-
ყველა ქრისტიანი ქრისტიანია?საგუშაგო კოშკი — 2012 | 1 მარტი
-
-
ყველა ქრისტიანი ქრისტიანია?
რამდენი ქრისტიანია დღეს მსოფლიოში? ერთი წყაროს თანახმად, 2010 წელს დედამიწაზე 2,3 მილიარდამდე ქრისტიანი იყო (Atlas of Global Christianity). მაგრამ ამავე წყაროში ისიც იყო აღნიშნული, რომ ეს ქრისტიანები 41 000-ზე მეტი მიმდინარეობის წარმომადგენლები იყვნენ და თითოეულს თავისი მოძღვრებები და წესები ჰქონდა. გასაკვირი არ არის, რომ ზოგი დაბნეული და იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ ამდენი ქრისტიანული მიმდინარეობა არსებობს. შეიძლება მათ აინტერესებთ, არიან თუ არა ისინი ნამდვილი ქრისტიანები, ვინც თავს ქრისტიანად აცხადებს.
მოდი, ახლა ამ საკითხს სხვა კუთხით შევხედოთ. მოგზაურმა, ჩვეულებრივ, საზღვრის გადაკვეთისას უნდა წარადგინოს თავისი პირადობის დამადასტურებელი საბუთი. გარდა ამისა, ისიც უნდა დაამტკიცოს, რომ ეს საბუთი, მაგალითად პასპორტი, ნამდვილად მას ეკუთვნის. მსგავსად ამისა, ჭეშმარიტმა ქრისტიანმა უფრო მეტი უნდა გააკეთოს, ვიდრე მხოლოდ განაცხადოს, რომ ქრისტიანია. მას უნდა ჰქონდეს ამის დამადასტურებელი „საბუთი“. რა „საბუთზეა“ აქ საუბარი?
წოდება „ქრისტიანის“ გამოყენება დაახლოებით ახ. წ. 44 წლის შემდეგ დაიწყეს. ბიბლიის ერთ-ერთი დამწერი ლუკა გვატყობინებს: „მოწაფეებს ღვთის განგებით პირველად ანტიოქიაში ეწოდათ ქრისტიანები“ (საქმეები 11:26). ყურადღება მიაქციეთ, რომ ქრისტიანებს ქრისტეს მოწაფეებს უწოდებდნენ. როგორ ხდება ადამიანი იესო ქრისტეს მოწაფე? ერთ ლექსიკონში ვკითხულობთ: „იესოს მიმდევრობა ნიშნავს მისთვის სიცოცხლის . . . მთელი ცხოვრების უპირობოდ მიძღვნას“ (The New International Dictionary of New Testament Theology). ამიტომ, ჭეშმარიტი ქრისტიანი ის არის, ვინც ყველაფერში მიჰყვება ქრისტიანობის დამფუძნებლის, იესოს, სწავლებებსა და მითითებებს.
შესაძლებელია დღეს ასეთი ხალხის პოვნა მათ შორის, ვინც აცხადებს, რომ ქრისტიანია? თავად იესომ რა თქვა იმის თაობაზე, თუ რით ამოიცნობდნენ ქრისტიანებს? ჩვენთან ერთად განიხილეთ, თუ როგორ პასუხობს ამ კითხვებს ბიბლია. მომდევნო სტატიებში ვიმსჯელებთ, რა უნდა ახასიათებდეთ ჭეშმარიტ ქრისტიანებს და იესოს სიტყვების თანახმად, რით შეგვიძლია მათი ამოცნობა. აგრეთვე ვისაუბრებთ იმაზეც, თუ რით ამტკიცებდნენ პირველი ქრისტიანები, რომ ნამდვილად იესოს მიმდევრები იყვნენ, და შევეცდებით იმის დანახვას, ამდენ ქრისტიანულ მიმდინარეობას შორის ვინ მიყვება მათ კვალს.
-
-
„დარჩით ჩემს სიტყვაში“საგუშაგო კოშკი — 2012 | 1 მარტი
-
-
„დარჩით ჩემს სიტყვაში“
„თუ ჩემს სიტყვაში რჩებით, ნამდვილად ჩემი მოწაფეები ხართ, შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“ (იოანე 8:31, 32).
რას ნიშნავს ეს? იესოს „სიტყვაში“ იგულისხმება მისი სწავლებები, რომელიც ღვთისგან მომდინარეობდა. იესომ აღნიშნა: „თვითონ მამამ, რომელმაც გამომგზავნა, მომცა მცნება, რა ვთქვა და რა ვილაპარაკო“ (იოანე 12:49). თავისი ზეციერი მამის, იეჰოვა ღმერთის, წინაშე ლოცვის წარმოთქმის დროს იესომ თქვა: „შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა“. მას ხშირად მოჰყავდა ღვთის სიტყვიდან ციტატები თავისი სწავლებების განსამტკიცებლად (იოანე 17:17; მათე 4:4, 7, 10). ასე რომ, ნამდვილი ქრისტიანები „რჩებიან მის სიტყვაში“ ანუ ღვთის სიტყვას, ბიბლიას, ჭეშმარიტებად მიიჩნევენ, თავიანთ რწმენას მასზე აფუძნებენ და მის თანახმად ცხოვრობენ.
პირველი ქრისტიანები: პავლე მოციქული, რომელმაც ქრისტიანულ-ბერძნული წერილების დიდი ნაწილი დაწერა, ღვთის სიტყვის შესახებ იესოს თვალსაზრისს იზიარებდა. მან დაწერა: „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“ (2 ტიმოთე 3:16). ქრისტიანული კრების ზედამხედველი მამაკაცები, რომლებიც თანაქრისტიანებს ასწავლიდნენ, უნდა ყოფილიყვნენ ღვთის „სარწმუნო სიტყვას ჩაჭიდებულნი“ (ტიტე 1:7, 9). პირველი ქრისტიანები გაფრთხილებულნი იყვნენ, რომ ისინი არ გაეტაცა „ფილოსოფიასა და ფუჭ ცდუნებას, რომლებიც ეთანხმება ადამიანთა ადათ-წესებსა და ქვეყნიერების პრინციპებს და არა ქრისტეს“ (კოლოსელები 2:8).
ვინ მიყვება მათ კვალს? 1965 წელს ვატიკანის საეკლესიო კრების მიერ მიღებული „საღმრთო გამოცხადების შესახებ დოგმატური კონსტიტუციისა“ და კათოლიკური ეკლესიის კატეხიზმოში მოყვანილი ციტატის თანახმად, „[კათოლიკური] ეკლესია ყველაფერში, რაც თაყვანისცემას ეხება, მხოლოდ წმინდა წერილებს კი არ ეყრდნობა, არამედ წმინდა ტრადიციებსაც. წმინდა წერილებისა და წმინდა ტრადიციების მიმართ ქრისტიანი ერთნაირად უნდა ავლენდეს ერთგულებასა და მოწიწებას“. ტორონტოში (კანადა) გამომავალ ჟურნალ „მაკლინზის“ ერთ სტატიაში მოყვანილი იყო ერთ-ერთი ღვთის მსახურის ციტატა. მან ასეთი კითხვა დასვა: «რატომ უნდა მოვუსმინოთ ორი ათასწლეულის წინათ გაჟღერებულ „რევოლუციურ“ ხმას? ჩვენ შესანიშნავი აზრები გვაქვს და გამუდმებით ვერ დავჩრდილავთ მათ საღვთო წერილში ჩაწერილი იესოს სწავლებებით».
იეჰოვას მოწმეების შესახებ „ახალ კათოლიკურ ენციკლოპედიაში“ ნათქვამია: „ისინი ბიბლიას თავიანთი რწმენის ერთადერთ საფუძვლად და სწორი გზის მაჩვენებლად მიიჩნევენ“. ახლახან კანადაში მცხოვრებმა ერთმა მამაკაცმა, სანამ ერთ-ერთი იეჰოვას მოწმე თავს წარუდგენდა, დაასწრო და უთხრა: „ვიცი, ვინც ხართ“. მან ბიბლიაზე მიუთითა და დასძინა: „ამით გიცანით“.
-
-
„არ არიან ქვეყნიერების ნაწილი“საგუშაგო კოშკი — 2012 | 1 მარტი
-
-
„არ არიან ქვეყნიერების ნაწილი“
„ქვეყნიერებამ შეიძულა ისინი, რადგან არ არიან ქვეყნიერების ნაწილი“ (იოანე 17:14).
რას ნიშნავს ეს? ვინაიდან ქვეყნიერების ნაწილი არ იყო, იესო ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებდა იმდროინდელ პოლიტიკურ თუ ეთნიკურ კონფლიქტებში. „ჩემი სამეფო ამ ქვეყნიერების ნაწილი არ არის, — თქვა მან. — ამ ქვეყნიერების ნაწილი რომ ყოფილიყო, ჩემი მსახურები იბრძოლებდნენ, რომ იუდეველებს არ გადავცემოდი. მაგრამ ჩემი სამეფო აქედან არ არის“ (იოანე 18:36). მან აგრეთვე მოუწოდა თავის მიმდევრებს, არ ეთქვათ და არ გაეკეთებინათ ისეთი რამ, რასაც ღვთის სიტყვა განსჯიდა (მათე 20:25—27).
პირველი ქრისტიანები: რელიგიათმცოდნის, ჯონათან დაიმონდის, სიტყვების თანახმად, პირველი ქრისტიანები „უარს ამბობდნენ [ომში] მონაწილეობაზე იმის მიუხედავად, შეურაცხყოფდნენ, დააპატიმრებდნენ თუ სიკვდილით დასჯიდნენ მათ“. ისინი კომპრომისზე წასვლას ტანჯვას ამჯობინებდნენ. პირველი ქრისტიანები ზნეობითაც გამოირჩეოდნენ სხვებისგან. პეტრე მოციქულმა ქრისტიანებს უთხრა: „ისინი საგონებელში არიან ჩაცვენილი, მათთან ერთად რომ აღარ ისწრაფვით აღვირახსნილობის იმავე ჭაობისკენ, და გგმობენ“ (1 პეტრე 4:4). „პატარ-პატარა ქრისტიანული ჯგუფები ღვთისმოსაობითა და პატიოსნებით ხელს უშლიდნენ სიამოვნებას გადაყოლილ წარმართულ სამყაროს“, — წერდა ისტორიკოსი უილ დიურანტი.
ვინ მიყვება მათ კვალს? ქრისტიანული ნეიტრალიტეტის შესახებ „ახალ კათოლიკურ ენციკლოპედიაში“ ნათქვამია: „მორალურად გაუმართლებელია იარაღის აღებაზე უარის თქმა“. ერთი გაზეთის სტატიაში აღნიშნული იყო, რომ „აფრიკელთა უფლებების“ (ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია) ცნობით, 1994 წელს რუანდაში მომხდარი გენოციდის დროს კონფლიქტში „იეჰოვას მოწმეების გარდა“ ყველა რელიგიური მიმდინარეობა იღებდა მონაწილეობას (Reformierte Presse).
ნაცისტურ ჰოლოკოსტზე საუბრისას ერთმა სკოლის მასწავლებელმა დაიჩივლა, რომ „არც ერთი ეთნიკური ჯგუფი, ორგანიზაცია თუ ცალკეული ადამიანი არ გამოსულა მასობრივი სისასტიკის, სიცრუისა და სადიზმის წინააღმდეგ“. მაგრამ „შეერთებული შტატების მასობრივი განადგურების მუზეუმის“ მონახულების შემდეგ მან დაწერა: „ახლა ყველაფერი ცხადი გახდა ჩემთვის“. მან გაიგო, რომ იეჰოვას მოწმეებმა საშინელი მოპყრობის მიუხედავად, მტკიცედ დაიცვეს თავიანთი რწმენა.
რას ვიტყვით მათ ზნეობრივ ფასეულობებზე? „ახალგაზრდა კათოლიკეების უმეტესობა არ ეთანხმება ეკლესიის სწავლებას, რომელიც ხელმოწერის გარეშე ერთად ცხოვრებას [და] ქორწინებამდე სექსს ეხება“, — ნათქვამია ამერიკაში გამომავალ ერთ კათოლიკურ ჟურნალში (U.S. Catholic). მასში მოყვანილია ერთი დიაკვნის სიტყვები: „უმეტესობა, ჩემი აზრით, 50 პროცენტზე ბევრად მეტი, დაქორწინებამდე ერთად ცხოვრობს“. „ახალ ენციკლოპედია ბრიტანიკაში“ კი ნათქვამია, რომ იეჰოვას მოწმეები „ზედმიწევნით იცავენ მაღალზნეობრივ ნორმებს“.
-
-
„გიყვარდეთ ერთმანეთი“საგუშაგო კოშკი — 2012 | 1 მარტი
-
-
„გიყვარდეთ ერთმანეთი“
„ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი. ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“ (იოანე 13:34, 35).
რას ნიშნავს ეს? ქრისტემ უთხრა თავის მიმდევრებს, რომ ისე ყვარებოდათ ერთმანეთი, როგორც მან შეიყვარა ისინი. როგორ უყვარდა იესოს ისინი? მას განურჩევლად უყვარდა ყველა, კაცი თუ ქალი, მათი წარმოშობის მიუხედავად, რაც უჩვეულო იყო იმ დროისთვის (იოანე 4:7—10). ქრისტეს სიყვარული აღძრავდა, არ დაეშურებინა დრო და ძალ-ღონე, სხვებს რომ დახმარებოდა და საკუთარ კეთილდღეობაზე წინ სხვების კეთილდღეობა დაეყენებინა (მარკოზი 6:30—34). ბოლოს ქრისტემ ყველაზე დიდებული სახით გამოავლინა სიყვარული. „მე კარგი მწყემსი ვარ, — თქვა მან. — კარგი მწყემსი თავის სულს სწირავს ცხვრისთვის“ (იოანე 10:11).
პირველი ქრისტიანები: პირველ საუკუნეში ქრისტიანები ერთმანეთს „და-ძმებს“ უწოდებდნენ (ფილიმონი 1, 2). ქრისტიანულ კრებაში ყველა ეროვნების ადამიანს გულთბილად იღებდნენ, რადგან სწამდათ, რომ არ არსებობდა „განსხვავება იუდეველსა და ბერძენს შორის, რადგან უფალი ყველასთვის ერთია“ (რომაელები 10:11, 12). ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის შემდეგ იერუსალიმში მოწაფეები „ყიდდნენ თავიანთ საკუთრებასა და ქონებას და ყველას საჭიროებისდა მიხედვით უნაწილებდნენ“. ამგვარად ახალმონათლულებს შეეძლოთ დარჩენილიყვნენ იერუსალიმში და „მოციქულებისგან გამუდმებით“ ესწავლათ (საქმეები 2:41—45). რა უბიძგებდა მოწაფეებს ამისკენ? მოციქულების სიკვდილიდან დაახლოებით 200 წლის შემდეგ ტერტულიანემ გაიმეორა ის, რასაც სხვები ამბობდნენ ქრისტიანებზე: „როგორ უყვართ ერთმანეთი . . . ისინი მზად არიან, სიცოცხლეც კი გაიღონ ერთმანეთისთვის“.
ვინ მიყვება მათ კვალს? ერთ წიგნში აღნიშნული იყო, რომ ისინი, ვინც ქრისტიანებად აცხადებდნენ თავს, საუკუნეების მანძილზე „ერთმანეთს [წარმართებზე] გაცილებით დიდი სისასტიკით ეპყრობოდნენ“ (The History of the Decline and Fall of the Roman Empire, 1837). შეერთებულ შტატებში ახლახან ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ბევრი, ვინც თავს მორწმუნედ აცხადებს (რომელთა უმეტესობა თავს ქრისტიანს უწოდებს), ერთ რასას მეორეზე მაღლა აყენებს. სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ერთი და იმავე ეკლესიის მრევლი ერთმანეთისთვის არაფერს აკეთებს; მათ არანაირი სურვილი არ აქვთ, დაეხმარონ თანამორწმუნეებს მაშინაც კი, როცა მათ დახმარება სჭირდებათ.
2004 წელს ფლორიდას ორი თვის მანძილზე, ერთმანეთის მიყოლებით, ოთხჯერ დაატყდა თავს ქარიშხალი. ფლორიდის შტატის საგანგებო მდგომარეობის კომიტეტის თავმჯდომარე ამოწმებდა, თუ რამდენად მართებულად იყენებდა ხალხი მათ ხელთ არსებულ მარაგს. მან თქვა, რომ იეჰოვას მოწმეების მსგავსად, არც ერთი ჯგუფი არ იყო ორგანიზებული. იგი მოწმეებს დაჰპირდა, რომ თუ რამე დასჭირდებოდათ, დახმარებას აღმოუჩენდა. 1997 წელს იეჰოვას მოწმეებისგან შემდგარმა მაშველთა ჯგუფმა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გაჭირვებაში ჩავარდნილ და-ძმებს წამლები, საკვები და ტანსაცმელი ჩაუტანა. ევროპელმა და-ძმებმა კი მილიონობით აშშ დოლარის ღირებულების საკვები და პირველადი მოხმარების საგნები გაუგზავნეს კონგოელ თანამორწმუნეებს.
-
-
„შენი სახელი გამოვუცხადე ადამიანებს“საგუშაგო კოშკი — 2012 | 1 მარტი
-
-
„შენი სახელი გამოვუცხადე ადამიანებს“
„შენი სახელი გამოვუცხადე ადამიანებს, რომლებიც შენ მომეცი ქვეყნიერებიდან . . . ვამცნე მათ შენი სახელი და კვლავაც ვამცნობ“ (იოანე 17:6, 26).
რას ნიშნავს ეს? იესომ დედამიწაზე მსახურების დროს ადამიანებს გამოუცხადა ღვთის სახელი. როდესაც იესო, ჩვეულებისამებრ, წმინდა წერილებიდან კითხულობდა, ის წარმოთქვამდა ღვთის პირად სახელს (ლუკა 4:16—21). მან ასწავლა თავის მიმდევრებს, ასე ელოცათ: „მამა, განიწმინდოს შენი სახელი“ (ლუკა 11:2).
პირველი ქრისტიანები: პეტრე მოციქულმა იერუსალიმში უფროს მამაკაცებს უთხრა, რომ ღმერთმა ყველა ერიდან გამოყო „ხალხი თავისი სახელისთვის“ (საქმეები 15:14). მოციქულები და ღვთის სხვა მსახურები ქადაგებდნენ, რომ „ყოველი, ვინც იეჰოვას სახელს უხმობდა, გადარჩებოდა“ (საქმეები 2:21; რომაელები 10:13). მათ აგრეთვე გამოიყენეს ღვთის სახელი თავიანთ წერილებში. „თოსეფთაში“, ზეპირი კანონების წერილობით კრებულში, რომლის შედგენაც დაახლოებით ახ. წ. 300 წელს დასრულდა, ქრისტიანული ხელნაწერების შესახებ, რომლებიც შეიძლებოდა შაბათ დღეს ცეცხლს გაენადგურებინა, ნათქვამია: «მახარებელთა წიგნები, აგრეთვე „მინიმის“ [ვარაუდობენ, რომ ებრაელ ქრისტიანთა] წიგნები ცეცხლისგან არ უნდა გადაერჩინათ. ისინი შეიძლებოდა ისევე დამწვარიყო, როგორც ეწყო . . . ეს ხელნაწერები და, თავისთავად ცხადია, ის ადგილები, სადაც ღვთის სახელი ეწერა, დაიწვებოდა».
ვინ მიყვება დღეს მათ კვალს? ბიბლიის „გადამუშავებული სტანდარტული თარგმანის“ წინასიტყვაობაში, რომელიც „ამერიკაში ქრისტეს ეკლესიების ეროვნული საბჭოს“ ნებართვით გამოიცა, ნათქვამია: „იუდაიზმის მიმდევრებმა ქრისტიანობამდე შეწყვიტეს ღვთის სახელის ნებისმიერი ფორმით ხსენება, რადგან ღმერთი ერთადერთია და არ არსებობს სხვა ღმერთი, რომლისგანაც ის უნდა განვასხვავოთ. ღვთის სახელის გამოყენება სრულიად მიუღებელია ქრისტიანული ეკლესიის საყოველთაო მრწამსითაც“. ამიტომ, ღვთის სახელი ჩაანაცვლეს ტიტულით „უფალი“. ახლახან კი ვატიკანის საეკლესიო კრებამ ეპისკოპოსებისთვის ახალი დირექტივი გამოსცა: „ტეტრაგრამატონით წარმოდგენილი ღვთის სახელი ჲჰვჰa არც უნდა გამოიყენონ და არც უნდა წარმოთქვან თაყვანისმცემლობის დროს“.
ვინ მიმართავს დღეს ღმერთს სახელით და ვინ ამცნობს მის პირად სახელს ხალხს? მოზარდობისას ყირგიზეთში მცხოვრებმა სერგეიმ უყურა ფილმს, სადაც მოხსენიებული იყო, რომ ღვთის სახელი იეჰოვაა. მას შემდეგ ათი წლის მანძილზე მას ღვთის სახელი აღარ გაუგია. მოგვიანებით, როდესაც სერგეი საცხოვრებლად შეერთებულ შტატებში გადავიდა, მასთან იეჰოვას ორი მოწმე მივიდა და ბიბლიაში აჩვენა ღვთის სახელი. სერგეი ძალიან გაახარა იმ ხალხის ნახვამ, რომლებიც ღმერთს სახელით მოიხსენიებდნენ. აღსანიშნავია, რომ „უებსტერის ახალი საერთაშორისო ლექსიკონის მესამე გამოცემაში“ იეჰოვა ღმერთზე ნათქვამია, რომ ის არის „უზენაესი ღვთაება და ერთადერთი ღმერთი, რომელსაც იეჰოვას მოწმეები სცემენ თაყვანს“.
[სქოლიო]
a ქართულ ენაზე ღვთის სახელი წარმოითქმება, როგორც იეჰოვა.
-
-
„ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ“საგუშაგო კოშკი — 2012 | 1 მარტი
-
-
„ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ“
„ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“ (მათე 24:14).
რას ნიშნავს ეს? ერთ-ერთი სახარების დამწერმა ლუკამ გვაცნობა, რომ იესო „დადიოდა ქალაქიდან ქალაქში, სოფლიდან სოფელში, ქადაგებდა და სასიხარულო ცნობას ამცნობდა ღვთის სამეფოს შესახებ“ (ლუკა 8:1). იესომ საკუთარ თავზე თქვა: „სხვა ქალაქებსაც უნდა ვაუწყო სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ, რადგან ამისთვის ვარ გამოგზავნილი“ (ლუკა 4:43). მან თავისი მოწაფეები გააგზავნა, რომ ექადაგათ სასიხარულო ცნობა ქალაქებსა და სოფლებში, და უთხრა: „იქნებით ჩემი მოწმეები . . . დედამიწის კიდით კიდემდე“ (საქმეები 1:8; ლუკა 10:1).
პირველი ქრისტიანები: მოწაფეებმა უმალვე დაიწყეს იესოს დავალების შესრულება. „ტაძარში და კარდაკარ ყოველდღე დაუღალავად ასწავლიდნენ და აუწყებდნენ სასიხარულო ცნობას ქრისტე იესოზე“ (საქმეები 5:42). ქადაგებდა განურჩევლად ყველა, კრების თითოეული წევრი. ქრისტიანების ერთ-ერთი პირველი მტერი, მწერალი ცელსუსიც კი წერდა: „მატყლის მბერტყავები, მეწაღეები, მეტყავეები, ყველაზე გაუნათლებელი და მდაბიო ხალხი სახარების გულმოდგინე მქადაგებლები იყვნენ“. ჟან ბერნარდი თავის წიგნში აღნიშნავს: „[ქრისტიანები] ვალდებულნი იყვნენ, ყველგან და ყველასთვის ექადაგათ — იქნებოდა ეს მთავარ გზაზე, ქალაქის ქუჩებში, მოედნებსა თუ სახლებში, იმის მიუხედავად, მსმენელები გამოეხმაურებოდნენ თუ არა . . . მათ მთელი დედამიწა უნდა შემოევლოთ“ (The Early Centuries of the Church).
ვინ მიყვება დღეს მათ კვალს? „ეკლესია ქადაგებისა და სწავლების საქმეს სერიოზულად არ ეკიდება და სწორედ ამიტომ შიმშილობს ხალხი სულიერად“, — წერს ანგლიკანური ეკლესიის მღვდელი, დეივიდ უოტსონი. თავის წიგნში ხოსე ლუის პერეს გვადალუპემ ევანგელისტების, ადვენტისტებისა და სხვების საქმიანობის შესახებ დაწერა: „ისინი კარდაკარ არ დადიან“. იეჰოვას მოწმეების შესახებ კი აღნიშნა: „ისინი სისტემატურად დადიან კარდაკარ“ (Why Are the Catholics Leaving?).
ერთ-ერთ წიგნში ჯონათან ტურლიმ საინტერესო ფაქტი აღნიშნა: „იეჰოვას მოწმეების ხსენებაზე ხალხს მაშინვე თვალწინ წარმოუდგება მქადაგებელი, რომელიც არახელსაყრელ პირობებშიც კი ქადაგებს კარდაკარ. იეჰოვას მოწმეები კარდაკარ უბრალოდ იმიტომ კი არ დადიან, რომ ხალხი თავიანთ რწმენაზე მოაქციონ, არამედ იმიტომ, რომ ეს მათი რწმენის არსია“ (Cato Supreme Court Review, 2001, 2002).
[ჩარჩო 9 გვერდზე]
ამოიცანით ჭეშმარიტი ქრისტიანები?
თუ გავითვალისწინებთ სტატიათა ამ სერიაში განხილულ ბიბლიურ მუხლებს, როგორ ფიქრობთ, ვინ არიან ჭეშმარიტი ქრისტიანები? დღეს ათობით ათასი მიმდინარეობის წარმომადგენელი აცხადებს თავს ქრისტიანად, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რა უთხრა იესომ თავის მიმდევრებს: «ვინც მეუბნება: „უფალო, უფალო“, ყველა ვერ შევა ზეციერ სამეფოში, არამედ ის, ვინც ასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას» (მათე 7:21). თუ დაინახავთ, ვინ ასრულებს ზეციერი მამის ნებას ანუ ამოიცნობთ ჭეშმარიტ ქრისტიანებს და მათთან გექნებათ ურთიერთობა, ღვთის სამეფო კურთხევებს არ მოგაკლებთ. სთხოვეთ იეჰოვას მოწმეებს, რომლებმაც ეს ჟურნალი მოგიტანეს, უფრო მეტი ინფორმაცია მოგაწოდონ ღვთის სამეფოსა და იმ კურთხევების შესახებ, რომელსაც ეს სამეფო მოიტანს (ლუკა 4:43).
-