-
ქრისტიანები თაყვანს სცემენ ღმერთს სულითა და ჭეშმარიტებითსაგუშაგო კოშკი — 2002 | 15 ივლისი
-
-
ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, ყურადღებას გავამახვილებთ პირველ ქრისტიანებზე და განვიხილავთ ბიბლიურ ჭეშმარიტებას 1) მრწამსთან, 2) თაყვანისმცემლობასთან და 3) პირად ყოფაქცევასთან დაკავშირებით.
ჭეშმარიტება და მრწამსი
14, 15. როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ წმინდა წერილებისადმი პირველ ქრისტიანებსა და როგორი დამოკიდებულება აქვთ იეჰოვას მოწმეებს ბიბლიისადმი?
14 პირველი საუკუნის ქრისტიანები იეჰოვას წერილობით სიტყვას დიდ პატივს სცემდნენ (იოანე 17:17). ის მათ მრწამსსა თუ ქცევებს ედო საფუძვლად. II—III საუკუნეებში მცხოვრებმა კლემენტ ალექსანდრიელმა თქვა: „ჭეშმარიტების ძიებისას ისინი ისწრაფოდნენ, ეპოვათ სრულიად ამომწურავი პასუხები და არ წყვეტდნენ ძიებას, სანამ მათი მრწამსის ბიბლიურ საფუძველს არ იპოვიდნენ“.
15 პირველი ქრისტიანების მსგავსად, იეჰოვას მოწმეები დიდად აფასებენ ბიბლიას. მათ სწამთ, რომ „მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად“ (2 ტიმოთე 3:16). მოდი განვიხილოთ პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანების ზოგიერთი სწავლება და შევადაროთ იეჰოვას დღევანდელი მოწმეების სწავლებებს, რადგან ბიბლია მათთვისაც ძირითადი სახელმძღვანელოა.
ჭეშმარიტება სულის შესახებ
16. როგორია ჭეშმარიტება სულის შესახებ?
16 ვინაიდან სწამდათ წმინდა წერილების, პირველი ქრისტიანები ასწავლიდნენ ჭეშმარიტებას სულის შესახებ. მათ იცოდნენ, რომ ღმერთმა შექმნა ადამიანი და «იქცა ადამი ცოცხალ არსებად [„სულად“, „ძველი აღთქმის ორტომეული“, 1884]» (დაბადება 2:7). გარდა ამისა, აღიარებდნენ, რომ ადამიანის სული კვდება (ეზეკიელი 18:4; იაკობი 5:20). მათ ასევე სწამდათ, რომ „მკვდრებმა... არაფერი იციან“ (ეკლესიასტე 9:5, 10).
17. რა იმედი აქვთ განსვენებულებს?
17 იესოს პირველი მოწაფეები დარწმუნებული იყვნენ, რომ ღვთის მეხსიერებაში მყოფი მკვდრები აღდგებოდნენ, ანუ დაუბრუნდებოდნენ სიცოცხლეს. ეს მრწამსი თვალნათლივ გამოხატა პავლემ, რომელმაც თქვა: „მაქვს ღვთის იმედი, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა როგორც მართალთა, ისე უკეთურთა“ (საქმეები 24:15). მოგვიანებით, ქრისტიანი მინუციუს ფელიქსი წერდა: „განა შეიძლება იყოს ვინმე ისეთი უგუნური ან სულელი, რომელიც დაიჩემებდა, რომ ღმერთი თავდაპირველად მის მიერ შექმნილი ადამიანის ხელახლა შექმნას ვერ შეძლებდა?“. პირველი ქრისტიანების მსგავსად, იეჰოვას მოწმეებიც სრულად უჭერენ მხარს ბიბლიურ ჭეშმარიტებას ადამიანის სულის, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის შესახებ. მოდი ახლა ვისაუბროთ ღვთისა და ქრისტეს ვინაობაზე.
ჭეშმარიტება და სამება
18, 19. რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამება არ არის ბიბლიური სწავლება?
18 პირველი ქრისტიანები ღმერთს, ქრისტესა და სულიწმიდას სამებად არ მიიჩნევდნენ. ენციკლოპედია „ბრიტანიკა“ ამბობს: «არც სიტყვა სამება და არც ნათელი დოქტრინა ამის თაობაზე არ გვხვდება ახალ აღთქმაში. არც იესო და არც მისი მოწაფეები არ ეწინააღმდეგებოდნენ ძველ აღთქმაში მოცემულ ებრაულ ლოცვას, შემას: „ისმინე, ისრაელო! ერთია უფალი, უფალი, ჩვენი ღმერთი“» (მეორე რჯული 6:4). ქრისტიანები თაყვანს არ სცემდნენ რომაულ ტრიადას ან სხვა ღმერთებს. ისინი ეთანხმებოდნენ იესოს განაცხადს, რომ მხოლოდ და მხოლოდ იეჰოვასთვის უნდა ეცათ თაყვანი (მათე 4:10). აგრეთვე სწამდათ ქრისტეს სიტყვების: „მამა ჩემზე დიდია“ (იოანე 14:28). დღეს, იეჰოვას მოწმეებს მსგავსი შეხედულებები აქვთ.
19 იესოს პირველი მიმდევრები აშკარა სხვაობას აკეთებდნენ ღმერთს, ქრისტესა და სულიწმიდას შორის. ისინი მოწაფეებს ნათლავდნენ არა სამების, არამედ 1) მამის, 2) ძისა და 3) სულიწმიდის სახელით. იეჰოვას მოწმეებიც მსგავსადვე ასწავლიან ბიბლიურ ჭეშმარიტებას, რომელიც ერთმანეთისგან განასხვავებს მამას, ძესა და სულიწმიდას (მათე 28:19).
ჭეშმარიტება და ნათლობა
20. რა უნდა იცოდნენ ნათლობის მსურველებმა?
20 იესომ დაავალა თავის მიმდევრებს, რომ ხალხისთვის ჭემარიტება ესწავლებინათ და, ამგვარად, მოწაფეებად მოემზადებინათ ისინი. მათთვის, ვინც ინათლება, აუცილებელია ღვთის სიტყვის ძირითადი სწავლებების ცოდნა. მაგალითად, მათ უნდა აღიარონ მამისა და მისი ძის, იესო ქრისტეს, მდგომარეობა და ავტორიტეტი (იოანე 3:16). მონათვლის მსურველებს ასევე უნდა ესმოდეთ, რომ სულიწმიდა ღვთის მოქმედი ძალაა და არა პიროვნება (საქმეები 2:1—4).
21, 22. რატომ არის ნათლობა მხოლოდ მორწმუნეთათვის?
21 პირველი ქრისტიანები ნათლავდნენ მხოლოდ მათ ვინც, ჯერ ღვთის სიტყვა შეისწავლა, შემდეგ მოინანია და ღმერთს მისი ნების შესასრულებლად მიუძღვნა თავი. ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე იერუსალიმში შეკრებილმა იუდეველებმა და პროზელიტებმა იცოდნენ ებრაული წერილები. ამიტომაც, იესო მესიის შესახებ მოციქული პეტრეს მიერ წარმოთქმული სიტყვის შემდეგ მოინათლა 3000 პიროვნება, რომელმაც «[„მთელი გულით“, აქ] მიიღო მისი სიტყვა» (საქმეები 2:41; 3:19—4:4; 10:34—38).
22 ქრისტიანული ნათლობა მორწმუნეთათვის არის. სამარიელებმა მიიღეს ჭეშმარიტება და „როცა ერწმუნენ ფილიპეს, რომელიც ახარებდა ღვთის სასუფეველსა და იესო ქრისტეს სახელს, ინათლებოდნენ მამაკაცებიც და დედაკაცებიც“ (საქმეები 8:12). ეთიოპიელმა საჭურისმა, ღვთისმოშიშმა პროზელიტმა, რომელიც იცნობდა იეჰოვას, ჯერ მოისმინა ამომწურავი მტკიცებები მესიანური წინასწარმეტყველების შესახებ და შემდეგ მოინათლა (საქმეები 8:34—36). მოგვიანებით, პეტრემ კორნელიუსსა და სხვა არაებრაელებს უთხრა, რომ ღვთის „მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის“ და ყველას, ვინც ირწმუნა იესო ქრისტე, მიეტევება ცოდვები (საქმეები 10:35, 43; 11:18). ყოველივე ეს ეთანხმება იესოს დავალებას: „მოიმოწაფეთ ყველა ხალხი და ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ“ (მათე 28:19, 20; საქმეები 1:8). იეჰოვას მოწმეებსაც მსგავსი ნორმები აქვთ. ინათლება მხოლოდ ის, ვინც იცის ძირითადი ბიბლიური სწავლებები და ვინც თავი მიუძღვნა ღმერთს.
23, 24. როგორ უნდა ხდებოდეს ქრისტიანული ნათლობა?
23 სათანადო სახის ნათლობა წყალში სრული ჩაძირვაა. მდინარე იორდანეში მონათვლის შემდეგ, იესო ‘წყლიდან ამოვიდა’ (მარკოზი 1:10). ეთიოპიელი საჭურისიც წყალში მოინათლა. ის და ფილიპე „ჩავიდნენ წყალში“; შემდეგ კი „ამოვიდნენ“ იქიდან (საქმეები 8:36—40). წყალში სრული ჩაძირვა ასევე ნათლობასა და სიმბოლურ დამარხვას შორის ბიბლიურ კავშირზე მიუთითებს (რომაელთა 6:4—6; კოლასელთა 2:12).
24 ერთ–ერთ ნაშრომში ვკითხულობთ: „ახალ აღთქმაში აღწერილი ნათლობის განსაკუთრებული შემთხვევები იმაზე მიუთითებს, რომ პიროვნება სრულად უნდა მოექცეს წყალქვეშ“ (The Oxford Companion to the Bible). ერთი ფრანგული ნაშრომის თანახმად კი: „პირველი საუკუნის ქრისტიანები ინათლებოდნენ ჩაძირვით — ყველგან, სადაც კი წყალს ნახულობდნენ“ (Larousse du XXe Siècle, პარიზი, 1928). წიგნში „ქრისტიანობის ტრიუმფი იესოს შემდეგ“ ნათქვამია: „უმეტესწილად, [ნათლობა] ეწოდებოდა რწმენის საჯარო აღიარებას, რასაც იესოს სახელით პიროვნების წყალში სრული ჩაძირვა მოჰყვებოდა ხოლმე“.
25. რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
25 ზემოთ ჩვენ მოვიხსენიეთ პირველი ქრისტიანების ბიბლიაზე დაფუძნებული მრწამსისა და საქმიანობის მხოლოდ რამდენიმე მაგალითი. მათსა და იეჰოვას მოწმეების სწავლებებს შორის სხვა პარალელების გავლებაც შეიძლება. მომდევნო სტატიაში განვიხილავთ, თუ კიდევ რით შეგვიძლია ამოვიცნოთ ისინი, ვინც ხალხს ჭეშმარიტებას ასწავლის.
-
-
ერთგული ქრისტიანები ჭეშმარიტებით დადიანსაგუშაგო კოშკი — 2002 | 15 ივლისი
-
-
ჭეშმარიტება და ქრისტიანული თაყვანისცემა
3. რა მიზანს ემსახურებოდა და რა სარგებლობა მოჰქონდა შეკრებებს პირველი ქრისტიანებისთვის?
3 ჭეშმარიტების სასწავლებლად პირველი ქრისტიანები, ძირითადად, საკუთარ სახლებში იკრიბებოდნენ (რომაელთა 16:3—5). ასეთი სახით, ისინი მხნევდებოდნენ და ახალისებდნენ ერთმანეთს სიყვარულისა და კეთილი საქმეებისთვის (ებრაელთა 10:24, 25). თავისი თანამედროვე ქრისტიანების შესახებ ტერტულიანე (დაახლოებით ახ. წ. 155—220 წწ.) წერდა: „ჩვენ ვიკრიბებით ღვთის წიგნების წასაკითხად... ამ წმინდა სიტყვებით ვკვებავთ ჩვენს რწმენას, ვიღრმავებთ იმედს და ვიმტკიცებთ ნდობას“ („აპოლოგია“, თავი 39).
4. რა როლს ასრულებდა სიმღერა ქრისტიანულ შეხვედრებზე?
4 როგორც ჩანს, სიმღერაც პირველი საუკუნის ქრისტიანული შეხვედრების ნაწილი იყო (ეფესელთა 5:19; კოლასელთა 3:16). პროფესორი ჰენრი ჩადვიკი წერდა, რომ მეორე საუკუნის კრიტიკოს ცელსუსს საშინლად აღიზიანებდა ქრისტიანების მელოდიური სიმღერები, იმიტომ რომ „ეს ლამაზი სიმღერები მის გრძნობებზე მოქმედებდა“. ჩადვიკი განაგრძობს: „კლემენტ ალექსანდრიელი ერთ-ერთი პირველი ქრისტიანი მწერალი იყო, რომელიც ქრისტიანებისთვის მისაღები მუსიკის თაობაზე წერდა, რომ ამ მუსიკას არაფერი უნდა ჰქონოდა საერთო ეროტიკული ცეკვების მუსიკასთან“ („ადრეული ეკლესია“, გვერდები 274, 275). პირველი ქრისტიანების მსგავსად, იეჰოვას მოწმეებიც ერთად შეკრებისას მღერიან ბიბლიაზე დაფუძნებულ სიმღერებს, რომლებშიც ღმერთსა და მის სამეფოს განადიდებენ.
5. ა) როგორ ღებულობდა პირველი საუკუნის ქრისტიანული კრება სულიერ ხელმძღვანელობას? ბ) როგორ ითვალისწინებენ ჭეშმარიტი ქრისტიანები მათეს 23:8, 9-ში ჩაწერილ იესოს სიტყვებს?
5 პირველი საუკუნის ქრისტიანულ კრებებში ჭეშმარიტებას უხუცესები ასწავლიდნენ; თანაშემწეები კი სხვადასხვა სახით ეხმარებოდნენ თანამორწმუნეებს (ფილიპელთა 1:1). ხელმძღვანელი საბჭო ღვთის სიტყვას ენდობოდა და სულიწმიდის მეშვეობით კრებას სულიერ ხელმძღვანელობას უწევდა (საქმეები 15:6, 23—31). მათ არ ჰქონდათ რელიგიური ტიტულები, რადგან იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „თქვენ კი ნუ გიწოდებენ რაბის, ვინაიდან ერთია თქვენი მოძღვარი — ქრისტე და თქვენ ყველანი ძმები ხართ. ნურც მამას უწოდებთ ნურავის ქვეყანაზედ, ვინაიდან ერთი მამა გყავთ — ზეციერი“ (მათე 23:8, 9). ამ და სხვა საკითხებში, პირველი ქრისტიანები და იეჰოვას მოწმეები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს.
დევნა და ჭეშმარიტების ქადაგება
6, 7. როგორ ექცეოდნენ ჭეშმარიტ ქრისტიანებს მიუხედავად იმისა, რომ ისინი მშვიდობიან ცნობას ავრცელებდნენ?
6 თუმცა სამეფოს შესახებ მშვიდობიან ცნობას ქადაგებდნენ, პირველ ქრისტიანებს იესოს მსგავსად დევნიდნენ (იოანე 15:20; 17:14). ისტორიკოსი ჯონ ვონ მოშიმი პირველი საუკუნის ქრისტიანებს ახასიათებს, როგორც „ძალზედ უწყინარი და რბილი ხასიათის ადამიანებისგან შემდგარ ჯგუფს, რომლებიც გულშიც კი არ გაივლებდნენ სახელმწიფოს კეთილდღეობისთვის საზიანო სურვილებსა თუ ფიქრებს“. დოქტორი მოშიმი აღნიშნავს, რომ „რომაელებს აღიზიანებდათ ქრისტიანების უბრალო თაყვანისცემა, ვინაიდან სრულიად განსხვავდებოდა სხვა რელიგიების რიტუალებისგან“. ის დასძენს: „მათ არ ჰქონდათ შესაწირავები, ტაძრები, გამოსახულებები, ორაკულები თუ საეკლესიო იერარქიები; და ეს საკმარისი იყო, რომ უამრავი გაუნათლებელი ადამიანის საყვედური დაემსახურებინათ, რადგან მათ ვერ წარმოედგინათ რელიგია ყოველივე ამის გარეშე. ამიტომ ქრისტიანებს ათეისტებად მიიჩნევდნენ; რომაული კანონები კი განსჯიდა ათეიზმს და მათ საზოგადოების მავნე წევრების დაღს ასვამდა“.
7 მღვდლები, ხელოსნები და სხვები, რომელთა შემოსავალიც კერპთაყვანისმცემლობაზე იყო დამოკიდებული, ხალხს ქრისტიანების წინააღმდეგ ამხედრებდნენ, რადგან ისინი კერპებს არ ეთაყვანებოდნენ (საქმეები 19:23—40; 1 კორინთელთა 10:14). ტერტულიანე წერდა: «ისინი ქრისტიანებს სახელმწიფოსა და ხალხის ყოველგვარი უბედურების მიზეზად მიიჩნევენ. თუ მდინარე ტიბრი ქალაქის კედლებზე მაღლა აიწევს, ან ნილოსი დაშრება, თუ არ იქნება წვიმა და მიწა იძვრება, თუ შიმშილია და ჭირი, ყველა ერთხმად გაიძახის: „მიუგდეთ ქრისტიანები ლომებს!“». მიუხედავად ამისა, ჭეშმარიტი ქრისტიანები ემორჩილებოდნენ იოანეს რჩევას: „დაიცავით თქვენი თავი კერპთაგან“ (1 იოანე 5:21).
ჭეშმარიტება და რელიგიური დღესასწაულები
8. რატომ არ აღნიშნავენ შობას ისინი, ვინც ჭეშმარიტებით დადის?
8 ისინი, ვინც ჭეშმარიტებით დადიან, თავს არიდებენ არაბიბლიური დღესასწაულების აღნიშვნას, ვინაიდან ‘სინათლეს სიბნელესთან არაფერი აქვს საერთო’ (2 კორინთელთა 6:14—18). მაგალითად, არ ზეიმობენ შობას, რომელსაც 25 დეკემბერს აღნიშნავენ. „არავინ არ იცის ქრისტეს დაბადების ზუსტი თარიღი“, — აცხადებს ენციკლოპედია „უორლდ ბუკი“. ენციკლოპედია „ამერიკანა“ (1956 წლის გამოშვება) აღნიშნავს: „დეკემბრის შუა რიცხვებში მიმდინარე რომაული დღესასწაულის, სატურნალიის, წეს-ჩვეულებები შობის დღესასწაულის ნიმუშად იქცა“. მაკ-კლინტოკისა და სტრონგის ენციკლოპედიაში კი ნათქვამია: „შობის აღნიშვნა არ დაუვალებია ღმერთს და არც ახალ აღთქმაშია ამის შესახებ საუბარი“. წიგნში, „ყოველდღიური ცხოვრება იესოს დროს“, ვკითხულობთ: „ცხვრებს... ზამთრის განმავლობაში ფარეხში ამყოფებდნენ; და მხოლოდ ეს ფაქტიც კი საკმარისია იმის დასადგენად, რომ შობის ზამთარში აღნიშვნა შეუძლებელია სიმართლეს შეესაბამებოდეს, რადგან სახარებაში ვკითხულობთ, რომ ამ დროს მწყემსები მინდორში იყვნენ“ (ლუკა 2:8—11).
9. პირველი ქრისტიანების მსგავსად, რატომ არ აღნიშნავენ აღდგომის დღესასწაულს იეჰოვას დღევანდელი მსახურები?
9 აღდგომის დღესასწაული, უმრავლესობის აზრით, იესოს მკვდრეთით აღდგომას უკავშირდება, მაგრამ სათავეს ცრუ თაყვანისმცემლობიდან იღებს. „ბიბლიის უესტმინსტერის ლექსიკონის“ თანახმად, აღდგომა „სინათლისა და გაზაფხულის ტევტონური ქალღმერთის, რომელიც ანგლოსაქსებში ეოსის სახელით იყო ცნობილი, პატივსაცემად გამართული გაზაფხულის ზეიმი იყო“. ნებისმიერ შემთხვევაში, ენციკლოპედია „ბრიტანიკა“ (მე-11 გამოცემა) აღნიშნავს: „ახალ აღთქმაში აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის შესახებ არანაირი მითითება არ არსებობს“. აღდგომას არც პირველი ქრისტიანები ზეიმობდნენ და არც იეჰოვას ხალხი — დღეს.
10. რის აღნიშვნა დააწესა იესომ და ვინ ემორჩილება ზუსტად ამ მითითებას?
10 იესოს არ მიუცია მოციქულებისთვის დავალებად, რომ თავისი დაბადების ან მკვდრეთით აღდგომის დღე ეზეიმათ. მან დააწესა თავისი სიკვდილის გახსენების საღამო (რომაელთა 5:8). სინამდვილეში, ეს არის ერთადერთი დღე, რომლის აღნიშვნაც ქრისტემ მოწაფეებს დაავალა (ლუკა 22:19, 20). იეჰოვას მოწმეები უფლის გახსენების საღამოს ყოველწლიურად აღნიშნავენ (1 კორინთელთა 11:20—26).
ჭეშმარიტება მთელ დედამიწაზე ცხადდება
11, 12. როგორ უჭერენ ჭეშმარიტებით მოსიარულენი მუდმივ მხარდაჭერას სამქადაგებლო საქმიანობას?
11 ჭეშმარიტების მცოდნენი დიდ პატივად თვლიან სასიხარულო ცნობის ქადაგებისთვის დროის, ენერგიისა და სხვა საშუალებების დათმობას (მარკოზი 13:10). პირველი ქრისტიანები სამქადაგებლო საქმიანობას ნებაყოფლობითი შესაწირავებით უჭერდნენ მხარს (2 კორინთელთა 8:12; 9:7). ტერტულიანე წერდა: „თუ კი გვაქვს რაიმე ყუთი ფულის შესაგროვებლად, ის არ გროვდება საწევრო გადასახადების სახით, თითქოს რელიგია საქმიანი გარიგება ყოფილიყოს. თითოეული სწირავს მცირეოდენ თანხას თვეში ერთხელ ან როცა უნდა, თუკი უნდა და თუკი აქვს შესაძლებლობა, ვინაიდან არავინ არავის არ ავალდებულებს; ყველა სწირავს ნებაყოფლობით“ („აპოლოგია“, თავი 39).
12 სამეფოს შესახებ მთელ მსოფლიოში მიმდინარე სამქადაგებლო საქმიანობაც ნებაყოფლობითი შესაწირავების მხარდაჭერით მიმდინარეობს. მოწმეების გარდა, ამ საქმიანობას თავიანთი ფულადი შესაწირავებით უჭერს მხარს ბიბლიური ცნობით დაინტერესებული მრავალი მადლიერი ადამიანი. პირველ ქრისტიანებსა და იეჰოვას მოწმეებს შორის კიდევ სხვა მსგავსებაც არსებობს.
ჭეშმარიტება და ყოფაქცევა
13. ყოფაქცევასთან დაკავშირებულ პეტრეს რომელ რჩევას ითვალისწინებენ იეჰოვას მოწმეები?
13 ჭეშმარიტებით მოსიარულე პირველი ქრისტიანები ემორჩილებოდნენ მოციქულ პეტრეს რჩევას: „კარგად მოიქეცით წარმართებში, რათა რაშიც გაძაგებენ, როგორც ბოროტმოქმედებს, იმაში დაინახონ თქვენი კეთილი საქმეები და ადიდონ ღმერთი მონახულების დღეს“ (1 პეტრე 2:12). იეჰოვას მოწმეებსაც გულთან ახლოს მიაქვთ ეს სიტყვები.
14. როგორი შეხედულება აქვთ ქრისტიანებს უზნეო გართობაზე?
14 მას შემდეგაც კი, რაც თავი იჩინა განდგომილებამ, ეგრეთწოდებული ქრისტიანები არ მონაწილეობდნენ უზნეობაში. რელიგიის ისტორიის პროფესორი, უილიამ კილენი წერდა: „მეორე და მესამე საუკუნეებში ყოველ დიდ ქალაქში არსებული თეატრები ყურადღების ცენტრში იყო. თუმცა მსახიობები, ძირითადად, უზნეობით გამოირჩეოდნენ, მათი თეატრალური წარმოდგენები იმ დროს მცხოვრები ხალხის ბილწი სურვილების გაღვივებას ემსახურებოდა. ... ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანი თეატრს ზიზღის თვალით უყურებდა. ... ისინი გაურბოდნენ მსგავს უხამსობას; ამ თეატრებში გამუდმებით მოუწოდებდნენ წარმართულ ღმერთებსა და ქალღმერთებს, რაც შეურაცხყოფდა ქრისტიანების რელიგიურ შეხედულებებს“ („ანტიკური ეკლესია“, გვ. 318, 319). დღესაც, იესოს ჭეშმარიტი მიმდევრები გაურბიან გართობის უხამს და უზნეო ფორმებს (ეფესელთა 5:3—5).
ჭეშმარიტება და „უმაღლესი ხელისუფლება“
15, 16. ვინ წარმოადგენს „უმაღლეს ხელისუფლებას“ და როგორი დამოკიდებულება აქვთ მათდამი ჭეშმარიტებით მოარულთ?
15 მიუხედავად იმისა, რომ პირველი ქრისტიანები სამაგალითო ყოფაქცევით გამოირჩეოდნენ, რომის იმპერატორებს არასწორი შეხედულება ჰქონდათ მათზე. ისტორიკოს ერნესტ ჰარდის თქმით, იმპერატორები მათ „გარკვეულწილად საძულველ ენთუზიასტებად მიიჩნევდნენ“. ბითინიის მმართველ პლინიუს უმცროსსა და იმპერატორ ტრაიანეს შორის მიმოწერა ცხადყოფს, რომ მმართველი კლასი, ძირითადად, არ იცნობდა ქრისტიანობის ჭეშმარიტ ბუნებას. თვითონ ქრისტიანებს როგორი შეხედულება აქვთ სახელმწიფოზე?
16 იესოს პირველი მიმდევრების მსგავსად, იეჰოვას მოწმეები ემორჩილებიან „უმაღლეს ხელმწიფებას“ (რომაელთა 13:1—7). თუ ხელისუფლების მოთხოვნები ეწინააღმდეგება ღვთის ნებას, მაშინ ისინი ხელმძღვანელობენ პრინციპით: „ღმერთს უფრო მეტად უნდა ვემორჩილებოდეთ, ვიდრე ადამიანებს“ (საქმეები 5:29). წიგნში, „ქრისტიანობის ტრიუმფი იესოს შემდეგ“ ნათქვამია: „თუმცა ქრისტიანები თაყვანს არ სცემდნენ იმპერატორებს, ისინი ფაქტებსაც არ ამახინჯებდნენ; და მიუხედავად იმისა, რომ მათი რელიგია უჩვეულო და ზოგჯერ საზიზღარიც კი იყო წარმართული აზროვნებისთვის, იმპერიისთვის რეალურ საფრთხეს არ წარმოადგენდნენ“.
17. ა) რომელ ხელისუფლებას უჭერდნენ მხარს პირველი ქრისტიანები? ბ) როგორ იყენებენ იესოს ჭეშმარიტი მიმდევრები ესაიას 2:4-ში ჩაწერილ სიტყვებს?
17 პირველი ქრისტიანები ღვთის სამეფოს უჭერდნენ მხარს, ისევე როგორც პატრიარქები აბრაამი, ისაკი და იაკობი ავლენდნენ რწმენას და ელოდნენ „ქალაქს, რომლის მშენებელი და შემოქმედიც ღმერთია“ (ებრაელთა 11:8—10). თავიანთი მასწავლებლის მსგავსად, იესოს მოწაფეები არ იყვნენ „ქვეყნიერების ნაწილი“ (იოანე 17:14—16, აქ). და რაც შეეხება ომებსა და კონფლიქტებს, ისინი იცავდნენ მშვიდობას, რადგან ‘მახვილებისგან სახნისებს ჭედავდნენ’ (ესაია 2:4). ეკლესიის ისტორიის ლექტორი ჟოფრეი ნატოლი საინტერესო პარალელზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს: „პირველი ქრისტიანების დამოკიდებულება ომისადმი ძალიან ჰგავს იმ ადამიანთა დამოკიდებულებას, რომლებიც თავს იეჰოვას მოწმეებს უწოდებენ, რის აღიარებაც გვიჭირს ხოლმე“.
18. რატომ არ უნდა ჰქონდეთ ხელისუფლების წარმომადგენლებს იეჰოვას მოწმეების შიში?
18 პირველი ქრისტიანები არ წარმოადგენდნენ საფრთხეს არც ერთი წყობილებისთვის, ვინაიდან ემორჩილებოდნენ უმაღლეს ხელისუფლებას და იყვნენ ნეიტრალურები. იგივეს თქმა შეიძლება იეჰოვას მოწმეებთან დაკავშირებით. „ფანატიკოსისა და პარანოიკის ფანტაზია უნდა გქონდეს, რომ იეჰოვას მოწმეები რომელიმე პოლიტიკური რეჟიმისთვის სახიფათო წევრებად მიიჩნიო, — ამბობს მოწინავე სტატიების ერთი ჩრდილოეთ ამერიკელი მწერალი. — ისინი სრულიად უვნებელნი და მშვიდობისმოყვარენი არიან“. იმ უფლებამოსილ პირებს, რომლებიც იცნობენ იეჰოვას მოწმეებს, მათ მიმართ შიშის არავითარი მიზეზი არა აქვთ.
19. რის თქმა შეიძლება პირველი ქრისტიანებისა და იეჰოვას მოწმეების შესახებ გადასახადებთან დაკავშირებით?
19 გადასახადების გადახდა ერთ-ერთი საშუალება იყო, რითაც პირველი ქრისტიანები „უმაღლესი ხელისუფლებისადმი“ პატივისცემას ავლენდნენ. იუსტინე წამებული რომის იმპერატორ ანტონინუს პიუსს (ახ. წ. 138—161 წლები) სწერდა, რომ ქრისტიანები გადასახადებს „სხვებთან შედარებით უფრო ხალისით“ იხდიდნენ („პირველი აპოლოგია“, თავი 17). ტერტულიანე კი რომაელ მმართველებს სწერდა, რომ გადასახადების ამკრეფნი „მადლობას უნდა უხდიდნენ ქრისტიანებს“, ვინაიდან ისინი კეთილსინდისიერად იხდიდნენ მას („აპოლოგია“, თავი 42). ქრისტიანები სარგებლობას იღებდნენ Pax Romana-დან, ანუ „რომაული ზავიდან“, რომელიც გამოირჩეოდა თავისი კანონებითა და წესრიგით, კარგი გზებითა და შედარებით უსაფრთხო საზღვაო მგზავრობით. ისინი აღიარებდნენ თავიანთ ვალდებულებას საზოგადოების წინაშე და ითვალისწინებდნენ იესოს სიტყვებს: „მიეცით კეისრისა კეისარს და ღვთისა — ღმერთს“ (მარკოზი 12:17). იეჰოვას ხალხი დღესაც მიჰყვება ამ რჩევას და გადასახადების პატიოსნად გადახდის გამო ქებას იმსახურებს (ებრაელთა 13:18).
ჭეშმარიტებით გაერთიანებულნი
20, 21. როგორც მშვიდობიან საძმოს, რა საერთო აქვთ პირველ ქრისტიანებსა და იეჰოვას თანამედროვე მოწმეებს?
20 ჭეშმარიტებაში სიარული პირველ ქრისტიანებს, დღევანდელი მოწმეების მსგავსად, მშვიდობიან საძმოში აერთიანებდა (საქმეები 10:34, 35). „მოსქოუ ტაიმის“ ერთ-ერთ სტატიაში ვკითხულობთ: „იეჰოვას მოწმეები კარგად არიან ცნობილი, როგორც ძალიან სასიამოვნო, კეთილი და თვინიერი ხალხი, რომლებთანაც ძალიან ადვილია ურთიერთობა. ისინი არასოდეს ახდენენ ზეწოლას ხალხზე და ყოველთვის ცდილობენ სხვებთან მშვიდობის შენარჩუნებას... ისინი არ არიან მექრთამეები, ლოთები ან ნარკომანები; მიზეზი კი უბრალოა: ისინი ცდილობენ ყველაფერში ბიბლიაზე დაფუძნებული რწმენით იხელმძღვანელონ. თუკი ყველა იეჰოვას მოწმეების მსგავსად შეეცდებოდა ბიბლიის თანახმად ცხოვრებას, ჩვენი სასტიკი მსოფლიო სრულიად სხვანაირი იქნებოდა“.
21 ერთი ენციკლოპედია აღნიშნავს: „პირველი ეკლესია წარმოადგენდა ახალ საზოგადოებას, რომელიც შედგებოდა იუდეველებისა და სხვა ხალხებისგან. მიუხედავად იმისა, რომ ამ ერებს შორის თავიდანვე მტრული განწყობილება იყო, ქრისტიანები მშვიდობიანად ცხოვრობდნენ“ (Encyclopedia of Early Christianity). იეჰოვას მოწმეებიც მშვიდობის მოყვარულ საერთაშორისო საძმოს, ახალი ქვეყნიერების საზოგადოებას, წარმოადგენენ (ეფესელთა 2:11—18; 1 პეტრე 5:9; 2 პეტრე 3:13). პრეტორიის (სამხრეთ აფრიკა) ერთ-ერთი კომპლექსის დაცვის უფროსმა ნახა, თუ რა მშვიდობიანად იკრიბებოდნენ სხვადასხვა ერისა თუ რასის წარმომადგენლები. მან თქვა: „ყველანი თავაზიანები არიან და ერთმანეთს მეგობრულად ესაუბრებიან; და საერთოდ, ამ რამდენიმე დღის განმავლობაში გამოვლენილი მათი დამოკიდებულება მოწმობს თქვენი საზოგადოების წევრების მაღალზნეობრიობაზე და იმაზე, რომ ისინი ერთი ბედნიერი ოჯახივით ცხოვრობენ“.
-