შეძლებს ოდესმე ყველა ერთმანეთის სიყვარულს?
ერთმა რჯულის მცოდნემ აღნიშნა, რომ ‘საუკუნო სიცოცხლის’ მისაღებად მთელი გულით უნდა გვიყვარდეს ღმერთი და საკუთარი თავივით — მოყვასი. იესომ შეაქო ეს რჯულის მცოდნე და უთხრა: „სწორად მიპასუხე. ეგრე მოიქეცი და იცოცხლებ“ (ლუკა 10:25–28; ლევიანნი 19:18; მეორე რჯული 6:5). მაგრამ ამ რჯულის მცოდნეს თავისი სამართლიანობის დანახვება უნდოდა, ამიტომ ჰკითხა: „ვინ არის ჩემი მოყვასი?“
ეჭვგარეშეა, ეს კაცი მოელოდა, რომ იესო უპასუხებდა: „იუდეველები“. მაგრამ იესომ მოუყვა იგავი გულმოწყალე სამარიელის შესახებ, საიდანაც ჩანს, რომ სხვა ეროვნების წარმომადგენელიც ჩვენი მოყვასია (ლუკა 10:29–37; იოანე 4:7–9). მსახურებისას იესო ხაზს უსვამდა, რომ ღვთისა და მოყვასის სიყვარული ჩვენი შემოქმედის ყველაზე მნიშვნელოვანი მცნებებია (მათე 22:34–40).
და მაინც, არის ვინმე, ვისაც ნამდვილად უყვარს მოყვასი? შეუძლებელია, რომ ყველას უყვარდეს ერთმანეთი?
პირველი საუკუნის სასწაული
იესომ თავის მიმდევრებს უთხრა, რომ მათ იცნობდნენ სიყვარულით, რომელმაც არ იცის რასობრივი, ეროვნული და სხვა ბარიერები. მან თქვა: „ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ: გიყვარდეთ ერთმანეთი; როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი“. შემდეგ დაამატა: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ ყველანი, თუ სიყვარული გექნებათ ურთიერთს შორის“ (იოანე 13:34, 35; 15:12, 13).
სიყვარულის შესახებ იესოს სწავლებებმა, რომლებსაც საკუთარ მაგალითზე უჩვენებდა, პირველ საუკუნეში სასწაული მოახდინა. მისი მიმდევრები თავიანთ მასწავლებელს ბაძავდნენ და მათი სიყვარული დიდ ყურადღებას იპყრობდა და აღტაცებას იწვევდა. ტერტულიანე, ახ. წ. II—III საუკუნეების მწერალი, ციტირებდა არაქრისტიანების სიტყვებს, რომლებითაც ისინი იესოს მიმდევრებს აქებენ: „ნახეთ, როგორ უყვართ ერთმანეთი; მზად არიან დაიხოცონ კიდეც ერთმანეთისთვის“.
დიახ, მოციქულმა იოანემ დაწერა: „ჩვენც უნდა გავწიროთ სულები ძმათათვის“ (1 იოანე 3:16). იესო მტრის სიყვარულსაც კი ასწავლიდა თავის მიმდევრებს (მათე 5:43–45). რა შედეგი მოაქვს, როდესაც ადამიანებს ნამდვილად უყვართ ერთმანეთი, როგორც ამას იესო ასწავლიდა?
პოლიტოლოგიის ერთ-ერთი პროფესორი, როგორც ჩანს, ფიქრობდა ამ საკითხზე. ამიტომ, ერთ-ერთი გაზეთის (The Christian Century) თანახმად, მან იკითხა: „შეუძლია ვინმეს წარმოიდგინოს, თითქოს იესო მტერს ხელყუმბარას ესვრის, ცეცხლსატყორცნს იყენებს, ბირთვულ ბომბებს ყრის ან საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტებს უშვებს, რითაც ათასობით დედასა და ბავშვს დახოცავდა ან დაასახიჩრებდა?“
პროფესორი პასუხობს: „ეს კითხვა იმდენად აბსურდულია, რომ პასუხს არც კი იმსახურებს“. ასე რომ, მან შემდეგი კითხვა დასვა: „თუ იესო ამას არ გააკეთებდა და ეს მის თვისებებს ეწინააღმდეგება, როგორ შეგვიძლია ვაკეთოთ ასეთი რამ და ვიყოთ მისი ერთგულები?“ ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ იესოს ადრინდელ მიმდევრებს ნეიტრალური პოზიცია ეკავათ, რასაც კარგად ასაბუთებს ბევრი ისტორიული წიგნი. განვიხილოთ ამის ორი მაგალითი.
ნ. პლეტისა და მ. ჯ. დრამონდის წიგნში (Our World Through the Ages) ნათქვამია: „ქრისტიანები რომაელებისგან ძალიან განსხვავდებოდნენ. . . ისინი უარს ამბობდნენ ჯარისკაცობაზე, რადგან ქრისტე მშვიდობას ქადაგებდა“. ედუარდ გიბონის წიგნში კი აღნიშნულია: „[ადრინდელი ქრისტიანები] უარს ამბობდნენ სახელმწიფო ადმინისტრაციაში ყოფნასა და იმპერიის დაცვის მიზნით საომარ მოქმედებაში მონაწილეობაზე. . . შეუძლებელი იყო, ქრისტიანი უფრო წმინდა მოვალეობაზე უარის თქმის გარეშე გამხდარიყო ჯარისკაცი“ (The Decline and Fall of the Roman Empire).
რა შეიძლება ითქვას დღევანდელობაზე?
აქვს ვინმეს დღეს ისეთი სიყვარული, როგორიც ქრისტეს ჰქონდა? ერთ ენციკლოპედიაში ნათქვამია: „იეჰოვას მოწმეები აღადგენენ და ხელახლა აფუძნებენ ადრინდელ, იესოსა და მისი მოწაფეების დროინდელ, ქრისტიანობას. . . ისინი ყველანი ძმები არიან“ (Encyclopedia Canadiana).
რას ნიშნავს ეს? იმას, რომ იეჰოვას მოწმეებს — რასის, ეროვნებისა და ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად — უყვართ მოყვასი; და არავის მოკლავენ, იმიტომ რომ, როგორც ბიბლიაშია ნაწინასწარმეტყველები ღვთის ჭეშმარიტ მსახურებზე, ასე ვთქვათ, მახვილებისგან სახნისები გამოჭედეს და შუბებისგა — ნამგლები (ესაია 2:4).
გასაკვირი არ არის, რომ კალიფორნიის ერთი გაზეთის სარედაქციო სტატიაში ნათქვამი იყო: „მთელ მსოფლიოს იეჰოვას მოწმეების შეხედულებებით რომ ეცხოვრა, შეწყდებოდა სისხლისღვრა, სიძულვილი და ყველგან სიყვარული იმეფებდა“ (Sacramento Union).
უნგრული ჟურნალის ავტორი აღნიშნავს: „იმ დასკვნამდე მივედი, რომ, თუ დედამიწაზე მხოლოდ იეჰოვას მოწმეები იქნებოდნენ, ბოლო მოეღებოდა ომებს და პოლიციელების მოვალეობა მხოლოდ საგზაო მოძრაობის წესების დაცვა და პასპორტების გაცემა იქნებოდა“ (Ring).
ერთი რომაელი კათოლიკე მონაზონი იტალიურ საეკლესიო ჟურნალში მოწმეების შესახებ აღტაცებული წერდა: „ისინი არ მონაწილეობენ ძალადობაში და წინააღმდეგობის გაწევის გარეშე იტანენ რწმენის გამო მათთვის მიყენებულ მრავალ ტანჯვას. . . როგორი განსხვავებული იქნებოდა წუთისოფელი, ერთ დილას იეჰოვას მოწმეების მსგავსად ყველას რომ მტკიცედ გადაგვეწყვიტა — არავითარ შემთხვევაში აღარ აგვეღო ხელში იარაღი“ (Andare alle genti).
იეჰოვას მოწმეები ცნობილი არიან იმით, რომ მზად არიან დაეხმარონ მოყვასს (გალატელთა 6:10). ერთმა ლატვიელმა ქალმა თავის წიგნში (Women in Soviet Prisons) დაწერა, რომ 60-იან წლებში პოტმის საკატორღო ბანაკში ყოფნისას ძალიან ავად გახდა. „მთელი ჩემი ავადმყოფობისას [იეჰოვას მოწმეები] გულითადი მედდები იყვნენ. უკეთეს დახმარებას ვერც ვისურვებდი, მით უმეტეს ბანაკის პირობებში“. მან დაამატა: „იეჰოვას მოწმეები თავიანთ მოვალეობად თვლიან, დაეხმარონ ყველას, მიუხედავად რელიგიისა და ეროვნებისა“.
ახლახან ჩეხიის რესპუბლიკის საზოგადოებრივი პრესა აღნიშნავდა იეჰოვას მოწმეების ასეთ საქმეებს საკონცენტრაციო ბანაკებში. ერთ გაზეთში (Severočeský deník), რომელშიც საუბარი იყო ბრნოში გადაღებული დოკუმენტური ფილმის (The Lost Home) შესახებ, ნათქვამი იყო: «აღსანიშნავია, რომ ეს სანდო თანამედროვეებიც კი [გადარჩენილი ჩეხი და სლოვაკი იუდეველები] დიდი აღტაცებით ადასტურებენ იეჰოვას მოწმე პატიმრებისგან მხარდაჭერას. „ისინი ძალიან მამაცები იყვნენ, ყოველთვის გვეხმარებოდნენ იმით, რითაც შეეძლოთ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება დაესაჯათ. ისინი ლოცულობდნენ ჩვენზე, როგორც თავიანთი ოჯახის წევრებზე; გვამხნევებდნენ, რომ გაგვეძლო“ ».
რა შეიძლება ითქვას ჩვენი მოძულის სიყვარულზე? არის ასეთი რამ შესაძლებელი?
სიყვარული იმარჯვებს სიძულვილზე
იესოს სწავლება მტრისადმი სიყვარულის შესახებ შეესაბამება ერთ ბიბლიურ იგავს: „თუ შენი მტერი მშიერია, პური აჭამე; თუ სწყურია, წყალი ასვი“ (იგავნი 25:21; მათე 5:44). ერთ დროს მტრებად მიჩნეული ადამიანების მიერ სიყვარულით აღსავსე ყურადღების გამოვლენის დადებით შედეგებზე შავკანიანმა ქალმა, რომელიც ახლახან გახდა იეჰოვას მოწმე, თქვა: „ზოგჯერ გული სითბოთი მევსება და ცრემლებს ვეღარ ვიკავებ, როდესაც გულწრფელ სიყვარულს ვგრძნობ იეჰოვას თეთრკანიან მოწმეებისგან, რომელთაც ცოტა ხნის წინ უყოყმანოდ დავხოცავდი, რომ მხარი დამეჭირა რევოლუციისთვის“.
იეჰოვას ფრანგი მოწმე იხსენებს, თუ როგორ დააბეზღა მეზობელმა დედამისი გესტაპოში მეორე მსოფლიო ომის დროს. „ამის გამო დედამ ორი წელი გერმანულ საკონცენტრაციო ბანაკში გაატარა, სადაც ლამის იყო მოკვდა, — ამბობს ის. — ომის შემდეგ საფრანგეთის პოლიციას სურდა, რომ დედას ხელი მოეწერა ფურცელზე, რომელშიც იმ მეზობელს ბრალს სდებდნენ სამშობლოს მოღალატეობაში. დედამ უარი თქვა“. მოგვიანებით ამ მეზობელს ავთვისებიანი სიმსივნე განუვითარდა. ფრანგი მოწმე ამბობს: „დედა დიდ დროს უთმობდა იმას, რომ სიცოცხლის ბოლო თვეები რაც შეიძლება მეტად შეემსუბუქებინა ამ ქალისთვის. ვერასოდეს დავივიწყებ სიძულვილზე სიყვარულის ამ გამარჯვებას“.
ეჭვგარეშეა, ადამიანებს შეუძლიათ ისწავლონ ერთმანეთის სიყვარული. ყოფილი მტრები — ტუტსი და ხუტუ, ებრაელები და არაბები, სომხები და თურქები, იაპონელები და ამერიკელები, გერმანელები და რუსები, პროტესტანტები და კათოლიკეები — ყველა ბიბლიურმა ჭეშმარიტებამ გააერთიანა!
რადგანაც მილიონებს, რომლებიც ადრე სიძულვილს გრძნობდნენ, ახლა უყვართ ერთმანეთი, უეჭველია, რომ ყველას შეუძლია ამის გაკეთება. მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ უზარმაზარი მსოფლიო ცვლილება იქნება საჭირო, რომ ყველას უყვარდეს ერთმანეთი. როგორაა შესაძლებელი ასეთი ცვლილება?
[სურათები 7 გვერდზე]
თეთრ- და შავკანიანი სამხრეთ აფრიკაში
ებრაელი და არაბი
ხუტუ და ტუტსი
იეჰოვას მოწმეებმა, ასე ვთქვათ, მახვილებისგან სახნისები გამოჭედეს.