საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w97 9/15 გვ. 16-20
  • ვინ გადაიტანს ‘უფლის დღეს’?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ვინ გადაიტანს ‘უფლის დღეს’?
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1997
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • აუცილებელია ღვთისმოსაწონი თვისებები
  • „ვინ არის ჩემს მხარეზე, ვინ“?
  • ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის გულწრფელი მხარდაჭერა
  • საოცარი მოვლენები ჯერ კიდევ წინაა!
  • ელისესნაირი გულმოდგინებით მსახურება
  • ელისე
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ბიბლიის წიგნი 12 — 2 მეფეები
    „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“
  • მკითხველთა შეკითხვები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2003
  • ელისემ დაინახა ცეცხლოვანი ეტლები თქვენც ხედავთ?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2013
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1997
w97 9/15 გვ. 16-20

ვინ გადაიტანს ‘უფლის დღეს’?

„როგორი უნდა იყოს თქვენი ყოფა წმიდა ქცევითა და ღვთისმოსაობით, რაკი მოელით და ესწრაფვით ღმერთის დღის მოსვლას (2 პეტრე 3:11, 12, სსგ).

1. ვინ შრომობს ელიას სულითა და ძალით?

იეჰოვა ღმერთმა კაცობრიობიდან გამოარჩია პიროვნებები, რომლებიც ზეციერ სამეფოში მისი ძის, იესო ქრისტეს, თანამემკვიდრეები გახდებიან (რომაელთა 8:16, 17). სანამ ჯერ კიდევ დედამიწაზე არიან, ცხებული ქრისტიანები ელიას სულითა და ძალით შრომობენ (ლუკა 1:17). წინა სტატიაში ყურადღება მივაქციეთ გარკვეულ პარალელებს მათ საქმიანობასა და წინასწარმეტყველ ელიას საქმიანობას შორის. მაგრამ რა შეიძლება ითქვას ელიას საქმის გამგრძელებელზე, წინასწარმეტყველ ელისეზე? (მესამე მეფეთა 19:15, 16).

2. ა) რა იყო ელიას უკანასკნელი და ელისეს პირველი სასწაული? ბ) რა ამტკიცებს, რომ ელია ცაში არ წასულა?

2 ელიას მიერ მოხდენილი ბოლო სასწაული იყო მოსასხამის დარტყმით მდინარე იორდანეს წყლის შუაზე გაპობა. ამან ელიასა და ელისეს საშუალება მისცა, რომ მშრალად გასულიყვნენ. მდინარის აღმოსავლეთ სანაპიროზე ქარბორბალამ აიტაცა ელია და დედამიწის სხვა ნაწილში გადაიყვანა (მე-15 გვერდზე იხილე ჩარჩო, სათაურით „რომელ ცად ავიდა ელია?“). დარჩა მხოლოდ ელიას მოსასხამი. როცა ელისემ ის იორდანეს დაარტყა, წყალი კვლავ შუაზე გაიპო, რამაც მას შესაძლებლობა მისცა, მშრალად დაბრუნებულიყო. ამ სასწაულმა ნათელყო, რომ ისრაელში ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარდაჭერაში ელისე ელიას საქმის გამგრძელებელი გახდა (მეოთხე მეფეთა 2:6–15).

აუცილებელია ღვთისმოსაწონი თვისებები

3. რა თქვეს პავლემა და პეტრემ იესოს თანდასწრებასა და ‘უფლის დღეზე’?

3 ელიასა და ელისეს დღეებიდან საუკუნეების შემდეგ პავლე და პეტრე მოციქულებმა მომავალი „უფლის დღე“ იესო ქრისტეს თანდასწრებასა და იმ დროისთვის მომავალ „ახალ ცასა და ახალ მიწას“ დაუკავშირეს (2 თესალონიკელთა 2:1, 2; 2 პეტრე 3:10–13). რომ გადავიტანოთ იეჰოვას დიდი დღე — როცა ღმერთი გაანადგურებს თავის მტრებს და იხსნის თავის ხალხს — უნდა ვეძებოთ იეჰოვა და გამოვავლინოთ თვინიერება და სიმართლე (სოფონია 2:1–3). როცა მხედველობაში ვღებულობთ წინასწარმეტყველ ელისესთან დაკავშირებულ მოვლენებს, სხვა თვისებებიც იკვეთება.

