საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „ხარი“
  • ხარი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ხარი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • გარეული ხარი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ანაზღაურება
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • გამოსყიდვის დღე
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ხბო [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „ხარი“

ᲮᲐᲠᲘ

[ებრ., შორ (გმ. 21:28), პარ („მოზვერი“; გმ. 29:10), ბაქარ (1მფ. 7:25), აგალიმ („ხბოები“; ამ. 6:4), რეემ („გარეული ხარი“; რც. 23:22); არამ., ტორ (დნ. 5:21); ბერძ., ტაუროს („ხარები“; მთ. 22:4), ბუს (1კრ. 9:9), მოსხოს („ხბო“; ლკ. 15:23)].

დედნისეულ ენებში ეს სიტყვები აღნიშნავს მამალ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს და ითარგმნება როგორც „ხარი“, „მოზვერი“, „ხბო“ ან „დაკოდილი ხარი“. დედნისეულ ენებში სიტყვებს „დაკოდილი ხარი“ და „დაკოდილი ხარები“ უფრო ფართო მნიშვნელობა ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მუშა ხარებს ჩვეულებრივ კოდავდნენ, როგორც ჩანს, ისრაელში ამას არ აკეთებდნენ, რადგან დასახიჩრებული ცხოველი შესაწირავად არ გამოდგებოდა (ლვ. 22:23, 24; კნ. 17:1; შდრ. 1მფ. 19:21). აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ხარები, რომელთაც ისრაელები სამუშაოდ იყენებდნენ, შედარებით თვინიერები იყვნენ.

ხარს განსაკუთრებული ადგილი ეკავა ბევრ წარმართულ რელიგიაში. მას პატივს მიაგებდნენ და თაყვანსაც კი სცემდნენ მისი სიძლიერისა და დიდი ნაყოფიერების გამო. ბაბილონელები ხარით გამოსახავდნენ თავიანთ მთავარ ღვთაება მარდუქს. ეგვიპტეში ხარებს თაყვანს სცემდნენ როგორც მემფისში აპისის ღვთაებისა და ჰელიოპოლისში მნევისის ღვთაების ცოცხალ განსახიერებას. წარმართულ რელიგიებში ხარის თაყვანისცემის გავრცელების კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტი ისაა, რომ ის ზოდიაქოს ნიშნებში შედის.

ეგვიპტის დატოვებიდან მალევე ისრაელებმა იეჰოვას დიდება „მოზვრის კერპზე გაცვალეს“, რადგან, როგორც ჩანს, ეგვიპტეში ცხოვრების დროს იქ გავრცელებული რელიგიური წეს-ჩვეულებების გავლენაში მოექცნენ (ფს. 106:19, 20). მოგვიანებით ათტომიანი სამეფოს პირველმა მეფემ იერობოამმა თაყვანისცემისთვის ერთი ხბო დანში დადგა, მეორე კი — ბეთელში (1მფ. 12:28, 29). თუმცა ისრაელისთვის მიცემული ღვთის კანონის თანახმად იკრძალებოდა არა მხოლოდ ხარის, არამედ ნებისმიერი ცხოველის ან მათი გამოსახულების თაყვანისცემა (გმ. 20:4, 5; შდრ. გმ. 32:8).

ისრაელები მსხვერპლად სწირავდნენ ხარს, მოზვერს და ხბოს (გმ. 29; ლვ. 22:27; რც. 7; 1მტ. 29:21); ზოგ შემთხვევაში კანონი კონკრეტულად მიუთითებდა, აქედან რომელი უნდა შეწირულიყო. თუ მღვდელმთავარი ჩაიდენდა ცოდვას, რითაც დანაშაულში გახვევდა მთელ ხალხს, მას მოეთხოვებოდა, რომ შეეწირა მოზვერი, ყველაზე დიდი და ფასეული შესაწირავი. უეჭველია, ეს იმიტომ უნდა გაეკეთებინა, რომ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში საპასუხისმგებლო მდგომარეობა ეკავა, როგორც ისრაელის წინამძღოლს. მოზვერი მაშინაც უნდა შეეწირათ, როცა ისრაელის მთელი კრებული შესცოდავდა (ლვ. 4:3, 13, 14). გამოსყიდვის დღეს მოზვერს სწირავდნენ აარონის მთელი სამღვდელო სახლეულობისთვის (ლვ. 16). წმინდა კალენდრის მიხედვით, მეშვიდე თვეს ისრაელებს მოეთხოვებოდათ 70-ზე მეტი მოზვრის დასაწვავ მსხვერპლად შეწირვა (რც. 29).

ისრაელები ხარებს ისეთი სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის იყენებდნენ, როგორიცაა ხვნა და ლეწვა (კნ. 22:10; 25:4). ცხოველებს ისინი სასტიკად არ უნდა მოპყრობოდნენ. მოციქულმა პავლემ ქრისტიანებს მიუსადაგა კანონში ჩაწერილი პრინციპი „არ აუკრა პირი მლეწავ ხარს“, რითაც აჩვენა, რომ, როგორც ლეწვის დროს არ უშლიდნენ ხარს მარცვლის ჭამას, ისე მას ეკუთვნის მატერიალური მხარდაჭერა, ვინც სხვებს უზიარებს სულიერს (გმ. 23:4, 12; კნ. 25:4; 1კრ. 9:7—10). კანონში ჩაწერილი იყო, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, თუ ვინმე ხარს მოიპარავდა ან უყურადღებოდ დატოვებული ხარი ვინმეს ურქენდა ან ვინმეს ქონებას დააზიანებდა (გმ. 21:28—22:15).

ისრაელების მიერ შეწირული მოზვრები ასიმბოლოებდა ქრისტეს მიერ გაღებულ უზადო მსხვერპლს, რომელიც კაცობრიობის ცოდვების ერთადერთი შესაბამისი გამოსასყიდი იყო (ებ. 9:12—14). მსხვერპლად მიტანილი მოზვრები ასევე განასახიერებენ შესაწირავს, რომელიც იეჰოვას სიამოვნებს ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ვითარებაში. ძლიერი მოზვრების მსგავსად, ეს არის ღვთის სახელის სახალხოდ საუწყებლად ნებაყოფლობით შეწირული ბაგეთა ნაყოფი (ფს. 69:30, 31; ოს. 14:2; ებ. 13:15).

ბიბლიაში ხარი არის ძალისა და ძლიერების სიმბოლო. სოლომონის ტაძრის წინ ჩამოსხმული აუზი 12 ხარზე იდგა, რომლებიც სამ-სამად იყვნენ დაჯგუფებული და ოთხი მიმართულებით იყურებოდნენ (2მტ. 4:2, 4). წინასწარმეტყველი ეზეკიელის მიერ ხილვაში ნანახ ოთხ ცოცხალ ქმნილებას, რომლებიც იეჰოვას ეტლს ახლდნენ, ოთხ-ოთხი სახე ჰქონდა, რომელთაგან ერთ-ერთი ხარის სახე იყო (ეზკ. 1:10). მოციქულმა იოანემ ხილვაში ნახა ტახტის ირგვლივ მდგომი ოთხი ცოცხალი ქმნილება, რომელთაგან ერთ-ერთი მოზვერს ჰგავდა (გმც. 4:6, 7). ამგვარად, ხარი მართებულად ასიმბოლოებს იეჰოვას ერთ-ერთ ძირითად თვისებას — განუზომელ ძლიერებას (ფს. 62:11; ეს. 40:26).

ბიბლიაში ხარი აგრეთვე ასიმბოლოებს იეჰოვასა და მისი თაყვანისმცემლების აგრესიულ მტრებს, რომლებიც ცდილობენ, დაიმონონ და გაანადგურონ ღვთის მსახურები, მაგრამ იეჰოვას შურისძიების დღეს ისინი თავად განადგურდებიან (ფს. 22:12; 68:30; ეს. 34:7, 8; ეზკ. 39:18; იხ. ᲮᲑᲝ; ᲨᲔᲡᲐᲬᲘᲠᲐᲕᲔᲑᲘ).

ბიბლიაში „გარეული ხარის“ (რეემი) ზოგიერთ თვისებაზე კეთდება ალუზია: დაუმორჩილებლობა (იობ. 39:9—12), სისწრაფე და უძლეველობა (რც. 23:22; 24:8), მისი რქების სიძლიერე (კნ. 33:17; ფს. 22:21; 92:10) და სიმკვირცხლე (ფს. 29:6). გარეული ხარი ასევე ასიმბოლოებს იეჰოვას ურჩ მტრებს, რომელთა მიმართაც თავის განაჩენს აღასრულებს (ეს. 34:7).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება