ანტიქრისტე
ნიშნავს: „ქრისტეს საწინააღმდეგო“ (ან „ქრისტეს ნაცვლად“). ეს სიტყვა მხოლობით და მრავლობით რიცხვში ხუთჯერ გვხვდება ბიბლიის ბერძნულ ტექსტში და ხუთჯერვე იოანეს ორ წერილში.
როცა იოანე თავის წერილებს წერდა (დაახლ. ახ. წ. 98), ქრისტიანებისთვის უცხო არ იყო ეს საკითხი. 1 იოანეს 2:18-ში ნათქვამია: „შვილებო, ახლა უკანასკნელი საათია და, როგორც უკვე მოისმინეთ, ანტიქრისტე [ბერძ. ანტიქრისტოს] მოდის, უკვე მოვიდა კიდეც მრავალი ანტიქრისტე; აქედან ვიგებთ, რომ უკანასკნელი საათია“. იოანეს სიტყვებიდან ჩანს, რომ არსებობს მრავალი ანტიქრისტე, თუმცა მათ შეიძლება ყველას ერთად ეწოდოს „ანტიქრისტე“ (2ინ. 7). სიტყვა „საათი“ მიუთითებს დროის შედარებით მოკლე ან განუსაზღვრელ პერიოდზე, როგორც ეს იოანეს სხვა სიტყვებიდან ჩანს (იხ. ინ. 2:4; 4:21—23; 5:25, 28; 7:30; 8:20; 12:23, 27). იოანეს არ უთქვამს, რომ ანტიქრისტე გამოჩნდებოდა, იარსებებდა და იმოქმედებდა მომავალში. მან თქვა, რომ ის იმ დროს უკვე იყო და კვლავაც იქნებოდა (1ინ. 4:3).
ვინაობა. მართალია, წარსულში ცდილობდნენ, ვინმესთვის, მაგალითად პომპეუსისთვის, ნერონისთვის ან მუჰამადისთვის (ეს უკანასკნელი დაასახელა პაპმა ინოკენტი III-მ ახ. წ. 1213 წელს), ან რომელიმე ორგანიზაციისთვის (მაგალითად, პროტესტანტები რომის პაპობას ანტიქრისტედ მიიჩნევენ) მიეწერათ, რომ ანტიქრისტე იყო, მაგრამ იოანეს ღვთივშთაგონებული სიტყვებიდან ჩანს, რომ ეს სიტყვა ფართო გაგებით გამოიყენება და გულისხმობს ყველას, ვინც არ აღიარებს, რომ „იესო არის ქრისტე“ და „ხორციელად მოსული“ ღვთის ძე (1ინ. 2:22; 4:2, 3; 2ინ. 7, სსგ, აფ, NE, NIV; შდრ. ინ. 8:42, 48, 49; 9:22).
იმის უარყოფა, რომ იესო იყო ქრისტე და ღვთის ძე, ნიშნავს მის შესახებ ბიბლიაში ჩაწერილის, მაგალითად, მისი წარმოშობის, ღვთის განზრახვაში მისი ადგილის, მისი, როგორც აღთქმული მესიის მიერ ებრაულ წერილებში ჩაწერილი წინასწარმეტყველებების შესრულების, მისი მსახურების, სწავლებებისა და წინასწარმეტყველებების უარყოფას. ამაში შეიძლება იგულისხმებოდეს მისი, როგორც ღვთის მიერ დანიშნული მღვდელმთავრისა და მეფის წინააღმდეგ ნებისმიერი სახით წასვლა და მისი ადგილის დაკავების მცდელობა. ეს კარგად ჩანს სხვა მუხლებიდან, რომლებშიც სიტყვა „ანტიქრისტე“ არ არის გამოყენებული, მაგრამ იგულისხმება. იესომ თქვა: „ვინც ჩემ მხარეზე არ არის, ჩემ წინააღმდეგაა, და ვინც ჩემთან არ აგროვებს, ფანტავს“ (ლკ. 11:23). 2 იოანეს მე-7 მუხლიდან ვიგებთ, რომ ზოგი შეიძლება მატყუარა იყოს. ამგვარად, ანტიქრისტეში იგულისხმებიან „ცრუქრისტეები“ და „ცრუწინასწარმეტყველები“, აგრეთვე იესოს სახელით სასწაულების მომხდენნი, რომელთაც იესო „უკანონობის მოქმედთ“ უწოდებს (მთ. 24:24; 7:15, 22, 23).
თუ გავითვალისწინებთ იესოს სიტყვებს, რომ მისთვის გაკეთებულად ითვლება ის, რასაც მის ჭეშმარიტ მიმდევრებს გაუკეთებენ (მთ. 25:40, 45; სქ. 9:5), „ანტიქრისტეში“ იგულისხმებიან იესოს მიმდევრების მდევნელებიც, მათ შორის სიმბოლური „დიდი ბაბილონი“ (ლკ. 21:12; გმც. 17:5, 6).
იოანეს სიტყვებიდან, „ისინი ჩვენგან გავიდნენ“, ანუ დატოვეს ქრისტიანული კრება, ნათლად ჩანს, რომ განდგომილებიც ანტიქრისტე არიან (1ინ. 2:18, 19). ამგვარად, „ანტიქრისტეში“ იგულისხმებიან პავლეს მიერ მოხსენიებული „უკანონობის კაცი“, იგივე „დაღუპვის ძე“, და „ცრუმასწავლებლები“, რომლებიც პეტრემ ამხილა დამღუპველი სექტების ჩამოყალიბებასა და თავიანთი პატრონის უარყოფაში, რომელმაც იყიდა ისინი (2თს. 2:3—5; 2პტ. 2:1; იხ. უკანონობის კაცი).
გამოცხადების 17:8—15-სა და 19:19—21-ში სიმბოლური ენით არის აღწერილი, რომ ანტიქრისტეს მიეკუთვნებიან სამეფოები, ერები და ორგანიზაციები (შდრ. ფს. 2:1, 2).
ზემოხსენებულთაგან ყველა, ვინც ანტიქრისტეს ნაწილია, თავისი ურჩობისთვის განადგურდება.