4. რა როლს ასრულებს იეჰოვას მსახურებაში გულმოდგინება?

4 ‘უფლის დღის’ გადასატანად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გულმოდგინება ღვთის მსახურებაში. ელია და ელისე გულმოდგინეები იყვნენ იეჰოვას მსახურებაში. ცხებული ქრისტიანების დარჩენილი ნაწილი დღეს მსგავსი გულმოდგინებით ეწევა იეჰოვასადმი წმინდა მსახურებას და კეთილი ცნობის ქადაგებას ხელმძღვანელობსa. 30-იანი წლების მეორე ნახევრიდან მათ, რომლებიც ეხმაურებიან სამეფოს შესახებ ცნობას და რომლებსაც დედამიწაზე მარადიული ცხოვრების იმედი აქვთ, ისინი მოუწოდებენ, რომ მიუძღვნან თავი იეჰოვას და მოინათლონ (მარკოზი 8:34; 1 პეტრე 3:21). მილიონები კეთილგანწყობილებით ეხმაურებიან ამ მოწოდებას. ერთ დროს ისინი იყვნენ სულიერ სიბნელეში და ცოდვაში მკვდრები, ახლა კი გაიგეს ღვთის ჭეშმარიტება, მიიღეს დედამიწაზე სამოთხეში მარადიული ცხოვრების იმედი და გულმოდგინედ ემსახურებიან იეჰოვას (ფსალმუნი 36:29; გამოცხადება 21:3–5). თავიანთი გულმოდგინებით, თანამშრომლობით, სტუმართმოყვარეობითა და სხვა კეთილი საქმეებით ისინი დიდი გამხნევების წყაროს წარმოადგენენ ქრისტეს სულიერი ძმებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ დედამიწაზე არიან (მათე 25:31–46).

5. რატომაა ასე მნიშვნელოვანი, ვაკეთოთ სიკეთე იესოს ‘ძმებისთვის’ და რა მაგალითი გვაქვს ელისეს დროიდან?

5 ვინც სიკეთეს უკეთებს იესოს ‘ძმებს’ იმის გამო, რომ ეს ცხებულები მისი მიმდევრები არიან, ‘უფლის დღის’ გადატანის იმედი აქვს. სოფელ შუნემში მცხოვრები ცოლ-ქმარი დიდად იქნა კურთხეული, რადგანაც სიკეთე და სტუმართმოყვარეობა გამოავლინეს ელისესა და მისი მსახურის მიმართ. ამ წყვილს შვილი არ ჰყავდა, ქმარი კი მოხუცებული იყო. მაგრამ ელისე შუნემელ ქალს დაჰპირდა, რომ ვაჟიშვილი შეეძინებოდა, და ეს ასეც მოხდა. როცა რამდენიმე წლის შემდეგ ეს ერთადერთი ვაჟიშვილი მოკვდა, ელისე მივიდა შუნემში და მკვდრეთით აღადგინა (მეოთხე მეფეთა 4:8–17, 32–37). რა უხვად დაჯილდოვდა ელისესთვის სტუმართმოყვარეობის აღმოჩენა!

6, 7. რა მაგალითი დატოვა ნაყამანმა და რა კავშირი აქვს ამას ‘უფლის დღის’ გადატანასთან?

6 საჭიროა თავმდაბლობა, რომ ქრისტეს ‘ძმებისგან’ მიიღო ბიბლიაზე დაფუძნებული მითითება იეჰოვას დღის გადატანის იმედთან დაკავშირებით. არამელთა ჯარის კეთროვან სარდალს, ნაყამანს, თავმდაბლობა უნდა გამოევლინა, რომ ტყვე ისრაელი გოგონას რჩევას მიჰყოლოდა და განსაკურნავად ისრაელში წასულიყო ელისეს მოსაძებნად. ნაცვლად იმისა, რომ ნაყამანის შესახვედრად სახლიდან გამოსულიყო, ელისემ ასეთი ცნობა გაუგზავნა: „შვიდგზის იბანე იორდანეში და გაგიახლდება ხორცი, და გაწმედილი იქნები“ (მეოთხე მეფეთა 5:10). ნაყამანის სიამაყე შეილახა და ის გაბრაზდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც თავმდაბლურად წავიდა და შვიდგზის ჩაყვინთა იორდანეში, „ჩვილი ბავშვივით განუახლდა ხორცი და განიწმიდა“ (მეოთხე მეფეთა 5:14). სახლში წასვლამდე ნაყამანი სამარიაში დაბრუნდა, რომ მადლობა გადაეხადა იეჰოვას წინასწარმეტყველისთვის. გადაწყვეტილებით აღსავსე — არ ესარგებლა მატერიალურად ღვთის მიერ ბოძებული ძალით — ელისე გამოვიდა ნაყამანის შესახვედრად, მაგრამ არ გამოურთმევია ძღვენი. ნაყამანმა თავმდაბლურად უთხრა ელისეს: ‘ამიერიდან უფლის [„იეჰოვას“, აქ] გარდა სხვა ღმერთებს არ შესწირავს მსხვერპლს შენი მორჩილი’ (მეოთხე მეფეთა 5:17).

7 ცხებულთა ბიბლიური რჩევის თავმდაბლური მიყოლით დღეს მრავალი უხვადაა კურთხეული. გარდა ამისა, იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის მიმართ რწმენის გამოვლენით ეს გულწრფელი ადამიანები სულიერად იწმინდებიან. ახლა ისინი ხარობენ პრივილეგიით — იყვნენ იეჰოვა ღმერთისა და იესო ქრისტეს მეგობრები (ფსალმუნი 14:1, 2; ლუკა 16:9). და ღვთისა და მისი მსახურებისადმი ერთგულება დაჯილდოვდება იმით, რომ ისინი გადაურჩებიან მარადიულ განადგურებას, რაც ელის ამაყ, მოუნანიებელ ცოდვილებს ‘უფლის დღეს’, რომელიც სწრაფად ახლოვდება (ლუკა 13:24; 1 იოანე 1:7).

„ვინ არის ჩემს მხარეზე, ვინ“?

8. ა) რა თვალსაზრისი უნდა ჰქონდეთ ღვთის ნების შესრულებასთან დაკავშირებით იმათ, რომლებიც ‘უფლის დღეს’ გადაიტანენ? ბ) რა დავალება მიეცა იეჰუს? გ) რა დაემართებოდა იზებელს?

8 ვისაც ‘უფლის დღის’ გადატანის იმედი აქვს, გადაწყვეტილებით სავსე უნდა იყოს ღვთის ნების შესრულებაშიც. ელიამ თამამად იწინასწარმეტყველა მეფე აქაბის სისხლისმღვრელი, ბაალის თაყვანისმცემელი ოჯახის განადგურება (მესამე მეფეთა 21:17–26). მაგრამ ამ სასჯელის შესრულებამდე ელიას საქმის გამგრძელებელს, ელისეს, გარკვეული დაუმთავრებელი საქმე უნდა დაესრულებინა (მესამე მეფეთა 19:15–17). როცა იეჰოვას მიერ დადგენილი დღე დადგა, ელისემ დაარიგა მსახური, წასულიყო და სარდალი იეჰუ ისრაელის ახალ მეფედ ეცხო. მაცნემ იეჰუს თავზე ზეთი დაასხა და უთხრა: „ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: მე გცხებ უფლის ერის, ისრაელის მეფედ. შენ მოსპობ შენი ბატონის, აქაბის სახლს, რომ ავიღო ჩემს მორჩილთა, წინასწარმეტყველთა, სისხლი და უფლის ყველა მორჩილის სისხლი იზებელისგან. განადგურდება აქაბის მთელი სახლი“. ბოროტ დედოფალ იზებელს ძაღლებს გადაუგდებდნენ და წესიერად არ დაიმარხებოდა (მეოთხე მეფეთა 9:1–10).

9, 10. როგორ შესრულდა ელიას სიტყვა იზებელის შემთხვევაში?

9 იეჰუს ხალხმა აღიარა მისი ცხების კანონიერება და ისრაელის ახალ მეფედ გამოაცხადა ის. გადაწყვეტილებით სავსე იეჰუ იზრეყელისკენ გაემართა, რომ დაეწყო განდგომილების, ბაალის თაყვანისმცემლობის მოთავეების, დასჯა. პირველი, ვინც იეჰუს დამსჯელი ისარი იგემა, იყო აქაბის ძე, მეფე იორამი. ის ქალაქიდან გავიდა, რომ შეკითხვოდა იეჰუს, მშვიდობის მისიით მოვიდა თუ არა. „რა მშვიდობა უნდა იყოს დედაშენის, იზებელის გარყვნილებისა და მისი ამდენი ჯადოქრობის მერე?“ — უპასუხა იეჰუმ. და მისმა ისარმა იორამის გული განგმირა (მეოთხე მეფეთა 9:22–24).

10 ღვთისმოშიში ქალები ერიდებიან, რომ იზებელის ან მისნაირების მსგავსი იყვნენ (გამოცხადება 2:18–23). იმ დროისთვის, როცა იეჰუ იზრეყელში მივიდა, იზებელი ცდილობდა, გალამაზებულიყო. მან სარკმლიდან გადმოიხედა და გესლიანი მუქარით მიესალმა მას. იეჰუმ იზებელის მსახურებს ჰკითხა: „ვინ არის ჩემს მხარეზე, ვინ?“ მაშინვე ორმა-სამმა კარისკაცმა გადმოიხედა. იყვნენ ისინი იეჰუს მხარეზე? „გადმოაგდეთ!“ — მოითხოვა მან. მათ არ დააყოვნეს და ბოროტი იზებელი სარკმლიდან გადმოაგდეს. ის, როგორც ჩანს, ცხენებმა გათელეს. მის დასამარხავად მისულებმა, „ვერაფერი ნახეს მისგან, თავისქალისა და ხელ-ფეხის მეტი“. რა საოცრად შესრულდა ელიას სიტყვები, „იზრეყელის ველზე შეჭამენო ძაღლები იზებელს“! (მეოთხე მეფეთა 9:30–37).

ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის გულწრფელი მხარდაჭერა

11. ვინ იყო იონადაბი და როგორ გამოავლინა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარდაჭერა?

11 ვისაც ‘უფლის დღის’ გადატანისა და დედამიწაზე მარადიული ცხოვრების იმედი აქვს, გულწრფელად უნდა დაუჭიროს მხარი ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას. ის უნდა იყოს იონადაბის, იეჰოვას არაისრაელი თაყვანისმცემლის, მსგავსი. იმ დროს, როცა იეჰუ გულმოდგინედ განაგრძობდა თავისი დავალების შესრულებას, იონადაბს მოწონებისა და მხარდაჭერის გამოვლენა სურდა. ამიტომ ის გავიდა, რომ შეგებებოდა ისრაელის ახალ მეფეს, რომელიც სამარიაში მიემართებოდა აქაბის სახლიდან დარჩენილთა სიკვდილით დასასჯელად. იონადაბი რომ დაინახა, იეჰუმ ჰკითხა: „ისევე წრფელია შენი გული, როგორც ჩემი გული შენდამი?“ იონადაბის დადებითმა პასუხმა იეჰუ აღძრა, ხელი გაეწოდებინა, მიეწვია იონადაბი თავის საომარ ეტლზე და ეთქვა: „წამომყევი და ნახე ჩემი შური უფლისადმი“. იონადაბი უყოყმანოდ გამოეხმაურა პრივილეგიას — მხარდაჭერა გამოევლინა იეჰოვას მიერ ცხებული დამსჯელისთვის (მეოთხე მეფეთა 10:15–17).

12. რატომ მოითხოვს იეჰოვა განსაკუთრებულ ერთგულებას სამართლიანად?

12 ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარდაჭერა ნამდვილად ღირსეულია, რადგან იეჰოვა არის შემოქმედი და უზენაესი მმართველი, რომელიც სამართლიანად მოითხოვს და იმსახურებს ჩვენს განსაკუთრებულ ერთგულებას. ისრაელებს მან უბრძანა: «არ გაიკეთო კერპები, არც რამე ხატი იმისა, რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე და წყალში მიწის ქვეშ. არ სცე თაყვანი მათ, არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, შურისმგებელი [„განსაკუთრებული ერთგულების მომთხოვნი“, აქ] ღმერთი» (გამოსვლა 20:4, 5). ვისაც ‘უფლის დღის’ გადატანის იმედი აქვს, განსაკუთრებულად უნდა სცეს თაყვანი მას და აკეთოს ეს „სულითა და ჭეშმარიტებით“ (იოანე 4:23, 24). ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისთვის ისინი, ელიას, ელისესა და იონადაბის მსგავსად, ურყევები უნდა იყვნენ.

13. როგორც იონადაბის გული იყო იეჰუსთან, ვინ აღიარებს მესიანურ მეფეს და როგორ ავლენენ ამას?

13 აქაბის სახლის დასჯის შემდეგ მეფე იეჰუმ სხვა ნაბიჯები გადადგა ბაალის თაყვანისმცემლების ამოსაცნობად და ისრაელში ამ ცრუ რელიგიის ამოსაძირკვად (მეოთხე მეფეთა 10:18–28). დღეს ზეციერი მეფე იესო ქრისტე დანიშნულია იეჰოვას მტრების სიკვდილით დასასჯელად და მისი უზენაესი ხელისუფლების გასამართლებლად. როგორც იონადაბის გული იყო იეჰუსთან, დღეს იესოს ‘სხვა ცხვრების’ წარმომადგენელი „უამრავი ხალხი“ მთელი გულით აღიარებს ქრისტეს მესიანურ მეფედ და თანამშრომლობს მის სულიერ ძმებთან დედამიწაზე (გამოცხადება 7:9, 10; იოანე 10:16). ამას ისინი ცხადყოფენ ჭეშმარიტი რელიგიის მიყოლითა და გულმოდგინე მონაწილეობის მიღებით ქრისტიანულ მსახურებაში ღვთის მტრების გასაფრთხილებლად სწრაფად მოახლოებად ‘უფლის დღესთან’ დაკავშირებით (მათე 10:32, 33; რომაელთა 10:9, 10).

საოცარი მოვლენები ჯერ კიდევ წინაა!

14. რა მოელის ცრუ რელიგიას?

14 იეჰუ ისრაელში ბაალის თაყვანისმცემლებს სპობდა. ჩვენს დღეებში ღმერთი დიდი იეჰუს, იესო ქრისტეს, მეშვეობით დიდ ბაბილონს, ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობელს, გაანადგურებს. მალე ვიხილავთ იმ სიტყვების შესრულებას, რომლებიც ანგელოზმა უთხრა მოციქულ იოანეს: „ათი რქა, შენ რომ იხილე, და მხეცი, შეიძულებენ მეძავს [დიდ ბაბილონს], დაარბევენ მას და გააშიშვლებენ, მის ხორცს შეჭამენ და მას ცეცხლში დაწვავენ. ვინაიდან ღმერთმა გულებში ჩაუდო, რომ შეასრულონ მისი ნება, შეასრულონ ერთი ნება და მისცენ მათი მეფობა მხეცს, ვიდრე არ აღსრულდება ღვთის სიტყვები“ (გამოცხადება 17:16, 17; 18:2–5). „ათი რქა“ აღწერს სამხედრო პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც ხელთ უპყრიათ ძალაუფლება დედამიწაზე. თუმცა ახლა ისინი სულიერად მეძაობენ დიდ ბაბილონთან, მას ცოტა დრო დარჩა. ამ წუთისოფლის პოლიტიკური ნაწილი მოსპობს ცრუ რელიგიას და მხეცი — გაერთიანებული ერების ორგანიზაცია — ‘ათ რქასთან’ ერთად მთავარ როლს შეასრულებს მის განადგურებაშიb. რა შესაძლებლობაა იეჰოვას განდიდებისთვის! (გამოცხადება 19:1–6).

15. რა მოხდება დედამიწაზე არსებული ღვთის ორგანიზაციის მოსპობის მცდელობისას?

15 მეფე იეჰუს მიერ ბაალის თაყვანისმცემლობაზე მიტანილი მძაფრი იერიშის შემდეგ მისმა სამეფო სახლმა ყურადღება მიაპყრო ისრაელის პოლიტიკურ მტრებს. მეფე იესო ქრისტე მსგავსად იმოქმედებს. ბაალის თაყვანისმცემლობის მსგავსი ცრუ რელიგიის განადგურების შემდეგ დარჩებიან პოლიტიკური ძალები. სატანა ეშმაკის ზეგავლენით იეჰოვას უზენაესი ხელისუფლების ეს მტრები მთელი ძალით გადავლენ იერიშზე მცდელობით — მოსპონ დედამიწაზე არსებული ღვთის ორგანიზაცია (ეზეკიელი 38:14–16). მაგრამ იეჰოვას მიერ დაყენებული მეფე იესო ქრისტე შეუტევს მათ და გაანადგურებს არმაგედონში — ‘ომში ყოვლისმპყრობელი ღვთის დიდი დღისათვის’ — და საბოლოოდ გაამართლებს იეჰოვას უზენაეს ხელისუფლებას (გამოცხადება 16:14, 16; 19:11–21; ეზეკიელი 38:18–23).

ელისესნაირი გულმოდგინებით მსახურება

16, 17. ა) საიდან ვიცით, რომ ელისე სიკვდილის ბოლო წუთებამდე გულმოდგინე იყო? ბ) რა უნდა გავუკეთოთ ჭეშმარიტების ისრებს?

16 სანამ „უფლის დღე“ ბოლოს მოუღებს სატანის მთელ ბოროტ სისტემას, ღვთის მსახურები ისეთივე გაბედულები და გულმოდგინეები იქნებიან, როგორიც ელისე იყო. ელიას მსახურად ყოფნის გარდა ელისე იეჰოვას წინასწარმეტყველად 50 წელიწადზე მეტხანს მსახურობდა. ის ხანგრძლივი სიცოცხლის ბოლო წუთებამდე გულმოდგინე იყო. სიკვდილის წინ მას ესტუმრა იეჰუს შვილიშვილი, მეფე იოაში. ელისემ უთხრა მას, სარკმლიდან ისარი ეტყორცნა. ისარი ნიშნის მიმართულებით წავიდა და ელისემ წამოიძახა: „ძლევის ისარი უფლისაგან და ძლევის ისარი არამისკენ. სძლევ არამს აფეკში საბოლოოდ“. შემდეგ ელისეს თხოვნით იოაშმა ისრები მიწას დაჰკრა. მაგრამ მან უგულოდ გააკეთა ეს და მხოლოდ სამგზის დაჰკრა. ელისემ თქვა, რომ ამის გამო იოაში მხოლოდ სამგზის სძლევდა არამს, და ეს ასეც მოხდა (მეოთხე მეფეთა 13:14–19, 25). მეფე იოაშმა ვერ სძლია არამელებს სრულიად, „საბოლოოდ“.

17 მაგრამ ელისესნაირი გულმოდგინებით ცხებული დარჩენილი ნაწილი აგრძელებს ცრუ თაყვანისმცემლობაზე იერიშის მიტანას. დედამიწაზე ცხოვრების იმედის მქონე მათი თანამგზავრები იმავეს აკეთებენ. გარდა ამისა, ‘უფლის დღის’ გადატანის იმედის მქონე ყველა ადამიანი კარგად იქცევა, თუ ახსოვს გულმოდგინე ელისეს სიტყვები მიწაზე დაკვრასთან დაკავშირებით. ავიღოთ ჭეშმარიტების ისრები და გულმოდგინედ დავკრათ კიდევ და კიდევ — დიახ, სანამ იეჰოვა გაგვაჩერებს.

18. როგორ უნდა გამოვეხმაუროთ 2 პეტრეს 3:11, 12-ის სიტყვებს?

18 „უფლის დღე“ მალე ბოლოს მოუღებს თანამედროვე ბოროტ სისტემას. ამიტომ საშუალება მივცეთ მოციქულ პეტრეს გამამხნევებელ სიტყვებს, რომ აღგვძრას მოქმედებისკენ. „თუ ყოველივე ეს დაიშლება,, — წამოიძახა პეტრემ, — როგორი უნდა იყოს თქვენი ყოფა წმიდა ქცევითა და ღვთისმოსაობით, რაკი მოელით და ესწრაფვით ღმერთის დღის მოსვლას“ (2 პეტრე 3:11, 12, სსგ). როცა ამ სისტემის ყველა ნაწილს ღვთის რისხვის ცეცხლი დაანგრევს იესო ქრისტეს მეშვეობით, მხოლოდ წმინდა ქცევისა და ღვთისმოსაობის გამომვლენი ადამიანები გადარჩებიან. აუცილებელია ზნეობრივი და სულიერი სიწმინდე. ასევეა ხალხის სიყვარულთან დაკავშირებითაც, რაც ვლინდება მათ საჭიროებებზე გამოხმაურებით, განსაკუთრებით სულიერი მხრიდან ჩვენი ქრისტიანული მსახურების მეშვეობით.

19. რა უნდა გავაკეთოთ ‘უფლის დღის’ გადასატანად?

19 აჩვენებს შენი სიტყვები და ქცევა, რომ ღვთის ერთგული და გულმოდგინე მსახური ხარ? თუ დიახ, შეგიძლია იმედი გქონდეს, რომ გადაიტან ‘უფლის დღეს’ და შეხვალ ღვთის აღთქმულ ახალ ქვეყნიერებაში. დიახ, შეიძლება გადარჩე, თუ, როგორც შუნემელმა ცოლ-ქმარმა აღმოუჩინა ელისეს სტუმართმოყვარეობა, სიკეთეს უკეთებ ქრისტეს სულიერ ძმებს, რადგანაც მისი მიმდევრები არიან. გადასარჩენად აგრეთვე უნდა იყო ნაყამანის მსგავსი, რომელმაც თავმდაბლურად მიიღო ღვთიური მითითება და იეჰოვას თაყვანისმცემელი გახდა. თუ გწყურია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე, გულწრფელად უნდა დაუჭირო მხარი ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას, როგორც ეს იონადაბმა გააკეთა. მაშინ შეგიძლია იყო იეჰოვას იმ ერთგულ მსახურთა შორის, რომლებზეც მალე შესრულდება იესოს შემდეგი სიტყვები: „მოდით, კურთხეულნო მამის ჩემის მიერ, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი, თქვენთვის გამზადებული ქვეყნის დასაბამიდან“ (მათე 25:34).

[სქოლიოები]

a იხილე საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ გამოქვეყნებული წიგნი „წმიდა იყოს სახელი შენი“ (ინგლ.), მე-18 და მე-19 გვერდები.

b იხილე საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ გამოქვეყნებული წიგნი „გამოცხადება — მისი გრანდიოზული აპოგეა ახლოსაა!“ (ინგლ.), გვერდები 254–256.

როგორ უპასუხებდი?

◻ რომელი თვისებებია საჭირო ‘უფლის დღის’ გადასატანად?

◻ რა მაგალითი დატოვა ელისეს დღეებში მცხოვრებმა შუნემელმა ცოლ-ქმარმა?

◻ რის სწავლა შეიძლება ნაყამანის მაგალითიდან?

◻ როგორ შეგვიძლია მივყვეთ იონადაბის მაგალითს?

◻ როგორ უნდა იმოქმედოს ჩვენზე 2 პეტრეს 3:11, 12-მა?

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება