საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • საშობაო წეს-ჩვეულებები — ქრისტიანულია ისინი?
    საგუშაგო კოშკი — 2000 | 15 დეკემბერი
    • გთხოვთ, დრო გამოუყოთ მექსიკური ჩვეულებების რამდენიმე დეტალის გამოკვლევას. ეს შეიძლება ამ დღესასწაულთან დაკავშირებით საკუთარი თვალსაზრისის ჩამოყალიბებაში დაგეხმაროთ.

      „პოსადასი“, „მოგვები“და „ნასიმიენტო“

      დღესასწაული იწყება 16 დეკემბერს „პოსადას“-ით. ერთ წიგნში, რომელიც მექსიკურ დღესასწაულებს ეხება, ნათქვამია: «დგება „პოსადას“-ის მომაჯადოებელი ცხრა დღე, რომელიც წინ უძღვის შობის წინადღეს. ამ ღონისძიებით აღნიშნავენ იოსებისა და მარიამის ბეთლემში ეულად ხეტიალსა და ბოლოს თავშესაფრის პოვნას. ოჯახები და მეგობრები ყოველ საღამოს ერთად იკრიბებიან, რათა გაიხსენონ იესოს დაბადების წინა დღეები» (Mexico’s Feasts of Life).

      ტრადიციულად, ადამიანთა ჯგუფი მარიამისა და იოსების სტატუებით მიდის რომელიმე სახლთან და სიმღერით თავშესაფარს ანუ „პოსადას“ თხოულობს. სახლში მყოფები სიმღერითვე პასუხობენ და ბოლოს სტუმრებს შინ შესვლის ნებას რთავენ. შემდეგ იწყება ქეიფი, სადაც ერთ-ერთი თვალებახვეული და ხელჯოხმომარჯვებული მონაწილე „პინატას“, დიდი დეკორატიული თიხის ქოთნის, დასამსხვრევად მიიკვლევს გზას; ეს ქოთანი კი თოკზეა ჩამოკიდებული. ქოთნის დამსხვრევის შემდეგ, ყველაფერს, რაც იქიდან ცვივა, (კამფეტები, ხილი და სხვა მისთანანი) მოზეიმეები კრეფენ. ამას კი ჭამა-სმა, მღერა და ცეკვა მოჰყვება. 16 დეკემბრიდან 23 დეკემბრამდე „პოსადას“ რვა ქეიფი იმართება. 24 დეკემბერს „ნოჩებუენას“ (შობის წინაღამეს) აღნიშნავენ და მთელი ოჯახი ცდილობს ყოველ მიზეზგარეშე დაესწროს განსაკუთრებულ სადილს.

      მალე ახალი წელი დადგება, დღესასწაული, რომელსაც დიდი ზარ-ზეიმით ხვდებიან. 5 იანვრის საღამოს „ტრეს რეიეს მაგოს“-ებმა („მოგვები“) სათამაშოები უნდა მიუტანონ ბავშვებს. ქეიფი კულმინაციას 6 იანვარს აღწევს, როდესაც სუფრაზე „როსკა დე რეიეს“-ი (პასქა) მოაქვთ. ამ პასქის ჭამისას, ვიღაცას თავის ნაჭერში შეხვდება პაწაწინა თოჯინა, რომლითაც ჩვილი იესოა წარმოდგენილი. ის, ვისაც თოჯინა შეხვდება, ვალდებულია, ორგანიზება გაუწიოს და უმასპინძლოს ხალხს საბოლოო ქეიფზე, რომელიც 2 თებერვალს იმართება (ზოგ ადგილას პასქაში სამ პაწაწინა თოჯინას დებენ, რომლებითაც „მოგვები“ ანუ „სამი ბრძენი მამაკაცია“ წარმოდგენილი). როგორც ხედავთ, შობასთან დაკავშირებული ქეიფი დაუსრულებლად გრძელდება.

