დედამიწა
განმარტება: ბიბლიაში სიტყვა „დედამიწა“ ერთზე მეტი მნიშვნელობით გვხვდება. ამ სიტყვაში, ჩვეულებრივ, ვგულისხმობთ ჩვენს პლანეტას, რომელზეც იეჰოვამ ყველა პირობა შექმნა იმისათვის, რომ ადამიანებმა ბედნიერად იცხოვრონ. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბიბლიაში „დედამიწას“ სიმბოლური მნიშვნელობაც აქვს. მაგალითად, მასში შეიძლება იგულისხმებოდეს დედამიწაზე მცხოვრები ხალხი ან გარკვეული თავისებურებებით გამორჩეული ადამიანთა ერთობლიობა.
განადგურდება პლანეტა დედამიწა ბირთვული ომის შედეგად?
ბიბლიის თანახმად, რა აქვს განზრახული ღმერთს დედამიწასთან დაკავშირებით?
მათ. 6:10: „მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“.
ფსალმ. 37:29: „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“.
იხილეთ აგრეთვე ეკლესიასტეს 1:4; ფსალმუნის 104:5.
ვინაიდან ადამიანები ანგარიშს არ უწევენ ღვთის განზრახვას, შესაძლებელია, რომ მათ დედამიწა საცხოვრებლად გამოუსადეგარი გახადონ?
ეს. 55:8—11: „[იეჰოვა ამბობს:] როგორც ზეცაა დედამიწაზე მაღალი, ჩემი გზებიც ასევე მაღალია თქვენს გზებზე და ჩემი აზრები — თქვენს აზრებზე . . . [ჩემი] სიტყვაც . . . უშედეგოდ არ დამიბრუნდება, შეასრულებს იმას, რაც მსურს, და მიაღწევს იმას, რისთვისაც გავგზავნე“.
ეს. 40:15, 26: „აი, [იეჰოვა ღმერთის თვალში] ხალხები სათლიდან გადმოვარდნილ წყლის ერთ წვეთს ჰგვანან და სასწორის პინებზე დაფენილი მტვერივით არიან მისთვის . . . მაღლა აღაპყარით თვალები და შეხედეთ [მზეს, მთვარესა და მილიარდობით ვარსკვლავს]. ვინ შექმნა ეს ყველაფერი? მან, ვისაც თავისი სათვალავით გამოჰყავს მათი ლაშქარი, სახელით მოუხმობს თითოეულ მათგანს. მისი დიდი ძლიერებისა და ძლევამოსილების გამო არც ერთი მათგანი არ აკლდება მას“ (ადამიანების მიერ შექმნილი ბირთვული იარაღი მხოლოდ ადამიანებს აშინებს. მილიარდობით ვარსკვლავი იმხელა ბირთვულ ენერგიას გამოყოფს, რომ ამის წარმოდგენა ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება. ვინ შექმნა და ვის ხელშია ეს ციური სხეულები? განა არ შეუძლია მას, არ მისცეს ადამიანებს იმის საშუალება, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებით ხელი შეუშალონ მის განზრახვას? ნამდვილად შეუძლია! ეს კარგად გამოჩნდა მაშინ, როცა ფარაონი ისრაელების შეჩერებას ცდილობდა და ღმერთმა ეგვიპტის სამხედრო ძალა გაანადგურა [გამ. 14:5—31]).
გამოცხ. 11:17, 18: „გმადლობთ, იეჰოვა ღმერთო, ყოვლისშემძლეო, რომელიც ხარ და რომელიც იყავი, შენი დიდი ძალა რომ გამოიყენე და დაიწყე მეფობა, მაგრამ ხალხები განრისხდნენ, მოვიდა შენი რისხვა და დანიშნული დრო, რათა . . . მოსპო დედამიწის მომსპობნი“.
გაანადგურებს ღმერთი დედამიწას ცეცხლით?
უჭერს ამ აზრს მხარს 2 პეტრეს 3:7, 10 (ბთი)? «ახლანდელი ცა და მიწა, რომლებიც იმავე სიტყვით ინახება, გამზადებულია საცეცხლოდ უღვთო კაცთა განკითხვისა და მოსპობის დღისათვის. ხოლო უფლის დღე ქურდივით მოვა და მაშინ ზეცანი გრგვინვით გადაივლიან, გავარვარებული კავშირები დაიშლებიან, მიწა და მისი საქმენი, რაც მასზეა, გადაიბუგება [„გადიბუგება“, სსგ; „დაიწვებიან“, აფ; „გამოაშკარავდება“, აქ]» (შენიშვნა: სინურ კოდექსში და ვატიკანის ხელნაწერში [№ 1209], რომლებიც თარიღდება ახ. წ. მე-4 საუკუნით, წერია „გამოაშკარავდება“. უფრო გვიანდელ ხელნაწერებში, მაგალითად ალექსანდრიის კოდექსში [მე-5 საუკუნე] და კლემენტის რედაქციით გამოცემულ ვულგატაში [მე-16 საუკუნე], წერია „დაიწვება“).
გულისხმობს გამოცხადების 21:1 იმას, რომ ჩვენი პლანეტა განადგურდება? „ვიხილე ახალი ცა და ახალი დედამიწა, რადგან წინანდელი ცა და წინანდელი დედამიწა მოისპო და ზღვა აღარ არის“.
ეს მუხლები სწორად რომ გავიგოთ, მხედველობაში უნდა მივიღოთ კონტექსტი და ბიბლიის სხვა მონაკვეთები.
თუ ეს მუხლები (2 პეტრეს 3:7, 10 და გამოცხადების 21:1) იმას გულისხმობს, რომ პლანეტა დედამიწა განადგურდება ცეცხლით, მაშინ ზეცაც (ვარსკვლავები და სხვა ციური სხეულები) პირდაპირი გაგებით უნდა განადგურდეს ცეცხლით. ასეთი შეხედულება აშკარად უპირისპირდება შემდეგ მუხლებში გადმოცემულ აზრს: მათეს 6:10, ფსალმუნის 37:29 და 104:5, აგრეთვე იგავების 2:21, 22. გარდა ამისა, რას დააკლებს ცეცხლი ისედაც გავარვარებულ მზესა და ვარსკვლავებს? აქედან გამომდინარე, ზემოთ მოყვანილ მუხლებში სიტყვა „დედამიწა“ სხვა მნიშვნელობით უნდა იყოს გამოყენებული.
დაბადების 10:25-ში, 1 მატიანეს 16:31-სა და სხვა მუხლებში სიტყვა „დედამიწას“ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს და გულისხმობს ადამიანთა ერთობლიობას. რა შეიძლება ითქვას 2 პეტრეს 3:7, 10-სა და გამოცხადების 21:1-ზე?
ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ კონტექსტში, კერძოდ კი 2 პეტრეს 3:5, 6-ში (აგრეთვე 2:5, 9-ში), შედარების მიზნით მოხსენიებულია ნოეს დროს მომხდარი წარღვნა, როდესაც განადგურდნენ ბოროტი ადამიანები. მაშინ ნოე და მისი ოჯახი გადაურჩნენ განადგურებას, არც ჩვენი პლანეტა განადგურებულა. მსგავსად ამისა, 2 პეტრეს 3:7-ში მხოლოდ „უღვთოების“ მოსპობაზეა ლაპარაკი. ის აზრი, რომ ამ მუხლში „დედამიწაში“ ბოროტ ადამიანთა ერთობლიობა იგულისხმება, ეთანხმება მთელ ბიბლიას, რასაც ზემოთ მოყვანილი მუხლებიც უჭერს მხარს. სწორედ ეს სიმბოლური „დედამიწა“ ანუ ბოროტ ადამიანთა ერთობლიობა „გამოაშკარავდება“. იეჰოვა, ასე ვთქვათ, ცეცხლით მოაცლის საფარს ყოველივე დაფარულს, ფარდას ახდის უღვთოთა ბოროტებას და აშკარა გახდება, რომ ისინი იმსახურებენ განადგურებას. გამოცხადების 21:1-ში მოხსენიებულ „წინანდელ დედამიწაშიც“ ბოროტ ადამიანთა ერთობლიობა იგულისხმება.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, გადატანითი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ ლუკას 21:33-ში ჩაწერილი იესოს სიტყვებიც („ცა და დედამიწა განადგურდება, მაგრამ . . .“). გასაკვირი არ არის, თუ რატომაა გამოცხადების 21:1-ში მოხსენიებული „წინანდელი ცა და წინანდელი დედამიწა“ (იხილეთ აგრეთვე მათეს 24:35).
უჭერს ბიბლია მხარს იმ აზრს, რომ მართლები ზეცაში წავლენ და ბოროტთა განადგურების შემდეგ უკან დაბრუნდებიან დედამიწაზე?
ადასტურებს ამას გამოცხადების 21:2, 3? იქ ნათქვამია: «ვიხილე აგრეთვე წმინდა ქალაქი, ახალი იერუსალიმი, ზეციდან, ღვთისგან ჩამომავალი და გამზადებული, როგორც ქმრისთვის მორთული პატარძალი. გავიგონე ტახტიდან დიდი ხმა: „აი, ღვთის კარავი ადამიანებთანაა. იგი მათთან დამკვიდრდება, ისინი მისი ხალხი იქნებიან და თვითონ ღმერთი მათთან იქნება“» (ამ მუხლებში ნათქვამია, რომ ღმერთი „დამკვიდრდება“ ადამიანებთან და „მათთან იქნება“. ნიშნავს ეს იმას, რომ ღმერთი ხორციელი გახდება? ცხადია, არა, რადგან იეჰოვამ მოსეს უთხრა: „შეუძლებელია, ადამიანმა იხილოს ის [ღმერთი] და ცოცხალი დარჩეს“ [გამ. 33:20]. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ „ახალი იერუსალიმის“ წევრები დედამიწაზე ფიზიკურ სხეულში არ დაბრუნდებიან. მაშ, რა გაგებით ჩამოვა ზეციდან „ახალი იერუსალიმი“? დაბადების 18:21-ის თანახმად, ღმერთმა თქვა, რომ „ჩავიდოდა“ და ნახავდა, რას აკეთებდა ხალხი სოდომსა და გომორაში. გამოსვლის 3:8-ში ნათქვამია, რომ ღმერთი აპირებდა „ჩასვლას“ ეგვიპტელთა ხელიდან ისრაელის სახსნელად. ამ მუხლებში ნაგულისხმებია არა პირდაპირი გაგებით „ჩასვლა“, არამედ ის, რომ ღმერთი გარკვეული მიზნით ყურადღებას მიაპყრობდა დედამიწას. ღმერთი ადამიანებთან იქნება „ახალი იერუსალიმის“ მეშვეობით, რომელიც „ზეციდან ჩამოვა“ ანუ ყურადღებას მიაპყრობს დედამიწას მორჩილი ადამიანების კურთხევის მიზნით).
იგავ. 2:21, 22: «მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და უმწიკვლოები დარჩებიან მასზე [„დარჩებიან მასში“, ბსგ], ხოლო ბოროტები მოისპობიან დედამიწიდან და ვერაგები აღმოიფხვრებიან მისგან» (აქ ნათქვამია, რომ მართლები დედამიწაზე „დარჩებიან“ და არა — დაბრუნდებიან).
შეცვალა ღმერთმა თავისი განზრახვა დედამიწასთან დაკავშირებით?
დაბ. 1:27, 28: «დაიწყო ღმერთმა ადამიანის შექმნა თავის ანარეკლად, ღვთის ანარეკლად შექმნა იგი. კაცად და ქალად შექმნა ისინი. აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა მათ ღმერთმა: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით, აავსეთ დედამიწა, დაეპატრონეთ მას და თქვენ გემორჩილებოდნენ ზღვის თევზები, ცის ფრინველები და ყველა ცოცხალი არსება დედამიწაზე“» (როგორც ვხედავთ, ღვთის განზრახვა იყო, რომ დედამიწაზე დასახლებულიყვნენ ადამისა და ევას შთამომავლები, რომლებიც იზრუნებდნენ მასზე და სამოთხედ აქცევდნენ. ღმერთმა საოცრად შექმნა დედამიწა. მასზე ყველა პირობაა ადამიანის საცხოვრებლად, რითაც ის განსხვავდება სხვა პლანეტებისგან, რომლებზე დაკვირვებაც ტელესკოპებით ან კოსმოსური ხომალდების მეშვეობით შეიძლება. ნუთუ ადამის ცოდვის გამო ღმერთი სამუდამოდ აიღებდა ხელს თავის განზრახვაზე?!).
ეს. 45:18: «აი რას ამბობს იეჰოვა, ცის შემოქმედი, ჭეშმარიტი ღმერთი, დედამიწის შემქმნელი და შემოქმედი, რომელმაც განამტკიცა იგი და ტყუილუბრალოდ არ შეუქმნია, დასასახლებლად შექმნა: „მე ვარ იეჰოვა და სხვა არავინ არის!“» (იხილეთ აგრეთვე ესაიას 55:10, 11).
როგორ დაიტევს დედამიწა ადამიანებს, თუ ახალ ქვეყნიერებაში აღარავინ მოკვდება?
დედამიწასთან დაკავშირებული განზრახვა ღმერთმა შემდეგი სიტყვებით გადმოსცა: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით, აავსეთ დედამიწა“ (დაბ. 1:28). ადამიანს ღმერთმა მისცა გამრავლების უნარი. როდესაც მისი განზრახვა განხორციელდება, ღმერთს შეუძლია შეაჩეროს გამრავლების პროცესი დედამიწაზე.
როგორ ადამიანებს დააჯილდოებს ღმერთი დედამიწაზე მარადიული სიცოცხლით?
სოფ. 2:3: „ეძებეთ იეჰოვა, დედამიწის თვინიერნო, მისი სამართლის დამცველნო! ეძებეთ სიმართლე, ეძებეთ თვინიერება, იქნებ თავშესაფარი პოვოთ იეჰოვას რისხვის დღეს“.
ფსალმ. 37:9, 11: „იეჰოვაზე დაიმედებულნი . . . დაიმკვიდრებენ დედამიწას . . . თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას და გაიხარებენ დიდი მშვიდობით“.