-
მჟღავნდება მესიის მოსვლის დროყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!
-
-
„სამოცდაათი შვიდეული“ ცოდვათა დასაბეჭდად
13, 14. ა) რა მნიშვნელოვანი ცნობა მიაწოდა გაბრიელმა დანიელს? ბ) რა ხანგრძლივობის არის „სამოცდაათი შვიდეული“ და საიდან ვიცით ეს?
13 დანიელი შესანიშნავ პასუხს ღებულობს ლოცვაზე! იეჰოვა არა მარტო არწმუნებს მას, რომ იუდეველებს სამშობლოში დააბრუნებს, არამედ აღთქმული მესიის მოსვლის შესახებ უმნიშვნელოვანეს ცნობასაც აწვდის (დაბადება 22:17, 18; ესაია 9:6, 7). გაბრიელი ეუბნება დანიელს: „შენი ერისთვის და შენი წმიდა ქალაქისთვის სამოცდაათი შვიდეულია დადგენილი შეცოდების დასაფარავად, ცოდვათა დასაბეჭდად, უკეთურების დასაფარავად, სამარადისო სიმართლის დასამყარებლად, ხილვისა და წინასწარმეტყველების დასაბეჭდავად და წმიდათა წმიდის საცხებად. ოღონდ იცოდე და შეიგნე: მას შემდეგ, რაც გამოვა ბრძანება იერუსალიმის აღსადგენად და ასაშენებლად, შვიდი შვიდეული და სამოცდაორი შვიდეული გავა ცხებული მეფის მოსვლამდე. აღდგება ქუჩა და უბანი, ოღონდ ძნელბედობის ჟამს“ (დანიელი 9:24, 25).
14 ეს მართლაც შესანიშნავი ცნობა იყო! არა მარტო იერუსალიმი აღდგებოდა და თაყვანისმცემლობა განახლდებოდა ახალ ტაძარში, არამედ განსაზღვრულ დროს „ცხებული მეფეც“ მოვიდოდა. ეს კი „სამოცდაათ შვიდეულში“ უნდა მომხდარიყო. რადგანაც გაბრიელი დღეებს არ ახსენებს, აქ არ იგულისხმება შვიდდღიანი ხანგრძლივობის შვიდეულები, ანუ კვირები, რომლებიც მთლიანობაში 490 დღეს ანუ დაახლოებით წელიწადსა და ოთხ თვეს შეადგენს. იერუსალიმის ‘ქუჩებისა და უბნების’ ნაწინასწარმეტყველებ აღდგენას ამ პერიოდზე ბევრად დიდი დრო დასჭირდა. შვიდეულებში წლებისგან შემდგარი პერიოდი იგულისხმება. თითოეული ასეთი შვიდეული შვიდწლიანი ხანგრძლივობის იყო, რაც კარგად ჩანს ზოგ თანამედროვე თარგმანში. მაგალითად „თანახში“ („თანახი — საღვთო წერილი“, იუდეველთა საგამომცემლო საზოგადოება), დანიელის 9:24-ის სქოლიოში, აღნიშნულია, რომ შვიდეული „წლებისგან“ შედგებოდა. „ამერიკულ თარგმანში“ კი ნათქვამია: „შენი ერისთვის და შენი წმიდა ქალაქისთვის წლებისგან შემდგარი სამოცდაათი კვირაა დადგენილი“ (An American Translation). ეს სიტყვები მსგავსი სახით გვხვდება მოფატისა და როდერამის თარგმანებშიც.
15. რომელ სამ პერიოდად უნდა დაყოფილიყო „სამოცდაათი შვიდეული“ და როდის უნდა დაწყებულიყო ის?
15 ანგელოზის სიტყვების თანახმად, „სამოცდაათი შვიდეული“ სამ პერიოდად — „შვიდ შვიდეულად“, „სამოცდაორ შვიდეულად“ და ერთ შვიდეულად — უნდა დაყოფილიყო. ამას კი უნდა შეედგინა 49, 434 და 7 წელი, ანუ მთლიანად 490 წელი. საინტერესოა ერთ-ერთი თარგმანის სიტყვები: „შენი ერისთვის და შენი წმიდა ქალაქისთვის სამოცდაათჯერ შვიდი წელია დადგენილი“ (The Revised English Bible). ბაბილონში 70-წლიანი ტყვეობისა და ტანჯვის შემდეგ 490 (7-ჯერ 70) წლის მანძილზე ღმერთს განსაკუთრებული სახით უნდა ეკურთხებინა იუდეველები. ეს პერიოდი კი მაშინ უნდა დაწყებულიყო, როდესაც ‘გამოვიდოდა ბრძანება იერუსალიმის აღსადგენად და ასაშენებლად’. როდის მოხდებოდა ეს?
„სამოცდაათი შვიდეული“ იწყება
16. რა მიზნით დააბრუნა კიროსმა იუდეველები სამშობლოში, როგორც მისი ბრძანებიდან ჩანს?
16 „სამოცდაათი შვიდეულის“ დაწყება დაკავშირებული იყო სამ მნიშვნელოვან მოვლენასთან, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. პირველი იყო ძვ. წ. 537 წელს კიროსის მიერ იუდეველების სამშობლოში დაბრუნების შესახებ ბრძანების გამოცემა. მეფემ შემდეგი ბრძანება გასცა: „ასე ამბობს კიროსი, სპარსეთის მეფე: ქვეყნიერების ყველა სამეფო მომცა მე უფალმა, ცათა ღმერთმა, და მანვე მიბრძანა ავუშენო მას სახლი იერუსალიმში, იუდაში რომ არის. ვინ არის თქვენს შორის ამ ხალხიდან, ღმერთი იყოს მასთან! წავიდეს იერუსალიმში, იუდაში, და აუშენოს სახლი უფალს, ისრაელის ღმერთს. ეს არის ღმერთი, რომელიც იერუსალიმშია. დანარჩენებმა, ყველამ თავის ადგილიდან, ვინც კი სადმე ცხოვრობს, ხელი გაუმართოს მას ვერცხლით, ოქროთი, ყოველნაირი ქონებით, პირუტყვით — ნებაყოფლობითი ძღვენი გაიღოს იერუსალიმში მყოფი ღმერთის სახლისთვის“ (პირველი ეზრა 1:2—4). ნათელია, ბრძანების ძირითადი მიზანი ტაძრის — „უფლის სახლის“ — აღდგენა იყო.
17. რის უფლებას აძლევდა მეფის წერილი ეზრას იერუსალიმში ჩასვლისას?
17 მეორე მოვლენა სპარსეთის მეფე არტაქსერქსეს (არტაქსერქსე მაკროქეირი, ქსერქსე I-ის ძე) მეფობის მეშვიდე წელს მოხდა. ამ წელს მწიგნობარი ეზრა ოთხთვიანი მგზავრობის შემდეგ ბაბილონიდან იერუსალიმში ჩავიდა. მან თან ჩაიტანა მეფის სპეციალური წერილი, მაგრამ ეს წერილი არ იძლეოდა იერუსალიმის აღდგენის უფლებას. ეზრას მხოლოდ უნდა „შეემკო უფლის სახლი“. ამიტომაც წერილში მოხსენიებული იყო ოქრო, ვერცხლი, წმიდა ჭურჭელი და აგრეთვე შესაწირავები — ხორბალი, ღვინო, ზეთი და მარილი, რომლებიც ტაძარში თაყვანისმცემლობისთვის უნდა გამოეყენებინათ. გარდა ამისა, წერილში ნათქვამი იყო, რომ მეფე გადასახადებისგან ათავისუფლებდა ტაძრის მსახურებს (პირველი ეზრა 7:6—27).
18. რამ დაამწუხრა ნეემია და როგორ შეიტყო მეფე არტაქსერქსემ ეს?
18 მესამე მნიშვნელოვანი მოვლენა 13 წლის შემდეგ, სპარსეთის მეფე არტაქსერქსეს მეფობის მეოცე წელს, მოხდა, როდესაც ნეემია მეფის მწდე იყო „სატახტო ქალაქ შუშანში“. იერუსალიმი ნაწილობრივ უკვე აღდგენილი ჰქონდათ ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნებულ იუდეველებს. მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ იყო მოსაგვარებელი. ნეემიამ შეიტყო, რომ ‘იერუსალიმის კედელი დანგრეული, ხოლო მისი კარიბჭეები ცეცხლში იყო გადაბუგული’. ამან დიდად შეაწუხა და დაამწუხრა ის. როდესაც მეფემ მწუხარების მიზეზი ჰკითხა, ნეემიამ უპასუხა: „საუკუნოდ იცოცხლე, მეფევ! აბა, როგორ არ მექნება მწუხარე სახე, როცა ის ქალაქი, სადაც ჩემი მამა-პაპის საფლავები მეგულება, დაქცეულია და მისი კარიბჭეებიც ცეცხლშია დამწვარი?“ (ნეემია 1:1—3; 2:1—3).
19. ა) როგორ უპასუხა ნეემიამ პირველად მეფე არტაქსერქსეს შეკითხვას? ბ) რა სთხოვა ნეემიამ მეფეს და როგორ აღიარა მან, რომ ღვთის ნებით ხდებოდა ეს ყოველივე?
19 ნეემია წერს: „მითხრა მეფემ: ახლა რას ითხოვ? მე ვილოცე ცათა ღმერთის წინაშე. და ვუთხარი მეფეს: თუ მეფე თანახმაა და თუ შენმა მორჩილმა მადლი ვპოვე შენს წინაშე, გამიშვი იუდაში, იმ ქალაქში, სადაც მამა-პაპის საფლავები მეგულება, და ავაშენებ მას“. მეფე დათანხმდა და სხვა სათხოვარიც შეუსრულა მას. „თუ მეფე ინებებს, — უთხრა ნეემიამ მეფეს, — წერილები გამატანოს მდინარისგაღმელ [ევფრატისგაღმელ] მთავრებთან, რათა მათ მეგზურები გამაყოლონ, ვიდრე იუდამდე მივიდოდე. ერთი წერილი ასაფთან გამატანოს, სამეფო ტყის მცველთან, რათა მომცეს ხე-ტყე ციხე-სიმაგრის კარიბჭეთა ასაფიცრად, ასევე ტაძრისათვის, ქალაქის კედლისათვის და იმ სახლისათვის, რომელშიც მე ვიცხოვრებ“. ნეემიამ შემდეგი სიტყვებით აღიარა, რომ ღვთის ნებით ხდებოდა ეს ყოველივე: „მიბოძა მეფემ [წერილები], რადგან ღვთის მოწყალე ხელი იყო ჩემზე“ (ნეემია 2:4—8).
20. ა) როდის შევიდა ძალაში ბრძანება „იერუსალიმის აღსადგენად და ასაშენებლად“? ბ) როდის დაიწყო და დასრულდა „სამოცდაათი შვიდეული“?
20 მიუხედავად იმისა, რომ ნეემიას ნებართვა ნისანის თვეში, არტაქსერქსეს მეფობის მეოცე წლის დასაწყისში მიეცა, „ბრძანება იერუსალიმის აღსადგენად და ასაშენებლად“ ძალაში შევიდა რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც ნეემია იერუსალიმში ჩავიდა და აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. ეზრამ გზაში ოთხი თვე დაჰყო, მაგრამ შუშანი ბაბილონიდან აღმოსავლეთით 322 კილომეტრში მდებარეობდა და ამიტომაც კიდევ უფრო შორს იყო იერუსალიმიდან (ნეემია 2:11; 6:15). აქედან გამომდინარე, ნაწინასწარმეტყველები „სამოცდაათი შვიდეულის“, ანუ 490 წლის ათვლა მაშინ დაიწყო, როცა ნეემია ძვ. წ. 455 წელს იერუსალიმში ჩავიდა. ეს პერიოდი ახ. წ. 36 წლის ბოლოსთვის დამთავრდებოდა (იხილეთ გვერდი 197, „როდის გამეფდა არტაქსერქსე?“).
„ცხებული მეფე“ მოდის
21. ა) რა უნდა მომხდარიყო „შვიდ შვიდეულში“ და როგორ არახელსაყრელ ვითარებაში? ბ) რომელ წელს უნდა მოსულიყო მესია და, ლუკას სახარების თანახმად, რა მოხდა იმ წელს?
21 რამდენი წელი დასჭირდა იერუსალიმის აღდგენას? აღდგენითი სამუშაოები „ძნელბედობის ჟამს“ უნდა შეესრულებინათ, რადგანაც იუდეველებს შინა პრობლემებიც ჰქონდათ და სამარიელები და სხვა ერებიც წინააღმდეგობას უწევდნენ. როგორც ჩანს, მშენებლობა ძვ. წ. 406 წლისთვის, „შვიდი შვიდეულის“ ანუ 49 წლის გასვლის შემდეგ, დამთავრდა (დანიელი 9:25). ამის მერე უნდა დაწყებულიყო 62-კვირიანი, ანუ 434-წლიანი პერიოდი, რომლის გასვლის შემდეგაც აღთქმული მესია უნდა მოსულიყო. თუ ძვ. წ. 455 წლიდან 483 წელს (49-ისა და 434-ის ჯამი) გადავითვლით, მივალთ ახ. წ. 29 წელთან. რა მოხდა ამ დროს? ლუკას სახარება გვაუწყებს: „ტიბერიოს კეისრის მეფობის მეთხუთმეტე წელს, როცა პონტოელი პილატე განაგებდა იუდეაში, [და] ჰეროდე იყო მეოთხედმთავარი გალილეაში . . . იყო სიტყვა ღვთისა იოანესადმი, ზაქარიას ძისადმი უდაბნოში. დადიოდა იგი იორდანეს მთელს მიდამოში და ქადაგებდა სინანულის ნათლისღებას ცოდვათა მისატევებლად“. ამ დროისთვის „ხალხი [მესიის] მოლოდინში იყო“ (ლუკა 3:1—3, 15).
22. როდის და როგორ გახდა იესო აღთქმული მესია?
22 იოანე არ ყოფილა აღთქმული მესია. მაგრამ მან აღწერა, რა იხილა ახ. წ. 29 წლის შემოდგომაზე იესო ნაზარეველის ნათლობის დროს. „მე ვიხილე ციდან მტრედივით გარდმომავალი სული და დაივანა მასზე, — თქვა იოანემ. — მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ ვინც მომავლინა წყალში სანათლავად, მან მითხრა: ‘ვისზეც დაინახო სული, გარდმომავალი და დავანებული, ის არის სულიწმიდით ნათლისმცემელი.’ მე დავინახე და დავამოწმე, რომ ეს არის ძე ღვთისა“ (იოანე 1:32—34). მონათვლით იესო ცხებული, მესია ანუ ქრისტე გახდა. მცირე ხანში იოანეს მოწაფე ანდრიამ გაიცნო ცხებული იესო, რის შემდეგაც სიმონ-პეტრეს უთხრა: „ჩვენ ვიპოვეთ მესია“ (იოანე 1:41). ამგვარად, „ცხებული მეფე“ თავის დროზე — 69 შვიდეულის დასასრულს გამოჩნდა!
უკანასკნელი შვიდეულის მოვლენები
23. რატომ უნდა მომკვდარიყო „ცხებული მეფე“ და როდის უნდა მომხდარიყო ეს?
23 რა უნდა მომხდარიყო 70-ე შვიდეულში? გაბრიელის სიტყვების თანახმად, „სამოცდაათი შვიდეული“ დადგენილი იყო „შეცოდების დასაფარავად, ცოდვათა დასაბეჭდად, უკეთურების დასაფარავად, სამარადისო სიმართლის დასამყარებლად, ხილვისა და წინასწარმეტყველების დასაბეჭდავად და წმიდათა წმიდის საცხებად“. ამისთვის კი „ცხებული მეფე“ უნდა მომკვდარიყო. როდის? ანგელოზმა თქვა: „სამოცდაორი შვიდეულის შემდეგ მოიკვეთება ცხებული მაგრამ ბრალი არ ექნება . . . იგი მრავალთან განამტკიცებს აღთქმას ერთ შვიდეულში, შვიდეულის ნახევარში შეცვლის მსხვერპლსა და ძღვენს“ (დანიელი 9:26ა, 27ა). მნიშვნელოვანი გარდატეხა უნდა მომხდარიყო „შვიდეულის ნახევარში“, ანუ წლებისგან შემდგარი უკანასკნელი კვირის პირველი ნახევრის გასვლის შემდეგ.
24, 25. ა) როდის მოკვდა ქრისტე, რითაც შესრულდა წინასწარმეტყველება, და რა გაუქმდა მისი სიკვდილითა და აღდგომით? ბ) რა გახადა შესაძლებელი იესოს სიკვდილმა?
24 იესო ქრისტემ ახ. წ. 29 წლის ბოლოს დაიწყო და სამწელიწად-ნახევარს განაგრძო სამქადაგებლო მსახურება. როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, იესო „მოიკვეთა“ ახ. წ. 33 წლის დასაწყისში, როდესაც ძელზე გააკრეს და თავისი, როგორც ადამიანის, სიცოცხლე მსხვერპლად გაიღო კაცობრიობის გამოსასყიდად (ესაია 53:8; მათე 20:28). მოსეს რჯულით გათვალისწინებული ცხოველური შესაწირავი და ძღვენი გაუქმდა, როდესაც მკვდრეთით აღმდგარმა იესომ ზეცაში ღმერთს თავისი მსხვერპლად გაღებული სიცოცხლის ფასი წარუდგინა. მიუხედავად იმისა, რომ იუდეველი მღვდლები ახ. წ. 70 წელს იერუსალიმის ტაძრის დანგრევამდე განაგრძობდნენ მსხვერპლშეწირვას, ამგვარი მსხვერპლი აღარ იყო ღვთისთვის მისაღები. ყოველგვარი შესაწირავი შეცვლილი იყო უკეთესი მსხვერპლით, რომელიც ხელმეორედ აღარასდროს შეიწირებოდა. პავლე მოციქული ამის შესახებ წერდა: „[ქრისტემ] ერთი მსხვერპლი შესწირა ცოდვებისათვის . . . ვინაიდან მან ერთი შეწირვით სამუდამოდ სრულყო განსაწმედელნი“ (ებრაელთა 10:12, 14).
25 მიუხედავად იმისა, რომ ცოდვა და სიკვდილი არ ჩამოშორებია კაცობრიობას, იესოს სიკვდილითა და ციური ცხოვრებისთვის მისი აღდგენით წინასწარმეტყველება შესრულდა. ამით ‘დაიფარა შეცოდება, დაიბეჭდა ცოდვები, დაიფარა უკეთურება და დამყარდა სამარადისო სიმართლე’. ღმერთმა გააუქმა რჯულის კავშირი, რომელიც ამხელდა და მსჯავრს სდებდა ებრაელებს (რომაელთა 5:12, 19, 20; გალატელთა 3:13, 19; ეფესელთა 2:15; კოლასელთა 2:13, 14). ამიერიდან მომნანიებელ ცოდვილებს მიეტევებოდათ დანაშაული და მოეხსნებოდათ სასჯელი. მესიის გამომსყიდველური მსხვერპლი მორწმუნეებისთვის შესაძლებელს ხდიდა ღმერთთან შერიგებას. მომავალში კი მათ შეეძლოთ მიეღოთ ღვთის მადლი — „მარადიული სიცოცხლე . . . ქრისტე იესოში“ (რომაელთა 3:21—26; 6:22, 23; 1 იოანე 2:1, 2).
26. ა) რომელი კავშირი ‘განმტკიცდა ერთ შვიდეულში’, მიუხედავად იმისა, რომ რჯულის კავშირი გაუქმდა? ბ) რა მოხდა 70-ე შვიდეულის ბოლოს?
26 ამგვარად, ახ. წ. 33 წელს იესოს სიკვდილით იეჰოვამ რჯულის კავშირი გააუქმა. მაშ, როგორღა შეიძლებოდა იმის თქმა, რომ მესია ‘მრავალთან განამტკიცებდა აღთქმას [„კავშირს“, აქ] ერთ შვიდეულში’? მან ღვთის მიერ აბრაამთან დადებული კავშირი განამტკიცა. 70 შვიდეულის გასვლამდე ამ კავშირის საფუძველზე მხოლოდ აბრაამის შთამომავლები — ებრაელები — ღებულობდნენ კურთხევებს. მაგრამ „სამოცდაათი შვიდეულის“ გასვლის შემდეგ, ახ. წ. 36 წელს, მოციქულმა პეტრემ უქადაგა ღვთისმოშიშ იტალიელ კაც კორნელიოსს, მისი ოჯახის წევრებსა და სხვა არაებრაელებს. მას შემდეგ კეთილი ცნობის ქადაგება წარმართთა შორისაც დაიწყო (საქმეები 3:25, 26; 10:1—48; გალატელთა 3:8, 9, 14).
27. რომელი „წმიდათა წმიდა“ იყო ცხებული და როგორ მოხდა ეს?
27 წინასწარმეტყველებაში „წმიდათა წმიდის“ ცხებაც მოიხსენიებოდა. აქ არ იგულისხმებოდა იერუსალიმის ტაძრის წმიდათა წმიდა, ანუ შიდა ოთახი. ამ შემთხვევაში „წმიდათა წმიდა“ ღვთის ზეციერ საწმიდარს გულისხმობდა. სწორედ ამ წმიდათა წმიდაში წარუდგინა იესომ ზეციერ მამას თავისი მსხვერპლად გაღებული სიცოცხლის ფასი. ახ. წ. 29 წელს იესოს ნათლობით ღმერთმა სცხო ანუ გამოყო ზეციერი, სულიერი წმიდათა წმიდა, რომელიც მიწიერი სავანისა და მოგვიანებით ტაძრის წმიდათა წმიდით იყო წარმოდგენილი (ებრაელთა 9:11, 12).
ღვთის მიერ ბეჭედდასმული წინასწარმეტყველება
28. რას ნიშნავდა ‘ხილვისა და წინასწარმეტყველების დაბეჭდვა’?
28 მესიასთან დაკავშირებულ წინასწარმეტყველებაში ანგელოზმა გაბრიელმა ‘ხილვისა და წინასწარმეტყველების დაბეჭდვაც’ მოიხსენია. ეს კი ნიშნავდა, რომ მესიასთან დაკავშირებული ყველა წინასწარმეტყველება — ყველაფერი, რასაც ის თავისი სიცოცხლის მსხვერპლად გაღებით, მკვდრეთით აღდგომითა და ზეცაში წარდგომით გააკეთებდა, აგრეთვე ყველაფერი, რაც კი 70 შვიდეულის განმავლობაში მოხდებოდა, — ღვთის მიერ ბეჭედდასმული, ჭეშმარიტი და სანდო იქნებოდა. ხილვა დაიბეჭდებოდა ანუ მხოლოდ მესიასთან იქნებოდა დაკავშირებული. ის მხოლოდ მასზე და მისი საშუალებით განხორციელებულ ღვთის განზრახვაზე შესრულდებოდა. მხოლოდ აღთქმულ მესიასთან დაკავშირებით შეიძლება ამ ხილვის ზუსტად ახსნა. სხვაგვარად შეუძლებელია აიხსნას მისი მნიშვნელობა.
29. რა უნდა დამართოდა აღდგენილ იერუსალიმს და რატომ?
29 გაბრიელს ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა, რომ იერუსალიმი აღდგებოდა. ახლა კი ის აღდგენილი ქალაქისა და მისი ტაძრის დანგრევას წინასწარმეტყველებდა: „ქალაქსა და საწმიდარს დაანგრევს მომავალი მთავრის ხალხი და მისი აღსასრული წარღვნასავით იქნება; ომის ბოლომდეა გადაწყვეტილი გატიალებანი . . . სიბილწის ფრთებზე იქნება გამტიალებელი, ვიდრე განგებული დრო არ ეწევა გამტიალებელს“ (დანიელი 9:26ბ, 27ბ). მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი და ტაძარი „სამოცდაათი შვიდეულის“ შემდეგ დაინგრეოდა, ეს ყოველივე უკანასკნელი „შვიდეულის“ მოვლენების შედეგი იქნებოდა — შვიდეულისა, რომლის დროსაც იუდეველებმა უარყვეს და მოკლეს ქრისტე (მათე 23:37, 38).
30. როგორ შესრულდა დროის უდიდესი განმკარგულებლის გადაწყვეტილება, როგორც ისტორიიდან ვგებულობთ?
30 ისტორიიდან ვგებულობთ, რომ ახ. წ. 66 წელს რომაელთა ლეგიონებმა სირიელი მხედართმთავრის, ცესტიუს გალუსის, მეთაურობით ალყაში მოაქცია იერუსალიმი. ებრაელთა დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, რომაელებმა თავიანთი კერპთაყვანისმცემლური დროშებით შეაღწიეს ქალაქში და ძირი გამოუთხარეს ტაძრის ჩრდილოეთ კედელს. ამგვარად, ისინი „სიბილწედ“ იქცნენ, რომელიც სრულ გატიალებას მოიტანდა (მათე 24:15, 16). ახ. წ. 70 წელს რომაელებმა გენერალ ტიტუსის მეთაურობით „წარღვნასავით“ წალეკეს ქალაქი და მისი ტაძარი. ვერაფერმა შეაჩერა ისინი, რადგანაც განადგურება ღვთის მიერ იყო განსაზღვრული, ანუ „გადაწყვეტილი“. დროის უდიდესმა განმკარგულებელმა, იეჰოვამ, როგორც ყოველთვის, მაშინაც შეასრულა თავისი სიტყვა!
-
-
მჟღავნდება მესიის მოსვლის დროყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!
-
-
[ჩარჩო 197 გვერდზე]
როდის გამეფდა არტაქსერქსე?
ისტორიკოსები სხვადასხვა თარიღს ასახელებენ სპარსეთის მეფე არტაქსერქსეს გამეფებასთან დაკავშირებით. ზოგი მათგანის აზრით, ის ძვ. წ. 465 წელს გამეფდა, რადგანაც ქსერქსემ, არტაქსერქსეს მამამ, ძვ. წ. 486 წელს დაიწყო მეფობა და მეფობის 21-ე წელს გარდაიცვალა. მაგრამ არსებობს დამამტკიცებელი საბუთები, რომ არტაქსერქსე ტახტზე ძვ. წ. 475 წელს ავიდა და მისი მეფობის პირველი წელი ძვ. წ. 474 წელი იყო.
ძველი სპარსეთის დედაქალაქის, პერსეპოლისის, ტერიტორიაზე აღმოჩენილი წარწერები და სკულპტურული გამოსახულებები ქსერქსესა და მამამისის, დარიოს I-ის, ერთობლივ მმართველობას ადასტურებს. იმ შემთხვევაში, თუ ისინი ერთად 10 წელი მეფობდნენ, ხოლო ძვ. წ. 486 წელს დარიოსის სიკვდილის შემდეგ ქსერქსე 11 წლის განმავლობაში მარტო განაგრძობდა მეფობას, არტაქსერქსე ძვ. წ. 474 წელს უნდა გამეფებულიყო.
სხვა დამამტკიცებელი საბუთი ეხება ათენელ მხედართმთავარ თემისტოკლეს, რომელმაც ძვ. წ. 480 წელს ქსერქსეს ჯარი დაამარცხა. მოგვიანებით ბერძნებმა შეიძულეს ის და ღალატში დასდეს ბრალი. თემისტოკლე სამშობლოდან გაიქცა და სპარსეთის სამეფო კარს შეაფარა თავი. ბერძენი ისტორიკოსი თუკიდიდე ამბობს, რომ მაშინ არტაქსერქსე „ტახტზე ახალი ასული იყო“. ბერძენი ისტორიკოსი დიოდორე სიცილიელი თემისტოკლეს სიკვდილის თარიღად ძვ. წ. 471 წელს ასახელებს. რამდენადაც თემისტოკლემ მეფე არტაქსერქსეს წინაშე წარდგომამდე ერთი წელი ითხოვა სპარსულის შესასწავლად, ის მცირე აზიაში უნდა ჩასულიყო არა უგვიანეს ძვ. წ. 473 წლისა. ამ თარიღს მხარს უჭერს იერონიმეს „ევსების ქრონიკაც“. რადგანაც არტაქსერქსე „ტახტზე ახალი ასული იყო“, როდესაც თემისტოკლე ძვ. წ. 473 წელს მცირე აზიაში ჩავიდა, გერმანელი მეცნიერი ერნსტ ჰენგსტენბერგი თავის ნაშრომში „ძველი აღთქმის ქრისტოლოგია“ არტაქსერქსეს გამეფების თარიღად ძვ. წ. 474 წელს ასახელებს, რასაც მრავალი სხვა ნაშრომი უჭერს მხარს. „არტაქსერქსეს მეფობის მეოცე წელი ძვ. წ. 455 წელი იყო“, — ამბობს მეცნიერი.
[სურათი]
თემისტოკლეს ბიუსტი.
[დიაგრამა/სურათები 188, 189 გვერდებზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
„სამოცდაათი შვიდეული“
ძვ.წ. 455 ძვ.წ. 406 ახ.წ. 29 ახ.წ. 33 ახ.წ. 36
„ბრძანება იერუსალიმის აღსადგენად“ მესიის მოსვლა მესიის მოკვეთა იერუსალიმის აღდგენა
weeks”
7 შვიდეული 62 შვიდეული 1 შვიდეული
49 წელი 434 წელი 7 წელი
-
-
მჟღავნდება მესიის მოსვლის დროყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!
-
-
[მთელი 193 გვერდი დათმობილი აქვს სურათს]
-