      ამ დროის განმავლობაში დიდ ყურადღებას უთმობენ „ნასიმიენტოს“ (საშობაო სცენა). რა არის ეს? ხალხის თავშეყრის ადგილებში, ეკლესიებსა თუ სახლებში ამ სცენებს ფაიფურის, ხის ან თიხის (დიდი ან პატარა) ფიგურებით დგამენ და ბაგაში მწოლიარე ახალშობილთან მუხლმოყრილ იოსებსა და მარიამს წარმოადგენენ. ხშირად სცენაში ჩართული არიან მწყემსები და „ლოს რეიეს მაგოს“ (მოგვები). დეკორაციას ცხოველების სადგომი წარმოადგენს, ირგვლივ შეიძლება რამდენიმე ცხოველიც ჩანდეს. მაგრამ ცენტრალური ფიგურა ახალშობილია, რომელსაც ესპანურად „ელ ნინიო დიოს“-ი (ბავშვი ღმერთი) ეწოდება. ეს მთავარი ფიგურა შეიძლება ამ სცენაში შობისწინა დღეს იქნეს ჩართული.

      საშობაო ტრადიციების უფრო გულდასმით გამოკვლევა

      მთელ მსოფლიოში გავრცელებული საშობაო დღესასწაულის შესახებ ენციკლოპედია „ამერიკანა“ ამბობს: „ჩვეულებათა უმეტესობას, რომლებიც დღეს შობასთანაა დაკავშირებული, თავიდან არავითარი საერთო არ ჰქონდა შობის დღესასწაულთან, არამედ ქრისტიანულმა ეკლესიებმა ისინი წინაქრისტიანული პერიოდიდან და არაქრისტიანული ჩვეულებებიდან გადმოიღეს. საშობაო წეს-ჩვეულებებში ძალიან ბევრი რამ არის ჩართული სატურნალიიდან, ანუ დღესასწაულიდან, რომელსაც რომაელები დეკემბრის შუა რიცხვებში აღნიშნავდნენ. ამ დღესასწაულიდან იქნა გადმოღებული, მაგალითად, ნადიმები, საჩუქრების ჩუქებისა და სანთლების დანთების ტრადიცია“.

      ლათინურ ამერიკაში ძირითად საშობაო ჩვეულებებს შეიძლება სხვებიც დაერთოს. რის საფუძველზე? — შეიძლება იკითხოთ თქვენ. პირდაპირ რომ ვთქვათ, მრავალს, ვისაც ბიბლიის თანახმად მოქმედება სურს, ესმის, რომ ზოგს ამ ჩვეულებათაგან არაფერი საერთო აქვს ბიბლიასთან, არამედ მთლიანად აცტეკურია. მეხიკოში გამომავალი გაზეთი „იუნივერსალი“ აღნიშნავდა: „სხვადასხვა ორდენის წარმომადგენელმა ბერებმა ისარგებლეს იმით, რომ ინდიელთა რიტუალებისა და კათოლიკური ლიტურგიების კალენდრები ერთმანეთს ემთხვეოდა და ეს თავიანთი სამქადაგებლო და მისიონერული საქმიანობისთვის გამოიყენეს. მათ ინდიელთა ღვთაებებისადმი მიძღვნილი დღესასწაულები ქრისტიანული ღვთაებების დღესასწაულებად შეცვალეს; დაამკვიდრეს ევროპული დღესასწაულები და საყოველთაო ზეიმები, მათში ჩართეს ინდიელთა დღესასწაულებიც, რასაც შედეგად კულტურათა სინკრეტიზმი მოჰყვა. სწორედ აქედან იღებს სათავეს თავდაპირველი მექსიკური სახელწოდებები“.

      ენციკლოპედია „ამერიკანა“ განმარტავს: „საშობაო სცენები მალე შობის დღესასწაულის ნაწილი გახდა. . . ეკლესიებში საშობაო გამოქვაბულის [საშობაო სცენების] დადგმა, როგორც ამბობენ წმინდა ფრანცისკოს დროიდან დაიწყეს“. ეს სცენები, რომლებითაც ქრისტეს დაბადებაა წარმოდგენილი, მექსიკის კოლონიზაციის დასაწყისში ეკლესიებში იდგმებოდა. მათ ფრანცისკელი ბერები დგამდნენ, რათა ამით ინდიელებისთვის შობის შესახებ ესწავლებინათ. მოგვიანებით „პოსადას“-ი უფრო პოპულარული გახდა. როგორი წარმოშობაც უნდა ჰქონდეს ამ სცენებს, „პოსადას“ დღევანდელი სახე თავისთავად ცხადყოფს მის ნამდვილ ბუნებას. თუ ამ დროს მექსიკაში მოხვდებით, შეგიძლიათ ნახოთ ან იგრძნოთ ის, რასაც ხაზი გაუსვა „იუნივერსალის“ მიმომხილველმა: «„პოსადას“-ი, რომელიც იმ მიზნით იდგმებოდა, რომ ადამიანებისთვის შეეხსენებინათ, თუ როგორ ეძებდნენ იესოს მშობლები თავშესაფარს, სადაც ბავშვი ღმერთის შობა იქნებოდა შესაძლებელი, დღეს მხოლოდ ლოთობის, ექსცესების, ღორმუცელობის, უსაქმურობისა და სულ უფრო და უფრო მეტი დამნაშავეობის დღეებია».

      „ნასიმიენტო“-ს შესახებ იდეა კოლონიალიზმის დროს დაიბადა და საწყისი ეკლესიებში დადგმული სცენებიდან აიღო. მიუხედავად იმისა, რომ ზოგისთვის ყოველივე ეს მიმზიდველია, წარმოდგენილია თუ არა ამ სცენებით ზუსტად ის, რასაც ბიბლია ამბობს? ეს საყურადღებო კითხვაა. როდესაც ეგრეთ წოდებული სამი ბრძენი მამაკაცი, რომლებიც სინამდვილეში ასტროლოგები იყვნენ, ცხოველების სადგომში შევიდნენ იესო და მისი მშობლები იქ აღარ იყვნენ. გავიდა დრო და ისინი საცხოვრებლად სახლში გადავიდნენ. თქვენთვის ძალზე საინტერესო იქნება ამ დეტალის ღვთის შთაგონებით დაწერილ მათეს 2:1, 11-ში წაკითხვა. იმასაც შენიშნავთ, რომ ბიბლია არაფერს ამბობს ასტროლოგების რაოდენობაზეa.

      ლათინურ ამერიკაში სანტა კლაუსი მოგვებმა შეცვალეს. დღეს იქაც, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, მრავალი მშობელი სახლში სადმე გადამალავს ხოლმე სათამაშოებს, შემდეგ კი 6 იანვარს, დილით, ბავშვები, თითქოს მოგვების მოტანილ, სათამაშოებს ეძებენ. გამყიდველებისთვის ეს ფულის გაკეთების დროა და, როგორც მრავალი გულწრფელი ადამიანი ხვდება, ისინი მხოლოდ და მხოლოდ შეთხზული ამბების წყალობით იღებენ დიდძალ შემოსავალს. მოგვების შესახებ მითმა საკმაოდ ბევრის თვალში, მათ შორის პატარა ბავშვების თვალშიც კი, დაკარგა დამაჯერებლობა. თუმცა მრავალს არ მოსწონს, რომ ეს მითი კარგავს მორწმუნეებს, რას შეიძლება ადამიანი მოელოდეს შეთხზული ისტორიიდან, რომელიც მხოლოდ ტრადიციების დასაცავად და ფულის მოსაგებად განაგრძობს არსებობას?

  • საშობაო წეს-ჩვეულებები — ქრისტიანულია ისინი?
    საგუშაგო კოშკი — 2000 | 15 დეკემბერი
    • a არ უნდა უგულებელვყოთ ერთი დეტალიც: მექსიკურ „ნასიმიენტოში“-ში ჩვილ იესოს „ბავშვი ღმერთი“ ეწოდება, რაშიც ის აზრია ჩადებული, რომ ის ღმერთი იყო და ბავშვის სახით მოევლინა დედამიწას. მაგრამ ბიბლია იესოს წარმოგვიდგენს ღვთის ძედ, რომელიც დედამიწაზე იშვა; ის არ ყოფილა ღმერთი ანუ იეჰოვას, ყოვლისშემძლე ღმერთის, თანასწორი. ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში დასარწმუნებლად შეგიძლიათ შემდეგი ბიბლიური მუხლების ხილვა: ლუკა 1:35; იოანე 3:16; 5:37; 14:1, 6, 9, 28; 17:1, 3; 20:17.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება