-
იყავით იესოსავით თავმდაბალი და გქონდეთ მასავით რბილი ხასიათისაგუშაგო კოშკი — 2015 | 15 თებერვალი
-
-
იყავით იესოსავით თავმდაბალი და გქონდეთ მასავით რბილი ხასიათი
„ქრისტე . . . თქვენთვის ეტანჯა და მაგალითიც დაგიტოვათ, რომ ერთგულად მიჰყვეთ მის ნაკვალევს“ (1 პეტ. 2:21).
1. რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ იესოს უკეთ გაცნობა იეჰოვასთან დაგვაახლოებს?
ჩვენ, როგორც წესი, ვბაძავთ მას, ვინც პიროვნულადაც მოგვწონს და საქციელითაც. აქედან გამომდინარე, ვის უნდა მივბაძოთ თუ არა იესოს, დედამიწაზე ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებულ ადამიანს?! რატომ ვამბობთ ამას? ერთხელ იესომ საკუთარ თავზე თქვა: „ვინც მე მიხილა, მამაც იხილა“ (იოან. 14:9). იესო ისე ირეკლავს ზეციერი მამის ხასიათსა თუ თვისებებს, რომ მისი პიროვნების შესწავლა მამის გაცნობის ტოლფასია. მაშასადამე, თუ ვბაძავთ იესოს, ამით უფრო ვუახლოვდებით იეჰოვას, სამყაროს უზენაეს შემოქმედს, რაც უდიდესი პატივია თითოეული ჩვენგანისთვის.
2, 3. ა) რატომ იზრუნა იეჰოვამ, რომ ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებს საუკეთესოდ დაეხატა იესოს პორტრეტი და მოელის იგი ჩვენგან, რომ სრულყოფილად მივბაძავთ მის ძეს? ბ) რომელ თვისებებს განვიხილავთ წინამდებარე და მომდევნო სტატიებში?
2 ისმის კითხვა: როგორ შეგვიძლია გავიცნოთ იესო? ბიბლია მისი პიროვნების შესახებ სრულ სურათს გვაწვდის. იეჰოვას სურდა, რომ გაგვეცნო მისი ძე და მიგვებაძა მისთვის; სწორედ ამიტომ მან იზრუნა იმაზე, რომ ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებს საუკეთესოდ დაეხატა მისი პორტრეტი (წაიკითხეთ 1 პეტრეს 2:21). იესოს მიერ დედამიწაზე განვლილი ცხოვრების გზა ბიბლიაში ნაკვალევთანაა შედარებული. ასეთი შედარებით ღმერთს ჩვენთვის იმის თქმა სურდა, რომ იესოს ნაკვალევს უნდა მივყვეთ. მაგრამ აღსანიშნავია, რომ ჩვენ ცოდვილები და არასრულყოფილები ვართ, იესომ კი სრულყოფილი მაგალითი დაგვიტოვა. თუმცა იეჰოვა არ ელის ჩვენგან, რომ მის ძეს სრულყოფილად მივბაძავთ. მას სურს, რომ ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე, ძალ-ღონე არ დავიშუროთ და მაქსიმალურად შევეცადოთ, მივბაძოთ იესოს.
3 მოდი, მიმოვიხილოთ იესო ქრისტეს ის თვისებები, რომლებიც გულგრილს არავის გვტოვებს. წინამდებარე სტატიაში ვისაუბრებთ თავმდაბლობასა და რბილ ხასიათზე, ხოლო შემდეგ სტატიაში — გაბედულებასა და გამჭრიახობაზე. ზემოთ მოხსენიებული თვისებების განხილვისას პასუხს გავცემთ სამ კითხვას: როგორ განიმარტება თითოეული მათგანი? როგორ ავლენდა მათ იესო? და, ჩვენ როგორ შეგვიძლია ამ მხრივ მივბაძოთ მას?
იესო თავმდაბალი იყო
4. რა არის თავმდაბლობა?
4 რა არის თავმდაბლობა? ამ გაყოყოჩებულ ქვეყნიერებაში ზოგი ფიქრობს, რომ თავმდაბლობა სისუსტისა და საკუთარი თავისადმი რწმენის ნაკლებობის მაჩვენებელია. თუმცა სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა. თავმდაბლობის გამოვლენას შინაგანი ძალა და გამბედაობა სჭირდება. თავმდაბლობა შეიძლება განვმარტოთ როგორც „სიამაყისა და ამპარტავნობის ანტონიმი“ (ფილ. 2:3). ვართ თუ არა თავმდაბლები, ამაზე ის მეტყველებს, თუ როგორი წარმოდგენა გვაქვს საკუთარ თავზე. ერთი ბიბლიური ლექსიკონის თანახმად, „თავმდაბლობა იმის გაცნობიერებაა, თუ ღმერთთან შედარებით რამდენად დაბალ საფეხურზე ვიმყოფებით“. თუ ღვთის წინაშე თავს გულწრფელად ვიმდაბლებთ, ჩვენსავით რიგით მოკვდავთ არ გავუყოყოჩდებით და არ ვაგრძნობინებთ, რომ მათზე რაიმეთი ვუპირატესობთ (რომ. 12:3). არასრულყოფილი ადამიანებისთვის მართლა რთულია თავმდაბლობის გამოვლენა. მაგრამ თუ ვიფიქრებთ, რაოდენ დაბალი მდგომარეობა გვიკავია ღმერთთან შედარებით და იმავდროულად, მივბაძავთ მისი ძის მაგალითს, შევძლებთ, ვიყოთ თავმდაბლები.
5, 6. ა) ვინ არის მთავარანგელოზი მიქაელი? ბ) როგორ გამოავლინა მიქაელ მთავარანგელოზმა თავმდაბლობა?
5 როგორ ავლენდა იესო თავმდაბლობას? მას არასდროს უჭირდა ამ თვისების გამოვლენა. იგი თავმდაბალი იყო როგორც ზეცაში ყოფნის დროს, ისე დედამიწაზე ცხოვრებისას. განვიხილოთ ამის რამდენიმე მაგალითი.
6 იესოს განწყობა: ბიბლიის ერთ-ერთმა დამწერმა, იუდამ, მოიხსენია შემთხვევა, რომელიც ჯერ კიდევ იესოს განკაცებამდე მოხდა (წაიკითხეთ იუდას 9). მიქაელ მთავარანგელოზი, იესო, „არ ეთანხმებოდა ეშმაკს და . . . ეკამათებოდა“. ისინი, როგორც ჩანს, „მოსეს სხეულის გამო“ დავობდნენ. გაიხსენეთ ბიბლიიდან მოსეს სიკვდილის ეპიზოდი. სიკვდილის შემდეგ მოსე თავად ღმერთმა დამარხა ყველასთვის უცნობ ადგილზე (კან. 34:5, 6). სავარაუდოდ, ეშმაკს სურდა, რომ მოსეს ნეშტისთვის ხალხს პატივი მიეგო და ამგვარად, კერპთაყვანისმცემლობის გავრცელებისთვის ხელი შეეწყო. რა მუხთალი განზრახვაც არ უნდა ჰქონოდა სატანა ეშმაკს, ფაქტი ერთია, მიქაელმა გაბედულება გამოავლინა და იგი დროულად შეაჩერა. ერთი ნაშრომის თანახმად, ბერძნული ზმნები „არ ეთანხმებოდა“ და „ეკამათებოდა“ იურიდიული ხასიათისაა და შესაძლოა ნიშნავდეს შემდეგს: „მიქაელ მთავარანგელოზმა დაანახვა ეშმაკს, რომ არანაირი უფლება არ ჰქონდა, მიეთვისებინა მოსეს ცხედარი“. თუმცა მთავარანგელოზი მიქაელის საქციელიდან ისიც გამოჩნდა, რომ განაჩენის აღსრულება მისი კომპეტენციის ზღვარს სცდებოდა. მან საქმე განსახილველად უზენაეს მოსამართლეს, იეჰოვა ღმერთს, გადასცა. მიქაელს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებისთვის არ გადაუჭარბებია, თუმცა იგი შესაძლოა ეშმაკის ანკესს წამოგებოდა. მართლაც, მთავარანგელოზმა მიქაელმა თავმდაბლობის უნიკალური მაგალითი დაგვიტოვა!
7. როგორ გამოჩნდა იესოს სიტყვა-პასუხიდან თუ საქმეებიდან, რომ თავმდაბალი იყო?
7 დედამიწაზე მსახურების დროს იესოს სიტყვა-პასუხი თუ საქციელი მის თავმდაბლობაზე მეტყველებდა. იესოს საუბარი: იგი არ ცდილობდა, რომ გამუდმებით ყურადღების ცენტრში ყოფილიყო და ხალხს განედიდებინა. ქრისტე მთელ დიდებას ყოველთვის თავმდაბლურად მამისკენ მიმართავდა (მარ. 10:17, 18; იოან. 7:16). ის არასდროს ესაუბრებოდა თავის მოციქულებს აგდებულად და არასდროს ამცირებდა მათ. პირიქით, იესო ყოველთვის პატივს სცემდა მათ და ნდობას უცხადებდა; გარდა ამისა, არც ქების სიტყვებს იშურებდა, როცა კარგს ამჩნევდა მათში (ლუკ. 22:31, 32; იოან. 1:47). იესოს საქმეები: იგი უბრალოდ ცხოვრობდა და ბევრი რამ აკლდა (მათ. 8:20). ის მზად იყო, ისეთი საქმეც კი გაეკეთებინა, რის კეთებაც ბევრს ეთაკილებოდა (იოან. 13:3—15). იესო მორჩილი იყო და ესეც მის თავმდაბლობაზე მეტყველებს (წაიკითხეთ ფილიპელების 2:5—8). ამაყი მმართველებისგან განსხვავებით, რომელთათვისაც მორჩილება უცხო ხილი იყო, ის თავმდაბლად ასრულებდა ღვთის ნებას და „მორჩილი იყო სიკვდილამდე“. ნუთუ ეს ყველაფერი იმაზე არ მოწმობს, რომ იესო, კაცის ძე, „გულით თავმდაბალი“ იყო?! (მათ. 11:29).
მიჰბაძეთ იესოს და იყავით თავმდაბლები
8, 9. როგორ შეგვიძლია თავმდაბლობის გამოვლენა?
8 როგორ შეგვიძლია, რომ იესოს მსგავსად თავმდაბალნი ვიყოთ? ჩვენი განწყობა: თუკი თავმდაბლები ვიქნებით, არასდროს გადავაჭარბებთ ჩვენთვის მონიჭებულ უფლებამოსილებას. თუ ბოლომდე გვექნება შეგნებული, რომ გასამართლების უფლება არ გვაქვს, არც არავის გავაკრიტიკებთ და არც არავის მოტივებს დავაყენებთ კითხვის ნიშნის ქვეშ (ლუკ. 6:37; იაკ. 4:12). თავმდაბლობა დაგვეხმარება, რომ არ ვიყოთ „მეტისმეტად მართალი“ და ზემოდან არ დავუწყოთ ყურება მათ, ვინც ჩვენთან შედარებით ნაკლებ პასუხისმგებლობას ფლობს ან ესა თუ ის უნარი არ გააჩნია (ეკლ. 7:16). მაგალითად, თავმდაბალი უხუცესები არავითარ შემთხვევაში არ აგრძნობინებენ კრების წევრებს, რომ თითქოსდა, რაიმეთი მათზე მაღლა დგანან. ისინი „სხვებს საკუთარ თავზე აღმატებულად“ თვლიან და იქცევიან როგორც „უმცირესი“ (ფილ. 2:3; ლუკ. 9:48).
9 განვიხილოთ ერთი ჩვენი ძმის, ვოლტერ თორნის, მაგალითი. იგი 1894 წლიდან პილიგრიმად (მაშინ ასე უწოდებდნენ მიმომსვლელ ზედამხედველებს) მსახურობდა. მრავალწლიანი მსახურების შემდეგ იგი ჩვენი საზოგადოების მეურნეობაში მიიწვიეს, რომელიც ნიუ-იორკის შტატის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობდა. ვოლტერი საქათმეში მუშაობდა. მან თქვა: «როცა საკუთარ თავზე ზედმეტად მეფიქრებოდა, თავს ვიტუქსავდი: „შე მტვრის პატარა ნაწილაკო! რა გაქვს ისეთი, რის გამოც ყოყოჩობ?“» (წაიკითხეთ ესაიას 40:12—15). მართლაც, ამ ძმამ თავმდაბლობის გასაოცარი მაგალითი დაგვიტოვა!
10. როგორ ცხადვყოფთ ჩვენი სიტყვა-პასუხითა თუ საქმეებით, რომ თავმდაბლები ვართ?
10 ჩვენი საუბარი: თუ ჭეშმარიტად გულით თავმდაბალნი ვართ, ეს ჩვენს მეტყველებაზეც აისახება (ლუკ. 6:45). მაგალითად, სხვებთან ურთიერთობისას გამუდმებით არ ვისაუბრებთ ჩვენს პასუხისმგებლობებსა თუ მიღწევებზე (იგავ. 27:2). ნაცვლად ამისა, და-ძმებში შევნიშნავთ კარგ თვისებებს, გამორჩეულ უნარებსა თუ მიღწევებს და ამის გამო შევაქებთ (იგავ. 15:23). ჩვენი საქმეები: თავმდაბალი ქრისტიანები ქვეყნიერებაში სახელის მოხვეჭას არ ცდილობენ. ისინი უბრალოდ ცხოვრობენ და იეჰოვასთვის რომ საუკეთესო გაიღონ, არც ისეთ ფიზიკურ სამუშაოს თაკილობენ, რასაც სხვები დამამცირებლად მიიჩნევენ (1 ტიმ. 6:6, 8). რაც ყველაზე მთავარია, ისინი მორჩილები არიან და ესეც მათ თავმდაბლობაზე მოწმობს. ეს თვისება ნამდვილად საჭიროა, რომ „გავუგონოთ მათ, ვისაც . . . [ჩვენ] შორის ხელმძღვანელობა აკისრია“ და მივყვეთ ორგანიზაციიდან მიღებულ მითითებებს (ებრ. 13:17).
იესო რბილი ხასიათისა იყო
11. განმარტეთ, რას ნიშნავს რბილი ხასიათი.
11 რა არის რბილი ხასიათი? ადამიანი, რომელსაც რბილი ხასიათი აქვს, ყველასადმი მზრუნველობასა და სითბოს იჩენს. რბილი ხასიათი სიყვარულის ერთგვარი გამოვლინებაა და თავის თავში სხვა სათუთ გრძნობებს — თანაგრძნობასა და მოწყალებასაც — მოიაზრებს. ბიბლია იხსენიებს ისეთ სიტყვებსაც, როგორიცაა: „თანაგრძნობა“, „უდიდესი თანაგრძნობა“ და „სათუთი გრძნობები“ (ლუკ. 1:78; 2 კორ. 1:3; ფილ. 1:8). ერთ-ერთი სახელმძღვანელო ბიბლიაში გამოყენებულ სიტყვა „თანაგრძნობას“ ამგვარად განმარტავს: „ამ სიტყვაში გაცილებით მეტი იგულისხმება, ვიდრე მხოლოდ გაჭირვებულებისადმი თანაგრძნობის გამოვლენა და მათზე წუხილი. ეს სიტყვა ქმედითია; იგი იმასაც გულისხმობს, რომ შეჭირვებულთ დახმარების ხელი გაუწოდო და მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალო“. მართლაც, რბილი ხასიათი აღმძვრელი ძალაა! რბილი ხასიათის ადამიანი მზადაა, რომ სხვას ცხოვრება გაუუმჯობესოს.
12. ა) საიდან ჩანს, რომ იესო თანაუგრძნობდა სხვებს? ბ) რისკენ აღძრავდა იესოს რბილი ხასიათი?
12 როგორ ავლენდა იესო რბილ ხასიათს? სათუთი გრძნობები და თბილი მოპყრობა: იესო სხვების მიმართ თანამგრძნობი იყო. როდესაც იხილა, თუ როგორ დასტიროდნენ მისი მეგობარი მარიამი და სხვები ლაზარეს, ის აცრემლდა (წაიკითხეთ იოანეს 11:32—35). მას ისეთივე სიბრალულის განცდა დაეუფლა, როგორიც მაშინ, როცა ნაინელი ქვრივის ვაჟის დაკრძალვას შეესწრო და მკვდრეთით აღადგინა იგი — მან ლაზარესაც დაუბრუნა სიცოცხლე! (ლუკ. 7:11—15; იოან. 11:38—44). იესოს მიერ გამოვლენილმა თანაგრძნობამ ლაზარეს მომავალი ძირფესვიანად შეცვალა — როგორც ჩანს, მას ახლა არა მიწიერი, არამედ უკვე ზეციური ცხოვრების იმედი ექნებოდა! ამ მოვლენამდე ცოტა ხნით ადრე იესოს გული სიბრალულით აევსო, როცა თავისთან მისული უამრავი ხალხი დაინახა. იესოს მათზე გული დაეწვა და „დაუწყო . . . მრავალი რამის სწავლება“ (მარ. 6:34, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა). მართლაც, მათ ცხოვრებაში, ვინც იესოს ქადაგება ყურად იღო, ძირეული გარდატეხა მოხდა! იესოს მაგალითმა დაგვანახვა, რომ რბილი ხასიათი უფრო მეტს მოიცავს, ვიდრე უბრალოდ სათუთი გრძნობების ქონას. სწორედ რბილი ხასიათი კარნახობდა მას, რომ სხვების დასახმარებლად პირველი ნაბიჯი თავად გადაედგა (მათ. 15:32—38; 20:29—34; მარ. 1:40—42).
13. როგორ საუბრობდა იესო ხალხთან? (იხილეთ სურათი მე-5 გვერდზე)
13 თბილი სიტყვები: იესოს თანაგრძნობა აღძრავდა, თბილად ესაუბრა სხვებთან, განსაკუთრებით კი, დაჩაგრულებთან. ამიტომაც დაუკავშირა მას მოციქულმა მათემ წინასწარმეტყველ ესაიას სიტყვები: „გადატეხილ ლერწამს არ დაამტვრევს და მბჟუტავ პატრუქს არ ჩააქრობს“ (ეს. 42:3; მათ. 12:20). იესოს საუბარი გულზე მალამოდ ედებოდა სულგამწარებულთ, რომლებიც გადატეხილი ლერწამივით და მბჟუტავი პატრუქივით იყვნენ. იესო იმედის შთამნერგავი ცნობით „ჭრილობებს უხვევდა გულგატეხილთ“ (ეს. 61:1). იგი თავისთან იწვევდა „მძიმედ მშრომელთ და ტვირთმძიმეთ“, რათა გამოეცოცხლებინა ისინი (მათ. 11:28—30). ის არწმუნებდა თავის მიმდევრებს, რომ ღვთისთვის ძვირფასი იყო თითოეული მისი თაყვანისმცემელი, მათ შორის ისინიც, რომელთაც ქვეყნიერების თვალში ფასი არ ჰქონდათ (მათ. 18:12—14; ლუკ. 12:6, 7).
მიჰბაძეთ იესოს და გამოავლინეთ რბილი ხასიათი
14. რა დაგვეხმარება სათუთი გრძნობების გამოვლენაში?
14 როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იესოს და გამოვავლინოთ რბილი ხასიათი? სათუთი გრძნობები: სათუთი გრძნობები დაბადებიდან არავის დაგვყოლია, მაგრამ ბიბლია მათი შეძენისკენ მოგვიწოდებს. ასეთი გრძნობები იმ ახალი პიროვნების ნაწილი უნდა იყოს, რომლითაც შემოსვა ყველა ქრისტიანს მართებს (წაიკითხეთ კოლოსელების 3:9, 10, 12). რა დაგვეხმარება, რომ სხვების მიმართ სათუთი გრძნობებით განვიმსჭვალოთ? ჩვენ გულები უნდა „გავიფართოვოთ“ (2 კორ. 6:11—13). გულისყურით მოუსმინეთ, როცა ვინმე თავის გულისტკივილსა თუ საწუხარს გიზიარებთ (იაკ. 1:19). შემდეგ ჰკითხეთ საკუთარ თავს: მის ადგილას რომ ვიყო, როგორ ვიგრძნობდი თავს ან როგორი მოპყრობა მესიამოვნებოდა? (1 პეტ. 3:8).
15. როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ, რომლებიც შესაძლოა გადატეხილი ლერწამივით და მბჟუტავი პატრუქივით იყვნენ?
15 თბილი მოპყრობა: რბილი ხასიათი აღგვძრავს, დავეხმაროთ სხვებს, განსაკუთრებით კი მათ, რომლებიც შესაძლოა გადატეხილი ლერწამივით და მბჟუტავი პატრუქივით იყვნენ. როგორ შევძლებთ ამას? „მოტირალებთან იტირეთ“, — ვკითხულობთ რომაელების 12:15-ში. სასოწარკვეთილთ სიტყვებზე მეტად შეიძლება თანაგრძნობა სჭირდებოდეთ. ერთი ჩვენი და, რომელიც ქალიშვილის დაღუპვის შემდეგ თანაქრისტიანებმა ანუგეშეს, გვიზიარებს: „ჩემთვის ისიც კი ბევრს ნიშნავდა, რომ თანაქრისტიანები მოდიოდნენ და ჩემთან ერთად ტიროდნენ“. ჩვენ საქციელითაც შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ ერთმანეთის მიმართ სათუთი გრძნობები გვაქვს. იცნობთ ქვრივ დას, რომლის სახლიც ხელის შევლებას საჭიროებს? ან ისეთ მოხუცებულ თანაქრისტიანს, რომელსაც გადაადგილება უჭირს და კრების შეხვედრაზე, მსახურებაში ან ექიმთან წასაყვანად ავტომობილით მომსახურება სჭირდება? ჩვენ მიერ გამოვლენილი, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო სიკეთითაც კი შესაძლოა დიდად დავეხმაროთ ასეთებს (1 იოან. 3:17, 18). გარდა ამისა, სხვების მიმართ თბილი გრძნობებით რომ ვართ განმსჭვალულნი, იმითაც ცხადვყოფთ, რომ მსახურებაში ბოლომდე ვიხარჯებით. ეს მართლაც უნიკალური საშუალებაა, რომ გულწრფელი ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალოთ!
გულწრფელად გაღელვებთ თანაქრისტიანების მდგომარეობა? (იხილეთ მე-15 აბზაცი)
16. როგორ გავამხნეოთ სასოწარკვეთილნი?
16 თბილი სიტყვები: სათუთი გრძნობები აღგვძრავს, რომ „ვანუგეშოთ დამწუხრებული სულები“ (1 თეს. 5:14). რის თქმა შეგვიძლია მათ გასამხნევებლად? მაგალითად, ვუთხრათ, რომ გვაღელვებს მათი მდგომარეობა და ვწუხვართ მათზე. ამასთანავე, შევაქოთ ისინი და ამგვარად დავეხმაროთ, რომ საკუთარ თავში შენიშნონ დადებითი თვისებები, ნიჭი თუ უნარი. აგრეთვე შევახსენოთ, რომ იეჰოვამ ისინი თავისი ძისკენ მიიზიდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ დიდად აფასებს მათ (იოან. 6:44). ამასთანავე, დავარწმუნოთ ისინი, რომ იეჰოვას ნამდვილად შესტკივა გული თავის მსახურებზე, რომლებიც „გულმოდრეკილნი“ და „სულგამწარებულნი არიან“ (ფსალმ. 34:18). თბილი სიტყვებით ჭრილობებს შევუხორცებთ მათ, ვისაც ნუგეში ესაჭიროება (იგავ. 16:24).
17, 18. ა) რას მოელის იეჰოვა უხუცესებისგან — როგორ უნდა მოეპყრონ ისინი მის ცხვარს? ბ) რას განვიხილავთ შემდეგ სტატიაში?
17 უხუცესებო, იეჰოვა თქვენგან მოელის, რომ მის „ცხვარს“ სათუთად მოეპყრობით (საქ. 20:28, 29). ნუ დაგავიწყდებათ, რომ ღმერთმა თავისი „ცხვრები“ თქვენ ჩაგაბარათ, რომ გამოკვებოთ, საჭიროების შემთხვევაში, გაამხნეოთ და გამოაცოცხლოთ (ეს. 32:1, 2; 1 პეტ. 5:2—4). ამიტომ თანამგრძნობი უხუცესი „ცხვარს“ ყოველ ფეხის ნაბიჯს არ უკონტროლებს, თვითნებურ წესებს არ უდგენს, გამუდმებულ წნეხში არ ამყოფებს და იმაზე მეტს არ სთხოვს, ვიდრე მას ძალუძს. პირიქით, თბილი და მოსიყვარულე მწყემსი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სამწყსოსთვის სიხარულის წყარო იყოს; ის ნდობას უცხადებს კრების წევრებს და დარწმუნებულია, რომ იეჰოვასადმი სიყვარულით აღძრული „ცხვარი“ საუკეთესოს გაიღებს იეჰოვას მსახურებაში (მათ. 22:37).
18 იმაზე ფიქრი, თუ რამდენად თავმდაბალი და რბილი პიროვნება იყო იესო, აღგვძრავს, რომ ყოველთვის მივყვეთ მის ნაკვალევს. შემდეგ სტატიაში განვიხილავთ იესოს კიდევ ორ ძვირფას თვისებას — გაბედულებასა და გამჭრიახობას.
-
-
იყავით იესოსავით გაბედული და გამჭრიახისაგუშაგო კოშკი — 2015 | 15 თებერვალი
-
-
იყავით იესოსავით გაბედული და გამჭრიახი
„თუმცა არასოდეს გინახავთ იგი, მაინც გიყვართ. ვერც ახლა ხედავთ, მაგრამ გწამთ“ (1 პეტ. 1:8).
1, 2. ა) რა შემთხვევაში მოვიპოვებთ ხსნას? ბ) რა დაგვეხმარება, დავრჩეთ სიცოცხლის გზაზე?
ჩვენ სიცოცხლისკენ მიმავალ გზას მაშინ დავადექით, როცა იესოს მოწაფეები გავხდით. გზის დასასრულ, ჯილდო გველის: ვის დედამიწაზე სამოთხეში ცხოვრება, ვის კი — ზეცად. იესომ თქვა: „ბოლომდე [სიკვდილამდე ან ბოროტი ქვეყნიერების აღსასრულამდე] მომთმენი . . . გადარჩება“ (მათ. 24:13). ნამდვილად, თუ ერთგულებას შევინარჩუნებთ და სიცოცხლის გზაზე დავრჩებით, ეს საბოლოოდ, ჩვენს ხსნას მოემსახურება. თუმცა სიფრთხილე გვმართებს, რომ არაფერმა აგვირიოს თავგზა და არ ჩამოგვაშოროს სიცოცხლის გზას (1 იოან. 2:15—17). რა დაგვეხმარება, რომ განუხრელად მივყვეთ არჩეულ კურსს?
2 იესომ ამის საუკეთესო მაგალითი დაგვიტოვა. მის მიერ განვლილი ცხოვრების გზის შესახებ ბიბლია მოგვითხრობს. თუ ბიბლიის მეშვეობით შევისწავლით ქრისტეს ცხოვრებას, მეტად გავიცნობთ მას, შევიყვარებთ და ვიწამებთ (წაიკითხეთ 1 პეტრეს 1:8, 9). არ დაგავიწყდეთ, რისკენ მოგვიწოდა პეტრე მოციქულმა; მან თქვა, რომ ერთგულად მივყოლოდით ქრისტეს დატოვებულ ნაკვალევს (1 პეტ. 2:21). თუ ყურად ვიღებთ ამ რჩევას, რწმენა ჩვენს შემთხვევაშიც მიაღწევს თავის საბოლოო მიზანს და ჩვენი სულების ხსნას მოემსახურება.a წინა სტატიაში ვისაუბრეთ, თუ როგორ შეგვიძლია, იესოსავით თავმდაბლები და რბილი ხასიათისანი ვიყოთ. ახლა კი, მოდი, ვიმსჯელოთ, რა დაგვეხმარება ზედმიწევნით მივყვეთ იესოს ნაკვალევს და ვიყოთ მასავით გაბედულები და გამჭრიახები.
იესო იყო გაბედული
3. რა არის გაბედულება და რა შეგვძენს ამ თვისებას?
3 გაბედულება რწმენის მაჩვენებელია. რწმენა კი გვაძლიერებს და ბევრი რამისგან გვიცავს. იყო გაბედული, ნიშნავს, მედგრად დაუხვდე განსაცდელებს, სიმართლის მხარე დაიკავო და ღირსეულად და რწმენით აიტანო ტანჯვა. გაბედულება უშუალოდ უკავშირდება შიშს, იმედსა და სიყვარულს. შეიძლება იკითხოთ, ეს როგორ? სწორედ ღვთის შიში გვაძლევს გაბედულებას, რომ არ ვიყოთ კაცთმოშიშები (1 სამ. 11:7; იგავ. 29:25). ჭეშმარიტი იმედი გვეხმარება, რომ არსებული სიძნელეების მიღმა რწმენის თვალით ნათელი მომავალი დავინახოთ (ფსალმ. 27:14). თავგანწირული სიყვარული გვეხმარება, რომ გაბედულება გამოვავლინოთ მაშინაც კი, თუ ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება (იოან. 15:13). თუ მივენდობით ღმერთს და მივყვებით მისი ძის ნაკვალევს, ეს გაბედულებას შეგვძენს (ფსალმ. 28:7).
4. როგორ გამოავლინა იესომ გაბედულება, როცა იგი „ტაძარში . . . მასწავლებლებს შორის იჯდა“? (იხილეთ სურათი მე-10 გვერდზე)
4 იესო, ჯერ კიდევ 12 წლისა იყო, როცა გაბედულება გამოავლინა და სიმართლის მხარე დაიკავა. გავიხსენოთ ბიბლიიდან ის შემთხვევა, როცა პატარა იესო „ტაძარში . . . მასწავლებლებს შორის იჯდა“ (წაიკითხეთ ლუკას 2:41—47). ეს მასწავლებლები კარგად ერკვეოდნენ როგორც მოსეს კანონში, ისე რაბინულ ტრადიციებში, რომლებიც, თავის მხრივ, მოსეს კანონს ძირს უთხრიდნენ. თუმცა იესო არ დამფრთხალა იმის გამო, რომ ასეთ განსწავლულ პირთა შორის იჯდა. ყველაფრის მიუხედავად, იგი გაბედულად სვამდა კითხვებს და მისი კითხვები რიგითი ცნობისმოყვარე ბიჭუნას კითხვები არ ყოფილა. ის კანონის მცოდნეთ აზრიან და დამაფიქრებელ კითხვებს უსვამდა. როგორც ჩანს, სწორედ ამით მიიქცია მან მასწავლებელთა ყურადღება. პატარა იესოს ყველა კითხვაზე პასუხი მზად ჰქონდა და მასწავლებელთა ყოველი მცდელობა, ორაზროვანი კითხვებით ჩიხში შეეყვანათ იგი, კრახით სრულდებოდა. მართლაც, ყველას, მათ შორის, კანონის მასწავლებლებს, „მისი გაგება და პასუხები . . . აოცებდა“ — პატარა იესოს სიტყვებიდან ღვთიური სიბრძნე გამოსჭვიოდა!
5. რა და რა ვითარებაში გამოჩნდა, რომ იესო გაბედული იყო?
5 იესომ თავისი მსახურების განმავლობაში არაერთ ვითარებაში დაამტკიცა, რომ გაბედული იყო. მაგალითად, მაშინ, როცა თამამად ამხილა მწიგნობრები და ფარისევლები, რომელთაც ხალხი ცრუ სწავლებებით შეცდომაში შეჰყავდათ (მათ. 23:13—36); იგი არასდროს ეპუებოდა ქვეყნიერების მომწამვლელ სულს (იოან. 16:33); წინააღმდეგობის მიუხედავად, არ წყვეტდა ქადაგებას (იოან. 5:15—18; 7:14). გარდა ამისა, მან ორჯერ „განწმინდა“ ტაძარი და გარეთ გაყარა ისინი, ვინც ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას ბილწავდა (მათ. 21:12, 13; იოან. 2:14—17).
6. როგორ გამოავლინა იესომ გაბედულება დედამიწაზე ცხოვრების უკანასკნელ დღეს?
6 იესოს მიერ გამოვლენილი გაბედულება აღგვძრავს, რომ განსაცდელებს ჩვენც მასავით მედგრად დავუხვდეთ. მოდი, გავიხსენოთ იესოს დედამიწაზე ცხოვრების ბოლო დღე. მან წინასწარ იცოდა იუდას გეგმები და ისიც უწყოდა, თუ რა თანმიმდევრობით განვითარდებოდა მოვლენები. და მაინც, იესომ საპასექო ვახშამზე თავის მოღალატე მოციქულს უთხრა: „მალე გააკეთე, რასაც აკეთებ“ (იოან. 13:21—27). გეთსემანეს ბაღში იესომ ასევე გაბედულად განუცხადა მის შესაპყრობად მისულ ჯარისკაცებს თავისი ვინაობა და მიუხედავად იმისა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, იგი კვლავ მოციქულებზე ზრუნავდა (იოან. 18:1—8). როცა სინედრიონის წინაშე წარადგინეს, მან ყველას წინაშე განაცხადა, რომ იგი იყო ქრისტეც და ღვთის ძეც. ასეთი ნაბიჯი მისი მხრიდან განსაკუთრებულ გამბედაობას მოითხოვდა — მან იცოდა, რომ მღვდელმთავარი მის მოსაკლავად საბაბს ეძებდა (მარ. 14:60—65). ღვთის ძემ უმწიკვლობა შეინარჩუნა და წამების ბოძზე მამის ერთგული აღესრულა. სანამდე სულს დალევდა, მას სიხარულით აღმოხდა: „შესრულდა!“ (იოან. 19:28—30).
იყავით იესოსავით გაბედული
7. ა) ახალგაზრდებო, როგორ მოქმედებს თქვენზე ის ფაქტი, რომ ღვთის სახელით იწოდებით? ბ) როგორ შეგიძლიათ ცხადყოთ, რომ გაბედულნი ხართ?
7 რა დაგვეხმარება, ვიყოთ იესოსავით გაბედული? სკოლაში: ახალგაზრდებო, თქვენ ნამდვილად ავლენთ გაბედულებას, როდესაც სკოლაში ყველას წინაშე აცხადებთ, რომ იეჰოვას მოწმე ხართ. ეს დიდ სიმამაცეს მოითხოვს თქვენგან, რადგან ამის გამო შესაძლოა თანაკლასელებმა თუ სხვებმა აბუჩად აგიგდონ. ასეთი გაბედულებით თქვენ ცხადყოფთ, რომ გეამაყებათ იეჰოვას სახელის ტარება (წაიკითხეთ ფსალმუნის 86:12). გარდა ამისა, შესაძლოა სკოლაში ევოლუციის თეორიის მხარდამჭერებმა თავს მოგახვიონ აზრი, რომ ყველაფერი ევოლუციის გზით შეიქმნა. თუმცა ნუ დაგავიწყდებათ, თქვენ ხელთ გაქვთ უამრავი ბიბლიური მტკიცებულება, რომ ყოველივეს შემოქმედი ღმერთია. ბროშურა „სიცოცხლის წარმოშობა — ხუთი კითხვა, რომელზეც ღირს დაფიქრება“ ნამდვილად გამოგადგებათ მათთან საუბრის დროს, ვინც „თქვენი იმედის გამო ახსნა-განმარტებას გთხოვთ“ (1 პეტ. 3:15). მას შემდეგ, რაც ღვთის სიტყვის ჭეშმარიტების დასაცავად ყველაფერს გააკეთებთ, ნამდვილად იგრძნობთ კმაყოფილებას.
8. რა მიზეზები გვაქვს საიმისოდ, რომ გაბედულად ვიქადაგოთ?
8 მსახურებაში: ჩვენ ჭეშმარიტი ქრისტიანები ვართ, ამიტომ ყოველთვის გაბედულად უნდა ვილაპარაკოთ „იეჰოვასგან მიღებული უფლებამოსილებით“ (საქ. 14:3). რა მიზეზები გვაქვს საიმისოდ, რომ გაბედულად ვიქადაგოთ? ჩვენ ვიცით, რომ ბიბლიურ ჭეშმარიტებას ვქადაგებთ (იოან. 17:17). ამასთანავე, ვუწყით, რომ „ღვთის თანამშრომელნი ვართ“, რომელიც წმინდა სულით გვიჭერს მხარს (1 კორ. 3:9; საქ. 4:31). ჩვენ ისიც გვესმის, რომ თუ გულანთებულნი ვიქადაგებთ, ამით დავამტკიცებთ, რომ გვიყვარს იეჰოვა და მოყვასი (მათ. 22:37—39). სწორედ გამბედაობა დაგვეხმარება, არ დავდუმდეთ. ჩვენი მიზანია, ფარდა ავხადოთ ცრურელიგიურ დოგმებს, რომელთა მეშვეობითაც რელიგიათა საჭეთმპყრობელთ ადამიანები შეცდომაში შეჰყავთ (2 კორ. 4:4). მაშასადამე, გულგრილობის, დაცინვისა თუ ათასგვარი წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენ მაინც დაჟინებით განვაგრძობთ სასიხარულო ცნობის ქადაგებას (1 თეს. 2:1, 2).
9. რა დაგვეხმარება განსაცდელების პირისპირ გაბედულების გამოვლენაში?
9 განსაცდელების პირისპირ: ღმერთზე მინდობა განგვიმტკიცებს რწმენას და შეგვძენს გაბედულებას, რათა გავუმკლავდეთ სიძნელეებს. ბუნებრივია, გვტკივა, როცა საყვარელი ადამიანი ხელიდან გვეცლება, მაგრამ უიმედონი არ ვართ. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ „ყოველგვარი ნუგეშის მამა“ ჩვენთან იქნება (2 კორ. 1:3, 4; 1 თეს. 4:13). მაშინაც კი, თუ ჯანმრთელობა შეგვერყევა ან სერიოზულად დავშავდებით, ჩვენ ნამდვილად არ წავალთ კომპრომისზე და უარს ვიტყვით მკურნალობის ისეთ მეთოდებზე, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ბიბლიურ პრინციპებთან (საქ. 15:28, 29). თუ სევდა მოგვერევა და „ჩვენი გული მსჯავრს დაგვდებს“, ფარ-ხმალს არ დავყრით, რადგან ვენდობით ღმერთს, რომელიც „ახლოს არის გულმოდრეკილებთან“b (1 იოან. 3:19, 20; ფსალმ. 34:18).
იესო იყო გამჭრიახი
10. რა არის გამჭრიახობა და როგორ მეტყველებს და იქცევა იეჰოვას გამჭრიახი თაყვანისმცემელი?
10 გამჭრიახობა განსჯის ანუ სწორისა და არასწორის განსაზღვრის უნარია. მისი წყალობით ადამიანი სწორ გზას ადგება (ებრ. 5:14). ერთი ლექსიკონის თანახმად, გამჭრიახი კაცი „რაციონალურ გადაწყვეტილებებს იღებს, როცა საქმე სულიერ საკითხებს ეხება“. ღვთის გამჭრიახი თაყვანისმცემელი ღვთისმოსაწონად მეტყველებს და იქცევა. ასეთი ადამიანი საგულდაგულოდ არჩევს სიტყვებს, რათა ისეთი რამ არ თქვას, რითაც სხვებს გულს ატკენს. პირიქით, იგი ცდილობს, რომ აღაშენოს სხვები (იგავ. 11:12, 13). გამჭრიახი ადამიანი „რისხვაში ნელია“ (იგავ. 14:29). იგი „სწორი გზით მიდის“ და მთელი სიცოცხლის მანძილზე არ უხვევს ამ გზიდან (იგავ. 15:21). რა დაგვეხმარება, შევიძინოთ გამჭრიახობა? ამაში ღვთის სიტყვის შესწავლა და ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენება დაგვეხმარება (იგავ. 2:1—5, 10, 11). ამას გარდა, ჩვენთვის, ვისაც გამჭრიახობის შეძენა გვწადია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იესოს ცხოვრების შესწავლა, რომელიც ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე გამჭრიახი ადამიანი იყო.
11. როგორ ცხადყოფდა იესო საუბრით, რომ გამჭრიახი იყო?
11 იესოს სიტყვები და საქციელი იმას ცხადყოფდა, რომ იგი გამჭრიახი პიროვნება იყო. იესოს საუბარი: იგი სასიხარულო ცნობის ქადაგებისას ყოველთვის განსჯის უნარს ავლენდა და საგულდაგულოდ არჩევდა „მადლიან სიტყვებს“, რითაც ანცვიფრებდა მსმენელს (ლუკ. 4:22; მათ. 7:28). ის ხშირად საუბრობდა ღვთის სიტყვიდან — კითხულობდა წმინდა წერილს ან თვალსაჩინოების მიზნით საჭირო ციტატებს იშველიებდა (მათ. 4:4, 7, 10; 12:1—5; ლუკ. 4:16—21). იესო ისე განმარტავდა წერილებს, რომ მსმენელთა გულს სწვდებოდა. სწორედ ამაზე მეტყველებს ერთი ეპიზოდი ბიბლიიდან. როდესაც მკვდრეთით აღმდგარი იესო ემაუსის გზაზე ორ მოწაფეს გამოელაპარაკა და „განუმარტა . . . წმინდა წერილებში თავის შესახებ დაწერილი“, მოწაფეებმა მოგვიანებით ერთმანეთს უთხრეს: „განა არ გვიღვიოდა გულები, როცა ის . . . წმინდა წერილებს გვიხსნიდა?“ (ლუკ. 24:27, 32).
12, 13. რომელი მაგალითებიდან ჩანს, რომ იესო გაწონასწორებული და რისხვაში ნელი იყო?
12 იესოს განწყობა და დამოკიდებულება: იესოს გამჭრიახობა ეხმარებოდა, მოეთოკა გრძნობები და ყოფილიყო „რისხვაში ნელი“ (იგავ. 16:32). ის რბილ ხასიათსაც ავლენდა (მათ. 11:29). იმის მიუხედავად, რომ მისი მოწაფეები ხშირად ცდებოდნენ, იგი მათდამი ყოველთვის სულგრძელობას იჩენდა (მარ. 14:34—38; ლუკ. 22:24—27). იესოს სიმშვიდე არც მაშინ ღალატობდა, როცა უსამართლოდ ეპყრობოდნენ (1 პეტ. 2:23).
13 გამჭრიახობა იესოს იმაშიც ეხმარებოდა, რომ ყოფილიყო გაწონასწორებული. ამის წყალობით, მას შეეძლო, რომ მოსეს კანონის მიღმა პრინციპები დაენახა — თუ რატომ მისცა ღმერთმა თავის ხალხს ესა თუ ის კანონი. მაგალითისთვის გავიხსენოთ ერთი შემთხვევა, რომლის შესახებაც ვკითხულობთ მარკოზის 5:25—34-ში (წაიკითხეთ). ბიბლიის ეს მონაკვეთი მოგვითხრობს ერთი სისხლდენით დატანჯული ქალის შესახებ, რომელმაც ბრბოში გზა გაიკვლია, რათა იესოს ტანსაცმელზე შეხებოდა. შედეგად, იგი განიკურნა. კანონის თანახმად, ის უწმინდურად ითვლებოდა და არავის უნდა შეხებოდა (ლევ. 15:25—27). მაგრამ იესოს, რომელიც კანონში უფრო მნიშვნელოვანს, „გულმოწყალებასა და ერთგულებას“, ხედავდა, არ გაუკიცხავს იგი (მათ. 23:23). პირიქით, მან ქალს დაუყვავა: „შვილო, შენმა რწმენამ გამოგაჯანმრთელა. წადი მშვიდობით. განიკურნე მძიმე დაავადებისგან“. მართლაც, შეუძლებელია არ მოგვხიბლოს იესოს გამჭრიახობამ, რის წყალობითაც მან გატანჯულ ქალს შვება მოჰგვარა!
14. რა გზას დაადგა იესო და რა დაეხმარა მას, არჩეული კურსით განეგრძო სვლა?
14 იესოს ცხოვრება: იესოს გამჭრიახობაზე ისიც მეტყველებს, რომ იგი ცხოვრებაში სწორ გზას დაადგა და მას შემდეგ არასდროს გადაუხვევია მისგან. მისთვის უმთავრესი სასიხარულო ცნობის ქადაგება იყო (ლუკ. 4:43). იესოს მიღებული გადაწყვეტილებები ეხმარებოდა, რომ მთელი ყურადღება სამეფოს საქმისკენ მიემართა და დაწყებული საქმე ბოლომდე მიეყვანა. იგი უბრალოდ ცხოვრობდა, რაც მას საშუალებას აძლევდა, მთელი დრო და ენერგია მსახურებისთვის დაეთმო (ლუკ. 9:58). მან ისიც გაითვალისწინა, რომ უნდა დაეტოვებინა „მემკვიდრეები“, რომლებიც მისი სიკვდილის შემდეგაც გააგრძელებდნენ მის წამოწყებულ სამქადაგებლო საქმეს (ლუკ. 10:1—12; იოან. 14:12). იესომ თავის მიმდევრებს ამ საქმეში მხარდაჭერა აღუთქვა და უთხრა, რომ მათ გვერდით იქნებოდა „ქვეყნიერების აღსასრულამდე“ (მათ. 28:19, 20).
იყავით იესოსავით გამჭრიახი
გაიგეთ, რა აღელვებთ ადამიანებს და გულდასმით შეარჩიეთ სიტყვები (იხილეთ მე-15 აბზაცი)
15. როგორ შეგვიძლია ცხადვყოთ ჩვენი საუბრით, რომ გამჭრიახები ვართ?
15 მოდი, განვიხილოთ კიდევ ერთი მხარე, რაშიც ღირს იესოს მიბაძვა. ჩვენი საუბარი: ჩვენ ვცდილობთ, რომ საუბრით და-ძმები კი არ დავთრგუნოთ, არამედ გავამხნეოთ (ეფეს. 4:29). როდესაც სხვებს ღვთის სამეფოს შესახებ ვესაუბრებით, ჩვენი სიტყვები „მარილით შეზავებული“ უნდა იყოს (კოლ. 4:6). მობინადრეებს ჯერ უნდა მოვუსმინოთ და შემდეგ განვსაზღვროთ, როგორ წარვმართოთ მათთან საუბარი. ჩვენ საუკეთესოდ ვუწყით, თუ რამხელა ძალა აქვს მადლიან სიტყვას — ასეთი სიტყვები მობინადრის გულს სწვდება. ამასთანავე, როცა ხალხს ჩვენი რწმენის შესახებ ვესაუბრებით, ვცდილობთ, ბიბლია მოვიშველიოთ. არ გვავიწყდება, რომ სწორედ ბიბლიაა ჩვენი რწმენის ქვაკუთხედი. ამიტომაც, როცა მსახურებაში შესაძლებლობა გვეძლევა, ხალხს უშუალოდ ღვთის სიტყვიდან ვუკითხავთ მუხლებს, რადგან მათზე ბიბლიური ცნობა მოქმედებს და არა — ჩვენი აზრები (ებრ. 4:12).
16, 17. ა) როგორ შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ ვართ გაწონასწორებული და რისხვაში ნელი? ბ) რა დაგვეხმარება, რომ მთელი ყურადღება მსახურებას დავუთმოთ?
16 ჩვენი განწყობა და დამოკიდებულება: თუ გამჭრიახები ვიქნებით, საჭიროების შემთხვევაში, მოვთოკავთ საკუთარ თავს და ვიქნებით რისხვაში ნელი (იაკ. 1:19). როცა სხვები გულს გვტკენენ, უნდა შევეცადოთ იმის დანახვას, თუ რა დგას მათი სიტყვებისა თუ საქციელის მიღმა. ასეთი წვდომის უნარი ჩვენში რისხვას დააცხრობს და დაგვეხმარება, „სხვის დანაშაულს გვერდი ავუაროთ“ (იგავ. 19:11). გამჭრიახობა იმაშიც დაგვეხმარება, რომ გაწონასწორებულნი ვიყოთ. ამგვარად, ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ რეალისტები და ჩვენსავით არასრულყოფილი თანამორწმუნეებისგან სრულყოფილება არ მოვითხოვოთ. გვესმის, რომ მათაც შეიძლება ჰქონდეთ ისეთი პრობლემები, რომელთა შესახებაც შესაძლოა არაფერი ვიცოდეთ. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ მათ მოსასმენად და თუ ჩვენი აზრები ურთიერთსაწინააღმდეგო აღმოჩნდება, არ შევეცადოთ საკუთარი აზრის გატანას (ფილ. 4:5).
17 ჩვენი ცხოვრება: იესოს მიმდევრებს კარგად გვესმის, რომ ჩვენთვის უდიდესი პატივია სასიხარულო ცნობის ქადაგება. ისიც გვესმის, რომ სწორედ ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების წყალობით შევძლებთ, ბოლომდე ერთგულად დავრჩეთ სიცოცხლის გზაზე და მთელი ყურადღება მსახურებაზე გადავიტანოთ. ჩვენ სულიერ საქმეებს პირველ ადგილზე ვაყენებთ და ვცდილობთ უბრალოდ ვიცხოვროთ, რათა ქვეყნიერების აღსასრულამდე სრულად ვიყოთ ჩაბმულნი უმნიშვნელოვანეს, მოწაფეების მომზადების, საქმეში (მათ. 6:33; 24:14).
18. ა) რა დაგვეხმარება, დავრჩეთ სიცოცხლის გზაზე? ბ) რა გაქვთ გადაწყვეტილი?
18 იესოს იმ თვისებების განხილვა, რომლებზეც ამ და წინა სტატიაში ვისაუბრეთ, მართლაც საინტერესო აღმოჩნდა. წარმოიდგინეთ, როგორ გამხნევდებით, თუ დროს გამოყოფთ იესოს სხვა თვისებების გამოსაკვლევად და იმის გასაგებად, თუ როგორ შეგიძლიათ, უკეთ მიჰბაძოთ მას. ამიტომ, მოდი, მიზნად დავისახოთ, ფეხდაფეხ მივყვეთ იესოს ნაკვალევს. ეს დაგვეხმარება, დავრჩეთ სიცოცხლის გზაზე, რაც საბოლოოდ ჩვენს ხსნასაც მოემსახურება და უფრო მეტადაც დავუახლოვდებით იეჰოვას, ვისაც იესო სრულყოფილად ჰბაძავდა!
a მართალია, 1 პეტრეს 1:8, 9 ზეციური იმედის მქონეთ ეხება, მაგრამ ამ მუხლებში მოცემული პრინციპი მიწიერი იმედის მქონე ქრისტიანებზეც ვრცელდება.
b დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ იმ და-ძმების ისტორიები, რომლებიც სირთულეების მიუხედავად, გაბედულებას იჩენდნენ. მაგალითად, ასეთი ბიოგრაფიები დაიბეჭდა შემდეგ ნომრებში: 2000 წლის 1 დეკემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 24—28; 2003 წლის 22 აპრილის „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 18—21 (რუს.) და 1995 წლის 22 იანვრის „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 11—15 (ინგლ.).
-