-
საშობაო განწყობასაგუშაგო კოშკი — 2012 | 1 დეკემბერი
-
-
დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ხალხს საშობაო განწყობა შეექმნას. სიმღერები, ფილმები და სატელევიზიო გადაცემები სწორედ ამას ემსახურება. რა უნდა ქმნიდეს საშობაო განწყობას:
იესო ქრისტეს გახსენება?
გაცემით გამოწვეული სიხარული?
გაჭირვებულთა დახმარება?
ოჯახთან ერთად დროის გატარება?
მშვიდობისთვის ხელშეწყობა?
როგორც ოკლაჰომას შტატის ყოფილმა გუბერნატორმა, ბრედ ჰენრიმ, აღნიშნა, მათგან ბევრს, ვინც შობის დღესასწაულს ზეიმობს, უჭირს ჩამონათვალიდან რომელიმე მიზნის მიღწევა. ხშირად შობის წინ ხალხი გადარბენაზეა და ყველაფრის მოსწრებას ცდილობს, რის გამოც სტრესულ მდგომარეობაშია. ამას ემატება გაცხოველებული ვაჭრობაც. ასეთ დროს შეუძლებელია განიცადო ის სიხარული, რომელსაც შობის დღესასწაულის დროს მოელიან.
ბიბლია გვასწავლის, გვახსოვდეს იესო ქრისტე, გვიყვარდეს გაცემა, დავეხმაროთ გაჭირვებულებს და დრო გავატაროთ ოჯახის წევრებთან. ბიბლია იმასაც გვასწავლის, თუ როგორ შეიძლება გავხდეთ მშვიდობისმყოფელნი. ამიტომ, ამ სტატიათა სერიაში იმაზე კი არ ვისაუბრებთ, თუ რატომ არ აღნიშნავს ზოგი შობის დღესასწაულს,a არამედ შემდეგ საკითხებზე:
რატომ ფიქრობს ზოგი, რომ უნდა აღნიშნოს შობის დღესასწაული?
რატომ ვერ განიცდიან სიხარულს, რომელსაც შობის დღესასწაულის დროს მოელიან?
როგორ დაეხმარა ბიბლია მილიონებს, ეპოვათ ის, რაც შობის დღესასწაულზე ძვირფასია?
-
-
იესო ქრისტეს გახსენებასაგუშაგო კოშკი — 2012 | 1 დეკემბერი
-
-
იესო ქრისტეს გახსენება
„ეს აკეთეთ ჩემ გასახსენებლად“ (ლუკა 22:19).
რატომ აღნიშნავენ შობას?
შობის დღესასწაულის შესახებ ზოგი ამბობს, რომ ამ დროს ყველაფერი იესოს ირგვლივ ტრიალებს. ისინი ამ დღესასწაულის დროს იესოს დაბადებას აღნიშნავენ.
როგორია სინამდვილე?
პოპულარულ საშობაო სიმღერებსა თუ ტრადიციებს იესო ქრისტესთან თითქმის არაფერი აქვს საერთო. მილიონები, რომლებიც ამ დღესასწაულს აღნიშნავენ, არ ავლენენ იესოსადმი რწმენას. ზოგიერთ მათგანს იესოს არსებობაც კი ეეჭვება. დღევანდელ კომერციულ სამყაროში კომპანიებისთვის ეს დღესასწაული საქონლის რეკლამირების საუკეთესო საშუალება გახდა, რასაც საერთო არაფერი აქვს იესოს დაბადების დღის აღნიშვნასთან.
რას ამბობს ბიბლია?
„კაცის ძე . . . არ მოსულა იმისთვის, რომ მას ემსახურონ, არამედ თვითონ მოემსახუროს და მისცეს თავისი სული მრავალთა გამოსასყიდად“ (მარკოზი 10:45). როდესაც იესომ ამ სტატიის დასაწყისში მოყვანილი სიტყვები თქვა, მისი სიკვდილის წინა ღამე იყო და არა მისი დაბადების დღე. იმ საღამოს მან თავის მიმდევრებს მითითება მისცა, თუ როგორ უნდა აღენიშნათ მისი სიკვდილის გახსენების საღამო. რატომ სურდა იესოს, რომ მის მიმდევრებს მისი სიკვდილის საღამო აღენიშნათ და არა დაბადების დღე? ეს იმიტომ, რომ იესოს გამოსასყიდი მორჩილ ადამიანებს მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობას აძლევს. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ძღვენი, რომელსაც ღმერთი გვაძლევს — მარადიული სიცოცხლე ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მეშვეობით“ (რომაელები 6:23). ასე რომ, როდესაც იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს აღნიშნავენ, მისი მიმდევრები მას იხსენებენ არა როგორც უსუსურ ბავშვს, არამედ როგორც „ქვეყნიერების მხსნელს“ (იოანე 4:42).
„ქრისტეც ხომ თქვენთვის ეტანჯა და მაგალითიც დაგიტოვათ, რომ ერთგულად მიჰყვეთ მის ნაკვალევს“ (1 პეტრე 2:21). გახსოვდეს იესო და პატივი მიაგო მას, ნიშნავს, მიჰბაძო ამ სრულყოფილ და ბრძენ მამაკაცს. თუ დაფიქრდებით იმაზეც, როგორ ავლენდა იესო თანაგრძნობას, მოთმინებასა და გაბედულებას, ეს დაგეხმარებათ, აკეთოთ ის, რაც სწორია. ხელიდან ნუ გაუშვებთ შესაძლებლობას, მიჰბაძოთ მას.
„ქვეყნიერების სამეფო ჩვენი უფლისა და მისი ქრისტეს სამეფო გახდა და ის იმეფებს მარადიულად“ (გამოცხადება 11:15). როდესაც გაიხსენებთ იესო ქრისტეს, დაფიქრდით იმაზე, თუ რას აკეთებს იგი ახლა. იესო დღეს ზეციერი მეფეა. ღვთის სიტყვა იესოზე წინასწარმეტყველებდა: „სამართლიანად გაასამართლებს საწყლებს და სიმართლით ამხილებს ხალხს დედამიწის თვინიერთა გულისთვის“ (ესაია 11:4). ამ ძალაუფლებას ახალშობილი ბავშვი კი არა, ძლევამოსილი მმართველი ფლობს.
-
-
გაცემით გამოწვეული სიხარულისაგუშაგო კოშკი — 2012 | 1 დეკემბერი
-
-
გაცემით გამოწვეული სიხარული
„გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35).
რატომ აღნიშნავენ შობას?
იესოს სიტყვების თანახმად, გაცემა სიხარულს ჰგვრის როგორც გამცემს, ისე მიმღებს. ასეთი სიხარული რომ განიცადოს, ბევრი შობის დღესასწაულზე საჩუქრებს ჩუქნის სხვებს. მაგალითად, ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, გასულ წელს ირლანდიაში თითოეულმა ოჯახმა საშუალოდ 500 ევროზე მეტი დახარჯა საშობაო საჩუქრებში.
როგორია სინამდვილე?
ბევრის აზრით, საშობაოდ საჩუქრების გაცვლის ტრადიცია უფრო მეტ სტრესს უქმნის ადამიანებს, ვიდრე სიხარულს ანიჭებს. ბევრი იძულებულია, ისეთი საჩუქრები იყიდოს, რომელზეც ხელი არ მიუწვდება. ვინაიდან წელიწადის ამ დროს ყველა საჩუქრებს ყიდულობს, რიგებს ბოლო არ უჩანს და ყველგან ხალხმრავლობაა, ეს კი ბევრის გაღიზიანებას იწვევს.
რას ამბობს ბიბლია?
„გაეცით“, — თქვა იესომa (ლუკა 6:38). მას არ უთქვამს, რომ საჩუქრები მხოლოდ წელიწადის გარკვეულ დროს გავცეთ, მხოლოდ მაშინ, როცა ამას ჩვენგან მოელიან. იესომ მოუწოდა თავის მიმდევრებს, წელიწადის ნებისმიერ დროს გაეკეთებინათ ერთმანეთისთვის საჩუქრები და არ დალოდებოდნენ წლის განსაკუთრებულ პერიოდს.
„თითოეული ისე მოიქცეს, როგორც გულში გადაწყვიტა, ოღონდ არა უხალისოდ ან ნაძალადევად, რადგან ღმერთს სიხარულით გამცემი უყვარს“ (2 კორინთელები 9:7). პავლეს რჩევის არსი იმაში მდგომარეობს, რომ „არაფერი გავცეთ ნაძალადევად ანუ იძულებით“, — ნათქვამია ერთ-ერთ ბიბლიურ ნაშრომში. „სიხარულით გამცემი“ ვერ ვიქნებით, თუ კონკრეტულ ნივთს კონკრეტულ ადამიანს წელიწადის კონკრეტულ დროს მოვალეობის მოხდის მიზნით ვჩუქნით, როგორც ეს ხშირად შობის დღესასწაულზე ხდება.
„როცა არის გულმოდგინება, ის განსაკუთრებით მოსაწონია იმის მიხედვით, რაც ადამიანს აქვს და არა იმის მიხედვით, რაც არა აქვს“ (2 კორინთელები 8:12). ღმერთი არ მოითხოვს ქრისტიანებისგან, რომ ვალები აიღონ და ერთმანეთს ძვირფასი საჩუქრები გაუკეთონ. პირიქით, როცა ადამიანი გასცემს „იმის მიხედვით, რაც მას აქვს“, ასეთი საჩუქარი არა მხოლოდ სასიამოვნო, არამედ „განსაკუთრებით მოსაწონია“. როგორ განსხვავდება ასეთი შეხედულება იმ მოწოდებისგან, რომელიც მომხმარებელს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ესმის: „იყიდე დღეს, გადაიხადე ხვალ!“.
-
-
გაჭირვებულთა დახმარებასაგუშაგო კოშკი — 2012 | 1 დეკემბერი
-
-
გაჭირვებულთა დახმარება
„კეთილი თვალის მქონე კურთხეული იქნება, რადგან ღარიბს უნაწილებს თავის საჭმელს“ (იგავები 22:9).
რატომ აღნიშნავენ შობას?
იესო ეხმარებოდა ღარიბებს, ავადმყოფებსა და დამწუხრებულებს. ამიტომ, ზოგს სურს, მიჰბაძოს მას. მათ მიაჩნიათ, რომ ამისთვის საუკეთესო დრო სწორედ შობის დღესასწაულია, როცა ქველმოქმედები ძალ-ღონეს არ იშურებენ და შემოწირულობებს აგროვებენ.
როგორია სინამდვილე?
ამ დღესასწაულზე ბევრი, ძირითადად, საყიდლებზე, გართობასა და ოჯახის წევრებისა თუ მეგობრების მონახულებაზე ფიქრობს. ამიტომ, აღარ რჩებათ დრო, ენერგია და სახსრები, ღარიბებსა და გაჭირვებულებზე იზრუნონ, რომ აღარაფერი ვთქვათ მათთვის მატერიალური დახმარების აღმოჩენაზე.
რას ამბობს ბიბლია?
„ნუ დაუკავებ სიკეთეს მას, ვინც ამას იმსახურებს, როცა შენს ხელს ამის ძალა შესწევს“ (იგავები 3:27). ღარიბები, მშივრები და დამწუხრებულები მხოლოდ შობის დღესასწაულზე არ არიან ამ დღეში. თუ ხედავ, რომ ვიღაცას სჭირდება დახმარება და „შენს ხელს ამის ძალა შესწევს“, შობის დადგომას უნდა დაელოდო? თუ მათ მიმართ თანამგრძნობი იქნები და სიკეთეს არ დაუკავებ, კურთხევები არ მოგაკლდება.
„ყოველი კვირის პირველ დღეს თითოეულმა თქვენგანმა თავის სახლში გადადოს და გადაინახოს, ვისაც რისი საშუალება აქვს“ (1 კორინთელები 16:2). ასეთი რჩევა მისცა მოციქულმა პავლემ პირველი საუკუნის ქრისტიანებს, რომელთაც სხვების დახმარების სურვილი ჰქონდათ. შეგიძლიათ ყოველდღე გადადოთ გარკვეული თანხა, რომელსაც გაჭირვებულებს მისცემთ ან იმ საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადასცემთ, რომლებიც ამ თანხას დანიშნულებისამებრ გამოიყენებენ? თუ ამგვარად იქცევით, შეიძლება ითქვას, რომ გაჭირვებულებს შეძლებისდაგვარად ეხმარებით.
„ნუ დაივიწყებთ კარგის კეთებასა და გაზიარებას, რადგან ღმერთს სიამოვნებს ასეთი მსხვერპლი“ (ებრაელები 13:16). ყურადღება მიაქციეთ, რომ გაზიარებასთან ერთად არ უნდა დავივიწყოთ კარგის კეთება. მაგალითად, გონიერი მშობლები ასწავლიან შვილებს, ხანდაზმულებს ყოველდღიურ საქმეებში დაეხმარონ; მოინახულონ, დაურეკონ ან ღია ბარათით გაამხნევონ ავადმყოფები; ამასთანავე, ყურადღება გამოავლინონ ღარიბი და უნარშეზღუდული ბავშვების მიმართ. შედეგად, პატარები ისწავლიან, მთელი წლის მანძილზე გამოავლინონ სიკეთე და იყვნენ ხელგაშლილნი.
გონიერი მშობლები ასწავლიან შვილებს, დაეხმარონ ხანდაზმულებს, ავადმყოფებსა და უნარშეზღუდულ ბავშვებს. შედეგად, პატარები ისწავლიან, მთელი წლის მანძილზე გამოავლინონ სიკეთე და იყვნენ ხელგაშლილნი.
-
-
ოჯახთან ერთად დროის გატარებასაგუშაგო კოშკი — 2012 | 1 დეკემბერი
-
-
ოჯახთან ერთად დროის გატარება
„რა კარგია და რა სასიამოვნო, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები ერთობაში!“ (ფსალმუნი 133:1).
რატომ აღნიშნავენ შობას?
რადგან ისრაელები იაკობის ანუ ისრაელის შთამომავლები იყვნენ, ყველანი ძმები ანუ ერთი ოჯახის წევრები იყვნენ. როდესაც ისინი იერუსალიმში დღესასწაულზე იკრიბებოდნენ, დროს სასიამოვნოდ ატარებდნენ. დღესაც ბევრი იმედოვნებს, რომ თუ შობის დღესასწაულზე ოჯახის წევრები ერთად შეიკრიბებიან, დროს სასიამოვნოდ გაატარებენ.
როგორია სინამდვილე?
ერთ ენციკლოპედიაში ნათქვამია: „დაძაბულობა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ოჯახის წევრებს შორის არსებობს, ხშირად კულმინაციას მაშინ აღწევს, როცა ისინი დღესასწაულებზე იკრიბებიან“ (Encyclopedia of Christmas and New Year’s Celebrations).
რას ამბობს ბიბლია?
„მშობლებს, ბებიებსა და პაპებს საკადრისი მიაგონ“ (1 ტიმოთე 5:4). თუ შესაძლებელია, რეგულარულად მოინახულეთ ოჯახის წევრები. იმ შემთხვევაშიც იქონიეთ მათთან ურთიერთობა, თუ თქვენგან შორს ცხოვრობენ. მისწერეთ წერილი, დაურეკეთ ტელეფონით, შეეხმიანეთ ელექტრონული ფოსტით ან ესაუბრეთ ინტერნეტით. ასეთ ურთიერთობას გაუგებრობები მინიმუმამდე დაჰყავს.
„ჩვენში კი არა ხართ ვიწროდ, არამედ თქვენს სათუთ გრძნობებში . . . გაფართოვდით“ (2 კორინთელები 6:12, 13). თუ ნათესავს წელიწადში მხოლოდ ერთხელ ხვდებით, შესაძლოა ერთმანეთისგან გაუცხოვდეთ. ასეთი რამ უფრო ბავშვებს ემართებათ. ზოგი ბავშვი ფიქრობს, რომ პაპა-ბებიასთან და ნათესავებთან საერთო არაფერი აქვს. ამიტომ, ასწავლეთ შვილებს, „გაფართოვდნენ“ ანუ თბილი გრძნობები გამოავლინონ პაპა-ბებიის მიმართ.a ბავშვები, რომელთაც ხშირი ურთიერთობა აქვთ უფროსებთან, უფრო მეტად ავლენენ თანაგრძნობასა და პატივისცემას მათ მიმართ.
„რა კარგია დროულად ნათქვამი სიტყვა!“ (იგავები 15:23). როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან გაუგებრობები, რომლებიც ოჯახში სიტუაციას დაძაბავს? პრობლემაზე სასაუბროდ დრო სწორად შეარჩიეთ. თუ ერთმანეთთან ურთიერთობა ხშირად გექნებათ, მნიშვნელოვანწილად გაგიადვილდებათ ოჯახის თითოეულ წევრთან დალაპარაკება ნებისმიერ პრობლემაზე და დროს სასიამოვნოდ გაატარებთ.
-
-
„მშვიდობა და სათნოება კაცთა შორის“საგუშაგო კოშკი — 2012 | 1 დეკემბერი
-
-
„მშვიდობა და სათნოება კაცთა შორის“
„დიდება მაღალთა შინა ღმერთს, და მშვიდობა ქვეყნად, და სათნოება კაცთა შორის“ (ლუკა 2:14, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).
რატომ აღნიშნავენ შობას?
პაპი და სხვა რელიგიური წინამძღოლები ყოველ წელს მშვიდობაზე ქადაგებენ და იმედოვნებენ, რომ შობის დღესასწაულზე შესრულდება ანგელოზთა მიერ გაცხადებული ცნობა: „მშვიდობა ქვეყნად, და სათნოება კაცთა შორის“. ზოგი მომლოცველი ამ დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალურ პილიგრიმულ მსვლელობებში იღებს მონაწილეობას.
როგორია სინამდვილე?
შობის დღესასწაულის დროს ხალხში არსებული მშვიდობა დროებითია. მაგალითად, 1914 წელს, როდესაც ევროპაში პირველი მსოფლიო ომი მძვინვარებდა, ბრიტანელი და გერმანელი ჯარისკაცები სანგრებიდან ამოვიდნენ და შობა ერთად აღნიშნეს. მათ ერთად ჭამეს, სვეს, სიგარეტიც გააბოლეს და ფეხბურთიც ითამაშეს. თუმცა, მათი ზავი დიდხანს არ გაგრძელებულა. ფრონტის ხაზიდან გამოგზავნილი ერთი ბრიტანელი ჯარისკაცის წერილიდან ვიგებთ, რა უთხრა მას ერთმა გერმანელმა ჯარისკაცმა: „დღეს ჩვენ შორის მშვიდობაა, მაგრამ ხვალ შენ შენი ქვეყნისთვის იბრძოლებ, მე კი — ჩემი ქვეყნისთვის“.
რას ამბობს ბიბლია?
„შეგვეძინა შვილი . . . დაერქმევა მას . . . მშვიდობის მთავარი. მისი ხელმწიფობა განივრცობა და მშვიდობას ბოლო არ ექნება“ (ესაია 9:6, 7). განა არ გამხნევებთ ეს ბიბლიური დანაპირები?! იესო დედამიწაზე იმიტომ არ დაბადებულა, რომ წელიწადის მხოლოდ ერთ დღეს ყოფილიყო მშვიდობა. იესო, როგორც ზეციერი მმართველი, დაამყარებს ნამდვილ მშვიდობას, რომელსაც ბოლო არ ექნება.
„ეს ყოველივე გითხარით, რათა ჩემით მშვიდობა გქონდეთ. ქვეყნიერებაში გასაჭირი გაქვთ, მაგრამ გამაგრდით! მე ვძლიე ქვეყნიერებას“ (იოანე 16:33). სწორედ იესოს სწავლებების წყალობითაა, რომ მის მიმდევრებს დღემდე მშვიდობა აქვთ ერთმანეთში. მართალია, პრობლემებიც აქვთ, მაგრამ ბიბლიის დახმარებით იციან, რა არის ტანჯვის მიზეზი და როგორ დაამყარებს იესო უსასრულო მშვიდობას. ამიტომ მათ შინაგანი სიმშვიდე ეუფლებათ.
იეჰოვას მოწმეები ითვალისწინებენ იესოს სიტყვებს და მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ეროვნებისა თუ რასის წარმომადგენლები არიან და სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ, ერთმანეთში მშვიდობა აქვთ. ამის ხილვას საკუთარი თვალით შეძლებთ, თუ მათ სამეფო დარბაზში ქრისტიანულ კრების შეხვედრას დაესწრებით. ალბათ, ბევრი სხვა ადამიანის მსგავსად, თქვენც დაინახავთ, რომ იქ გამეფებული მშვიდობა ბევრად აღემატება იმ მოჩვენებით მშვიდობას, რომელიც შობის დღესასწაულის დროსაა.
-