ეს მოდგმა“ აშკარად ეხება ხალხს, რომელიც ხედავს ქრისტეს თანდასწრების ნიშანს, მაგრამ არ სურს თავისი ცხოვრების გზების გამოსწორება. ამის საპირისპიროდ, ჩვენ, როგორც იესოს მოწაფეები, არ ვუშვებთ, რომ ‘ამ მოდგმის’ ცხოვრების წესმა ჩამოგვაყალიბოს. თუმცა ქვეყნიერებაში ვართ, არ უნდა ვიყოთ მისი ნაწილი, „რადგან ახლოა ჟამი“ (გამოცხადება 1:3; იოანე 17:16). მოციქული პავლე გვარწმუნებს: „ყველაფერი გააკეთეთ უდრტვინველად და უყოყმანოდ. რათა იყოთ უბიწონი და სუფთანი, ღვთის უმანკო შვილები მზაკვარ და უკუღმართ თაობაში, რომელშიც ანათებთ, როგორც მნათობნი სამყაროში“ (ფილიპელთა 2:14, 15; კოლასელთა 3:5–10; 1 იოანე 2:15–17).
13 ‘მნათობების მსგავსად, ჩვენი ნათება’ მოიცავს არა მარტო უმწიკვლო ქრისტიანული პიროვნების გამოვლენას, არამედ უფრო მნიშვნელოვანია იესოს წინასწარმეტყველური დავალების შესრულება: „ექადაგება ეს სახარება სასუფეველზე მთელს მსოფლიოს ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად. აი, მაშინ დადგება აღსასრული“ (მათე 24:14). ვერცერთი ადამიანი ვერ იტყვის, როდის დადგება აღსასრული, მაგრამ ვიცით, რომ ‘ამ ბოროტი’ მოდგმის აღსასრული დადგება მაშინ, როცა ღმერთის სურვილისამებრ დამოწმებული იქნება „ქვეყნის კიდემდე“ (საქმეები 1:8).
‘ის დღე და ჟამი’
14 როცა იეჰოვას განზრახვის შესაბამისად, გლობალური დამოწმება დასრულდება, მაშინ იქნება ამ ქვეყნიერების სისტემისგან გათავისუფლების იეჰოვას ‘დღე და ჟამი’. ჩვენ არ გვჭირდება თარიღის წინასწარი ცოდნა. ამგვარად, მოციქული პავლე მიჰყვება იესოს მაგალითს და შეგვახსენებს: „დროზე და ვადებზე საჭირო არ არის რამე მოგწეროთ, ძმებო, რადგან თქვენ თვითონაც ზუსტად იცით, რომ უფლის დღე ღამით ქურდივით მოვა. ვინაიდან, როცა იტყვიან [ილაპარაკებენ, აქ]: მშვიდობა და უსაფრთხოებაო, მაშინ მოულოდნელად დაატყდებათ თავს განადგურება, როგორც ფეხმძიმეს მშობიარობის ტკივილები, და ვერ დააღწევენ თავს“. ყურადღება მიაქციე პავლეს ნათქვამს: „როცა ილაპარაკებენ“, დიახ, როცა ლაპარაკია ‘მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე’, როცა ის ნაკლებად მოსალოდნელია, ღმერთის განაჩენი უეცრად სისრულეში იქნება მოყვანილი. რამდენად დროულია პავლეს რჩევა: „ამიტომ ნუ დავიძინებთ, როგორც სხვები, არამედ გვეღვიძოს და ვიფხიზლოთ“! (1 თესალონიკელთა 5:1–3, 6; იხილე აგრეთვე მუხლები 7–11; საქმეები 1:7).
15 ჩვენი უფრო ზუსტი თვალსაზრისი ‘ამ მოდგმის’ შესახებ, ნიშნავს თუ არა რომ არმაგედონი უფრო შორსაა, ვიდრე აქამდე გვეგონა? სრულიადაც არა! თუმცა ჩვენ არასოდეს ვიცოდით და არც დღეს ვიცით ‘დღე და ჟამი’, იეჰოვამ ყოველთვის იცოდა ის და არ შეცვლის მას (მალაქია 3:6). ცხადია, ქვეყნიერება უფრო და უფრო უახლოვდება საბოლოო განადგურებას. ახლა უფრო, ვიდრე ოდესმე მნიშვნელოვანია სიფხიზლის აუცილებლობა. იეჰოვამ გვიჩვენა „რაც უნდა მოხდეს მალე!“ და სრულიად უნდა შევიგნოთ გადაუდებლობის აუცილებლობა (გამოცხადება 1:1; 11:18; 16:14, 16).
16 რადგან დრო მოახლოებულია, იფხიზლე, ვინაიდან იეჰოვა უბედურებას დაატეხს თავს სატანის მთელ სისტემას! (იერემია 25:29–31). იეჰოვა ამბობს: „მაშინ გამოვაჩენ ჩემს სიდიადეს და სიწმიდეს და გავცხადდები უამრავი ხალხის თვალწინ; მაშინ მიხვდებიან, რომ უფალი ვარ“ (ეზეკიელი 38:23). ეს გადამწყვეტი „უფლის დღე“ გვიახლოვდება! (იოველი 1:15; 2:1, 2; ამოსი 5:18–20; სოფონია 2:2, 3).
სამართლიანი ‘ახალი ცა და ახალი მიწა’
17 ‘ყოველივე ამის მოხდენის’ შესახებ იესომ თქვა: „ცა და დედამიწა გადავლენ, ჩემი სიტყვები კი არ გადავლენ“ (მათე 24:34, 35). როგორც ჩანს, გამოთქმაში ‘ცა და დედამიწა’ იესოს მხედველობაში ჰქონდა ‘ამ მოდგმის’ მმართველები და ხელქვეითები. მოციქული პეტრე მსგავს სიტყვებს იყენებდა ‘ახლანდელ ცასთან და მიწასთან’ დაკავშირებით, რომელიც „ინახება, გამზადებულია საცეცხლოდ უღვთო კაცთა განკითხვისა და მოსპობის დღისათვის“. შემდეგ ის აღწერს, რომ „უფლის დღე ქურდივით მოვა და მაშინ ზეცანი [მთავრობები]“ მის გახრწნილ საზოგადოებასთან, ანუ ‘მიწასთან’ და მის ცოდვილ საქმეებთან ერთად „გადაივლიან“. შემდეგ მოციქული მოგვიწოდებს ‘წმიდა ქცევისა და ღვთისმოსაობისკენ, რადგან ველით და ვესწრაფით ღვთის მოსვლის დღეს, როცა ალმოდებული ცანი დაირღვევიან, ხოლო კავშირნი დაიწვებიან და დადნებიან’. რა მოჰყვება ამას? პეტრე ჩვენს ყურადღებას მიაპყრობს „ახალ ცასა და ახალ მიწას, სადაც დამკვიდრებულია სიმართლე“ (2 პეტრე 3:7, 10–13)c.
18 ეს „ახალი ცა“ — იესო ქრისტესი და მისი თანამეფეების სამეფო მმართველობა — ‘ახალ მიწას’, სამართლიან ადამიანთა საზოგადოებას, გადმოაფრქვევს კურთხევებს. ხარ თუ არა შენ ამ საზოგადოების მომავალი წევრი? თუ ასეა, შენ გაქვს დიდებული მომავლით გახარების საფუძველი, რომელიც გელოდება (ესაია 65:17–19; გამოცხადება 21:1–5).
19 დიახ, კაცობრიობის სამართლიანი „მოდგმა“ ახლაც იკრიბება. დღეს ცხებული „ერთგული და გონიერი მონა“ ფსალმუნის 77:1, 4-ის შესაბამისად უზრუნველგვყოფს ღვთიური განათლებით: „ისმინე, ხალხო ჩემო, ჩემი კანონი; ყური მოაპყარით ჩემთა ბაგეთა ნათქვამს. . . მომავალ თაობას ვუამბობთ უფლის ქება-დიდებას და მის ძლიერებას, და მის სასწაულებს, რაც მოიმოქმედა“ (მათე 24:45–47). ათას ცხრას ოთხმოცდათხუთმეტი წლის 14 აპრილს 230 ქვეყნის 75 500 კრებიდან 12 000 000-ზე მეტი პიროვნება ესწრებოდა იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს. იყავი თუ არა შენ მათ შორის? ამიტომ დაამყარე რწმენა იესო ქრისტეზე და ‘გადარჩენისთვის მოუხმე უფლის სახელს’ (რომაელთა 10:10–13).
20 „ჟამი იწურება“, — თქვა პავლემ. ამიტომ დროა ყოველთვის ვიფხიზლოთ და ვაკეთოთ იეჰოვას საქმე, რათა კაცობრიობის ბოროტი მოდგმის მხრიდან გავუძლოთ გამოცდებსა და სიძულვილს (1 კორინთელთა 7:29; მათე 10:22; 24:13, 14). მოდი, ყურადღება მივაქციოთ და გამოვიკვლიოთ ყველა ბიბლიური წინასწარმეტყველება, რომელიც თავს დაატყდება ‘ამ მოდგმას’ (ლუკა 21:31–33). ამ მოვლენების გადატანით და ღმერთის ძის წინაშე ღვთის მოწონებული წარდგომით, მალე შევძლებთ მარადიული ცხოვრების ჯილდოს მიღებას.
[სქოლიოები]
a ‘შვიდი ჟამის’ შესახებ უფრო დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილე წიგნი „დაე, მოვიდეს სამეფო შენი“ (ინგლ.), გვერდები 127–139, 186–189; გამოქვეყნებულია საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების მიერ (ნიუ-იორკი).
b იხილე წიგნი Insight on the Scriptures, ტომი I, გვერდი 918; გამოცემული საგუშაკო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების მიერ (ნიუ-იორკი).
c იხილე აგრეთვე წიგნი „ღმერთის სამეფო — ჩვენი მომავალი მსოფლიო მთავრობა“ (ინგლ.), გვერდები 152–156 და 181-ე, გამოქვეყნებული საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების მიერ (ნიუ-იორკი).
გასამეორებელი კითხვები:
◻ როგორ უნდა ‘ვიფხიზლოთ’ ახლა დანიელის 4:29-ის შესრულების გათვალისწინების საფუძველზე?
◻ როგორ ამოიცნობა მათესა და ლუკას სახარებაში „ეს მოდგმა“?
◻ როცა მოველით ‘იმ დღესა და ჟამს’, რა უნდა გამოვიკვლიოთ და როგორ უნდა გამოვეხმაუროთ?
◻ რისი კეთებისკენ უნდა წაგვახალისოს სამართლიანი ‘ახალი ცისა და მიწის’ პერსპექტივამ?
[სასწავლო კითხვები]
1. რატომ უნდა მოვითმინოთ და გავმაგრდეთ?
2. როგორ შესრულდა წინასწარმეტყველება 1914 წელს?
3, 4. ა) რა შედარება შეიძლება გაკეთდეს პირველი საუკუნის მოვლენებსა და ჩვენი დროის მოვლენებს შორის? ბ) რომელი დროული კითხვები შეიძლება წამოიჭრას?
5. ა) რომელი ძვირფასი მიზეზის გამო არ გვჭირდება ვიცოდეთ იეჰოვას მიერ დადგენილი ‘დღე და ჟამი’? ბ) მარკოზის თანახმად, რომელი ჯანსაღი რჩევით დაასრულა იესომ წინასწარმეტყველება?
6. ა) სად უნდა ჩავუშავათ ჩვენი რწმენის ღუზა? ბ) როგორ შეგვიძლია ‘ჩვენი დღეების დათვლა’? გ) ძირითადად, რას გულისხმობდა იესო ‘მოდგმაში’?
7. რა დაწერა ისტორიკოსმა, პროფესორმა „1914 წლის მოდგმის“ შესახებ და რა კავშირშია ეს იესოს წინასწარმეტყველებასთან?
8. როგორ მიანიჭეს განსაკუთრებული მნიშვნელობა იეჰოვას წინასწარმეტყველებმა სიფხიზლის აუცილებლობას?
9. რა მოვლენებმა ცხადყო ათას ცხრაას თოთხმეტი წლიდან, რომ დრო მოკლეა?
10. რა მსგავსებაა ნოეს დღეების მოდგმასა და ‘ამ მოდგმას’ შორის?
11. რა შედარება გააკეთა იესომ ‘მოდგმების’ შესახებ, მათესა და ლუკას სახარებების თანახმად?
12, 13. ა) რომელია დღეს „ეს მოდგმა“, რომელიც უნდა განადგურდეს? ბ) როგორ უმკლავდება იეჰოვას ხალხი ამ ‘მზაკვარ და უკუღმართ თაობას’?
14. რა გაფრთხილება მოგვცა როგორც იესომ, ასევე პავლემ „დროზე და ვადებზე“ და როგორი უნდა იყოს ჩვენი რეაქცია?
15, 16. ა) რატომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ არმაგედონი უფრო შორსაა, ვიდრე აქამდე გვეგონა? ბ) როგორ უნდა განდიდდეს იეჰოვას უზენაესობა ახლო მომავალში?
17, 18. ა) იესოსა და პეტრეს სიტყვების თანახმად, როგორ განადგურდება „ეს მოდგმა“? ბ) რატომ უნდა ვადევნოთ თვალ-ყური ჩვენს ქცევასა და ღვთისმოსაობას?
19. რომელ დიდ პრივილეგიას შეგვიძლია შევხაროდეთ ახლა?
20. რადგან „ჟამი იწურება“, როგორ უნდა ვიფხიზლოთ და როგორი მომავლის გამო?