-
დროები და ვადები იეჰოვას ხელშიასაგუშაგო კოშკი — 1998 | 15 სექტემბერი
-
-
მოვლენები და არა დროის გამოთვლა
18. მაშინ, როდესაც დანიელის წინასწარმეტყველება იუდეველებს იმ დროის განსაზღვრაში დაეხმარა, თუ როდის იყო მოსალოდნელი მესიის გამოჩენა, რამ დაადასტურა ყველაზე მეტად, რომ იესო მესია იყო?
18 მიუხედავად იმისა, რომ ქრონოლოგია, შეიძლება, დაეხმარა იუდეველ ხალხს, ზოგადი წარმოდგენა ჰქონოდათ, თუ როდის გამოჩნდებოდა მესია, შემდგომმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ის ვერ დაეხმარა მათ უმეტესობას იმაში დარწმუნებაში, რომ იესო მესია იყო. სიკვდილამდე დაახლოებით ერთი წლის წინ იესომ მოწაფეებს ჰკითხა: «„რას ამბობს ხალხი, ვინა ვარ მე?“ მათ მიუგეს პასუხად: იოანე ნათლისმცემელიო; სხვები — ელიაო, სხვები კი, — ვინმე ძველი, აღმდგარი წინასწარმეტყველიო» (ლუკა 9:18, 19). არ არსებობს არანაირი ცნობა, რომ იესოს იმის დასამტკიცებლად, რომ მესია იყო, სიმბოლური შვიდეულების შესახებ წინასწარმეტყველება გამოეყენებინოს. მაგრამ ერთხელ მან თქვა: „მე. . . მაქვს უფრო დიდი მოწმობა, ვიდრე იოანესია; რადგან საქმენი, რომელნიც მამამ მომცა აღსასრულებლად, თვით ჩემს მიერ გაკეთებული საქმენი, ამოწმებენ ჩემს შესახებ, რომ მამამ მომავლინა“ (იოანე 5:36). იესო რომ ღვთის მიერ გამოგზავნილი მესია იყო, ამას ადასტურებდა მისი ქადაგება, სასწაულები და მოვლენები, რომლებიც მის სიკვდილს სდევდა თან (სასწაულებრივი სიბნელე, ტაძრის კრეტსაბმელის გახევა და მიწისძვრა), და არა რომელიმე ქრონოლოგიური მონაცემები (მათე 27:45, 51, 54; იოანე 7:31; საქმეები 2:22).
19. ა) საიდან შეიძლებოდა სცოდნოდათ ქრისტიანებს, რომ იერუსალიმი მალე განადგურდებოდა? ბ) რატომ სჭირდებოდათ ადრინდელ ქრისტიანებს დიდი რწმენა იერუსალიმიდან გაქცევის შემდეგაც?
19 მსგავსად ამისა, იესოს სიკვდილის შემდეგ ადრინდელ ქრისტიანებსაც არაფერი ჰქონდათ იუდეველთა სისტემის მომავალი აღსასრულის დროის გამოსათვლელად. მართალია, სიმბოლური შვიდეულების შესახებ დანიელის წინასწარმეტყველებაში მოხსენიებული იყო იმ სისტემის განადგურება (დანიელი 9:26ბ, 27ბ). მაგრამ ეს ‘სამოცდაათი შვიდეულის’ (ძვ. წ. 455—ახ. წ. 36 წწ.) დასრულების შემდეგ უნდა მომხდარიყო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას შემდეგ, რაც წარმართები გახდნენ პირველად იესოს მიმდევრები, ესე იგი ახ. წ. 36 წლიდან, ქრისტიანები უკვე გასცდნენ დანიელის მე-9 თავში მოცემულ ქრონოლოგიას. მათთვის მოვლენებს და არა ქრონოლოგიას უნდა ეჩვენებინა, რომ იუდეველთა სისტემა მალე მოისპობოდა. იესოს მიერ ნაწინასწარმეტყველებმა მოვლენებმა უმაღლეს წერტილამდე მიღწევა ახ. წ. 66 წლიდან იწყო, როდესაც რომაელთა ჯარებმა იერუსალიმს შეუტიეს და შემდეგ უკან დაიხიეს. ამან ერთგულ და დაკვირვებულ ქრისტიანებს იერუსალიმიდან და იუდეიდან ‘მთებში გახიზვნის’ შესაძლებლობა მისცა (ლუკა 21:20–22). ამ ადრინდელ ქრისტიანებს არავითარი ქრონოლოგიური მაჩვენებლები არ ჰქონდათ და არ იცოდნენ, თუ როდის განადგურდებოდა იერუსალიმი. რამხელა რწმენა სჭირდებოდათ მათ, რომ დაეტოვებინათ სახლ-კარი, სახელოსნოები და არ შესულიყვნენ იერუსალიმში დაახლოებით ოთხი წლის განმავლობაში, იმ დრომდე, სანამ ახ. წ. 70 წელს რომაელთა ჯარები არ დაბრუნდნენ და არ გაანადგურეს იუდეველთა სისტემა! (ლუკა 19:41–44).
20. ა) როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ნოეს, მოსესა და პირველ საუკუნეში მცხოვრები იუდეველი ქრისტიანების მაგალითები? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
20 ნოეს, მოსესა და პირველ საუკუნეში მცხოვრები იუდეველი ქრისტიანების მსგავსად, ჩვენც მთელი გულდაჯერებით უნდა დავტოვოთ იეჰოვას ხელში დროები და ვადები. ჩვენი რწმენა, რომ აღსასრულის დროს ვცხოვრობთ და ახლოვდება ხსნა, უბრალოდ ქრონოლოგიურ გამოთვლებზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ ცხოვრებისეულ მოვლენებზე, რომლებითაც ბიბლიური წინასწარმეტყველებები სრულდება. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტეს თანდასწრების პერიოდში ვცხოვრობთ, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენთვის საჭირო არ არის რწმენის გამოვლენა და ყურადღებით ყოფნა. ჩვენ უნდა განვაგრძოთ საღვთო წერილში ნაწინასწარმეტყველები ამაღელვებელი მოვლენების იმედით მოლოდინი. სწორედ ეს იქნება მომდევნო სტატიის თემა.
-
-
„იმედით“ ლოდინისაგუშაგო კოშკი — 1998 | 15 სექტემბერი
-
-
„იმედით“ ლოდინი
„ქმნილება იმედით მოელის ღვთის შვილთა გამოცხადებას“ (რომაელთა 8:19).
1. რა მსგავსებაა დღევანდელი და პირველი საუკუნის ქრისტიანების მდგომარეობებს შორის?
ჭეშმარიტ ქრისტიანთა დღევანდელი მდგომარეობა პირველი საუკუნის ქრისტიანების მდგომარეობას ჰგავს. იმ დღეებში იეჰოვას მსახურებს წინასწარმეტყველება დაეხმარა მესიის გამოჩენის დროის გაგებაში (დანიელი 9:24–26). იმავე წინასწარმეტყველებაში იერუსალიმის განადგურებაზეცაა ლაპარაკი, მაგრამ ქრისტიანებისთვის კონკრეტული არაფერი იყო მითითებული ქალაქის განადგურების ზუსტ დროსთან დაკავშირებით (დანიელი 9:26ბ, 27). ღვთის ნებით წინასწარმეტყველებამ ბიბლიის მე-19 საუკუნის გულწრფელ მკვლევარებშიც გააღვიძა მოლოდინის გრძნობა. დანიელის 4:22-დან [ძვო] ‘შვიდი ჟამისა’ და ‘წარმართთა ჟამის’ ერთმანეთთან დაკავშირების შედეგად, ისინი მოელოდნენ, რომ ქრისტე 1914 წელს მიიღებდა სამეფო ძალაუფლებას (ლუკა 21:24; ეზეკიელი 21:30–32). თუმცა დანიელის წიგნი მრავალ წინასწარმეტყველებას შეიცავს, არც ერთი მათგანი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ბიბლიის თანამედროვე მკვლევარებმა ზუსტად გამოთვალონ, როდის განადგურდება მთლიანად სატანის სისტემა (დანიელი 2:31–44; 8:23–25; 11:36, 44, 45). მაგრამ ეს მალე მოხდება, რადგან ჩვენ ახლა ‘უკანასკნელ ჟამს’ ვცხოვრობთ (დანიელი 12:4)a.
სიფხიზლე ქრისტეს თანდასწრების პერიოდში
2, 3. ა) რა არის იმის უდიდესი დამადასტურებელი, რომ ქრისტეს სამეფო ძალაუფლებით თანდასწრების პერიოდში ვცხოვრობთ? ბ) რა ცხადყოფს, რომ ქრისტიანები ფხიზლად უნდა ყოფილიყვნენ იესო ქრისტეს თანდასწრების პერიოდში?
2 მართალია, წინასწარმეტყველებამ 1914 წელს ქრისტეს სამეფო ძალაუფლებით აღჭურვამდე ქრისტიანებში მოლოდინის გრძნობა წარმოშვა, მაგრამ ქრისტემ თავისი თანდასწრებისა და ამ სისტემის აღსასრულის დამახასიათებელ ‘ნიშნად’ მოვლენები მოიყვანა. ისიც აღსანიშნავია, რომ მათი უმეტესობა მისი თანდასწრების დაწყების შემდეგ უნდა მომხდარიყო. ისეთი მოვლენები როგორიცაა: ომები, შიმშილი, მიწისძვრები, ეპიდემიები, უკანონობის გამრავლება, ქრისტიანების დევნა და სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის მსოფლიო მასშტაბით ქადაგება, იმის უდიდეს დადასტურებას წარმოადგენს, რომ ქრისტეს სამეფო ძალაუფლებით თანდასწრების პერიოდში ვცხოვრობთ (მათე 24:3–14; ლუკა 21:10, 11).
3 მაგრამ სიკვდილის წინ იესოს მიერ მოწაფეებისთვის მიცემული რჩევის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ ‘ფრთხილად ყოფილიყვნენ და ეფხიზლათ’ (მარკოზი 13:33, 37; ლუკა 21:36). ამ დარიგების კონტექსტის გულმოდგინე წაკითხვა ცხადყოფს, რომ ქრისტე უმთავრესად თავისი თანდასწრების დაწყების აღმნიშვნელი ნიშნის მიმართ ფხიზლად ყოფნაზე არ ლაპარაკობდა. პირიქით, მან ჭეშმარიტ მოწაფეებს დაავალა, ფხიზლად ყოფილიყვნენ მისი თანდასწრების განმავლობაში. რატომ უნდა ეფხიზლათ ჭეშმარიტ ქრისტიანებს?
4. რა მიზანს მოემსახურებოდა იესოს მიერ მოცემული ნიშანი?
4 იესომ მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველება თქვა პასუხად კითხვაზე: «როდის მოხდება ეს [მოვლენები, რომლებსაც იუდეველთა სისტემის განადგურება მოჰყვება] და რა იქნება შენი მოსვლისა [„თანდასწრებისა“, აქ] და წუთისოფლის აღსასრულის ნიშანი?» (მათე 24:3). ნაწინასწარმეტყველები ნიშანი მხოლოდ იესოს თანდასწრების განმსაზღვრელი კი არ იქნებოდა, არამედ იმ მოვლენებისაც, რომლებსაც თანამედროვე ბოროტი სისტემის აღსასრული მოჰყვებოდა.
-