თავი მეცხრე
ღვთის მსახურები წმინდები უნდა იყვნენ
რატომ უნდა ვიყოთ ყველაფერში წმინდები? (1)
რას ნიშნავს სულიერი სიწმინდე (2), ზნეობრივი სიწმინდე (3), გონებრივი სიწმინდე (4) და ფიზიკური სისუფთავე? (5)
როგორ მეტყველებას უნდა მოვერიდოთ? (6)
1. იეჰოვა უმწიკვლო და წმინდა ღმერთია და თავისი თაყვანისმცემლებისგან სულიერ, ზნეობრივ, გონებრივ სიწმინდესა და ფიზიკურ სისუფთავეს მოითხოვს (1 პეტრე 1:16). იოლი არ არის, სიწმინდე შეინარჩუნო ღვთის თვალში, რადგან უწმინდურ ქვეყნიერებაში ვცხოვრობთ. ჩვენ საკუთარ თავსაც ვებრძვით, ვინაიდან ჩვენი ბუნება არასწორის კეთებისკენ გვიბიძგებს, თუმცა ბრძოლა ღირს.
2. სულიერი სიწმინდე. ჩვენ ვერ ვემსახურებით იეჰოვას, თუ მცდარი რელიგიური მოძღვრებებისა და ადათ-წესების ერთგულები დავრჩებით. ცრუ რელიგია უნდა მივატოვოთ და მასთან ყოველგვარი კავშირი უნდა გავწყვიტოთ (2 კორინთელები 6:14—18; გამოცხადება 18:4). ღვთის შესახებ ჭეშმარიტების გაგების შემდეგ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ არავინ შეგვაცდინოს მცდარი მოძღვრებით (2 იოანე 10, 11).
3. ზნეობრივი სიწმინდე. იეჰოვას სურს, რომ მისი თაყვანისმცემლები ყოველთვის ისე იქცეოდნენ, როგორც ჭეშმარიტ ქრისტიანებს შეჰფერით (1 პეტრე 2:12). ღმერთი ყველაფერს ხედავს, რასაც ვაკეთებთ (ებრაელები 4:13). ამიტომ აუცილებელია, მოვერიდოთ სქესობრივ უზნეობასა და ქვეყნიერებისთვის დამახასიათებელ ნებისმიერ უწმინდურ საქციელს (1 კორინთელები 6:9—11).
4. გონებრივი სიწმინდე. თუ ყოველთვის იმაზე ვიფიქრებთ, რაც წმინდაა, ეს ჩვენს საქციელზეც აისახება (ფილიპელები 4:8). მაგრამ თუ სულ იმაზე ვიფიქრებთ, რაც უწმინდურია, უეჭველად ჩავიდენთ ბოროტებას (მათე 15:18—20). ამიტომ უნდა მოვერიდოთ ისეთი სახის გართობას, რომელიც გონებას აბინძურებს. ნაცვლად ამისა, ღვთის სიტყვის შესწავლით გონება წმინდა აზრებით უნდა ვკვებოთ.
5. ფიზიკური სისუფთავე. ქრისტიანები ღვთის მსახურები არიან. ამიტომ ისინი სუფთები უნდა იყვნენ და სუფთად უნდა ეცვათ. საჭიროა ხელები დავიბანოთ საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ, ჭამის წინ და იმ შემთხვევაში, თუ საკვებ პროდუქტებს ვკიდებთ ხელს. თუ კანალიზაცია არა გაქვთ, ექსკრემენტი მიწაში ჩამარხეთ (მეორე კანონი 23:12, 13). ფიზიკური სისუფთავე ჯანმრთელობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ქრისტიანის სახლ-კარი სისუფთავით სამაგალითო უნდა იყოს.
6. სიწმინდე მეტყველებაში. ღვთის მსახურები ყოველთვის სიმართლეს უნდა ლაპარაკობდნენ. მატყუარები ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს (ეფესოელები 4:25; გამოცხადება 21:8). ქრისტიანები ბილწ სიტყვებს არ ხმარობენ. ისინი არც ყვებიან და არც უსმენენ უხამს ხუმრობებსა თუ ანეგდოტებს. ქრისტიანები თავიანთი მეტყველებით გამოირჩევიან სამსახურში, სკოლასა თუ სამეზობლოში (ეფესოელები 4:29, 31; 5:3).
[სურათები 18, 19 გვერდებზე]
ღვთის მსახურები ყველაფერში წმინდები უნდა იყვნენ.