საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იეჰოვა — „მშვიდობის მომცემი ღმერთი“
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 აგვისტო
    • იეჰოვა — „მშვიდობის მომცემი ღმერთი“

      „მშვიდობის მომცემი ღმერთი იყოს ყველა თქვენგანთან“ (რომ. 15:33).

      1, 2. რა დაძაბული სიტუაციაა აღწერილი დაბადების 32-ე და 33-ე თავებში და როგორ დასრულდა ყველაფერი?

      მოვლენები ვითარდება იაბოკის ხევის მახლობლად, მდინარე იორდანეს აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ ფენუელთან ახლოს. ესავმა შეიტყო, რომ მისი ტყუპისცალი იაკობი შინ ბრუნდება. 20 წელია გასული მას შემდეგ, რაც ესავმა იაკობს პირმშოობა მიჰყიდა, მაგრამ მაინც ეშინია, რომ ძმამ არ მოკლას. 400 კაცთან ერთად ესავი დიდი ხნის უნახავ ძმასთან შესახვედრად მიდის. იაკობი ძმისგან მტრულ დახვედრას ელოდება, ამიტომ ერთიმეორეზე მიყოლებით საჩუქრად 550-ზე მეტ შინაურ ცხოველს უგზავნის. თითოეული ჯოგის გადაცემისას იაკობის მსახური ესავს ეუბნება, რომ ეს მისი ძმისგან გამოგზავნილი საჩუქარია.

      2 დადგა შეხვედრის დროც. იაკობი გაბედულად გაემართა ესავისკენ და, სანამ მიუახლოვდებოდა, მდაბლად თაყვანი სცა; თან არა ერთხელ, არამედ შვიდჯერ. იაკობმა უკვე მიიღო ზომები იმისათვის, რომ ძმის გული მოეგო. მან იეჰოვას ლოცვაში სთხოვა, რომ ესავის ხელიდან ეხსნა. იეჰოვამაც უპასუხა მის ლოცვას. ბიბლიაში ნათქვამია: „გამოექანა ესავი შესაგებებლად, კისერზე მოეხვია, [და] აკოცა“ (დაბ. 32:11—20; 33:1—4).

      3. რას ვსწავლობთ იაკობისა და ესავის შემთხვევიდან?

      3 იაკობისა და ესავის შემთხვევა გვასწავლის, რომ, თუ ქრისტიანული კრების წევრებს შორის მშვიდობას საფრთხე ემუქრება, პრობლემის მოსაგვარებლად ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ და პრაქტიკული ნაბიჯები გადავდგათ. იაკობი ესავთან მშვიდობას იმიტომ არ ეძებდა, რომ შეცდა თავის ძმასთან და მისთვის ბოდიში უნდა მოეხადა. ესავმა ხომ არაფრად ჩააგდო თავისი პირმშოობა და ერთ ულუფა შეჭამანდად მიჰყიდა იაკობს (დაბ. 25:31—34; ებრ. 12:16). მაგრამ ის, თუ როგორ შეხვდა იაკობი ესავს, გვიჩვენებს, რამდენად უნდა გვსურდეს ქრისტიან ძმასთან მშვიდობის შენარჩუნება. აგრეთვე ვიგებთ, რომ ჭეშმარიტი ღმერთი უპასუხებს ჩვენს ლოცვებს და აკურთხებს მშვიდობის აღსადგენად გამოვლენილ ძალისხმევას. ბიბლიაში მოცემულია სხვა მაგალითებიც, რომლებიც აღგვძრავს, ვიყოთ მშვიდობისმყოფელები.

      უბადლო მაგალითი

      4. რა გააკეთა იეჰოვამ ცოდვისა და სიკვდილისგან კაცობრიობის სახსნელად?

      4 მშვიდობისმყოფელობის უბადლო მაგალითს გვაძლევს იეჰოვა, „მშვიდობის მომცემი ღმერთი“ (რომ. 15:33). დაფიქრდით, რა დიდი ნაბიჯი გადმოდგა იეჰოვამ იმისათვის, რომ მასთან მშვიდობიანი ურთიერთობა გვქონოდა. როგორც ადამ და ევას ცოდვილი შთამომავლები, „[ამ] ცოდვის საზღაურს“ ვიმსახურებთ (რომ. 6:23). მიუხედავად ამისა, იეჰოვამ უდიდესი სიყვარული გამოავლინა და ჩვენ სახსნელად ზეციდან თავისი საყვარელი ძე გამოგზავნა, რომელიც დედამიწაზე სრულყოფილ ადამიანად უნდა დაბადებულიყო. ძემაც მზადყოფნით შეასრულა მამის ნება და საკუთარი სიცოცხლე მსხვერპლად გაიღო (იოან. 10:17, 18). ჭეშმარიტმა ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა თავისი საყვარელი ძე, რის შემდეგაც იესომ მამას თავისი დაღვრილი სისხლის ფასი წარუდგინა. ამგვარად მან გადაიხადა გამოსასყიდი, რომელიც მომნანიე შემცოდველებს მარადიული სიკვდილისგან იხსნიდა (წაიკითხეთ ებრაელების 9:14, 24 ).

      5, 6. რა გავლენას ახდენს იესოს მიერ დაღვრილი სისხლი ღმერთსა და ცოდვილ კაცობრიობას შორის გაფუჭებულ ურთიერთობაზე?

      5 როგორ იმოქმედა ღვთის ძის მიერ გაღებულმა გამოსასყიდმა ღმერთსა და ცოდვილ კაცობრიობას შორის გაფუჭებულ ურთიერთობაზე? ესაიას 53:5-ში ნათქვამია: „დაისაჯა, ჩვენ რომ მშვიდობა გვქონოდა, და მისმა ჭრილობებმა განგვკურნა“. მორჩილი ადამიანები უკვე ღვთის მტრებად კი არ ითვლებიან, არამედ ღმერთთან მშვიდობიანი ურთიერთობა აქვთ. „მისი [იესოს] მეშვეობით, მისივე სისხლით გადახდილი გამოსასყიდით ვართ გათავისუფლებულნი, დიახ, გვეპატია შეცოდებები“ (ეფეს. 1:7).

      6 ბიბლიაში ვკითხულობთ: „ღმერთმა მოისურვა, რომ მასში [ქრისტეში] დამკვიდრებულიყო ყოველი სისავსე“. ეს იმას ნიშნავს, რომ ღვთის განზრახვის შესრულებაში მთავარი როლი ქრისტეს აკისრია. რა არის იეჰოვას განზრახვა? „შეირიგოს თავისთან ყოველივე . . . იმით, რომ მშვიდობას დაამყარებს მის [იესო ქრისტეს] მიერ . . . დაღვრილი სისხლით“. „ყოველივეში“, რაც ღმერთმა თავისთან შეირიგა, შედის ის, რაც „დედამიწაზე თუ ზეცაშია“. რა იგულისხმება ზეცაში და რა — დედამიწაში? (წაიკითხეთ კოლოსელების 1:19, 20 ).

      7. რა იგულისხმება „ზეცასა და დედამიწაში“, რომლებიც ღმერთმა თავისთან შეირიგა?

      7 მართლებად, ღვთის ძეებად, გამოცხადებულ ცხებულ ქრისტიანებს გამოსასყიდი საშუალებას აძლევს, „მშვიდობა შეინარჩუნონ ღმერთთან“ (წაიკითხეთ რომაელების 5:1 ). ისინი არიან, რაც „ზეცაშია“, რადგან მათ ზეცაში ცხოვრების იმედი აქვთ; ისინი დედამიწის მეფეები და მმართველები იქნებიან და ღვთის მღვდლებად იმსახურებენ (გამოცხ. 5:10). ის კი, რაც „დედამიწაზეა“, მიუთითებს მომნანიე ადამიანებზე, რომლებიც მარადიულად იცხოვრებენ დედამიწაზე (ფსალმ. 37:29).

      8. რა გავლენას ახდენს პირადად თქვენზე იმაზე ფიქრი, რომ იეჰოვამ შესაძლებელი გახადა ადამიანებთან მშვიდობიანი ურთიერთობა?

      8 პავლე გამოსასყიდისთვის იეჰოვასადმი მადლიერებას გამოხატავს წერილში, რომელიც მან ეფესოელ ცხებულ ქრისტიანებს მისწერა: „გულმოწყალებით მდიდარმა ღმერთმა . . . ქრისტესთან ერთად გაგვაცოცხლა, როცა მკვდრები ვიყავით შეცოდებებში (წყალობით ხართ გადარჩენილნი)“ (ეფეს. 2:4, 5). ზეცაში ცხოვრების იმედი გვაქვს თუ დედამიწაზე, დიდად ვემადლიერებით ღმერთს გამოვლენილი წყალობისა და სიკეთისთვის. გული მადლიერებით გვევსება, როდესაც ვფიქრობთ ყველაფერზე, რაც იეჰოვამ ადამიანებთან მშვიდობის აღსადგენად გააკეთა. როცა კრების ერთიანობას საფრთხე ემუქრება, კარგია, თუ დავფიქრდებით ღვთის ამ მაგალითზე და მშვიდობისმყოფელები ვიქნებით.

      ვისწავლოთ აბრაამისა და ისაკის მაგალითებიდან

      9, 10. ლოტისა და აბრაამის მწყემსებს შორის უთანხმოების წამოჭრისას, როგორ ცხადყო აბრაამმა, რომ მშვიდობისმყოფელი იყო?

      9 პატრიარქ აბრაამის შესახებ ბიბლიაში ვკითხულობთ: «„აბრაამმა ირწმუნა იეჰოვა და ეს სიმართლედ ჩაეთვალა“, და იეჰოვას მეგობარი ეწოდა» (იაკ. 2:23). აბრაამი მშვიდობისმოყვარე იყო, რითაც ცხადი გახდა თავისი რწმენა. მაგალითად, აბრაამის ფარები და ჯოგები ისე გამრავლდა, რომ მის მწყემსებსა და მისი ძმისშვილის, ლოტის, მწყემსებს შორის უთანხმოება ჩამოვარდა (დაბ. 12:5; 13:7). ამ მდგომარეობიდან საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, თუ ისინი სხვადასხვა მხარეს წავიდოდნენ. როგორ მოიქცა აბრაამი ასეთ რთულ სიტუაციაში? მას არ უფიქრია, რომ საბოლოო გადაწყვეტილება თავად უნდა მიეღო, რადგან ის ასაკით უფროსი იყო და იეჰოვასთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა. ნაცვლად ამისა, თავისი მოქმედებით აჩვენა, რომ ნამდვილი მშვიდობისმყოფელი იყო.

      10 აბრაამმა თავის ძმისშვილს უთხრა: „მოდი, ნუ ვიდავებთ, ნურც ჩვენ და ნურც ჩვენი მწყემსები, რადგან ძმები ვართ“; შემდეგ კი დასძინა: „შენ წინაშეა მთელი მიწა. გამეყარე. თუ მარცხნივ წახვალ, მე მარჯვნივ წავალ; და თუ მარჯვნივ წახვალ, მე მარცხნივ წავალ“. ლოტმა უფრო ნოყიერი მიწა აირჩია, მაგრამ აბრაამს ამის გამო უკმაყოფილება არ გამოუხატავს (დაბ. 13:8—11). მოგვიანებით, როცა ლოტი ტყვედ წაიყვანეს, აბრაამი დაუყოვნებლივ გაეშურა მის სახსნელად (დაბ. 14:14—16).

      11. როგორ ისწრაფოდა აბრაამი, რომ შეენარჩუნებინა მშვიდობა ფილისტიმელებთან?

      11 დავფიქრდეთ აგრეთვე, თუ როგორ ისწრაფოდა აბრაამი, რომ მშვიდობა შეენარჩუნებინა ქანაანის მიწაზე მცხოვრებ ფილისტიმელებთან. მათ „ძალით ჩაიგდეს ხელში“ ბეერ-შებაში აბრაამის მსახურების მიერ ამოთხრილი ჭა. როგორ მოიქცეოდა კაცი, რომელიც ოთხ მეფეს შეებრძოლა, რომ თავისი ძმისშვილი ტყვეობიდან დაეხსნა? ნაცვლად იმისა, რომ შებრძოლებოდა და დაპატრონებოდა თავის ჭას, ამ შემთხვევაში აბრაამმა გაჩუმება არჩია. მოგვიანებით ფილისტიმელთა მეფე მივიდა აბრაამთან მშვიდობის შეთანხმების დასადებად. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ფილისტიმელთა მეფეს შეჰფიცა, რომ მის შთამომავლობას კეთილად მოექცეოდა, აბრაამმა წამოჭრა წართმეული ჭის საკითხი. ამის მოსმენით გაოგნებულმა მეფემ აბრაამს ჭა დაუბრუნა და აბრაამი კვლავ მშვიდობიანად ცხოვრობდა ფილისტიმელთა მიწაზე (დაბ. 21:22—31, 34).

      12, 13. ა) როგორ ჰბაძავდა ისაკი მამამისს? ბ) როგორ აკურთხა იეჰოვამ ისაკი მშვიდობისმოყვარეობისთვის?

      12 აბრაამის შვილი ისაკი მშვიდობისმოყვარეობაში მამას ჰბაძავდა. ეს გამოჩნდა ფილისტიმელებისადმი მის დამოკიდებულებაში. შიმშილობის გამო ისაკმა თავისი ოჯახი ბეერ-ლახაი-როის ჩრდილოეთით მდებარე ნეგების ხრიოკი ადგილიდან უფრო ნაყოფიერ ფილისტიმელთა გერარში გადაიყვანა. აქ იეჰოვამ ისაკი უხვი მოსავლითა და მრავალი საქონლით აკურთხა. ფილისტიმელებს შეშურდათ მისი. მათ არ სურდათ, რომ ისიც ისეთივე წარმატებული ყოფილიყო, როგორც მამამისი. ამიტომ იმ მიდამოებში აბრაამის მსახურების მიერ ამოთხრილი ჭები მიწით ამოავსეს. ბოლოს, ფილისტიმელთა მეფემ უთხრა: „წადი ჩვენი მიწიდან“. მშვიდობისმყოფელი ისაკი მეფის სიტყვისამებრ მოიქცა (დაბ. 24:62; 26:1, 12—17).

      13 ისაკი მოშორებით დაბანაკდა. მისმა მწყემსებმა სხვა ჭა ამოთხარეს. ფილისტიმელი მწყემსები ირწმუნებოდნენ, რომ წყალი მათი იყო. მამამისის, აბრაამის, მსგავსად, ისაკს დავა არ დაუწყია ჭის გამო. ამის ნაცვლად, მისმა მსახურებმა ახალი ჭა ამოთხარეს. ფილისტიმელებმა ეს ჭაც მიისაკუთრეს. მშვიდობის შესანარჩუნებლად ისაკი თავის დიდ ოჯახთან ერთად სხვაგან დაბანაკდა. მისმა მსახურებმა აქაც ამოთხარეს ჭა, რომელსაც ისაკმა რეხობოთი დაარქვა. მოგვიანებით ის ბეერ-შებას უფრო ნოყიერ მხარეს გადავიდა, სადაც იეჰოვამ აკურთხა და უთხრა: „ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ; გაკურთხებ და გავამრავლებ შენს შთამომავალს ჩემი მსახურის, აბრაამის გამო“ (დაბ. 26:17—25).

      14. როგორ ცხადყო ისაკმა ფილისტიმელთა მეფესთან მშვიდობის შეთანხმების დადებისას, რომ მშვიდობისმყოფელი იყო?

      14 რასაკვირველია, ისაკს შეეძლო თავისი მსახურების მიერ ამოთხრილი ჭების გამოყენების უფლებისთვის ებრძოლა. მაგრამ, მშვიდობის შენარჩუნების მიზნით, ის მზად იყო, კიდევ ერთხელ გადასულიყო სხვაგან საცხოვრებლად. მოგვიანებით, ფილისტიმელთა მეფე და მისი თანმხლები პირები მშვიდობის შეთანხმების დასადებად ისაკთან ბეერ-შებაში მივიდნენ და უთხრეს: „ჩვენ ცხადად დავინახეთ, რომ იეჰოვა შენთან ყოფილა“. და კვლავ, ისაკი მოიქცა, როგორც ნამდვილი მშვიდობისმყოფელი: „გაუმართა მათ ნადიმი და მათაც ჭამეს და სვეს. დილით ადრე ადგნენ და ერთმანეთს შეჰფიცეს. გაუშვა ისინი ისაკმა . . . მშვიდობით“ (დაბ. 26:26—31).

      ვისწავლოთ იაკობის უსაყვარლესი ვაჟის მაგალითიდან

      15. რატომ ვერ ელაპარაკებოდნენ მშვიდად იოსებს თავისი ძმები?

      15 ისაკის ვაჟი იაკობი უმწიკვლო ადამიანი იყო (დაბ. 25:27). როგორც სტატიის დასაწყისში განვიხილეთ, იაკობი თავის ძმა ესავთან მშვიდობის აღდგენისკენ ისწრაფოდა. ცხადია, იაკობმა ბევრი ისწავლა მამამისის ისაკის მაგალითიდან. რა შეიძლება ითქვას იაკობის შვილებზე? თავისი 12 ვაჟიდან იაკობს ყველაზე მეტად იოსები უყვარდა, ვინაიდან ის მორჩილი იყო, პატივის სცემდა მას და გულმოდგინედ ასრულებდა მამის დავალებებს (დაბ. 37:2, 14). მაგრამ ძმებს შურდათ მისი და „მშვიდად ვეღარ ელაპარაკებოდნენ“ იოსებს. მათ იმდენად სძულდათ ის, რომ მონად გაყიდეს, იაკობი კი მოატყუეს, რომ იოსები ნადირმა დაგლიჯაო (დაბ. 37:4, 28, 31—33).

      16, 17. თავის ძმებთან ურთიერთობისას, როგორ დაამტკიცა იოსებმა, რომ მშვიდობისმოყვარე იყო?

      16 იეჰოვა იოსებთან იყო. გარკვეული დროის შემდეგ იოსები მეორე კაცი გახდა ეგვიპტეში და ძალაუფლებით მხოლოდ ფარაონი აღემატებოდა. როდესაც ქანაანის მიწაზე შიმშილობა ჩამოვარდა, ეგვიპტეში ჩასულმა ძმებმა ეგვიპტის სამოსელში გამოწყობილი საკუთარი ძმა ვერც კი იცნეს (დაბ. 42:5—7). იოსებისთვის არანაირ სირთულეს არ წარმოადგენდა, სამაგიერო მიეზღო ძმებისთვის იმ ბოროტების გამო, რაც მათ მას და მამამისს გაუკეთეს. მაგრამ ის ასე არ მოქცეულა, იოსები მშვიდობის აღდგენას ცდილობდა. როდესაც დაინახა, რომ ძმებმა მოინანიეს, იოსებმა მათ თავისი ვინაობა გაუმხილა და უთხრა: „ნუ დამწუხრდებით და ნუ განრისხდებით საკუთარ თავზე, აქ რომ გამყიდეთ, რადგან ღმერთმა სიცოცხლის გადასარჩენად გამომგზავნა თქვენზე წინ“. შემდეგ აკოცა თავის ძმებს და ატირდა (დაბ. 45:1, 5, 15).

      17 იაკობის, თავიანთი მამის, სიკვდილის შემდეგ ძმები ფიქრობდნენ, რომ იოსები მათზე შურს იძიებდა. როგორც კი ამის შესახებ გაიგო, „ატირდა იოსები“ და ძმებს უთხრა: „ნუ გეშინიათ. მე მოგამარაგებთ საკვებით თქვენც და თქვენს ბავშვებსაც“. მშვიდობისმოყვარე იოსებმა „ანუგეშა ისინი და დაამშვიდა“ (დაბ. 50:15—21).

      „ჩვენს სასწავლებლად დაიწერა“

      18, 19. ა) როგორ დაგეხმარებათ ამ სტატიაში მოხსენიებულ მშვიდობისმყოფელთა მაგალითებზე დაფიქრება? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

      18 პავლემ თქვა: „ყველაფერი, რაც წინათ დაიწერა, ჩვენ სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებითა და წმინდა წერილებიდან მიღებული ნუგეშით გვქონდეს იმედი“ (რომ. 15:4). როგორ დაგვეხმარება არა მხოლოდ იეჰოვას უბადლო მაგალითზე, არამედ აბრაამის, ისაკის, იაკობისა და იოსების მაგალითებზე დაფიქრება?

      19 ნუთუ არ აღგვძრავს იმაზე დაფიქრება, თუ რა გააკეთა ღმერთმა ცოდვილ კაცობრიობასთან გაფუჭებული ურთიერთობის აღსადგენად, მაქსიმალურად ვისწრაფოთ სხვებთან მშვიდობისკენ? აბრაამის, ისაკის, იაკობისა და იოსების მაგალითები გვიჩვენებს, რომ მშობლებს შეუძლიათ დადებითი გავლენა იქონიონ შვილებზე. გარდა ამისა, ამ შემთხვევებიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა აკურთხებს მათ ძალისხმევას, ვინც ცდილობს, იყოს მშვიდობისმყოფელი. გასაკვირი არ არის, რომ პავლემ იეჰოვას „მშვიდობის მომცემი ღმერთი“ უწოდა (წაიკითხეთ რომაელების 15:33; 16:20 ). მომდევნო სტატიაში განვიხილავთ, რატომ გაამახვილა პავლემ ყურადღება იმაზე, რომ აუცილებელია, ვისწრაფოთ მშვიდობისკენ და, როგორ შეგვიძლია ვიყოთ მშვიდობისმყოფელები.

  • ისწრაფეთ მშვიდობისკენ
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 აგვისტო
    • ისწრაფეთ მშვიდობისკენ

      „იმისკენ ვისწრაფოთ, რაც მშვიდობას . . . ემსახურება“ (რომ. 14:19).

      1, 2. რატომ არის იეჰოვას მოწმეებს შორის მშვიდობა?

      დღევანდელ მსოფლიოში არ არის ადვილი ნამდვილი მშვიდობის პოვნა. ერთი ეროვნების და ერთ ენაზე მოლაპარაკე ხალხიც კი დაყოფილია რელიგიურად, პოლიტიკურად თუ სოციალურად. ამის საპირისპიროდ, იეჰოვას ხალხი გაერთიანებულია, მიუხედავად იმისა, რომ ისინი „ყველა ერიდან და ტომიდან, ხალხიდან და ენიდან“ არიან (გამოცხ. 7:9).

      2 ჩვენ შორის არსებული ეს მშვიდობა შემთხვევითი არ არის. ამის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ ღმერთთან მშვიდობას ვინარჩუნებთ; ეს კი იმით მიიღწევა, რომ რწმენას ვავლენთ მისი ძისადმი, რომელმაც ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად სისხლი დაღვარა (რომ. 5:1; ეფეს. 1:7). გარდა ამისა, ჭეშმარიტი ღმერთი თავის ერთგულ მსახურებს აძლევს წმინდა სულს, რომლის ნაყოფშიც შედის მშვიდობა (გალ. 5:22). ჩვენ შორის არსებული მშვიდობის კიდევ ერთი მიზეზი ის არის, რომ არ ვართ ამ „ქვეყნიერების ნაწილი“ (იოან. 15:19). ამიტომ პოლიტიკურ საკითხებში ნეიტრალიტეტს ვინარჩუნებთ. ჩვენ არ ვებმებით სამოქალაქო თუ სახელმწიფოთა შორის ომებში, რადგან „მახვილებისგან სახნისები“ გამოვჭედეთ (ეს. 2:4).

      3. რა განაპირობებს ჩვენ შორის არსებულ მშვიდობას და რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

      3 ჩვენ შორის არსებული მშვიდობა მხოლოდ იმით არ არის განპირობებული, რომ ცუდს არ ვუკეთებთ ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვას მოწმეების კრებებში სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფისა და კულტურის წარმომადგენლები ვართ, ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი (იოან. 15:17). მშვიდობა საშუალებას გვაძლევს, „ყველას სიკეთე გავუკეთოთ, განსაკუთრებით კი მათ, ვინც რწმენით ჩვენიანია“ (გალ. 6:10). ჩვენ უნდა ვაფასებდეთ და ვიცავდეთ ამ სულიერ სამოთხეს. ამიტომ, გამოვიკვლიოთ, როგორ შეგვიძლია ვისწრაფოთ მშვიდობისკენ კრებაში.

      როდესაც ვცდებით

      4. რა უნდა გავაკეთოთ მშვიდობის შესანარჩუნებლად, როდესაც ვინმეს ვაწყენინეთ?

      4 მოციქული იაკობი წერდა: „ჩვენ ყველა ხშირად ვცდებით. ვინც სიტყვით არ ცდება, სრულყოფილია“ (იაკ. 3:2). ამიტომ თანამორწმუნეებს შორის აზრთა სხვაობა და გაუგებრობა გარდაუვალია (ფილ. 4:2, 3). მაგრამ ურთიერთშორის პრობლემების მოგვარება კრების მშვიდობის დარღვევის გარეშეც შესაძლებელია. მაგალითად, დავფიქრდეთ ბიბლიურ რჩევაზე, რომელიც უნდა გამოვიყენოთ მაშინ, როდესაც ვინმეს ვაწყენინეთ (წაიკითხეთ მათეს 5:23, 24 ).

      5. როგორ უნდა ვისწრაფოთ მშვიდობისკენ, როცა ვინმე გვაწყენინებს?

      5 შესაძლოა, რაღაც საკითხში თანამორწმუნემ გვაწყენინა. უნდა მოველოდეთ, რომ ის მოვა და ბოდიშს მოგვიხდის? „[სიყვარული] განაწყენებას არ ითვლის“, — ნათქვამია 1 კორინთელების 13:5-ში. განაწყენების შემთხვევაში მშვიდობისკენ ვისწრაფვით, თუ ვპატიობთ და ვივიწყებთ, ანუ არ ვითვლით განაწყენებას (წაიკითხეთ კოლოსელების 3:13 ). თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვების პატარ-პატარა შეცდომების მიმართ ასეთი დამოკიდებულება გვექნება, ეს ხელს შეუწყობს თანაქრისტიანებთან მშვიდობიან ურთიერთობას და ჩვენც შევძლებთ სულის სიმშვიდის შენარჩუნებას. იგავებში ნათქვამია: „სხვისი დანაშაულისთვის გვერდის ავლა მშვენებაა კაცისთვის“ (იგავ. 19:11).

      6. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ძალიან გვიჭირს წყენის დავიწყება?

      6 მაგრამ, როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა ძალიან გვიჭირს წყენის დავიწყება? არ იქნებოდა გონივრული, თუ ამის შესახებ მოვუყვებოდით ყველას, ვისაც მოსმენა არ ეზარება. ასეთი ჭორაობა კრების მშვიდობას ნამდვილად არ უწყობს ხელს. როგორ უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემა მშვიდობიანად? მათეს 18:15-ში წერია: „თუ შენი ძმა შესცოდავს, წადი და ამხილე თავის დანაშაულში, როცა მარტონი იქნებით. თუ მოგისმენს, შეგიძენია შენი ძმა“. თუმცა მათეს 18:15—17 სერიოზულ ცოდვებს ეხება, მე-15 მუხლში მოცემული პრინციპის თანახმად, მშვიდობის აღსადგენად პირადად უნდა დაველაპარაკოთ მას, ვინც გვაწყენინა.a

      7. რატომ უნდა მოვაგვაროთ პრობლემები დაუყოვნებლივ?

      7 მოციქულმა პავლემ დაწერა: „განრისხებისას ნუ შესცოდავთ. მზე ისე ნუ ჩავა, რომ გაღიზიანებულები დარჩეთ; ადგილი არ მისცეთ ეშმაკს“ (ეფეს. 4:26, 27). იესომ კი თქვა: „სასწრაფოდ მოაგვარე საქმე შენს მომჩივანთან . . . რათა მან არ გადაგცეს მოსამართლეს“ (მათ. 5:25). მშვიდობისკენ რომ ვისწრაფოთ, საჭიროა დაუყოვნებლივ მოვაგვაროთ უთანხმოება, ვინაიდან ამგვარი მოქმედებით თავიდან ავირიდებთ ემოციური ჭრილობის „დაინფიცირებასა“ და „დაჩირქებას“. ნურასდროს მივცემთ სიამაყეს, შურსა თუ ფულის სიყვარულს იმის საშუალებას, რომ ხელი შეგვიშალოს პრობლემების სწრაფად მოგვარებაში (იაკ. 4:1—6).

      როდესაც კრებაში აზრთა სხვაობაა

      8, 9. ა) რა აზრთა სხვაობა არსებობდა პირველი საუკუნის რომის კრებაში? ბ) რა რჩევა მისცა პავლემ რომაელ ქრისტიანებს, რომელთა შორისაც აზრთა სხვაობა იყო?

      8 ზოგჯერ კრებაში უთანხმოება მხოლოდ ორ ადამიანს შორის არ ხდება. აზრთა სხვაობა შეიძლება კრების მრავალ წევრს შორის წამოიჭრას. მსგავსი სიტუაცია იყო რომში მცხოვრებ ქრისტიანებს შორის, რომლებსაც პავლემ ღვთივშთაგონებული წერილი მისწერა. უთანხმოება იუდეველ და არაიუდეველ ქრისტიანებს შორის მოხდა. კრების ზოგიერთი წევრი ზევიდან უყურებდა მათ, ვისაც სუსტი, ზედმეტად მგრძნობიარე, სინდისი ჰქონდა. ასეთი ქრისტიანები უმართებულოდ განსჯიდნენ სხვებს ისეთ საკითხებში, რომლებიც პირადი გადასაწყვეტი იყო. რა ურჩია პავლემ ამ კრებას? (რომ. 14:1—6).

      9 პავლემ რჩევა მისცა უთანხმოებაში ჩართულ ორივე მხარეს. მათ, ვინც ფიქრობდა, რომ მოსეს კანონის დაცვა სავალდებულო არ იყო, ზემოდან არ უნდა დაეწყოთ ყურება თავიანთი ძმებისთვის (რომ. 14:2, 10). წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი დააბრკოლებდნენ მათ, ვინც ჯერ კიდევ სისაძაგლედ თვლიდა მოსეს კანონით აკრძალული ხორცის ჭამას. პავლემ მათ მიუთითა: „ნუღარ დაანგრევ ღვთის საქმეებს საჭმლის გულისთვის. კარგს იზამ, თუ არ შეჭამ ხორცს, არ დალევ ღვინოს ან არ გააკეთებ ისეთ რამეს, რაც აბრკოლებს შენს ძმას“ (რომ. 14:14, 15, 20, 21). მეორე მხრივ, პავლემ ურჩია მათაც, ვისაც ზედმეტად მგრძნობიარე სინდისი ჰქონდა, რომ არ განესაჯათ და ორგულობაში არ დაედანაშაულებინათ ისინი, ვინც საკითხებს უფრო შემწყნარებლურად უყურებდა (რომ. 14:13). მან თქვა: „თქვენს თავზე იმაზე მეტად ნუ იფიქრებთ, ვიდრე უნდა ფიქრობდეთ“ (რომ. 12:3). როდესაც პავლე რჩევას აძლევდა უთანხმოებაში მონაწილე ორივე მხარეს, დაწერა: „იმისკენ ვისწრაფოთ, რაც მშვიდობასა და ერთმანეთის აღშენებას ემსახურება“ (რომ. 14:19).

      10. როგორც პირველი საუკუნის რომაელი ქრისტიანების შემთხვევაში იყო, რა არის აუცილებელი უთანხმოების მოსაგვარებლად დღეს?

      10 შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ რომაელმა ქრისტიანებმა გაითვალისწინეს პავლეს რჩევა და საჭირო ცვლილებებიც მოახდინეს. დღეს, როდესაც ქრისტიანებს შორის აზრთა სხვაობა წამოიჭრება, უთანხმოების მოსაგვარებლად განა თავმდაბლობა არ უნდა გამოვავლინოთ და ბიბლიური რჩევა არ უნდა გავითვალისწინოთ?! როგორც რომაელი ქრისტიანების შემთხვევაში, დღესაც უთანხმოების დროს ორივე მხარემ უნდა მოახდინოს ცვლილებები, რათა „მშვიდობიანად იყვნენ ერთმანეთთან“ (მარ. 9:50).

      როდესაც დახმარებას ითხოვენ

      11. როგორ უნდა გამოავლინოს უხუცესმა სიფრთხილე, როდესაც თანამორწმუნეზე განაწყენებულს მასთან საუბარი სურს?

      11 ქრისტიანს შეიძლება გაუჩნდეს სურვილი, რომ ნათესავთან ან თანამორწმუნესთან უთანხმოების შესახებ უხუცესს დაელაპარაკოს. იგავების 21:13-ში ვკითხულობთ: „ვინც ღარიბის ჩივილზე ყურს დაიხშობს, თავადაც დაიწყებს ძახილს, მაგრამ პასუხს არავინ გასცემს“. უხუცესმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა „დაიხშოს ყური“. მაგრამ სხვა იგავში შემდეგი გაფრთხილებაა მოცემული: „მართალი პირველია დავაში, მაგრამ მოდის მისი მეტოქე და გამოიძიებს მას“ (იგავ. 18:17, ბიბლიური საზოგადოების გამოცემა). უხუცესმა უნდა მოუსმინოს მომჩივანს, მაგრამ ფრთხილად უნდა იყოს, რომ მისი მხარე არ დაიჭიროს. მოსმენის შემდეგ მან უნდა ჰკითხოს, ელაპარაკა თუ არა მას, ვინც აწყენინა. უხუცესმა შეიძლება აგრეთვე განიხილოს ბიბლიური რჩევები, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას განაწყენებულმა ქრისტიანმა მშვიდობის აღსადგენად.

      12. მოიყვანეთ მაგალითები, თუ რამდენად სახიფათოა მხოლოდ ერთი მხარის მოსმენის შემდეგ დასკვნის ნაჩქარევად გამოტანა.

      12 ბიბლიაში მოყვანილი სამი შემთხვევიდან აშკარად ჩანს, რამდენად სახიფათოა მხოლოდ ერთი მხარის მოსმენა. ფოტიფარმა დაიჯერა თავისი ცოლის სიტყვები, რომ იოსებმა მისი გაუპატიურება სცადა. ის უსამართლოდ განურისხდა იოსებს და საპყრობილეში ჩააგდო (დაბ. 39:19, 20). მეფე დავითმა დაუჯერა ციბას, რომელმაც უთხრა, რომ მისი ბატონი მეფიბოშეთი დავითის მტრებს შეუერთდა. „შენი იყოს მეფიბოშეთის მთელი საბადებელი“, — უთხრა დავითმა დაუფიქრებლად (2 სამ. 16:4; 19:25—27). მეფე არტაქსერქსეს უთხრეს, რომ ებრაელები იერუსალიმის კედლების აღდგენაზე მუშაობდნენ და მალე სპარსეთის იმპერიის წინააღმდეგ აჯანყდებოდნენ. მეფემ დაიჯერა ეს სიცრუე და ბრძანა იერუსალიმის აღდგენითი სამუშაოს შეჩერება. შედეგად, ღვთის ტაძრის მშენებლობა შეჩერდა (ეზრ. 4:11—13, 23, 24). გონივრულია, როდესაც ქრისტიანი უხუცესები ითვალისწინებენ ტიმოთესთვის მიცემულ პავლეს რჩევას და დასკვნებს ნაჩქარევად არ აკეთებენ (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 5:21 ).

      13, 14. ა) რა უნდა გავითვალისწინოთ, როცა საქმე უთანხმოების მოგვარებას ეხება? ბ) რა დაეხმარება უხუცესებს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში?

      13 მაშინაც კი, როცა ორივე მხარის აზრი გასაგებია, მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ შემდეგი პრინციპი: „თუ ვინმე ფიქრობს, რომ რაღაცა იცის, მან ჯერ კიდევ არაფერი იცის ისე, როგორც უნდა იცოდეს“ (1 კორ. 8:2). მართლა ვიცით ამ უთანხმოების ყველა დეტალი? კარგად ვიცნობთ ამ ადამიანებს? როდესაც დახმარებისთვის უხუცესს მიმართავენ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უხუცესმა მცდარი დასკვნები არ გამოიტანოს ლამაზად შენიღბული ტყუილისა თუ ჭორების საფუძველზე. ღვთის მიერ დანიშნული მოსამართლე, იესო ქრისტე, სამართლიანად განსჯის. ის „შესახედაობით არ გაასამართლებს, [და] არც ყურით გაგონილით ამხილებს“ (ეს. 11:3, 4). პირიქით, იესო იეჰოვას სულით ხელმძღვანელობს. მსგავსადვე, ქრისტიანი უხუცესებიც მიჰყვებიან ღვთის წმინდა სულის ხელმძღვანელობას.

      14 გადაწყვეტილებების მიღებამდე უხუცესებმა უნდა ილოცონ და იეჰოვას წმინდა სულის დახმარება სთხოვონ. ისინი იყენებენ ბიბლიასა და ერთგული და გონიერი მონის მიერ გამოცემულ პუბლიკაციებს, რითაც ღვთის სულს ხელმძღვანელობის საშუალებას აძლევენ (მათ. 24:45).

      მშვიდობა ნებისმიერ ფასად?

      15. როცა გავიგებთ სერიოზული ცოდვის შესახებ, როდის უნდა შევატყობინოთ უხუცესებს?

      15 ბიბლია ქრისტიანებს მოგვიწოდებს, ვისწრაფოთ მშვიდობისკენ. მაგრამ ღვთის სიტყვაში აგრეთვე ნათქვამია: „ზემოდან მომავალი სიბრძნე კი, პირველ ყოვლისა, წმინდაა, მერე მშვიდობიანი“ (იაკ. 3:17). ამ მუხლში სიტყვა „მშვიდობიანი“ „წმინდას“ შემდეგ დგას, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ღვთის ზნეობრივი ნორმების დაცვა და მისი სამართლიანი მოთხოვნების შესრულება უფრო მნიშვნელოვანია. თუ ქრისტიანი გაიგებს, რომ თანაქრისტიანმა სერიოზული ცოდვა ჩაიდინა, მან შემცოდველი უნდა აღძრას, რომ ცოდვა უხუცესებთან აღიაროს (1 კორ. 6:9, 10; იაკ. 5:14—16). თუ შემცოდველი ამას არ აკეთებს, ქრისტიანმა, რომელმაც ამის შესახებ იცის, უხუცესები საქმის კურსში თავად უნდა ჩააყენოს. თუ ამ ნაბიჯს არ დგამს იმის გამო, რომ შემცოდველთან მშვიდობა შეინარჩუნოს, იგი ცოდვის თანამონაწილე ხდება (ლევ. 5:1; წაიკითხეთ იგავების 29:24 ).

      16. რას ვსწავლობთ იქიდან, თუ როგორ მოექცა იეჰუ მეფე იეჰორამს?

      16 იეჰუს შესახებ ბიბლიაში ჩაწერილი ისტორიაც ცხადყოფს, რომ ღვთის სამართლიანობა მშვიდობის შენარჩუნებაზე მნიშვნელოვანია. ღმერთმა იეჰუ მეფე ახაბის სახლეულობისადმი გამოტანილი განაჩენის სისრულეში მოსაყვანად გაგზავნა. ეტლით მიმავალი ბოროტი მეფე იეჰორამი — ახაბისა და იზებელის ვაჟი — იეჰუს შეხვდა და ჰკითხა: „ხომ მშვიდობაა, იეჰუ?“ იეჰუმ უპასუხა: „რა მშვიდობა უნდა იყოს დედაშენი იზებელის გარყვნილებისა და მისი ჯადოქრობის მერე?!“ (2 მეფ. 9:22). მოზიდა იეჰუმ მშვილდი და ისარმა იეჰორამს გულში გაუარა. იეჰუს მსგავსად, უხუცესებიც, მშვიდობის შენარჩუნების მიზნით, არ უნდა წავიდნენ კომპრომისზე, თუ ქრისტიანი შეგნებულად სჩადის ცოდვას და არ ინანიებს. ასეთ ქრისტიანებს კრებიდან რიცხავენ, რათა კრებასა და ღმერთს შორის მშვიდობა არ დაირღვეს (1 კორ. 5:1, 2, 11—13).

      17. როგორ შეუძლია თითოეულ ქრისტიანს, ისწრაფოს მშვიდობისკენ?

      17 უთანხმოებათა უმეტესობა იმდენად სერიოზული არ არის, რომ სამართლებრივი განხილვა დაინიშნოს. ამიტომ, რამდენად უკეთესია, თუ სხვების შეცდომებს სიყვარულით გადავფარავთ. ღვთის სიტყვაში ნათქვამია: „ვინც სიყვარულს ესწრაფვის, ცოდვას ფარავს; ვინც რაიმეზე გაუთავებლად ლაპარაკობს, ახლობლებს აშორებს ერთმანეთს“ (იგავ. 17:9). ამ სიტყვების გათვალისწინება თითოეულ ჩვენგანს კრებაში სიმშვიდისა და ღმერთთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებაში დაგვეხმარება (მათ. 6:14, 15).

      მშვიდობისკენ სწრაფვას კურთხევები მოაქვს

      18, 19. რა სარგებლობა მოაქვს მშვიდობისკენ სწრაფვას?

      18 იმისკენ სწრაფვა, „რაც მშვიდობას . . . ემსახურება“, უხვ კურთხევებს მოგვიტანს. ამის წყალობით იეჰოვასთან ახლო პირადი ურთიერთობა გვექნება და სულიერ სამოთხეში მშვიდობისა და ერთიანობის შენარჩუნებას შევუწყობთ ხელს. კრებაში მშვიდობისკენ სწრაფვა იმაშიც დაგვეხმარება, რომ მშვიდობისკენ ვისწრაფოთ მათთანაც, ვისაც „მშვიდობის შესახებ სასიხარულო ცნობას“ ვუქადაგებთ (ეფეს. 6:15). აგრეთვე, უკეთ ვიქნებით მომზადებული, რომ ვიყოთ „ყველასთან თავაზიანი . . . და თავშეკავებული . . . როცა ბოროტებას ვხვდებით“ (2 ტიმ. 2:24).

      19 ისიც გვახსოვდეს, რომ „იქნება მკვდრეთით აღდგომა, მართლებისაც და უმართლოებისაც“ (საქ. 24:15). როცა ეს იმედი დედამიწაზე რეალობად იქცევა, ქვეყნიერების შექმნიდან დღემდე მცხოვრები სხვადასხვა წარმომავლობის, ტემპერამენტისა და ხასიათის მილიონობით ადამიანი დაუბრუნდება სიცოცხლეს (ლუკ. 11:50, 51). მართლაც დიდი პატივი იქნება ჩვენთვის, მშვიდობიანი ცხოვრება ვასწავლოთ მკვდრეთით აღდგენილებს! დღეს ნასწავლი მშვიდობისმყოფელობა იმ დროს ნამდვილად დიდ დახმარებას გაგვიწევს.

      [სქოლიო]

      a ისეთ სერიოზულ ცოდვებთან დაკავშირებით, როგორიცაა ცილისწამება და თაღლითობა, ბიბლიური რჩევები იხილეთ 1999 წლის 15 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 17—22.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება