საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მიმომსვლელი ზედამხედველი — ძღვენი ადამიანში
    საგუშაგო კოშკი — 1996 | 1 დეკემბერი
    • 6, 7. რა დადებითი გავლენა შეიძლება ჰქონდეთ მთელი ძალებით მომუშავე მიმომსვლელ ზედამხედველებს?

      6 ქრისტიანული კრების სხვა უხუცესების მსგავსად, მიმომსვლელი ზედამხედველებიც „იღწვიან ქადაგებითა და დამოძღვრით“. ასეთი უხუცესები „ორმაგი პატივის ღირსნი უნდა იყვნენ“ (1 ტიმოთე 5:17). მათი მაგალითი კურთხევა იქნება, თუ ‘მივბაძავთ მათ რწმენას’ (ებრაელთა 13:7).

      7 რა გავლენა აქვთ მიმომსვლელ ზედამხედველებს სხვებზე? «რა დიდებული გავლენა მოახდინა ძმა პ-მ ჩემს ცხოვრებაზე! — წერდა იეჰოვას ერთ-ერთი მოწმე. — 1960 წლიდან ის იყო მიმომსვლელი ზედამხედველი მექსიკაში. პატარა ვიყავი, მაგრამ მის მოსვლას დიდი მოუთმენლობითა და სიხარულით ველოდი. როდესაც ათი წლის გავხდი, მან მითხრა: „შენც მიმომსვლელი ზედამხედველი იქნები“. გარდატეხის ასაკში, მრავალი პრობლემის დროს ხშირად ვეძებდი მას, რადგან მას ყოველთვის შეეძლო ბრძნული რჩევის მოცემა ჩემთვის. ის სამწყსოს დამწყემსვისთვის ცოცხლობდა! დღეს მეც სარაიონო ზედამხედველი ვარ და ყოველთვის ვცდილობ, დრო დავუთმო ახალგაზრდებს და თეოკრატიული მიზანი დავუსახო მათ, ისევე როგორც მან დამისახა მე ბავშვობაში. თვით სიცოცხლის უკანასკნელ წლებში გულის უკმარისობის მიუხედავად, ძმა პ. ყოველთვის პოულობდა გამამხნევებელ სიტყვებს. სწორედ სიკვდილის წინა დღეს, 1995 წლის თებერვალში, ერთად ვიყავით სპეციალურ ერთდღიან კონგრესზე და მან ერთ-ერთ არქიტექტორ ძმას შესანიშნავი მიზნისკენ მიუთითა. ძმამ დაუყოვნებლივ დაწერა განცხადება ბეთელში მსახურებისთვის».

      დაფასებულები არიან

      8. ვინ არის ‘ძღვენი ადამიანში’, რომელიც აღწერილია ეფესელთა მე-4 თავში და რა მხრივ არიან კრებისთვის სასარგებლო?

      8 ნებისმიერ მიმომსვლელ ზედამხედველსა და უხუცესს, რომელსაც ღვთისგან მიღებული დაუმსახურებელი წყალობით აქვს უპირატესობა, ჰქონდეს მსახურებისთვის დანიშნულება, ეწოდება ‘ძღვენი ადამიანში’. იეჰოვას წარმომადგენელმა და კრების თავმა, იესო ქრისტემ, ამ სულიერი მამაკაცების დანიშვნა განიზრახა თითოეული ჩვენგანის ასაშენებლად, სულიერად მოსამწიფებლად (ეფესელთა 4:8–15). ყოველი ძღვენი იმსახურებს მადლიერების გამოხატვას. განსაკუთრებით ეს ასეა იმ ნიჭთან, ანუ ძღვენთან დაკავშირებით, რომელიც გვაძლევს ძალებს, რომ იეჰოვასადმი მსახურება არ შევაჩეროთ. მაშ, როგორ შეგვიძლია მადლიერება გამოვავლინოთ მიმომსვლელი ზედამხედველების მუშაობისთვის? როგორ შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ ‘პატივისცემით ვეპყრობით’ მათ? (ფილიპელთა 2:29).

      9. როგორ შეგვიძლია გამოვავლინოთ მიმომსვლელი ზედამხედველებისადმი მადლიერება?

      9 როდესაც ცხადდება სარაიონო ზედამხედველის მონახულება, შეგვიძლია ყველაფერი ისე დავგეგმოთ, რომ იმ კვირისთვის ყოველმხრივ მივიღოთ კრების საქმიანობაში მონაწილეობა. შესაძლოა, დამატებითი დრო გამოვყოთ მისი მონახულების დროს სამქადაგებლო მსახურების ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად. შესაძლოა, შევეცადოთ დამხმარე პიონერად ვიმსახუროთ იმ თვეში. რასაკვირველია, ჩვენი სურვილი იქნება, სარაიონო ზედამხედველის რჩევები პრაქტიკაში გამოვიყენოთ იმ მიზნით, რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი მსახურება. ისეთი სულისკვეთება, რომ მზად ვართ, მივიღოთ რჩევები, კურთხევა იქნება ჩვენთვის და დაარწმუნებს სარაიონო ზედამხედველს, რომ მისი მონახულება სასარგებლო იყო. დიახ, მიმომსვლელი ზედამხედველები კრების მონახულებას აწყობენ ჩვენს „აღსაშენებლად“, მაგრამ მათაც ესაჭიროებათ სულიერი „აღშენება“. პავლესაც ჰქონდა ისეთი მომენტები, როდესაც გამხნევება ესაჭიროებოდა და ხშირად სთხოვდა თანაქრისტიანებს, რომ მისთვის ელოცათ (საქმეები 28:15; რომაელთა 15:30–32; 2 კორინთელთა 1:11; კოლასელთა 4:2, 3; 1 თესალონიკელთა 5:25). დღევანდელ მიმომსვლელ ზედამხედველებსაც ესაჭიროებათ ჩვენი ლოცვები და გამხნევება.

      10. როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ მიმომსვლელ ზედამხედველებს, რომ მათი საქმიანობა უფრო სასიხარულო იყოს?

      10 გვითქვამს თუ არა სარაიონო ზედამხეველისა და მისი მეუღლისათვის, რომ მათ მონახულებას ძალიან ვაფასებთ? გვითქვამს თუ არა მისთვის მადლობა იმ რჩევისთვის, რომელიც დამხმარე იყო ჩვენთვის? გვითქვამს თუ არა, რომ მისმა რჩევებმა სამქადაგებლო მსახურებასთან დაკავშირებით, უფრო მეტი სიხარულით აგვავსო? თუ ასე მოვიქცევით ყოველთვის, მის მსახურებას უფრო მეტი სიხარულით ავავსებთ (ებრაელთა 13:17). ერთ-ერთი ზედამხედველი ესპანეთში განსაკუთრებით აღნიშნავდა, თუ რამდენად აფასებდნენ ის და მისი მეუღლე სამადლობელ ბარათებს, რომლებსაც კრებების მონახულების შემდეგ ღებულობდნენ. „ჩვენ შენახული გვაქვს ეს ბარათები და ვკითხულობთ მაშინ, როდესაც გულდამძიმებულები ვართ, — ამბობს ის. — ეს ნამდვილად წარმოადგენს ჩვენი გამხნევების წყაროს“.

      11. რატომ უნდა ვუთხრათ საოლქო და სარაიონო ზედამხედველების მეუღლეებს, რომ გვიყვარან და მადლიერები ვართ?

      11 მიმომსვლელი ზედამხედველის მეუღლისთვის ნამდვილად კარგი იქნება შექების სიტყვები. ამ სფეროში მსახურებისთვის მეუღლის მხარდასაჭერად მან დიდი მსხვერპლი გაიღო. ამ ერთგულმა დებმა დათმეს ბუნებრივი სურვილი, ჰქონოდათ საკუთარი სახლი და უმეტეს შემთხვევაში უარი თქვეს ბავშვების გაჩენაზე. იფთახის ასული იყო იეჰოვას ერთ-ერთი მსახური, რომელმაც მამის აღთქმის გამო თავისი სურვილით თქვა უარი, ჰყოლოდა მეუღლე და ჰქონოდა ოჯახი (მსაჯულნი 11:30–39). რა თვალსაზრისი ჰქონდათ მის მიერ გაღებულ მსხვერპლზე სხვებს? მსაჯულნის 11:40-ში ნათქვამია: „წლიდან წლამდე, წელიწადში ერთხელ, მიდიან ისრაელიანი ქალიშვილები და ოთხი დღე იხსენებენ [აქებენ, აქ] იფთახ გალაადელის ასულს“. რა სასიამოვნოა, როდესაც ვცდილობთ საოლქო და სარაიონო ზედამხედველის მეუღლეებს ვუთხრათ, რომ გვიყვარან და მადლიერები ვართ!

      „სტუმართმოყვარეობა არ დაივიწყოთ“

      12, 13. ა) ბიბლიიდან გამომდინარე, რა საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ მიმომსვლელი ზედამხედველებისა და მათი მეუღლეების მიმართ გამოვავლინოთ სტუმართმოყვარეობა? ბ) მოიყვანე მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ასეთი სტუმართმოყვარეობა ორმხრივად სასარგებლო იყოს.

      12 სტუმართმოყვარეობის გამოჩენა სიყვარულისა და მადლიერების გამოვლენის კიდევ ერთი საშუალებაა მათ მიმართ, რომლებიც ასრულებენ ქრისტიანულ მიმოსვლით სამუშაოს (ებრაელთა 13:2). იოანე მოციქულმა შეაქო გაიოზი იმ სტუმართმოყვარეობის გამო, რომელიც გამოიჩინა კრების მოსანახულებლად მისული მიმომსვლელი მისიონერების მიმართ. იოანე წერდა: „საყვარელო! ერთგულად აკეთებ ყოველივეს, რასაც იქმ ძმებისათვის და უცხოთათვის, რომელთაც დაამოწმეს შენი სიყვარული ეკლესიის წინაშე. კარგს იზამ, თუ ღვთის წინაშე ღირსეულად გამოისტუმრებ. ვინაიდან მისი სახელის გულისათვის წავიდნენ და არაფერი აუღიათ წარმართთაგან. ამიტომ გვმართებს ასეთების მიღება, რათა ჭეშმარიტების თანამშრომელნი გავხდეთ“ (3 იოანე 5–8). სამეფოს შესახებ სამქადაგებლო საქმიანობის გარდა, დღეს ჩვენც შეგვიძლია მსგავსი სტუმართმოყვარეობა გამოვავლინოთ მიმომსვლელი ზედამხედველებისა და მათი მეუღლეების მიმართ. რასაკვირველია, ადგილობრივი უხუცესი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ საცხოვრებელი ადგილი დამაკმაყოფილებელია, მაგრამ ერთ-ერთმა საოლქო ზედამხედველმა თქვა: „ჩვენი ურთიერთობა ძმებთან იმაზე არ უნდა იყოს დაფუძნებული, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ ჩვენთვის. ჩვენ არ გვსურს დავტოვოთ ასეთი შთაბეჭდილება. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ყველა ძმისგან მივიღოთ სტუმართმოყვარეობა, მდიდარი იქნება თუ ღარიბი“.

      13 სტუმართმოყვარეობა, შესაძლოა, როგორც სტუმრისთვის, ასევე მასპინძლისთვისაც, სასარგებლო იყოს. „ოჯახში ჩვეულებად გვქონდა, რომ ჩვენთან დასარჩენად მოგვეწვია მიმომსვლელი ზედამხედველები, — იხსენებს ჟორჟეი, ყოფილი სარაიონო ზედამხედველი, რომელიც ამჟამად ბეთელში მსახურობს. — ვფიქრობ, რომ მათი სტუმრობა იმაზე მეტად მეხმარებოდა, ვიდრე ბავშვობისას ვხვდებოდი. გარდატეხის ასაკში სულიერ საკითხებთან დაკავშირებით პრობლემები მქონდა. დედა ნერვიულობდა, არ იცოდა როგორ დამხმარებოდა და ამიტომაც სარაიონო ზედამხედველს სთხოვა ჩემთან ესაუბრა. თავდაპირველად თავს ვარიდებდი მასთან შეხვედრას, რადგან მეგონა, რომ შენიშვნებს მომცემდა. მაგრამ მისმა მეგობრულმა დამოკიდებულებამ მიზანს მიაღწია. მან ორშაბათს სადილად დამპატიჟა და მეც გული გავუხსენი, რადგანაც დავრწმუნდი, რომ გამიგო. მან გულდასმით მომისმინა. მისი პრაქტიკული რჩევები ნამდვილად დამხმარე აღმოჩნდა და დავიწყე სულიერი წინსვლა“.

      14. რატომ უნდა ვიყოთ მადლიერი და არა კრიტიკულად განწყობილი მიმომსვლელი უხუცესების მიმართ?

      14 მიმომსვლელი ზედამხედველი ცდილობს, რომ სულიერად დაეხმაროს როგორც ახალგაზრდას, ასევე ხანდაზმულს. ამიტომაც ნათელია, რომ მადლიერება უნდა გამოვავლინოთ მისი ძალისხმევისთვის. მაგრამ, ნუთუ მოსაწონი იქნებოდა, გაგვეკრიტიკებინა ისინი მცირე შეცდომების გამო ან უარყოფითი მხრიდან შეგვედარებინა მათთან, რომლებიც ადრე ინახულებდნენ ჩვენს კრებას? ცხადია, რომ ეს გულსატკენი იქნებოდა. პავლესთვის გამამხნევებელი არ ყოფილა, როდესაც ესმოდა, რომ მის საქმიანობას აკრიტიკებდნენ. როგორც ჩანს, ზოგიერთი კორინთელი ქრისტიანი დამამცირებელ შენიშვნებს გამოთქვამდა მის გარეგნობასა და საუბრის უნარზე. პავლემ თავად მოიყვანა ციტატად მათი სიტყვები: „წერილებში ის მძიმე და ძლიერია, მაგრამ როდესაც პირადად იმყოფება, სუსტია და მისი სიტყვაც არარაობააო“ (2 კორინთელთა 10:10). საბედნიეროდ, მიმომსვლელი ზედამხედველები, ჩვეულებრივ, სიყვარულით აღსავსე მადლიერების სიტყვებს ისმენენ.

      15, 16. როგორ გავლენას ახდენს მიმომსვლელ ზედამხედველებსა და მათ მეუღლეებზე სიყვარული და მონდომება, რომელსაც თანამორწმუნეები ავლენენ?

      15 სულიერი დებისა და ძმების მოსანახულებლად, ერთ-ერთ სარაიონო ზედამხედველს მთელი დღე უწევს ლათინური ამერიკის ტალახიან გზაზე მგზავრობა იმ ზონაში, რომელსაც პარტიზანები აკონტროლებენ. „აღტაცებული და აღელვებული ვარ, როდესაც ვხედავ, როგორ გამოხატავენ ძმები მადლიერებას მონახულებისთვის, — წერს ის, — მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულია მათთან მისვლა და მრავალი საშიშროებისა და გასაჭირის პირისპირ ვარ ხოლმე, ძმების მონდომებითა და სიყვარულით ვჯილდოვდები“.

      16 აფრიკაში ერთ-ერთი სარაიონო ზედამხედველი წერს: „ჩვენ ძალიან გვიყვარს ტანზანია იმის გამო, რომ ძმებმა სიყვარული გვაგრძნობინეს! ძმები მზად იყვნენ, ესწავლათ ჩვენგან და თავს ბედნიერად გრძნობდნენ ოჯახებში ჩვენი სტუმრობით“. პირველი საუკუნის ქრისტიან წყვილს, აკვილასა და პრისკილას, მოსიყვარულე და ბედნიერი ურთიერთობა ჰქონდათ პავლე მოციქულთან. სინამდვილეში მათ შესახებ პავლემ თქვა: „მოიკითხეთ პრისკილა და აკვილა, ჩემი თანამშრომელნი ქრისტე იესოში, რომელნიც თავს სწირავდნენ ჩემი სიცოცხლისათვის და, რომელთაც არა მარტო მე ვემადლიერები, არამედ წარმართთა ეკლესიებიც და მათი საშინაო ეკლესიაც“ (რომაელთა 16:3, 4). მიმომსვლელი ზედამხედველები და მათი მეუღლეები მადლიერები არიან, რომ ჰყავთ აკვილასა და პრისკილას მსგავსი მეგობრები, რომლებიც განსაკუთრებით ცდილობენ, გამოავლინონ სტუმართმოყვარეობა და ახლო თანამშრომლობა.

  • როგორ მსახურობენ კარგ განმგებლებად მიმომსვლელი ზედამხედველები
    საგუშაგო კოშკი — 1996 | 1 დეკემბერი
    • მათი მსახურების გამო მადლიერება

      3. რატომ შეიძლება მიმომსვლელ ზედამხედველებს ‘კარგი განმგებლები’ ეწოდოთ?

      3 მიმომსვლელ ზედამხედველსა და მის მეუღლეს ერთმა ქრისტიანმა დაქორწინებულმა წყვილმა მისწერა: „გვსურს მადლიერება გამოვთქვათ იმისთვის, რომ დრო და სიყვარული დაგვითმეთ. ჩვენთვის, როგორც ოჯახისთვის, ძალიან სასარგებლო იყო თქვენს მიერ მოცემული რჩევა და გამხნევება. ვიცით, რომ სულიერი ზრდა უნდა განვაგრძოთ, მაგრამ იეჰოვას დახმარებითა და თქვენნაირ და-ძმებთან ურთიერთობით ზრდის პროცესთან დაკავშირებული სიძნელეები უფრო იოლი გადასალახავია“. წერილები, მსგავსი სიტყვებით, ხშირია, რადგან მიმომსვლელი ზედამხედველები პირადად არიან დაინტერესებული თანამორწმუნეებით, სწორედ ისევე, როგორც კარგი განმგებელი — სახლეულის საჭიროებებით. ზოგი შესანიშნავი მომხსენებელია. ზოგიც სამქადაგებლო მსახურებაში გამოირჩევა, ზოგიც ცნობილია სითბოთი და თანაგრძნობით. სხვების მომსახურებაში ასეთი ნიჭების განვითარებითა და გამოყენებით მიმომსვლელ ზედამხედველებს სამართლიანად შეიძლება ეწოდოთ ‘კარგი განმგებლები’.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება