საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w98 9/15 გვ. 15-20
  • „იმედით“ ლოდინი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • „იმედით“ ლოდინი
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • სიფხიზლე ქრისტეს თანდასწრების პერიოდში
  • რისთვის მოდის იესო?
  • მთელი გულით ველოდოთ ქრისტეს გამოცხადებას
  • „ქმნილება იმედით მოელის“
  • იეჰოვას სულგრძელობა გადარჩენას ნიშნავს
  • მოთმინებით ლოდინი
  • ვიხაროთ იმედში
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2012
  • დაელოდეთ!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2015
  • ჩვენი მეფე და წინამძღოლი
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2010
  • ყველა გათავისუფლდება
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
w98 9/15 გვ. 15-20

„იმედით“ ლოდინი

„ქმნილება იმედით მოელის ღვთის შვილთა გამოცხადებას“ (რომაელთა 8:19).

1. რა მსგავსებაა დღევანდელი და პირველი საუკუნის ქრისტიანების მდგომარეობებს შორის?

ჭეშმარიტ ქრისტიანთა დღევანდელი მდგომარეობა პირველი საუკუნის ქრისტიანების მდგომარეობას ჰგავს. იმ დღეებში იეჰოვას მსახურებს წინასწარმეტყველება დაეხმარა მესიის გამოჩენის დროის გაგებაში (დანიელი 9:24–26). იმავე წინასწარმეტყველებაში იერუსალიმის განადგურებაზეცაა ლაპარაკი, მაგრამ ქრისტიანებისთვის კონკრეტული არაფერი იყო მითითებული ქალაქის განადგურების ზუსტ დროსთან დაკავშირებით (დანიელი 9:26ბ, 27). ღვთის ნებით წინასწარმეტყველებამ ბიბლიის მე-19 საუკუნის გულწრფელ მკვლევარებშიც გააღვიძა მოლოდინის გრძნობა. დანიელის 4:22-დან [ძვო] ‘შვიდი ჟამისა’ და ‘წარმართთა ჟამის’ ერთმანეთთან დაკავშირების შედეგად, ისინი მოელოდნენ, რომ ქრისტე 1914 წელს მიიღებდა სამეფო ძალაუფლებას (ლუკა 21:24; ეზეკიელი 21:30–32). თუმცა დანიელის წიგნი მრავალ წინასწარმეტყველებას შეიცავს, არც ერთი მათგანი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ბიბლიის თანამედროვე მკვლევარებმა ზუსტად გამოთვალონ, როდის განადგურდება მთლიანად სატანის სისტემა (დანიელი 2:31–44; 8:23–25; 11:36, 44, 45). მაგრამ ეს მალე მოხდება, რადგან ჩვენ ახლა ‘უკანასკნელ ჟამს’ ვცხოვრობთ (დანიელი 12:4)a.

სიფხიზლე ქრისტეს თანდასწრების პერიოდში

2, 3. ა) რა არის იმის უდიდესი დამადასტურებელი, რომ ქრისტეს სამეფო ძალაუფლებით თანდასწრების პერიოდში ვცხოვრობთ? ბ) რა ცხადყოფს, რომ ქრისტიანები ფხიზლად უნდა ყოფილიყვნენ იესო ქრისტეს თანდასწრების პერიოდში?

2 მართალია, წინასწარმეტყველებამ 1914 წელს ქრისტეს სამეფო ძალაუფლებით აღჭურვამდე ქრისტიანებში მოლოდინის გრძნობა წარმოშვა, მაგრამ ქრისტემ თავისი თანდასწრებისა და ამ სისტემის აღსასრულის დამახასიათებელ ‘ნიშნად’ მოვლენები მოიყვანა. ისიც აღსანიშნავია, რომ მათი უმეტესობა მისი თანდასწრების დაწყების შემდეგ უნდა მომხდარიყო. ისეთი მოვლენები როგორიცაა: ომები, შიმშილი, მიწისძვრები, ეპიდემიები, უკანონობის გამრავლება, ქრისტიანების დევნა და სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის მსოფლიო მასშტაბით ქადაგება, იმის უდიდეს დადასტურებას წარმოადგენს, რომ ქრისტეს სამეფო ძალაუფლებით თანდასწრების პერიოდში ვცხოვრობთ (მათე 24:3–14; ლუკა 21:10, 11).

3 მაგრამ სიკვდილის წინ იესოს მიერ მოწაფეებისთვის მიცემული რჩევის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ ‘ფრთხილად ყოფილიყვნენ და ეფხიზლათ’ (მარკოზი 13:33, 37; ლუკა 21:36). ამ დარიგების კონტექსტის გულმოდგინე წაკითხვა ცხადყოფს, რომ ქრისტე უმთავრესად თავისი თანდასწრების დაწყების აღმნიშვნელი ნიშნის მიმართ ფხიზლად ყოფნაზე არ ლაპარაკობდა. პირიქით, მან ჭეშმარიტ მოწაფეებს დაავალა, ფხიზლად ყოფილიყვნენ მისი თანდასწრების განმავლობაში. რატომ უნდა ეფხიზლათ ჭეშმარიტ ქრისტიანებს?

4. რა მიზანს მოემსახურებოდა იესოს მიერ მოცემული ნიშანი?

4 იესომ მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველება თქვა პასუხად კითხვაზე: «როდის მოხდება ეს [მოვლენები, რომლებსაც იუდეველთა სისტემის განადგურება მოჰყვება] და რა იქნება შენი მოსვლისა [„თანდასწრებისა“, აქ] და წუთისოფლის აღსასრულის ნიშანი?» (მათე 24:3). ნაწინასწარმეტყველები ნიშანი მხოლოდ იესოს თანდასწრების განმსაზღვრელი კი არ იქნებოდა, არამედ იმ მოვლენებისაც, რომლებსაც თანამედროვე ბოროტი სისტემის აღსასრული მოჰყვებოდა.

5. როგორ აჩვენა იესომ, რომ სულიერი თანდასწრების მიუხედავად, მისი ‘მოსვლა’ ჯერ კიდევ წინ იქნებოდა?

5 იესომ აღნიშნა, რომ ‘თანდასწრების’ (ბერძნულად „პაროუსია“) დროს ის ძალითა და დიდებით მოვიდოდა. ასეთ ‘მოსვლასთან’ დაკავშირებით (რომელიც გადმოიცემა ბერძნული სიტყვის „ერქომაის“ სხვადასხვა ფორმით), მან განაცხადა: „მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ზეცაში და მაშინ მოჰყვება მოთქმას დედამიწის ყველა ტომი, და იხილავენ კაცის ძეს, ცის ღრუბლებზე მომავალს, დიადი ძალითა და დიდებით. . . ლეღვისაგან ისწავლეთ მაგალითი: როცა მისი რტოები დარბილდება და ფოთლებს მოისხამს, იცით, რომ ახლოა ზაფხული. ასევე, როდესაც თქვენ იხილავთ ყოველივე ამას, იცოდეთ, რომ [იესო] კარზეა მომდგარი. . . ამიტომ ფხიზლად იყავით, რადგან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი. . . ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, რომელ საათსაც არ ფიქრობთ, მაშინ მოვა ძე კაცისა“ (მათე 24:30, 32, 33, 42, 44).

რისთვის მოდის იესო?

6. როგორ მოხდება ‘დიდი ბაბილონის’ განადგურება?

6 მიუხედავად იმისა, რომ 1914 წლიდან მიმდინარეობს იესო ქრისტეს, როგორც მეფის, თანდასწრება, მან ბოროტებისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანამდე, სისტემები და ცალკეული ადამიანები უნდა გაასამართლოს (შეადარეთ 2 კორინთელთა 5:10). მალე იეჰოვა პოლიტიკურ მმართველებს აღძრავს, გაანადგურონ „დიდი ბაბილონი“, ცრუ რელიგიის მსოფლიო იმპერია (გამოცხადება 17:4, 5, 16, 17). მოციქულმა პავლემ კონკრეტულად აღნიშნა, რომ იესო ქრისტე გაანადგურებს ‘ურჯულოების კაცს’ — ქრისტიანული სამყაროს განდგომილ სამღვდელოებას, ‘დიდი ბაბილონის’ კარგად ცნობილ ნაწილს. ის წერდა: „გამოჩნდება ურჯულო, რომელსაც უფალი იესო გაანადგურებს თავის ბაგეთა სულით და განაქარვებს თავისი მოსვლის გამოცხადებით“ (2 თესალონიკელთა 2:3, 8).

7. რა სამსჯავროს მოაწყობს ძე კაცისა, როდესაც დიდებით მოვა?

7 ახლო მომავალში ქრისტე ადამიანებს იმის საფუძველზე განსჯის, თუ როგორ ეპყრობიან ისინი ჯერ კიდევ დედამიწაზე მყოფ მის ძმებს. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ხოლო, როცა მოვა კაცის ძე თავისი დიდებით და ყველა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება თავისი დიდების ტახტზე. შეიყრება მის წინაშე ყოველი ერი და გამოარჩევს ერთიმეორისაგან, როგორც მწყემსი გამოარჩევს ხოლმე თხებს ცხვრებისაგან. და დააყენებს ცხვრებს თავის მარჯვნივ და თხებს — მარცხნივ. . . მეფე მიუგებს მათ [ცხვრებს] პასუხად: ‘ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რაც-კი გაუკეთეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, მე გამიკეთეთ. . . წავლენ ესენი [თხები] საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი — საუკუნო სიცოცხლეში“ (მათე 25:31–46).

8. როგორ აღწერს პავლე ქრისტეს მოსვლას უღვთო წუთისოფლისთვის გამოტანილი საბოლოო განაჩენის სისრულეში მოსაყვანად?

8 როგორც ცხვრებისა და თხების შესახებ იგავშია ნაჩვენები, იესო სისრულეში მოიყვანს მთელი უღვთო წუთისოფლისთვის გამოტანილ საბოლოო განაჩენს. პავლე ტანჯულ თანამორწმუნეებს არწმუნებდა: «განსვენება [„მოსვენება“ აფ] ჩვენთან ერთად, როდესაც უფალი იესო გამოცხადდება ციდან, თავისი ძალის ანგელოზებითურთ, რომელიც ცეცხლის ალით იძიებს შურს მათზე, ვინც არ შეიცნო ღმერთი და არ ემორჩილება უფალ იესოს სახარებას, ვინც სასჯელად მიიზღავს მარადიულ დაღუპვას უფლის პირისაგან და მისი სიძლიერის დიდებისგან. როცა ის მოვა, იმ დღეს, რათა განდიდდეს თავის წმიდებს შორის» (2 თესალონიკელთა 1:7–10). ნუთუ ამ ამაღელვებელმა მოვლენებმა, რომლებიც მოგველის, არ უნდა აღგვძრას, გამოვავლინოთ რწმენა და ფხიზლად დავხვდეთ ქრისტეს მოსვლას?

მთელი გულით ველოდოთ ქრისტეს გამოცხადებას

9, 10. რატომ ელოდებიან მთელი გულით ჯერ კიდევ დედამიწაზე მყოფი ცხებულები იესო ქრისტეს გამოცხადებას?

9 ‘უფალ იესოს ციდან გამოცხადებისას’ ბოროტები განადგურდებიან, ხოლო მართლები დაჯილდოვდებიან. ქრისტეს ცხებული ძმების დარჩენილი ნაწილის წევრები, რომლებიც ჯერ კიდევ დედამიწაზე არიან, შეიძლება ქრისტეს გამოცხადებამდე იტანჯებიან, მაგრამ ისინი ხარობენ თავიანთი დიდებული ზეციერი იმედით. ცხებულ ქრისტიანებს მოციქულმა პეტრემ მისწერა: „გიხაროდეთ, როგორც ქრისტეს ტანჯვათა მოზიარეებს, რათა თქვენც იხაროთ და იმხიარულოთ მისი დიდების გამოცხადებისას“ (1 პეტრე 4:13).

10 ცხებულები გადაწყვეტილებით არიან აღსავსე, შეინარჩუნონ ერთგულება, ვიდრე ქრისტე ‘შეკრებს მათ თავისთან’, ‘რათა გამოჩნდეს მათი ნაცადი რწმენა ქების, პატივისა და დიდებისათვის იესო ქრისტეს გამოცხადებისას’ (2 თესალონიკელთა 2:1; 1 პეტრე 1:7). ასეთ ერთგულ, სულითშობილ ქრისტიანებთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას: „ქრისტეს მოწმობა განმტკიცდა თქვენში, — ისე, რომ არ გაკლიათ არავითარი ნიჭი ჩვენი უფლის იესო ქრისტეს გამოცხადების მოლოდინში“ (1 კორინთელთა 1:6, 7).

11. რას აკეთებენ ცხებული ქრისტიანები იესო ქრისტეს გამოცხადების მოლოდინში?

11 ცხებულთა დარჩენილი ნაწილი იზიარებს პავლეს აზრს, რომელმაც დაწერა: „ვფიქრობ, რომ ახლანდელი ტანჯვანი არაფერია იმ დიდებასთან შედარებით, რომელიც გამოვლინდება ჩვენს მიმართ“ (რომაელთა 8:18). მათ რწმენის შესანარჩუნებლად არ სჭირდებათ დროის გამოთვლა. ისინი იეჰოვას მსახურებით არიან დაკავებული, რითაც თავიანთ მეგობარ ‘სხვა ცხვრებს’ შესანიშნავ მაგალითს აძლევენ (იოანე 10:16). ცხებულებმა იციან, რომ ამ ბოროტი სისტემის აღსასრული ახლოსაა და მიჰყვებიან პეტრეს რჩევას: „შემოისარტყლეთ თქვენი გონების წელნი, იფხიზლეთ და იესო ქრისტეს გამოცხადებაში თქვენთვის მოსანიჭებელი მადლის სრული იმედი იქონიეთ“ (1 პეტრე 1:13).

„ქმნილება იმედით მოელის“

12, 13. როგორ გახდა ქმნილება ‘ხრწნილების მონა’ და რა სწყურიათ სხვა ცხვრებს?

12 არსებობს თუ არა რაღაც, რასაც სხვა ცხვრებიც იმედით მოელიან? უეჭველად. პავლემ მას შემდეგ, რაც აღნიშნა იეჰოვას სულითშობილი ‘შვილების’, ზეციერ სამეფოში ‘ქრისტეს თანამემკვიდრეების’, დიდებული იმედის შესახებ, თქვა: „ქმნილება იმედით მოელის ღვთის შვილთა გამოცხადებას. რადგან ქმნილება თავისი ნებით კი არ დაემორჩილა ამაოებას, არამედ მისი დამმორჩილებლის მიერ სასოებით. რომ თვით ქმნილებაც გათავისუფლდება ხრწნილების მონობისაგან ღვთის შვილთა დიდების თავისუფლებისათვის“ (რომაელთა 8:14–21; 2 ტიმოთე 2:10–12).

13 ადამის ცოდვის გამო ყველა მისი შთამომავალი ‘ხრწნილებას დაემონა’ და ცოდვისა და სიკვდილის მონობაში დაიბადა. მათ არ შეუძლიათ საკუთარი თავის ამ მონობისგან დახსნა (ფსალმუნი 48:8; რომაელთა 5:12, 21). ო, როგორ სწყურიათ სხვა ცხვრებს ‘ხრწნილების მონობისგან გათავისუფლება’! მაგრამ ამის მოხდენამდე იეჰოვას დროებისა და ვადების შესაბამისად გარკვეული მოვლენები უნდა განვითარდეს.

14. რას ნიშნავს ‘ღვთის შვილთა გამოცხადება’ და როგორ მოჰყვება მას კაცობრიობის ‘ხრწნილების მონობისგან გათავისუფლება’?

14 ჯერ უნდა ‘გამოცხადდეს’ ცხებულ „ღვთის შვილთა“ დარჩენილი ნაწილი. რას ნიშნავს ეს? ღვთის მიერ დანიშნულ დროს, სხვა ცხვრებისთვის ნათელი გახდება, რომ ცხებულებს საბოლოოდ ‘დაესვათ ბეჭედი’ და ქრისტესთან ერთად მეფობის დიდებით შეიმოსნენ (გამოცხადება 7:2–4). მკვდრეთით აღდგენილი ‘ღვთის შვილები’ მაშინაც ‘გამოცხადდებიან’, როდესაც ქრისტესთან ერთად სატანის ბოროტი სისტემის განადგურებაში მიიღებენ მონაწილეობას (გამოცხადება 2:26, 27; 19:14, 15). შემდეგ, ქრისტეს ათასწლიანი მეფობის განმავლობაში, ისინი კვლავ ‘გამოცხადდებიან’ როგორც სამღვდელოება, რომელიც იესოს გამომსყიდველური მსხვერპლიდან გამომდინარე სარგებლობის ‘ქმნილებისათვის’ გადამცემი არხი იქნებიან. ამას შედეგად ‘ხრწნილების მონობისგან’ კაცობრიობის ‘გათავისუფლება’ და საბოლოოდ ‘ღვთის შვილთა დიდების თავისუფლებაში’ შესვლა მოჰყვება (რომაელთა 8:21; გამოცხადება 20:5; 22:1, 2). განა გასაკვირია, რომ ასეთი დიდებული მომავლის მისაღებად სხვა ცხვრები ‘იმედით მოელიან ღვთის შვილთა გამოცხადებას’? (რომაელთა 8:19).

იეჰოვას სულგრძელობა გადარჩენას ნიშნავს

15. რა არ უნდა დაგვავიწყდეს არასოდეს იეჰოვას მიერ ამა თუ იმ მოვლენებისთვის გამოყოფილ დროსთან დაკავშირებით?

15 იეჰოვაა დროის მეუფე. ამა თუ იმ მოვლენისთვის მის მიერ გამოყოფილი დრო ყოველთვის საუკეთესოა. მოვლენები შეიძლება ყოველთვის ისე არ წარიმართოს, როგორც პირადად ჩვენ მოველით, მაგრამ შეგვიძლია აბსოლუტურად ვიყოთ დარწმუნებული, რომ ღვთის ყველა დანაპირები შესრულდება (იესო ნავეს ძე 23:14). მან ესა თუ ის მოვლენა შეიძლება იმაზე დიდხანს დაუშვას, ვიდრე ამას მრავალი მოელის. მაგრამ მოდი ვეცადოთ, ჩავწვდეთ მის გზებს და ჩვენც აღვფრთოვანდეთ მისი სიბრძნით. პავლე წერდა: „ო! ღვთის სიმდიდრეთა და სიბრძნისა და შემეცნების სიღრმე! როგორი ჩაუწვდომელნი არიან მისი სამართალნი და მიუკვლეველნი მისი გზები! რადგან ვინ შეიცნო უფლის გონება? ვინ იყო მისი მრჩეველი?“ (რომაელთა 11:33, 34).

16. ვისთვისაა სარგებლობის მომტანი იეჰოვას სულგრძელობა?

16 პეტრე წერდა: «საყვარელნო, რაკი ამას [ძველი „ცისა“ და „მიწის“ განადგურებას და მათ შეცვლას ღვთის მიერ აღთქმული „ახალი ცითა“ და „ახალი მიწით“] ელოდებით, იბეჯითეთ, რომ შეუბღალავნი და უბიწონი წარსდგეთ მშვიდობით მის წინაშე, და ჩვენი უფლის სულგრძელობა მიიჩნიეთ ხსნად». იეჰოვას სულგრძელობა შესაძლებლობას აძლევს მილიონებს, რომ გადარჩნენ ‘უფლის [„იეჰოვას“, აქ] დღეს’, რომელიც „ქურდივით“ მოულოდნელად მოვა (2 პეტრე 3:9–15). მისი სულგრძელობა თითოეულ ჩვენგანსაც შესაძლებლობას გვაძლევს, ‘შიშითა და ძრწოლით ვიღწვოდეთ საკუთარი თავის სახსნელად’ (ფილიპელთა 2:12). იესომ თქვა, რომ უნდა ‘ვიფრთხილოთ’ და ‘ყოველჟამს ვიფხიზლოთ’, თუ გვინდა, რომ „კაცის ძის წინაშე“ მისთვის მოსაწონად და წარმატებით ‘წარვსდგეთ’ მის სამსჯავროზე (ლუკა 21:34–36; მათე 25:31–33).

მოთმინებით ლოდინი

17. მოციქულ პავლეს რომელი სიტყვები უნდა მივიტანოთ გულთან ახლოს?

17 პავლე სულიერ ძმებს მოუწოდებდა, ეყურათ ‘არა ხილულისთვის, არამედ უხილავისთვის’ (2 კორინთელთა 4:16–18). მას სურდა, რომ არაფერს დაებინდა მათ თვალთაგან მათთვის განკუთვნილი ზეციერი ჯილდო. ცხებული ქრისტიანები ვართ თუ სხვა ცხვრები, დაე ყოველთვის გვახსოვდეს მომავლის შესანიშნავი იმედი და არ მოვდუნდეთ! ‘მოთმინებით ველოდოთ’, რათა დავამტკიცოთ, რომ „მიქცეულთაგანნი კი არა ვართ დასაღუპავად, არამედ მორწმუნენი სულის სახსნელად“ (რომაელთა 8:25; ებრაელთა 10:39).

18. რატომ შეგვიძლია გულდაჯერებით დავტოვოთ იეჰოვას ხელში დროები და ვადები?

18 ჩვენ შეგვიძლია გულდაჯერებით დავტოვოთ დროები და ვადები იეჰოვას ხელში. მისი აღთქმების შესრულება „არ დაბრკოლდება“ და დანიშნულ დროს მოხდება (აბაკუმი 2:3). მანამდე კი პავლეს მიერ ტიმოთესთვის მიცემული რჩევა ჩვენთვის დამატებით მნიშვნელობას იძენს. მან თქვა: „გიმოწმებ ღვთისა და ქრისტე იესოს წინაშე, რომელიც განიკითხავს ცოცხლებსა და მკვდრებს თავისი მოსვლითა და თავისი სასუფევლით. იქადაგე სიტყვა, დაჟინებით, დროულად და უდროოდ. . . აკეთე მახარებლის საქმე, აღასრულე შენი მსახურება“ (2 ტიმოთე 4:1–5).

19. რის გაკეთების ჟამია ჯერ კიდევ იეჰოვას ხალხისთვის და რატომ?

19 საქმე ეხება როგორც ჩვენი, ისე ჩვენი მოყვასის, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს. პავლე წერდა: „გაუფრთხილდი თავს და სწავლებას. ამას უერთგულე, რადგან ასეთი მოქმედებით შენს თავსაც იხსნი და შენს მსმენელთაც“ (1 ტიმოთე 4:16). ამ ბოროტი წუთისოფლის არსებობის ჟამი იწურება. როდესაც იმედით ველოდებით მომავალ ამაღელვებელ მოვლენებს, დაე ყოველთვის გვახსოვდეს, რომ მის მიერ დანიშნული დროებისა და ვადების მიხედვით იეჰოვას ხალხისთვის ჯერ კიდევ არის სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგების ჟამი. ეს საქმიანობა ღვთის მოსაწონად უნდა შესრულდეს. იესოს ნათქვამის თანახმად, „მაშინ დადგება აღსასრული“ (მათე 24:14).

[სქოლიოები]

a იხილეთ მე-10 და მე-11 თავები წიგნში „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“, რომელიც გამოცემულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ.

გამეორებისთვის

◻ დროის გამოთვლასთან დაკავშირებით, რით ჰგავს ჩვენი და პირველი საუკუნის ქრისტიანთა მდგომარეობა ერთმანეთს?

◻ რატომ უნდა ‘ფხიზლობდნენ’ ქრისტიანები თვით ქრისტეს თანდასწრების პერიოდშიც კი?

◻ რატომ მოელის იმედით ქმნილება „ღვთის შვილთა გამოცხადებას“?

◻ რატომ შეგვიძლია დროები და ვადები გულდაჯერებით დავტოვოთ იეჰოვას ხელში?

[სურათი 17 გვერდზე]

ქრისტიანები უნდა ფხიზლობდნენ იესოს მოსვლის მოლოდინში.

[სურათი 18 გვერდზე]

ცხებულთა დარჩენილი ნაწილი იეჰოვასადმი მსახურებითაა დაკავებული; მათი რწმენა დროის გამოთვლაზე არაა დაფუძნებული.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება