იყავით წიგნ „გამოცხადების“ ბედნიერი მკითხველი
„ნეტარია წამკითხველი და მომსმენი ამ საწინასწარმეტყველო სიტყვისა და მასში დაწერილის დამცველი“ (გამოცხადება 1:3).
1. რა ვითარებაში დაწერა მოციქულმა იოანემ „გამოცხადება“ და რა მიზნით ჩაიწერა ხილვები მასში?
„მე . . . იოანე . . . ვიყავი კუნძულზე, რომელსაც ეწოდება პატმოსი, ღვთის სიტყვისათვის და იესო ქრისტეს მოწმობისათვის“ (გამოცხადება 1:9). ასეთ ვითარებაში დაწერა მოციქულმა იოანემ წიგნი „აპოკალიფსი“, ანუ „გამოცხადება“. არსებობს აზრი იმის შესახებ, რომ მოციქული პატმოსზე რომის იმპერატორ დომიციანეს მმართველობის (ახ. წ. 81—96) დროს გადაასახლეს. დომიციანე ყველას აიძულებდა, თაყვანი ეცათ იმპერატორისთვის და ქრისტიანობას სდევნიდა. პატმოსზე ყოფნის დროს იოანემ რამდენიმე ხილვა იხილა და ყველაფერი ჩაიწერა. მან იცოდა, რომ ადრინდელი ქრისტიანები მრავალ განსაცდელს იტანდნენ და მომავალშიც მოუწევდათ ატანა, ამიტომ ამ ამბების მოთხრობით იოანეს მათი განმტკიცება, დამშვიდება, გამხნევება უნდოდა და არა თავზარდამცემ შიშში ჩაგდება (საქმეები 28:22; გამოცხადება 1:4; 2:3, 9, 10, 13).
2. რატომ არის იოანესა და მისი თანაქრისტიანების ვითარება დღევანდელი ქრისტიანებისთვის საინტერესო?
2 ვითარება, რომელშიც ბიბლიის ეს წიგნი დაიწერა, დღეს მცხოვრები ქრისტიანებისთვის ძალზე საგულისხმოა. იოანეს იეჰოვასა და მისი ძის, იესო ქრისტეს, შესახებ მოწმობისთვის დევნიდნენ. ის და მისი თანაქრისტიანები მტრულად განწყობილ გარემოში ცხოვრობდნენ, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდნენ კარგი მოქალაქეები ყოფილიყვნენ, თაყვანს არ სცემდნენ იმპერატორს (ლუკა 4:8). ზოგ ქვეყანაში დღეს ჭეშმარიტი ქრისტიანები მსგავს მდგომარეობაში არიან. იქ სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს უფლებას, დაადგინოს „რელიგიური ნორმები“. ამიტომ რამდენად მანუგეშებელია სიტყვები, რომლებიც წიგნ „გამოცხადების“ შესავალშია მოცემული: „ნეტარია წამკითხველი და მომსმენი ამ საწინასწარმეტყველო სიტყვისა და მასში დაწერილის დამცველი, რადგან ახლოა ჟამი“ (გამოცხადება 1:3). დიახ, „გამოცხადების“ ყურადღებიანი და მორჩილი მკითხველი ჭეშმარიტ ბედნიერებასა და მრავალ კურთხევას ჰპოვებს.
3. ვისგან მომდინარეობდა იოანეს მიერ ნანახი ხილვები?
3 ვისგან მომდინარეობდა „გამოცხადება“ და რა არხით გადმოიცემა ის? პირველი მუხლი გვაუწყებს: „გამოცხადება იესო ქრისტესი, რომელიც მისცა მას ღმერთმა, რათა ეჩვენებინა თავის მსახურთათვის, რაც უნდა მოხდეს მალე, და აუწყა თავის მსახურს იოანეს, გაუგზავნა რა თავისი ანგელოზის მეშვეობით“ (გამოცხადება 1:1). მარტივად რომ ვთქვათ, „გამოცხადება“ იეჰოვა ღმერთისგან მომდინარეობს. მან ეს ცნობა იესოს გადასცა, იესომ კი ანგელოზის მეშვეობით იოანეს შეატყობინა. კიდევ უფრო დაკვირვებით გამოკვლევა გვანახვებს, რომ კრებებისთვის ცნობების მისაწოდებლად და იოანესთვის ხილვის დასანახვებლად იესომ აგრეთვე სულიწმიდა გამოიყენა (გამოცხადება 2:7, 11, 17, 29; 3:6, 13, 22; 4:2; 17:3; 21:10; შეადარეთ საქმეები 2:33).
4. დღესაც რა საშუალებებს იყენებს იეჰოვა იმისათვის, რომ უხელმძღვანელოს დედამიწაზე მცხოვრებ თავის ხალხს?
4 იეჰოვა დღესაც იყენებს ძეს, ‘ეკლესიის თავს’ დედამიწაზე მცხოვრები თავისი მსახურების დასამოძღვრად (ეფესელთა 5:23; ესაია 54:13; იოანე 6:45). იეჰოვა თავისი ხალხის დასარიგებლად სულიწმიდასაც იყენებს (იოანე 15:26; 1 კორინთელთა 2:10). აგრეთვე, როგორც პირველი საუკუნის კრებებისთვის სულიერი საზრდოს მისაწოდებლად იესო ‘თავის მსახურ იოანეს’ იყენებდა, დღეს დედამიწაზე მცხოვრები ცხებული ‘ძმებისგან’ შემდგარ ‘ერთგულ და გონიერ მონას’ იყენებს სახლეულისა და მათი თანამსახურებისთვის სულიერი ‘საზრდოს დროულად’ მისაწოდებლად (მათე 24:45—47; 25:40). ნეტარ არიან ისინი, რომლებიც აღიარებენ მრავალი ‘კეთილი საბოძვრის’ წყაროს, რომლებიც სულიერი საზრდოსა და ამ წყაროს მიერ გამოყენებული არხის სახით გვეძლევა (იაკობი 1:17).
კრებები ქრისტეს ხელმძღვანელობით
5. ა) რასთან არაინ შედარებული ქრისტიანული კრებები და მათი ზედამხედველები? ბ) მიუხედავად იმისა, რომ არასრულყოფილები ვართ, რა შეგვმატებს ბედნიერებას?
5 „გამოცხადების“ პირველ თავებში ქრისტიანთა კრებები სასანთლეებთან არის შედარებული. მათი ზედამხედველები კი ანგელოზებთან (მაცნეებთან) და ვარსკვლავებთან (გამოცხადება 1:20)a. ქრისტეს დავალებით იოანემ მის შესახებ დაწერა: „ასე ამბობს, ვისაც შვიდი ვარსკვლავი უპყრია თავის მარჯვენაში და მიმოდის შვიდ ოქროს სასანთლეს შორის“ (გამოცხადება 2:1). შვიდი ცნობა, რომელიც აზიის შვიდ კრებას გაეგზავნა, ცხადყოფს, რომ ახ. წ. პირველ საუკუნეში კრებებსა და მათს უხუცესებს ჰქონდათ როგორც ძლიერი, ისე სუსტი მხარეები. იგივე მდგომარეობაა დღესაც. ამიტომ ბევრად უფრო სიხარულის მომტანი იქნება, თუ მხედველობიდან არასოდეს გამოგვრჩება ის ფაქტი, რომ ქრისტე, ჩვენი თავი, მიმოდის კრებებს შორის. მან დაწვრილებით იცის, რა ხდება იქ. ზედამხედველები იესოს სიმბოლურად ‘თავის მარჯვენაში უპყრია’, ანუ მისი მეთვალყურეობისა და ხელმძღვანელობის ქვეშ არიან და კრებების დამწყემსვის საკითხში პასუხს აგებენ ქრისტეს წინაშე (საქმეები 20:28; ებრაელთა 13:17).
6. რა ცხადყოფს, რომ მხოლოდ ზედამხედველები არ აგებენ თავიანთი მოქმედებისთვის ქრისტეს წინაშე პასუხს?
6 მაგრამ თავს მოვიტყუებდით, თუ ვიფიქრებდით, რომ მხოლოდ ზედამხედველები აგებენ ქრისტეს წინაშე თავიანთი მოქმედებისთვის პასუხს. ერთ-ერთ ცნობაში ქრისტემ თქვა: „გაიგებს ყველა ეკლესია, რომ მე ვიკვლევ თირკმელებს და გულს, და ყოველ თქვენგანს თავისი საქმეების მიხედვით მივუზღავ“ (გამოცხადება 2:23). ეს სიტყვები გამაფრთხილებელიცაა და გამამხნევებელიც. გამაფრთხილებელი იმ მხრივ, რომ ქრისტემ იცის გულის სიღრმეებში ჩამარხული მოტივები და — გამამხნევებელი, რადგან გვარწმუნებს, რომ ქრისტემ იცის ჩვენი მცდელობის შესახებ და გვაკურთხებს, თუ შესაძლებლობის მაქსიმუმს გავაკეთებთ (მარკოზი 14:6—9; ლუკა 21:3, 4).
7. როგორ ‘დაიცვეს სიტყვა იესოს მოთმინებისა’ ფილადელფიელმა ქრისტიანებმა?
7 ლიდიის ქალაქ ფილადელფიის კრებისთვის ქრისტეს მიერ გაგზავნილ ცნობაში რაიმე საყვედური კი არ არის ნათქვამი, არამედ მოცემულია აღთქმა, რომელმაც ძალიან უნდა დაგვაინტერესოს. „რაკი შენ დაიცავი სიტყვა ჩემი მოთმინებისა, მეც დაგიცავ განსაცდელის ჟამისაგან, რომელიც მოვა მთელ მსოფლიოზე, რომ გამოსცადოს დედამიწის მკვიდრნი“ (გამოცხადება 3:10). ბერძნული გამოთქმა, რომელიც გადმოითარგმნა როგორც „დაიცავი სიტყვა ჩემი მოთმინებისა“ შეიძლება აგრეთვე ნიშნავდეს: „დაიცავი, რაც მოთმინების შესახებ გითხარი“. მე-8 მუხლიდან ჩანს, რომ ფილადელფიელი ქრისტიანები არა მარტო ქრისტეს მითითებებს იცავდნენ, არამედ ერთგულად ასრულებდნენ მოთმინების შესახებ მიცემულ მის რჩევასაც (მათე 10:22; ლუკა 21:19).
8. ა) რა აღუთქვა იესომ ფილადელფიელ ქრისტიანებს? ბ) რა მასშტაბით ვრცელდება დღეს ‘განსაცდელის ჟამი’?
8 იესომ დასძინა, რომ დაიცავდა მათ „განსაცდელის ჟამისაგან“. ზუსტად რას ნიშნავდა ეს სიტყვები იმ ქრისტიანებისთვის, ჩვენ არ ვიცით. თუმცა ახ. წ. 96 წელს დომიციანეს სიკვდილის შემდეგ მცირე ხნით დევნები შეწყდა, ტრაიანეს (ახ. წ. 98—117) მმართველობის დროს დევნების ახალი ტალღა აგორდა, რასაც, რასაკვირველია, ახალ-ახალი განსაცდელები მოჰყვა. დიდი ‘განსაცდელის ჟამი’ კი „უფლის დღეს“, ‘უკანასკნელი ჟამის’ განმავლობაში იქნება. სწორედ ამ დროში ვცხოვრობთ ჩვენ დღეს (გამოცხადება 1:10; დანიელი 12:4). სულითცხებულმა ქრისტიანებმა პირველი მსოფლიო ომის დროსა და მისი დამთავრების შემდგომ წლებში განსაკუთრებული გამოცდები გაიარეს. მაგრამ ‘განსაცდელის ჟამი’ ჯერ არ დამთავრებულა. „მთელი მსოფლიო“ იმყოფება დიდ განსაცდელში, იმ უამრავი ხალხის ჩათვლით, რომლებიც დიდ გასაჭირში გადარჩენას იმედოვნებენ (გამოცხადება 3:10; 7:9, 14). კურთხეული ვიქნებით, თუ ‘დავიცავთ სიტყვას იესოს მოთმინებისა’, კერძოდ კი სიტყვებს: „ბოლომდის დამთმენი გადარჩება“ (მათე 24:13).
იეჰოვას უზენაესი ხელისუფლებისადმი სიხარულით მორჩილება
9, 10. ა) როგორ მოქმედებს ჩვენზე იეჰოვას ტახტის ხილვა? ბ) როგორ შეიძლება, „გამოცხადების“ წაკითხვამ სიხარულით აღგვავსოს?
9 გამოცხადების 4—5 თავებში იეჰოვას ტახტისა და ზეციერი ეზოს შესახებ ხილვის წაკითხვამ შეუძლებელია, შიშნარევი მოწიწებით არ აგვავსოს. შეუძლებელია, დიდი შთაბეჭდილება არ მოახდინოს ძლიერი ზეციერი ქმნილებების მიერ მთელი გულით წარმოთქმულმა ხოტბის შემსხმელმა სიტყვებმა და იეჰოვას სამართლიანი უზენაესი ხელისუფლებისადმი მათი სიხარულით მორჩილებამ (გამოცხადება 4:8—11). ჩვენი ხმებიც უნდა შევუერთოთ მათსას, რომლებიც ამბობენ: „ტახტზე მჯდომსა და კრავს კურთხევა და პატივი და დიდება და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე“ (გამოცხადება 5:13).
10 პრაქტიკულად, ეს სიტყვები იმას ნიშნავს, რომ ყველაფერში სიხარულით დავემორჩილოთ იეჰოვას. მოციქული პავლე წერდა: „ყოველივე, რასაც თქვენ აკეთებთ სიტყვით თუ საქმით, ყოველივე გააკეთეთ უფალ იესოს სახელით და მის მიერ შეჰმადლოდეთ მამა ღმერთს“ (კოლასელთა 3:17). „გამოცხადების“ წაკითხვა ნამდვილად სიხარულით აღგვავსებს, თუ მთელი გულით ვაღიარებთ იეჰოვას უზენაეს ხელისუფლებას და ცხოვრების ნებისმიერ ასპექტში მის ნებას გავუწევთ ანგარიშს.
11, 12. ა) როგორ შეირყევა და განადგურდება სატანის სისტემა? ბ) გამოცხადების მე-7 თავის თანახმად, ვინ „გაუძლებს“ იმ დროს?
11 იეჰოვას უზენაესი ხელისუფლებისადმი სიხარულით მორჩილება როგორც პირადი, ისე საყოველთაო ბედნიერების საფუძველია. მალე სიმბოლური მიწისძვრა შეარყევს და გაანადგურებს სატანის სისტემასა და მის საძირკვლებს. ადამიანები, რომლებიც ღვთის კანონიერი ბატონობის გამომხატველი ქრისტეს ზეციერი სამეფოსადმი ურჩობას ავლენენ, თავშესაფარს ვერსად იპოვიან. წინასწარმეტყველებაში ნათქვამია: «დედამიწის მეფეები და მთავრები, ათასისთავები, მდიდრები და ძლიერები, ყოველი მონა და თავისუფალი მიიმალნენ მღვიმეებსა და მთის გამოქვაბულებში. უთხრეს მთებსა და კლდეებს: „ზედ დაგვემხეთ და დაგვმალეთ ტახტზე მჯდომარის პირისაგან და კრავის რისხვისაგან. ვინაიდან მოვიდა მათი დიდი რისხვის დღე და ვინ გაუძლებს?“» (გამოცხადება 6:12, 15—17).
12 ამ კითხვასთან დაკავშირებით მომდევნო თავში მოციქული იოანე აღწერს უამრავ ხალხს, რომლებიც დიდი გასაჭირიდან მოვიდნენ და რომლებიც „იდგნენ ტახტის წინ და კრავის წინ“ (გამოცხადება 7:9, 14, 15). ღვთის ტახტის წინაშე მათი დგომა ცხადყოფს, რომ ისინი სცნობენ მის სამეფო ძალაუფლებას და ყველაფერში ემორჩილებიან იეჰოვას უზენაეს ხელისუფლებას. ამიტომაც ღმერთი იწონებს ასეთებს.
13. ა) რას სცემს თაყვანს მსოფლიო მოსახლეობის უმეტესობა და რა არის სიმბოლურად ნაჩვენები შუბლსა და ხელზე ნიშნის დადებით? ბ) აქედან გამომდინარე, რატომ იქნება მოთმინება აუცილებელი?
13 მეორე მხრივ, მე-13 თავი დედამიწის დანარჩენ მოსახლეობას სატანის პოლიტიკური სისტემის თაყვანისმცემლად აღწერს; ეს სისტემა სიმბოლურად მხეცით არის წარმოდგენილი. მათ აქვთ ნიშანი „შუბლზე“ ან „ხელზე“, რითაც ამ სისტემისთვის სულითა და საქმით მხარდაჭერას ცხადყოფენ (გამოცხადება 13:1—8, 16, 17). შემდეგ მე-14 თავი ამატებს: „ვინც თაყვანსა სცემს მხეცს და მის ხატებას და მიიღებს ნიშანს შუბლზე ან ხელზე, ის შესვამს ღვთის მძვინვარების ღვინისაგან, რომელიც მისი რისხვის თასში არის შემზადებული შეუზავებლად . . აქაა წმიდათა მოთმინება, რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს და იესოს რწმენას“ (გამოცხადება 14:9, 10, 12). დროის გასვლასთან ერთად უფრო და უფრო აქტუალური გახდება კითხვა: ვის მხარეს იჭერთ პირადად თქვენ? იეჰოვასა და მისი უზენაესი ხელისუფლების მხარეს თუ უღვთო პოლიტიკური სისტემის მხარეს, რომელიც მხეცით არის წარმოდგენილი? ბედნიერები იქნებიან ისინი, რომლებიც არ მიიღებენ მხეცის ნიშანს და იეჰოვას უზენაესი ხელისუფლებისადმი მორჩილებაში ბოლომდე ერთგულად მოითმენენ.
14, 15. რა ეპიზოდია ჩართული „გამოცხადებაში“ არმაგედონის აღწერისას და რა მნიშვნელობა აქვს ამას ჩვენთვის?
14 იეჰოვას უზენაესი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში „მთელი მსოფლიოს“ მმართველების კატასტროფული მარცხი გარდაუვალია. საკამათო საკითხს საბოლოოდ მოაგვარებს არმაგედონი, ‘ყოვლისმპყრობელი ღვთის დიდი დღის ომი’ (გამოცხადება 16:14, 16). საინტერესო ეპიზოდია ჩართული უშუალოდ იეჰოვასთან საომრად გამოსული მსოფლიოს მეფეების შეკრების აღწერისას. ხილვაში თვით იესო ერევა და ამბობს: „აჰა, მოვდივარ, როგორც ქურდი. ნეტარია, ვინც ფხიზლობს და იცავს თავის სამოსელს, რათა შიშველმა არ იაროს და არ დაინახონ მისი სირცხვილი.“ (გამოცხადება 16:15). აქ, როგორც ჩანს, ნაგულისხმევია ტაძრის ლევიანი მცველები, რომლებსაც, თუ გუშაგობისას მძინარეებს წაასწრებდნენ, სამოსელს შემოახევდნენ და საჯაროდ შეარცხვენდნენ.
15 ცნობა ნათელია: თუ არმაგედონში გადარჩენა გვსურს, სულიერი სიფხიზლე უნდა შევინარჩუნოთ და დავიცვათ სიმბოლური ტანისამოსი, რომელიც ნათელყოფს, რომ ჩვენ იეჰოვა ღმერთის ერთგული მოწმეები ვართ. ბედნიერები ვიქნებით, თუ სულიერად საღათას ძილს არ მივეცემით და მოუდუნებლად, მთელი ენთუზიაზმით მივიღებთ მონაწილეობას ღვთის მიერ დამყარებული სამეფოს შესახებ ‘მარადიული სახარების’ ქადაგებაში (გამოცხადება 14:6).
„ნეტარია, ვინც დაიცავს ამ . . . სიტყვებს“
16. რატომ არის განსაკუთრებით ბედნიერების მომნიჭებელი „გამოცხადების“ ბოლო თავები?
16 შეუძლებელია, „გამოცხადების“ ბედნიერ მკითხველებს გული სიხარულით არ აუთრთოლდეთ ამ წიგნის ბოლო თავებთან გაცნობისას, რომლებშიც აღწერილია ჩვენი ჩინებული იმედი — ახალი ცა და ახალი მიწა, რაც სამართლიანი ზეციერი მთავრობის მმართველობას ნიშნავს ადამიანთა ახალ, განწმენდილ საზოგადოებაზე და ყოველივე ეს დიდებას მოუტანს ‘ყოვლისშემძლე ღმერთ იეჰოვას’ (გამოცხადება 21:22, აქ). ამ შესანიშნავი ხილვების დასასრულ მაცნე ანგელოზმა იოანეს უთხრა: «ეს სიტყვები სარწმუნო და ჭეშმარიტია. და წინასწარმეტყველთა სულების უფალმა ღმერთმა მოავლინა თავისი ანგელოზი, რათა ეჩვენებინა თავის მსახურთათვის, რაც უნდა მოხდეს მალე. აჰა, მე მოვალ მალე. ნეტარია, ვინც დაიცავს ამ წიგნის წინასწარმეტყველის [„წინასწარმეტყველების“, აფ] სიტყვებს» (გამოცხადება 22:6, 7).
17. ა) რაში გვარწმუნებს გამოცხადების 22:6? ბ) რასთან დაკავშირებით გვმართებს სიფხიზლის გამოვლენა?
17 „გამოცხადების“ ბედნიერ მკითხველებს ემახსოვრებათ, რომ მსგავსი სიტყვები ‘წიგნის’ დასაწყისშიც არის მოცემული (გამოცხადება 1:1, 3). ეს სიტყვები გვარწმუნებს, რომ ბიბლიის ამ ბოლო წიგნში ‘დაწერილი’ წინასწარმეტყველებების შესრულება ‘მალე მოხდება’. უკანასკნელი ჟამი უკვე დიდი ხანია დაიწყო. ამიტომაც „გამოცხადებაში“ ნაწინასწარმეტყველები მოვლენები ნამდვილად ძალიან მალე შესრულდება. ამგვარად, სატანის სისტემაში არსებულმა არავითარმა მოჩვენებითმა სტაბილურობამ არ უნდა მიგვაძინოს. ფხიზელ მკითხველს ემახსოვრება გაფრთხილება, რომელსაც მაცნე აზიის შვიდ ეკლესიას უგზავნის, და მოერიდება მატერიალიზმის, კერპთაყვანისმცემლობის, უზნეობის, გულგრილობისა და განდგომილობის მახეებს.
18, 19. ა) რატომ ვამბობთ, რომ იესო მოვა, და მოციქულ იოანეს მიერ გამოთქმულ რა იმედს ვიზიარებთ? ბ) რა მიზნით ‘მოდის’ იეჰოვა?
18 წიგნ „გამოცხადებაში“ იესო რამდენჯერმე ამბობს: „მალე მოვალ“ (გამოცხადება 2:16; 3:11; 22:7, 20ა). დიახ, ის მოვა, დიდ ბაბილონზე, სატანის პოლიტიკურ სისტემასა და იეჰოვას უზენაესი ხელისუფლებისადმი — რომელიც ახლა მესიანური სამეფოთია წარმოდგენილი — ურჩ ადამიანებზე გამოტანილი განაჩენის შესასრულებლად. ჩვენ ვუერთდებით მოციქულ იოანეს სიტყვებს: „ამინ. ჰე, მოდი, უფალო იესო“ (გამოცხადება 22:20ბ).
19 თვით იეჰოვა ამბობს: „აჰა, მოვალ მალე და ჩემი საზღაური ჩემთან არის, რათა თითოეულს მისი საქმეებისაებრ მივუზღა“ (გამოცხადება 22:12). მაშინ, როცა დიდებული ძღვნის, აღთქმულ ‘ახალ ცაში’ თუ ‘ახალი მიწაზე’ მარადიული ცხოვრების მოლოდინში ვართ, დაე ენთუზიაზმით აღსავსეებმა ჩვენც მივიღოთ მონაწილეობა ყველა სუფთა გულის ადამიანისთვის გამიზნული მოწვევის გავრცელებაში: «„მოდი!“ მწყურვალი მოვიდეს და მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი» (გამოცხადება 22:17). დაე ისინიც გახდნენ ღვთის მიერ შთაგონებული და შთამაგონებელი წიგნის, „გამოცხადების“, ბედნიერი მკითხველები!
[სქოლიო]
a იხილეთ „გამოცხადება — მისი გრანდიოზული აპოგეა ახლოსაა!“, გვერდები 28, 29, 136 (სქოლიო) [ინგლ.].
კითხვები გამეორებისთვის
◻ რომელი არხი გამოიყენა იეჰოვამ „გამოცხადების“ გადმოსაცემად და რის სწავლა შეგვიძლია აქედან?
◻ რატომ უნდა მოგვანიჭოს ბედნიერება აზიის შვიდი კრებისთვის გაგზავნილი ცნობების კითხვამ?
◻ როგორ შეგვიძლია გადავრჩეთ ‘განსაცდელის ჟამს’?
◻ რა კურთხევებს მოგვიტანს წიგნ „გამოცხადებაში“ გადმოცემული სიტყვების დაცვა?
[სურათი 15 გვერდზე]
ბედნიერები არიან ისინი, რომლებიც აღიარებენ სასიხარულო ცნობის წყაროს.
[სურათი 18 გვერდზე]
ბედნიერია, ვინც სიფხიზლეს არ კარგავს.