საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი, მონათლეთ ისინი
    საგუშაგო კოშკი — 2006 | 1 აპრილი
    • წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი, მონათლეთ ისინი

      „წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან, მონათლეთ ისინი . . . ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც მცნებად დაგიდეთ“ (მათე 28:19, 20).

      1. რა გადაწყვეტილება მიიღო ისრაელმა სინას მთასთან?

      დაახლოებით სამიათას ხუთასი წლის წინათ ისრაელმა ერმა ღმერთს აღთქმა დაუდო. სინას მთასთან ისრაელმა სახალხოდ განაცხადა: „ყოველ სიტყვას, რომელიც წარმოთქვა უფალმა, შევასრულებთ“. იმ დროიდან ისრაელი ღვთისადმი მიძღვნილი ერი, ღვთის „საკუთრება“, გახდა (გამოსვლა 19:5, 8; 24:3). ისინი მოელოდნენ, რომ ღმერთი დაიცავდა მათ და მთელი მათი შთამომავლობა იცხოვრებდა მიწაზე, „სადაც მოედინება რძე და თაფლი“ (ლევიანები 20:24).

      2. რა ურთიერთობა შეიძლება ჰქონდეთ დღეს ადამიანებს ღმერთთან?

      2 თუმცა, როგორც ფსალმუნმომღერალმა ასაფმა თქვა, ისრაელებმა „არ დაიცვეს აღთქმა უფლისა და მის მცნებაზე სიარული აღარ ისურვეს“ (ფსალმუნები 77:10). ისრაელმა დაარღვია იეჰოვასთვის მიცემული პირობა. საბოლოოდ, ერმა დაკარგა იეჰოვასთან განსაკუთრებული ურთიერთობა (ეკლესიასტე 5:4; მათე 23:37, 38). ამიტომაც, „მიაპყრო ყურადღება ღმერთმა . . . უცხოტომელებს, რათა მათგან გამოეყო ხალხი თავისი სახელისთვის“ (საქმეები 15:14). ამ ბოლო დღეებში ის კრებს „უამრავ ხალხს, რომლის დათვლა არავის [შეუძლია], ყველა ერიდან და ტომიდან, ხალხიდან და ენიდან“ და, რომელიც სიხარულით აცხადებს: „ხსნას ჩვენს ღმერთს — ტახტზე მჯდომს — და კრავს ვუმადლით“ (გამოცხადება 7:9, 10).

      3. რა ნაბიჯები უნდა გადადგას პიროვნებამ ღმერთთან პირადი ურთიერთობის განსავითარებლად?

      3 მან, ვისაც სურს, იმ ხალხს შორის იყოს, რომლებიც ხარობენ ღმერთთან კარგი ურთიერთობით, იეჰოვას უნდა მიუძღვნას თავი და წყალში მოინათლოს. ასე მოქცევით, ის დაემორჩილება იესოს მითითებას, რომელიც მან თავის მოწაფეებს მისცა: „ამიტომ, წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან, მონათლეთ ისინი მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით, ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც მცნებად დაგიდეთ“ (მათე 28:19, 20). ისრაელები უსმენდნენ მოსეს, როცა ის „აღთქმის წიგნს“ კითხულობდა (გამოსვლა 24:3, 7, 8). შედეგად, მათ გაიგეს, თუ რა ვალდებულებები ეკისრათ იეჰოვას წინაშე. დღესაც, აუცილებელია, რომ მონათვლამდე პიროვნებამ ბიბლიიდან ღვთის განზრახვების შესახებ საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს.

      4. რა უნდა გააკეთოს პიროვნებამ, რომ შეესაბამებოდეს მონათვლისთვის საჭირო მოთხოვნებს? (იხილეთ ზემოთ მოცემული ჩარჩო).

      4 აშკარაა, რომ იესოს სურდა, მის მოწაფეებს მონათვლამდე მტკიცე რწმენა ჰქონოდათ. მან თავის მიმდევრებს მხოლოდ ის კი არ უთხრა, რომ წასულიყვნენ და მოწაფეები მოემზადებინათ, არამედ ესწავლებინათ მათთვის, ‘ყველაფრის დაცვა, რაც მცნებად დაუდო’ (მათე 7:24, 25; ეფესოელები 3:17—19). ამიტომაც ის, ვინც შეესაბამება მონათვლისთვის საჭირო მოთხოვნებს, ჩვეულებრივ, ბიბლიას რამდენიმე თვე ან, შესაძლოა, ერთი ან ორი წელი სწავლობს. ასე რომ, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არც ნაჩქარევია და არც საფუძვლიან ცოდნას მოკლებული. ნათლობისას მონათვლის მსურველებმა ორ კითხვაზე დადებითად უნდა უპასუხონ. რადგან იესომ ხაზი გაუსვა იმას, რომ ჩვენი „დიახ იყოს დიახ, არა კი — არა“, ყველასთვის დამხმარე იქნება ამ ორი კითხვის მნიშვნელობის განხილვა, რის შესახებაც ამ სტატიაში იქნება საუბარი (მათე 5:37).

      მონანიება და მიძღვნა

      5. რა ორ მნიშვნელოვან ნაბიჯზე მახვილდება ყურადღება მონათვლის მსურველებისთვის დასმულ პირველ კითხვაში?

      5 პირველი კითხვა, რომელსაც მონათვლის მსურველს უსვამენ, ეხება იმას, მოინანია თუ არა მან ცოდვები და მიუძღვნა თუ არა თავი იეჰოვას მისი ნების შესასრულებლად. ეს კითხვა ყურადღებას ამახვილებს ორ მნიშვნელოვან ნაბიჯზე — მონანიებასა და მიძღვნაზე, — რომელიც პიროვნებამ მონათვლამდე უნდა გადადგას.

      6, 7. ა) რატომ არის აუცილებელი მონანიება ნათლობის მსურველებისთვის? ბ) რა ცვლილებები უნდა მოახდინოს პიროვნებამ მონანიების შემდეგ?

      6 რატომ უნდა მოინანიოს პიროვნებამ მონათვლამდე? პავლე მოციქულმა განმარტა: „ერთ დროს ჩვენც ყველანი . . . ხორცის სურვილებისამებრ ვიქცეოდით“ (ეფესოელები 2:3). ღვთის ნების შესახებ საფუძვლიანი ცოდნის მიღებამდე, ქვეყნიერებაში მიღებული ფასეულობებისა და ნორმების შესაბამისად ვცხოვრობდით. ჩვენს ცხოვრებას ამ სისტემის ღმერთი, სატანა, მართავდა (2 კორინთელები 4:4). მაგრამ ღვთის ნების გაგების შემდეგ, გადავწყვიტეთ, ‘ადამიანური სურვილების დასაკმაყოფილებლად კი აღარ ვიცხოვროთ, არამედ ღვთის ნების შესასრულებლად’ (1 პეტრე 4:2).

      7 ამ ახალ გზაზე სიარულს უხვი კურთხევები მოაქვს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის ღმერთთან ძვირფასი ურთიერთობის განვითარებაში გვეხმარება. იეჰოვასთან ურთიერთობა დავითმა ღვთის „კარავში“ და „წმინდა მთაზე“ სტუმრობას შეადარა. ეს მართლაც, დიდი პატივია! (ფსალმუნები 14:1). ლოგიკურია დავასკვნათ, რომ იეჰოვა თავის კარავში განურჩევლად ყველას კი არ ეპატიჟება, არამედ მხოლოდ მას, „ვინც უმწიკვლოდ დადის, სიმართლის მოქმედია, და ჭეშმარიტებას ლაპარაკობს თავის გულში“ (ფსალმუნები 14:2). ჭეშმარიტების გაგებამდე ყველას განსხვავებული წარსული გვქონდა. ამიტომ ზემოთ მოცემულ მუხლში მითითებულ მოთხოვნებს რომ შევესაბამებოდეთ, აუცილებელია გარკვეული ცვლილებების მოხდენა — პიროვნული თვისებებისა და ქცევების შეცვლა (1 კორინთელები 6:9—11; კოლოსელები 3:5—10). ასეთი ცვლილებებისკენ კი აღგვძრავს მონანიება ანუ იმის სინანული, რასაც წარსულში ვაკეთებდით და მტკიცე გადაწყვეტილება, ვასიამოვნოთ იეჰოვას. ეს კი გვეხმარება, პირად ცხოვრებაში რადიკალური ცვლილებები მოვახდინოთ — უარი ვთქვათ ქვეყნიერებისთვის დამახასიათებელ ეგოისტურ სურვილებზე და ღვთისმოსაწონ გზას დავადგეთ (საქმეები 3:19).

      8. როგორ ვუძღვნით თავს იეჰოვას და რა კავშირი აქვს მიძღვნას ნათლობასთან?

      8 მონათვლის მსურველებისთვის დასმულ პირველ კითხვაში ისიც შედის, მიუძღვნა თუ არა მან თავი იეჰოვას მისი ნების შესასრულებლად. მიძღვნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც მონათვლამდე უნდა გადაიდგას. მიძღვნის დროს, ლოცვაში, გამოვხატავთ ჩვენს გულწრფელ სურვილს, რომ თავს ვუძღვნით იეჰოვას ქრისტეს მეშვეობით (რომაელები 14:7, 8; 2 კორინთელები 5:15). ასეთნაირად, იეჰოვა ჩვენი ბატონი და მესაკუთრე ხდება და იესოს მსგავსად, ჩვენც სიხარულს გვანიჭებს ღვთის ნების შესრულება (ფსალმუნები 39:9; ეფესოელები 6:6). ასეთ მნიშვნელოვან აღთქმას იეჰოვას მხოლოდ ერთხელ ვაძლევთ. მართალია, ლოცვაში პირადად ვუძღვნით თავს ღმერთს, მაგრამ ნათლობით სახალხოდ ვაღიარებთ, რომ იეჰოვას, ჩვენს ზეციერ მამას, მივუძღვენით თავი (რომაელები 10:10).

      9, 10. ა) რას ნიშნავს ღვთის ნების შესრულება? ბ) რატომ შეიძლება ითქვას, რომ ნაცისტებსაც ესმოდათ მიძღვნის მნიშვნელობა?

      9 რა მოგვეთხოვება, რომ იესოს მსგავსად ჩვენც შევასრულოთ ღვთის ნება? იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „თუ ვინმეს უნდა, რომ მომყვეს, უარყოს საკუთარი თავი, აიღოს თავისი წამების ბოძი და გამომყვეს“ (მათე 16:24). იესომ ხაზი გაუსვა სამ რამეს, რისი გაკეთებაც მოგვეთხოვება. პირველი, უნდა „უარვყოთ“ საკუთარი თავი. ეს ნიშნავს, უარი ვთქვათ ეგოისტურ მიდრეკილებებზე და მივყვეთ ღვთის მითითებებს. მეორე, უნდა ავიღოთ ჩვენი „წამების ბოძი“. იესოს დღეებში წამების ბოძი სირცხვილთან და ტანჯვასთან იყო ასოცირებული. როგორც ქრისტიანებს, გვესმის, რომ სასიხარულო ცნობის გამო დროდადრო ტანჯვა მოგვიწევს (2 ტიმოთე 1:8). შესაძლოა ქვეყნიერება დაგვცინის ან გვგმობს, მაგრამ ქრისტეს მსგავსად, ‘სირცხვილს არაფრად ვაგდებთ’ და ბედნიერებას გვანიჭებს იმის ცოდნა, რომ ღვთის მოსაწონად ვიქცევით (ებრაელები 12:2). და მესამე, უნდა ‘მივყვეთ’ იესოს მარადიულად (ფსალმუნები 72:26; 118:44; 144:2).

      10 უნდა აღინიშნოს, რომ ზოგ მოწინააღმდეგესაც კი ესმის, თუ რა მოითხოვება იეჰოვას მოწმისგან ღვთისადმი მიძღვნის თანახმად ცხოვრებისთვის და მისადმი განსაკუთრებული ერთგულების გამოვლენისთვის. ბუხენვალდში, გერმანელ ფაშისტთა საკონცენტრაციო ბანაკში მყოფ მოწმეებს, რომლებმაც არ უარყვეს რწმენა, ხელი უნდა მოეწერათ შემდეგ განაცხადზე: „მე კვლავაც ბიბლიის ერთგული მკვლევარი ვარ და არასოდეს დავარღვევ იეჰოვასთვის მიცემულ პირობას“. ამ სიტყვებში აშკარად არის გამოხატული ღვთის ყველა მიძღვნილი და ერთგული მსახურის პოზიცია (საქმეები 5:32).

      იეჰოვას მოწმედ მსახურება

      11. რა პატივი ხვდება წილად მას, ვინც ინათლება?

      11 შემდეგ მონათვლის მსურველს ეკითხებიან, ესმის თუ არა მას, რომ ნათლობით ის იეჰოვას მოწმე ხდება. მონათვლისას პიროვნება ღვთის მსახური ხდება და იეჰოვას სახელს ატარებს. ეს უდიდესი პატივი და სერიოზული პასუხისმგებლობაა. მონათვლით ადამიანს მარადიული სიცოცხლის პერსპექტივაც ეძლევა, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ის ბოლომდე იეჰოვას ერთგული დარჩება (მათე 24:13).

      12. რა ვალდებულებებს გვაკისრებს იეჰოვას სახელის ტარება?

      12 მართლაც, განსაკუთრებული პატივია, ატარო ყოვლისშემძლე ღმერთის, იეჰოვას, სახელი. წინასწარმეტყველმა მიქამ თქვა: „ყოველი ხალხი თავისი ღმერთის სახელით დადის, ჩვენც ვივლით უფლის, ჩვენი ღმერთის სახელით უკუნითი უკუნისამდე“ (მიქა 4:5). ეს განსაკუთრებული პატივი გარკვეულ ვალდებულებებსაც გვაკისრებს. ყოველმხრივ უნდა ვეცადოთ, ჩვენი ცხოვრებით პატივი მივაგოთ ღვთის სახელს, რომელსაც ვატარებთ. პავლემ რომში მცხოვრებ ქრისტიანებს შეახსენა, რომ თუ ვინმე ქადაგების შესაბამისად არ მოიქცეოდა, ღვთის სახელი ‘დაიგმობოდა’ ანუ შეურაცხყოფილ იქნებოდა (რომაელები 2:21—24).

      13. რატომ აკისრიათ იეჰოვასადმი მიძღვნილ მსახურებს ღვთის შესახებ დამოწმების პასუხისმგებლობა?

      13 როდესაც პიროვნება იეჰოვას მოწმე ხდება, მას დამოწმების პასუხისმგებლობაც ეკისრება. იეჰოვამ მისადმი მიძღვნილი ისრაელი ერი თავის მოწმედ აირჩია, რათა მისი მარადიული ძლიერებისა და ღვთაებრიობის შესახებ დაემოწმებინათ (ესაია 43:10—12, 21). მაგრამ ერმა არ შეასრულა დაკისრებული პასუხისმგებლობა და საბოლოოდ, საერთოდ დაკარგა იეჰოვას კეთილგანწყობა. დღეს, ჭეშმარიტ ქრისტიანებს ხვდათ პატივი, ატარონ იეჰოვას სახელი. ჩვენ გვიყვარს ღმერთი და ძალიან გვსურს, განიწმინდოს მისი სახელი. რადგან ვიცით ჭეშმარიტება, ჩვენ არ შეგვიძლია სხვებს ჩვენი ზეციერი მამისა და მისი განზრახვების შესახებ არ ვესაუბროთ. ჩვენ ისეთივე გრძნობები გვეუფლება, როგორიც მოციქულ პავლეს ჰქონდა. მან თქვა: „ეს აუცილებლად უნდა გავაკეთო. მაგრამ, ვაი მე, თუ არ ვაუწყებ სასიხარულო ცნობას!“ (1 კორინთელები 9:16).

      14, 15. ა) რა როლს ასრულებს იეჰოვას ორგანიზაცია ჩვენს სულიერ ზრდაში? ბ) რით უზრუნველგვყოფს იეჰოვა ჩვენი სულიერობის განსამტკიცებლად?

      14 მეორე კითხვა მონათვლის მსურველს იეჰოვას სულით მოქმედ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის პასუხისმგებლობასაც შეახსენებს. ჩვენ არ უნდა ვიყოთ ღვთის დანარჩენი მსახურებისგან გამოყოფილნი, რადგან „მთელი საძმოსგან“ გვჭირდება დახმარება, მხარდაჭერა და გამხნევება (1 პეტრე 2:17; 1 კორინთელები 12:12, 13). ღვთის ორგანიზაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენს სულიერ ზრდაში. ის უხვად გვთავაზობს ბიბლიაზე დაფუძნებულ პუბლიკაციებს, რაც გვეხმარება საფუძვლიანი ცოდნის გაღრმავებაში, პრობლემების გონივრულად გადაჭრასა და ღმერთთან ახლო ურთიერთობის განვითარებაში. ისე როგორც დედა ზრუნავს შვილის კეთილდღეობაზე და კვებავს მას, „ერთგული და გონიერი მონაც“ უხვად და დროულად გვაწვდის სულიერ საზრდოს. ეს კი სულიერ წინსვლაში გვეხმარება (მათე 24:45—47; 1 თესალონიკელები 2:7, 8).

      15 იეჰოვას ხალხი ყოველკვირეულ შეხვედრებზე საჭირო სწავლებასა და გამხნევებას იღებს, რათა იეჰოვას ერთგულად ემსახურონ (ებრაელები 10:24, 25). თეოკრატიული სამსახურის სკოლაში ვსწავლობთ, როგორ ვესაუბროთ ხალხს. სამსახურებრივი შეხვედრა კი გვეხმარება, ეფექტურად გადავცეთ სასიხარულო ცნობა. როგორც ქრისტიანულ შეხვედრებზე, ასევე, პირადი შესწავლის დროს, შეგვიძლია დავინახოთ, როგორ ხელმძღვანელობს იეჰოვა თავის ორგანიზაციას წმინდა სულის მეშვეობით. ყველა ამ საშუალებით ღმერთი გვაფრთხილებს მოსალოდნელი საშიშროებების შესახებ, აგრეთვე გვეხმარება ეფექტურად ქადაგებასა და სულიერი სიფხიზლის შენარჩუნებაში (ფსალმუნები 18:8, 9, 12; 1 თესალონიკელები 5:6, 11; 1 ტიმოთე 4:13).

      რა უნდა აღძრავდეს ადამიანს ნათლობისკენ?

      16. რამ უნდა აღძრას ადამიანი, რომ თავი მიუძღვნას იეჰოვას?

      16 მონათვლის მსურველთათვის დასმული ორი კითხვა მათ ნათლობის მნიშვნელობასა და დაკისრებულ პასუხისმგებლობებს შეახსენებს. და მაინც, რამ უნდა აღძრას ადამიანი მონათვლისკენ? ჩვენ იმიტომ კი არ ვინათლებით, რომ ამას ვინმე გვაიძულებს, არამედ იმიტომ, რომ იეჰოვა თავისკენ ‘გვიზიდავს’ (იოანე 6:44). ვინაიდან „ღმერთი სიყვარულია“, მისი სურვილია, რომ თავისი ქმნილებები მას სიყვარულით დაემორჩილონ და არა იძულებით (1 იოანე 4:8). ჩვენ გვიზიდავს იეჰოვას შესანიშნავი თვისებები და ის, თუ როგორ გვეპყრობა. იეჰოვამ შემოგვწირა თავისი მხოლოდშობილი ძე და საუკეთესო მომავალს გვპირდება (იოანე 3:16). ეს კი აღგვძრავს, თავი მივუძღვნათ მას და ვემსახუროთ (იგავები 3:9; 2 კორინთელები 5:14, 15).

      17. რას არ ვუძღვნით თავს?

      17 ჩვენ უშუალოდ იეჰოვას მივუძღვენით თავი და არა რაიმე იდეას ან საქმეს. დავალება, რომელსაც ღმერთი აძლევს თავის მსახურებს, შეიცვლება, მაგრამ ღვთისადმი მიძღვნა — არა. მაგალითად, ღმერთმა აბრაამსა და იერემიას სხვადასხვა დავალება მისცა (დაბადება 13:17, 18; იერემია 1:6, 7). მიუხედავად ამისა, ორივე მათგანმა შეასრულა ღვთის განსაკუთრებული დავალება, რადგან უყვარდათ იეჰოვა და სურდათ, ერთგულად შეესრულებინათ მისი ნება. ამ უკანასკნელ დროს, ქრისტეს ყველა მონათლული მიმდევარი ერთგულად ასრულებს მის დავალებას სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებასა და მოწაფეების მომზადებასთან დაკავშირებით (მათე 24:14; 28:19, 20). ამ დავალების მთელი გულით შესრულებით, ცხადვყოფთ, რომ გვიყვარს ჩვენი ზეციერი მამა და ნამდვილად მას მივუძღვენით თავი (1 იოანე 5:3).

      18, 19. ა) რას ცხადვყოფთ ნათლობით? ბ) რა იქნება განხილული მომდევნო სტატიაში?

      18 უეჭველია, რომ ნათლობას მრავალი კურთხევა მოაქვს, მაგრამ ეს ნაბიჯი დაუფიქრებლად არ უნდა გადავდგათ (ლუკა 14:26—33). ნათლობით ცხადვყოფთ, თუ რა უფრო მნიშვნელოვანია ჩვენს ცხოვრებაში (ლუკა 9:62). შეიძლება ითქვას, რომ ნათლობით სახალხოდ ვაცხადებთ: „ის არის ღმერთი, ჩვენი ღმერთი უკუნითი უკუნისამდე; ის წაგვიძღვება ჩვენ სამარის კარამდე“ (ფსალმუნები 47:15).

      19 მომდევნო სტატიაში განხილული იქნება სხვა კითხვები, რაც შეიძლება ნათლობასთან დაკავშირებით წამოიჭრას. არსებობს საფუძვლიანი მიზეზები, რის გამოც პიროვნებამ შეიძლება თავი შეიკავოს ნათლობისგან? აქვს ნათლობისთვის ასაკს მნიშვნელობა? როგორ შეუძლია ყველას ხელი შეუწყოს ნათლობის ღირსეულად ჩატარებას?

  • მოთხოვნები ქრისტიანული ნათლობისთვის
    საგუშაგო კოშკი — 2006 | 1 აპრილი
    • მოთხოვნები ქრისტიანული ნათლობისთვის

      „რა მიშლის ხელს, რომ მოვინათლო?“ (საქმეები 8:36).

      1, 2. როგორ დაიწყო საუბარი ფილიპემ ეთიოპ საჭურისთან და საიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საჭურისს სულიერი მოთხოვნილებები ჰქონდა?

      იესოს სიკვდილიდან ერთი ან ორი წლის შემდეგ ეთიოპი სახელმწიფო მოხელე იერუსალიმიდან სახლში ეტლით ბრუნდებოდა. ღაზადან სახლამდე მას დაახლოებით 1 500 კილომეტრიანი გზა ჰქონდა გასავლელი, რაც ძალიან დამქანცველი იქნებოდა. ეს მორწმუნე მამაკაცი იერუსალიმში იეჰოვას თაყვანსაცემად იყო ასული. როცა უკან ბრუნდებოდა, გადაწყვიტა, დრო გონივრულად გამოეყენებინა და ღვთის სიტყვის კითხვა დაიწყო, რაც მის რწმენაზე მეტყველებდა. იეჰოვამ დაინახა ამ მამაკაცის რწმენა და ანგელოზის მეშვეობით მასთან საქადაგოდ ფილიპე გაგზავნა (საქმეები 8:26—28).

      2 ეთიოპი საჭურისი წმინდა წერილებს ხმამაღლა კითხულობდა, რაც იმ დროს მიღებული იყო. ფილიპეს არ გასჭირვებია მასთან საუბრის დაწყება, რადგან გაიგონა, რომ ის ესაიას წინასწარმეტყველებას კითხულობდა. ფილიპემ მას მარტივი კითხვა დაუსვა: „გესმის რასაც კითხულობ?“ საჭურისმა ფილიპეს ესაიას 53:7, 8-ის ახსნა სთხოვა. წმინდა წერილების ამ მონაკვეთის განმარტების შემდეგ ფილიპემ „მას იესოს შესახებ სასიხარულო ცნობა აუწყა“ (საქმეები 8:29—35).

      3, 4. ა) რატომ არ დააყოვნა ფილიპემ ეთიოპი საჭურისის მონათვლა? ბ) რა კითხვებს განვიხილავთ?

      3 მცირე დროში საჭურისმა გაიგო, თუ რა როლი ეკისრა იესოს ღვთის განზრახვის განხორციელებაში. ის იმასაც მიხვდა, რომ აუცილებელი იყო იესო ქრისტეს მონათლული მოწაფე გამხდარიყო. „რა მიშლის ხელს, რომ მოვინათლო?“, — ჰკითხა მან ფილიპეს, როცა წყალი დაინახა. ცხადია, ეს განსაკუთრებული შემთხვევა იყო. ეთიოპი მამაკაცი მანამდეც სცემდა ღმერთს თაყვანს, როგორც იუდეველი პროზელიტი. ალბათ, მას კარგა ხანს აღარ მიეცემოდა იმის შესაძლებლობა, რომ მონათლულიყო. უფრო მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ამ მამაკაცმა გაიგო ღვთის მოთხოვნები და მთელი გულით სურდა, მის თანახმად ეცხოვრა. ფილიპემ სიხარულით მონათლა საჭურისი. ეთიოპმა „გახარებულმა განაგრძო გზა“. ეჭვგარეშეა, თავის ქვეყანაში ის გულმოდგინედ დაიწყებდა სასიხარულო ცნობის გაცხადებას (საქმეები 8:36—39).

      4 მართალია, მიძღვნა და ნათლობა სერიოზულ დაფიქრებასა და კარგად აწონ-დაწონას მოითხოვს, მაგრამ, როგორც ეთიოპი საჭურისის შემთხვევა გვიჩვენებს, ღვთის სიტყვის ჭეშმარიტების გაგების შემდეგ ადამიანი შეიძლება მალევე მოინათლოსa. ამიტომ სათანადოა შემდეგი კითხვების განხილვა: როგორ უნდა მოემზადოს პიროვნება მონათვლისთვის? აქვს ასაკს მნიშვნელობა? როგორ სულიერ წარმატებას უნდა მიაღწიოს მან მონათვლამდე? გარდა ამისა, რატომ ითხოვს იეჰოვა, რომ მისი მსახურები მოინათლონ?

      მნიშვნელოვანი აღთქმა

      5, 6. ა) როგორ გამოეხმაურა წარსულში ღვთის ხალხი იეჰოვას სიყვარულს? ბ) როგორი ახლო ურთიერთობა შეიძლება გვქონდეს ღმერთთან ნათლობის შემდეგ?

      5 ეგვიპტიდან გათავისუფლების შემდეგ იეჰოვა მზად იყო, ისრაელი თავის „საკუთრებად“ და „წმინდა ერად“ გაეხადა და სიყვარულით ეზრუნა მასზე. თუმცა, ასეთი კურთხევების მისაღებად და ღვთის სიყვარულის საპასუხოდ ისრაელს გარკვეული მოთხოვნები უნდა შეესრულებინა. მათ ერთხმად განაცხადეს: „რაც თქვა უფალმა, ყველაფერს აღვასრულებთ“. ასეთნაირად, მათ ღმერთს აღთქმა დაუდეს (გამოსვლა 19:4—9). პირველ საუკუნეში იესომ თავის მიმდევრებს დაავალა, მოწაფეებად მოემზადებინათ ხალხი ყველა ერიდან და ისინი, რომლებიც მიიღებდნენ მის სწავლებებს, მოენათლათ. ადამიანის ღმერთთან ურთიერთობა განისაზღვრებოდა იმით, ავლენდა თუ არა რწმენას იესოსადმი და ეს ნათლობით უნდა დაემტკიცებინა (მათე 28:19, 20; საქმეები 2:38, 41).

      6 ამ ბიბლიური შემთხვევებიდან ვხედავთ, რომ იეჰოვა კურთხევებს არ იშურებს მათთვის, რომლებიც აღთქმას უდებენ მას, რომ მისი მსახურები იქნებიან. ღვთის კურთხევების მისაღებად აუცილებელია, რომ ქრისტიანმა თავი მიუძღვნას ღმერთს და მოინათლოს. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, დავიცვათ ღვთის ნორმები და მისი ხელმძღვანელობა ვეძებოთ (ფსალმუნები 47:15). იეჰოვა კი, თავის მხრივ, ასე ვთქვათ, ხელს გვჭიდებს და იმ გზაზე გვატარებს, რომელზეც უნდა ვიაროთ (ფსალმუნები 72:23, 24; ესაია 30:21; 41:10, 13).

      7. რატომ არის მიძღვნა და ნათლობა პირადი გადასაწყვეტი?

      7 ასეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმისკენ იეჰოვას სიყვარულმა და მისადმი მსახურების ძლიერმა სურვილმა უნდა აღგვძრას. არავინ უნდა მოინათლოს მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცის აზრით, ის უკვე დიდი ხანია, რაც ბიბლიას სწავლობს, ან იმის გამო, რომ მისი მეგობრები უკვე მოინათლნენ. ბუნებრივია, რომ მშობლებმა და მოწიფულმა ქრისტიანებმა ბიბლიის შემსწავლელი მიძღვნისა და ნათლობისკენ წაახალისონ. ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე მოციქულმა პეტრემ თავისი მსმენელები წაახალისა, „მონათლულიყვნენ“ (საქმეები 2:38). მიუხედავად ამისა, უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთისადმი მიძღვნა პირადი საკითხია და ჩვენ მაგივრად ამას ვერავინ გააკეთებს. პირადად ჩვენ უნდა მივიღოთ იმის გადაწყვეტილება, ვემსახუროთ თუ არა ღმერთს (ფსალმუნები 39:9).

      ნათლობისთვის მომზადება

      8, 9. ა) ბიბლიის თანახმად, რატომ არის პატარა ბავშვების მონათვლა მიუღებელი? ბ) როგორ სულიერ წინსვლას უნდა მიაღწიოს მოზარდმა მონათვლამდე?

      8 შეუძლიათ ბავშვებს მიძღვნასთან დაკავშირებული გონივრული გადაწყვეტილების მიღება? ბიბლიაში მითითებული არ არის, რა ასაკიდან შეიძლება მონათვლა. თუმცა, ერთი რამ ცხადია: შეუძლებელია, პატარა ბავშვი მორწმუნე გახდეს, რწმენის დამამტკიცებელი საქმეები აკეთოს, ან ღმერთს თავი მიუძღვნას (საქმეები 8:12). ავგუსტ ნეანდერი თავის წიგნში, „ქრისტიანული რელიგიისა და ეკლესიის ისტორია“, პირველი საუკუნის ქრისტიანების შესახებ ამბობს: „თავდაპირველად მხოლოდ სრულწლოვანები ინათლებოდნენ, რადგან მათ ესმოდათ, რომ ნათლობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული რწმენასთან“.

      9 ზოგი მოზარდი შეიძლება სიყმაწვილის ასაკშივე ჩასწვდეს ძირითად ბიბლიურ საკითხებს და მათ ღვთის მოთხოვნების თანახმად იმოქმედონ, მაშინ როცა სხვები ამას უფრო გვიან ხვდებიან. მიუხედავად ამისა, მონათვლამდე მოზარდს უნდა ჰქონდეს იეჰოვასთან პირადი ურთიერთობა, ძირითადი ბიბლიური სწავლებების შესახებ საფუძვლიანი ცოდნა და ბოლომდე ესმოდეს მიძღვნის მნიშვნელობა ისე, როგორც ეს უფროსებს ესმით.

      10. რა ნაბიჯები უნდა გადადგას პიროვნებამ მიძღვნასა და მონათვლამდე?

      10 იესომ თავის მოწაფეებს უთხრა, ესწავლებინათ სხვებისთვის ყველაფერი, რაც მცნებად დაუდო (მათე 28:20). ამიტომ, ახლებმა, პირველ რიგში, ჭეშმარიტების შესახებ საფუძვლიანი ცოდნა უნდა მიიღონ. ეს კი მათ იეჰოვასა და მისი სიტყვისადმი რწმენის განვითარებაში დაეხმარება (რომაელები 10:17; 1 ტიმოთე 2:4; ებრაელები 11:6). ხოლო, როცა ჭეშმარიტება ადამიანის გულს შეეხება, ის მონანიებისკენ აღიძვრება და წარსულ ცხოვრებაზე უარს იტყვის (საქმეები 3:19). ბოლოს, მას სურვილი უჩნდება, იეჰოვას მიუძღვნას თავი და იესოს მითითებისამებრ მოინათლოს.

      11. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ მონათვლამდე რეგულარულად მივიღოთ მონაწილეობა სამქადაგებლო მსახურებაში?

      11 ასევე მნიშვნელოვანია, რომ მან, ვინც მოსანათლად ემზადება, ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა იქადაგოს. ეს ის ძირითადი საქმეა, რის გაკეთებაც იეჰოვამ ამ ბოლო დღეებში თავის ხალხს დაავალა (მათე 24:14). მოუნათლავ მაუწყებლებს შეუძლიათ, თავიანთი მრწამსის შესახებ სხვებს ესაუბრონ. მსახურებაში მონაწილეობა მოუნათლავ მაუწყებლებს იმისთვისაც ამზადებს, რომ ნათლობის შემდეგ ღვთის სიტყვის რეგულარული და გულმოდგინე მქადაგებლები გახდნენ (რომაელები 10:9, 10, 14, 15).

      გიშლით ხელს რამე, რომ მოინათლოთ?

      12. რა მიზეზების გამო შეიძლება ზოგმა თავი შეიკავოს ნათლობისგან?

      12 ზოგი შესაძლოა ნათლობისგან თავს იმიტომ იკავებს, რომ თავს არიდებს იმ პასუხისმგებლობას, რომელსაც ნათლობა აკისრებს. მათ ესმით, ღვთის ნორმებს რომ შეესაბამებოდნენ, ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა მოახდინონ. ან შეიძლება იმის შიში ჰქონდეთ, რომ ნათლობის შემდეგ გაუჭირდებათ ღვთის მოთხოვნების თანახმად ცხოვრება. ზოგმა შეიძლება ასეთი რამეც თქვას: „დარწმუნებული არა ვარ, შეიძლება ერთ დღეს ცოდვაც ჩავიდინო და კრებიდან გავირიცხო“.

      13. რატომ თქვა პირველ საუკუნეში ზოგმა უარი, გამხდარიყო იესოს მიმდევარი?

      13 იესოს დღეებში ზოგმა პირადი ინტერესებისა და ახლობლების სიყვარულის გამო უარი თქვა, გამხდარიყო ქრისტეს მოწაფე. ერთმა კაცმა იესოს განუცხადა, რომ ყველგან გაჰყვებოდა, სადაც კი წავიდოდა. იესომ უთხრა, რომ ხშირ შემთხვევაში მას ღამის გასათევი ადგილიც კი არ ჰქონდა. როდესაც იესომ მეორეს მოუხმო, რომ გაჰყოლოდა, მან უთხრა, რომ ჯერ მამა უნდა ‘დაემარხა’. შესაძლოა, ქრისტეს მოწაფეობას მან სახლში დარჩენა ამჯობინა, რათა, როცა მამამისი მოკვდებოდა, სათანადოდ დაეკრძალა. მესამემ კი უთხრა, რომ ჯერ ოჯახის წევრებს ‘დაემშვიდობებოდა’ და მერე გაჰყვებოდა. იესომ ასეთი ადამიანების შესახებ თქვა: „არავინ ივარგებს ღვთის სამეფოსთვის, ვინც გუთანს ჰკიდებს ხელს და თან უკან იყურება“. ამგვარად, მას, ვისაც სურს, გადადოს ღვთისადმი მიძღვნა და ნათლობა, როგორც ჩანს, ყოველთვის გამონახავს იმის მიზეზს, რომ თავიდან აირიდოს ქრისტიანული ვალდებულებები (ლუკა 9:57—62).

      14. ა) როგორ გამოეხმაურნენ პეტრე, ანდრია, იაკობი და იოანე იესოს მოწვევას, გამხდარიყვნენ ადამიანთა მებადურები? ბ) რატომ არ უნდა შევიკავოთ თავი იესოს უღლის ტარებისგან?

      14 მაგრამ პეტრეს, ანდრიას, იაკობსა და იოანეს ნათლობასთან დაკავშირებით სრულიად განსხვავებული თვალსაზრისი ჰქონდათ. ბიბლია ამბობს, რომ როდესაც იესომ მოუწოდა თავის მოწაფეებს, ადამიანთა მებადურები გამხდარიყვნენ, „მათ მაშინვე მიატოვეს ბადეები და გაჰყვნენ“ (მათე 4:19—22). მათ, რომლებმაც დაუყოვნებლივ მიიღეს გადაწყვეტილება და მოინათლნენ, მოგვიანებით საკუთარ თავზე გამოსცადეს იესოს სიტყვების ჭეშმარიტება: „დაიდგით ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, რადგან რბილი და გულით თავმდაბალი ვარ, და გამოცოცხლდება თქვენი სული, ვინაიდან ჩემი უღელი ადვილი სატარებელია, ჩემი ტვირთი კი — მსუბუქი“ (მათე 11:29, 30). მართალია, ნათლობა გარკვეულ პასუხისმგებლობებს გვაკისრებს, მაგრამ იესო გვარწმუნებს, რომ ქრისტიანული უღელი ადვილი სატარებელი, მსუბუქი და გამომაცოცხლებელია.

      15. როგორ გვარწმუნებს მოსესა და იერემიას შემთხვევები, რომ შეგვიძლია ღვთის მხარდაჭერის იმედი გვქონდეს?

      15 ბუნებრივია, თუ ადამიანი, ფიქრობს, რომ თავს ვერ გაართმევს ნათლობის შემდეგ დაკისრებულ პასუხისმგებლობებს. მოსე და იერემია ფიქრობდნენ, რომ ვერ შეძლებდნენ იეჰოვას მიერ მიცემული დავალების შესრულებას (გამოსვლა 3:11; იერემია 1:6). როგორ გაამხნევა ღმერთმა ისინი? „მე ვიქნები შენთან“, — უთხრა მან მოსეს. იერემია კი ასეთი სიტყვებით გაამხნევა: „შენთან ვარ შენს გადასარჩენად“ (გამოსვლა 3:12; იერემია 1:8). ჩვენც შეგვიძლია გვქონდეს ღვთის მხარდაჭერის იმედი. თუ ვფიქრობთ, რომ ვერ შევძლებთ მიძღვნის თანახმად ცხოვრებას, ეჭვების გაფანტვაში ღვთის სიყვარული და მასზე მინდობა დაგვეხმარება. „სიყვარულში არ არის შიში; სრულყოფილი სიყვარული დევნის შიშს“, — დაწერა მოციქულმა იოანემ (1 იოანე 4:18). პატარა ბავშვს შეიძლება ეშინია მარტო სიარული, მაგრამ მამის გვერდით ის თავს მშვიდად და დაცულად გრძნობს. მსგავსადვე, თუ მთელი გულით მივენდობით იეჰოვას და მასთან ერთად ვივლით, ის გვპირდება, რომ ‘გაასწორებს ჩვენს ბილიკებს’ (იგავები 3:5, 6).

      ღირსშესანიშნავი მოვლენა

      16. რატომ არის საჭირო ნათლობისას წყალში ჩაძირვა?

      16 ქრისტიანულ ნათლობას წინ უძღვის ბიბლიური მოხსენება, რომელშიც ყურადღება მახვილდება ნათლობის მნიშვნელობაზე. მოხსენების ბოლოს ნათლობის მსურველებმა უნდა უპასუხონ ორ კითხვას და ამით ‘სახალხოდ აღიარონ’ თავიანთი რწმენა (რომაელები 10:10; იხილეთ 22-ე გვერდზე მოცემული ჩარჩო). ამის შემდეგ ნათლობის მსურველები ინათლებიან წყალში ჩაძირვით, რითაც მიჰყვებიან იესოს მაგალითს. ბიბლიაში ნათქვამია, რომ „როგორც კი მოინათლა, იესო წყლიდან ამოვიდა“ (მათე 3:16; მარკოზი 1:10). ნათელია, რომ იოანე ნათლისმცემელმა იესო წყალში ჩაძირვით მონათლაb. წყალში ჩაძირვა ასიმბოლოებს იმას, რომ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოვახდინეთ, ანუ გადატანითი მნიშვნელობით რომ ვთქვათ, ვკვდებით წარსული ცხოვრებისთვის და ვიწყებთ ახალ ცხოვრებას ღვთის ნების შესასრულებლად.

      17. როგორ შეუძლიათ ნათლობის მსურველებსა და სხვებს ხელი შეუწყონ ნათლობის ღირსეულად ჩატარებას?

      17 ნათლობა მნიშვნელოვანი და სასიხარულო მოვლენაა. ბიბლიაში ნათქვამია, რომ მდინარე იორდანეში მონათვლის შემდეგ იესომ ილოცა (ლუკა 3:21, 22). მონათვლის მსურველები ღირსეულად უნდა მოიქცნენ, რითაც აჩვენებენ, რომ ბაძავენ იესოს. რადგან ბიბლია მოგვიწოდებს, ყოველთვის მოკრძალებულად გვეცვას, ნათლობისას უფრო მეტად გვმართებს ამ რჩევის გათვალისწინება (1 ტიმოთე 2:9). სხვებსაც შეუძლიათ აჩვენონ, რომ აფასებენ ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას, თუ ისინი ყურადღებით მოისმენენ ნათლობასთან დაკავშირებულ მოხსენებას და ხელს არ შეუშლიან ძმებს ნათლობის პროცესის ორგანიზებულად ჩატარებაში (1 კორინთელები 14:40).

      კურთხევები ნათლობის შემდეგ

      18, 19. რა კურთხევები მოაქვს ნათლობას?

      18 მიძღვნისა და ნათლობის შემდეგ უნიკალური ოჯახის წევრი ვხდებით. მართლაც, დიდი კურთხევაა, რომ იეჰოვა ჩვენი მამა და მეგობარი ხდება! ნათლობამდე ღვთისგან გაუცხოებულნი ვიყავით; ახლა კი ღმერთს შევურიგდით (2 კორინთელები 5:19; კოლოსელები 1:20). ქრისტეს მიერ გაღებულმა მსხვერპლმა ღმერთთან დაგვაახლოვა (იაკობი 4:8). წინასწარმეტყველი მალაქია ამბობს, რომ იეჰოვა უყურადღებოდ არ ტოვებს და უსმენს თავის მსახურებს, რომლებიც მის სახელს ატარებენ. იეჰოვა მათ სახელებს თავის სამახსოვრო წიგნში იწერს. „ჩემი იქნებიან ისინი. . . და შევიბრალებ [მათ], როგორც კაცი შეიბრალებს თავის შვილს, რომელიც მას მორჩილებს“, — ამბობს ღმერთი (მალაქია 3:16—18).

      19 მონათვლით მსოფლიო საძმოს წევრიც ვხდებით. მოციქულ პეტრეს კითხვაზე, თუ რა კურთხევებს მიიღებდნენ მოწაფეები თავგანწირული სულის გამოვლენისთვის, იესომ უპასუხა: „ყოველი, ვინც დატოვა სახლები ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან შვილები, ან ადგილ-მამული ჩემი სახელისთვის, ბევრად მეტს მიიღებს და მარადიულ სიცოცხლეს დაიმკვიდრებს“ (მათე 19:29). წლების შემდეგ თავის წერილებში პეტრემ „ქვეყნიერებაში“ არსებული „მთელი საძმო“ მოიხსენია. მან საკუთარ თავზე გამოსცადა მოსიყვარულე საძმოს მხარდაჭერა. საძმოსთან ურთიერთობით ჩვენც შეგვიძლია მივიღოთ კურთხევები (1 პეტრე 2:17; 5:9).

      20. მომავლის რა შესანიშნავი იმედი გვეძლევა ნათლობით?

      20 გარდა ამისა, იესომ აღნიშნა, რომ მისი მიმდევრები „მარადიულ სიცოცხლეს დაიმკვიდრებდნენ“. მართლაც, მიძღვნა და ნათლობა ღვთის ახალ ქვეყნიერებაში მარადიული სიცოცხლის ანუ „ჭეშმარიტი სიცოცხლის“ პერსპექტივას გვაძლევს. ამ იმედს მტკიცედ უნდა ჩავეჭიდოთ (1 ტიმოთე 6:19). ჩვენი და ჩვენი ოჯახის მომავლისთვის ამაზე უკეთეს საძირკველს ვერ ჩავყრით. ეს შესანიშნავი იმედი შესაძლებლობას გვაძლევს, ვიაროთ „იეჰოვას, ჩვენი ღვთის სახელით მარადიულად, სამარადისოდ“ (მიქა 4:5, აქ).

      [სქოლიოები]

      a ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე პეტრეს მიერ წარმოთქმული მოხსენების შემდეგ სამი ათასი იუდეველი და პროზელიტი დაუყოვნებლივ მოინათლა. ცხადია, ეთიოპი საჭურისის მსგავსად, ისინიც გაცნობილნი იყვნენ ღვთის სიტყვის ძირითად სწავლებებს (საქმეები 2:37—41).

      b ვაინის „ახალი აღთქმის სიტყვების განმარტებითი ლექსიკონის“ თანახმად, «ბერძნული სიტყვა „ბაფტისმა“ წყალში ჩაყვინთვას, ჩაძირვას და წყლიდან ამოსვლას ნიშნავს».

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება