საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მე „მაგალითი მოგეცით“
    საგუშაგო კოშკი — 2002 | 15 აგვისტო
    • მე „მაგალითი მოგეცით“

      „დროის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თქვენ მასწავლებლები უნდა ყოფილიყავით“ (ებრაელთა 5:12).

      1. ჩვეულებრივ, რატომ შეიძლება გარკვეულწილად შეაფიქრიანოს ქრისტიანი ებრაელთა 5:12–ში ჩაწერილმა სიტყვებმა?

      გარკვეულწილად ხომ არ შეგაფიქრიანათ ამ სასწავლო სტატიის წამყვანმა მუხლმა? თუ დიახ, ამ შემთხვევაში თქვენ გამონაკლისი არა ხართ. რადგან ქრისტეს მიმდევრები ვართ, ვიცით, რომ მასწავლებლებიც უნდა ვიყოთ (მათე 28:19, 20). გარდა ამისა, ისეთ დროში ვცხოვრობთ, როდესაც გადაუდებლად, ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე საუკეთესოდ უნდა ვასწავლოთ. ჩვენთვის ისიც ცნობილია, რომ სწავლების ეს საქმე მათთვის, ვისაც ვასწავლით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია! (1 ტიმოთე 4:16). მაშასადამე, ბუნებრივია, საკუთარ თავს დავუსვათ კითხვა: ვარ კი ისეთი მასწავლებელი, როგორიც უნდა ვიყო? როგორ შემიძლია გავუმჯობესდე ამ მხრივ?

      2, 3. ა) ერთი მასწავლებლის სიტყვების თანახმად, რა არის კარგი მასწავლებლობის საფუძველი? ბ) მასწავლებლობასთან დაკავშირებით რა მაგალითი დაგვიტოვა იესომ?

      2 ამაზე ფიქრმა გული არ უნდა გაგვიტეხოს. თუ ვფიქრობთ, რომ მასწავლებლობაში მხოლოდ სწავლების გარკვეული მეთოდების გამოყენება შედის, შეიძლება დაგვთრგუნოს იმაზე ფიქრმა, მივაღწევთ თუ არა ოდესმე სათანადო დონეს. მაგრამ, კარგ მასწავლებლობას ხომ განსაკუთრებულ მეთოდიკაზე უფრო მნიშვნელოვანი რამ უდევს საფუძვლად. ყურადღება მიაქციეთ, რას წერდა ამასთან დაკავშირებით ერთი გამოცდილი მასწავლებელი: „კარგი მასწავლებლობა განსაკუთრებული უნარის, მეთოდების ან გეგმების გამოყენებაზე არ არის დამოკიდებული... მასწავლებლობა უპირველეს ყოვლისა სიყვარულზეა დაფუძნებული“. რა თქმა უნდა, ის ამ საკითხს საერო მასწავლებლის თვალსაზრისით უყურებდა. მაგრამ მისი სიტყვები ბევრად უფრო მიესადაგება ჩვენი, როგორც ქრისტიანების, მასწავლებლობას. როგორ?

      3 ჩვენთვის სამაგალითო მასწავლებელი იესო ქრისტეა. „[მე] მაგალითი მოგეცით“, — უთხრა მან თავის მიმდევრებს (იოანე 13:15). მართალია, იესო აქ თავმდაბლობის მაგალითზე ლაპარაკობდა, მაგრამ მის მიერ დატოვებულ მაგალითში, რა თქმა უნდა, დედამიწაზე მისი უმთავრესი საქმიანობა — ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის სწავლებაც — შედის (ლუკა 4:43). აქედან გამომდინარე, თუ იესოს მსახურების დასახასიათებლად ერთადერთი სიტყვის გამოყენება მოგვიწევდა, განა „სიყვარულს“ არ ავირჩევდით? (კოლასელთა 1:15; 1 იოანე 4:8). თავისი ზეციერი მამის, იეჰოვასადმი სიყვარულის გამოვლენა იესოსთვის უმნიშვნელოვანესი იყო (იოანე 14:31). გარდა ამისა, იესო, როგორც მასწავლებელი, კიდევ ორი რამეში ავლენდა სიყვარულს: მას უყვარდა ჭეშმარიტება, რომელსაც ასწავლიდა და ხალხი, ვისაც ასწავლიდა. მოდი უფრო გულდასმით განვიხილოთ, თუ რა მაგალითი მოგვცა იესომ ამასთან დაკავშირებით.

      ღვთიური ჭეშმარიტების სიყვარული დროის გამოცდას უძლებს

      4. როგორ შეიყვარა იესომ იეჰოვას სწავლებები?

      4 სწავლების ხარისხი ბევრად არის დამოკიდებული საგნისადმი მასწავლებლის მიდგომაზე. საგნისადმი მასწავლებლის გულგრილი დამოკიდებულება მოსწავლეებზეც მალევე აისახება. იესო გულგრილად არ ეკიდებოდა იეჰოვასა და მის სამეფოსთან დაკავშირებულ ძვირფას ჭეშმარიტებას, რომელსაც ხალხს ასწავლიდა, არამედ ძალიან უყვარდა ის. ეს სიყვარული მას სწავლის პერიოდში განუვითარდა. განკაცებამდე საუკუნეების განმავლობაში ღვთის მხოლოდშობილი ძე ბეჯითი მოსწავლე იყო. ესაიას 50:4, 5–ში მართებულად არის ნათქვამი: „უფალმა ღმერთმა მომცა სწავლულთა ენა, რომ შემეძლოს დამაშვრალის სიტყვით გამხნევება. ის აღვიძებს, ყოველი დილით აღვიძებს ჩემს ყურს, რომ მესმოდეს, როგორც სწავლულებს ესმით. უფალმა ღმერთმა გამიხსნა სასმენელი და მე არ გავურჩებულვარ, უკან არ მივქცეულვარ“.

      5, 6. ა) რა მოხდა იესოს ნათლობისას და რა ზეგავლენა მოახდინა ამან მასზე? ბ) რა განსხვავებული სახით იყენებდნენ იესო და სატანა ღვთის სიტყვას?

      5 ღვთიური სიბრძნისადმი სიყვარული იესოს არც დედამიწაზე ყოფნისას განელებია (ლუკა 2:52). მოგვიანებით, მისი ნათლობისას, განსაკუთრებული რამ მოხდა. „გაიხსნა ცა“, — ნათქვამია ლუკას 3:21–ში. როგორც ჩანს, იესომ მაშინ გაიხსენა განკაცებამდე თავისი არსებობა. ამის შემდგომ მან 40 დღე იმარხულა უდაბნოში. ალბათ, მას დიდ სიამოვნებას ჰგვრიდა იმ მრავალი შემთხვევის გახსენება, როდესაც იეჰოვა ასწავლიდა ზეცაში ცხოვრების დროს. მალე ხომ ღვთიური ჭეშმარიტებისადმი მისი სიყვარული გამოიცდებოდა.

      6 იესო დაღლილი და მშიერი იყო, სატანა კი ამ დროს მის ცდუნებას ცდილობდა. რამდენად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან ღვთის ეს ორი ძე! ორივენი ებრაული წერილებიდან ციტირებდნენ, მაგრამ ამ წერილებისადმი მათი მიდგომა სრულიად განსხვავებული იყო. სატანა ღვთის სიტყვას ამახინჯებდა და თავისი ეგოისტური მიზნების მისაღწევად იყენებდა, რითაც მისადმი უპატივცემლობას ავლენდა. სინამდვილეში, ამ ურჩ ძეს სძულდა ღვთიური ჭეშმარიტება. იესოს მიერ წმინდა წერილების ციტირებისას კი აშკარად ჩანდა ამ წერილებისადმი მისი სიყვარული, რაც თითოეული პასუხის გასაცემად ღვთის სიტყვიდან საგულდაგულოდ შერჩეული ადგილების მოყვანით გამოიხატებოდა. მიუხედავად იმისა, რომ იესო ამ ღვთივსულიერი სიტყვების ჩაწერამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა, ის მოკრძალებით ეკიდებოდა მათ. ეს ხომ მისი ზეციერი მამისგან მომდინარე ძვირფასი ჭეშმარიტება იყო! სატანასთან საუბრისას იესომ აღნიშნა, რომ იეჰოვას სიტყვები მისთვის საკვებზე უფრო მნიშვნელოვანი იყო (მათე 4:1—11). დიახ, იესოს უყვარდა იეჰოვასგან ნასწავლი ჭეშმარიტება. მაგრამ, როგორ ავლენდა ის ამ სიყვარულს, როგორც მასწავლებელი?

      მას უყვარდა ჭეშმარიტება, რომელსაც ასწავლიდა

      7. რატომ არ ჩამოაყალიბა იესომ საკუთარი სწავლებები?

      7 ყოველთვის აშკარა იყო იესოს სიყვარული იმ ჭეშმარიტებისადმი, რომელსაც ასწავლიდა. მას ხომ ადვილად შეეძლო საკუთარი იდეები ჩამოეყალიბებინა. ის უსაზღვრო ცოდნასა და სიბრძნეს ფლობდა (კოლასელთა 2:3). მაგრამ, იესო თავის მსმენელებს არაერთხელ შეახსენებდა, რომ რასაც ასწავლიდა, მისგან კი არ მომდინარეობდა, არამედ მისი ზეციერი მამისგან (იოანე 7:16; 8:28; 12:49; 14:10). იესოს ისე ძალიან უყვარდა ღვთიური ჭეშმარიტება, რომ მას საკუთარი აზრებით არ შეცვლიდა.

      8. თავისი მსახურების დასაწყისშივე, ღვთის სიტყვაზე მინდობის როგორი მაგალითი მოგვცა იესომ?

      8 იესო თავისი მსახურების დასაწყისიდანვე გვაძლევდა მაგალითს. განვიხილოთ, თუ პირველად როგორ განუცხადა ხალხს, რომ აღთქმული მესია იყო. პირდაპირ წარდგა ხალხის წინაშე, თავი ქრისტედ გამოაცხადა და ამის დასამტკიცებლად შთამბეჭდავი სასწაულები მოახდინა? არა. ის სინაგოგაში მივიდა, სადაც ღვთის ხალხი ჩვეულებისამებრ იკრიბებოდა ხოლმე წმინდა წერილების წასაკითხად. იქ მან ხმამაღლა წაიკითხა ესაიას 61:1, 2 და ახსნა, რომ ეს წინასწარმეტყველური ჭეშმარიტება მას ეხებოდა (ლუკა 4:16—22). იესოს მიერ მოხდენილი მრავალი სასწაული იმაზე მეტყველებდა, რომ მას ამის ძალას იეჰოვა აძლევდა. მიუხედავად ამისა, სწავლებისას იესო ყოველთვის ღვთის სიტყვას ეყრდნობოდა.

      9. როგორ გამოავლინა იესომ ღვთის სიტყვისადმი დიდი სიყვარული ფარისევლებთან ურთიერთობისას?

      9 როდესაც რელიგიური მოწინააღმდეგენი გამომცდელ კითხვებს უსვამდნენ, იესო არ აჰყვებოდა ხოლმე მათ მიუხედავად იმისა, რომ ადვილად შეეძლო სიტყვა–პასუხში გაემარჯვა. ნაცვლად ამისა, მათ სიტყვებს ღვთის სიტყვით აბათილებდა. მაგალითად, გავიხსენოთ ის შემთხვევა, როდესაც ფარისევლებმა იესოს მოწაფეებს შაბათის დარღვევაში დასდეს ბრალი, რადგან ყანაში გავლისას თავთავები მოფშვნიტეს და შეჭამეს. აი, რა უპასუხა იესომ: „ნუთუ არ წაგიკითხავთ, რა ქნა დავითმა, როცა მოშივდა მას და მის მხლებლებს?“ (მათე 12:1—5). რა თქმა უნდა, ამ თავდაჯერებულ მამაკაცებს წაკითხული ექნებოდათ 1 მეფეთა 21:2—7–ში ღვთის შთაგონებით ჩაწერილი ისტორია. მაგრამ მათ მნიშვნელოვანი ვერაფერი ისწავლეს ამ შემთხვევიდან. იესო კი, მხოლოდ წაკითხვას არ სჯერდებოდა. ის ფიქრობდა და გულთან ახლოს მიჰქონდა წაკითხული. მას უყვარდა ის პრინციპები, რომლებიც იეჰოვამ ამ ისტორიით ასწავლა. ამგვარად, მან გამოიყენა აღნიშნული ინფორმაცია, აგრეთვე მაგალითი მოსეს რჯულიდან, რათა მათთვის რჯულის ნამდვილი სული დაენახვებინა. იესო ღვთის სიტყვის დიდმა სიყვარულმა აღძრა, დაეცვა ის რელიგიური წინამძღოლებისგან, რომლებიც ცდილობდნენ, ისე გადაეკეთებინათ წმინდა წერილები, როგორც მათ აწყობდათ ან ადამიანთა ტრადიციებით დაეჩრდილათ იგი.

      10. როგორ შესრულდა იესოზე წინასწარმეტყველებები, რომლებიც მის მასწავლებლობას ეხებოდა?

      10 იესოს უყვარდა ის, რასაც ასწავლიდა და ეს სიყვარული არ აძლევდა იმის ნებას, რომ ჭეშმარიტება ხალხისთვის მხოლოდ გაზეპირებული ფრაზების გამოყენებით, მოსაბეზრებლად ან მექანიკურად ესწავლებინა. ღვთისგან შთაგონებულ წინასწარმეტყველებებში ნათქვამი იყო, რომ მესიის ‘პირიდან მადლი გადმოიღვრებოდა’ და ‘მოხდენილი სიტყვებით’ ილაპარაკებდა (ფსალმუნი 44:3; დაბადება 49:21, „ბიბლია“, 2001). იესოზე ნამდვილად შესრულდა ეს წინასწარმეტყველებები, რადგან ის თავის ცნობას საინტერესოდ და ცოცხლად გადასცემდა; „მადლიანი სიტყვებით“ ასწავლიდა მისთვის ესოდენ საყვარელ ჭეშმარიტებას (ლუკა 4:22, აქ). უდავოა, ეს ენთუზიაზმი მისი სახის გამომეტყველებაშიც ირეკლებოდა და თვალები ჭეშმარიტებისადმი ცხოველი ინტერესით ჰქონდა ანთებული. რა სასიამოვნო იქნებოდა მისი მოსმენა! და რა კარგი იქნებოდა, რომ ნასწავლის სხვებისთვის გაზიარებისას მისთვის მიგვებაძა!

      11. მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლობის განსაკუთრებულ უნარს ფლობდა, რატომ არ იყო იესო ამაყი და ამპარტავანი?

      11 გააამაყა იესო ღვთიური ჭეშმარიტების ღრმა ცოდნამ და მიმზიდველი საუბრების წარმართვის უნარმა? ხშირ შემთხვევაში ბევრს ასე ემართება ხოლმე. მაგრამ გვახსოვდეს, რომ იესო ღვთის მოსაწონი სახით ავლენდა სიბრძნეს. ასეთი სიბრძნე გამორიცხავს ამპარტავნობას, რადგან „თავმდაბალთ... სიბრძნე ახლავთ“ (იგავნი 11:2, „ბიბლია“, 2001). გარდა ამისა, არსებობდა კიდევ ერთი ფაქტორი, რაც იესოს გაამაყებისა და გაამპარტავნებისგან იცავდა.

      იესოს უყვარდა ადამიანები, რომლებსაც ასწავლიდა

      12. როგორ ცხადყო იესომ, რომ არ სურდა მოწაფეებს მისი შინებოდათ?

      12 ადამიანებისადმი დიდი სიყვარული ყოველთვის გამოსჭვიოდა იესოს სწავლებაში. ამაყი ადამიანებისგან განსხვავებით, სწავლებისას იესო არასდროს თრგუნავდა ხალხს (ეკლესიასტე 8:9). პეტრე, რომელიც იესოს ერთ–ერთი სასწაულის მომსწრე გახდა, გაოგნებული ჩაუვარდა ფეხებში მას. მაგრამ იესოს არ სურდა, რომ მოწაფეებს მისი შინებოდათ. მან გულთბილად მიმართა პეტრეს: „ნუ გეშინია“; შემდეგ კი აუხსნა, რომ ის მოწაფეების მომზადების მნიშვნელოვან საქმეში მიიღებდა მონაწილეობას (ლუკა 5:8—10). იესოს სურდა, რომ მისი მოწაფეების აღმძვრელი ძალა ღვთის ძვირფასი ჭეშმარიტებისადმი სიყვარული ყოფილიყო და არა თავიანთი მასწავლებლისადმი შიში.

      13, 14. რა მხრივ ავლენდა იესო ხალხისადმი თანაგრძნობას?

      13 იესოს მიერ გამოვლენილი თანაგრძნობაც იმაზე მოწმობს, რომ მას უყვარდა ადამიანები, რომლებსაც ასწავლიდა. „ხალხის ბრბო რომ დაინახა, შეებრალა ისინი, ვინაიდან ისინი დაუძლურებულნი და დაფანტულნი იყვნენ, როგორც უმწყემსო ცხვარი“ (მათე 9:36). ის თანაგრძნობით ეკიდებოდა მათ გაჭირვებას და მზად იყო დასახმარებლად.

      14 ყურადღება მიაქციეთ იესოს მიერ თანაგრძნობის გამოვლენის კიდევ ერთ შემთხვევას. სისხლდენით გატანჯული ქალი ხალხით გარშემორტყმულ იესოს მიუახლოვდა, მისი ტანსაცმლის კიდეს შეეხო და მაშინვე სასწაულებრივად განიკურნა. იესომ იგრძნო, რომ ძალა გავიდა მისგან, მაგრამ არ დაუნახავს, თუ ვინ განიკურნა. იესო ძალიან დაინტერესდა, ვინ შეეხო მას. რატომ? არა იმიტომ, რომ გაეკიცხა რჯულის ან მწიგნობართა და ფარისეველთა წესების დარღვევისთვის, რასაც შეიძლება თავად ქალიც შიშობდა, არამედ იმისათვის, რომ ეთქვა: „ასულო, შენმა რწმენამ გიხსნა, წადი მშვიდობით და მორჩენილი ხარ შენი სენისაგან“ (მარკოზი 5:25—34). ყურადღება მიაქციეთ, თუ რა თანაგრძნობა ჩანდა მის სიტყვებში. მას მხოლოდ ის არ უთქვამს: „განიკურნე“, არამედ — „მორჩენილი ხარ შენი სენისაგან“. სიტყვა „სენი“, რომელიც მარკოზმა აქ გამოიყენა, სიტყვასიტყვით „გამათრახებას“ ანუ საწამებლად გაშოლტვას ნიშნავს. ამგვარად, იესო ხვდებოდა, რომ ეს სნეულება ქალს ტანჯავდა და როგორც ფიზიკურ, ასევე საშინელ ემოციურ ტკივილს აყენებდა. იესო თანაუგრძნობდა მას.

      15, 16. იესოს მსახურებიდან რომელი შემთხვევები ცხადყოფს, რომ ის ადამიანებში კარგ თვისებებს ეძებდა?

      15 იესო ადამიანებისადმი სიყვარულს იმითაც ავლენდა, რომ კარგ თვისებებს ეძებდა მათში. განვიხილოთ, რა მოხდა, როდესაც ის ნათანაელს შეხვდა; კაცს, რომელიც მოგვიანებით მოციქული გახდა. «იესომ რომ დაინახა მისკენ მიმავალი ნათანაელი, თქვა მასზე: „აჰა, ჭეშმარიტი ისრაელიანი, ვისშიც არ არის მზაკვრობა“». იესომ ბევრი რამ იცოდა ნათანაელის შესახებ, რადგან მან სასწაულებრივად ჩაიხედა მის შინაგან ბუნებაში. რა თქმა უნდა, ნათანაელი სრულყოფილი არ იყო. ისიც, როგორც ყოველი ჩვენგანი, შეცდომებს უშვებდა. როდესაც იესოს შესახებ მოისმინა, მან ცოტა არ იყოს, მკვახედაც კი აღნიშნა: „განა ნაზარეთიდან რაიმე სიკეთე შეიძლება იყოს?“ (იოანე 1:45—51). მაგრამ ნათანაელის შეცდომების მიუხედავად, იესომ მის დადებით თვისებაზე მოახდინა კონცენტრირება, კერძოდ კი მის გულწრფელობაზე.

      16 მსგავსადვე, იესომ იცოდა, რომ ასისთავს, რომელიც რომაელი და, როგორც ჩანს, წარმართი იყო და მასთან მსახურის განკურნების სათხოვნელად მივიდა, მრავალი ცოდვა ჰქონდა ჩადენილი. იმ დროს მცხოვრებ ასისთავს ძალადობაში, სისხლისღვრასა თუ ცრუ თაყვანისმცემლობაში ექნებოდა მონაწილეობა მიღებული. მაგრამ, იესომ ყურადღება მის გასაოცარ რწმენაზე გაამახვილა (მათე 8:5—13). მოგვიანებით, წამების ძელზე მის გვერდით გაკრული ავაზაკიც არ გაუკიცხავს წარსულში ჩადენილი დანაშაულისთვის, არამედ მომავლის იმედით ანუგეშა (ლუკა 23:43, აქ). იესომ კარგად იცოდა, რომ სხვებზე უარყოფითი ან კრიტიკული თვალსაზრისის შექმნა მხოლოდ გულს გაუტეხდა მათ. უდავოა, იესოს მხრიდან სხვებში კარგის დანახვის მცდელობა გამოსწორებისკენ აღძრავდა ადამიანებს.

      სხვების მომსახურების სურვილი

      17, 18. როგორ გამოავლინა იესომ დედამიწაზე ჩამოსვლით სხვების მომსახურების სურვილი?

      17 იესოს სიყვარულს იმ ხალხისადმი, რომელსაც ასწავლიდა, ისიც ადასტურებს, რომ მზად იყო, მომსახურებოდა მათ. ღვთის ძეს განკაცებამდეც ყოველთვის უყვარდა ადამიანები (იგავნი 8:30, 31). როგორც იეჰოვას „სიტყვა“, ანუ მისი წარმომადგენელი, ის, ალბათ, მრავალჯერ დაკავშირებია მათ (იოანე 1:1). მაგრამ მან, გარკვეულწილად, იმიტომაც მიატოვა ამაღლებული ზეციერი მდგომარეობა, „დაიმცირა თავისი თავი [და] მონობის ხატით შეიმოსა“, რომ ადამიანებისთვის უფრო უშუალოდ ესწავლებინა (ფილიპელთა 2:7, სსგ; 2 კორინთელთა 8:9). დედამიწაზე ყოფნისას იესო არ მოელოდა, რომ მას მოემსახურებოდნენ. პირიქით, მან თქვა: „კაცის ძე არ მოსულა იმისათვის, რომ ემსახურონ, არამედ იმისათვის, რომ თავად მოემსახუროს და თავი შესწიროს მრავალთა გამოსასყიდად“ (მათე 20:28). მან პირნათლად შეასრულა ეს სიტყვები.

      18 იესო თავმდაბლურად ცდილობდა მათი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, ვისაც ასწავლიდა, იმით, რომ ყოველთვის მზადყოფნით ემსახურებოდა მათ. მან რამდენჯერმე ფეხით შემოიარა აღთქმული მიწა, ასობით კილომეტრი გაიარა იმისათვის, რომ, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის ექადაგა. ამაყი ფარისევლებისა და მწიგნობრებისგან განსხვავებით, ის თავმდაბალი იყო და მასთან მისვლა არავის უჭირდა. ყველანაირი ადამიანი: ჩინოსნები, ჯარისკაცები, რჯულისმცოდნეები, ქალები და ბავშვები, ღარიბები, სნეულები, თვით საზოგადოებიდან მოკვეთილებიც კი, სიხარულითა და შიშის გარეშე მიდიოდნენ მასთან. მართალია, იესო სრულყოფილი ადამიანი იყო, მაგრამ დაღლილობისა თუ შიმშილის გრძნობას ჩვეულებრივად განიცდიდა. მაშინაც კი, როცა დაღლილი იყო და დასასვენებლად ან ლოცვისთვის დროის გამოყოფა ესაჭიროებოდა, იესო სხვების მოთხოვნილებებს საკუთარზე წინ აყენებდა (მარკოზი 1:35—39).

      19. მოწაფეებისადმი თავმდაბლურად, მოთმინებითა და თბილად მოპყრობის როგორი მაგალითი მოგვცა იესომ?

      19 იესო მზად იყო, რომ თავის მოწაფეებსაც ასევე მომსახურებოდა. ამიტომ მათ სითბოთი და მოთმინებით ასწავლიდა. მაშინაც კი, როდესაც მნიშვნელოვან გაკვეთილებს ვერ იგებდნენ, იესო იმედსა და მოთმინებას არ კარგავდა და არ უჯავრდებოდა მათ. ის ცდილობდა, ცოტა სხვაგვარად მიეწოდებინა იგივე ინფორმაცია, რათა მათ ნათქვამის გაგებაში დახმარებოდა. მაგალითად, გაიხსენეთ, რა ხშირად დაობდნენ მოწაფეები ერთმანეთში იმაზე, თუ ვინ იყო მათ შორის უდიდესი. იესო კვლავ და კვლავ, თვით სიკვდილის წინა ღამესაც კი, ცდილობდა, მათთვის სხვადასხვაგვარად აეხსნა, რომ ერთმანეთთან ურთიერთობისას თავმდაბლობა გამოევლინათ. თავმდაბლობისა თუ სხვა მრავალი თვისების გამოვლენასთან დაკავშირებით იესოს სამართლიანად შეეძლო ეთქვა: „[მე] მაგალითი მოგეცით“ (იოანე 13:5—15; მათე 20:25; მარკოზი 9:34—37).

      20. ფარისევლებისგან განსხვავებით, სწავლების რა მეთოდს იყენებდა იესო და რატომ იყო ეს ეფექტური?

      20 ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ იესომ მხოლოდ კი არ უთხრა მოწაფეებს, რა მაგალითს უნდა მიჰყოლოდნენ, არამედ თავად ‘მისცა მაგალითი’. ის საკუთარი მაგალითით ასწავლიდა. იესო ზემოდან არ დაჰყურებდა მათ, არც ისე ექცეოდა, თითქოს არ ეკადრებოდა მათთვის იმის ჩვენება, რასაც ასწავლიდა. ასე ფარისევლები იქცეოდნენ. „[ისინი] ამბობენ და არ ასრულებენ“, — თქვა მათ შესახებ იესომ (მათე 23:3, სსგ). მან თავისი ცხოვრებით თავმდაბლურად აჩვენა მოწაფეებს, თუ რას ნიშნავდა მისი სწავლებების შესაბამისად ცხოვრება. ამგვარად, როდესაც თავის მიმდევრებს მოუწოდებდა, ფულსა და ქონებაზე გამოდევნებით არ გაერთულებინათ ცხოვრება, მათთვის ეს გაუგებარი არ ყოფილა. მათ შეეძლოთ იმის დანახვა, რომ სინამდვილეს შეესაბამებოდა მისი სიტყვები: „მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველთ — ბუდეები. კაცის ძეს კი არ გააჩნია, სად მიიდრიკოს თავი“ (მათე 8:20). იესო მოემსახურა თავის მოწაფეებს, რაც მათთვის თავმდაბლურად მაგალითის მიცემით გააკეთა.

      21. რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

      21 ცხადია, დედამიწაზე მცხოვრებ მასწავლებელთა შორის იესო უდიდესი იყო! ქრისტეს სიყვარული იმისადმი, რასაც ასწავლიდა და იმ ხალხისადმი, ვისაც ასწავლიდა, აშკარა ხდებოდა ყველა გულწრფელი ადამიანისთვის, ვინც ხედავდა და უსმენდა მას. დღეს ეს თვალნათელია ჩვენთვისაც, ვინც ვიკვლევთ მის მიერ დატოვებულ მაგალითს. მაშ, როგორ შეგვიძლია მივბაძოთ ქრისტეს სრულყოფილ მაგალითს? ამ კითხვაზე პასუხი მომდევნო სტატიაში იქნება განხილული.

  • ‘ყოველდღე მომყევით მე’
    საგუშაგო კოშკი — 2002 | 15 აგვისტო
    • ‘ყოველდღე მომყევით მე’

      „ამისათვის ხართ მოწოდებულნი: ქრისტეც ხომ ეტანჯა თქვენთვის და მაგალითიც დაგიტოვათ, რათა მის კვალს მიჰყვეთ“ (1 პეტრე 2:21).

      1, 2. რატომ არ არის ჩვენთვის მეტისმეტად რთული, მივბაძოთ იესოს, როგორც მასწავლებლის, სრულყოფილ მაგალითს?

      იესო ქრისტე დედამიწაზე ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული მასწავლებელი იყო. ის სრულყოფილიც იყო, მას ხომ დედამიწაზე ცხოვრების განმავლობაში არასდროს შეუცოდავს (1 პეტრე 2:22). მაგრამ ნიშნავს ეს, რომ, ჩვენ, არასრულყოფილ ადამიანებს, არ შეგვიძლია იესოს მიერ დატოვებული მაგალითის მიბაძვა? სრულებითაც არა.

      2 როგორც წინა სტატიიდან დავინახეთ, იესოს სწავლებას საფუძვლად სიყვარული ედო. სიყვარულის განვითარება კი ყოველ ჩვენგანს შეუძლია. ღვთის სიტყვა ხშირად მოგვიწოდებს, გავიზარდოთ და გავუმჯობესდეთ სხვებისადმი სიყვარულში (ფილიპელთა 1:9; კოლასელთა 3:14). იეჰოვა არასდროს მოელის თავისი ქმნილებებისგან იმას, რისი კეთებაც მათ ძალებს აღემატება. ფაქტობრივად, რადგან „ღმერთი სიყვარულია“, ჩვენ კი მის ხატად ვართ შექმნილი, შეიძლება ითქვას, რომ ღმერთმა ჩვენში სიყვარულის გამოვლენის უნარი ჩადო (1 იოანე 4:8; დაბადება 1:27). ამგვარად, როდესაც ამ სტატიის დასაწყისში წამყვან მუხლად მოყვანილ მოციქულ პეტრეს სიტყვებს ვკითხულობთ, დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ წარმატებაში. ჩვენ შეგვიძლია ფეხდაფეხ მივყვეთ ქრისტეს ნაკვალევს. ფაქტობრივად, ჩვენ შეგვიძლია დავემორჩილოთ იესოს მოწოდებას: ‘ყოველდღე მომყევით მე’ (ლუკა 9:23). მოდი განვიხილოთ, როგორ შეგვიძლია მივბაძოთ ქრისტეს სიყვარულის გამოვლენაში ჭეშმარიტებისადმი, რომელსაც ის ასწავლიდა, და ადამიანებისადმი, ვისაც ის ასწავლიდა.

      განვივითაროთ სიყვარული ჭეშმარიტებისადმი, რომელსაც ვსწავლობთ

      3. რატომ უჭირს ზოგს სწავლა, მაგრამ რა დარიგებაა მოცემული იგავნის 2:1—5–ში?

      3 თუ გვინდა, რომ დაინტერესებულმა სიყვარული განივითაროს ჭეშმარიტებისადმი, რომელსაც ვასწავლით, პირველ რიგში თავად უნდა გვიყვარდეს მისი სწავლა. ჩვენს დროში, ასეთი სიყვარულის განვითარება ყოველთვის იოლი როდია. ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა განათლების დაბალი დონე და მოზარდობის პერიოდში ჩამოყალიბებული ცუდი ჩვევები, მრავალს სწავლის სურვილი დაუკარგა. მიუხედავად ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, ვისწავლოთ იეჰოვასგან. იგავნის 2:1—5–ში ნათქვამია: „შვილო, რომ მიიღებდე ჩემს სიტყვებს და ჩემს მცნებებს დაიცავდე, ყური რომ გქონდეს სიბრძნისაკენ მიპყრობილი და გული გონიერებისკენ გეწეოდეს, რომ მოუწოდებდე ჭკუას და გონებას გააღვიძებდე. რომ ვერცხლივით მისი შოვნის წადილი გქონდეს და განძივით დაუწყებდე ძებნას. მაშინ შეიგნებ უფლის შიშს და მოიპოვებ ღვთისშემეცნებას“.

      4. რა ნიშნავს გამოთქმა „გული გეწეოდეს“ და როგორი დამოკიდებულება დაგვეხმარება ასე მოქცევაში?

      4 ყურადღება მიაქციეთ, რომ პირველ ოთხ მუხლში კვლავ და კვლავ გაისმის მოწოდება, რომ მთელი ძალით ვეცადოთ, არა მარტო ‘მივიღოთ’ და ‘დავიცვათ’ ჭეშმარიტება, არამედ ‘მისი შოვნის წადილი გვქონდეს’ და ‘დავუწყოთ ძებნა’. მაგრამ რა გვაძლევს ყოველივე ამის კეთების სტიმულს? მოდი ყურადღება მივაქციოთ ფრაზას „გული გონიერებისკენ გეწეოდეს“. ერთ ცნობარში ნათქვამია, რომ ეს დარიგება „არ არის მხოლოდ ყურადღებიანობის გამოვლენისკენ მოწოდება; ეს არის მოთხოვნა, რომ ადამიანმა გარკვეული გონება–განწყობილება შეინარჩუნოს ანუ მზად იყოს ცოდნის შესაძენად“. რა განგვივითარებს იეჰოვასგან სწავლის სურვილს? ამ საკითხისადმი ჩვენი დამოკიდებულება. „ღვთის შემეცნება“ ჩვენთვის „ვერცხლივით“ და „განძივით“ უნდა ფასობდეს.

      5, 6. ა) რა შეიძლება მოხდეს დროთა განმავლობაში და როგორ შეგვიძლია ამის თავიდან არიდება? ბ) რატომ უნდა გავიმდიდროთ ბიბლიიდან მიღებული შემეცნების საგანძური?

      5 ასეთი თვალსაზრისის განვითარება რთული როდია. მაგალითად, „ღვთის შემეცნებაში“, რომელიც მიიღე, ისიც შედის, რომ იეჰოვას განზრახული აქვს, ერთგულმა ადამიანებმა მარადიულად იცხოვრონ სამოთხედ ქცეულ დედამიწაზე (ფსალმუნი 36:28, 29). როდესაც პირველად გაიგეთ ჭეშმარიტება ამის შესახებ, უეჭველია, ეს ცოდნა თქვენთვის ნამდვილი განძივით იყო, რომელმაც იმედითა და სიხარულით აგივსოთ გული. ახლა როგორღა უყურებთ ამ განძს? დროთა განმავლობაში ხომ არ დაუკარგავს მას თავისი ბრწინვალება? თუ დიახ, მაშინ ორი რამის გაკეთება მოგიწევთ. პირველი, კვლავ გააღვივეთ მადლიერების გრძნობა; რეგულარულად იფიქრეთ იმაზე, თუ რატომ უნდა დააფასოთ იეჰოვასგან ნასწავლი ჭეშმარიტება, თუნდაც მრავალი წლის წინათ ნასწავლი.

      6 მეორე, განუწყვეტლივ შეჰმატეთ რამე თქვენს საგანძურს. დავუშვათ, რომ მიწის თხრისას ძვირფას ქვას მიაგენით; განა დასჯერდებით ამას, ჯიბეში ჩაიდებთ ქვას და კმაყოფილი წახვალთ სახლში? თუ განაგრძობთ თხრას უფრო მეტის პოვნის იმედით? ღვთის სიტყვა სავსეა ძვირფასი ჭეშმარიტებით, რომელიც ძვირფას ქვებსა თუ თვითნაბად ვერცხლს შეიძლება შევადაროთ. იმისდა მიუხედავად, უკვე რამდენი ასეთი ქვა გაქვთ ნაპოვნი, უფრო მეტის პოვნა შეგიძლიათ (რომაელთა 11:33). როდესაც კიდევ ერთ ძვირფას ქვას აღმოაჩენთ, ჰკითხეთ საკუთარ თავს: რით არის ეს ქვა ძვირფასი? მეხმარება ის, რომ უკეთ ჩავწვდე იეჰოვას პიროვნებასა თუ მის განზრახვას? მაძლევს რაიმე პრაქტიკულ რჩევას, რაც იესოს კვალდაკვალ მიყოლაში დამეხმარება? ასეთ კითხვებზე დაფიქრება იეჰოვასგან ნასწავლი ჭეშმარიტებისადმი სიყვარულის განვითარებაში დაგეხმარებათ.

      გამოვავლინოთ სიყვარული ჭეშმარიტებისადმი, რომელსაც ვასწავლით

      7, 8. როგორ შეგვიძლია ვაჩვენოთ სხვებს, რომ გვიყვარს ბიბლიიდან ნასწავლი ჭეშმარიტება? მოიყვანეთ მაგალითი.

      7 როგორ გამოვავლინოთ ღვთის სიტყვიდან ნასწავლი ჭეშმარიტებისადმი სიყვარული, როდესაც სხვებს ვასწავლით? იესოს მაგალითის მიბაძვით, ქადაგებისა და სწავლებისას ძირითადად ბიბლიის გამოყენებით. ამ ბოლო წლებში მთელ მსოფლიოში ღვთის ხალხს მოუწოდებენ, რომ ბიბლია უფრო მეტად გამოიყენონ მსახურებაში. თუ ამ რჩევას იყენებთ, ეცადეთ მობინადრეს დაანახვოთ, რომ თავადვე აფასებთ იმას, რასაც ბიბლიიდან უკითხავთ (მათე 13:52).

      8 მაგალითად, გასულ წელს ნიუ–იორკში მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ, ერთი ქრისტიანი და ხალხს, რომელსაც მსახურების დროს ხვდებოდა, ფსალმუნის 45:2, 12–ს უკითხავდა. თავდაპირველად, ის ეკითხებოდა მათ, თუ როგორ გაუმკლავდნენ ამ ტრაგედიის შედეგებს. შემდეგ ყურადღებით ისმენდა მათ პასუხებს და ეუბნებოდა: „მინდა წაგიკითხოთ ორი ბიბლიური მუხლი, რომლებიც პირადად მე ძალიან დამეხმარა ამ რთულ პერიოდში“. უმეტესობამ მოუსმინა მას, მრავალთან კი შესანიშნავი საუბარიც შედგა. ახალგაზრდებთან საუბრისას ეს და ხშირად ამბობს: „აგერ უკვე 50 წელია, რაც ბიბლიას ვასწავლი და, თქვენ წარმოიდგინეთ, ჯერ არ შემხვედრია პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც ეს წიგნი არ დამხმარებოდა“. თუ გულწრფელად და ენთუზიაზმით ვესაუბრებით ადამიანებს, ცხადვყოფთ, რომ ვაფასებთ ღვთის სიტყვიდან ნასწავლს და გვიყვარს ის (ფსალმუნი 118:97, 105).

      9, 10. რატომ არის მნიშვნელოვანი ბიბლიის გამოყენება, როდესაც მრწამსთან დაკავშირებულ კითხვებზე ვცემთ პასუხს?

      9 ღვთის სიტყვისადმი სიყვარულის გამოვლენის კარგი საშუალება მაშინ გვეძლევა, როდესაც ჩვენი მრწამსის შესახებ გვეკითხებიან. თუ იესოს მაგალითს ვბაძავთ, ჩვენს პასუხებს საკუთარ იდეებზე არ დავაფუძნებთ (იგავნი 3:5, 6). ნაცვლად ამისა, პასუხებს ბიბლიის საშუალებით გავცემთ. ხომ არ შიშობთ, რომ შეიძლება ისეთი კითხვა დაგისვან, რომელსაც პასუხს ვერ გასცემთ? განვიხილოთ, რომელი ორი პრაქტიკული ნაბიჯის გადადგმა შეგიძლიათ ამასთან დაკავშირებით.

      10 შეძლებისდაგვარად კარგად მოემზადეთ. მოციქული პეტრე წერდა: „წმიდაჰყავით ქრისტე, როგორც უფალი, თქვენს გულებში და მუდამ მზად იყავით, რომ სიმშვიდით და მოწიწებით უპასუხოთ ყველას, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა–განმარტებას მოგთხოვთ“ (1 პეტრე 3:15). მზად ხართ თქვენი მრწამსის დასაცავად? მაგალითად, როდესაც ვინმე გეკითხებათ, თუ რატომ არ იღებთ მონაწილეობას რომელიმე არაბიბლიურ დღესასწაულსა თუ წეს-ჩვეულებაში, მხოლოდ იმის თქმას ნუ დასჯერდებით: „ეს ჩემს რელიგიას ეწინააღმდეგება“. ასეთი პასუხი ადამიანებს აფიქრებინებს, რომ ეს მხოლოდ თქვენი აზრია და რომელიღაც სექტას მიეკუთვნებით. უმჯობესი იქნებოდა, თუ ეტყოდით: „ღვთის სიტყვა, ბიბლია, კრძალავს ამას“ ან „ამით გულს ვატკენ ღმერთს“ და შემდეგ კი სათანადოდ აუხსნიდით ამ საკითხს (რომაელთა 12:1).

      11. რა დაგვეხმარება, ვუპასუხოთ იმ კითხვებს, რომლებიც ღვთის სიტყვაში ჩაწერილი ჭეშმარიტების შესახებ წამოიჭრება?

      11 თუ ფიქრობთ, რომ კარგად არ ხართ მომზადებული, კარგი იქნებოდა, გამოგეკვლიათ ბროშურა „თემები ბიბლიური საუბრებისათვის“ ან წიგნი „მსჯელობა წერილების საფუძველზე“a, თუ ის ხელმისაწვდომია თქვენს ენაზე. შეარჩიეთ რამდენიმე საკითხი, რომლებიც შესაძლებელია სხვასთან საუბრისას დაგჭირდეთ და შეეცადეთ, დაიმახსოვროთ მასთან დაკავშირებული ბიბლიური მუხლები. ყოველთვის თან გქონდეთ ბროშურა „თემები ბიბლიური საუბრებისთვის“ და ბიბლია. თავისუფლად გამოიყენეთ ორივე; შეგიძლიათ თქვათ, რომ ბიბლიურ კითხვებზე პასუხის მოსაძებნად ამ დამხმარე საშუალების გამოყენება გსურთ.

      12. რა შეგვიძლია ვთქვათ, როდესაც არ ვიცით, რა ვუპასუხოთ ბიბლიურ შეკითხვაზე?

      12 მეტისმეტად ნუ ინერვიულებთ. არც ერთ არასრულყოფილ ადამიანს არ შეუძლია ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა. ამგვარად, როდესაც ვერ პასუხობთ ბიბლიურ შეკითხვას, ყოველთვის შეგიძლიათ თქვათ: „დიდი მადლობა, რომ ასეთი საინტერესო შეკითხვა დამისვით. სიმართლე გითხრათ, ახლა ვერ გიპასუხებთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ბიბლიაში აუცილებლად იქნება ამის პასუხი. მიყვარს ბიბლიის კვლევა, ამიტომ უფრო ღრმად გამოვიკვლევ თქვენს შეკითხვას და მომდევნო შეხვედრისას გიპასუხებთ“. ასეთი გულწრფელი და თავმდაბლური პასუხი მომავალი შეხვედრისთვის კარგ საფუძველს მოამზადებს (იგავნი 11:2, „ბიბლია“, 2001).

      სიყვარული გამოვავლინოთ მათდამი, ვისაც ვასწავლით

      13. რატომ არ უნდა დავკარგოთ იმედი მათთან დაკავშირებით, ვისაც ვუქადაგებთ?

      13 იესო სიყვარულს ავლენდა მათდამი, ვისაც ასწავლიდა. როგორ შეგვიძლია მას მივბაძოთ? იმით, რომ არასოდეს გავხდეთ ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანებისადმი გულგრილნი. ფაქტია, „ყოვლისმპყრობელი ღვთის დიდი დღე“, როდესაც მილიარდობით ადამიანი განადგურდება, ძალიან ახლოსაა (გამოცხადება 16:14; იერემია 25:33). მაგრამ ჩვენ არ ვიცით, ვინ გადარჩება და ვინ — არა. ამას მომავალი გვიჩვენებს, როცა განაჩენს გამოიტანს იესო ქრისტე, რომელსაც იეჰოვამ გადასცა სამსჯავრო. სანამ ეს მოხდება, თითოეულ ადამიანს ისე უნდა ვუყუროთ, როგორც იეჰოვას მომავალ მსახურს (მათე 19:24—26; 25:31—33; საქმეები 17:31).

      14. ა) როგორ შეგვიძლია გავერკვეთ საკუთარ თავში, ვართ თუ არა სხვების მიმართ თანამგრძნობი? ბ) როგორ შეგვიძლია პრაქტიკულად გამოვავლინოთ სხვებისადმი თანაგრძნობა და ყურადღება?

      14 ასე რომ, იესოს მსგავსად, ვცდილობთ, თანავუგრძნოთ ხალხს. შეგვიძლია ვკითხოთ საკუთარ თავს: შემტკივა გული მათზე, ვინც მოატყუა და შეცდომაში შეიყვანა წუთისოფლის რელიგიურმა, პოლიტიკურმა თუ კომერციულმა სამყარომ? თუ ისინი გულგრილნი არიან იმ ცნობისადმი, რომელსაც გადავცემთ, ვცდილობ იმის გარკვევას, თუ რატომ? ვაღიარებ თუ არა, რომ ერთ დროს მეც და სხვებიც, რომლებიც ამჟამად იეჰოვას ერთგულად ემსახურებიან, იმავე მდგომარეობაში ვიყავით? ვცდილობ, ყველას თავისი გასაღები მოვუძებნო? თუ, ასეთ ადამიანებზე ხელი მაქვს ჩაქნეული? (გამოცხადება 12:9). როდესაც ხალხი ჩვენს გულწრფელ თანაგრძნობას ხედავს, უკეთესად ეხმაურება ჩვენს ცნობას (1 პეტრე 3:8). თანაგრძნობა აღგვძრავს, მეტი ყურადღებით მოვეპყროთ მათ, რომლებსაც მსახურების დროს ვხვდებით. ამიტომ შეგვიძლია მოკლედ ჩავიწეროთ, რა გვკითხეს ან რა აწუხებთ. ამგვარად, განმეორებითი მონახულებისას ვაჩვენებთ, რომ ვიფიქრეთ იმაზე, რაც წინა შეხვედრის დროს გვითხრეს. საჭიროების შემთხვევაში, შეგვიძლია პრაქტიკული დახმარებაც შევთავაზოთ.

      15. რატომ უნდა ვეძებოთ ადამიანებში კარგი თვისებები და როგორ შეგვიძლია ამის კეთება?

      15 იესოს მსგავსად, ჩვენც კარგ თვისებებს ვეძებთ ადამიანებში. შესაძლოა, მარტოხელა მშობელი დიდ ძალისხმევას ახმარს შვილების აღზრდას. ოჯახის თავი ძალ–ღონეს არ იშურებს თავისი სახლეულის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ასაკოვანი ადამიანი სულიერი საკითხებისადმი ინტერესს ავლენს. ვამჩნევთ თუ არა ყოველივე ამას იმ ადამიანებში, რომლებსაც ვხვდებით, და ვაქებთ მათ ამისათვის? ამგვარად მოქმედებით შევძლებთ ხალხთან საერთო ენის გამონახვას, რაც მათთან სამეფოს შესახებ საუბრის საშუალებას მოგვცემს (საქმეები 26:2, 3).

      სიყვარულის გამოვლენისას მნიშვნელოვანია თავმდაბლობა

      16. რატომ არის მნიშვნელოვანი სიმშვიდისა და მოკრძალების გამოვლენა მათდამი, ვისაც ვუქადაგებთ?

      16 მათდამი სიყვარული, ვისაც ვასწავლით, აღგვძრავს, ყურად ვიღოთ ბრძნული ბიბლიური რჩევა: „ცოდნა აამპარტავნებს, სიყვარული კი აშენებს“ (1 კორინთელთა 8:1). იესო უდიდეს ცოდნას ფლობდა, მაგრამ ამაყი არასდროს ყოფილა. როდესაც თქვენი მრწამსის შესახებ საუბრობთ, მოერიდეთ კამათის სულს და ქედმაღლობას. ჩვენი მიზანი ხომ ისაა, რომ შევეხოთ ადამიანის გულს და მივიზიდოთ ჭეშმარიტებისკენ, რომელიც ძალიან გვიყვარს (კოლასელთა 4:6). გახსოვდეთ, როდესაც პეტრე ქრისტიანებს ურჩევდა, მზად ყოფილიყვნენ რწმენის დასაცავად, ისიც დასძინა, რომ ეს „სიმშვიდით და მოწიწებით“ უნდა ეკეთებინათ (1 პეტრე 3:15). თუ მშვიდი და მოკრაძალებული ვართ, უკეთ მივიზიდავთ ადამიანებს ჩვენი ღმერთისკენ, რომელსაც თავად ვემსახურებით.

      17, 18. ა) როგორ უნდა გამოვეხმაუროთ იმ კრიტიკულ შენიშვნებს, რომლებსაც მსახურებად ჩვენს ვარგისიანობასთან დაკავშირებით გამოთქვამენ ხოლმე? ბ) რატომ არ არის ბიბლიის შემსწავლელებისთვის აუცილებელი ძველი ენების ცოდნა?

      17 სრულებითაც არ არის საჭირო, რომ ადამიანებზე ჩვენი ცოდნით ან განათლებით მოვახდინოთ შთაბეჭდილება. გულს ნუ გაიტეხთ, თუ თქვენს ტერიტორიაზე ხვდებით ისეთებს, რომლებიც მხოლოდ იმათ უსმენენ, რომელთაც უმაღლესი განათლება აქვთ. იესო სულაც არ აქცევდა ყურადღებას, როცა ვინმე უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ მას იმდროინდელ რაბინთა ცნობილ სკოლებში არ უსწავლია. არც ამის შესახებ ფართოდ გავრცელებულ აზრს იზიარებდა და არ ცდილობდა, ადამიანებზე შთაბეჭდილება თავისი უსაზღვრო ცოდნით მოეხდინა (იოანე 7:15).

      18 ქრისტიანი მსახურებისთვის თავმდაბლობა და სიყვარული ნებისმიერი სახის განათლებაზე უფრო მნიშვნელოვანია. ჩვენ ხომ დიდებული მოძღვარი, იეჰოვა, გვამზადებს მსახურებად (2 კორინთელთა 3:5, 6). მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობს ქრისტიანული სამყაროს ზოგიერთი სასულიერო პირი, ღვთის სიტყვის მასწავლებლები რომ გავხდეთ, არ გვჭირდება იმ ძველი ენების სწავლა, რომლებზეც ბიბლია დაიწერა. იეჰოვამ იზრუნა იმაზე, რომ მისი შთაგონებით ბიბლია ისეთი ნათელი და კონკრეტული სიტყვებით დაწერილიყო, რომ, ფაქტობრივად, ყველას დაენახა მასში ჩადებული ძვირფასი ჭეშმარიტება. თუმცა ღვთის სიტყვა ასობით ენაზე ითარგმნა, ეს ჭეშმარიტება უცვლელად შენარჩუნდა. ამგვარად, ძველი ენების ცოდნა, შესაძლოა, ზოგჯერ სასარგებლოც კი იყოს, მაგრამ აუცილებელი არაა. გარდა ამისა, ენების ცოდნამ შეიძლება სიამაყე განუვითაროს ადამიანს და ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის აუცილებელი თვისება — სწავლისთვის მზადყოფნა — დააკარგვინოს (1 ტიმოთე 6:4).

      19. რა გაგებით არის ჩვენი ქრისტიანული მოღვაწეობა თავმდაბლური მსახურება?

      19 უდავოა, რომ ჩვენი ქრისტიანული მსახურება თავმდაბლობას მოითხოვს. ჩვენ მუდმივად ვაწყდებით წინააღმდეგობებს, გულგრილობას და დევნასაც კი (იოანე 15:20). მაგრამ ჩვენი მსახურების ერთგულად შესრულებით, მნიშვნელოვან საქმეში შეგვაქვს წვლილი. თუ ამ საქმეში ვმონაწილეობთ და თავმდაბლურად ვემსახურებით სხვებს, ამით იესო ქრისტეს ვბაძავთ ხალხისადმი სიყვარულის გამოვლენაში. დაფიქრდით: განა არ ღირს ერთი ცხვრისმაგვარი პიროვნების მოსაძებნად თუნდაც ათასობით გულგრილ ან მოწინააღმდეგე ადამიანთან მოგვიწიოს საუბარი? რა თქმა უნდა! ამიტომ, ჩვენი საქმის შესრულებისას, ნურასდროს ჩამოვყრით ხელებს; ერთგულად მოვემსახუროთ ცხვრისმაგვარ ადამიანებს, რომლებსაც მომავალში შევხვდებით. იეჰოვა და იესო გვარწმუნებენ, რომ აღსასრულამდე კიდევ მრავალ ასეთ ძვირფას ადამიანს შევხვდებით და დავეხმარებით (ანგია 2:7).

      20. როგორ შეგვიძლია საკუთარი მაგალითით ვასწავლოთ სხვებს?

      20 როდესაც საკუთარი მაგალითით ვასწავლით, ამით კიდევ ერთხელ ცხადვყოფთ, რომ მზად ვართ სხვებს ვემსახუროთ. მაგალითად, გვსურს ხალხს ვასწავლოთ, რომ „ბედნიერი ღმერთის“ იეჰოვასადმი მსახურება ცხოვრებაში საუკეთესო არჩევანი და უდიდესი კმაყოფილების მომტანია (1 ტიმოთე 1:11, აქ). ხედავენ სხვები ჩვენი ქცევებით, მეზობლებთან, თანაკლასელებთან თუ თანამშრომლებთან დამოკიდებულებით, რომ ბედნიერნი და კმაყოფილნი ვართ? აგრეთვე ბიბლიის შემსწავლელებს ვასწავლით, რომ ქრისტიანული კრება ნამდვილი თავშესაფარია ამ გულგრილ და სასტიკ წუთისოფელში. ხედავენ ისინი, რომ კრებაში ყველა გვიყვარს და ყველაფერს ვაკეთებთ ერთმანეთთან მშვიდობის შესანარჩუნებლად? (1 პეტრე 4:8).

      21, 22. ა) რა შეიძლება აღმოგვეჩინა, თუ მსახურებასთან დაკავშირებით შევამოწმებდით საკუთარ თავს? ბ) რა იქნება განხილული „საგუშაგო კოშკის“ მომდევნო ნომრის სტატიებში?

      21 მსახურებისთვის მზადყოფნა დროდადრო საკუთარი თავის გადამოწმებისკენ აღგვძრავს. მრავალმა, ვინც გულახდილად შეამოწმა საკუთარი თავი, დაინახა, რომ შეუძლია სრული დროით მსახურების დაწყება ან იმ ტერიტორიაზე გადასვლა, სადაც მაუწყებლებზე მეტი მოთხოვნილებაა და ამგვარად მსახურების გაფართოება. ზოგმა უცხო ენების შესწავლა გადაწყვიტა, რათა მათ ტერიტორიაზე იმიგრანტთა მზარდ დასახლებებში იმსახუროს. თუ თქვენც შეგიძლიათ ამგვარად მსახურება, გულდასმით და ლოცვით აწონ–დაწონეთ ეს საკითხი. მსახურებას დიდი სიხარული, კმაყოფილება და სულის სიმშვიდე მოაქვს (ეკლესიასტე 5:11).

      22 მოდი ყველანაირად ვეცადოთ, კვლავაც მივბაძოთ იესო ქრისტეს და სიყვარული განვივითაროთ ჭეშმარიტებისადმი, რასაც ვასწავლით, და იმ ადამიანებისადმი, ვისაც ვასწავლით. ამ ორ სფეროში სიყვარულის განვითარება და გამოვლენა კარგ საფუძველს ჩაუყრის იმას, რომ ქრისტეს მსგავსი მასწავლებლები ვიყოთ. მაგრამ როგორ შეგვიძლია ამ საფუძველზე ვაშენოთ? „საგუშაგო კოშკის“ მომდევნო ნომრის სტატიათა სერიაში განხილული იქნება, თუ რა განსაკუთრებულ მეთოდებს იყენებდა იესო სწავლებისას.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება