საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • სიმართლისთვის დევნილნი
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 1 ოქტომბერი
    • სიმართლისთვის დევნილნი

      „ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი“ (მათე 5:10).

      1. რატომ წარდგა იესო პონტოელი პილატეს წინაშე და რა თქვა მან?

      „მე იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოვედი წუთისოფელში, რომ ჭეშმარიტება დავამოწმო“ (იოანე 18:37). იესომ ეს სიტყვები პონტოელი პილატეს, იუდეის რომაელი მმართველის, წინაშე წარმოთქვა. ის პილატესთან არც საკუთარი სურვილით მისულა და არც ამ მმართველის მიწვევით. ამის მიზეზი ის იყო, რომ იუდეველმა რელიგიურმა წინამძღოლებმა ბრალი დასდეს მას ბოროტმოქმედებაში, რის გამოც, მათი აზრით, სიკვდილს იმსახურებდა (იოანე 18:29—31).

      2. როგორ მოიქცა იესო და რა შედეგი გამოიღო ამან?

      2 იესომ ძალიან კარგად იცოდა, რომ პილატეს ჰქონდა მისი გათავისუფლების ან მისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანის უფლება (იოანე 19:10). მაგრამ ამან ვერ შეაკავა იესო, რომ გაბედულად ელაპარაკა პილატესთან სამეფოს შესახებ. თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, იესომ ხელიდან არ გაუშვა შესაძლებლობა, დაემოწმებინა იმ ოლქის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლისთვის. ამ დამოწმების მიუხედავად, იესოს განაჩენი გამოუტანეს, ბოძზე გააკრეს და მოწამებრივი სიკვდილით მოკვდა (მათე 27:24—26; მარკოზი 15:15; ლუკა 23:24, 25; იოანე 19:13—16).

      მოწმე თუ წამებული?

      3. ბიბლიურ დროში რას ნიშნავდა „წამებულად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა, მაგრამ რას ნიშნავს ის დღეს?

      3 დღეს ბევრი წამებულებს, გარკვეულწილად, ფანატიკოსებად ან ექსტრემისტებად მიიჩნევს. მათ, ვინც საკუთარი შეხედულებების, განსაკუთრებით კი რელიგიური მრწამსის გამო სიკვდილისთვისაც მზად არის, ხშირად ტერორისტებად, ან, სულ მცირე, საზოგადოებისთვის საშიშ ადამიანებად თვლიან. „წამებულად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა („მარტის“) ბიბლიურ დროში ნიშნავდა „მოწმეს“. ეს სიტყვა მიუთითებდა ადამიანზე, რომელიც სასამართლო პროცესზე ამოწმებდა იმას, რისიც თავად სწამდა. ამ სიტყვამ მხოლოდ მოგვიანებით შეიძინა სხვა მნიშვნელობა, კერძოდ „ადამიანი, ვინც დასამოწმებლად საკუთარ სიცოცხლეს სწირავს“, ან ვინც თვით საკუთარი სიცოცხლის ფასად ამოწმებს.

      4. უმთავრესად, რა გაგებით იყო იესო წამებული?

      4 იესო წამებული („მარტის“), უმთავრესად, ამ სიტყვის ძველი მნიშვნელობით იყო. როგორც პილატეს უთხრა, ის ‘ჭეშმარიტების დასამოწმებლად’ იყო მოსული. ხალხი სხვადასხვაგვარად ეხმაურებოდა მის ქადაგებას. ზოგიერთ უბრალო ადამიანზე ძალიან მოქმედებდა ის, რასაც მისგან ისმენდნენ და ხედავდნენ და ამიტომ, მათ იწამეს იესო (იოანე 2:23; 8:30). მთლიანობაში კი ხალხი, განსაკუთრებით რელიგიური წინამძღოლები, უარყოფითად რეაგირებდნენ მის სიტყვებზე. იესომ თავის ურწმუნო ნათესავებს უთხრა: „წუთისოფელს არ შეუძლია თქვენი შეძულება, მე კი ვძულვარ იმის გამო, რომ მე ვამოწმებ მასზე, რომ მისი საქმეები ბოროტია“ (იოანე 7:7). ჭეშმარიტების დამოწმებისთვის მას ერის წინამძღოლების რისხვა დაატყდა თავს და, საბოლოოდ, მოკლეს კიდეც. იესო მართლაც რომ ‘ერთგული და ჭეშმარიტი მოწმე („მარტის“)’ იყო (გამოცხადება 3:14, აფ).

      „მოძულებულნი იქნებით“

      5. რა თქვა იესომ დევნასთან დაკავშირებით თავისი მსახურების დასაწყისში?

      5 სასტიკი დევნა მხოლოდ იესოს არ განუცდია. მან თავისი მოწაფეები გააფრთხილა, რომ მათაც მოუწევდათ მსგავსი დევნის გადატანა. მსახურების დასაწყისში მთაზე ქადაგებისას იესომ თავის მსმენელებს უთხრა: „ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი, ვინაიდან მათია სასუფეველი ცათა. ნეტარ ხართ თქვენ, როცა გაგლანძღავენ, გაგდევნიან და ყოველნაირად ბოროტს იტყვიან თქვენზე ჩემს გამო. იხარეთ და იმხიარულეთ, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში“ (მათე 5:10—12).

      6. რა გაფრთხილება მისცა იესომ 12 მოციქულს, როცა საქადაგებლად აგზავნიდა?

      6 მოგვიანებით, როცა 12 მოციქულს საქადაგებლად აგზავნიდა, იესომ მათ უთხრა: „მოერიდეთ ადამიანებს, ვინაიდან ისინი გადაგცემენ სამსჯავროებში და თავიანთ სინაგოგებში გაგშოლტავენ თქვენ. წაგიყვანენ განმგებლებთან და მეფეებთან ჩემს გამო, მათთვის და წარმართთათვის დასამოწმებლად“. მოწაფეებს დევნა მხოლოდ რელიგიური წინამძღოლების მხრიდან არ ელოდათ. იესომ აგრეთვე აღნიშნა: „ძმა ძმას გადასცემს სასიკვდილოდ და მამა — შვილს; აღდგებიან შვილები მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ. ყველასგან მოძულებულნი იქნებით ჩემი სახელის გამო; ბოლომდე მომთმენი კი გადარჩება“ (მათე 10:17, 18, 21, 22). პირველი საუკუნის ქრისტიანთა ისტორია ადასტურებს ამ სიტყვების ჭემშმარიტებას.

      ღვთის მსახურთა ერთგულება და სიმტკიცე

      7. რამ გამოიწვია სტეფანეს მოწამებრივი სიკვდილი?

      7 იესოს სიკვდილის შემდეგ სტეფანე პირველი ქრისტიანი იყო, რომელიც ჭეშმარიტების დამოწმების გამო მოკლეს. „მადლით და ძალით აღსავსე სტეფანე დიდ სასწაულებსა და ნიშნებს ახდენდა ხალხში“. რელიგიურმა მოწინააღმდეგეებმა „ვერ შეძლეს წინ აღდგომოდნენ სიბრძნესა და სულს, რომლითაც ის ლაპარაკობდა“ (საქმეები 6:8, 10). მისდამი შურით აღვსილმა მოწინააღმდეგეებმა ის მიიყვანეს სინედრიონში, იუდეველთა უმაღლეს სასამართლოში, სადაც სტეფანეს ცრუბრალმდებლები დაუპირისპირდნენ. იქ მან შესანიშნავად დაამოწმა ყველას წინაშე. მიუხედავად ამისა, ბოლოს მტრებმა მოკლეს ეს ერთგული მოწმე (საქმეები 7:59, 60).

      8. როგორი რეაქცია ჰქონდათ იერუსალიმში მცხოვრებ მოწაფეებს დევნაზე, რომელიც სტეფანეს მოკვლის შემდეგ დაიწყო?

      8 სტეფანეს მოკვლის შემდეგ „მოხდა იერუსალიმის ეკლესიის დიდი დევნა და ყველა, მოციქულების გარდა, გაიფანტა იუდეასა და სამარიის მხარეებში“ (საქმეები 8:1). შეაჩერა დევნამ ქრისტიანთა ქადაგება? პირიქით, როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, „გაფანტულები მიმოდიოდნენ და ახარებდნენ სიტყვას“ (საქმეები 8:4). ისინი, როგორც ჩანს, იზიარებდნენ პეტრე მოციქულის თვალსაზრისს, რომელმაც შედარებით ადრე განაცხადა: „ღმერთს უფრო მეტად უნდა ვემორჩილებოდეთ, ვიდრე ადამიანებს“ (საქმეები 5:29). დევნის მიუხედავად, ეს ერთგული და გაბედული მოწაფეები შეუპოვრად ამოწმებდნენ ჭეშმარიტებას, თუმცა იცოდნენ, რომ ეს უფრო მეტ სირთულეებს გამოიწვევდა (საქმეები 11:19—21).

      9. როგორ გრძელდებოდა იესოს მიმდევრების დევნა?

      9 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იმ დღეებში ქრისტიანების მდგომარეობა არ შემსუბუქებულა. სავლე, რომელიც სტეფანეს ჩაქოლვას იწონებდა, „ჯერ კიდევ სიკვდილის მუქარით სუნთქავდა უფლის მოწაფეთა წინააღმდეგ, მღვდელმთავართან გამოცხადდა. და სთხოვა ბარათები დამასკოს სინაგოგებისადმი, რომ ვისაც იპოვიდა ამ გზაზე მდგომს, მამაკაცებს თუ დედაკაცებს, შებორკილი მიეყვანა იერუსალიმში“ (საქმეები 9:1, 2). შემდეგ, დაახლოებით ახ. წ. 44 წელს „ჰეროდემ ხელი აღმართა ეკლესიის ზოგიერთ წევრზე, საბოროტოდ და მახვილით მოაკვლევინა იაკობი, იოანეს ძმა“ (საქმეები 12:1, 2).

      10. რას გვამცნობს „მოციქულთა საქმეები“ და „გამოცხადება“ ქრისტიანთა დევნის შესახებ?

      10 „მოციქულთა საქმეების“ მომდევნო თავებში შემონახულია ცნობები იმ განსაცდელების, პატიმრობებისა და დევნების შესახებ, რომელთა წინაშე დგომაც მოუწიათ ღვთის ერთგულ მსახურებს, მაგალითად, პავლეს. ამ ყოფილმა მდევნელმა, რომელიც მოციქული გახდა, შესაძლოა დაახლოებით ახ. წ. 65 წელს რომის იმპერატორის, ნერონის, ბრძანებით მოწამებრივი სიკვდილით დაასრულა სიცოცხლე (2 კორინთელთა 11:23—27; 2 ტიმოთე 4:6—8). პირველი საუკუნის მიწურულს დაწერილი წიგნიდან, „გამოცხადებიდან“, კი ვიგებთ, რომ ხანდაზმული იოანე მოციქული კუნძულ პატმოსზე პატიმრობაში იმყოფებოდა „ღვთის სიტყვისათვის და იესო ქრისტეს მოწმობისათვის“. „გამოცხადებაში“ აგრეთვე მოხსენიებულია „ერთგული მოწმე ანტიპა . . . რომელიც მოკლეს“ პერგამონში (გამოცხადება 1:9; 2:13, აქ).

      11. პირველ ქრისტიანთა შემთხვევაში როგორ შესრულდა დევნასთან დაკავშირებით ნათქვამი იესოს სიტყვები?

      11 ყოველივე ამით შესრულდა იესოს მიერ თავის მოწაფეებისათვის ნათქვამი სიტყვები: „მე თუ მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას“ (იოანე 15:20). პირველი საუკუნის ერთგული ქრისტიანები მზად იყვნენ, თვალი გაესწორებინათ უსაშინლესი გამოცდისთვის, სიკვდილისთვის — მათ აწამებდნენ, გარეულ ცხოველებს უგდებდნენ ან სხვა მეთოდებს მიმართავდნენ — რათა შეესრულებინათ უფალ იესო ქრისტეს მიერ მიცემული დავალება: „იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და ქვეყნის კიდემდე“ (საქმეები 1:8).

      12. ქრისტიანთა დევნა რატომ არ არის მხოლოდ წარსულის ისტორია?

      12 ის, ვინც ფიქრობს, რომ ასე სასტიკად იესოს მიმდევრებს მხოლოდ წარსულში ეპყრობოდნენ, ძალიან ცდება. პავლემ, რომელმაც საკმაოდ ბევრი გაჭირვება გამოიარა, დაწერა: „ყველა, ვისაც სურს ქრისტე იესოში იცხოვროს ღვთისმოსაობით, დევნილი იქნება“ (2 ტიმოთე 3:12). დევნის თაობაზე პეტრემ აღნიშნა: „ამისათვის ხართ მოწოდებულნი: ქრისტეც ხომ ეტანჯა თქვენთვის და მაგალითიც დაგიტოვათ, რათა მის კვალს მიჰყვეთ“ (1 პეტრე 2:21). იმ დროიდან ამ ბოროტი სისტემის ‘უკანასკნელ დღეებამდე’ იეჰოვას ხალხი სძულთ და მათ წინააღმდეგობას უწევენ (2 ტიმოთე 3:1). დღეს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, დიქტატორულ თუ დემოკრატიულ ქვეყნებში, იეჰოვას მოწმეები დროდადრო მაინც იდევნებიან ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად.

      რატომ არიან შეძულებულნი და დევნილნი?

      13. რა უნდა ჰქონდეთ კარგად გაანალიზებული იეჰოვას თანამედროვე მსახურებს დევნასთან დაკავშირებით?

      13 თუმცა დღეს უმეტესობა შედარებითი თავისუფლებით ვსარგებლობთ და დაუბრკოლებლად ქადაგებისა და ერთად შეკრების შესაძლებლობა გვაქვს, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ბიბლიაში მოცემული შეხსენება: „წარმავალია წუთისოფლის სახე“ (1 კორინთელთა 7:31). ყველაფერი შეიძლება ისე სწრაფად შეიცვალოს, რომ, თუ გონებრივად, ემოციურად და სულიერად მომზადებული არ ვიქნებით, ადვილად დავბრკოლდებით. როგორ შეგვიძლია საკუთარი თავის დაცვა? საუკეთესოდ ის დაგვიცავს, თუ კარგად გვექნება გაანალიზებული, რატომ არიან შეძულებულნი და დევნილნი მშვიდობის მოყვარული და კანონის დამცველი ქრისტიანები.

      14. როგორ ახსნა პეტრემ ქრისტიანთა დევნის მიზეზი?

      14 პეტრე მოციქული შეეხო ამ საკითხს თავის პირველ წერილში, რომელიც დაახლოებით ახ. წ. 62—64 წლებში დაწერა. ეს ის პერიოდი იყო, როცა ქრისტიანები რომის მთელ იმპერიაში სხვადასხვა განსაცდელებსა და წინააღმდეგობებს ხვდებოდნენ. მან თქვა: „საყვარელნო, ნუ გაგაოცებთ თქვენზე მოვლენილი ცეცხლოვანი განსაცდელი, თითქოს უცხო რამ დაგმართვოდეთ“. იმისათვის, რომ აეხსნა, რას გულისხმობდა ამ სიტყვებში, პეტრემ განაგრძო: „ოღონდ არც ერთ თქვენგანს არა ევნოს რა, როგორც მკვლელს ან ქურდს, ბოროტმოქმედს ან სხვის საქმეში ჩამრევს. ხოლო თუ ვინმე იტანჯება, როგორც ქრისტიანი, ნუ შერცხვება, არამედ ადიდოს ღმერთი ამის გამო“. პეტრემ ყურადღება გაამახვილა, რომ ქრისტიანები დანაშაულის ჩადენის გამო კი არ იტანჯებოდნენ, არამედ ქრისტიანებად ყოფნის გამო; და თუ მათ გარშემო მყოფი ადამიანების მსგავსად „უზომო გარყვნილებას“ მიეცემოდნენ, ისინი აღიარებდნენ და სიამოვნებით მიიღებდნენ მათ. დიახ, ისინი სწორედ იმის გამო იტანჯებოდნენ, რომ ცდილობდნენ ისე ეცხოვრათ, როგორც ქრისტეს მიმდევრებს შეეფერებოდათ. დღევანდელი ქრისტიანებიც მსგავს მდგომარეობაში არიან (1 პეტრე 4:4, 12, 15, 16).

      15. მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვას მოწმეები სამაგალითოდ იქცევიან, როგორ ეპყრობიან მათ?

      15 მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში იეჰოვას მოწმეებს სახალხოდ აქებენ ერთსულოვნებისა და თანამშრომლობის გამო, რასაც კონგრესებსა და სამშენებლო პროექტებზე ავლენენ; აგრეთვე აქებენ პატიოსნებისა და გულმოდგინებისთვის, ზნეობრივი სისუფთავისა და მისაბაძი ოჯახური ცხოვრებისთვის, თვით სამაგალითო გარეგნობისა და საქციელისთვისa. მეორე მხრივ, ამ სტატიის მომზადების პერიოდში, სულ მცირე, 28 ქვეყანაში მათი საქმიანობა აკრძალული ან შეზღუდული იყო, ბევრ მოწმეს ფიზიკურად შეურაცხყოფდნენ და რწმენის გამო სირთულეებს უქმნიდნენ. რატომ ზღუდავენ და შეურაცხყოფენ იეჰოვას მოწმეებს, რომლებიც სამაგალითო ყოფაქცევით გამოირჩევიან? რატომ უშვებს ღმერთი ამას?

      16. რომელი ძირითადი მიზეზით უშვებს ღმერთი თავისი მსახურების დევნას?

      16 უპირველესად, უნდა გვახსოვდეს იგავების 27:11-ში (სსგ) ჩაწერილი სიტყვები: „შვილო, იყავი ბრძენი, გული გამიხარე; და მეც პასუხს გავცემ ჩემს მაგინებელს“. დიახ, საქმე გვაქვს ღვთის უზენაესობასთან დაკავშირებით საუკუნეების წინათ წამოჭრილ საკითხთან. მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეების მანძილზე ღვთის მრავალმა მსახურმა დაამტკიცა მისდამი ერთგულება, სატანა კვლავაც განაგრძობს გესლის ნთხევას, როგორც ამას მართალი მამაკაცის, იობის, დღეებში აკეთებდა (იობი 1:9—11; 2:4, 5). უეჭველია, რომ დღეს, როცა ღვთის სამეფო უკვე მყარად არის დაფუძნებული და მთელ დედამიწაზე ჰყავს ერთგული ქვეშევრდომები და წარმომადგენლები, სატანა ისე, როგორც არასდროს გააფთრებით ცდილობს უკანასკნელი შესაძლებლობის გამოყენებას თავისი განაცხადის დასამტკიცებლად. სხვადასხვა გაჭირვებისა და სირთულეების მიუხედავად, შეინარჩუნებენ ბოლომდე ღვთის დღევანდელი მსახურები ერთგულებას? ამ კითხვაზე იეჰოვას თითოეულმა მსახურმა პირადად უნდა გასცეს პასუხი (გამოცხადება 12:12, 17).

      17. რა ჰქონდა იესოს მხედველობაში, როდესაც თქვა: „ეს თქვენ დამოწმების შესაძლებლობას მოგცემთ“?

      17 როდესაც იესო თავის მოწაფეებს უხსნიდა, რა უნდა მომხდარიყო „წუთისოფლის აღსასრულს“, მოიხსენია სხვა მიზეზიც, რის გამოც უშვებს იეჰოვა თავის მსახურთა დევნას. მან უთხრა მათ: «მეფეთა და განმგებელთა წინაშე მიგიყვანენ ჩემი სახელის გამო. ეს გექნებათ თქვენ დასამოწმებლად [„ეს თქვენ დამოწმების შესაძლებლობას მოგცემთ“, აქ]» (მათე 24:3, 9; ლუკა 21:12, 13). თავად იესომ ჰეროდესა და პონტოელი პილატეს წინაშე დაამოწმა. პავლე მოციქულიც ‘მიიყვანეს მეფეთა და განმგებელთა წინაშე’. უფალ იესო ქრისტეს ხელმძღვანელობით, პავლე იმ დროის ყველაზე ძლიერი მმართველის წინაშე დამოწმების შესაძლებლობას ეძებდა, როცა განაცხადა: „კეისრის სამსჯავროს მოვითხოვ“ (საქმეები 23:11; 25:8—12). დღესაც, რთულ სიტუაციებში მოწმეებს შესანიშნავი დამოწმების შესაძლებლობა ეძლევათ, როგორც უფლებამოსილი პირების, ისე საზოგადოების წინაშეb.

      18, 19. ა) რა სარგებლობას მოგვიტანს დევნის ატანა პირადად ჩვენ? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

      18 გასაჭირთან და განსაცდელებთან გამკლავებას პირადად ჩვენთვისაც მოაქვს სარგებლობა. როგორ? მოწაფე იაკობმა თანაქრისტიანებს შეახსენა: „ყოველივე სიხარულად ჩათვალეთ, ჩემო ძმებო, როდესაც სხვადასხვა განსაცდელში ცვივდებით. რაკი იცით, რომ თქვენი რწმენის გამოცდა მოთმინებას შობს“. დიახ, დევნამ შეიძლება რწმენა განგვიმტკიცოს და უფრო მეტი მოთმინება გამოგვამუშავებინოს. ამგვარად, დევნა არ გვაშინებს და არც არაბიბლიური გზებით ვცდილობთ მისგან თავის დაღწევას. ნაცვლად ამისა, ყურად ვიღებთ იაკობის გაფრთხილებას: „მოთმინებას კი ჰქონდეს სრულყოფილი მოქმედება, რათა იყოთ სრულქმნილნი, წუნდაუდებელნი და ყოველგვარი ნაკლის გარეშე“ (იაკობი 1:2—4).

      19 მართალია, ღვთის სიტყვიდან ვიგებთ, რატომ იდევნებიან ღვთის ერთგული მსახურები და რატომ უშვებს ამას იეჰოვა, მაგრამ მისი გადატანა არც ისე ადვილია. რა გაგვაძლიერებს მის გადასატანად? რისი გაკეთება შეგვიძლია დევნის დროს? ამ მნიშვნელოვან საკითხებს შემდეგ სტატიაში განვიხილავთ.

      [სქოლიოები]

      a იხილეთ 1995 წლის 15 დეკემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 27—29 (რუს.); 1994 წლის 1 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 29, 30; 1994 წლის 8 იანვრის „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 22—29 (რუს.).

      b იხილეთ 2003 წლის 8 იანვრის „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 3—11.

  • განსაცდელების ატანით განვადიდებთ იეჰოვას
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 1 ოქტომბერი
    • განსაცდელების ატანით განვადიდებთ იეჰოვას

      „თუ კეთილისმოქმედნი იტანჯებით და ითმენთ, ეს მადლია ღვთის წინაშე“ (1 პეტრე 2:20).

      1. რა საკითხი უნდა განვიხილოთ, თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ ჭეშმარიტ ქრისტიანებს ჩვენი მიძღვნის თანახმად ცხოვრება გვსურს?

      ქრისტიანები იეჰოვასადმი მიძღვნილი მსახურები არიან და მისი ნების შესრულება სურთ. ისინი ცდილობენ, მიძღვნის თანახმად იცხოვრონ და თავიანთი შესაძლებლობის მაქსიმუმს იყენებენ იმისათვის, რომ სამაგალითო პიროვნების, იესო ქრისტეს ნაკვალევს მიჰყვნენ და ჭეშმარიტების შესახებ დაამოწმონ (მათე 16:24; იოანე 18:37; 1 პეტრე 2:21). იესომ და სხვა ერთგულმა მსახურებმა რწმენის გამო მსხვერპლად გაიღეს სიცოცხლე და მოწამებრივი სიკვდილით მოკვდნენ. ნიშნავს ეს იმას, რომ ყველა ქრისტიანი უნდა მოკვდეს თავისი რწმენის გამო?

      2. როგორ უყურებენ ქრისტიანები განსაცდელებსა და ტანჯვას?

      2 ქრისტიანები სიკვდილამდე ერთგულნი უნდა დავრჩეთ, მაგრამ აუცილებელი არ არის, რომ რწმენის გამო მოვკვდეთ (2 ტიმოთე 4:7; გამოცხადება 2:10). ეს ნიშნავს, რომ რწმენის გამო ტანჯვისთვის და, თუ საჭირო იქნება, სიკვდილისთვისაც კი მზად ვართ, მაგრამ ეს ჩვენი თვითმიზანი არ არის. არანაირ სიამოვნებას არ გვანიჭებს ტანჯვა, ტკივილი ან დამცირება. მიუხედავად ამისა, რადგან დევნა და განსაცდელები მოსალოდნელია, სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ, რა რეაგირებას მოვახდენთ მათზე.

      ერთგულნი განსაცდელების დროს

      3. რომელ ბიბლიურ მაგალითებს მოიყვანდით დევნის დროს ღვთის მსახურთა მოქმედების შესახებ? (იხილეთ ჩარჩო „როგორ აიტანეს მათ დევნა“, მომდევნო გვერდზე).

      3 ბიბლიაში ვკითხულობთ მრავალი ისეთი შემთხვევის შესახებ, რომლებშიც ნაჩვენებია, როგორ რეაგირებდნენ ძველ დროში მცხოვრები ღვთის მსახურები ისეთ სიტუაციებში, როდესაც მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. მათ სხვადასხვაგვარი განსაცდელები აიტანეს, რაც თანამედროვე ქრისტიანებს ხელმძღვანელობას გაუწევს, თუ ოდესმე მსგავსი სირთულეების წინაშე დადგებიან. განიხილეთ შემთხვევები ჩარჩოდან „როგორ აიტანეს მათ დევნა“ და დაფიქრდით, რისი სწავლა შეგიძლიათ ამ შემთხვევებიდან.

      4. როგორ რეაგირებდნენ იესო და სხვა ერთგული მსახურები განსაცდელებზე?

      4 იესო და ღვთის სხვა ერთგული მსახურები სხვადასხვაგვარად რეაგირებდნენ დევნების დროს, რაც დამოკიდებული იყო შექმნილ გარემოებებზე. ისინი ტყუილუბრალოდ არ იგდებდნენ სიცოცხლეს საფრთხეში. სახიფათო სიტუაციებში ღვთის მსახურები გაბედულად, მაგრამ, ამავე დროს, სიფრთხილით მოქმედებდნენ (მათე 10:16, 23). მათი მიზანი იყო სამქადაგებლო საქმიანობის წინ წაწევა და იეჰოვასადმი ერთგულების შენარჩუნება. დღევანდელი ქრისტიანები, რომლებიც განსაცდელებში ცვივდებიან და იდევნებიან, მათ მაგალითს მიჰყვებიან.

      5. როგორი დევნა დაიწყო მალავიში 60–იან წლებში და როგორ მოიქცნენ მოწმეები?

      5 ჩვენს დროში იეჰოვას ხალხი ომების, აკრძალვებისა და აშკარა დევნების გამო ხშირად დიდი სირთულეების წინაშე დგება და ყველაფერს კარგავს. მაგალითად, 60–იან წლებში მალავიში იეჰოვას მოწმეებს სასტიკად დევნიდნენ. ისინი კარგავდნენ შემოსავლის წყაროს; მათ უნადგურებდნენ სამეფო დარბაზებს, სახლებს, სურსათის მარაგს — ფაქტობრივად, ყველაფერს, რაც გააჩნდათ. ძმები და დები ფიზიკური შეურაცხყოფისა და სხვა შემაძრწუნებელი ქმედებების მსხვერპლი ხდებოდნენ. როგორ რეაგირებდნენ ამაზე ისინი? ათასობით მათგანს მოუწია თავიანთი სოფლების დატოვება. მრავალმა უდაბურ ადგილებს შეაფარა თავი, სხვები კი დროებით მეზობლად მდებარე მოზამბიკში გადასახლდნენ. ბევრმა ერთგულმა მსახურმა სიცოცხლე დაკარგა, სხვებმა კი არჩიეს, გასცლოდნენ საშიშ ზონას, რაც ასეთ სიტუაციაში, როგორც ჩანს, გონივრული გადაწყვეტილება იყო. ამგვარად, ძმები იესოსა და პავლეს მიერ დატოვებულ მაგალითს მიჰყვნენ.

      6. რის კეთება არ შეუწყვეტიათ მალაველ მოწმეებს სასტიკი დევნის მიუხედავად?

      6 თუმცა მალაველ ძმებს გაქცევა და დამალვა მოუწიათ, ისინი ეძებდნენ თეოკრატიულ ხელმძღვანელობას და მის შესაბამისად მოქმედებდნენ. ამასთანავე, შეძლებისდაგვარად არალეგალურად ეწეოდნენ ქრისტიანულ საქმიანობას. რა იყო ამის შედეგი? 1967 წელს, აკრძალვის წინა პერიოდში, სამეფოს მაუწყებელთა რაოდენობამ უმაღლეს რიცხვს — 18 519–ს მიაღწია. 1972 წელს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ აკრძალული იყო ჩვენი საქმიანობა და ბევრი მოზამბიკში იყო გაქცეული, მაუწყებელთა რაოდენობამ ახალ უმაღლეს რიცხვს — 23 398–ს მიაღწია. ყოველთვიურად ისინი საშუალოდ 16 საათზე მეტს ქადაგებდნენ. უეჭველია, რომ მათ თავიანთი საქციელით განადიდეს იეჰოვა, რომელმაც ამ უკიდურესად მძიმე პერიოდში აკურთხა ეს ერთგული ძმებიa.

      7, 8. რატომ არჩევს ზოგი, წინააღმდეგობით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, არ დატოვოს ქვეყანა?

      7 მეორე მხრივ, იმ ქვეყნებში, სადაც წინააღმდეგობაა, ზოგი ძმა არჩევს, არ დატოვოს ქვეყანა, თუმცა შეუძლიათ ამის გაკეთება. სხვაგან გადასვლამ შესაძლოა გადაჭრას ესა თუ ის პრობლემა, მაგრამ სხვა სირთულეები წარმოქმნას. მაგალითად, შეძლებენ სხვა ქვეყნებში გადასული ძმები ქრისტიან საძმოსთან ურთიერთობის შენარჩუნებას და არ იქნებიან სულიერად იზოლირებულნი? შეძლებენ ისინი, მიჰყვნენ სულიერი საქმიანობის განრიგს, მაშინ როცა მთელი ენერგიის დახარჯვა ახალ პირობებთან შესაგუებლად მოუწევთ რომელიმე მდიდარ ქვეყანაში თუ იქ, სადაც მატერიალურად შედარებით უკეთესად ცხოვრების შესაძლებლობაა? (1 ტიმოთე 6:9).

      8 სხვები არ გადადიან სხვაგან, რადგან ძმების სულიერი კეთილდღეობით არიან დაინტერესებული. სირთულეების მიუხედავად, ისინი დარჩენას არჩევენ იმიტომ, რომ სამშობლოში ქადაგებისა და თანამორწმუნეების მხარდაჭერის სურვილი აქვთ (ფილიპელთა 1:14). ასეთი გადაწყვეტილების შედეგად ზოგმა თავის ქვეყანაში გამართულ სასამართლო პროცესებზე მოპოვებულ გამარჯვებებშიც კი შეიტანა წვლილიb.

      9. რა ფაქტორები უნდა მიიღოს ღვთის მსახურმა მხედველობაში, როცა ფიქრობს, დარჩეს თუ არა თავის ქვეყანაში დევნის პერიოდში?

      9 რასაკვირველია, ყველას პირადი გადასაწყვეტია, დარჩება თავის ქვეყანაში თუ სხვაგან გადავა, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება მას შემდეგ უნდა მივიღოთ, რაც ლოცვით ვთხოვთ იეჰოვას ხელმძღვანელობას. ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გვახსოვდეს პავლე მოციქულის სიტყვები: „ყოველი ჩვენგანი საკუთარი თავისათვის ანგარიშს ჩააბარებს ღმერთს“ (რომაელთა 14:12). როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, იეჰოვა თავისი თითოეული მსახურისგან მოელის, რომ ნებისმიერ ვითარებაში ერთგულებას შეინარჩუნებენ. ზოგიერთი მისი მსახური განსაცდელშია ან იდევნება დღეს, სხვები შეიძლება მოგვიანებით დადგნენ ამავე სირთულეების წინაშე. საბოლოო ჯამში, ყველა გამოვიცდებით ამა თუ იმ სახით და არავინ უნდა იფიქროს, რომ ამ მხრივ გამონაკლისი იქნება (იოანე 15:19, 20). ჩვენ, როგორც იეჰოვასადმი მიძღვნილ მსახურებს, უეჭველად შეგვეხება იეჰოვას სახელის განწმენდასა და მისი უზენაესი ხელისუფლების გამართლებასთან დაკავშირებული საკამათო საკითხი (ეზეკიელი 38:23; მათე 6:9, 10).

      „ნურვის ნუ მიაგებთ ბოროტის წილ ბოროტს“

      10. რა მნიშვნელოვანი მაგალითი დაგვიტოვეს იესომ და მოციქულებმა დევნისა და წინააღმდეგობის ატანასთან დაკავშირებით?

      10 განსაცდელში მყოფი იესოსა და მოციქულების რეაქციიდან სხვა მნიშვნელოვანი პრინციპის სწავლაც შეგვიძლია: არასდროს გადავუხადოთ სამაგიერო ჩვენს მდევნელებს. ბიბლიაში არსად არის ნახსენები, რომ იესომ ან მისმა მიმდევრებმა როდისმე შეთქმულება მოაწყვეს ან მდევნელებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად ძალადობას მიმართეს. პირიქით, პავლე მოციქულმა ქრისტიანებს ურჩია: «ნურვის ნუ მიაგებთ ბოროტის წილ ბოროტს . . . შურს ნუ იძიებთ თქვენთვის, საყვარელნო, არამედ ადგილი მიეცით უფლის რისხვას, ვინაიდან წერია: „ჩემია შურისგება და მე მივაგებ, — ამბობს უფალი“». გარდა ამისა, პავლემ თქვა: „არ დაგძლიოს ბოროტმა, არამედ სძლიე ბოროტს კეთილით“ (რომაელთა 12:17—21; ფსალმუნები 36:1—4; იგავები 20:22).

      11. რას ამბობს ერთი ისტორიკოსი მთავრობისადმი პირველი საუკუნის ქრისტიანთა დამოკიდებულებაზე?

      11 პირველი საუკუნის ქრისტიანებმა ყურად იღეს ეს რჩევა. თავის წიგნში „ადრინდელი ეკლესია და მსოფლიო“ ისტორიკოსმა სესილ კადუმ აღწერა, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ქრისტიანებს მთავრობისადმი ახ. წ. 30—70–იან წლებში. ის წერს: „ჩვენ არანაირი მტკიცება არ გვაქვს იმისა, რომ პირველი საუკუნის ქრისტიანებს როდისმე ძალა გამოეყენებინათ დევნის შესაჩერებლად. უკიდურესი ზომა, რასაც ისინი მიმართავდნენ, ის იყო, რომ არ ერიდებოდნენ მმართველების მხილებას ან მოწინააღმდეგეებისგან თავის დაღწევით საგონებელში აგდებდნენ მათ. ჩვეულებრივ, მათი საპასუხო რეაქცია ზომიერების ფარგლებს არ სცდებოდა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ისინი მტკიცედ ამბობდნენ უარს მთავრობის ისეთი მოთხოვნების შესრულებაზე, რომლებიც ქრისტესადმი მორჩილების საწინააღმდეგო იყო“.

      12. რატომ არის სამაგიეროს გადახდაზე უკეთესი წინააღმდეგობის ატანა?

      12 ნამდვილად გონივრულია, ერთი შეხედვით, ასეთი პასიური მოქმედება? ნუთუ ისინი, ვინც ამგვარად რეაგირებს, უფრო ადვილად არ ჩაუვარდებიან ხელში მოწინააღმდეგეებს? გონივრული არ იქნებოდა ასეთ დროს საკუთარი თავის დაცვა? ადამიანური თვალსაზრისით ეს შეიძლება ასე ჩანდეს, მაგრამ იეჰოვას მსახურებს სჯერათ, რომ ნებისმიერ საკითხში საუკეთესოა იეჰოვას ხელმძღვანელობის მიყოლა. ჩვენ ყოველთვის გვახსოვს პეტრეს სიტყვები: „თუ კეთილისმოქმედნი იტანჯებით და ითმენთ, ეს მადლია ღვთის წინაშე“ (1 პეტრე 2:20). დარწმუნებულნი ვართ, რომ იეჰოვას ძალიან კარგად ესმის ჩვენი მდგომარეობა და არ დაუშვებს ჩვენი ტანჯვის უსასრულოდ გაგრძელებას. რა გვაძლევს ამგვარად ფიქრის საფუძველს? იეჰოვამ ბაბილონის ტყვეობაში მყოფ თავის ერს განუცხადა: «თქვენი შემხებარე მისი [„ჩემი“, აქ] თვალის გუგის შემხებარია» (ზაქარია 2:8). რამდენ ხანს დაუშვებს ადამიანი, რომ მისი თვალის გუგას ეხებოდნენ? სათანადო დროს იეჰოვა შვებას მოუტანს თავის ხალხს და ამაში არაფერია დასაეჭვებელი (2 თესალონიკელთა 1:5—8).

      13. რატომ მისცა იესომ მოწინააღმდეგეებს დაპატიმრების საშუალება?

      13 ამასთან დაკავშირებით შეგვიძლია მივყვეთ იესოს მიერ დატოვებულ მაგალითს. როდესაც თავის მტრებს დაპატიმრების ნება დართო გეთსიმანიის ბაღში, ეს იმას არ ნიშნავდა, რომ მას თავის დაცვა არ შეეძლო. მან თავის მოციქულს უთხრა: „იქნებ გგონია, არ შემეძლოს შევევედრო მამაჩემს, რომ ახლავე მომგვაროს ანგელოზთა თორმეტი ლეგიონი და უფრო მეტიც? აბა, როგორ აღსრულდება წერილი, ეს რომ არ მოხდეს?“ (მათე 26:53, 54). იეჰოვას ნების შესრულება იესოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამის გამო ტანჯვა მოუწევდა. ის ღრმად იყო დარწმუნებული დავითის ფსალმუნში ჩაწერილი წინასწარმეტყველური სიტყვების უტყუარობაში: „შენ არ დაუტოვებ ჩემს სულს ჯოჯოხეთს, გასახრწნელად არ გაიმეტებ შენს წმიდას“ (ფსალმუნები 15:10). წლების შემდეგ პავლე მოციქულმა იესოს შესახებ თქვა: „სიხარულისთვის, რომელიც მოელოდა, მან სირცხვილი არაფრად ჩააგდო და ბოძზე წამებას გაუძლო, შემდეგ კი ღვთის ტახტის მარჯვნივ დაჯდა“ (ებრაელთა 12:2, აქ).

      იეჰოვას სახელის განწმენდის შედეგად მიღებული სიხარული

      14. რა სიხარულმა აატანინა იესოს განსაცდელები?

      14 რა სიხარულმა აატანინა იესოს უმძიმესი გამოცდა? იესო, ღვთის საყვარელი ძე, იეჰოვას ყველა მსახურს შორის, სატანის მთავარი სამიზნე იყო. ამიტომ, გამოცდის დროს იესო შეუბღალავი და ერთგული თუ დარჩებოდა, საბოლოო პასუხი გაეცემოდა სატანის მიერ იეჰოვას წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას (იგავები 27:11). შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა დიდ სიხარულსა და კმაყოფილებას განიცდიდა იესოს აღდგომის შემდეგ? რა ბედნიერი იქნებოდა ის იმის გაცნობიერებით, რომ, როგორც სრულყოფილმა ადამიანმა, თავისი წვლილი შეიტანა იეჰოვას უზენაესი ხელისუფლების გამართლებასა და მისი სახელის განწმენდაში! გარდა ამისა, ღვთის ტახტის „მარჯვნივ ჯდომა“ უეჭველად დიდი პატივი და უდიდესი სიხარულის მომტანი უნდა ყოფილიყო იესოსთვის (ფსალმუნები 109:1, 2; 1 ტიმოთე 6:15, 16).

      15, 16. რა საშინელი დევნა გადაიტანეს მოწმეებმა ზაქსენჰაუზენში და რამ მისცა მათ ამის ატანის ძალა?

      15 ქრისტიანებიც მსგავსადვე განიცდიან სიხარულს, რადგან იესოს მაგალითს მიჰყვებიან და დევნისა და განსაცდელების ატანით იეჰოვას სახელის განწმენდაში მონაწილეობენ. ამის დამადასტურებელი ცოცხალი მაგალითები ის მოწმეები არიან, რომლებიც ზაქსენჰაუზენის ავად სახსენებელ საკონცენტრაციო ბანაკში იმყოფებოდნენ და მეორე მსოფლიო ომის ბოლოს სასიკვდილო მარშს გადაურჩნენ. მარშის დროს ათასობით პატიმარი დაიხოცა აუტანელი ამინდის, ავადმყოფობისა და შიმშილის გამო. ბევრი კი მხეცურად გზაზევე მოკლეს ესესელებმა. რაც შეეხება მათ შორის მყოფ 230 მოწმეს, ყველანი გადარჩნენ, რადგან ყოველთვის ერთად იყვნენ და ერთმანეთის მხარდასაჭერად საკუთარ სიცოცხლესაც კი იგდებდნენ საფრთხეში.

      16 რამ მისცა მოწმეებს ასეთი სასტიკი დევნის ატანის ძალა? როგორც კი უსაფრთხოებაში აღმოჩნდნენ, მათ თავიანთი სიხარული და იეჰოვასადმი მადლიერება გამოხატეს დოკუმენტში, სათაურით „შვერინის მახლობლად მეკრლენბურგის ტყეში შეკრებილი ექვსი ეროვნების წარმომადგენელი 230 იეჰოვას მოწმის რეზოლუცია“. მასში განაცხადეს: „სასტიკი გამოცდების ხანგრძლივი პერიოდი უკვე წარსულს ჩაჰბარდა და მათ, ვინც, ასე ვთქვათ, გახურებულ ღუმელში დაწვას გადაურჩა, კვამლის სუნიც კი არ ასდით“ (იხილეთ დანიელის 3:27). პირიქით, იეჰოვას მიერ მოცემული ძალით და ენერგიით არიან სავსე და მოუთმენლად ელიან მეფის ახალ მითითებებს თეოკრატიული ინტერესების შემდგომი წინსვლისთვის“c.

      17. რა სახის გამოცდებს ხვდებიან ღვთის მსახურები დღეს?

      17 ამ 230 ერთგული მოწმის მსგავსად, ჩვენი რწმენაც შეიძლება გამოიცადოს. ჩვენ, შესაძლოა, ‘ჯერ კიდევ სისხლამდე არ ვმდგარვართ’ (ებრაელთა 12:4). გამოცდა შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს. მაგალითად, თანაკლასელების მხრიდან დაცინვა ან უზნეობისა თუ სხვა არასწორი ქმედების ჩასადენად თანატოლების ზეგავლენა. გარდა ამისა, სისხლის გადასხმისგან თავის შეკავებამ, მხოლოდ უფალში დაქორწინების სურვილმა და რელიგიურად დაყოფილ ოჯახში ბავშვების აღზრდამ შეიძლება ზოგჯერ დიდი წინააღმდეგობებისა და განსაცდელების წინაშე დაგვაყენოს (საქმეები 15:29; 1 კორინთელთა 7:39; ეფესელთა 6:4; 1 პეტრე 3:1, 2).

      18. რატომ ვართ დარწმუნებულნი, რომ ურთულესი განსაცდელების გადატანასაც კი შევძლებთ?

      18 რა სახის გამოცდებსაც უნდა ვხვდებოდეთ, ჩვენი ტანჯვა იმით არის გამოწვეული, რომ პირველ ადგილზე იეჰოვასა და მის სამეფოს ვაყენებთ. ეს კი ჩვენთვის დიდი პატივია და ძალიან გვახარებს. გამბედაობას გვინერგავს პეტრეს გამამხნევებელი სიტყვები: „თუ გაგლანძღავენ ქრისტეს სახელისათვის, ნეტარნი ხართ, რადგან სული დიდებისა, სული ღვთისა თქვენზე ივანებს, მათით იგმობა, თქვენით კი იდიდება“ (1 პეტრე 4:14). იეჰოვა თავისი სულიწმიდით ყველაზე რთული განსაცდელების გადატანის ძალას გვაძლევს და ყოველივე ამას მისთვის პატივი და დიდება მოაქვს (2 კორინთელთა 4:7; ეფესელთა 3:16; ფილიპელთა 4:13).

      [სქოლიოები]

      a 60–იან წლებში მომხდარი მოვლენები მხოლოდ დასაწყისი იყო იმ სასტიკი დევნებისა, რომლებმაც მრავალი მოწმის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამ მდგომარეობის ატანა მალაველ მოწმეებს თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში მოუწიათ. მალაველი ძმების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ 1999 წლის „იეჰოვას მოწმეთა წელიწდეულში“, გვერდები 171—212 (რუს.).

      b იხილეთ 2003 წლის 1 აპრილის „საგუშაგო კოშკში“ მოცემული სტატია «უზენაესი სასამართლო მხარს უჭერს ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას „არარატის ქვეყანაში“», გვერდები 11—14.

      c ამ რეზოლუციის მთლიანი ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ 1974 წლის „იეჰოვას მოწმეთა წელიწდეულში“, გვერდები 208, 209 (ინგლ.). სასიკვდილო მარშს გადარჩენილი ერთ–ერთი მოწმის მონათხრობის წაკითხვა შეგიძლიათ 1998 წლის 1 იანვრის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 25—29.

  • განსაცდელების ატანით განვადიდებთ იეჰოვას
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 1 ოქტომბერი
    • [ჩარჩო⁄სურათები 15 გვერდზე]

      როგორ იქცეოდნენ ისინი დევნის დროს

      • სანამ ჰეროდეს ბრძანებით ჯარისკაცები ბეთლემში ორ წლამდე ასაკის ბიჭუნების დასახოცად გაემართებოდნენ, ანგელოზის მითითებით იოსები და მარიამი ახალდაბადებულ იესოსთან ერთად ეგვიპტეში გაიქცნენ (მათე 2:13—16).

      • დედამიწაზე მსახურების პერიოდში იესოს მოკვლა არაერთხელ უცდიათ მის მტრებს იმის გამო, რომ მის ქადაგებას დიდი ძალა ჰქონდა. იესო ყოველთვის თავს აღწევდა მათგან (მათე 21:45, 46; ლუკა 4:28—30; იოანე 8:57—59).

      • როდესაც ჯარისკაცები და მცველები იესოს დასაპატიმრებლად მივიდნენ გეთსემანიის ბაღში, მან პირდაპირ განუცხადა მათ თავისი ვინაობა და ორჯერ უთხრა: „მე ვარ“. იესომ თავისი მოწაფეებიც კი შეაჩერა, რომ რაიმე წინააღმდეგობა გაეწიათ მათთვის და ბრბოს დაპატიმრების საშუალება მისცა (იოანე 18:3—12).

      • იერუსალიმში პეტრე და სხვები დააპატიმრეს, სცემეს და უბრძანეს, შეეწყვიტათ იესოს შესახებ ლაპარაკი. მიუხედავად ამისა, გათავისუფლების შემდეგ ისინი „წავიდნენ . . . ყოველდღე დაუცხრომლად ასწავლიდნენ და ახარებდნენ ტაძარში და სახლებში ქრისტე იესოს“ (საქმეები 5:40—42).

      • სავლემ, რომელიც მოგვიანებით პავლე მოციქული გახდა, გაიგო, რომ დამასკოში მცხოვრები იუდეველები მის მოსაკლავად იყვნენ შეთქმულნი. ძმებმა ღამით გალავნიდან გოდრით ჩაუშვეს იგი და, ამგვარად, თავს უშველა მოციქულმა (საქმეები 9:22—25).

      • წლების შემდეგ პავლემ კეისრის წინაშე წარდგომა მოითხოვა, თუმცა ფესტოსმა და მეფე აგრიპამ თქვეს: „ეს კაცი არაფერს აკეთებს ისეთს, სიკვდილს ან ბორკილებს რომ იმსახურებდესო“ (საქმეები 25:10—12, 24—27; 26:30—32).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება