საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ვიცხოვროთ როგორც დროებით მცხოვრებლებმა
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 15 დეკემბერი
    • ვიცხოვროთ როგორც დროებით მცხოვრებლებმა

      „შეგაგონებთ, როგორც ხიზნებსა და დროებით მცხოვრებლებს: ერიდეთ ხორციელ სურვილებს“ (1 პეტ. 2:11).

      როგორ უპასუხებთ?

      • რატომ შეიძლება ეწოდოთ ცხებულებს „დროებით მცხოვრებლები“?

      • რა გაგებით არიან „სხვა ცხვრები“ დროებით მცხოვრებლები?

      • რას ელით მომავალში?

      1, 2. ვინ მოიხსენია პეტრემ როგორც „რჩეულები“ და რატომ უწოდა მათ „დროებით მცხოვრებლები“?

      იესოს ზეცად ამაღლებიდან დაახლოებით 30 წლის შემდეგ პეტრემ წერილი მისწერა „პონტოში, გალატიაში, კაპადოკიაში, აზიასა და ბითინიაში მიმოფანტულ დროებით მცხოვრებლებს, რჩეულებს“ (1 პეტ. 1:1). პეტრემ „რჩეულები“ უწოდა მათ, ვინც მის მსგავსად, წმინდა სულით ცხებული და ხელახლა შობილი იყვნენ და ჰქონდათ „ცოცხალი იმედი“, ემეფათ ქრისტესთან ერთად ზეცაში (წაიკითხეთ 1 პეტრეს 1:3, 4). მაგრამ რატომ უწოდა მან მოგვიანებით რჩეულებს „ხიზნები და დროებით მცხოვრებლები“? (1 პეტ. 2:11). რატომ უნდა ვინტერესდებოდეთ ამით ჩვენ, როდესაც მთელ მსოფლიოში იეჰოვას მსახურთა მხოლოდ მცირე ნაწილი არის ცხებული ანუ „რჩეული“?

      2 მართებული იყო, რომ პირველ საუკუნეში ცხებულებს „დროებით მცხოვრებლები“ ეწოდებოდათ. დღეს მცხოვრები ცხებულების დარჩენილი ნაწილის მსგავსად, არც ისინი იცხოვრებდნენ დედამიწაზე მუდმივად. მოციქული პავლე, რომელიც თავად იყო ცხებული ანუ „მცირე სამწყსოს“ წევრი, წერდა: „ჩვენი მოქალაქეობა კი ზეცაშია, საიდანაც მოუთმენლად ველით მხსნელს, უფალ იესო ქრისტეს“ (ლუკ. 12:32; ფილ. 3:20). ვინაიდან ცხებულ ქრისტიანებს „მოქალაქეობა“ ზეცაში აქვთ მიღებული, სიკვდილისას ისინი ტოვებენ მიწიერ ცხოვრებას და იღებენ გაცილებით უკეთესს — უკვდავებას ზეცაში (წაიკითხეთ ფილიპელების 1:21—23). ასე რომ, პირდაპირი გაგებით, მათ შეიძლება ეწოდოთ „დროებითი მცხოვრებლები“ სატანის ქვეყნიერებაში.

      3. რა კითხვა წამოიჭრება „სხვა ცხვართან“ დაკავშირებით?

      3 მაგრამ რის თქმა შეიძლება „სხვა ცხვარზე“? (იოან. 10:16). მათ აქვთ ბიბლიაზე დაფუძნებული მტკიცე იმედი, რომ იქნებიან მუდმივი მცხოვრებლები დედამიწაზე. მართლაც, დედამიწა მათი მარადიული სახლი გახდება. ამიტომ დღეს, გარკვეულწილად, ისინიც არიან „დროებით მცხოვრებლები“. რა გაგებით?

      „მთელი ქმნილება . . . ოხრავს“

      4. რა მხრივ არიან მსოფლიო ლიდერები უძლურნი?

      4 იეჰოვასადმი სატანის ურჩობის გამო, ყველა, მათ შორის ქრისტიანებიც, დაიტანჯებიან, ვიდრე სატანის ბოროტი ქვეყნიერება იარსებებს. რომაელების 8:22-ში ვკითხულობთ: „ვიცით, რომ მთელი ქმნილება დღემდე ოხრავს და იტანჯება“. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ლიდერებს, მეცნიერებსა და ქველმოქმედებს გულწრფელად სურთ, მოაგვარონ ეს პრობლემა, ისინი უძლურნი არიან.

      5. რა ნაბიჯებს დგამენ მილიონები 1914 წლიდან და რატომ?

      5 მილიონები 1914 წლიდან თავიანთი სურვილით ხდებიან ღვთის მიერ დანიშნული მეფის, იესო ქრისტეს, ქვეშევრდომები. მათ არ სურთ, იყვნენ სატანის ქვეყნიერების ნაწილი და მხარი დაუჭირონ მას. ნაცვლად ამისა, ისინი თავიანთ სიცოცხლესა და შესაძლებლობებს ღვთის სამეფოს მხარდასაჭერად იყენებენ (რომ. 14:7, 8).

      6. რა გაგებით შეიძლება ეწოდოთ იეჰოვას მოწმეებს „ხიზნები“?

      6 იეჰოვას მოწმეები 200-ზე მეტ ქვეყანაში კანონმორჩილი ხალხია; მაგრამ სადაც არ უნდა იყვნენ, ისინი ხიზნებივით ცხოვრობენ. როცა საქმე ეხება პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებს, იეჰოვას მოწმეები ინარჩუნებენ მტკიცე ნეიტრალიტეტს. ისინი საკუთარ თავს დღესვე მიიჩნევენ ახალი ქვეყნიერების მოქალაქეებად, რომელსაც ღმერთი დაამყარებს. მათ უხარიათ იმის დანახვა, რომ არასრულყოფილი ქვეყნიერება, რომელშიც ისინი დროებით ცხოვრობენ, სწრაფად უახლოვდება დასასრულს.

      7. როგორ და სად გახდებიან ღვთის მსახურები მუდმივი მცხოვრებლები?

      7 მალე ქრისტე თავის ძალაუფლებას სატანის ბოროტი ქვეყნიერების გასანადგურებლად გამოიყენებს. იესოს სრულყოფილი მთავრობა გაათავისუფლებს დედამიწას ცოდვისა და ტანჯვისგან. ეს მთავრობა მოსპობს ყველა ხილულ თუ უხილავ კვალს, რაც იეჰოვას სამართლიანი უზენაესი ხელისუფლებისადმი დაპირისპირებას მოჰყვა. ღვთის ერთგული მსახურები გახდებიან მუდმივი მცხოვრებლები სამოთხეში დედამიწაზე (წაიკითხეთ გამოცხადების 21:1—5). პირდაპირი გაგებით, ქმნილება „გათავისუფლდება ხრწნის მონობისგან და მიიღებს ღვთის შვილთა დიდებულ თავისუფლებას“ (რომ. 8:21).

      რა მოეთხოვებათ ჭეშმარიტ ქრისტიანებს

      8, 9. რას გულისხმობდა პეტრე, როცა მოუწოდებდა ქრისტიანებს, მორიდებოდნენ „ხორციელ სურვილებს“?

      8 პეტრე განმარტავს, თუ რა მოეთხოვებათ ქრისტიანებს. ის ამბობს: „საყვარელნო, შეგაგონებთ, როგორც ხიზნებსა და დროებით მცხოვრებლებს: ერიდეთ ხორციელ სურვილებს, რომლებიც სულს ებრძვიან“ (1 პეტ. 2:11). თავდაპირველად, პეტრემ ამ სიტყვებით ცხებულ ქრისტიანებს მიმართა, მაგრამ იესოს „სხვა ცხვარსაც“ მართებს ამ რჩევის მიყოლა.

      9 ზოგიერთი სურვილის დაკმაყოფილებაში, თუ ეს შემოქმედის მიერ დადგენილ ნორმებს არ ეწინააღმდეგება, ცუდი არაფერია. სინამდვილეში ეს ცხოვრებას უფრო სასიამოვნოს ხდის. მაგალითად, რა ჯობია გემრიელ საჭმელსა და სასმელს, მეგობრებთან ურთიერთობასა და გართობას. ასევე ბუნებრივია ქორწინებაში სიამოვნების მიზნით სქესობრივი კავშირის სურვილი (1 კორ. 7:3—5). მაგრამ პეტრეს მიერ მოხსენიებული „ხორციელი სურვილები“ არის სურვილები, რომლებიც „ებრძვიან სულს“. ბიბლიის ზოგ თარგმანში „ხორციელი სურვილები“ ნათარგმნია როგორც „ხორციელი გულისთქმები“ („საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა“) და „ცოდვილი სურვილები“ („ახალი საერთაშორისო თარგმანი“). ცხადია, უნდა მოვერიდოთ ნებისმიერ ხორციელ სურვილს, რომელიც ეწინააღმდეგება ღვთის განზრახვას და რომელმაც შეიძლება იეჰოვასთან გაგვიფუჭოს ურთიერთობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ქრისტიანმა დაკარგოს მარადიული ცხოვრების იმედი.

      10. რა მეთოდებს იყენებს სატანა, ქრისტიანები ქვეყნიერების ნაწილი რომ გახადოს?

      10 სატანის მიზანია, შეასუსტოს ჭეშმარიტი ქრისტიანების გადაწყვეტილება, იცხოვრონ როგორც დროებით მცხოვრებლებმა ამ ქვეყნიერებაში. მატერიალიზმი, უზნეობის ჩადენის ცდუნება, დიდებისკენ სწრაფვა, საკუთარი „მეს“ წარმოჩენის სურვილი და ნაციონალიზმისკენ მიდრეკილება სატანის მახეებია და ეს ჩვენც გააზრებული უნდა გვქონდეს. თუ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, თავი შევიკავოთ არასწორი ხორციელი სურვილებისგან, ამით ცხადვყოფთ, რომ არ გვსურს, ვიყოთ სატანის ბოროტი ქვეყნიერების ნაწილი და რომ ამ ქვეყნიერებაში მხოლოდ „დროებით მცხოვრებლები“ ვართ. ჩვენ ნამდვილად გვინდა და მთელი მონდომებით ვისწრაფვით, რომ მივიღოთ მუდმივი მოქალაქეობა ღვთის სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში.

      კარგი საქციელი

      11, 12. როგორ უყურებენ ზოგჯერ უცხოელებს და რის თქმა შეიძლება იეჰოვას მოწმეებზე?

      11 პეტრე მე-12 მუხლში განაგრძობს იმის განმარტებას, თუ რა მოეთხოვებათ ქრისტიანებს როგორც „დროებით მცხოვრებლებს“: „კვლავაც კარგად მოიქეცით ქვეყნიერებაში, რათა, რაშიც გძრახავენ, როგორც ბოროტმოქმედებს, იმაში დაინახონ თქვენი კარგი საქმეები და განადიდონ ღმერთი შემოწმების დღეს“. უცხოელებს ანუ სხვა ქვეყანაში დროებით მცხოვრებლებს ხანდახან აკრიტიკებენ. მათ შეიძლება ისე უყურებენ, როგორც ბოროტმოქმედებს, უბრალოდ იმის გამო, რომ ისინი სხვებისგან განსხვავდებიან. ისინი საუბრებით, ქცევებით, ჩაცმულობითა და გარეგნობითაც კი შეიძლება განსხვავდებოდნენ სხვებისგან. მაგრამ, როცა კარგ საქმეებს აკეთებენ ანუ, როცა კარგად იქცევიან, მათ წინააღმდეგ გამოთქმული კრიტიკა უსაფუძვლო ხდება.

      12 მსგავსადვე, ჭეშმარიტი ქრისტიანები განსხვავდებიან სხვებისგან, მაგალითად: საუბრებითა და გართობისადმი მათი დამოკიდებულებით. ქრისტიანები ჩაცმულობითა და გარეგნობით ხშირად განსხვავდებიან უმრავლესობისგან. ასეთი განსხვავებულობის გამო ზოგჯერ შეცდომაში შეყვანილი ადამიანები ადანაშაულებენ ქრისტიანებს, თითქოსდა, ისინი ბოროტმოქმედები იყვნენ. თუმცა სხვები შეიძლება აქებენ მათ თავიანთი ცხოვრების წესის გამო.

      13, 14. როგორ ამტკიცებს „სიბრძნის სიმართლეს“ მისი საქმეები?

      13 მართლაც, კარგ საქციელს შეუძლია უსამართლო კრიტიკის გაბათილება. იესოსაც კი, რომელიც ერთადერთი იყო, ვინც სრულყოფილად ემსახურებოდა ღმერთს, უსამართლოდ სდებდნენ ბრალს. ზოგი ამბობდა, რომ იესო იყო „გაუმაძღარი და სმას გადაყოლილი კაცი, გადასახადების ამკრეფთა და ცოდვილთა მეგობარი“. მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ თავისი კარგი საქმეებით დაამტკიცა იესომ, რომ არ იყო ბოროტმოქმედი, როგორც ამბობდნენ მასზე. „სიბრძნის სიმართლეს . . . მისი საქმეები ამტკიცებს“, — თქვა იესომ (მათ. 11:19). და ეს დღესაც ასეა. მაგალითად, ზელტერსში, გერმანიის ბეთელში, მსახურ და-ძმებს მეზობლები უცნაურ ადამიანებად მიიჩნევდნენ. მაგრამ ზელტერსის მერმა მათ დასაცავად ასეთი რამ თქვა: „მოწმეებს, რომლებიც იქ მსახურობენ, თავიანთი ცხოვრება აქვთ, მაგრამ ისინი არანაირად არ აწუხებენ სხვებს“.

      14 იმავეს თქმა შეიძლება მოსკოვში (რუსეთი) მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებზეც. მათაც უსამართლოდ სდებდნენ ბრალს არაერთ ცუდ საქმეში. მაგრამ 2010 წლის ივნისში სტრასბურგში (საფრანგეთი) ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ დაადგინა: «სასამართლომ სცნო, რომ [მოსკოვის მხრიდან] მოსარჩლეების რელიგიური თავისუფლებისა და ერთად შეკრების უფლების ხელყოფა იყო უსაფუძვლო. ადგილობრივმა სასამართლოებმა ვერ წარმოადგინეს „საფუძვლიანი და საკმარისი“ მტკიცებულებები, რომლებიც აჩვენებდა, რომ იეჰოვას მოწმეთა საზოგადოება» დამნაშავე იყო, მაგალითად: ოჯახების ნგრევაში, თვითმკვლელობისკენ წაქეზებასა და სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმაში. „ადგილობრივი სასამართლოს მიერ დაწესებული სანქცია იყო მეტისმეტად მკაცრი მათი კანონმდებლობის მოუქნელობის გამო და სცდებოდა ნებისმიერ კანონიერ მიზანს“.

      ხელისუფლებისადმი მორჩილება

      15. რა ბიბლიური პრინციპით ხელმძღვანელობენ ჭეშმარიტი ქრისტიანები მთელ მსოფლიოში?

      15 არა მარტო მოსკოვში, არამედ მთელ მსოფლიოში მცხოვრები იეჰოვას მოწმეები პეტრეს მიერ მოხსენიებული კიდევ ერთი ბიბლიური პრინციპით ხელმძღვანელობენ: „უფლის გულისთვის დაემორჩილეთ ყველაფერს, რაც ადამიანთა მიერ არის დადგენილი: მეფეს, როგორც უმაღლეს მმართველს, და გამგებლებს“ (1 პეტ. 2:13, 14). თუმცა ჭეშმარიტი ქრისტიანები ქვეყნიერების ნაწილი არ არიან, ისინი ითვალისწინებენ პავლეს მითითებას და ემორჩილებიან ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომელთაც „სხვადასხვა მდგომარეობა“ უკავიათ (წაიკითხეთ რომაელების 13:1, 5—7).

      16, 17. ა) რა ცხადყოფს, რომ ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით მთავრობებს? ბ) რა აღიარა ზოგმა პოლიტიკურმა ლიდერმა?

      16 იეჰოვას მოწმეები ამ ქვეყნიერებაში ცხოვრობენ როგორც „დროებით მცხოვრებლები“, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი „მდუმარე საპროტესტო აქციაში“ მონაწილეობენ. მოწმეები არც ეწინააღმდეგებიან სხვებს და არც ერევიან მათ საქმეებში, ვინც პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევა. სხვა რელიგიური ჯგუფებისგან განსხვავებით, იეჰოვას მოწმეები არ ერევიან პოლიტიკაში. ისინი არასდროს კარნახობენ ხელისუფლების წარმომადგენლებს, თუ როგორ მართონ ქვეყანა. ის აზრი, რომ მოწმეები დაარღვევენ საზოგადოებრივ წესრიგს ან მთავრობის წინააღმდეგ წავლენ, ფაქტობრივად, სიმართლეს მოკლებულია.

      17 ქრისტიანები ემორჩილებიან და სათანადო პატივისცემას ავლენენ მთავრობის წარმომადგენლებისადმი და ამით ითვალისწინებენ პეტრეს რჩევას: „მეფეს პატივი ეცით“ (1 პეტ. 2:17). ხანდახან ხელისუფლების წარმომადგენლები აღიარებენ, რომ მათ არანაირი საფუძველი არ აქვთ, ეშინოდეთ იეჰოვას მოწმეების. მაგალითად, გერმანელმა პოლიტიკოსმა შტეფან რაიხემ თქვა: „იეჰოვას მოწმეები საკონცენტრაციო ბანაკებსა და ციხეებში ავლენდნენ თვისებებს, რომლებიც როგორც წარსულში, ისე დღეს აუცილებელია დემოკრატიული და კონსტიტუციური სახელმწიფოს არსებობისთვის — ისინი თანაუგრძნობდნენ სხვა პატიმრებს და ავლენდნენ სიმტკიცეს, როცა ესესი დევნიდა მათ. ეს თვისებები მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის, რადგან საზოგადოება უფრო და უფრო ავლენს სისასტიკეს უცხოელებისა და განსხვავებული პოლიტიკური თუ იდეოლოგიური შეხედულებების მქონე ადამიანებისადმი“.

      სიყვარულის გამოვლენა

      18. ა) რატომ არ არის გასაკვირი, რომ ჩვენ გვიყვარს მთელი საძმო? ბ) რას აღნიშნავენ ისინი, ვინც არ არიან იეჰოვას მოწმეები?

      18 მოციქულმა პეტრემ დაწერა: „გიყვარდეთ მთელი საძმო, ღვთისა გეშინოდეთ“ (1 პეტ. 2:17). იეჰოვას მოწმეებს აქვთ ჯანსაღი შიში, არ აწყენინონ ღმერთს, რაც კიდევ ერთი აღმძვრელი ძალაა, შეასრულონ ღვთის ნება. ისინი ბედნიერები არიან, რომ ემსახურებიან ღმერთს, როგორც საერთაშორისო საძმოს ნაწილი, რომელთაც ერთი სურვილი აერთიანებთ. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ იეჰოვას მოწმეებს უყვართ მთელი საძმო. ასეთი ძმური სიყვარული იშვიათია დღევანდელ ეგოისტურ საზოგადოებაში და ხანდახან გაოცებას იწვევს მათში, ვინც არ არიან იეჰოვას მოწმეები. მაგალითად, ერთი ამერიკული ტურისტული კომპანიის გიდი გაოცებული დარჩა, როდესაც 2009 წელს გერმანიაში ჩატარებულ იეჰოვას მოწმეების საერთაშორისო კონგრესზე უცხოელი დელეგატების მიმართ და-ძმების მიერ გამოვლენილი სიყვარული და დახმარება დაინახა. მან აღნიშნა, რომ წლებია, რაც გიდად მუშაობს და მსგავსი რამ არასდროს უნახავს. მოგვიანებით ერთმა იეჰოვას მოწმემ ამ გიდის შესახებ თქვა: „ის ჩვენზე ყველაფერს განცვიფრებული და ენთუზიაზმით აღსავსე ჰყვებოდა“. თქვენც შეგინიშნავთ მსგავსი რეაქცია კონგრესებზე მათი მხრიდან, ვინც აკვირდებოდა იეჰოვას მოწმეებს?

      19. რა უნდა გვქონდეს გადაწყვეტილი და რატომ?

      19 როგორც დავინახეთ, იეჰოვას მოწმეები ბევრი რამით ცხადყოფენ, რომ პირდაპირი გაგებით, „დროებით მცხოვრებლები“ არიან სატანის ქვეყნიერებაში. მათ გადაწყვეტილი აქვთ, ასე გააგრძელონ. იეჰოვას მოწმეებს აქვთ მტკიცე და საფუძვლიანი იმედი, რომ მალე გახდებიან ღვთის სამართლიანი ახალი ქვეყნიერების მუდმივი მცხოვრებლები. თქვენც ხომ მოუთმენლად ელით ამას?!

  • „დროებით მცხოვრებლები“ გაერთიანებული არიან ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 15 დეკემბერი
    • „დროებით მცხოვრებლები“ გაერთიანებული არიან ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში

      „უცხოელები იქნებიან თქვენი მიწათმოქმედები და მევენახეები. თქვენ კი იეჰოვას მღვდლები დაგერქმევათ“ (ეს. 61:5, 6).

      როგორ უპასუხებთ?

      • როგორ უყურებს ზოგიერთი ადამიანი უცხოელებს, მაგრამ რამდენად განსხვავდება ბიბლიური თვალსაზრისი?

      • რისკენ იწვევენ დღეს ყველა ეროვნების ადამიანს?

      • რა გაგებით არ არიან დღეს იეჰოვას მოწმეებს შორის უცხოელები?

      1. როგორი დამოკიდებულება აქვს ზოგიერთს უცხოელებისადმი და რატომ არის ეს უსამართლო?

      როგორც წინა სტატიაში ეწერა, ზოგიერთები უცხოელებს ამცირებენ, არაფრად მიიჩნევენ და მათდამი ზიზღსაც კი არ მალავენ. უპატივცემულობის გამოვლენა იქნებოდა, თუკი საკუთარ ეროვნებას ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები სხვა ხალხების ეროვნებაზე მაღლა დავაყენებდით. უფრო მეტიც, ეს ფაქტების უგულებელყოფაც იქნებოდა. ერთ წიგნში ნათქვამია: „როგორც ბიბლია ამბობს, ყველა რასის ადამიანი ერთმანეთის ძმაა“. ხშირად ძმები საკმაოდ განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ ისინი მაინც ძმები არიან“ („The Races of Mankind“).

      2, 3. როგორ უყურებს იეჰოვა უცხოელებს?

      2 სადაც არ უნდა ვცხოვრობდეთ, უცხოელები ყველგან არიან. ასე იყო ძველი ისრაელის დროსაც, რომლებსაც კანონის შეთანხმების საფუძველზე განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ იეჰოვა ღმერთთან. მართალია, არაისრაელების უფლებები, გარკვეულწილად, შეზღუდული იყო, მაგრამ ისრაელებს მოეთხოვებოდათ, პატივისცემით და სამართლიანად მოპყრობოდნენ მათ. რა შესანიშნავი მაგალითია ჩვენთვის! ჭეშმარიტი ქრისტიანები არ უნდა იყვნენ მიკერძოებულები და არ უნდა ჰქონდეთ წინასწარ აკვიატებული აზრები. ამის მიზეზი მოციქულმა პეტრემ მოიხსენია: „ახლა მართლა ვხედავ, რომ ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქმნელი მოსაწონია მისთვის“ (საქ. 10:34, 35).

      3 ძველ ისრაელში მცხოვრები უცხოელებისთვის ისრაელებთან ახლო ურთიერთობას სარგებლობა მოჰქონდა. ეს ირეკლავდა იეჰოვას თვალსაზრისს ამ საკითხზე, როგორც ეს წლების შემდეგ მოციქულმა პავლემ თქვა: „განა მხოლოდ იუდეველების ღმერთია იგი? განა უცხოტომელებისაც არა? დიახ, უცხოტომელებისაც“ (რომ. 3:29; იოელ. 2:32).

      4. რატომ შეიძლება ითქვას, რომ „ღვთის ისრაელში“ არ არიან უცხოელები?

      4 ახალი შეთანხმების საფუძველზე ცხებული ქრისტიანების კრებამ შეცვალა ხორციელი ისრაელი, რომელთანაც ღმერთს ერთ დროს განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა. ამიტომ ეწოდა ცხებული ქრისტიანების კრებას „ღვთის ისრაელი“ (გალ. 6:16). და როგორც პავლემ თქვა, ამ ახალ ერში „არ არის არც ბერძენი და არც იუდეველი, არც წინადაცვეთა და არც წინადაუცვეთელობა, არც უცხოელი, არც სკვითი, არც მონა და არც თავისუფალი, არამედ ქრისტეა ყველაფერი და ის არის ყოველივეში“ (კოლ. 3:11). სწორედ ამ გაგებით არ არიან ცხებულ ქრისტიანთა შორის უცხოელები.

      5, 6. ა) რა კითხვა შეიძლება წამოიჭრას ესაიას 61:5, 6-თან დაკავშირებით? ბ) ვინ არიან ესაიას მიერ მოხსენიებული „იეჰოვას მღვდლები“ და „უცხოელები“? გ) რა აქვთ საერთო ამ ორ ჯგუფს?

      5 მაგრამ რის თქმა შეიძლება ესაიას 61-ე თავში ჩაწერილი წინასწარმეტყველების შესახებ, რომელიც ქრისტიანულ კრებაზე სრულდება? ამ თავის მე-6 მუხლში მოხსენიებული არიან ისინი, ვინც იმსახურებენ „იეჰოვას მღვდლებად“. მე-5 მუხლი კი საუბრობს „უცხოელებზე“, რომლებიც ამ „მღვდლებთან“ ითანამშრომლებდნენ. როგორ შეიძლება ამის გაგება?

      6 ჩვენ ვიცით, რომ „იეჰოვას მღვდლებს“ ანუ ცხებულ ქრისტიანებს „წილი აქვთ პირველ აღდგომაში“ და „იქნებიან ღვთისა და ქრისტეს მღვდლები და მასთან ერთად იმეფებენ ათას წელს“ (გამოცხ. 20:6). გარდა ამისა, არის უამრავი ერთგული ქრისტიანი, რომელთაც დედამიწაზე ცხოვრების იმედი აქვთ. ისინი, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ მათთან, ვინც ზეცაში იმსახურებენ, გადატანითი მნიშვნელობით არიან უცხოელები. ეს ქრისტიანები სიხარულით უჭერენ მხარს „იეჰოვას მღვდლებს“ და მსახურობენ მათთან ერთად, როგორც მათი „მიწათმოქმედები“ და „მევენახეები“. ისინი ქადაგებენ და ჭეშმარიტებას ასწავლიან ადამიანებს, რითაც ეხმარებიან ცხებულ ქრისტიანებს ღვთის განდიდებაში. ნამდვილად, როგორც ცხებულები, ისე „სხვა ცხვარი“ ეძებენ და შემდეგ სიყვარულით „მწყემსავენ“ გულწრფელ ადამიანებს, რომელთაც სურთ, მარადიულად ემსახურონ ღმერთს (იოან. 10:16).

      აბრაამის მსგავსად „დროებით მცხოვრებლები“

      7. რით ჰგვანან დღეს ქრისტიანები აბრაამსა და წარსულში მცხოვრებ ღვთის სხვა ერთგულ მსახურებს?

      7 როგორც წინა სტატიაში ეწერა, ჭეშმარიტი ქრისტიანები სატანის ბოროტ ქვეყნიერებაში უცხოელები ანუ დროებით მცხოვრებლები არიან. ამ მხრივ ისინი ჰგვანან წარსულში მცხოვრებ ღვთის ერთგულ მსახურებს, მათ შორის აბრაამსაც, რომელთა შესახებაც ბიბლიაში წერია, რომ „უცხონი და დროებით მცხოვრებნი იყვნენ იმ ქვეყანაში“ (ებრ. 11:13). ზეცაში ცხოვრების იმედი გვაქვს, თუ დედამიწაზე, ჩვენთვის დიდი პატივია, აბრაამის მსგავსად, ახლო ურთიერთობა გვქონდეს იეჰოვასთან. იაკობი ამბობს: „აბრაამმა ირწმუნა იეჰოვა და ეს სიმართლედ ჩაეთვალა და იეჰოვას მეგობარი ეწოდა“ (იაკ. 2:23).

      8. რა აღუთქვა ღმერთმა აბრაამს და რას ფიქრობდა ის ამ დაპირებაზე?

      8 ღმერთმა აბრაამს აღუთქვა, რომ ამ ერთგული მამაკაცისა და მისი შთამომავლის მეშვეობით დედამიწაზე არა მხოლოდ ერთი ერი, არამედ ყველა ერი იქნებოდა კურთხეული (წაიკითხეთ დაბადების 22:15—18). მიუხედავად იმისა, რომ ღვთის ეს დაპირება შორეულ წარსულში შესრულდებოდა, აბრაამს სწამდა, რომ ეს ასეც იქნებოდა. 100 წლის მანძილზე ის ოჯახთან ერთად ერთი ადგილიდან მეორეზე გადაადგილდებოდა. ყველაფრის მიუხედავად, აბრაამმა იეჰოვასთან მეგობრობა შეინარჩუნა.

      9, 10. ა) რაში შეგვიძლია მივბაძოთ აბრაამს? ბ) რა მოწვევაში შეგვიძლია მონაწილეობის მიღება?

      9 მიუხედავად იმისა, რომ აბრაამმა არ იცოდა, რამდენი ხანი მოუწევდა ლოდინი, სანამ ღვთისგან დაპირებულს მიიღებდა, იეჰოვასადმი მისი სიყვარული და ერთგულება არასდროს შერყეულა. მას ყოველთვის ახსოვდა, რომ ხიზანი იყო, ამიტომ არ უნდოდა, დამკვიდრებულიყო რომელიმე ერში როგორც მუდმივი მცხოვრები (ებრ. 11:14, 15). რამდენად გონივრულია, მივყვეთ აბრაამის მაგალითს, ვიცხოვროთ უბრალო ცხოვრებით და არ დავუშვათ, რომ სიმდიდრის დაგროვება, მდგომარეობა თუ კარიერა ყველაზე მნიშვნელოვანი გახდეს ჩვენთვის. რად გვინდა, ვისწრაფოთ ეგრეთ წოდებული ნორმალური ცხოვრების მოწყობისკენ ქვეყნიერებაში, რომელსაც მალე მოეღება ბოლო? რატომ უნდა ვწუხდეთ ზედმეტად იმაზე, რაც მხოლოდ დროებითია? როგორც აბრაამის შემთხვევაში იყო, ჩვენც წინ რაღაც ბევრად უკეთესი გველის. გვინდა, გამოვავლინოთ მოთმინება და დაველოდოთ დროს, როცა ჩვენი იმედი რეალობად იქცევა (წაიკითხეთ რომაელების 8:25).

      10 იეჰოვა კვლავაც იწვევს ადამიანებს ყველა ერიდან, რომ მიიღონ კურთხევა აბრაამის შთამომავლის მეშვეობით. როგორც ცხებული ქრისტიანები, „იეჰოვას მღვდლები“, ისე „სხვა ცხვარი“ ანუ „უცხოელები“, მთელ დედამიწაზე 600-ზე მეტ ენაზე ავრცელებენ ამ მოწვევას.

      ეროვნულ საზღვრებს მიღმა

      11. რისკენ მოუხმო სოლომონმა ადამიანებს ყველა ერიდან?

      11 აბრაამისთვის მიცემული იეჰოვას დაპირების თანახმად ძვ. წ. 1026 წელს, ტაძრის მიძღვნისას სოლომონმა თქვა, რომ ადამიანები ყველა ერიდან განადიდებდნენ იეჰოვას. ის მთელი გულით ლოცულობდა: „თუ უცხოელი, რომელიც არ ეკუთვნის შენს ხალხს, ისრაელს, და რომელიც შორეული ქვეყნიდან მოვა შენი სახელის გამო (რადგან გაიგებენ შენი დიდებული სახელის, ძლიერი ხელისა და გაწვდილი მკლავის შესახებ), მოვა და ილოცებს ამ სახლისკენ მობრუნებული, მოუსმინე ზეციდან, შენი მუდმივი სამყოფლიდან, და შეუსრულე უცხოელს სათხოვარი, რათა დედამიწის ყველა ხალხმა იცოდეს შენი სახელი; ისე ეშინოდეთ შენი, როგორც შენს ხალხს, ისრაელს“ (1 მეფ. 8:41—43).

      12. რატომ მიიჩნევენ ზოგიერთები იეჰოვას მოწმეებს უცნაურებად და რატომ უყურებენ მათ როგორც უცხოელებს?

      12 უცხოელია ის, ვინც ცხოვრობს ან სტუმრად არის ჩასული სხვა ქვეყანაში. ეს ზუსტად აღწერს იეჰოვას მოწმეების მდგომარეობას. ისინი მხარს უჭერენ ზეციერ მთავრობას, ღვთის სამეფოს ქრისტეს მეთაურობით. ამგვარად იეჰოვას მოწმეები ინარჩუნებენ მტკიცე ნეიტრალიტეტს პოლიტიკურ საკითხებში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზოგიერთები მათგან მოითხოვენ, რომ მოიქცნენ, როგორც სხვები.

      13. ა) როგორ არის დამოკიდებული ჩვენს აღქმაზე სიტყვა „უცხოელის“ გაგება? ბ) იყო თუ არა იეჰოვას თავდაპირველი განზრახვა, რომ ყოფილიყვნენ „უცხოელები“? ახსენით.

      13 ხშირად უცხოელები მათთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით ამოიცნობიან. ეს შეიძლება იყოს მათი ენა, წეს-ჩვეულებები, გარეგნობა ან მათი ჩაცმის სტილი თუ მანერა. მაგრამ არის რაღაცები, რაც ეროვნების მიუხედავად, ყველას საერთო აქვს და ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ზემოხსენებული ნიშან-თვისებები. ამგვარად, ადამიანს უცხოელად მხოლოდ ამა თუ იმ განსხვავების გამო მიიჩნევენ. როდესაც ყურადღებას არ ვაქცევთ არსებულ ან წარმოსახვით სხვაობებს, სიტყვა „უცხოელი“ კარგავს თავის მნიშვნელობას. დედამიწაზე ერთი მთავრობა რომ ყოფილიყო, მაშინ პოლიტიკური გაგებით არავინ იქნებოდა უცხოელი. სწორედ ეს იყო იეჰოვას თავდაპირველი განზრახვა, რომ ყველა ადამიანი გაერთიანებული ყოფილიყო როგორც ერთი ოჯახი ერთი მმართველობის, ღვთის მმართველობის ქვეშ. ნუთუ შესაძლებელია, რომ უკვე დღესვე ადამიანები ერთმანეთს არ უყურებდნენ როგორც უცხოელებს?

      14, 15. რის გაკეთება შეძლეს იეჰოვას მოწმეებმა როგორც ჯგუფმა?

      14 ეგოიზმისა და ნაციონალიზმის სულით გაჟღენთილ მსოფლიოში, გამამხნევებელია ისეთი ადამიანების ნახვა, რომლებიც სცდებიან ეროვნულ საზღვრებს. ცხადია, წინასწარ აკვიატებული აზრების გადალახვა ადვილი არ არის. სატელევიზიო არხის, სი-ენ-ენის, დამაარსებელი ტედ ტერნერი სხვადასხვა ეროვნების ადამიანთან ერთად  მუშაობის შესახებ ამბობს: «ამ ადამიანებთან ურთიერთობამ ძალიან დიდი გამოცდილება შემძინა. მივხვდი, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეები უცხოელები კი არა, ჩვენი პლანეტის მოქალაქეები არიან. მე სიტყვა „უცხოელი“ შეურაცხმყოფლად მივიჩნიე და სი-ენ-ენში წესად დავადგინე, რომ არც ეთერში და არც ოფისებში ეს სიტყვა არ უნდა გაჟღერებულიყო. უცხოელის ნაცვლად უნდა გამოგვეყენებინა სიტყვა „საერთაშორისო“».

      15 მსოფლიოში მხოლოდ იეჰოვას მოწმეებმა როგორც ჯგუფმა, გაითავისეს ღვთის თვალსაზრისი ამ საკითხთან დაკავშირებით. მათ ისწავლეს, ისე უყურონ ადამიანებს, როგორც ღმერთი უყურებს მათ და ამით შეძლეს, გონებრივადაც და ემოციურადაც დაემსხვრიათ ეროვნული ბარიერები. ისინი უნდობლობით, ეჭვის თვალითა და სიძულვილით არ უყურებენ სხვა ეროვნების ადამიანებს; პირიქით, იეჰოვას მოწმეები აფასებენ სხვადასხვა ეროვნების ადამიანისთვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებსა და მათ შესაძლებლობებს. გიფიქრიათ იმაზე, თუ როგორ ახერხებენ ამას იეჰოვას მოწმეები და პირადად თქვენ როგორ დაგეხმარებათ ეს სხვებთან ურთიერთობისას?

      მსოფლიო „უცხოელების“ გარეშე

      16, 17. რას შეიძლება ნიშნავდეს თქვენთვის გამოცხადების 16:16-სა და დანიელის 2:44-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველებების შესრულება?

      16 მალე დღეს არსებული ყველა ერი დაუპირისპირდება იესო ქრისტესა და მის ზეციერ ლაშქარს ღვთის მმართველობის წინააღმდეგ გამართულ უკანასკნელ ბრძოლაში, რომელსაც „ებრაულად არმაგედონი ჰქვია“ (გამოცხ. 16:14, 16; 19:11—16). 2 500-ზე მეტი წლის წინ წინასწარმეტყველმა დანიელმა ღვთის შთაგონებით იწინასწარმეტყველა, თუ რით დამთავრდებოდა ადამიანთა მმართველობა, რომელიც ღვთის განზრახვას ეწინააღმდეგება. ის წერდა: „იმ მეფეების დროს ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც არასოდეს დაიქცევა. ეს სამეფო სხვა ხალხს არ გადაეცემა. ის დააქცევს და ბოლოს მოუღებს ყველა ამ სამეფოს, თავად კი მარადიულად იდგება“ (დან. 2:44).

      17 შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რას ნიშნავს ამ წინასწარმეტყველების შესრულება პირადად თქვენთვის? მეტად აღარ იარსებებს ხელოვნურად შექმნილი ეროვნული საზღვრები, რომელთა გამოც ადამიანები ერთმანეთს უცხოელებად მიიჩნევენ. ნებისმიერი შესაძლო განსხვავება, იქნება ეს გარეგნობა თუ სხვა დამახასიათებელი ნიშან-თვისება, იმეტყველებს ღვთის შემოქმედების საოცარ ნაირფეროვნებაზე. ასეთი შთამბეჭდავი მომავლის პერსპექტივა თითოეულ ჩვენგანს უნდა აღგვძრავდეს, რომ კვლავაც მთელი გულით განვადიდოთ ჩვენი შემოქმედი იეჰოვა ღმერთი.

      მოუთმენლად ელით იმ დროს, როცა აღარ იქნება ადამიანის მიერ შექმნილი საზღვრები და როცა ცნება „უცხოელი“ წარსულს ჩაჰბარდება?

      18. რა ცხადყოფს, რომ ცნება „უცხოელი“ მალე წარსულს ჩაჰბარდება?

      18 დაუჯერებელია, რომ ასეთი ძირეული ცვლილება მოხდება მთელ მსოფლიოში? სრულებითაც არა. უფრო მეტიც, ამის დაჯერების სრული საფუძველი გვაქვს. იეჰოვას მოწმეებს შორის ცნება „უცხოელმა“ უკვე დაკარგა თავისი მნიშვნელობა, ვინაიდან ისინი ადამიანის ეროვნებას დიდ ყურადღებას არ აქცევენ. მაგალითად, არც თუ ისე დიდი ხნის წინ რამდენიმე პატარა ფილიალი გაერთიანდა, რათა უფრო ადვილი ყოფილიყო ხელმძღვანელობა და უფრო ნაყოფიერი სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება (მათ. 24:14). რამდენადაც კანონი ამის საშუალებას იძლეოდა, ასეთი გადაწყვეტილებების მიღებისას ეროვნულ საზღვრებს არ ექცეოდა ყურადღება. ეს კიდევ ერთი ხილული მტკიცებულებაა, რომ იესო ქრისტე, როგორც იეჰოვას მიერ დანიშნული მმართველი ამსხვრევს ადამიანთა მიერ დადგენილ საზღვრებს და ერთხელ და სამუდამოდ მოუღებს მათ ბოლოს, როცა საბოლოოდ გაიმარჯვებს (გამოცხ. 6:2).

      19. რა გახდა შესაძლებელი ჭეშმარიტების სუფთა ენის წყალობით?

      19 იეჰოვას მოწმეები ცდილობენ, მხარი დაუჭირონ ჭეშმარიტების სუფთა ენას, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები და, შესაბამისად, სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ხალხია. ამის წყალობით მათი ერთიანობა არასდროს დაირღვევა (წაიკითხეთ სოფონიას 3:9). ეს არის საერთაშორისო ოჯახი, რომელიც იმყოფება ამ ბოროტ ქვეყნიერებაში, მაგრამ არაფერი აქვს მასთან საერთო. ეს გაერთიანებული ოჯახი არის მომავალი მსოფლიოს წინასახეობა, მსოფლიოსი, რომელშიც არც ერთი ადამიანი არ იქნება უცხოელი. მაშინ უკლებლივ ყველა მცხოვრები სიხარულით აღიარებს ზემოხსენებულ წიგნში მოცემულ ფრაზას: „როგორც ბიბლია ამბობს, ყველა რასის ადამიანი ერთმანეთის ძმაა“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება