საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ქრისტიანული კრებებისთვის მიწერილი პავლეს წერილები
    რას გვამცნობს ბიბლია?
    • პატიმრობაში მყოფი პავლე წერილს კარნახობს

      ნაწილი 24

      ქრისტიანული კრებებისთვის მიწერილი პავლეს წერილები

      პავლეს წერილები ამხნევებს და აძლიერებს ქრისტიანულ კრებებს.

      ახლად ჩამოყალიბებულ ქრისტიანულ კრებებს მნიშვნელოვანი როლი უნდა შეესრულებინა იეჰოვას განზრახვაში. მაგრამ პირველი ქრისტიანები მალევე დიდ წინააღმდეგობას შეხვდნენ. როგორ შეხვდებოდნენ ისინი გარეშეებისგან დევნას ან თუნდაც ფარულ საფრთხეს კრების შიგნით? დარჩებოდნენ ღვთის ერთგულნი? ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში 21 წერილია, რომლებიც ერთ დროს ძალიან დაეხმარა ქრისტიანებს.

      ამ წერილებიდან თოთხმეტი — „რომაელებიდან“ „ებრაელების“ ჩათვლით — მოციქულმა პავლემ დაწერა. წერილების სახელწოდებებიდან ჩანს, ვის მისწერა პავლემ ის — ცალკეულ ქრისტიანს თუ რომელიმე კრებას. განვიხილოთ ზოგიერთი საკითხი პავლეს წერილებიდან.

      რჩევები ზნეობასა და ყოფაქცევაზე. მრუშები, მეძავები და სხვა მძიმე ცოდვის ჩამდენები „ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებენ“ (გალატელები 5:19—21; 1 კორინთელები 6:9—11). ღვთის თაყვანისმცემლები ეროვნების მიუხედავად ერთსულოვნები უნდა იყვნენ (რომაელები 2:11; ეფესოელები 4:1—6). ისინი სიხარულით უნდა ეხმარებოდნენ გაჭირვებულ თანამორწმუნეებს (2 კორინთელები 9:7). „განუწყვეტლივ ილოცეთ“, — ეუბნებოდა პავლე ქრისტიანებს. მორწმუნე ადამიანები ყოველთვის გულს უნდა უშლიდნენ იეჰოვას ლოცვაში (1 თესალონიკელები 5:17; 2 თესალონიკელები 3:1; ფილიპელები 4:6, 7). თუ გვინდა, რომ ღმერთმა შეისმინოს ჩვენი ლოცვები, რწმენით უნდა ვილოცოთ (ებრაელები 11:6).

      როგორ შეიძლება, რომ ოჯახი ბედნიერი იყოს? ქმარს საკუთარი სხეულივით უნდა უყვარდეს ცოლი. ცოლი დიდ პატივს უნდა სცემდეს ქმარს. შვილები მშობლებს უნდა ემორჩილებოდნენ, რადგან ეს მოსაწონია უფლისთვის. მშობლებმა შვილები სიყვარულით უნდა აღზარდონ და ღვთის პრინციპები ჩაუნერგონ (ეფესოელები 5:22—6:4; კოლოსელები 3:18—21).

      ადგილები, სადაც პავლემ წერილები დაწერა

      წერილების წყალობით ქრისტიანები უკეთ სწვდებიან ღვთის განზრახვას. ქრისტეს მოსვლამდე ისრაელებს მოსეს კანონი უწევდა ხელმძღვანელობას და ბევრი რამისგან იცავდა (გალატელები 3:24). მაგრამ ქრისტიანებს არ მოეთხოვებათ მოსეს კანონის დაცვა. ებრაელი ქრისტიანებისთვის მიწერილ წერილში პავლემ გარკვევით ახსნა მოსეს კანონის მნიშვნელობა და ის, თუ რა როლი შეასრულა ქრისტემ ღვთის განზრახვაში. პავლემ განმარტა, რომ ყველაფერს, რაც კანონით მოითხოვებოდა, წინასწარმეტყველური მნიშვნელობა ჰქონდა. მაგალითად, ცხოველების მსხვერპლშეწირვა განასახიერებდა იესოს მსხვერპლს, რომლის მეშვეობითაც ადამიანებს ცოდვები მიეტევებათ (ებრაელები 10:1—4). იესოს სიკვდილით ღმერთმა გააუქმა კანონის საფუძველზე დადებული შეთანხმება, რადგან ის მეტად აღარ იყო საჭირო (კოლოსელები 2:13—17; ებრაელები 8:13).

      ახლად ჩამოყალიბებულ ქრისტიანულ კრებაში პავლეს წერილს კითხულობენ

      მითითებები კრების ორგანიზებისთვის. მამაკაცები, რომლებიც კრებაში გარკვეული პასუხისმგებლობებისკენ ისწრაფვიან, უნდა შეესაბამებოდნენ მაღალზნეობრივ ნორმებს და სულიერად მოწიფულნი უნდა იყვნენ (1 ტიმოთე 3:1—10, 12, 13; ტიტე 1:5—9). იეჰოვას თაყვანისმცემლები თანამორწმუნეებთან ერთად რეგულარულად უნდა იკრიბებოდნენ ერთმანეთის გასამხნევებლად (ებრაელები 10:24, 25). ეს შეხვედრები დასწავლებას და ერთმანეთის წახალისებას ემსახურება (1 კორინთელები 14:26, 31).

      პავლემ რომში დაბრუნების შემდეგ ორი წერილი მისწერა ტიმოთეს. მოციქული ამ დროისთვის დაპატიმრებული იყო და სასამართლოს განაჩენს ელოდებოდა. მასთან მისვლა დიდ რისკთან იყო დაკავშირებული, ამიტომ მისი მონახულება მხოლოდ რამდენიმე გაბედულმა ქრისტიანმა მოახერხა. პავლემ იცოდა, რომ დრო ცოტაღა ჰქონდა დარჩენილი. მან თქვა: „ღირსეულ ბრძოლაში ვიბრძოდი, სარბიელი ბოლომდე გავირბინე და რწმენა შევინარჩუნე“ (2 ტიმოთე 4:7). როგორც ჩანს, ამ წერილის დაწერიდან მალევე, პავლე სიკვდილით დასაჯეს. ღვთის ნამდვილი თაყვანისმცემლები დღესაც ხელმძღვანელობენ მისი წერილებით.

      — რომაელები; 1 კორინთელები; 2 კორინთელები; გალატელები; ეფესოელები; ფილიპელები; კოლოსელები; 1 თესალონიკელები; 2 თესალონიკელები; 1 ტიმოთე; 2 ტიმოთე; ტიტე; ფილიმონი; ებრაელები

  • რჩევები რწმენაზე, ქრისტიანულ საქციელსა და სიყვარულზე
    რას გვამცნობს ბიბლია?
    • ბიბლიის დამწერი წერილს წერს

      ნაწილი 25

      რჩევები რწმენაზე, ქრისტიანულ საქციელსა და სიყვარულზე

      იაკობი, პეტრე, იოანე და იუდა გამამხნევებელ წერილებს სწერენ თანამორწმუნეებს.

      იაკობი და იუდა იესოს ნახევარძმები იყვნენ, პეტრე და იოანე კი — იესოს მოციქულები. მთლიანობაში მათ დაწერეს შვიდი წერილი, რომლებიც ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში შევიდა. თითოეული წერილი დამწერის სახელს ატარებს. ღვთის შთაგონებით დაწერილი ეს წერილები უნდა დახმარებოდა ქრისტიანებს ერთგულების შენარჩუნებასა და ღვთის სამეფოს პირველ ადგილზე დაყენებაში.

      რწმენის საქმეებით დამტკიცება. მხოლოდ იმის თქმა, რომ ღმერთის გვწამს, არ არის საკმარისი. ნამდვილი რწმენა საქმეებით მტკიცდება. იაკობი წერდა: „რწმენა მკვდარია საქმეების გარეშე“ (იაკობი 2:26). განსაცდელის დროს რწმენის გამოვლენა მოთმინების გამომუშავებას უწყობს ხელს. ქრისტიანი სიბრძნეს უნდა სთხოვდეს ღმერთს და დარწმუნებული იყოს, რომ მიიღებს კიდეც. თუ ქრისტიანი განსაცდელს უძლებს, ღვთის მოწონებას დაიმსახურებს (იაკობი 1:2—6, 12). იეჰოვა ღმერთი უპასუხოდ არ დატოვებს თავის ერთგულ მსახურს. „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“,— წერდა იაკობი (იაკობი 4:8).

      ქრისტიანს ძლიერი რწმენა უნდა ჰქონდეს, რომ გაუძლოს ცდუნებებს და არ გაებას უზნეობის მახეში. გავრცელებული უზნეობის გამო, იუდა თანამორწმუნეებს მოუწოდებდა, ‘ებრძოლათ რწმენისთვის’ (იუდა 3).

      წმინდა საქციელი. იეჰოვა თავისი თაყვანისმცემლებისგან მოელის, რომ წმინდები იყვნენ ყველაფერში. პეტრემ დაწერა: «ნებისმიერ საქციელში წმინდები იყავით . . . ვინაიდან დაწერილია: „იყავით წმინდები, რადგან წმინდა ვარ მე [იეჰოვა]“» (1 პეტრე 1:15, 16). ამ მხრივ იესომ საუკეთესო მაგალითი დაუტოვა ქრისტიანებს. პეტრემ თქვა: „ქრისტეც ხომ თქვენთვის ეტანჯა და მაგალითიც დაგიტოვათ, რომ ერთგულად მიჰყვეთ მის ნაკვალევს“ (1 პეტრე 2:21). მართალია, ღვთის ნორმების დაცვის გამო ქრისტიანი ზოგჯერ იტანჯება, მაგრამ მას „სუფთა სინდისი“ აქვს (1 პეტრე 3:16, 17). პეტრე მოუწოდებს ქრისტიანებს, რომ წმინდები იყვნენ საქციელსა და ღვთისადმი ერთგულებაში, სანამ ელიან ღვთის სასამართლოს დღეს და აღთქმულ ახალ ქვეყნიერებას, „სადაც დამკვიდრებული იქნება სიმართლე“ (2 პეტრე 3:11—13).

      „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“ (იაკობი 4:8)

      სიყვარულის გამოვლენა. „ღმერთი სიყვარულია“, — წერდა იოანე. მან აღნიშნა, რომ ღმერთმა თავისი დიდი სიყვარული იმით დაგვიმტკიცა, რომ გამოგზავნა იესო, „მსხვერპლად ჩვენი ცოდვების გამო“. როგორ უნდა იმოქმედოს ამან ქრისტიანებზე? იოანე წერდა: „საყვარელნო, თუ ღმერთმა ასე შეგვიყვარა, ჩვენც ვალდებულნი ვართ, გვიყვარდეს ერთმანეთი“ (1 იოანე 4:8—11). სიყვარულის გამოვლენის ერთ-ერთი საშუალება თანამორწმუნეებისადმი სტუმართმოყვარეობაა (3 იოანე 5—8).

      მაგრამ, როგორ უნდა დაუმტკიცონ სიყვარული იეჰოვას მისმა მსახურებმა? ამ კითხვაზე იოანე გვცემს პასუხს: „ღვთის სიყვარული ის არის, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს, მისი მცნებები კი დამამძიმებელი არ არის“ (1 იოანე 5:3; 2 იოანე 6). ვინც ღმერთს ემორჩილება, შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ ღმერთს ის მარადიულად ეყვარება (იუდა 21).

      — იაკობი; 1 პეტრე; 2 პეტრე; 1 იოანე; 2 იოანე; 3 იოანე; იუდა

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება