საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • საშობაო განწყობით მოცული მსოფლიო
    გამოიღვიძეთ! — 2010 | დეკემბერი
    • საშობაო განწყობით მოცული მსოფლიო

      სიხარულით ელოდებით შობა-ახალ წელს თუ იძაბებით მისი მოახლოებისას? ამ პერიოდში მილიონობით ადამიანი იწყებს იმაზე ფიქრს, თუ ვის რა აჩუქოს, გასწვდება თუ არა ხარჯებს და რამდენი ხანი მოუწევს საახალწლოდ აღებული ვალების გადახდა.

      ამ ყველაფრის მიუხედავად, შობა-ახალი წელი დიდი პოპულარობით სარგებლობს. საშობაო განწყობა არაქრისტიანულ ქვეყნებსაც გადაედო. იაპონიაში შობა მრავალი ოჯახისთვის ჩვეულებრივი დღესასწაულია, რომელიც არანაირ რელიგიურ დატვირთვას არ ატარებს. „ლოყებღაჟღაჟა სანტა-კლაუსს [ჩინეთის] დიდი ქალაქების მაღაზიების არაერთ ვიტრინაში ნახავთ. საშობაო ციებ-ცხელებამ ქალაქის მოსახლეობის საშუალო ფენაც მოიცვა. მათ საყიდლებზე სიარულისთვის, ჭამა-სმისა და დროს ტარებისთვის კარგი მიზეზი მიეცათ“, — ნათქვამია „უოლ-სტრიტ ჯორნელში“.

      მრავალ ქვეყანაში შობა-ახალი წელი კარგი შემოსავლის წყაროდ იქცა, განსაკუთრებით ჩინეთში, რომელიც „ხელოვნური ნაძვის ხეების, ბრჭყვიალა მოსართავების, მოციმციმე ნათურებისა თუ სხვა საახალწლო აქსესუარების უმსხვილესი ექსპორტიორია“, — ნათქვამია იმავე ჟურნალში.

      შობა-ახალი წლის მსგავს დღესასწაულებს მუსლიმანებიც აღნიშნავენ, ოღონდ არა 25 დეკემბერს. ანკარასა (თურქეთი) და ბეირუთში (ლიბანი) უკვე აღარავის უკვირს ვიტრინებში მარადმწვანე ხეებისა და შეფუთული საჩუქრების დანახვა. ინდონეზიაში სასტუმროები და სავაჭრო ცენტრები აფინანსებენ სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიებას, რომლის დროსაც ბავშვებს სანტა-კლაუსთან სადილი და სურათების გადაღება შეუძლიათ.

      დასავლეთის ქვეყნებში შობა წმინდა კომერციული დღესასწაულია, რომელიც მთელი თავისი რეკლამებით „აშკარად ბავშვებზეა გათვლილი“, — ნათქვამია კანადაში გამომავალ ერთ საინფორმაციო ბიულეტენში (Royal Bank Letter). მართალია, ზოგიერთები ჯერ კიდევ ესწრებიან საშობაო წირვა-ლოცვას ეკლესიებში, მაგრამ ბევრი ეკლესიებში სიარულს სავაჭრო ადგილებში სიარულს ამჯობინებს, სადაც ხშირად გაისმის საშობაო სიმღერები. რამ გამოიწვია ეს ბუმი? არის ეს რამენაირად დაკავშირებული შობის წარმოშობასთან? საიდან მომდინარეობს ეს დღესასწაული?

      სანამ ამ კითხვებს გავცემთ პასუხს, მოდით ერთად განვიხილოთ ის ბიბლიური მონაკვეთი, რომელიც სავარაუდოდ შობის დღესასწაულს უდევს საფუძვლად.

      [ჩარჩო⁄სურათი 4 გვერდზე]

      რას გვამცნობს სახარებები

      მათეს სახარება: «როცა მეფე ჰეროდეს დროს იუდეის ბეთლემში იესო დაიბადა, აღმოსავლეთიდან იერუსალიმში ასტროლოგები მივიდნენ და თქვეს: „სად არის იუდეველთა მეფე რომ დაიბადა? აღმოსავლეთში მისი ვარსკვლავი ვიხილეთ და მოვედით, რათა მდაბლად თაყვანი ვცეთ“. ამის მოსმენაზე აფორიაქდა მეფე ჰეროდე და მთელი იერუსალიმი. შეკრიბა უფროსი მღვდლები . . . და გამოჰკითხა, თუ სად უნდა დაბადებულიყო ქრისტე». როცა უთხრეს, რომ ის ბეთლემში უნდა დაბადებულიყო, ასტროლოგებს უთხრა: „წადით, კარგად მოძებნეთ ის ბავშვი და, როცა იპოვით, შემატყობინეთ“.

      „მათ მოუსმინეს მეფეს და წავიდნენ. და აი, ვარსკვლავი, რომელიც მათ აღმოსავლეთში იხილეს, წინ მიუძღოდა მათ იმ ადგილამდე, სადაც ბავშვი იყო . . . როცა სახლში შევიდნენ, დაინახეს ბავშვი მარიამთან, დედამისთან“. მას შემდეგ, რაც იესოს ძღვენი მიართვეს, „ღმერთმა სიზმარში გააფრთხილა, ჰეროდესთან არ დაბრუნებულიყვნენ, [ამიტომ] სხვა გზით წავიდნენ თავიანთ ქვეყანაში“.

      «მათი წასვლის შემდეგ იოსებს სიზმარში იეჰოვას ანგელოზი ეჩვენა და უთხრა: „ადექი, წაიყვანე ბავშვი და დედამისი, გაიქეცი ეგვიპტეში . . .“. ისიც ადგა იმ ღამეს, წაიყვანა ბავშვი და დედამისი და წავიდა . . . როცა ჰეროდემ დაინახა, რომ ასტროლოგებმა მოატყუეს, გაცეცხლდა, დაგზავნა ხალხი და ბეთლემსა და მთელ მის შემოგარენში დაახოცვინა ორ წლამდე ასაკის ყველა ბიჭი» (მათე 2:1—16).

      ლუკას სახარება: „იოსებიც წავიდა გალილეის ქალაქ ნაზარეთიდან იუდეაში, დავითის ქალაქ ბეთლემში . . . რათა აღწერილიყო მარიამთან, თავის ცოლთან ერთად . . . იქ ყოფნისას მას . . . შეეძინა ვაჟი, პირმშო, სახვევებში გაახვია და ბაგაში ჩააწვინა, რადგან სასტუმროში ადგილი აღარ იყო“.

      «იმ მხარეში მწყემსები იყვნენ ველად და ღამით თავიანთ სამწყსოს დარაჯობდნენ. უეცრად იეჰოვას ანგელოზი დადგა მათ წინაშე . . . მწყემსები ძალიან შეშინდნენ. ანგელოზმა უთხრა მათ: „ნუ გეშინიათ, რადგან გახარებთ, რომ ყველას დიდი სიხარული ელის: დღეს დავითის ქალაქში დაიბადა თქვენი მხსნელი, უფალი ქრისტე“». მაშინ მწყემსები „სასწრაფოდ წავიდნენ და ნახეს მარიამი, იოსები და ჩვილი, რომელიც ბაგაში ეწვინათ“ (ლუკა 2:4—16).

  • სიმართლე შობა-ახალი წლის შესახებ
    გამოიღვიძეთ! — 2010 | დეკემბერი
    • სიმართლე შობა-ახალი წლის შესახებ

      გაინტერესებთ სიმართლე რელიგიური დღესასწაულების შესახებ? მაშინ თქვენთვის საინტერესო იქნება შემდეგ კითხვებზე პასუხები: 1) ნამდვილად 25 დეკემბერს დაიბადა იესო? 2) ვინ იყვნენ მოგვები და ნამდვილად სამნი იყვნენ თუ არა? 3) სინამდვილეში საიდან მოვიდა ის ვარსკვლავი, რომელიც იესოსკენ წაუძღვა მათ? 4) რა საერთო აქვს სანტა-კლაუსს იესოსთან? 5) როგორ უყურებს ღმერთი შობა-ახალ წელს საჩუქრების ჩუქების ტრადიციას?

      მოდით, ეს საკითხები ბიბლიისა და ისტორიული ფაქტების ფონზე განვიხილოთ.

       ნამდვილად 25 დეკემბერს დაიბადა იესო?

      ტრადიცია: დღეს საყოველთაოდ მიჩნეულია, რომ იესო 25 დეკემბერს დაიბადა. მის შობას სწორედ ამ დღეს აღნიშნავენ.a

      წარმოშობა: „დღესასწაულის აღსანიშნავად 25 დეკემბერი ბიბლიის საფუძველზე არ აურჩევიათ, — ნათქვამია ერთ-ერთ ენციკლოპედიაში. — ის დასაბამს წარმართული რომაული დღესასწაულებიდან იღებს, რომლებიც წლის ბოლოს იმართებოდა“ დაახლოებით ზამთრის მზებუდობის დროს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში (The Christmas Encyclopedia). მათ შორის იყო სატურნალია, რომელიც მიწათმოქმედების ღვთაების, სატურნის პატივსაცემად იმართებოდა, და „ორი მზის ღმერთის, რომაული სოლისა და სპარსელთა მითრასთვის მიძღვნილი დღესასწაულები“, — ნათქვამია იმავე ენციკლოპედიაში. ორივე დღესასწაული ამ ღმერთების დაბადების დღეს უკავშირდებოდა და 25 დეკემბერს, იულიუსის კალენდრის მიხედვით, ზამთრის მზებუდობის დროს აღინიშნებოდა.

      ამ წარმართული დღესასწაულების „გაქრისტიანება“ 350 წელს მოხდა, როცა პაპმა იულიუს I-მა 25 დეკემბერი ქრისტეს შობის დღედ გამოაცხადა. „რელიგიის ენციკლოპედიაში“ ნათქვამია: „შობამ თანდათანობით შეითვისა და საბოლოო ჯამში ჩაანაცვლა მზებუდობასთან დაკავშირებული ყველა სხვა რიტუალი. მზის სიმბოლო თანდათანობით მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს (რომელსაც აგრეთვე Sol Invictus [უძლეველ მზეს] უწოდებდნენ) სიმბოლო გახდა, მზის დისკო . . . კი ქრისტიანი წმინდანების შარავანდედად იქცა“.

      რას ამბობს ბიბლია: ბიბლიაში არ არის მოცემული იესოს დაბადების თარიღი. მაგრამ შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ ის 25 დეკემბერს არ დაბადებულა. რის საფუძველზე ვამბობთ ამას? ბიბლიაში ნათქვამია, რომ იესოს დაბადების დროს მწყემსები „იყვნენ ველად“ და ბეთლემის მახლობლად ღამით თავიანთ ფარას დარაჯობდნენ (ლუკა 2:8). ცივი, წვიმიანი სეზონი ჩვეულებრივ ოქტომბერში იწყებოდა და ისეთ ცივ მთიან მხარეში, როგორიც ბეთლემის შემოგარენია, მწყემსებს ღამით ცხვარი საიმედოდ ჰყავდათ შეფარებული. ტემპერატურა ყველაზე მეტად დეკემბერში ეცემოდა და ზოგჯერ თოვდა კიდეც.b

      აღსანიშნავია, რომ პირველ ქრისტიანებს, რომლებიც იესოსთან ერთად იყვნენ, არასდროს აღუნიშნავთ მისი დაბადების დღე. ისინი იესოს მითითებისამებრ მხოლოდ მისი სიკვდილის დღეს აღნიშნავდნენ (ლუკა 22:17—20; 1 კორინთელები 11:23—26). ზოგი შეიძლება ფიქრობს, რომ დღეს უკვე არა აქვს მნიშვნელობა ამ დღესასწაულების წარმართულ წარმოშობას. მაგრამ ღმერთისთვის ამას ნამდვილად აქვს მნიშვნელობა. იესომ თქვა: „ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები მამას სულითა და ჭეშმარიტებით სცემენ თაყვანს“ (იოანე 4:23).

       ვინ იყვნენ მოგვები და რამდენი?

      ტრადიცია: საშობაო სიუჟეტებში ხშირად ასახულია, როგორ გადასცემს საჩუქრებს ბაგაში მწოლიარე იესოს აღმოსავლეთიდან ვარსკვლავის კვალდაკვალ მოსული სამი მოგვი. ასეთ სიუჟეტებში მათთან ერთად ზოგჯერ მწყემსებსაც ვხვდებით.

      წარმოშობა: თუ არ ჩავთვლით ბიბლიაში მოცემულ მწირ ინფორმაციას, „ყველაფერი, რაც მოგვების შესახებ დაიწერა, ძირითადად ლეგენდებიდან იღებს სათავეს“, — ნათქვამია ერთ-ერთ ენციკლოპედიაში (The Christmas Encyclopedia).

      რას ამბობს ბიბლია: ბიბლიაში არ არის დაკონკრეტებული, რამდენი მოგვი მივიდა იესოს სანახავად. მათი რიცხვი შესაძლოა ორი, სამი ან მეტი იყო. მართალია ბიბლიის ზოგ თარგმანში მათ ბრძენკაცები ეწოდებათ, მაგრამ მოგვი (ორიგინალში მაგი) ნიშნავს ასტროლოგს, გრძნეულს ან მისანს. ბიბლიიდან კი ვიგებთ, რომ ამის მოქმედნი „სძულს იეჰოვას“ (კანონი 18:10—12). აღმოსავლეთიდან ხანგრძლივი მგზავრობის გამო მოგვები იესოსთან იმ დროს არ მისულან, როცა ის ბაგაში იწვა. სავარაუდოდ, მათ რამდენიმე თვე იმგზავრეს, რის შემდეგ „სახლში შევიდნენ“, სადაც ჩვილი იესო ეგულებოდათ. იქ „დაინახეს ბავშვი მარიამთან, დედამისთან“ ერთად (მათე 2:11).

       საიდან მოვიდა ვარსკვლავი, რომელიც ასტროლოგებს წაუძღვა?

      ის, თუ სად მიიყვანა ვარსკვლავმა ასტროლოგები, წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, საიდან შეიძლება მოსულიყო ეს ვარსკვლავი. ის მოგვებს პირდაპირ ბეთლემში არ წაუძღვა. მან ისინი ჯერ იერუსალიმში მიიყვანა, სადაც მეფე ჰეროდეს ყურამდე მივიდა მათი ჩამოსვლის ამბავი. მაშინ „საიდუმლოდ დაიბარა ჰეროდემ ასტროლოგები“ და მათაც ამცნეს ახალდაბადებული „იუდეველთა მეფის“ შესახებ. ჰეროდემ უთხრა მათ: „წადით, კარგად მოძებნეთ ის ბავშვი და, როცა იპოვით, შემატყობინეთ“. ჰეროდეს გულში მზაკვრობა ედო. ამ ამაყ და სასტიკ მმართველს იესოს მოკვლა ჰქონდა ჩაფიქრებული (მათე 2:1—8, 16).

      საინტერესოა, რომ ამის შემდეგ ვარსკვლავი ასტროლოგებს სამხრეთით, ბეთლემისკენ წაუძღვა. ვარსკვლავი „წინ მიუძღოდა მათ“, ვიდრე იმ სახლის თავზე არ გაჩერდა, სადაც იესო იყო (მათე 2:9, 10).

      ფაქტია, რომ ეს ჩვეულებრივი ვარსკვლავი არ ყოფილა. თუ ღმერთმა იესოს დაბადება თავმდაბალ მწყემსებს ანგელოზების მეშვეობით ამცნო, რატომ უნდა წაძღოლოდა ვარსკვლავის მეშვეობით წარმართ ასტროლოგებს ჯერ იესოს მტერთან და შემდეგ თავად იესოსთან? ერთადერთი ლოგიკური დასკვნა ის არის, რომ ეს ვარსკვლავი სატანისგან იყო, რომელსაც შეუძლია ასეთი სასწაულების მოხდენა (2 თესალონიკელები 2:9, 10). პარადოქსია, მაგრამ ეგრეთ წოდებული ბეთლემის ვარსკვლავი ხშირად ამშვენებს საშობაო ნაძვის ხის კენწეროს.

       რა საერთო აქვს სანტა-კლაუსს იესოსთან?

      ტრადიცია: ბევრ ქვეყანაში სანტა-კლაუსი წარმოუდგენიათ, როგორც კეთილი ბაბუა, რომელიც ბავშვებს ასაჩუქრებს. ბავშვები ხშირად სწერენ წერილებს სანტა-კლაუსს და საჩუქრებს სთხოვენ. გადმოცემის თანახმად, ის ჩრდილოეთ პოლუსზე ცხოვრობს და მას საჩუქრების მომზადებაში ელფები ეხმარებიან.

      წარმოშობა: გავრცელებული შეხედულების თანახმად, სანტა-კლაუსის შესახებ წარმოდგენები მირის (ახლანდელი თურქეთი) მთავარეპისკოპოსთან, წმინდა ნიკოლოზთან არის დაკავშირებული. „თითქმის ყველაფერი, რაც წმ. ნიკოლოზის შესახებ არის დაწერილი, ლეგენდებიდან მოდის“, — ნათქვამია ერთ ენციკლოპედიაში (The Christmas Encyclopedia). იესოსა და სანტა-კლაუსს შორის კავშირი არც ისტორიულად და არც ბიბლიურად არ დასტურდება.

      რას ამბობს ბიბლია: „ახლა, რადგან მოიშორეთ სიცრუე, თითოეულმა თქვენგანმა მოყვასს ჭეშმარიტება ელაპარაკოს“. ჩვენი მოყვასები პირველ რიგში ჩვენი ოჯახის წევრები არიან (ეფესოელები 4:25). ბიბლია იმასაც ამბობს, რომ უნდა გვიყვარდეს ჭეშმარიტება, ანუ ჭეშმარიტებას გულშიც ვლაპარაკობდეთ (ზაქარია 8:19; ფსალმუნი 15:2). შეიძლება უწყინარ ტყუილად მოგვეჩვენოს ბავშვებისთვის იმის თქმა, რომ საშობაოდ საჩუქრები სანტა-კლაუსს მოაქვს, მაგრამ სწორია ბავშვების მოტყუება, თუნდაც ამას ცუდი მოტივით არ ვაკეთებდეთ? განა სამწუხარო არ არის ის ფაქტი, რომ დღესასწაულზე, რომელიც ვითომ იესოს განდიდებას ემსახურება, სინამდვილეში ბავშვებს ატყუებენ?!

       როგორ უყურებს ღმერთი შობა-ახალ წელს საჩუქრების ჩუქებისა და მხიარულების ტრადიციას?

      ტრადიცია: როგორც ამბობენ, შობა-ახალი წელი გაცემის კარგი საშუალებაა. მაგრამ სინამდვილეში ამ დღესასწაულისთვის დამახასიათებელია საჩუქრების გაცვლა-გამოცვლა, დროს ტარება, მხიარულება და ჭამა-სმა.

      წარმოშობა: ძველი რომაული სატურნალიის აღნიშვნა 17 დეკემბერს იწყებოდა და 24 დეკემბრამდე გრძელდებოდა. ეს იყო საჩუქრების გაცვლა-გამოცვლის დრო. ხალხი სახლებსა თუ ქუჩებში მხიარულობდა, სვამდა და თავაშვებულად ერთობოდა. სატურნალიის შემდეგ აღნიშნავდნენ იანვრის პირველ დღეს. ეს დღესასწაული დაახლოებით სამი დღე გრძელდებოდა. სატურნალია და იანვრის პირველი დღის აღნიშვნა, როგორც ჩანს, ერთ მთლიან დღესასწაულად აღიქმებოდა.

      რას ამბობს ბიბლია: ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა სიხარულითა და გაცემის სულით გამოირჩევა. ბიბლიაში ნათქვამია: „იმხიარულეთ, მართლებო! სიხარულით იყიჟინეთ!“ (ფსალმუნი 32:11). ასეთ სიხარულს ადამიანი გაცემის შედეგად გრძნობს (იგავები 11:25). როგორც იესომ თქვა: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35). იესომ ისიც თქვა, რომ გაცემა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს (ლუკა 6:38).

      ასეთი გაცემა განსხვავდება ფორმალური ან იძულებითი გაცემისგან, რომლის კეთებაც საზოგადოებაში დამკვიდრებული წეს-ჩვეულების გამო გვიწევს. გაცემასთან დაკავშირებით ღვთის სიტყვაში წერია: „თითოეული ისე მოიქცეს, როგორც გულში გადაწყვიტა, ოღონდ არა უხალისოდ ან ნაძალადევად, რადგან ღმერთს სიხარულით გამცემი უყვარს“ (2 კორინთელები 9:7). ისინი, ვინც ითვალისწინებენ ამ ბიბლიურ პრინციპებს, მთელი გულით გასცემენ და ამას წელიწადის ნებისმიერ დროს აკეთებენ. ასეთი სახის გაცემას კურთხევები მოჰყვება და არასოდეს არის დამამძიმებელი.

      სიყალბე

      ბიბლიის ფონზე შობასთან დაკავშირებული ტრადიციების განხილვისას აშკარად ჩანს, რომ ისინი ან წარმართული წარმოშობისაა ან ბიბლიაში ჩაწერილი ისტორიის დამახინჯება. ფაქტია, რომ ქრისტესშობას ქრისტესთან მხოლოდ სახელი აკავშირებს. როგორ შეიძინა ამ დღესასწაულმა ქრისტიანული სახე? როგორც ბიბლიაში იყო ნაწინასწარმეტყველები, ქრისტეს სიკვდილიდან რამდენიმე საუკუნის შემდეგ მრავალი ცრუმასწავლებელი გამოჩნდა (2 ტიმოთე 4:3, 4). ამ უსინდისო ადამიანებისთვის ჭეშმარიტების სწავლებაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ წარმართთათვის მიმზიდველი გაეხადათ ქრისტიანობა. ამგვარად, მათ წარმართებისგან თანდათანობით გადმოიღეს გავრცელებული დღესასწაულები და ქრისტიანულად „მონათლეს“.

      ბიბლიაში ასეთ ცრუმასწავლებლებზე ნათქვამი იყო: „გამოგიყენებენ ყალბი სიტყვებით, მაგრამ მათთვის ძველთაგანვე გამოტანილი სასჯელი არ აყოვნებს და მათი დაღუპვა არ თვლემს“ (2 პეტრე 2:1—3). იეჰოვას მოწმეები ამ სიტყვებს სერიოზულად ეკიდებიან, რადგან მთელ ბიბლიას ღვთის სიტყვად მიიჩნევენ (2 ტიმოთე 3:16). ამიტომ მათთვის მიუღებელია ცრუ რელიგიასთან დაკავშირებული ყველა ტრადიცია და დღესასწაული. ნიშნავს ეს იმას, რომ ამით ისინი ცხოვრებაში სიხარულს იკლებენ? არა. მომდევნო სტატიიდან დავინახავთ, რომ მათ საკუთარ თავზე გამოსცადეს, როგორ ათავისუფლებს ადამიანებს ბიბლიური ჭეშმარიტება.

      [სქოლიოები]

      a ზოგიერთ მართლმადიდებლურ ქვეყანაში ქრისტეშობას 7 იანვარს აღნიშნავენ. ამ ქვეყნებში მართლმადიდებლური ეკლესია გრეგორიანული კალენდრის ნაცვლად იულიუსის კალენდრით ხელმძღვანელობს, რის გამოც ეს დღე 7 იანვარს აღინიშნება. აქედან გამომდინარე, იულიუსის კალენდრის მიხედვით 25 დეკემბერი 7 იანვარია. ამიტომ ამ სტატიაში მოყვანილი არგუმენტები 7 იანვრის დღესასწაულსაც ეხება.

      b როგორც ჩანს, იესო ებრაული კალენდრის მიხედვით ეთანის თვეში (სექტემბერ-ოქტომბერი) დაიბადა. იხილეთ „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტომი 2, გვერდი 56 (ინგლ.). გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

      [ჩარჩო⁄სურათი 8 გვერდზე]

      რაც დათესეს, ის მოიმკეს

      იყო დრო, როცა ეკლესიის მესვეურნი „შეუპოვრად ებრძოდნენ წარმართობის გადმონაშთებს“, — ნათქვამია ერთ წიგნში (Christmas Customs and Traditions—Their History and Significance). მაგრამ დროთა განმავლობაში ეკლესიის წინამძღოლებისთვის მრევლის სიმრავლე უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე ჭეშმარიტების სწავლება. ამიტომ მათ მოუწიათ თვალის დახუჭვა წარმართულ ჩვეულებებზე. მოგვიანებით კი ეს ჩვეულებები შეისისხლხორცეს.

      ბიბლიაშია ნათქვამია: „კაცი რასაც თესავს, იმას მოიმკის“ (გალატელები 6:7). მას შემდეგ, რაც ეკლესიამ წარმართობის თესლი დათესა, რა გასაკვირია, რომ მან „სარეველა“ მოიმკა. დღესასწაული, რომლითაც ვითომდა იესოს შობა აღინიშნება, ლოთობისა და ღრეობის საბაბი ხდება. ამ დროს ხალხს სავაჭრო ცენტრებისკენ უფრო მიუწევს გული, ვიდრე ეკლესიებისკენ, ოჯახები ვალებში ეფლობიან, ბავშვები კი სინამდვილეს სიცრუისგან და იესო ქრისტეს სანტა-კლაუსისგან ვეღარ არჩევენ. ღმერთი ტყუილუბრალოდ არ გვაფრთხილებს: „უწმინდურს ნუღარ მიეკარებით“ (2 კორინთელები 6:17).

      [სურათები 7 გვერდზე]

      სატურნალიის დღესასწაულის მსგავსად, შობა-ახალი წლისთვისაც დამახასიათებელია დროს ტარება და ჭამა-სმა

      [საავტორო უფლება]

      © Mary Evans Picture Library

  • „ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“
    გამოიღვიძეთ! — 2010 | დეკემბერი
    • „ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“

      იესოს ეს სიტყვები, რომელიც იოანეს 8:32-შია ჩაწერილი, სრული ჭეშმარიტებაა. ბიბლიური ჭეშმარიტება გვათავისუფლებს ცრურწმენისა და ისეთი წეს-ჩვეულებებისგან, რომლებიც არც ღმერთს მოსწონს და ჩვენთვისაც საზიანოა. ქვემოთ მოყვანილი ციტატებიდან ჩანს, როგორ გაათავისუფლა ბიბლიურმა ჭეშმარიტებამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები არაერთი ადამიანი შობა-ახალ წელთან დაკავშირებული დამამძიმებელი წეს-ჩვეულებებისგან.

      ისინი ბიბლიურმა ჭეშმარიტებამ გაათავისუფლა

      არგენტინა. „ჩვენი ოჯახი გადაეჩვია გადამეტებულ ჭამა-სმას. აღარც იმაზე გვიწევს ფიქრი, სად ვიშოვოთ ფული საჩუქრებისთვის“, — ამბობს ოსკარი.

      მარიომ დიდი შვება იგრძნო, როცა გაიგო, რომ ეს ყველაფერი, როგორც თვითონ ამბობს „საშობაო ტყუილი“ ყოფილა. ის ამბობს: „მიხარია, რომ თუ საშუალება მაქვს, მადლიერების ნიშნად წელიწადის ნებისმიერ დროს შემიძლია საჩუქრები გავუკეთო სხვებს“.

      კანადა. „საჩუქრის ჩუქებაც მიყვარს და მიღებაც, — წერს ელფი. — მაგრამ არ მიყვარს ფორმალურად გაკეთებული საჩუქრები. დავისვენეთ მას შემდეგ, რაც აღარ აღვნიშნავთ შობა-ახალ წელს“.

      ული, ელფის ერთ-ერთი ქალიშვილი ამბობს: «მას შემდეგ, რაც ჩემმა მშობლებმა შეწყვიტეს შობის აღნიშვნა, მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა სიურპრიზებითა და საჩუქრებით გვანებივრებდნენ, რაც ძალიან მოგვწონდა. როცა კლასელები გვეკითხებოდნენ, რასთან დაკავშირებით გვჩუქნიდნენ, ჩვენ ამაყად ვპასუხობდით: „უბრალოდ, ისე!“ ნათესავების წინააღმდეგობის გამო ჩვენი მშობლებისთვის ბიბლიური პრინციპებით ცხოვრება არ იყო ადვილი, მაგრამ ისინი სიმტკიცეს ინარჩუნებდნენ. ჩემი მშობლების სიმტკიცემ ჩემზეც დიდი გავლენა მოახდინა».

      როგორც სილვია ამბობს, მას შემდეგ, რაც შობა-ახალი წლის აღნიშვნას თავი დაანება, შვება იგრძნო. ის ამბობს: „თავს ბევრად უკეთ ვგრძნობდი. მახარებდა ის, რომ ეს ღმერთს სიამოვნებდა. ასეთ სიხარულს ათასობით შობა-ახალი წელიც ვერ მომანიჭებდა“.

      კენია. პიტერი წერს: „როცა შობას ვზეიმობდი, საჩუქრების საყიდლად და ძვირფასი სუფრის გასაშლელად ვალების აღება მიწევდა. ამიტომ ბევრს ვმუშაობდი, რის გამოც ოჯახს დროს ვეღარ ვუთმობდი. რა ბედნიერება იყო ჩემთვის ამ ყველაფრისგან გათავისუფლება“.

      „მე, ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები საჩუქრებს წელიწადის ნებისმიერ დროს ვჩუქნით ერთმანეთს, — ამბობს კეროლაინი. — ჩემი აზრით გულიდან გამომდინარე მოულოდნელი საჩუქრები გაცილებით სასიამოვნოა“.

      იაპონია. „ჩვენი შვილები, — წერენ ჰიროში და რიე, — საჩუქრებს კონკრეტულ დღეს არ ელოდებიან, ამიტომ უფრო მეტად აფასებენ მათ. მათ ესმით, რომ გაცემა გულიდან უნდა მომდინარეობდეს. ჩვენ კი, როგორც მშობლებს, ეს ძალიან გვახარებს“.

      კეიკო ამბობს: «ჩვენი ოჯახი ყოველთვის აღნიშნავდა შობა-ახალ წელს. როცა ჩვენი ბიჭი იძინებდა, მე და ჩემი მეუღლე საჩუქარს საწოლთან ვუდებდით, დილით კი ვეუბნებოდით: „სანტა-კლაუსმა საჩუქარი მოგიტანა, რადგან კარგად იქცეოდი“. როდესაც შობის შესახებ სიმართლე გავიგე და ამაზე ჩემს ვაჟსაც ვესაუბრე, ის გაოგნდა და ატირდა. მაშინღა მივხვდი, რომ შობა-ახალი წელი არც ისე კარგია, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. ეს არის ტყუილი, რომელსაც ჩემდა უნებურად ჩემს შვილსაც ვაჯერებდი».

      ფილიპინები. დეივი ამბობს: „ძნელია სიტყვებით გადმოვცე ის სიხარული, რომელიც ბიბლიიდან ჭეშმარიტების გაგების შემდეგ ვიგრძენი. როდესაც სხვებს ვჩუქნით საჩუქრებს, სანაცვლოდ არაფერს ველოდებით და ამას მთელი გულით ვაკეთებთ“.

      ეს ადამიანები მხოლოდ ერთეულები არიან იმ მილიონთა შორის, რომლებიც პირადად დარწმუნდნენ, რომ ბიბლიური ჭეშმარიტება ათავისუფლებს. და რაც მთავარია, როცა ადამიანი ჭეშმარიტების თანახმად ცხოვრობს, ღმერთს უხარებს გულს (იგავები 27:11). იესო ქრისტემ თქვა: „ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები მამას სულითა და ჭეშმარიტებით სცემენ თაყვანს, რადგან მამა სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის“ (იოანე 4:23). ხედავს ღმერთი თქვენს გულშიც ჭეშმარიტების წყურვილს? ვიმედოვნებთ, რომ პასუხი დადებითია.

      [სურათი 9 გვერდზე]

      ქრისტიანები სიყვარულით გასცემენ წლის ნებისმიერ დროს

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება