საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი“
    საგუშაგო კოშკი — 2004 | 1 ივლისი
    • „წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი“

      „მთელი ძალაუფლება, ზეცაში თუ დედამიწაზე, მე მაქვს მოცემული. ამიტომ, წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი“ (მათე 28:18, 19, აქ).

      1, 2. ა) რა დავალება მისცა იესომ თავის მიმდევრებს? ბ) რა კითხვებს განვიხილავთ იესოს მიერ მოწაფეებისათვის მიცემულ დავალებასთან დაკავშირებით?

      ისრაელში ახ. წ. 33 წლის გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს იესოს მოწაფეები გალილეის ერთ მთაზე იკრიბებიან. მკვდრეთით აღმდგარი მათი უფალი მალე ზეცად ამაღლდება. მაგრამ მანამდე მან მნიშვნელოვანი რამ უნდა უთხრას თავის მოწაფეებს. იესომ დავალება უნდა მისცეს მათ. რა დავალება? როგორ ეხმაურებიან მოწაფეები ამ დავალებას? და როგორ გვეხება ის დღეს ჩვენ?

      2 იესოს მიერ მოწაფეებისადმი ნათქვამი სიტყვები ჩაწერილია მათეს 28:18—20-ში (აქ): „მთელი ძალაუფლება, ზეცაში თუ დედამიწაზე, მე მაქვს მოცემული. ამიტომ, წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან, მონათლეთ ისინი მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით, ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც მცნებად დაგიდეთ. და აი, მე ყოველდღე თქვენთან ვარ ამ სისტემის აღსასრულამდე“. იესომ გამოიყენა შემდეგი სიტყვები და ფრაზები — „მთელი ძალაუფლება“, „ყველა ერი“, „ყველაფერი“ და „ყოველდღე“. იესოს მიერ წარმოთქმული ეს ოთხი ყოვლისშემცველი სიტყვა და ფრაზა წამოჭრის რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვას, რომელთა შეჯამებაც ამგვარად შეიძლება: რატომ? სად? რის შესახებ? და როდემდე? მოდი სათითაოდ განვიხილოთ ეს კითხვებიa.

      ‘მოცემული მაქვს მთელი ძალაუფლება’

      3. რატომ უნდა დავემორჩილოთ მოწაფეების მომზადებასთან დაკავშირებულ მითითებას?

      3 პირველ რიგში, რატომ უნდა დავემორჩილოთ მოწაფეების მომზადებასთან დაკავშირებულ მითითებას? იესომ განაცხადა: „მთელი ძალაუფლება, ზეცაში თუ დედამიწაზე, მე მაქვს მოცემული. ამიტომ, წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი“. სიტყვა „ამიტომ“ ხაზს უსვამს იმის ძირითად მიზეზს, თუ რატომ უნდა დავემორჩილოთ ამ მითითებას. მიზეზი კი ის არის, რომ იესოს, რომელმაც თავის მიმდევრებს მისცა ეს მითითება, „მთელი ძალაუფლება“ უპყრია ხელთ. ვისზე ვრცელდება მისი ძალაუფლება?

      4. ა) ვისზე ვრცელდება იესოს ძალაუფლება? ბ) როგორ უნდა იმოქმედოს იესოს ძალაუფლების შესახებ ცოდნამ მოწაფეების მომზადებასთან დაკავშირებული დავალებისადმი ჩვენს დამოკიდებულებაზე?

      4 იესოს ძალაუფლება აქვს თავის კრებაზე. გარდა ამისა, ის 1914 წლიდან ღვთის ახლად ჩამოყალიბებული სამეფოს მმართველი გახდა (კოლასელთა 1:13; გამოცხადება 11:15). ის აგრეთვე მთავარანგელოზია და ასობით მილიონი ანგელოზისგან შემდგარი ზეციური ლაშქარი მისი უფლებამოსილების ქვეშ იმყოფება (1 თესალონიკელთა 4:16; 1 პეტრე 3:22; გამოცხადება 19:14—16). იესო მამამისმა, იეჰოვამ, აღჭურვა ძალაუფლებით, რათა ბოლო მოუღოს სამართლიანი პრინციპების მოწინააღმდეგე „ყოველ მთავრობას, ყოველ უფლებასა და ძალას“ (1 კორინთელთა 15:24—26; ეფესელთა 1:20—23). ქრისტეს ძალაუფლება მხოლოდ ცოცხალ არსებებზე არ ვრცელდება. ის აგრეთვე „ცოცხალთა და მკვდართა მსაჯულად“ არის დანიშნული და ღვთის მიერ ბოძებული ძალით შეუძლია აღადგინოს ისინი, რომლებიც სიკვდილის ძილით არიან მიძინებულები (საქმეები 10:42; იოანე 5:26—28). რასაკვირველია, ასეთი უდიდესი ძალაუფლებით აღჭურვილი პიროვნების მიერ მოცემული დავალება ძალიან მნიშვნელოვნად უნდა ჩავთვალოთ. ამიტომ პატივისცემითა და მზადყოფნით ვემორჩილებით ქრისტეს მითითებას — ‘წავიდეთ და მოწაფეებად მოვამზადოთ ხალხი’.

      5. ა) როგორ დაემორჩილა პეტრე იესოს მითითებას? ბ) რა სასურველი შედეგი მოუტანა პეტრეს იესოს მითითებისამებრ მოქცევამ?

      5 მიწიერი მსახურების დასაწყისში იესომ თვალსაჩინოდ ასწავლა თავის მოწაფეებს, რომ მისი ძალაუფლების აღიარება და მითითებების დაცვა კურთხევებს მოუტანდა მათ. ერთხელ იესომ პეტრეს, რომელიც მებადური იყო, ასეთი რამ უთხრა: „შეცურდი ღრმად და მოისროლეთ ბადეები თევზის დასაჭერად“. პეტრე დარწმუნებული იყო, რომ იქ თევზი არ იქნებოდა და იესოს მიუგო: „მოძღვარო, მთელი ღამე ვიშრომეთ და ვერაფერი დავიჭირეთ“. მიუხედავად ამისა, პეტრემ მორჩილად დასძინა: „მაგრამ შენი სიტყვისამებრ ვისვრი ბადეს“. ქრისტეს მითითების თანახმად მოქცევის შედეგად პეტრემ უამრავი თევზი დაიჭირა. გაოგნებული პეტრე «დაეცა იესოს მუხლებთან და უთხრა: „გამშორდი, უფალო, ვინაიდან ცოდვილი კაცი ვარ“». მაგრამ იესომ უთხრა მას: „ნუ გეშინია, ამიერიდან ადამიანებს დაიჭერ“ (ლუკა 5:1—10; მათე 4:18). რას ვსწავლობთ ამ შემთხვევიდან?

      6. ა) თევზის სასწაულებრივად დაჭერის შემთხვევიდან გამომდინარე, როგორ მორჩილებას მოითხოვს იესო? ბ) როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იესოს?

      6 პეტრეს, ანდრიასა და სხვა მოციქულებს ‘ადამიანთა მებადურეებად’ გახდომა იესომ მას შემდეგ დაავალა, რაც სასწაულებრივად დაიჭირეს უამრავი თევზი (მარკოზი 1:16, 17). აშკარაა, რომ ქრისტე არ მოითხოვდა მათგან ბრმა მორჩილებას. იესომ მათ საფუძვლიანი მიზეზი მოუყვანა იმის დასანახვებლად, თუ რატომ უნდა დამორჩილებოდნენ მას. როგორც იესოს მითითებისამებრ მოქმედებამ — ‘ბადეების წყალში სროლამ’ — გასაოცარი შედეგები მოიტანა, ისე ‘ადამიანთა მებადურეებად გახდომის’ თაობაზე მიცემული მითითების შესრულებასაც უხვი კურთხევები მოჰყვებოდა. მოციქულები მტკიცე რწმენით გამოეხმაურნენ იესოს ნათქვამს. ბიბლიაში ნათქვამია: „მიაყენეს ნავები ნაპირს, ყველაფერი მიატოვეს და გაჰყვნენ მას“ (ლუკა 5:11). დღეს, როდესაც სხვებს მოვუწოდებთ, მონაწილეობა მიიღონ მოწაფეების მომზადების საქმეში, იესოს ვბაძავთ. ნაცვლად იმისა, რომ სხვებისგან მოვითხოვოთ, ჩვენი ნათქვამისამებრ მოიქცნენ, საფუძვლიანი მიზეზები მოგვყავს, თუ რატომ უნდა დაემორჩილონ იესოს მითითებას.

      დამაჯერებელი მტკიცებები და სწორი მოტივები

      7, 8. ა) რა ბიბლიური მიზეზები არსებობს სამეფოს შესახებ ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმიანობის შესასრულებლად? ბ) განსაკუთრებით რომელი ბიბლიური მუხლი აღგძრავთ იმისკენ, რომ განაგრძოთ ქადაგება? (იხილეთ აგრეთვე სქოლიო).

      7 ჩვენ ვაღიარებთ იესოს ძალაუფლებას და სწორედ ამიტომ ვმონაწილეობთ სამეფოს შესახებ ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმეში. ამ საქმის შესრულების აუცილებლობის ხაზგასასმელად კიდევ რომელი ბიბლიური არგუმენტები შეგვიძლია მოვუყვანოთ მათ, რომელთა აღძვრაც გვსურს კეთილი საქმეების საკეთებლად? დაფიქრდით, რას ამბობენ სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ერთგული მოწმეები და ყურადღება მიაქციეთ, როგორ ადასტურებს მათი ნათქვამის ჭეშმარიტებას ბიბლიიდან მოყვანილი მუხლები.

      8 როი, რომელიც 1951 წელს მოინათლა, ამბობს: „როდესაც თავი მივუძღვენი იეჰოვას, აღვუთქვი, რომ ყოველთვის მისი მსახური ვიქნებოდი. მსურს, შევასრულო ჩემი სიტყვა“ (ფსალმუნები 49:14; მათე 5:37). 1962 წელს მონათლული ჰეთერი აღნიშნავს: „როდესაც ვფიქრობ, რამდენი რამ გააკეთა იეჰოვამ ჩემთვის, სურვილი მიჩნდება, რომ მისდამი მადლიერება ერთგული მსახურებით გამოვხატო“ (ფსალმუნები 9:2, 10—12; კოლასელთა 3:15). ჰანელორა, რომელიც 1954 წელს მოინათლა, ამბობს: „ყოველთვის, როდესაც მსახურებაში ვართ, ანგელოზები გვიჭერენ მხარს — რამხელა პატივია!“ (საქმეები 10:30—33; გამოცხადება 14:6, 7). 1969 წელს მონათლული ანრი გვიზიარებს: «როდესაც იეჰოვას მიერ ადამიანთა განკითხვის დრო დადგება, არ მსურს, რომ ჩემს სამეზობლოში ვინმემ დაადანაშაულოს იეჰოვა და მისი მოწმეები უყურადღებობასა და გულგრილობაში და თქვას: „მე არავის გავუფრთხილებივარ!“» (ეზეკიელი 2:5; 3:17—19; რომაელთა 10:16, 18). 1974 წელს მონათლული კლაუდიო ამბობს: «როდესაც ვქადაგებთ, ჩვენ „ღვთის წინაშე“ ვიმყოფებით და „ქრისტესთან ერთად“ ვთანამშრომლობთ. საოცარია, რომ მსახურების პერიოდში საუკეთესო მეგობრების გარემოცვაში ვართ» (2 კორინთელთა 2:17, აქ)b.

      9. ა) პეტრესა და სხვა მოციქულების შემთხვევიდან გამომდინარე, რა უნდა ყოფილიყო ქრისტეს მითითების შესრულებისთვის მთავარი აღმძვრელი ძალა? ბ) რა უნდა აღძრავდეს დღეს ადამიანებს ღვთისა და ქრისტესადმი მორჩილების გამოსავლენად და რატომ?

      9 უამრავი თევზის სასწაულებრივად დაჭერის შემთხვევა იმასაც გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქრისტეს მითითების შესრულებისას სწორი მოტივი — სიყვარული — გვამოძრავებდეს. როდესაც პეტრემ უთხრა იესოს — „გამშორდი, უფალო, ვინაიდან ცოდვილი კაცი ვარ“ — იესო არც გაშორდა და არც ბრალი დასდო რაიმე დანაშაულში (ლუკა 5:8). მან არც კი გაკიცხა პეტრე იმისათვის, რომ სთხოვდა, გასცლოდა მას. ნაცვლად ამისა, იესომ თავაზიანად უპასუხა: „ნუ გეშინია“. არ იქნებოდა სწორი, პეტრე ავადმყოფური შიშის გამო დამორჩილებოდა იესოს. იესომ უთხრა პეტრეს, რომ ის და მისი თანამშრომლები შეძლებდნენ ‘ადამიანთა მებადურეებად’ გახდომას და გამოსადეგნი იქნებოდნენ ამ საქმისთვის. დღესაც ჩვენი მიზანი არ არის, რომ ადამიანები დავაშინოთ ან უარყოფითი ემოციები აღვუძრათ. მაგალითად, დავადანაშაულოთ ან შევარცხვინოთ და ასეთი სახით დავაძალოთ მათ ქრისტესადმი მორჩილება. იეჰოვას მხოლოდ ის ახარებს, როდესაც ადამიანები ღვთისა და ქრისტეს სიყვარულით აღძრულები მთელი გულით ავლენენ მორჩილებას (მათე 22:37).

      „მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან“

      10. ა) მოწაფეების მომზადებასთან დაკავშირებით იესოს მიერ მიცემულმა რომელმა მითითებამ დააყენა მოწაფეები რთული ამოცანის წინაშე? ბ) როგორ გამოეხმაურნენ ისინი იესოს მითითებას?

      10 ქრისტეს მიერ მოცემულ მითითებასთან დაკავშირებით წამოიჭრება მეორე კითხვა — სად უნდა შესრულდეს მოწაფეების მომზადების საქმე? იესომ უთხრა თავის მიმდევრებს: „მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან“. ქრისტეს დედამიწაზე მსახურებამდე ყველა ეროვნების ადამიანს, რომლებიც იეჰოვას თაყვანისცემის მიზნით ისრაელში მიდიოდნენ, გზა ხსნილი ჰქონდათ და მათ გულთბილად იღებდნენ (3 მეფეთა 8:41—43). იესო უმთავრესად იუდეველებთან ქადაგებდა, მაგრამ თავის მიმდევრებს დაავალა, რომ ყველა ერის ადამიანებთან წასულიყვნენ. თავდაპირველად „სათევზაო ადგილი“, ანუ ქადაგებისთვის განკუთვნილი ტერიტორია, სადაც იესოს მოწაფეებს უნდა ემსახურათ, მხოლოდ „პატარა ტბის“ სიდიდის იყო და მხოლოდ იუდეველებით შემოიფარგლებოდა. მაგრამ მალე ამ ტერიტორიამ „ზღვა“, ანუ მთელი კაცობრიობა, მოიცვა. თუმცა ასეთმა ცვლილებამ რთული ამოცანის წინაშე დააყენა იესოს მოწაფეები, ისინი ხალისით დაემორჩილნენ მის მითითებას. იესოს სიკვდილიდან თითქმის 30 წლის გასვლის შემდეგ პავლე მოციქულს შეეძლო ეთქვა, რომ სასიხარულო ცნობა ექადაგა არა მხოლოდ იუდეველებს, არამედ „ყოველ ქმნილებას ცისქვეშეთში“ (კოლასელთა 1:23).

      11. როგორ გაფართოვდა „სათევზაო ადგილი“ XX-ე საუკუნის დასაწყისიდან დღემდე?

      11 სამქადაგებლო ტერიტორიის მსგავსი გაფართოება თანამედროვე დროშიც მოხდა. XX საუკუნის დასაწყისში „სათევზაო ადგილი“ მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას მოიცავდა. მაგრამ იმ დროს მცხოვრებმა ქრისტეს მიმდევრებმა მიჰბაძეს პირველი საუკუნის ქრისტიანებს და გულმოდგინე მსახურებით გააფართოეს სამქადაგებლო ტერიტორია (რომაელთა 15:20). 30-იანი წლების დასაწყისში ისინი მოწაფეებს დაახლოებით ას ქვეყანაში ამზადებდნენ. დღეს ჩვენი „სათევზაო ადგილი“ 235 ქვეყანასა და ტერიტორიას მოიცავს (მარკოზი 13:10).

      „ყოველი ენის ხალხიდან“

      12. რა სირთულეს ესმება ხაზი ზაქარიას 8:23-ში?

      12 ყველა ეროვნების ხალხის მოწაფეებად მომზადება არა მხოლოდ ტერიტორიული სიდიდის გამოა რთული, არამედ უამრავი სხვადასხვა ენის არსებობის გამოც. ზაქარიას მეშვეობით იეჰოვამ იწინასწარმეტყველა: „იმ ხანებში იქნება, რომ მოეჭიდება ათი კაცი ყოველი ენის ხალხიდან, მოეჭიდება იუდაელის კალთებს და ეტყვიან: თქვენთან წამოვალთ, რადგან გაგებული გვაქვს, რომ თქვენთან არის ღმერთი“ (ზაქარია 8:23). ამ წინასწარმეტყველების უფრო დიდი შესრულების თანახმად, „იუდაელი“ სულით ცხებულ ქრისტიანებს განასახიერებს, ხოლო „ათი კაცი“ — „უამრავ ხალხს“ (გამოცხადება 7:9, 10; გალატელთა 6:16)c. ქრისტეს მოწაფეებისგან შემდგარი ეს უამრავი ხალხი ყველა ერიდან უნდა შეკრებილიყო და, როგორც ზაქარიას წინასწარმეტყველებაში იყო აღნიშნული, ისინი ილაპარაკებდნენ უამრავ სხვადასხვა ენაზე. ამტკიცებს ღვთის ხალხის თანამედროვე ისტორია ამ ფაქტის უტყუარობას? რასაკვირველია.

      13. ა) რა გარდაქმნები მოხდა ენებთან დაკავშირებით ღვთის თანამედროვე ხალხს შორის? ბ) როგორ დააკმაყოფილა ერთგულმა და გონიერმა მონამ ენობრივ ბარიერთან დაკავშირებული მზარდი მოთხოვნილება? (კომენტარში გამოიყენეთ აზრები ჩარჩოდან „პუბლიკაციები უსინათლოებისთვის“).

      13 1950 წელს მთელ მსოფლიოში ყოველი 5 იეჰოვას მოწმიდან ინგლისური 3-ის მშობლიური ენა იყო, 80-იანი წლებისთვის 2-ის, დღეს კი ყოველი 5 მოწმიდან ერთის მშობლიური ენაა. როგორ დააკმაყოფილა ერთგულმა და გონიერმა მონამ ენობრივ ბარიერთან დაკავშირებული მზარდი მოთხოვნილება? უფრო მეტ ენებზე დაიწყო ადამიანთა სულიერი საზრდოთი მომარაგება (მათე 24:45). მაგალითად, 1950 წელს ჩვენი ლიტერატურა 90 ენაზე იბეჭდებოდა, მაგრამ დღეს ეს რიცხვი გაიზარდა დაახლოებით 400 ენამდე. მოიტანა შედეგი სხვადასხვა ენებზე მოლაპარაკე ადამიანთა მზარდი მოთხოვნილების დაკმაყოფილებამ? რასაკვირველია. ყოველკვირეულად ‘ყოველი ენიდან’ საშუალოდ 5 000 ადამიანი ხდება ქრისტეს მიმდევარი (გამოცხადება 7:9). ზრდა კვლავაც გრძელდება. ზოგ ქვეყანაში „ბადეები“ თევზით მართლაც რომ ივსება! (ლუკა 5:6; იოანე 21:6).

      კმაყოფილების მომტანი მსახურება — შეგიძლიათ მასში მონაწილეობა?

      14. როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრებ უცხოელებს? (კომენტარში გამოიყენეთ აზრები ჩარჩოდან „ჟესტების ენა და მოწაფეების მომზადება“).

      14 დასავლეთის ბევრ ქვეყანაში იმიგრანტების მოზღვავების გამო ‘ყოველი ენიდან’ მოწაფეების მომზადებასთან დაკავშირებული რთული ამოცანის წინაშე ადგილობრივი მოწმეები საკუთარ ქვეყანაშივე დგებიან (გამოცხადება 14:6). როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრებ სხვა ენაზე მოლაპარაკე იმიგრანტებს? (1 ტიმოთე 2:4). მათთან სალაპარაკოდ შეგვიძლია გამოვიყენოთ სათანადო „თევზსაჭერი მოწყობილობა“. მაგალითად, მათივე ენაზე შევთავაზოთ ლიტერატურა. თუ შესაძლებელია, ვიზრუნოთ, რომ ასეთ ადამიანებს იმ მოწმემ მიაკითხოს, რომელიც მათ ენაზე ლაპარაკობს (საქმეები 22:2). ამის გაკეთება ამჟამად უფრო ადვილია, რადგან ბევრმა მოწმემ ისწავლა უცხო ენა, რათა დახმარებოდა უცხოელებს ქრისტეს მოწაფეებად გახდომაში. როგორც ანგარიშები აჩვენებს, ასეთი სახით დახმარების აღმოჩენა კმაყოფილების მომტანია.

      15, 16. ა) რა მაგალითები აჩვენებს, რომ კმაყოფილების მომტანია უცხო ენაზე მოლაპარაკეთათვის დახმარების აღმოჩენა? ბ) რა კითხვებზე შეგვეძლო გვემსჯელა უცხოენოვან ტერიტორიაზე მსახურებასთან დაკავშირებით?

      15 განვიხილოთ ორი შემთხვევა ნიდერლანდებიდან, სადაც ორგანიზებული სამქადაგებლო საქმიანობა 35 ენაზე მიმდინარეობს. ერთმა წყვილმა საკუთარი სურვილით დაიწყო პოლონურ ენაზე მოლაპარაკე იმიგრანტებთან ქადაგება და მათი მოწაფეებად მომზადება. ამ წყვილის მცდელობას იმდენად კარგი შედეგები მოჰყვა, რომ ქმარი აღიძრა, ნაკლები დრო დაეთმო ქვეყნიური სამუშაოსთვის, რათა კვირაში კიდევ ერთი თავისუფალი დღე ჰქონოდა დაინტერესებულებთან ბიბლიის შესწავლების ჩასატარებლად. მალე ეს წყვილი კვირაში 20-ზე მეტ ბიბლიის შესწავლას ატარებდა. მათ აღნიშნეს: „მსახურებას ჩვენთვის ძალიან დიდი სიხარული მოაქვს“. მოწმეები განსაკუთრებულ სიხარულს გრძნობენ, როდესაც უცხოელები საკუთარ ენაზე ბიბლიური ჭეშმარიტების გაგების შედეგად მადლიერებას გამოხატავენ. მაგალითად, ვიეტნამურ ენაზე მიმდინარე ერთ-ერთი შეხვედრის დროს ხანდაზმული მამაკაცი წამოდგა და სიტყვა ითხოვა. თვალზე ცრემლმომდგარმა მოხუცმა მოწმეებს უთხრა: „მადლობა, რომ ძალ-ღონეს არ ზოგავთ ჩემი რთული ენის შესასწავლად. ძალიან მადლობელი ვარ, რომ ჩემს ასაკში ამდენი შესანიშნავი რამ გავიგე ბიბლიიდან“.

      16 ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ისინი, რომლებიც უცხოენოვან კრებებში მსახურობენ, დიდ კმაყოფილებასა და სიხარულს გრძნობენ. ერთმა ინგლისელმა წყვილმა თქვა: „უკვე 40 წელია, რაც იეჰოვას ვემსახურებით და უცხოენოვან ტერიტორიაზე მსახურება ჩვენთვის ამ ხნის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და კმაყოფილების მომტანი აღმოჩნდა“. შეგიძლიათ ისე მოაწყოთ ცხოვრება, რომ მონაწილეობა მიიღოთ ასეთ გამომაცოცხლებელ მსახურებაში? თუ სკოლაში სწავლობთ, შეგიძლიათ უცხო ენა ისწავლოთ, რათა მოემზადოთ ასეთი მსახურების დასაწყებად? ეს თქვენს ცხოვრებას უფრო საინტერესოს გახდის და კურთხევებს მოგიტანთ (იგავები 10:22). რატომ არ იმსჯელებდით ამ საკითხზე მშობლებთან?

      განსხვავებული მეთოდები

      17. როგორ შეგვიძლია უფრო მეტ ადამიანს გავუზიაროთ ჭეშმარიტება ჩვენი კრების ტერიტორიაზე?

      17 გასაგებია, რომ უმრავლესობას მდგომარეობა არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უცხოენოვან ტერიტორიებზე „ვისროლოთ ბადეები“. მიუხედავად ამისა, შეგვიძლია უფრო მეტ ადამიანს გავუზიაროთ ჭეშმარიტება ჩვენი კრების ტერიტორიაზე. როგორ? სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით. ბევრ ადგილას იზრდება ისეთ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც საგულდაგულოდ დაცულ შენობებში ცხოვრობენ. ბევრი სახლში არ გვხვდება, როდესაც კარდაკარ ვაკითხავთ. ამიტომ შეგვიძლია „ბადეები“ სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას „ვისროლოთ“. ასე მოქცევით იესოს მივბაძავთ. ის ყველანაირად ცდილობდა, რომ სხვადასხვა ვითარებებში ესაუბრა ადამიანებთან (მათე 9:9; ლუკა 19:1—10; იოანე 4:6—15).

      18. რამდენად ეფექტურია სხვადასხვა ვითარებაში ქადაგება? (კომენტარში გამოიყენეთ აზრები ჩარჩოდან „მოწაფეების მომზადება საქმიან ტერიტორიებზე“).

      18 მსოფლიოს ზოგ ნაწილში მოწაფეების მომზადებას ხელს უწყობს ხალხმრავალ ადგილებში ქადაგება. ის მოწმეები, რომლებიც გამოცდილები არიან მოწაფეების მომზადების საქმეში, უფრო დიდ ყურადღებას უთმობენ სხვადასხვა ადგილზე ქადაგებას. ამჟამად მაუწყებლები კარდაკარ მსახურების გარდა ქადაგებენ აეროპორტებში, დაწესებულებებში, მაღაზიებში, ავტოსადგომებზე, ავტობუსის გაჩერებებზე, ქუჩებში, პარკებში, პლაჟებსა და სხვა ადგილებში. ჰავაიში ბევრ ახალმონათლულ მოწმეს სწორედ ასეთ ადგილებზე უქადაგეს. განსხვავებული მეთოდების გამოყენება გვეხმარება, ეფექტურად შევასრულოთ იესოს მიერ მოწაფეების მომზადებასთან დაკავშირებით მოცემული მითითება (1 კორინთელთა 9:22, 23).

      19. იესოს მიერ ჩვენთვის მოცემული დავალების რომელ ორ ასპექტს განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

      19 იესოს მიერ მოწაფეების მომზადებასთან დაკავშირებით მოცემული დავალება არა მხოლოდ იმას მოიცავს, თუ რატომ და სად უნდა შევასრულოთ ეს საქმიანობა, არამედ იმასაც, თუ რის შესახებ და როდემდე უნდა ვიქადაგოთ. იესოს მიერ ჩვენთვის მოცემული დავალების ეს ორი ასპექტი განიხილება მომდევნო სტატიაში.

      [სქოლიოები]

      a ამ სტატიაში განვიხილავთ პირველ ორ კითხვას, ბოლო ორს კი — მომდევნო სტატიაში.

      b სამქადაგებლო საქმიანობის აუცილებლობის ხაზგასასმელად იხილეთ დამატებითი ბიბლიური მუხლები: იგავები 10:5; ამოსი 3:8; მათე 24:42; მარკოზი 12:17; რომაელთა 1:14, 15.

      c ამ წინასწარმეტყველების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ 2001 წლის 15 მაისის „საგუშაგო კოშკი“, გვერდი 12 და „ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის“, ტომი 2, გვერდი 408 (გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ).

  • „ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც მცნებად დაგიდეთ“
    საგუშაგო კოშკი — 2004 | 1 ივლისი
    • „ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც მცნებად დაგიდეთ“

      „ამიტომ, წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი . . . ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც მცნებად დაგიდეთ“ (მათე 28:19, 20, აქ).

      1. რა საუბარი გაიმართა იესოს მოწაფეს, ფილიპეს, და ეთიოპ მამაკაცს შორის?

      ეთიოპ მამაკაცს იერუსალიმში ჩასასვლელად დიდი მანძილის გავლა მოუწია. ის ამ ქალაქში იმ მიზნით ჩავიდა, რომ თაყვანი ეცა იეჰოვასთვის, ღმერთისთვის, რომელიც უყვარდა. როგორც ჩანს, ამ მამაკაცს ღვთის შთაგონებით დაწერილი სიტყვაც უყვარდა. როდესაც ის თავისი ეტლით სახლში ბრუნდებოდა, წინასწარმეტყველ ესაიას ხელნაწერების ასლს კითხულობდა. ამ დროს მას ფილიპე, იესოს მოწაფე, შეხვდა და ჰკითხა: „თუ გესმის, რასაც კითხულობ?“ ეთიოპმა მიუგო: „როგორ გავიგებ, თუ არავინ განმიმარტავს?“ ფილიპე საღვთო წერილის ამ გულწრფელ შემსწავლელს დაეხმარა, იესოს მოწაფე გამხდარიყო (საქმეები 8:26—39).

      2. ა) რატომ არის განსაკუთრებით საყურადღებო ეთიოპი საჭურისის საპასუხო სიტყვები? ბ) ქრისტეს მიერ მოცემულ დავალებასთან დაკავშირებულ კიდევ რა კითხვებს განვიხილავთ?

      2 ეთიოპის საპასუხო სიტყვები განსაკუთრებით საყურადღებოა. ამ მამაკაცმა ფილიპეს უთხრა: „როგორ გავიგებ, თუ არავინ განმიმარტავს?“ დიახ, მას სჭირდებოდა ისეთი ვინმე, ვინც დაეხმარებოდა წაკითხულის გაგებაში. ეთიოპი საჭურისის ნათქვამში იკვეთება იესოს დავალებაში მოხსენიებული განსაკუთრებული მითითების მნიშვნელოვნება. რა მითითებაზეა საუბარი? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად განვაგრძოთ იესოს სიტყვების განხილვა, რომლებიც ჩაწერილია მათეს 28-ე თავში. წინა სტატიაში ყურადღება გამახვილდა კითხვებზე — რატომ? სად? ახლა კი განვიხილავთ ქრისტეს მიერ მოცემულ დავალებასთან დაკავშირებულ კიდევ ორ კითხვას — რის შესახებ? და როდემდე?

      „ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა“

      3. ა) როგორ ხდება ადამიანი იესო ქრისტეს მოწაფე? ბ) მოწაფეებად მომზადების დროს რა უნდა ვასწავლოთ ადამიანებს?

      3 რის შესახებ უნდა ვასწავლოთ სხვებს, რათა დავეხმაროთ ქრისტეს მოწაფეებად გახდომაში? იესომ თავის მიმდევრებს დაავალა: „ამიტომ, წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან, მონათლეთ ისინი მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით, ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც მცნებად დაგიდეთ“ (მათე 28:19, 20, აქ). ამგვარად, ჩვენ ახალ მოწაფეებს ის უნდა ვასწავლოთ, რაც იესომ მცნებად დაგვიდოa. მაგრამ რისი გაკეთება შეიძლება იმისათვის, რომ ადამიანი, რომელიც სწავლობს იესოს მცნებებს, ბოლომდე იესოს მოწაფედ დარჩეს? ამის დანახვა კარგად შეგვიძლია იესოს მიერ ზუსტად შერჩეულ სიტყვებში. მას მხოლოდ ის კი არ უთქვამს, რომ ‘გვესწავლებინა ადამიანებისთვის ყველაფერი, რაც მცნებად დაგვიდო’, არამედ მიგვითითა: „ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც მცნებად დაგიდეთ“ (მათე 19:17). რა იგულისხმება ამაში?

      4. ა) რას ნიშნავს მითითების დაცვა? ბ) თვალსაჩინო მაგალითით აჩვენეთ, როგორ შეგვიძლია ადამიანებს ვასწავლოთ ქრისტეს მცნებების დაცვა?

      4 მითითების დაცვა ნიშნავს მის თანახმად მოქმედებას — მის ზუსტად დაცვას. მაშ, როგორ უნდა ვასწავლოთ ვინმეს იმ ყველაფრის დაცვა, რაც იესომ მცნებად დაგვიდო? მაგალითად დავფიქრდეთ, როგორ ასწავლის ინსტრუქტორი დამწყებ მძღოლებს საგზაო მოძრაობის წესებს. მას თეორიულად საკლასო ოთახშივე შეუძლია აუხსნას მოსწავლეებს ეს წესები. მაგრამ დამწყებ მძღოლებს ამ წესების დაცვა რომ ასწავლოს, ინსტრუქტორი ვალდებულია, უშუალოდ მანქანის ტარებისას აუხსნას მათ, როგორ უნდა გამოიყენონ ნასწავლი პრაქტიკაში. ასევე ჩვენც, როდესაც ადამიანებთან ბიბლიის შესწავლას ვატარებთ, ქრისტეს მცნებებს ვასწავლით. მაგრამ ჩვენგან ისიც მოითხოვება, რომ ავუხსნათ მათ, როგორ გამოიყენონ ნასწავლი და თვალყური ვადევნოთ, თუ როგორ ცდილობენ ქრისტეს მითითებების დაცვას ყოველდღიურ ცხოვრებასა და მსახურებაში (იოანე 14:15; 1 იოანე 2:3). მაშასადამე, ბოლომდე რომ შევასრულოთ ქრისტეს მითითება მოწაფეების მომზადებასთან დაკავშირებით, მოწაფეებს მხოლოდ კი არ უნდა გავაცნოთ ქრისტეს მცნებები, არამედ ავუხსნათ კიდეც, როგორ შეიძლება მათი პრაქტიკაში გამოყენება. ამგვარად ჩვენ მივყვებით თავად იეჰოვასა და იესოს მიერ დატოვებულ მაგალითს (ფსალმუნები 47:15; გამოცხადება 7:17).

      5. რატომ შეიძლება უჭირდეს ზოგს, ვისთანაც ბიბლიის შესწავლას ვატარებთ, მოწაფეების მომზადებასთან დაკავშირებული ქრისტეს დავალების შესრულება?

      5 ადამიანებს ქრისტეს მცნებების დაცვა რომ ვასწავლოთ, აგრეთვე საჭიროა, დავეხმაროთ მათ მოწაფეების მომზადებასთან დაკავშირებული მითითების შესრულებაში. შესაძლოა ზოგიერთს, ვისთანაც ბიბლიის შესწავლას ვატარებთ, ძალიან რთული ეჩვენება ამ დავალების შესრულება. ისინი შესაძლოა წარსულში რომელიმე ქრისტიანული ეკლესიის აქტიური წევრებიც კი იყვნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, მათ მოძღვრებს არასდროს უსწავლებიათ მათთვის, რომ წასულიყვნენ და მოწაფეები მოემზადებინათ. ზოგი წინამძღოლი გულახდილად აღიარებს, რომ ქრისტიანული ეკლესიები არ ასწავლიან თავიანთ მრევლს ქადაგებას. იესოს მიერ მოცემული დავალების თაობაზე, რომელიც მთელ მსოფლიოში ყველანაირი წარმომავლობის ადამიანების მოწაფეებად მომზადებასთან არის დაკავშირებული, ბიბლეისტმა ჯონ სკოტმა აღნიშნა: „ჩვენ დღეს არ ვასრულებთ ქრისტეს დავალებას იმ სახით, როგორც გვევალება, რაც ევანგელისტური ეკლესიების უდიდესი ნაკლია“. მან დასძინა: „ჩვენ შორი მანძილიდან ვაცხადებთ ამ ცნობას. ზოგჯერ მათ ვგავართ, რომლებიც დასახრჩობად განწირულ ადამიანებს ზღვის უსაფრთხო ნაპირიდან გაჰყვირიან, როგორ მოიქცნენ. ჩვენ არ ვხტებით წყალში მათ საშველად, რადგან დასველების გვეშინია“.

      6. ა) როგორ შეგვიძლია მივბაძოთ ფილიპეს ბიბლიის შემსწავლელისთვის დახმარების აღმოჩენის პერიოდში? ბ) როგორი მზრუნველობა შეგვიძლია გამოვავლინოთ ბიბლიის შემსწავლელისადმი, რომელიც იწყებს სამქადაგებლო საქმიანობაში მონაწილეობას?

      6 თუ ბიბლიის შემსწავლელი წარსულში იმ რელიგიას მიეკუთვნებოდა, რომლის წევრებსაც „ეშინიათ წყალში დასველების“, ანუ ქადაგების შიში აქვთ, შეიძლება მისთვის რთული იყოს, დასძლიოს შიშის გრძნობა და შეასრულოს მოწაფეების მომზადებასთან დაკავშირებით ქრისტეს დავალება. მას დახმარება ესაჭიროება. ამიტომ მოთმინება უნდა გამოვავლინოთ მის მიმართ და ისეთი დარიგებები მივცეთ, რომლებიც ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება და მოქმედებისკენ აღძრავს; ისევე როგორც ფილიპე დაეხმარა ეთიოპ საჭურისს, ცოდნა გაეღრმავებინა და მოსანათლად აღძრულიყო (იოანე 16:13; საქმეები 8:35—38). გარდა ამისა, ჩვენ ძლიერი სურვილი გვაქვს, რომ ბიბლიის შემსწავლელებს დავეხმაროთ მოწაფეების მომზადებასთან დაკავშირებული დავალების შესრულებაში. ეს სურვილი აღგვძრავს, მათთან ერთად ვითანამშრომლოთ და თვალყური ვადევნოთ, როგორ დგამენ პირველ ნაბიჯებს სამეფოს შესახებ ქადაგების საქმეში (ეკლესიასტე 4:9, 10; ლუკა 6:40).

      „ყველაფრის დაცვა“

      7. რომელ მცნებებს მოიცავს ‘ყველაფერი’, რის შესახებაც სხვებს ვასწავლით?

      7 ჩვენ მხოლოდ მოწაფეების მომზადებასთან დაკავშირებული დავალების შესრულებას არ ვასწავლით ბიბლიის შემსწავლელებს. იესომ მიგვითითა, რომ სხვებისთვის გვესწავლებინა „ყველაფრის დაცვა“ — რაც მან მცნებად დაგვიდო. ეს, რასაკვირველია, მოიცავს ორ უდიდეს მცნებას — ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარულს (მათე 22:37—39). როგორ შეგვიძლია ახალ მოწაფეებს ვასწავლოთ ამ ორი მცნების დაცვა?

      8. თვალსაჩინოდ ახსენით, როგორ შეგვიძლია ახალ მოსწავლეს სიყვარულის გამოვლენასთან დაკავშირებული მცნების დაცვა ვასწავლოთ?

      8 კიდევ ერთხელ დაფიქრდით იმ ადამიანის მაგალითზე, რომელიც მანქანის ტარებას სწავლობს. როდესაც ინსტრუქტორის გვერდით მჯდომი მოსწავლე მართავს მანქანას, ის არა მხოლოდ ინსტრუქტორის მითითებებით სწავლობს მართვას, არამედ სხვა მძღოლებზე დაკვირვების შედეგადაც. მაგალითად, ინსტრუქტორს შეუძლია დამწყებ მძღოლს ყურადღება მიაქცევინოს გამოცდილ მძღოლზე, რომელიც სხვას აძლევს წინ გასვლის საშუალებას; ან მძღოლზე, რომელიც განზრახ ასუსტებს ფარების სინათლეს, რათა თვალი არ მოჭრას შემხვედრი ავტომანქანის მძღოლს; ანდა მასზე, რომელიც თავის ნაცნობს ეხმარება მწყობრიდან გამოსული მანქანის შეკეთებაში. ასეთი მაგალითები დამწყებ მძღოლს ბევრ სასარგებლო რამეს ასწავლის, რაც მართვის დროს გამოადგება. მსგავსად ამისა, ახალი მოწაფე, რომელიც სიცოცხლის გზაზე დგება, არა მხოლოდ თავისი მასწავლებლისგან სწავლობს ამ გზაზე სიარულს, არამედ კრების წევრების შესანიშნავი მაგალითებითაც (მათე 7:13, 14).

      9. როგორ შეუძლია ახალ მოწაფეს ისწავლოს, რას ნიშნავს სიყვარულის გამოვლენასთან დაკავშირებული მცნების დაცვა?

      9 მაგალითად, ბიბლიის შემსწავლელს შეუძლია დააკვირდეს მარტოხელა ქრისტიან მშობელს, რომელიც ძალიან დიდ ძალისხმევას ახმარს, რომ სამეფო დარბაზში პატარა ბავშვებით მოვიდეს და შეხვედრებს დაესწროს. მისი ყურადღების ობიექტი შეიძლება გახდეს დამწუხრებული ქრისტიანი და, რომელიც დეპრესიასთან ბრძოლის მიუხედავად, რეგულარულად ესწრება შეხვედრებს; აგრეთვე ხანდაზმული ქვრივი, რომელიც სხვებს ამხნევებს კრებაში; მოზარდი, რომელიც სამეფო დარბაზის დასუფთავებაში იღებს მონაწილეობას. ბიბლიის შემსწავლელს შეუძლია ყურადღება მიაქციოს კრების უხუცესს, რომელიც კრებაში დაკისრებული უამრავი პასუხისმგებლობის მიუხედავად სამქადაგებლო მსახურებასაც ერთგულად უწევს ხელმძღვანელობას. ბიბლიის შემსწავლელმა შეიძლება გაიცნოს მოწმე, რომელიც მძიმე ავადმყოფობის გამო სახლიდან ვერ გამოდის, მაგრამ გამხნევების წყაროა მათთვის, ვინც მის მოსანახულებლად მიდის. ახალმა მოსწავლემ შეიძლება შეამჩნიოს ქრისტიანი ცოლ-ქმარი, რომლებიც ძირეულ ცვლილებებს ახდენენ ცხოვრებაში, რათა მოხუც მშობლებზე იზრუნონ. ასეთ კეთილ, სხვებზე მზრუნველ და საიმედო ქრისტიანებზე დაკვირვებითა და მათ მაგალითზე დაფიქრებით ახალი მოწაფე სწავლობს, რას ნიშნავს ქრისტეს მცნების დაცვა — ღვთისა და მოყვასის, განსაკუთრებით კი თანამორწმუნეების, სიყვარული (იგავები 24:32; იოანე 13:35; გალატელთა 6:10; 1 ტიმოთე 5:4, 8; 1 პეტრე 5:2, 3). ასეთი სახით, ქრისტიანული კრების თითოეულ წევრს შეუძლია — და მართებს კიდეც — იყოს მასწავლებელი და მისაბაძი მაგალითი (მათე 5:16).

      „ამ სისტემის აღსასრულამდე“

      10. ა) როდემდე განვაგრძობთ მოწაფეების მომზადებას? ბ) რა მაგალითი დაგვიტოვა იესომ დაკისრებული დავალების შესრულებასთან დაკავშირებით?

      10 როდემდე უნდა განვაგრძოთ მოწაფეების მომზადება? ამ სისტემის აღსასრულამდე (მათე 28:20). შევძლებთ იესოს ამ მითითების შესრულებას? ჩვენ, როგორც მსოფლიო კრების წევრებს, მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ამის გაკეთება. გასულ წლებში ჩვენ სიხარულით გამოვიყენეთ საკუთარი დრო, ენერგია და სახსრები მათ მოსაძებნად, ვინც „მარადიული სიცოცხლისთვის იყო განწყობილი“ (საქმეები 13:48, აქ). დღესდღეობით მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეები ყოველდღიურად საშუალოდ სამ მილიონზე მეტ საათს უთმობენ სამეფოს შესახებ ქადაგებასა და მოწაფეების მომზადების საქმეს. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ იესოს მაგალითს მივყვებით. მან განაცხადა: „ჩემი საჭმელია — ვქმნა ჩემი მომავლინებლის ნება და აღვასრულო მისი საქმე“ (იოანე 4:34). ჩვენც მთელი გულით გვსურს ამის გაკეთება (იოანე 20:21). ჩვენ დაკისრებული საქმის მხოლოდ დაწყება კი არ გვსურს, არამედ მისი ბოლომდე მიყვანაც (მათე 24:13; იოანე 17:4).

      11. რა ემართება ზოგ ქრისტიან და-ძმას და რა კითხვა უნდა დავუსვათ ამასთან დაკავშირებით საკუთარ თავს?

      11 ძალიან სამწუხაროა, როდესაც ზოგი თანამორწმუნე სულიერად სუსტდება და ამის შედეგად ნაკლები მონდომებით ან საერთოდ აღარ ასრულებს მოწაფეების მომზადებასთან დაკავშირებულ ქრისტეს დავალებას. შეგვიძლია რამენაირად დავეხმაროთ მათ, რომ კვლავ განაახლონ ურთიერთობა კრებასთან და განაგრძონ მოწაფეების მომზადება? (რომაელთა 15:1; ებრაელთა 12:12). ჩვენ შეგვიძლია დავფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ დაეხმარა იესო დროებით სულიერად დასუსტებულ მოციქულებს და მის მსგავსად მოვიქცეთ.

      გამოავლინეთ მზრუნველობა

      12. ა) როგორ მოიქცნენ მოციქულები იესოს სიკვდილამდე? ბ) როგორ მოექცა იესო თავის მოციქულებს მათ მიერ გამოვლენილი სერიოზული სისუსტის მიუხედავად?

      12 იესოს მიწიერი მსახურების დასასრულს, როდესაც მისი სიკვდილის ჟამი მოახლოვდა, მოციქულებმა „მიატოვეს იგი და ყველანი გაიქცნენ“. როგორც იესომ იწინასწარმეტყველა, ‘ყველა სათითაოდ გაიფანტა’ (მარკოზი 14:50; იოანე 16:32). როგორ მოექცა იესო სულიერად დასუსტებულ თანამსახურებს? აღდგომიდან ცოტა ხნის შემდეგ იესომ უთხრა თავის მიმდევრებს: „ნუ გეშინიათ, წადით და აუწყეთ ჩემს ძმებს, რომ წავიდნენ გალილეას და იქ მნახავენ“ (მათე 28:10). მიუხედავად იმისა, რომ მოციქულებმა სერიოზული სისუსტე გამოავლინეს, იესომ მათ მაინც ‘თავისი ძმები’ უწოდა (მათე 12:49). ის მათ კლავ ენდობოდა. იესო იეჰოვას მსგავსად გულმოწყალე და მიმტევებელი იყო (4 მეფეთა 13:23). როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იესოს?

      13. როგორი თვალსაზრისი უნდა გვქონდეს სულიერად დასუსტებულ ქრისტიანებზე?

      13 ჩვენ თანაგრძნობა უნდა გამოვავლინოთ მათ მიმართ, ვინც ნაკლები მონდომებით ან საერთოდ აღარ მონაწილეობს მსახურებაში. ჩვენ არ დაგვვიწყებია, რა სიყვარულით შრომობდნენ ეს თანამორწმუნეები წარსულში — ზოგიერთი შესაძლოა ათწლეულების მანძილზეც კი (ებრაელთა 6:10). ჩვენ მართლაც გვენატრება მათთან ურთიერთობა (ლუკა 15:4—7; 1 თესალონიკელთა 2:17). როგორ შეგვიძლია მათდამი მზრუნველობის გამოვლენა?

      14. როგორ შეგვიძლია იესოს მიბაძვით დავეხმაროთ დასუსტებულ თანაქრისტიანს?

      14 სულიერად დასუსტებულ მოციქულებს იესომ უთხრა, რომ წასულიყვნენ გალილეაში, სადაც ნახავდნენ მას. იესომ ისინი განსაკუთრებულ შეხვედრაზე მიიწვია (მათე 28:10). დღეს ჩვენც მსგავსად მოვუწოდებთ სულიერად დასუსტებულ თანაქრისტიანებს, დაესწრონ ქრისტიანული კრების შეხვედრებს და ამის გაკეთება შეიძლება არაერთხელ გვიწევს. მოციქულების შემთხვევაში იესოს მოწვევამ ნაყოფი გამოიღო, რადგან „თერთმეტი მოწაფე წავიდა გალილეას, იმ მთაზე, რომელიც იესომ დაუთქვა მათ“ (მათე 28:16). რამხელა სიხარულს ვგრძნობთ, როდესაც დასუსტებული თანაქრისტიანი მსგავსად ეხმაურება ჩვენს გულთბილ მოწვევას და კვლავ იწყებს კრების შეხვედრებზე დასწრებას! (ლუკა 15:6).

      15. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იესოს და გულთბილად შევხვდეთ შეხვედრაზე მოსულ დასუსტებულ ქრისტიანებს?

      15 როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც სულიერად დასუსტებული ქრისტიანი მოვა სამეფო დარბაზში? რა გააკეთა იესომ, როდესაც დაინახა დათქმულ ადგილას მისული რწმენაში დროებით მოსუსტებული მოციქულები? იესომ შორს კი არ დაიჭირა მათგან თავი, არამედ მივიდა მათთან (მათე 28:18). წარმოიდგინეთ, რა შვებას იგრძნობდნენ მოციქულები, როდესაც იესომ თავად გადადგა მათკენ პირველი ნაბიჯი! ჩვენც შეგვიძლია გადავდგათ პირველი ნაბიჯი და გულთბილად მივესალმოთ დასუსტებულ ქრისტიანებს, რომლებიც მთელი გულით ცდილობენ ქრისტიანულ კრებაში დაბრუნებას.

      16. ა) რა შეგვიძლია ვისწავლოთ იესოს მიერ მოწაფეების მოპყრობასთან დაკავშირებული მაგალითიდან? ბ) როგორ შეგვიძლია დასუსტებულების მიმართ ისეთივე თვალსაზრისი გვქონდეს, როგორიც იესოს ჰქონდა? (იხილეთ სქოლიო.)

      16 კიდევ რა გააკეთა იესომ? თავდაპირველად მან განაცხადა: „მთელი ძალაუფლება . . . მაქვს მოცემული“. შემდეგ მან მოციქულებს დავალება მისცა: „ამიტომ, წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი“. ბოლოს კი იესომ აღუთქვა მათ: „მე ყოველდღე თქვენთან ვარ“ (აქ). მაგრამ ყურადღება მიაქციეთ, რა არ გააკეთა იესომ? მან არ უსაყვედურა მოწაფეებს იმის გამო, რომ შეცდომები დაუშვეს და დაეჭვდნენ (მათე 28:17). მოიტანა ასეთმა მიდგომამ დადებითი შედეგი? დიახ. ძალიან მალე მოციქულებმა კვლავ დაიწყეს ‘სასიხარულო ცნობის სწავლება და უწყება’ (საქმეები 5:42, აქ). თუ მივყვებით იესოს მაგალითს, მის მსგავსად მოვეპყრობით დასუსტებულებს, შეიძლება ამან ჩვენს კრებაშიც მოიტანოს სასიხარულო შედეგები (საქმეები 20:35)b.

      „მე ყოველდღე თქვენთან ვარ“

      17, 18. როგორ გვამტკიცებს იესოს სიტყვები — „მე ყოველდღე თქვენთან ვარ“?

      17 იესოს მითითების ბოლო სიტყვები — „მე ყოველდღე თქვენთან ვარ“ — განმამტკიცებელია ყველასთვის, ვინც მთელი გულით ცდილობს მის მიერ მოწაფეების მომზადებასთან დაკავშირებით მოცემული დავალების შესრულებას. როგორც უნდა შეეწინააღმდეგონ მტრები სამქადაგებლო საქმიანობას და რა ცილისმწამებლური ინფორმაციაც უნდა გაავრცელონ ჩვენ წინააღმდეგ, შიშის მიზეზი მაინც არა გვაქვს. რატომ? იესო, ჩვენი წინამძღოლი, რომელსაც ‘მთელი ძალაუფლება აქვს მიცემული ზეცაში თუ დედამიწაზე’, ჩვენ გვერდითაა და მხარს გვიჭერს!

      18 იესოს დანაპირები — „მე ყოველდღე თქვენთან ვარ“ — დიდად მანუგეშებელიცაა. ვინაიდან გულმოდგინედ ვასრულებთ იესოს დავალებას მოწაფეების მომზადებასთან დაკავშირებით, ცხადია, სიხარულს ვგრძნობთ, მაგრამ ზოგჯერ მწუხარების წუთებიც გვიდგება (2 ნეშტთა 6:29). ზოგი ჩვენგანი საყვარელი ადამიანის სიკვდილის გამო დიდ ტკივილს განიცდის (დაბადება 23:2; იოანე 11:33—36). სხვები მოხუცებულობით გამოწვეულ სირთულეებს ებრძვიან — მათი ჯანმრთელობა უარესდება, რის გამოც ძალები ეცლებათ (ეკლესიასტე 12:1—6). ზოგი დროდადრო დეპრესიაში ვარდება (1 თესალონიკელთა 5:14). დღითი დღე სულ უფრო მეტ ჩვენგანს უწევს ეკონომიკური სიდუხჭირით გამოწვეულ რთულ მდგომარეობასთან ბრძოლა. ასეთი სირთულეების მიუხედავად, წარმატებებს ვაღწევთ მსახურებაში, რადგან იესო „ყოველდღე“, ყველაზე მძიმე წუთებშიც კი, ჩვენ გვერდითაა (მათე 11:28—30).

      19. ა) რა ასპექტებს შეიცავს იესოს მიერ მოწაფეების მომზადებასთან დაკავშირებით მოცემული დავალება? ბ) რა დაგვეხმარება ქრისტეს დავალების შესრულებაში?

      19 როგორც ამ და წინა სტატიიდან დავინახეთ, იესოს მიერ მოწაფეების მომზადებასთან დაკავშირებით მოცემული დავალება ბევრ ასპექტს შეიცავს. იესომ აგვიხსნა, თუ რატომ და სად უნდა შეგვესრულებინა მისი დავალება. მან ისიც გვითხრა, თუ რის შესახებ და როდემდე უნდა გვექადაგა. მართალია ამ დავალების შესრულება არც ისე ადვილია, მაგრამ იესოს მხარდაჭერითა და იმის გაცნობიერებით, რომ ის ჩვენ გვერდითაა, შეგვიძლია ამ დავალების შესრულება! განა არ ეთანხმებით ამას?

      [სქოლიოები]

      a ერთ ნაშრომში ხაზი ესმება იმას, რომ მონათვლასა და სწავლებასთან დაკავშირებული იესოს მითითება „არ გულისხმობს ორ თანმიმდევრულ მოქმედებას“. ნაცვლად ამისა, „სწავლება მოიცავს უწყვეტ პროცესს, რომელიც გარკვეული დროის მანძილზე წინ უძღვის ნათლობას . . . და ნათლობის შემდეგაც გრძელდება“.

      b იმის თაობაზე, თუ რა თვალსაზრისი უნდა გვქონდეს დასუსტებულებზე და როგორ დავეხმაროთ მათ, იხილეთ დამატებითი ინფორმაცია 2003 წლის 1 თებერვლის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 15—18.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება