-
იეჰოვა წესრიგის ღმერთიასაგუშაგო კოშკი — 2014 | 15 მაისი
-
-
11, 12. ა) საიდან ჩანს, რომ იეჰოვამ პირველ საუკუნეში ისრაელი ერის ნაცვლად სხვა ჯგუფი აკურთხა? ბ) ვისგან შედგებოდა ახალჩამოყალიბებული ორგანიზაცია?
11 ახ. წ. პირველ საუკუნეში იეჰოვამ უარყო ორგული ისრაელი. თუმცა ეს არ ნიშნავდა, რომ დედამიწაზე მას აღარ ექნებოდა ერთგული მსახურებისგან შემდგარი ორგანიზაცია. ისრაელის ნაცვლად, იეჰოვამ აკურთხა ქრისტიანთა კარგად ორგანიზებული და აქტიური ჯგუფი, რომელიც ზედმიწევნით მიჰყვებოდა იესო ქრისტესა და მის სწავლებებს. ეს ჯგუფი ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე ჩამოყალიბდა. იმ დროს იესოს დაახლოებით 120 მოწაფე იერუსალიმში იყო შეკრებილი, როცა „უეცრად ციდან ხმაური გაისმა, თითქოს ძლიერმა ქარმა დაჰბერაო, და აავსო მთელი სახლი, სადაც ისინი ისხდნენ“. შემდეგ „მათ თითქოს ცეცხლის ენები დაინახეს, რომლებიც სათითაოდ დაეშვა თითოეულ მათგანზე. აღივსო ყველა წმინდა სულით და დაიწყეს სხვადასხვა ენაზე ლაპარაკი, როგორც სული ალაპარაკებდა მათ“ (საქ. 2:1—4). ამ გასაოცარმა მოვლენამ ცხადი გახადა, რომ იესოს მოწაფეებისგან შემდგარ ახალჩამოყალიბებულ ორგანიზაციას იეჰოვა ედგა მხარში.
12 იმ ღირსშესანიშნავ დღეს იესოს მიმდევართა რიცხვს „დაახლოებით სამი ათასი სული შეემატა“. ამასთან, „იეჰოვა ყოველდღე მატებდა მათ გადარჩენილებს“ (საქ. 2:41, 47). პირველი საუკუნის მქადაგებელთა საქმიანობა იმდენად წარმატებული იყო, რომ „ღვთის სიტყვა ვრცელდებოდა და იერუსალიმში მოწაფეების რიცხვი საოცრად იზრდებოდა. რწმენას უამრავი მღვდელიც იღებდა“ (საქ. 6:7). ამ ახალი ორგანიზაციის წევრების გაცხადებულ ჭეშმარიტებას ბევრი გულწრფელი ადამიანი ეხმაურებოდა. მოგვიანებით იეჰოვამ პირველ გაქრისტიანებულ უცხოტომელებსაც მისცა წმინდა სული, რითაც კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი ქრისტიანულ კრებას (წაიკითხეთ საქმეების 10:44, 45).
13. რა ევალებოდა ღვთის ახალჩამოყალიბებულ ორგანიზაციას?
13 ქრისტეს მიმდევრებმა კარგად იცოდნენ, რის გაკეთებას მოითხოვდა ღმერთი მათგან. იესომ ნათლობიდან მალევე დაიწყო ზეციერი სამეფოს შესახებ ქადაგება, რითაც მაგალითი მისცა მათ (მათ. 4:17). ქადაგება მან თავის მოწაფეებსაც ასწავლა, ბოლოს კი უთხრა: „იქნებით ჩემი მოწმეები იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და დედამიწის კიდით კიდემდე“ (საქ. 1:8). ქრისტეს პირველ მიმდევრებს ნათლად ესმოდათ თავიანთი დავალება, რაც კარგად ჩანს იმ სიტყვებიდან, რომლებიც პავლემ და ბარნაბამ პისიდიის ანტიოქიაში განუცხადეს იუდეველ მოწინააღმდეგეებს: «ღვთის სიტყვა პირველად თქვენ უნდა გაგეგოთ, მაგრამ, რადგან უარყოფთ მას და საკუთარ თავს მარადიული სიცოცხლის ღირსად არ თვლით, ჩვენ უცხოტომელებთან მივდივართ. იეჰოვამ ასეთი მცნებაც დაგვიდო: „დაგნიშნე ერების სინათლედ, რომ მხსნელი იყო დედამიწის კიდით-კიდემდე“» (საქ. 13:14, 45—47). პირველი საუკუნიდან მოყოლებული ღვთის ორგანიზაციის მიწიერი ნაწილი აცხადებს, რა გააკეთა ღმერთმა კაცობრიობის სახსნელად.
-
-
იეჰოვა წესრიგის ღმერთიასაგუშაგო კოშკი — 2014 | 15 მაისი
-
-
16. რა მოეთხოვებოდა თითოეულ ქრისტიანს სულიერი კეთილდღეობის შესანარჩუნებლად?
16 თითოეულ ქრისტიანს ძალისხმევა არ უნდა დაეშურებინა, რომ სულიერად ძლიერი ყოფილიყო. მნიშვნელოვანი იყო, მათ გულდასმით შეესწავლათ წმინდა წერილები, რეგულარულად დასწრებოდნენ კრების შეხვედრებს და აქტიურად ექადაგათ სამეფოს შესახებ. ყოველივე ეს ხელს უწყობდა იეჰოვას ხალხის სულიერ კეთილდღეობასა და ერთიანობას და ეს დღესაც ასეა. პირველი საუკუნის კარგად ორგანიზებული კრებებისთვის დიდ კურთხევას წარმოადგენდნენ ზედამხედველები და მომსახურეები, რომლებიც ხალისით ზრუნავდნენ კრების წევრებზე (ფილ. 1:1; 1 პეტ. 5:1—4). მათ ძალიან გაამხნევებდა პავლეს ან სხვა მიმომსვლელი ზედამხედველების მონახულება (საქ. 15:36, 40, 41). ჩვენსა და პირველი საუკუნის ქრისტიანების თაყვანისმცემლობას შორის დიდი მსგავსებაა. მადლიერნი ვართ, რომ იეჰოვა დღესაც ისევე უწევს ორგანიზებას თავის მსახურებს, როგორც პირველ საუკუნეში!a
-