საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ნაგავსაყრელზე ნაპოვნი უძვირფასესი განძი
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 1 აპრილი
    • ნაგავსაყრელზე ნაპოვნი უძვირფასესი განძი

      რა წარმოგიდგებათ თვალწინ სიტყვა „ნაგვის“ გაგონებაზე? ალბათ აყროლებული ნარჩენებით სავსე ადგილი. არავინ მოელის ნაგავსაყრელზე რაიმე ღირებული ნივთის პოვნას, მით უმეტეს, უძვირფასესი განძის.

      თუმცა, გასულ საუკუნეში ერთ-ერთი უძვირფასესი განძი სწორედ ასეთ ადგილას, ნაგავსაყრელზე, აღმოაჩინეს. ეს არ ყოფილა ძვირფასეულობა, იგი გაცილებით ღირებული რამ იყო. მაინც, რა იყო ეს განძი და რატომ არის მისი აღმოჩენა ჩვენთვის მნიშვნელოვანი?

      მოულოდნელი აღმოჩენა

      მე-20 საუკუნის დასაწყისში ოქსფორდის უნივერსიტეტის სწავლულებმა ბერნარდ გრენფელმა და არტურ ჰანტმა ეგვიპტეში იმოგზაურეს. მათ ნილოსის ველთან ახლოს არსებულ ნაგავსაყრელზე აღმოაჩინეს რამდენიმე პაპირუსის ფრაგმენტი. მოგვიანებით 1920 წელს, სანამ ისინი აღმოჩენილი ნივთების კატალოგს ადგენდნენ, გრენფელმა, ჯონ რაილენდსის ბიბლიოთეკისთვის (მანჩესტერი, ინგლისი) შეიძინა ეგვიპტეში აღმოჩენილი კიდევ რამდენიმე ფრაგმენტი. სამწუხაროდ, ორივე სწავლული კატალოგის დასრულებამდე გარდაიცვალა.

      საქმე ბოლომდე ოქსფორდის უნივერსიტეტის სხვა მეცნიერმა კოლინ რობერტსმა მიიყვანა. ფრაგმენტების დახარისხებისას მან თვალი მოჰკრა პაპირუსის ნაგლეჯს, რომლის ზომაც 9 x 6 სმ იყო. მისდა გასაოცრად ამ ფრაგმენტზე შესრულებულ ბერძნულ ხელნაწერში ნაცნობი სიტყვები ამოიკითხა. ერთ მხარეს ეწერა მუხლები იოანეს 18:31—33 ჩათვლით, მეორე მხარეს კი — 37-ე და 38-ე მუხლების ნაწილი. ის მიხვდა, რომ მას ხელთ უძვირფასესი განძი ეპყრა.

      დათარიღება

      რობერტსი ეჭვობდა, რომ პაპირუსის ნაგლეჯი ძალიან ძველი უნდა ყოფილიყო. მაგრამ რამდენად ძველი? ამის დასადგენად მან მიმართა პალეოგრაფიისa მეთოდს და ეს ხელნაწერი შეადარა სხვა ძველ, უკვე დათარიღებულ ხელნაწერებს. ასეთი სახით მან შეძლო, დაედგინა ფრაგმენტის სავარაუდო ასაკი, მაგრამ მას სურდა, ბოლომდე დარწმუნებულიყო. ამიტომ ფრაგმენტს ფოტოები გადაუღო და სამ პაპიროლოგს გაუგზავნა, რათა მათ ის ზუსტად დაეთარიღებინათ. რა დასკვნამდე მივიდნენ ექსპერტები?

      ხელნაწერის სტილისა და ასოთა მოხაზულობის შესწავლის შემდეგ სამივე ექსპერტი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ეს ფრაგმენტი დაიწერა ახ. წ. მეორე საუკუნის პირველ ნახევარში მოციქულ იოანეს სიკვდილიდან რამდენიმე ათწლეულში. მაგრამ პალეოგრაფია არ არის ხელნაწერების დათარიღების ბოლომდე სანდო მეთოდი; სწორედ ამ მიზეზის გამო სხვა მეცნიერი თვლის, რომ ეს ხელნაწერი შესაძლებელია, მეორე საუკუნის ნებისმიერ მონაკვეთში დაწერილიყო. და მაინც, ეს პაწაწინა პაპირუსის ნაგლეჯი იყო და არის ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ყველაზე ძველი ხელნაწერის ფრაგმენტი, რაც კი აღმოუჩენიათ.

  • ნაგავსაყრელზე ნაპოვნი უძვირფასესი განძი
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 1 აპრილი
ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება