პატივს სცემ თუ არა მათ ღირსებას?
ცხოველებივით ერთმანეთზე მიკუნჭული მკვიდრი აფრიკელები, გემის საშინელ სიბინძურესა და სიმყრალეში ტვირთივით ჩაყარეს და ამერიკისკენ მიმავალ გზას გაუყენეს. სულ მცირე, მათგან ნახევარი მაინც ვერ ჩააღწევდა დანიშნულების ადგილამდე. ოჯახის წევრები უმოწყალოდ დააშორეს ერთმანეთს, ასე რომ, ისინი ერთმანეთს ვერასოდეს იხილავდნენ. მონებით ვაჭრობა ადამიანების ერთმანეთისადმი არაადამიანური მოპყრობის ყველაზე შავბნელ ეპიზოდს წარმოადგენს. სხვა მსგავსი ეპიზოდები მომხდარა მაშინ, როდესაც ძლევამოსილი დამპყრობლები სასტიკი მოპყრობით იმორჩილებდნენ უმწეო ადგილობრივ მოსახლეობას.
ღირსების წართმევა უფრო მეტი სისასტიკეა, ვიდრე ფიზიკური ტკივილის მიყენება. ის აცარიელებს ადამიანის შინაგან სამყაროს. თუმცა მონათმფლობელობა უმეტეს ქვეყნებში გაუქმებულია, ადამიანური ღირსების შელახვა დღესაც გრძელდება და შესაძლოა უფრო დახელოვნებულადაც.
ამის საპირისპიროდ ჭეშმარიტი ქრისტიანები ცდილობენ, მიჰყვნენ იესო ქრისტეს დარიგებას, ‘საკუთარი თავივით შეიყვარონ მოყვასი’. ამიტომ ისინი საკუთარ თავს უსვამენ შეკითხვას: „პატივს ვცემ თუ არა სხვების პირად ღირსებას?“ (ლუკა 10:27).
სამაგალითო ღირსება
ღირსება, ლექსიკონის თანახმად, არის მაღალი მორალური ღირებულება, პატივდებული მდგომარეობა. რა დიდებულად შეეფერება ეს აღწერილობა სამყაროს უზენაესის, იეჰოვა ღმერთის, მდგომარეობას! საღვთო წერილი არაერთხელ აკავშირებს იეჰოვას და მის უზენაესობას ღირსებასთან. მოსეს, ესაიას, ეზეკიელს, დანიელს, მოციქულ იოანესა და სხვებს ჰქონდათ პატივი, ინსპირაციის საშუალებით ეხილათ უზენაესი და ზეციერი ეზოები და მათი აღწერები ყოველთვის მოწიწების მომგვრელ სიდიადესა და ღირსებას გადმოსცემს (გამოსვლა 24:9–11; ესაია 6:1; ეზეკიელი 1:26–28; დანიელი 7:9; გამოცხადება 4:1–3). სახოტბო ლოცვაში მეფე დავითმა თქვა: «შენია, უფალო, დიდება, ძლიერება, ქება, ძლევა და დიდებულება [„ღირსება“, აქ], ისევე როგორც ყოველივე ცაზე და ქვეყანაზე» (პირველი ნეშტთა 29:11). მართლაც, არავინ არის უფრო მეტი პატივის ღირსი, ვიდრე თვითონ იეჰოვა ღმერთი.
თავის ხატად და მსგავსად შექმნისას იეჰოვამ ადამიანებს გარკვეული პატივი, საკუთარი თავის მიმართ პატივისცემის გრძნობა და ღირსება მისცა (დაბადება 1:26). ამიტომ სხვებთან ურთიერთობისას საჭიროა, თითოეულ პიროვნებას სათანადო რიდითა და პატივისცემით მოვეპყროთ. ასე მოქცევით, ფაქტობრივად, ვაღიარებთ ადამიანთა ღირსების წყაროს, იეჰოვა ღმერთს (ფსალმუნი 8:5–10).
ღირსება ოჯახურ ურთიერთობაში
ინსპირაციის შედეგად მოციქულმა პეტრემ, დაქორწინებულმა მამაკაცმა, ქრისტიან ქმრებს ურჩია, რომ ცოლებისთვის, ‘როგორც უუძლურესი ჭურჭლებისთვის, პატივი ეცათ’ (1 პეტრე 3:7; მათე 8:14). თავის მხრივ, „ცოლსაც ღრმა პატივისცემა ჰქონდეს ქმრისადმი“, — რჩევას იძლევა მოციქული პავლე (ეფესელთა 5:33, აქ). ამიტომ მეუღლის პირადი ღირსების დაფასება და პატივისცემა ბიბლიური მოთხოვნაა. როგორ შეიძლება სხვადასხვა სახით ამის გამოვლენა?
როგორც წყალი უწყობს ხელს მცენარის სიცოცხლის შენარჩუნებას, ისე ცოლ-ქმარს შორის თავაზიანმა საუბრებმა და დახვეწილმა მანერებმა, — იქნება ეს ხალხში თუ ცალკე, — შეიძლება ხელი შეუწყოს მათ ახლო ურთიერთობას. პირიქით, უკმეხობა, სიტყვიერი შეურაცხყოფა ან უპატივცემლობის გამომხატველი, დამამცირებელი სიტყვებით მიმართვა, როგორც ამას ხშირად ტელესერიალებიდან მოისმენ, გამანადგურებელია. ამან შეიძლება ისეთი ზიანის მომყენებელი გრძნობები აღძრას, როგორიცაა: არარაობის გრძნობა, დეპრესია და გულისწყრომა; მათ შეიძლება ემოციური ჭრილობებიც კი მიაყენონ ადამიანს, რაც ძნელად იკურნება.
სხვების პირადი ღირსების დაფასება მათ ისეთ ადამიანებად მიღებასაც ნიშნავს, როგორებიც ისინი სინამდვილეში არიან; ეს ნიშნავს, რომ არ ეცადო, მოურგო ის შენში წინასწარ შექმნილ იდეალს ან არ შეადარო სხვებს, რაც უმართებულო იქნებოდა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობაში. ახლო ურთიერთობა სუფევს ოჯახში, სადაც თავისუფლად გრძნობენ თავს, აზრებს თავისუფლად გამოთქვამენ და იმის შიში არა აქვთ, რომ გააკრიტიკებენ ან გაკიცხავენ. როდესაც პიროვნება ოჯახში თავისუფლად ავლენს თავის თვისებებს, მაშინ მისთვის სახლი სასტიკი, ბოროტი წუთისოფლისგან დამცავ ნამდვილ თავშესაფრად იქცევა.
ბავშვებს აკისრიათ ბიბლიური მოვალეობა, პატივი სცენ და დაემორჩილონ მშობლებს. თავის მხრივ, გონიერი და მოსიყვარულე მშობლები კარგად იქცევიან, თუ პატივს სცემენ შვილების ღირსებას. კარგი საქციელისთვის გულთბილი შექება, აუცილებლობის შემთხვევაში მოთმინებით რჩევის მიცემასთან ერთად, ‘უფლის მოძღვრებასა და დარიგებაში’ განმტკიცებას უწყობს ხელს. გამუდმებით გაკრიტიკება, ყვირილი და ისეთი დამამცირებელი სიტყვებით მიმართვა, როგორიცაა: „დებილი“ ან „იდიოტი“, მათში მხოლოდ გაღიზიანებას გამოიწვევს (ეფესელთა 6:4).
ერთი ქრისტიანი უხუცესი მამა, რომელიც სამ ვაჟსა და სამ ქალიშვილს ზრდის, ამბობს: „[ბავშვებს] სამეფო დარბაზში საჭირო შენიშვნებს რაც შეიძლება წყნარად ვაძლევდით. იდაყვით ოდნავ ან ცოტა უფრო ძლიერად წაკვრა, გამაფრთხილებელი შეხედვა ჩვეულებრივ საკმარისი იყო. თუ უფრო სერიოზული ზომების მიღება იყო საჭირო, ამას სახლში, კრების სხვა ბავშვების თანდასწრების გარეშე ვაკეთებდით. ახლა, როდესაც ბავშვები უკვე წამოიზარდნენ, მათ აღზრდაში შედის თითოეულისთვის პირადი მოთხოვნილების შესაბამისი, სიყვარულით აღსავსე, ღვთის სიტყვაზე დაფუძნებული ბრძნული რჩევის მიცემა. ვცდილობთ, ამ პირად საქმეებში შევინარჩუნოთ კონფიდენციალურობა და ამგვარად პატივისცემას ვავლენთ თითოეული ბავშვის პირადი საქმისა და ღირსებისადმი“.
საჭიროა ოჯახს მხედველობიდან არ გამორჩეს ერთმანეთს შორის კარგი მანერების სიტყვებით თუ მოქმედებით გამოვლენა. ახლო ურთიერთობამ არ უნდა ამოაგდოს ხმარებიდან ისეთი სიტყვები, როგორიცაა: „გთხოვთ“, „გმადლობთ“, „მაპატიეთ“, „ბოდიში“. კარგი მანერები არსებით როლს ასრულებს როგორც საკუთარი, ისე სხვების ღირსებისადმი პატივისცემის შენარჩუნებაში.
ქრისტიანულ კრებაში
„მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ“, — თქვა იესომ (მათე 11:28). დაჩაგრულებს, გულდამძიმებულებსა და პატარა ბავშვებსაც კი — ყველას იზიდავდა იესო. მათ არად აგდებდნენ ქედმაღალი და საკუთარ სამართლიანობაში დარწმუნებული სამღვდელოება და იმდროინდელი წინამძღოლები. მაგრამ ამ ხალხმა იესოში ჰპოვა პიროვნება, რომელიც სათანადოდ აფასებდა მათ ღირსებას.
ჩვენი სურვილია მივბაძოთ იესოს და თანამორწმუნეებისთვის ჩვენც ვიყოთ ძალების შემმატებლები. ეს ნიშნავს, ვეძიოთ შესაძლებლობები, რათა ჩვენი საუბრებითა და მოქმედებით ხელი შევუწყოთ ძმებისა და დების წინსვლას. მართებულია, ყოველთვის ვიყოთ ნამდვილად დიდსულოვანნი და საუბრებში ყოველთვის გამოვავლინოთ სიკეთე და დადებითი თვალსაზრისი (რომაელთა 1:11, 12; 1 თესალონიკელთა 5:11). როდესაც ყურადღებას ვამახვილებთ იმაზე, თუ რას ვამბობთ და როგორ ვამბობთ, ამით ცხადვყოფთ, რომ ანგარიშს ვუწევთ სხვების გრძნობებს (კოლასელთა 4:6). ქრისტიანულ შეხვედრებზე სათანადო და კოხტა ჩაცმულობაც ჩვენი ღვთის ღირსებისადმი, მისადმი თაყვანისმცემლობისა და თანამორწმუნეებისადმი პატივისცემის გამოვლინებაა.
იესო პატივს სცემდა ადამიანების ღირსებას მაშინაც კი, როდესაც ის მათ ემსახურებოდა. ის არასოდეს იმაღლებდა საკუთარ თავს სხვების ხარჯზე ან სხვების დამცირებით. როდესაც მასთან განკურნების მაძიებელი კეთროვანი მივიდა, იესოს არ გაუგდია ის, როგორც არაწმინდა და უღირსი, არც სანახაობები გაუმართავს სხვების ყურადღების მისაპყრობად. პირიქით, როდესაც კეთროვანმა იესოს სთხოვა: „უფალო, თუ ინებებ, შეგიძლია ჩემი განწმედა“, მან პასუხით: „მნებავს“, არ შელახა საწყალი პიროვნების ღირსება (ლუკა 5:12, 13). რა კარგი იქნებოდა, რომ ჩვენც არა მარტო დავხმარებოდით გასაჭირში მყოფებს, არამედ დაგვერწმუნებინა ეს ადამიანები, რომ ისინი ტვირთს კი არ წარმოადგენენ, არამედ ჩვენთვის სასურველი და საყვარელი პიროვნებები არიან. მორცხვებს, დეპრესიაში მყოფებსა და ინვალიდებს წუთისოფელში, ჩვეულებრივ, ყურადღებას არ აქცევენ, გაურბიან ან ამცირებენ. მაგრამ მათ სიხარულით მიიღებენ ქრისტიანი ძმები და დები, რომელთა შორის ისინი ნამდვილ მეგობრულ ურთიერთობას ჰპოვებენ. თითოეულმა საკუთარი წვლილი უნდა შევიტანოთ ასეთი სულის განვითარებაში.
მიუხედავად იმისა, რომ მოწაფეები უშვებდნენ შეცდომებს და თავისებური ხასიათები ჰქონდათ, იესოს ისინი ‘როგორც თავისები’ „ბოლომდე უყვარდა“ (იოანე 13:1). ის მათში ხედავდა სუფთა გულებსა და იმას, რომ ისინი მთელი სულით მამამისისადმი იყვნენ მიძღვნილი. მსგავსად ამისა, არასოდეს არ უნდა მივაწეროთ ცუდი მოტივები თანამორწმუნეებს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ჩვენნაირად არ აკეთებენ რამეს ან მათი ჩვევები ან ხასიათი გვაღიზიანებს. ძმების ღირსებისადმი პატივისცემა აღგვძრავს, გვიყვარდეს და მივიღოთ ისინი ისეთები, როგორებიც არიან, და გვჯეროდეს, რომ მათაც უყვართ იეჰოვა და სუფთა მოტივებით ემსახურებიან მას (1 პეტრე 4:8–10).
განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ უხუცესები, რათა ზედმეტი საზრუნავი არ გაუჩინონ მათთვის მინდობილ პიროვნებებს (1 პეტრე 5:2, 3). კრების იმ წევრთან შეხვედრისას, რომელმაც ცოდვა ჩაიდინა, კარგი იქნებოდა, თუ უხუცესები კეთილმოსურნეობით შეარბილებდნენ თავიანთ სიტყვებს, ყურადღებით შეარჩევდნენ მათ და, თუ აუცილებელი არ არის, მოერიდებოდნენ უხერხულობის გამომწვევი შეკითხვების დასმას (გალატელთა 6:1). მაშინაც კი, როდესაც მკაცრი საყვედური ან სხვა ზომების მიღებაა საჭირო, ისინი პატივისცემით უნდა მოეპყრან შემცოდველის ღირსებას და არ შელახონ მათი თავმოყვარეობა (1 ტიმოთე 5:1, 2).
პირადი ღირსების შენარჩუნება
რადგან ღვთის ხატად და მსგავსად ვართ შექმნილები, რაც შეიძლება მეტად უნდა ავირეკლოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში ღვთის დიდებული თვისებები და მათ შორის ღირსებაც (დაბადება 1:26). მითითებაში: ‘შევიყვაროთ მოყვასი ჩვენი, ვითარცა თავი ჩვენი’ ჩადებულია გაწონასწორებული თვალსაზრისი, რომელიც საჭიროა პირადი ღირსებისა და საკუთარი თავისადმი პატივისცემის გრძნობის შესანარჩუნებლად (მათე 22:39). ფაქტობრივად, თუ გვინდა, რომ სხვებმა გამოავლინონ ჩვენს მიმართ პატივისცემა და ღირსება არ შეგვილახონ, ჩვენ თვითონ უნდა ცხადვყოთ, რომ ამას ვიმსახურებთ.
საკუთარი თავისადმი პატივისცემისა და პირადი ღირსების შენარჩუნებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს სუფთა სინდისის შენარჩუნება. შებღალულმა სინდისმა და დანაშაულის გრძნობამ ადვილად შეიძლება ჩვენში არარაობისა და სასოწარკვეთილების გრძნობა წარმოშვას და დეპრესიაში ჩაგვაგდოს. ამიტომ, თუ ვინმემ სერიოზული შეცდომა დაუშვა, დაუყოვნებლივ უნდა მოინანიოს და უხუცესებთან სულიერი დახმარება ეძიოს, რათა ჰქონდეს „განახლების დღეები უფლის პირისაგან“. განახლებაში პიროვნების პირადი ღირსებისა და საკუთარი თავის მიმართ პატივისცემის აღდგენაც შედის (საქმეები 3:19, 20).
მაგრამ უკეთესია ყოველი ღონე მოვახმაროთ ბიბლიით განსწავლული სინდისის დაცვას და არ დავუშვათ მისი შებღალვა ან მოსუსტება. ყოველდღიური ცხოვრების ნებისმიერ სფეროში თავშეკავების გამოვლინება, იქნება ეს ჭამასა თუ სმაში, ბიზნესსა თუ გართობაში ან საპირისპირო სქესის პიროვნებასთან ურთიერთობაში, დაგვეხმარება სუფთა სინდისის შენარჩუნებაში და საშუალებას მოგვცემს, ავირეკლოთ ღვთის დიდება და ღირსება (1 კორინთელთა 10:31).
მაგრამ როგორ მოვიქცეთ, თუ ჩადენილი შეცდომის გამო დანაშაულის გრძნობა არ გვინელდება? ან რა ვქნათ, თუ მოყენებული ჭრილობა დღესაც მტკივნეულად გვახსენებს თავს? ამან შეიძლება გაანადგუროს ჩვენი პირადი ღირსება და მძიმე დეპრესიაში ჩაგვაგდოს. რა შვების მომგვრელია მეფე დავითის სიტყვები, რომლებიც ჩაწერილია ფსალმუნის 33:19-ში: „ახლოა უფალი გულმოდრეკილებთან და სულით მორჩილებს იხსნის“. იეჰოვა მზად არის და მისი სურვილია, განამტკიცოს თავისი მსახურები, როდესაც ისინი დეპრესიას ან არარაობის გრძნობას ებრძვიან. ღვთისადმი თხოვნით მიმართვა და დახმარების ძიება ისეთ სულიერ პიროვნებებთან, როგორებიცაა: ქრისტიანი მშობლები, უხუცესები ან კრების სხვა სულიერად მოწიფული წევრები, საკუთარი თავის მიმართ პატივისცემისა და პირადი ღირსების აღმდგენ საშუალებას წარმოადგენს (იაკობი 5:13–15).
მეორე მხრივ, საჭიროა სიფრთხილე, რომ არ გადავლახოთ ის ზღვარი, რომლის შემდეგაც პირადი ღირსება ქედმაღლობაში გადადის. საღვთო წერილი გვირჩევს: „თქვენს თავზე იმაზე მეტად ნუ იფიქრებთ, ვიდრე უნდა ფიქრობდეთ, არამედ იფიქრეთ თავმდაბლურად, რწმენის საზომით, ღმერთმა რომ გიწილადათ თითოეულს“ (რომაელთა 12:3). მაშინ, როდესაც მართებულია საკუთარი თავისადმი პატივისცემის გამომუშავება, დიდი წარმოდგენა არ უნდა შევიქმნათ საკუთარ თავზე ან არ ავურიოთ ადამიანური ღირსება ეგოისტობასა და სხვების წინაშე პრესტიჟის შექმნის უკიდურეს მცდელობაში.
დიახ, ქრისტიანებს მოეთხოვებათ, დაიცვან სხვების ღირსება. ჩვენი ოჯახის წევრები და თანაქრისტიანები — ყველა ღირსია და იმსახურებს დაფასებასა და პატივისცემას. იეჰოვამ თითოეულ ჩვენგანს მოგვცა გარკვეული ღირსება და პატივი, რის შესახებაც ჩვენ უნდა ვიცოდეთ და რაც უნდა შევინარჩუნოთ. მაგრამ, ყველაზე მეტად, უნდა გამოვიმუშავოთ ღრმა პატივისცემა ჩვენი ზეციერი მამის, იეჰოვა ღმერთის, განსაკუთრებული ღირსებისა და დიდებულების მიმართ.
[სურათი 31 გვერდზე]
ბავშვები პატივისცემას ავლენენ ინვალიდების მიმართ.