-
ნუგეშისთვის მიენდე იეჰოვასსაგუშაგო კოშკი — 1996 | 1 ნოემბერი
-
-
ნუგეშისთვის მიენდე იეჰოვას
„ხოლო მოთმინებისა და ნუგეშის ღმერთმა მოგცეთ თქვენ ერთმანეთში ერთსულოვნება ქრისტე იესოს მიერ“ (რომაელთა 15:5).
1. რატომ არის დღითი დღე მეტი ნუგეში საჭირო?
რაც დრო გადის, მით უფრო მეტი ნუგეშისცემა გვესაჭიროება. როგორც ბიბლიის ერთ-ერთი მწერალი 1 900-ზე მეტი წლის წინათ აღნიშნავდა, „მთელი ქმნილება ერთად კვნესის და იტანჯება აქამდე“ (რომაელთა 8:22). დღეს ‘კვნესა’ და ‘ტანჯვა’ უფრო დიდია, ვიდრე დღემდე ახსოვს ისტორიას. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ კაცობრიობა ერთმანეთზე მიყოლებული კრიზისით იტანჯება, იქნება ეს სხვადასხვანაირი ომები, დანაშაული თუ სტიქიური უბედურებები, რომლებიც, ხშირად, ადამიანთა მიერ დედამიწის არასწორად მოპყრობით არის გამოწვეული (გამოცხადება 11:18).
2. ა) ვინ არის ყველაზე მეტად დამნაშავე ადამიანთა დღევანდელ ტანჯვაში? ბ) რა ფაქტი გვაძლევს ნუგეშის საფუძველს?
2 რატომ არსებობს დღეს ამდენი ტანჯვა? 1914 წელს სამეფოს დაბადების შემდეგ სატანის ზეციდან ჩამოგდებაზე საუბრისას ბიბლია გვპასუხობს: „ვაი, მიწასა და ზღვას, ვინაიდან თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი დიდი მძვინვარებით, რადგან იცის, რომ დრო მცირეღა დარჩა“ (გამოცხადება 12:12). წინასწარმეტყველების შესრულების ნათელი მტკიცება ნიშნავს, რომ ჩვენ თითქმის მივაღწიეთ სატანის ბოროტი მმართველობის დასასრულს. რამდენად მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ ცხოვრება დედამიწაზე მალე მშვიდობიანი იქნება, ისეთი, როგორიც იყო იმ დრომდე, სანამ სატანა აჯანყებისკენ წააქეზებდა ჩვენს მშობლებს!
3. როდის არ ესაჭიროებოდათ ადამიანებს ნუგეში?
3 თავდაპირველად ადამიანის შემოქმედმა პირველ ადამიანთა წყვილისთვის საცხოვრებლად მოამზადა მშვენიერი ბაღი. ის მდებარეობდა იმ მიდამოებში, რომელსაც ეწოდებოდა ედემი, რაც ნიშნავს „ნეტარებას“ ან „ტკბობას“ (დაბადება 2:8, აქ, სქოლიო). გარდა ამისა, ადამი და ევა ხარობდნენ სრულყოფილი ჯანმრთელობით და ჰქონდათ იმედი, რომ არასოდეს მოკვდებოდნენ. დაფიქრდი, რამდენ სფეროში შეეძლოთ განევითარებინათ ნიჭი — მცენარეების მოვლაში, ხელოვნებაში, მშენებლობაში, მუსიკაში. დაფიქრდი, რამდენი ქმნილების შესწავლა შეეძლოთ, როდესაც განახორციელებდნენ დავალებას, დაუფლებოდნენ მთელ დედამიწას და სამოთხედ გადაექციათ (დაბადება 1:28). ნამდვილად, ადამისა და ევას ცხოვრება კვნესითა და ტანჯვით კი არ იქნებოდა აღსავსე, არამედ ნეტარებითა და სიტკბოებით. ნათელია, რომ მათ არ დასჭირდებოდათ ნუგეში.
4, 5. ა) რატომ ვერ შეძლეს ადამმა და ევამ მორჩილების გამოცდის გადატანა? ბ) როგორ მივიდა კაცობრიობა იქამდე, რომ ესაჭიროება ნუგეში?
4 ერთადერთი, რაც ადამსა და ევას ესაჭიროებოდათ, იყო ის, რომ განევითარებინათ ღრმა სიყვარული და პატივისცემა კეთილი ზეციერი მამის მიმართ. ასეთი სიყვარულის ძალას უნდა აღეძრა, ნებისმიერ ვითარებაში დამორჩილებოდნენ ღმერთს (შეადარე იოანე 14:31). სამწუხაროდ, ორივე, ჩვენი პირველი მშობლები, არ დაემორჩილნენ თავიანთ სამართლიან უზენაეს მმართველს, იეჰოვას. ამის ნაცვლად, მათ ნება დართეს საკუთარ თავს, რომ დაცემული ანგელოზის, სატანა ეშმაკის ბოროტ მმართველობაში მოქცეულიყვნენ. სწორედ სატანამ აცდუნა ევა, ჩაედინა ცოდვა და ეჭამა აკრძალული ხილი. შემდეგ ადამმაც შესცოდა, როდესაც იმ ხის ნაყოფი შეჭამა, რომლის შესახებაც ღმერთმა სავსებით ნათლად გააფრთხილა: ‘როგორც კი შეჭამ, მოკვდები’ (დაბადება 2:17).
5 ამგვარად დაიწყო ცოდვილმა წყვილმა კვდომა. სიკვდილის განაჩენის გამოცხადებისას ღმერთმა ადამს აგრეთვე უთხრა: „მიწა დაიწყევლოს შენს გამო: ტანჯვით მიიღებდე მისგან საზრდოს მთელი სიცოცხლე. ძეძვი და ეკალი აღმოგიცენოს და მინდვრის ბალახი იყოს შენი საზრდო“ (დაბადება 3:17, 18). ასე რომ, ადამისა და ევასთვის დაიკარგა იმის იმედი, რომ დაუმუშავებელ დედამიწას სამოთხედ გადააქცევდნენ. ედემიდან გამოგდებულებს მთელი ენერგიის ხარჯვა უწევდათ, რომ საკვები მიეღოთ მიწიდან, რომელიც ღმერთმა დაწყევლა. მათმა შთამომავლობამ მემკვიდრეობით ცოდვა და სიკვდილი მიიღო და შთამომავლობა მივიდა იქამდე, რომ უდიდესი ნუგეში ესაჭიროება (რომაელთა 5:12).
შესრულდა სანუგეშო აღთქმა
6. ა) რა მანუგეშებელი აღთქმა მისცა ღმერთმა ადამიანებს ცოდვის ჩადენის შემდეგ? ბ) რა წინასწარმეტყველება განაცხადა ლამექმა ნუგეშთან დაკავშირებით?
6 როდესაც იეჰოვამ ადამიანთა აჯანყების წამქეზებელს განაჩენი გამოუტანა, დაამტკიცა, რომ ‘ნუგეშის ღმერთს’ წარმოადგენდა (რომაელთა 15:5). ეს ცხადი გახდა, როდესაც წარმოთქვა აღთქმა „თესლის“ შესახებ, რომელიც, ბოლოს და ბოლოს, გაათავისუფლებდა ადამის შთამომავლობას ადამის აჯანყების გამანადგურებელი გავლენისგან (დაბადება 3:15). თავის დროზე, ღმერთმა, ასევე, ამ გათავისუფლების იმედის ნაპერწკალი წინასწარ დაანახა ადამიანებს. მაგალითად, მან შთააგონა ლამექს, ადამის შორეულ შთამომავალს, ადამის ძის, შეთის მხრიდან, რომ ეწინასწარმეტყველა, თუ რა უნდა გაეკეთებინა ლამექის ძეს: „ეს გვანუგეშებს ჩვენს შრომასა და ჯაფაში ამ მიწაზე, რომელიც დასწყევლა უფალმა“ (დაბადება 5:29). ამ აღთქმის თანახმად, ძეს დაარქვეს ნოე, რაც, როგორც ვიცით, ნიშნავს „დასვენებას“ ან „ნუგეშს“.
7, 8. ა) რატომ გაუჩნდა იეჰოვას სინანულის გრძნობა ადამიანის შექმნის გამო და რა განიზრახა პასუხად? ბ) როგორ გაამართლა ნოემ თავისი სახელის მნიშვნელობა?
7 ამ დროს კი, სატანა ზეციერ ანგელოზთა შორის თავის მიმდევრებს იძენდა. ადამიანთა მსგავსად ხორცშესხმულ ანგელოზებს ადამის შთამომავალი მიმზიდველი ქალიშვილები როგორც ცოლები ისე მიჰყავდათ. ასეთმა არაბუნებრივმა კავშირმა შემდგომში გახრწნა ადამიანთა საზოგადოება და წარმოშვა ბუმბერაზი მოძალადე „ადამიანების“ უღვთო რასა, რომლებიც სხვებს აკნინებდნენ და რომლებმაც დედამიწა ძალადობით აავსეს (დაბადება 6:1, 2, 4, 11; იუდა 6). „დაინახა უფალმა ღმერთმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ ამქვეყნად. . . ინანა უფალმა, რომ შექმნა ადამიანი ამქვეყნად, და შეწუხდა“ (დაბადება 6:5, 6).
8 იეჰოვამ განიზრახა, რომ მსოფლიო წარღვნით გაენადგურებინა ბოროტი წუთისოფელი, მაგრამ ჯერ ნოეს ააშენებინა გადასარჩენად კიდობანი. ამგვარად გადარჩა ადამიანთა და ცხოველთა მოდგმა. რა შვებას იგრძნობდა ნოე და მისი ოჯახი წარღვნის შემდეგ კიდობნიდან გასუფთავებულ მიწაზე გამოსვლისას! რა მანუგეშებელი იყო იმის ხილვა, რომ მიწას მოეხსნა წყევლა, რამაც მიწათმოქმედება გაცილებით იოლი გახადა! ნამდვილად, ლამექის წინასწარმეტყველება შესრულდა და ნოემ ისე იცხოვრა, რომ გაამართლა თავისი სახელის მნიშვნელობა (დაბადება 8:21). ნოე, როგორც ღვთის ერთგული მსახური, „ნუგეშის“ მომტანი საშუალება იყო კაცობრიობისთვის. მაგრამ სატანისა და მისი დემონი ანგელოზების გავლენა წარღვნის დროს არ დამთავრებულა, და კაცობრიობა ისევ იტანჯება ცოდვის, ავადმყოფობისა და სიკვდილის უღლით.
ნოეზე დიდებული
9. როგორ დაამტკიცა იესო ქრისტემ, რომ მომნანიებელი ადამიანების დამხმარე და ნუგეშისმცემელი იყო?
9 საბოლოოდ, კაცობრიობის 4 000-წლიანი ისტორიის დასასრულს, მოვიდა აღთქმული თესლი. ადამიანებისადმი უდიდესი სიყვარულის გამო იეჰოვა ღმერთმა თავისი მხოლოდშობილი ძე გამოგზავნა დედამიწაზე, რომ ცოდვილი კაცობრიობის გამოსასყიდ მსხვერპლად მომკვდარიყო (იოანე 3:16). იესო ქრისტეს უდიდესი შვება მოაქვს მომნანიებელი ცოდვილებისთვის, რომლებიც მისი შეწირული მსხვერპლის მიმართ რწმენას ავლენენ. ყველა, რომლებმაც სიცოცხლე მიუძღვნეს იეჰოვას და მონათვლის შემდეგ მისი ძის მოწაფეები გახდნენ, გრძნობენ ხანგრძლივ სიმშვიდესა და ნუგეშს (მათე 11:28–30; 16:24). არასრულყოფილების მიუხედავად, ისინი უდიდეს სიხარულს გრძნობენ სუფთა სინდისით იეჰოვასადმი მსახურებით. რამდენად მანუგეშებელია მათთვის იმის ცოდნა, რომ, თუ გააგრძელებენ იესოს მიმართ რწმენის გამოვლენას, დაჯილდოვდებიან მარადიული სიცოცხლით! (იოანე 3:36; ებრაელთა 5:9). თუ სისუსტის გამო სერიოზულ ცოდვას ჩაიდენენ, მათ ჰყავთ დამხმარე, ანუ ნუგეშისმცემელი, მკვდრეთით აღმდგარი უფალი იესო ქრისტე (1 იოანე 2:1, 2). ასეთი ცოდვის გულახდილი აღიარებითა და ცოდვისგან თავის ასარიდებლად ბიბლიიდან გამომდინარე ნაბიჯის გადადგმით, გრძნობენ შვებას, რადგან იციან, რომ ღმერთი არის ‘ერთგული და მართალი, და მიუტევებს ცოდვებს’ (1 იოანე 1:9; 3:6; იგავნი 28:13).
10. რას ვსწავლობთ იესოს მიერ დედამიწაზე ყოფნის დროს შესრულებული სასწაულებიდან?
10 დედამიწაზე ყოფნის დროს იესოსაც მოჰქონდა ხალისი ადამიანებისთვის, იმით, რომ კურნავდა დემონით შეპყრობილებს, კურნავდა ავადმყოფებს და მკვდარ საყვარელ ადამიანებს სიცოცხლეს უბრუნებდა. ნათელია, რომ ასეთ სასწაულებს მხოლოდ დროებითი შვება მოჰქონდა, რადგან ისინი, რომლებიც იყვნენ კურთხეული, შემდეგ დაბერდნენ და მოკვდნენ. მაგრამ ასეთი მოქმედებით იესომ უჩვენა, როგორი იქნებოდა მომავალი მარადიული კურთხევა, რომელსაც მთელ კაცობრიობაზე გადმოაფრქვევს. ამჟამად, იესო, ძლევამოსილი ზეციერი მეფე, მალე დემონების განდევნაზე უფრო მეტს გააკეთებს. ის მათ, ხელმძღვანელ სატანასთან ერთად, ჩააგდებს უმოქმედო მდგომარეობაში. შემდეგ დადგება ქრისტეს დიდებული ათასწლიანი მმართველობა (ლუკა 8:30, 31; გამოცხადება 20:1, 2, 6).
11. რატომ უწოდა იესომ საკუთარ თავს „შაბათის უფალი“?
11 იესომ თქვა, რომ იყო ‘შაბათის უფალი’ და მრავალი სწორედ შაბათ დღეს განკურნა (მათე 12:8–13; ლუკა 13:14–17; იოანე 5:15, 16; 9:14). რატომ ხდებოდა ასე? „შაბათი“ ისრაელებისთვის მიცემული ღვთის რჯულის ნაწილი იყო და წარმოადგენდა ‘მომავალ სიკეთეთა აჩრდილს’ (ებრაელთა 10:1). კვირის ექვსი სამუშაო დღე შეგვახსენებს სატანის დესპოტურ მმართველობას დაქვემდებარებული და დამონებული კაცობრიობის გასულ 6 000 წელს. კვირის დასასრული შაბათი დღე გვახსენებს კაცობრიობის მანუგეშებელ დასვენებას, რომელსაც უფრო დიდებული ნოეს, იესო ქრისტეს, მმართველობის დროს იგრძნობენ ადამიანები (შეადარე მე-2 პეტრე 3:8).
12. რა ნუგეშს უნდა ველოდეთ?
12 რა შვებას იგრძნობენ ქრისტეს მმართველობის მიწიერი ქვეშევრდომები, როცა საბოლოოდ სრულიად გათავისუფლდებიან სატანის ბოროტი ზეგავლენისგან! უფრო მეტ ნუგეშს კი მაშინ იგრძნობენ, როდესაც ფიზიკურად, ემოციურად და გონებრივად განიკურნებიან (ესაია 65:17). წარმოიდგინე მათი აღტაცება, როდესაც შეხვდებიან გაცოცხლებულ საყვარელ ადამიანებს! ასეთი გზებით ‘მოსწმენდს ღმერთი ცრემლს მათ თვალებიდან’ (გამოცხადება 21:4). რადგანაც ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლის კურთხევებს უფრო და უფრო მეტად გამოიყენებენ, ღვთის სამეფოს მორჩილი ქვეშევრდომები, თანდათან სრულყოფილებისკენ წაიწევენ და სავსებით გათავისუფლდებიან ადამის ცოდვის ცუდი ზეგავლენისგან (გამოცხადება 22:1–5). შემდეგ სატანა გათავისუფლდება „მცირე ხნით“ (გამოცხადება 20:3, 7). ყველა, ვინც ერთგულად იცავს იეჰოვას უზენაესობას, მარადიული სიცოცხლით დაჯილდოვდება. წარმოიდგინე ენით აუწერელი სიხარული და შვება, როდესაც სავსებით ‘გავთავისუფლდებით ხრწნილების მონობისაგან’! ამგვარად, მორჩილი ადამიანები გაიხარებენ ‘ღვთის შვილთა დიდების თავისუფლებით’ (რომაელთა 8:21).
13. რატომ ესაჭიროებათ ჭეშმარიტ ქრისტიანებს ის ნუგეში, რასაც ღმერთი იძლევა?
13 ახლა კი ჩვენ სატანის ბოროტ სისტემაში ვიმყოფებით, სადაც კვნესა და ტანჯვაა. ფიზიკური ავადმყოფობები და ემოციური მოშლილობა გავლენას ახდენს ნებისმიერ ადამიანზე, მათ შორის, ერთგულ ქრისტიანებზეც (ფილიპელთა 2:25–27; 1 თესალონიკელთა 5:14). ამასთან ერთად, როგორც ქრისტიანები, ხშირად ვიტანჯებით უსამართლო დაცინვითა და დევნით, რასაც სატანა გვატეხს თავს, რადგან ‘ღმერთს უფრო მეტად ვმორჩილებთ, ვიდრე ადამიანებს’ (საქმეები 5:29). ამგვარად, თუ გვსურს შევძლოთ ღვთის ნების შესრულება სატანის წუთისოფლის დასასრულამდე, გვესაჭიროება ნუგეში, დახმარება და ძალა, რასაც თვითონ ღმერთი გვაძლევს.
სად ვნახოთ ნუგეში
14. ა) რა აღთქმა წარმოთქვა იესომ სიკვდილის წინა საღამოს? ბ) რა არის აუცილებელი, რომ ბოლომდე ვისარგებლოთ იმ ნუგეშით, რასაც ღმერთი სულიწმიდით იძლევა?
14 სიკვდილამდე ერთი დღით ადრე, საღამოს, იესომ თავის ერთგულ მოციქულებს გასაგებად უთხრა, რომ მალე დატოვებდა მათ და მამასთან დაბრუნდებოდა. ამან ააღელვა და დაამწუხრა ისინი (იოანე 13:33, 36; 14:27–31). იესოს ესმოდა, რომ მათ ესაჭიროებოდათ მუდმივი ნუგეში და აღუთქვა: „მე მამას შევევედრები და ის სხვა ნუგეშისმცემელს მოგივლენთ, რათა თქვენთან იყოს საუკუნოდ“ (იოანე 14:16). იესო აქ გულისხმობდა ღვთის სულიწმიდას, რომელიც მის მოწაფეებზე გადმოვიდა მისი აღდგენიდან 50-ე დღესa. სხვა მრავალთან ერთად, ღვთის სული ანუგეშებდა მათ ყოველი განსაცდელის დროს და აძლიერებდა ღვთის ნების შესასრულებლად (საქმეები 4:31). მაგრამ ასეთი დახმარება რაღაც მექანიკურად არ უნდა მივიჩნიოთ. მისგან სრული სარგებლობის მისაღებად ყოველმა ქრისტიანმა ყოველთვის უნდა ილოცოს მანუგეშებელი დახმარებისთვის, რომელსაც ღმერთი სულიწმიდის მეშვეობით იძლევა (ლუკა 11:13).
15. რომელი საშუალებებით გვანუგეშებს იეჰოვა?
15 მეორე საშუალება, რითაც ღმერთი გვანუგეშებს, არის მისი სიტყვა, ბიბლია. პავლე წერდა: „რადგან ყოველივე, რაც წინათ დაიწერა, ჩვენს სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებით და წერილთა ნუგეშით გვქონდეს იმედი“ (რომაელთა 15:4). ეს გვიჩვენებს აუცილებლობას, რომ რეგულარულად ვისწავლოთ და ღრმად ვიფიქროთ იმაზე, რაც დაწერილია ბიბლიასა და ბიბლიაზე დაფუძნებულ პუბლიკაციებში. ასევე, აუცილებელია რეგულარული დასწრება ქრისტიანულ შეხვედრებზე, სადაც განიხილება ღვთის სიტყვიდან გამომდინარე მანუგეშებელი აზრები. ასეთი შეკრებების ერთ-ერთი მთავარი მიზანია ერთმანეთის წახალისება (ებრაელთა 10:25).
16. როგორი მოქმედებისკენ უნდა აღგვძრას ღვთისგან მომდინარე ნუგეშმა?
16 რომაელთა მიმართ პავლეს წერილში გრძელდება იმ დადებით შედეგებზე საუბარი, რასაც ვიყენებთ ღვთისგან მოცემული მანუგეშებელი საშუალებებით. პავლე წერდა: „მოთმინებისა და ნუგეშის ღმერთმა მოგცეთ თქვენ ერთმანეთში ერთსულოვნება ქრისტე იესოს მიერ. რათა ერთსულოვნად, ერთი პირით ადიდოთ ღმერთი, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამა“ (რომაელთა 15:5, 6). დიახ, როდესაც ბოლომდე ვიყენებთ ღვთის მანუგეშებელი მზრუნველობის ნაყოფს, უფრო მეტად დავემსგავსებით ჩვენს გაბედულ ხელმძღვანელს, იესო ქრისტეს. ეს მოგვცემს იმის სურვილს, რომ ვადიდოთ ღმერთი დამოწმებისას, შეხვედრებზე, თანამორწმუნეებთან პირადი საუბრისას და ლოცვისას.
მძიმე განსაცდელის დროს
17. როგორ ანუგეშა იეჰოვამ თავისი ძე და რა იყო შედეგი?
17 წამებით სიკვდილამდე ერთი დღით ადრე, საღამოს, იესო ‘წუხდა’ და ‘ურვობდა’ (მათე 26:37, 38). ამიტომ მოწაფეებისგან ცოტა მოშორებით გავიდა და ლოცვით სთხოვდა დახმარებას ზეციერ მამას. და „შესმენილ იქნა იგი ღვთისმოშიშების გამო“ (ებრაელთა 5:7). ბიბლიაში ნათქვამია, რომ „ეჩვენა მას ციდან ანგელოზი და ამხნევებდა“ (ლუკა 22:43). იესოს გაბედულება და ვაჟკაცობა, და ისიც, თუ როგორ წარდგა მოწინააღმდეგეების წინაშე, ცხადყოფს, თუ რამდენად ძლიერი იყო ღვთის მიერ ძის ნუგეშისცემა (იოანე 18:3–8, 33–38).
18. ა) პავლე მოციქულის ცხოვრების რომელი მონაკვეთი იყო განსაკუთრებით განსაცდელებით აღსავსე? ბ) როგორ შეგვიძლია ნუგეშისმცემლები ვიყოთ საქმეებით დატვირთული მგრძნობიარე უხუცესების მიმართ?
18 პავლე მოციქულსაც დროდადრო მძიმე განსაცდელი ჰქონდა. მაგალითად, მისი მსახურება ეფესოში იყო ‘მრავალი ცრემლითა და განსაცდელით, რომელიც შეემთხვა იუდეველთა ბოროტი ზრახვებით’ (საქმეები 20:17–20). ბოლოს, მას შემდეგ, რაც პავლეს სამქადაგებლო მოღვაწეობის გამო, ღვთაება არტემიდეს მომხრეებმა დრტვინვით აიკლეს ქალაქი, პავლემ დატოვა ეფესო (საქმეები 19:23–29; 20:1). როდესაც პავლე გაემგზავრა ჩრდილოეთით, ქალაქ ტროადაში, სანერვიულო დაემატა. ვიდრე ეფესოში დრტვინვა მოხდებოდა, მან მიიღო ამაღელვებელი ცნობა. კორინთში ახლადჩამოყალიბებულ კრებაში იყო დაყოფები და დაშვებული იყო მრუშობა. ასე რომ, ეფესოდან პავლემ მისწერა წერილი მკაცრი საყვედურით იმ იმედით, რომ მდგომარეობა გამოსწორდებოდა. ეს მისთვის არ იყო ადვილი. მეორე წერილში მან თქვა: „ვინაიდან დიდი გულისტკივილითა და ნაღველით გწერდით და უამრავი ცრემლით“ (2 კორინთელთა 2:4). პავლეს მსგავსად, მგრძნობიარე უხუცესებისთვის არ არის იოლი გამოსასწორებელი რჩევებისა და საყვედურების მიცემა, ნაწილობრივ იმიტომ, რომ მათაც ძალიან აწუხებთ საკუთარი სისუსტეები (გალატელთა 6:1). დაე, ვანუგეშოთ ისინი, რომლებიც ჩვენს შორის ხელმძღვანელობენ იმით, რომ ხალისით გამოვეხმაუროთ მათ მოსიყვარულე, ბიბლიაზე დაფუძნებულ რჩევას (ებრაელთა 13:17).
19. რატომ დატოვა პავლე ტროადა და გაემგზავრა მაკედონიაში და ბოლოს რით იგრძნო შვება?
19 ეფესოში ყოფნის დროს პავლემ მხოლოდ წერილი კი არ მისწერა კორინთის ძმებს, არამედ მხარში ამოსადგომად ტიტეც გაუგზავნა და დაავალა, რომ ეცნობებინა მისთვის, თუ რა გამოხმაურება ექნებოდა წერილს. პავლე იმედოვნებდა, რომ ტროადაში შეხვდებოდა ტიტეს. იქ პავლე კურთხეული იყო შესაძლებლობით, ჰყოლოდა მოწაფეები. მაგრამ ამან შვება ვერ მოუტანა, ღელავდა, რადგან ტიტე ჯერ კიდევ არ იყო ჩასული (2 კორინთელთა 2:12, 13). ასე რომ, ტიტესთან შეხვედრის იმედით ის გაემგზავრა მაკედონიაში. პავლეს შეშფოთებას დაემატა ისიც, რომ მის მსახურებას ბევრი ეწინააღმდეგებოდა. ის ამბობს: „როცა მაკედონიაში მოვედით, ჩვენს სხეულს არ ჰქონია მოსვენება, არამედ შევიწროებულნი ვიყავით ყველაფერში: გარეთ — ბრძოლები, შინ — შიში. მაგრამ ღმერთმა, რომელიც მორჩილთა ნუგეშისმცემელია, ნუგეში გვცა ტიტეს მოსვლით“ (2 კორინთელთა 7:5, 6). და რამდენად დიდი შვება იგრძნო, როცა, როგორც იქნა, ტიტე ჩავიდა და მოუყვა პავლეს იმ დადებით გამოხმაურებაზე, რაც მის წერილს მოჰყვა!
20. ა) როგორც პავლეს შემთხვევიდანაც ჩანს, რომელია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საშუალება, რითაც იეჰოვა გვანუგეშებს? ბ) რა იქნება შემდეგ სტატიაში განხილული?
20 პავლეს თავგადასავალი მანუგეშებელია დღეს ღვთის მსახურთათვის, რომლებიც მრავალი გამოცდების წინაშე არიან, რაც „აბეჩავებს“, ანუ „ამწუხრებს“ მათ („ფილიპსის“ თარგმანი [Phillips]). დიახ, „ნუგეშის ღმერთმა“ იცის ჩვენი პირადი საჭიროებები და შეუძლია გამოგვიყენოს ერთმანეთის სანუგეშებლად ისე, როგორც პავლეს სცა ნუგეში მომნანიებელი კორინთელების შესახებ ტიტეს მოტანილმა ამბავმა (2 კორინთელთა 7:11–13). შემდეგ სტატიაში განვიხილავთ პავლეს თბილ პასუხს კორინთელთა მიმართ და იმას, თუ როგორ დაგვეხმარება ჩვენ დღეს ეფექტურად გავუნაწილოთ ღვთისგან მოცემული ნუგეში სხვებს.
-
-
სხვებსაც ვუწილადოთ იეჰოვასგან ბოძებული ნუგეშისაგუშაგო კოშკი — 1996 | 1 ნოემბერი
-
-
სხვებსაც ვუწილადოთ იეჰოვასგან ბოძებული ნუგეში
„მტკიცეა ჩვენი იმედი თქვენს მიმართ, ვინაიდან ვიცით, რომ, როგორც ტანჯვათა მონაწილენი ხართ, ასევე ნუგეშისცემისაც“ (2 კორინთელთა 1:7).
1, 2. რას განიცდის უმრავლესობა, რომლებიც ქრისტიანები გახდნენ დღეს?
„საგუშაგო კოშკის“ დღევანდელ მკითხველთა უმრავლესობა ღვთის ჭეშმარიტების ცოდნის გარეშე გაიზარდა. შესაძლოა შენც მათ შორის ხარ. თუ ასეა, გაიხსენე, რა იგრძენი, როდესაც ერთ მშვენიერ დღეს თვალები აგეხილა და ბევრი რამ გასაგები გახდა შენთვის. მაგალითად, როდესაც პირველად გაიგე, რომ მკვდრები არ ეწამებიან, არამედ უგრძნობ მდგომარეობაში არიან, ნუთუ შვება არ იგრძენი? და როდესაც მკვდრებთან დაკავშირებულ იმედზე გაიგე, რომ მილიარდები აღდგებიან ღვთის ახალ ქვეყნიერებაში საცხოვრებლად, ნუთუ მანუგეშებელი არ იყო შენთვის? (ეკლესიასტე 9:5, 10; იოანე 5:28, 29).
2 რას იტყოდი ღვთის აღთქმაზე, რომ ბოლოს მოუღებს ბოროტებას და დედამიწას სამოთხედ გადააქცევს? როდესაც ამის შესახებ გაიგე, ნუთუ მანუგეშებელი არ იყო შენთვის და მოუთმენლად არ ელი აღთქმულს? რა იგრძენი, როდესაც პირველად გაიგე, რომ შესაძლებელია არასოდეს მოკვდე, არამედ გადარჩე და სამოთხეში იცხოვრო დედამიწაზე? უეჭველია, აღტაცებისგან ჟრუანტელმა დაგიარა მთელ სხეულში. დიახ, შენ გახდი ღვთის მანუგეშებელი ცნობის მიმღები, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქადაგებენ იეჰოვას მოწმეები (ფსალმუნი 36:9–11, 29; იოანე 11:26; გამოცხადება 21:3–5).
3. რატომ განიცდიან გასაჭირს ისინიც, რომლებიც სხვებს უნაწილებენ მანუგეშებელ ცნობას?
3 მაგრამ, როდესაც სცადე ბიბლიის ცნობა გაგეზიარებინა სხვებისთვის, მიხვდი, რომ „ყველაში როდია რწმენა“ (2 თესალონიკელთა 3:2). შესაძლოა ძველი მეგობრები დაგცინოდნენ იმის გამო, რომ ბიბლიის აღთქმების გწამს. შესაძლოა, იტანჯებოდი იმის გამო, რომ, რადგან იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლას თავს არ ანებებდი, გდევნიდნენ. წინააღმდეგობა, შესაძლოა, უფრო გაძლიერდა, როდესაც ცხოვრების შეცვლა ბიბლიის პრინციპებთან შეთახმებით დაიწყე. შენც გრძნობდი გასაჭირს, რომელსაც სატანა და მისი წუთისოფელი თავს ატეხს მათ, რომლებიც ღვთისგან ღებულობენ ნუგეშს.
4. რა სხვადასხვა გზებით შეიძლება, ახლად დაინტერესებულებმა იმოქმედონ გასაჭირში?
4 სამწუხაროდ, როგორც იესომ იწინასწარმეტყველა, გასაჭირი ბევრს აცდუნებდა, შეეწყვიტა ქრისტიანულ კრებასთან კავშირი (მათე 13:5, 6, 20, 21). მრავალი უძლებს გასაჭირს, რადგან გონებაში ღრმად აქვთ ჩაბეჭდილი მანუგეშებელი აღთქმები, რომლებსაც ისმენენ. ბოლოს უძღვნიან სიცოცხლეს იეჰოვას და როგორც მისი ძის, იესო ქრისტეს მოწაფეები, ინათლებიან (მათე 28:19, 20; მარკოზი 8:34). რასაკვირველია, გასაჭირი არ შეჩერდება, როდესაც ქრისტიანი მოინათლება. მაგალითად, პატიოსნების შენარჩუნება საკმაოდ ძნელია იმ პიროვნებისთვის, რომელიც წარსულში უზნეო ცხოვრებას ეწეოდა. სხვები მტკიცე რწმენით უძლებენ ოჯახის ურწმუნო წევრებისგან წინააღმდეგობას. როგორიც არ უნდა იყოს გასაჭირი, ყველა, ვინც ერთგულად ცხოვრობს ღვთისადმი მიძღვნილი სიცოცხლის თანახმად, შეუძლია ერთ რამეში იყოს დარწმუნებული. პირადად იგრძნობენ ღვთის ნუგეშსა და დახმარებას.
„ყოველი ნუგეშის ღმერთი“
5. სხვა განსაცდელებთან ერთად, კიდევ რით იტანჯებოდა პავლე?
5 პავლე მოციქული ძალიან აფასებდა ღვთისგან ბოძებულ ნუგეშს. აზიასა და მაკედონიაში, ძირითადად, განსაცდელებით აღსავსე დროის შემდეგ, მან უდიდესი შვება იგრძნო, როდესაც გაიგო, რომ მის სასაყვედურო წერილს კორინთელთა კრება დადებითად გამოეხმაურა. ამან აღძრა პავლე მეორე წერილი მიეწერა მათთვის, შემდეგი სიტყვებით: „კურთხეულია ღმერთი და მამა ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, მოწყალების მამა და ყოველი ნუგეშის ღმერთი. ჩვენი ნუგეშისმცემელი ჩვენს ყოველგვარ გასაჭირში“ (2 კორინთელთა 1:3, 4).
6. რას ვგებულობთ პავლეს სიტყვებით მე-2 კორინთელთა 1:3, 4-დან?
6 ეს, ღვთის მიერ შთაგონებული, სიტყვები უდიდეს ინფორმაციას იტევს. მოდი, გავაანალიზოთ. როდესაც პავლე გამოთქვამს დიდებას ან მადლიერებას ღვთის მიმართ, ან მის მოთხოვნას წერს, ვხედავთ, რომ ღრმა პატივისცემით იხსენიებს იესოს, ქრისტიანული ეკლესიის თავს (რომაელთა 1:8; 7:25; ეფესელთა 1:3; ებრაელთა 13:20, 21). ამიტომ პავლე ქების სიტყვებით ამბობს: „კურთხეულია ღმერთი და მამა ჩვენი უფლის იესო ქრისტესი“. შემდეგ, პირველად თავის წერილებში, იყენებს ბერძნულ არსებით სახელს, რომელიც გადმოითარგმნა სიტყვით: „მოწყალება“. ეს არსებითი სახელი ნაწარმოებია იმ სიტყვიდან, რომელიც სხვისი ტანჯვის მიმართ გულისტკივილის გამოხატვას ნიშნავს. ამგვარად აღწერა პავლემ ღვთის სათუთი გრძნობები ერთგული მსახურების მიმართ, რომლებიც გასაჭირით იტანჯებიან — სათუთი გრძნობები აღძრავს ღმერთს, მათ სასარგებლოდ მოწყალედ იმოქმედოს. ბოლოს, პავლემ იეჰოვა მიიჩნია აღწერილი თვისების სასურველ წყაროდ, რადგან „მოწყალების მამა“ უწოდა.
7. რატომ შეიძლება ითქვას, რომ იეჰოვა არის „ყოველი ნუგეშის ღმერთი“?
7 ღვთის „მოწყალებას“ მოჰყვება გასაჭირში დატანჯულის შვება. ამიტომ, პავლე იეჰოვას იხსენიებს, როგორც ‘ყოველი ნუგეშის ღმერთს’. ასე რომ, როგორი ნუგეშიც არ უნდა ვიგრძნოთ თანამორწმუნეების სიკეთით, იეჰოვა უნდა მივიჩნიოთ ნუგეშის წყაროდ. ნუგეში, რომელიც ღვთისგან არ მომდინარეობს, არ გასტანს დიდხანს და არ არის ნამდვილი. გარდა ამისა, ღმერთმა თავის მსგავსად შექმნა ადამიანი და ამიტომაც გვაძლევს უნარს, ვიყოთ ნუგეშისმცემლები. ღვთის სულიწმიდა აღძრავს ერთგულ მსახურებს, გამოავლინონ წყალობა მათ მიმართ, რომლებსაც ნუგეში ესაჭიროებათ.
ისწავლე იყო ნუგეშისმცემელი
8. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი არ არის განსაცდელის წყარო, რა სასარგებლო გავლენა აქვს ჩვენზე გასაჭირის მოთმენას?
8 თუმცა იეჰოვა ღმერთი თავისი ერთგული მსახურებისთვის უშვებს სხვადასხვა განსაცდელს, თვითონ არასოდეს წარმოადგენს განსაცდელის წყაროს (იაკობი 1:13). მაგრამ ნუგეში, რითაც იეჰოვა უზრუნველგვყოფს გასაჭირის გადატანის დროს, გვასწავლის, რომ უფრო მეტი თანაგრძნობით შევხედოთ სხვების საჭიროებებს. რა შედეგით? — „რომ ჩვენც შევძლოთ ნუგეშისცემა ყოველგვარ გასაჭირში მყოფთათვის იმავე ნუგეშით, რომლითაც გვანუგეშებს ღმერთი“ (2 კორინთელთა 1:4). ამგვარად გვასწავლის იეჰოვა, ეფექტურად ვუწილადოთ ნუგეში თანამორწმუნეებსა და მათ, რომლებსაც მსახურების დროს ვხვდებით, რომ მივბაძოთ ქრისტეს და ‘ვანუგეშოთ მგლოვიარენი’ (ესაია 61:2; მათე 5:4).
9. ა) რა დაგვეხმარება გასაჭირის მოთმენაში? ბ) როგორ შეიძლება ინუგეშონ სხვებმა, თუ ჩვენ ერთგულად ვითმენთ გასაჭირს?
9 პავლემ მრავალი ტანჯვა ქრისტეს მეშვეობით ღვთისგან მიღებული ნუგეშით გადაიტანა (2 კორინთელთა 1:5). ჩვენც შევგიძლია ვიგრძნოთ დიდი ნუგეში ღვთის შესანიშნავ აღთქმებზე ღრმა ფიქრით, ღვთის სულიწმიდით მხარდაჭერაზე ლოცვითა და ჩვენს ლოცვებზე ღვთის პასუხის დანახვით. ამგვარად გავძლიერდებით, რათა განვაგრძოთ იეჰოვას უზენაესი მმართველობის დაცვა და დამტკიცება, რომ ეშმაკი არის მატყუარა (იობი 2:4; იგავნი 27:11). როდესაც თავდადებულად ვითმენთ ნებისმიერ გასაჭირს, პავლეს მსგავსად, ყველანაირად უნდა მივენდოთ იეჰოვას, რომლისგანაც მომდინარე ნუგეში უნარს აძლევს ქრისტიანებს, განსაცდელის დროს შეინარჩუნონ ერთგულება. ერთგული ქრისტიანების მოთმინებას მანუგეშებელი გავლენა აქვს ძმობაზე, აღძრავს სხვებსაც, გადაიტანონ ‘იგივე ტანჯვა’ (2 კორინთელთა 1:6).
10, 11. ა) რამ გამოიწვია ძველი კორინთის კრებაში ტანჯვა? ბ) როგორ ანუგეშა პავლემ კორინთის კრება და რა იმედი გამოთქვა?
10 კორინთელებსაც მოუწიათ განეცადათ ის გასაჭირი, რომელიც ჭეშმარიტ ქრისტიანებს ჰქონდათ. ამასთანავე, მათ ესაჭიროებოდათ რჩევა, რომ გაერიცხათ მოუნანიებელი მრუში (1 კორინთელთა 5:1, 2, 11, 13). მათ არ გადადგეს კამათისა და დაყოფების აღმოსაფხვრელი ნაბიჯი, რამაც სირცხვილი მოუტანა კრებას. მაგრამ ბოლოს გამოიყენეს პავლეს რჩევა და მთელი გულით მოინანიეს. ამიტომ პავლემ გულთბილად შეაქო ისინი და მისწერა, რომ წერილზე მათი შესანიშნავი გამოხმაურებით ინუგეშა (2 კორინთელთა 7:8, 10, 11, 13). როგორც ჩანს, გარიცხულმა პიროვნებამაც მოინანია. ასე რომ, პავლემ ურჩია მათ: „აპატიეთ და ნუგეში ეცით, რათა მეტისმეტმა ნაღველმა არ შთანთქას იგი“ (2 კორინთელთა 2:7).
11 პავლეს მეორე წერილი, ნამდვილად, მოუტანდა ნუგეშს კორინთის კრებას. და ეს იყო პავლეს ჩანაფიქრიდან ერთ-ერთი. ის განმარტავდა: „მტკიცეა ჩვენი იმედი თქვენს მიმართ, ვინაიდან ვიცით, რომ, როგორც ტანჯვათა მონაწილენი ხართ, ასევე ნუგეშისცემისაც“ (2 კორინთელთა 1:7). წერილის დასასრულს პავლე ემუდარებოდა მათ: „ინუგეშეთ. . . და სიყვარულისა და მშვიდობის ღმერთი თქვენთან იქნება“ (2 კორინთელთა 13:11).
12. რა ესაჭიროება ყოველ ქრისტიანს?
12 რა მნიშვნელოვან გაკვეთილს წარმოადგენს ეს ჩვენთვის! ქრისტიანული კრების ყველა წევრს ესაჭიროება იმ „ნუგეშის“ სხვებისთვისაც განაწილება, რომელსაც ღმერთი გვაწვდის თავისი სიტყვის, სულიწმიდისა და მიწიერი ორგანიზაციის მეშვეობით. თვით გარიცხულებსაც შესაძლოა ესაჭიროებათ ნუგეში, თუ მოინანიეს და გამოასწორეს მცდარი გზა. ამგვარად, ‘ერთგულმა და გონიერმა მონამ’ დააწესა წყალობით აღსავსე მხარდაჭერა მათთვის. ორ უხუცესს შეუძლია წელიწადში ერთხელ ეწვიოს გარიცხულ პიროვნებას. მათ, შესაძლოა, აღარ უჭირავთ მოჯანყე პოზიცია ან აღარ არიან გახვეული დიდ ცოდვაში და შესაძლოა, ესაჭიროებათ დახმარება, რომ აღდგენისთვის აუცილებელი ნაბიჯი გადადგან (მათე 24:45; ეზეკიელი 34:16).
პავლეს გასაჭირი აზიაში
13, 14. ა) როგორ აღწერა პავლემ საშინელი გასაჭირი, რომელიც აზიაში გადაიტანა? ბ) რა შემთხვევა შეიძლება ეგულისხმა პავლეს?
13 გასაჭირი, რომელიც კორინთელთა კრებამ გადაიტანა, ვერაფრით შეედრება იმ მრავალ გასაჭირს, რომლებიც პავლეს ჰქონდა. ამიტომ შეეძლო მას შეეხსენებინა მათთვის: „რადგან არ გვინდა, ძმებო, არ იცოდეთ ჩვენი გასაჭირი, რაც აზიაში გადავიტანეთ რომ მეტისმეტად დაგვიმძიმდა, ვიდრე ამის ატანა შეგვეძლო. ხოლო ჩვენ თვით გვქონდა სასიკვდილო მსჯავრი, რათა ჩვენი თავის იმედი კი არ გვქონოდა, არამედ ღვთისა, რომელიც აღადგენს მკვდრებს, რომელმაც გვიხსნა კიდეც ასეთი სიკვდილისაგან და გვიხსნის, რომლის იმედი გვაქვს, რომ კვლავაც გვიხსნის“ (2 კორინთელთა 1:8–10).
14 ბიბლიის ზოგიერთ სწავლულს სწამს, რომ პავლე აღწერდა ეფესოში ხალხის აჯანყებას, რაც შეიძლება პავლესა და მის მაკედონელ თანამგზავრებს, გაიოზსა და არისტარქოსსაც სიცოცხლის ფასად დასჯდომოდა. ეს ორი ქრისტიანი ძალით წაიყვანეს ხალხით გადაჭედილ თეატრონში და ბრბო ‘თითქმის ორ საათს გაჰკიოდა: დიდია ეფესელთა არტემისიო!’ ბოლოს, ქალაქის ოფიციალურმა პირმა დააწყნარა ბრბო. მდგომარეობა, რომელიც საფრთხეს უქმნიდა გაიოზისა და არისტარქოსის სიცოცხლეს, დიდად დაამწუხრებდა პავლეს. სინამდვილეში პავლეს სურდა ფანატიკოს ბრბოსთან მისვლა და მსჯელობა, მაგრამ მას სიცოცხლე საფრთხეში არ ჩააგდებინეს (საქმეები 19:26–40).
15. რა დაძაბული მდგომარეობა შეიძლება არის აღწერილი 1-ლი კორინთელთა 15:32-ის თანახმად?
15 შემდეგ შესაძლოა პავლე ადრინდელზე უფრო დაძაბულ ვითარებას აღწერს. კორინთელთა მიმართ პირველ წერილში პავლემ იკითხა: „თუ ადამიანურად ვებრძოდი ავ მხეცებს ეფესოში, რა სარგებელი მაქვს?“ (1 კორინთელთა 15:32). ეს სიტყვები შესაძლოა ნიშნავს იმას, რომ პავლეს სიცოცხლეს მხოლოდ გამხეცებული ადამიანებისგან კი არ ემუქრებოდა საფრთხე, არამედ ეფესოს ამფითეატრში ნამდვილი მხეცებისგანაც. დამნაშავეებს ზოგჯერ იმით სჯიდნენ, რომ აიძულებდნენ გარეულ მხეცებთან ებრძოლათ სისხლმოწყურებული ბრბოს გასართობად. თუ პავლე გულისხმობდა, რომ გარეულ მხეცებთან პირისპირ იყო, უკანასკნელ წამს სასწაულით უნდა გადარჩენილიყო სიკვდილისგან, ისევე როგორც ლომებისგან იქნა დახსნილი დანიელი (დანიელი 6:23).
დღევანდელი მაგალითები
16. ა) რატომ შეიძლება იეჰოვას მრავალი მოწმის გასაჭირი გაიგიავდეს პავლეს ტანჯვასთან? ბ) რაში შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულები იმათთან დაკავშირებით, რომლებიც რწმენის გამო დაიხოცნენ? გ) რამდენად კარგი შედეგი ჰქონდა იმას, როდესაც ქრისტიანებმა სიკვდილს თვალებში ჩახედეს?
16 დღეს მრავალ ქრისტიანზე შეიძლება ითქვას, რომ ისეთივე გასაჭირს განიცდის, როგორიც ჰქონდა პავლეს (2 კორინთელთა 11:23–27). დღესაც აქვთ ქრისტიანებს ‘გასაჭირი, რომელიც ასატანად მეტისმეტად მძიმეა’ და მრავალს ჰქონდა „სასიკვდილო მსჯავრი“ (2 კორინთელთა 1:8). მრავალი მოკვდა მასების ამომჟლეტთა და სასტიკ მდევნელთა ხელით. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, რომ ღვთის მანუგეშებელი ძალა შეაძლებინებდა მათ, ბოლომდე მოეთმინათ და ისე დაიხოცნენ, რომ გულსა და გონებაში მტკიცედ ჰქონდათ ჩაბეჭდილი იმედის განხორციელების რწმენა, ზეცაში ან კიდევ, მიწაზე ცხოვრების იმედი (1 კორინთელთა 10:13; ფილიპელთა 4:13; გამოცხადება 2:10). სხვა შემთხვევებში იეჰოვა ისე ხელმძღვანელობდა საქმეებს, რომ ძმები სიკვდილისგან გადარჩენილან. უეჭველია, რომ ისინი, რომლებმაც იგრძნეს ხსნა, უფრო მეტ ნდობას განავითარებდნენ იმ ‘ღმერთის მიმართ, რომელიც აღადგენს მკვდრებს’ (2 კორინთელთა 1:9). შემდეგ ისინი უფრო მეტი დამაჯერებლობით შეძლებდნენ ესაუბრათ სხვებთან ღვთის ნუგეშის გაზიარების დროს (მათე 24:14).
17–19. რა შემთხვევები ცხადყოფს, რომ რუანდაში ჩვენი ძმები ღვთის ნუგეშს უწილადებდნენ სხვებს?
17 ახლახანს რუანდაში ჩვენს ძვირფას ძმებსაც ისეთივე განსაცდელი ჰქონდათ, როგორიც — პავლესა და მის თანამგზავრებს. მრავალი დაიღუპა, მაგრამ სატანამ ვერ შეძლო მათი რწმენის განადგურება. პირიქით, ამ ქვეყანაში ჩვენი ძმები მრავალ შემთხვევაში პირადად გრძნობდნენ ღვთისგან ნუგეშს. რუანდაში ტუტსისა და ხუტუს გენოციდის დროს მრავალი ხუტუ საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ფასად იცავდა ტუტსის და ტუტსი — ხუტუს. ზოგიერთები ექსტრემისტებმა დახოცეს იმის გამო, რომ იცავდნენ თანამორწმუნეებს. მაგალითად, იეჰოვას ხუტუ მოწმე, სახელად გაჰეზი, მოკლეს იმის გამო, რომ მალავდა ტუტსი დას, სახელად ჩანტალს. ჩანტალის ტუტსი მეუღლეს, ჟანს, სხვა ტერიტორიაზე მალავდა ხუტუ და, სახელად შარლოტა. ორმოცი დღის მანძილზე ჟანი და მეორე ტუტსი ძმა იმალებოდნენ საკვამლე მილში, მხოლოდ ღამის განმავლობაში ძალიან ცოტა ხნით გამოდიოდნენ. მთელი ამ ხნის განმავლობაში შარლოტა ამარაგებდა მათ საკვებით და იცავდა მათ უსაფრთხოებას, მიუხედავად იმისა, რომ ხუტუს სამხედრო ბანაკის ახლოს ცხოვრობდნენ. მომდევნო გვერდზე შენ ხედავ ჟანსა და ჩანტალს, რომლებიც კვლავ ერთად არიან და თავიანთი ხუტუ თანამორწმუნეების მადლობლები არიან, რომლებიც ‘მათთვის თავს სწირავდნენ’ ისევე, როგორც პრისკილა და აკვილა — პავლეს გულისთვის (რომაელთა 16:3, 4).
18 იეჰოვას კიდევ ერთი ხუტუ მოწმე რუაკაბუბუ ქებით იყო მოხსენიებული გაზეთ „ინტერემარა“-ში იმის გამო, რომ გადაარჩინა ტუტსი თანამორწმუნეებიa. გაზეთში ნათქვამი იყო: „ასევე რუაკაბუბუ, იეჰოვას ერთ-ერთი მოწმე, ხან ერთ, ხან მეორე ადგილას მალავდა ძმებს (ასე უწოდებენ თანამორწმუნეები ერთმანეთს). ის მთელი დღე ანდომებდა დამალულების საჭმლითა და დასალევი წყლით მომარაგებას, მიუხედავად იმისა, რომ ასთმით იტანჯება. მაგრამ ღმერთმა ძალიან გააძლიერა იგი“.
19 მოვიხსენიებთ აგრეთვე დაინტერესებული ხუტუ წყვილის, სახელად ნიკოდემისა და ათანასეს, შემთხვევას. გენოციდის დაწყებამდე ეს დაქორწინებული წყვილი ბიბლიას სწავლობდა იეჰოვას ტუტსი მოწმესთან, ალფონსთან. საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ფასად, მათ ალფონსი თავიანთ სახლში დამალეს. მოგვიანებით ისინი მიხვდნენ, რომ სახლი არ იყო უსაფრთხო ადგილი, რადგან ხუტუ მეზობლებმა იცოდნენ მათი ტუტსი მეგობრის შესახებ. მიუხედავად ამისა, ნიკოდემმა და ათანასემ თავიანთი ეზოს ერთ-ერთ ორმოში დამალეს ალფოსი. ეს ნაბიჯი საკმაოდ გონივრული იყო, რადგან მეზობლები თითქმის ყოველდღე მოდიოდნენ და ეძებდნენ ალფონსს. ორმოში 28 დღის მანძილზე ყოფნისას, ალფონსი ფიქრობდა ბიბლიაში ჩაწერილ შემთხვევებზე, რახაბზე, რომელმაც იერიხონში თავისი სახლის სხვენში ორი ებრაელი დამალა (იესო ნავეს ძე 6:17). დღეს ალფონსი კვლავ აგრძელებს მსახურებას რუანდაში, როგორც კეთილი ცნობის მქადაგებელი და მადლიერია, რომ ბიბლიის ხუტუ შემსწავლელებმა მის გადასარჩენად სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდეს. მაგრამ რა დაემართათ ნიკოდემსა და ათანასეს? ახლა ისინი იეჰოვას მონათლული მოწმეები არიან და დაინტერესებულებთან ატარებენ ბიბლიის 20-ზე მეტ შესწავლას.
20. როგორ ანუგეშა იეჰოვამ ჩვენი ძმები რუანდაში, მაგრამ რა ესაჭიროება მრავალ მათგანს კიდევ?
20 როდესაც რუანდაში გენოციდი დაიწყო, ქვეყანაში კეთილი ცნობის მხოლოდ 2 500 მაუწყებელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ასობით მათგანი დახოცეს და მრავალს აიძულეს ქვეყნის დატოვება, იეჰოვას მოწმეთა რიცხვი გაიზარდა და 3 000-ს მიაღწია. ეს არის იმის მტკიცება, რომ ღმერთმა ნამდვილად ანუგეშა ჩვენი ძმები. მაგრამ როგორ არიან იეჰოვას მოწმეთა შორის ობლები და ქვრივები? ბუნებრივია, ეს მათთვის დიდი გასაჭირია და მათაც ესაჭიროებათ ნუგეში (იაკობი 1:27). მათ სავსებით შეაშრებათ ცრემლი მხოლოდ მაშინ, როდესაც ღვთის ახალ ქვეყნიერებაში მოხდება აღდგომა. მაგრამ ძმების მომსახურებითა და იმით, რომ წარმოადგენენ ‘ყოველი ნუგეშის ღვთის’ თაყვანისმცემლებს, მათ შესწევთ უნარი, გაუმკლავდნენ ცხოვრებას.
21. ა) კიდევ სად ესაჭიროებათ ჩვენს ძმებს უდიდესი ნუგეში და რა საშუალებით შეგვიძლია თითოეულ ჩვენგანს დახმარება? (იხილე ჩარჩო „ნუგეში ოთხწლიანი ომის დროს“). ბ) როდის დაკმაყოფილდება სავსებით ნუგეშისადმი მოთხოვნილება ჩვენში?
21 სხვა მრავალ ადგილას, მაგალითად, ერიტრეაში, სინგაპურსა და ყოფილ იუგოსლავიაში ჩვენი ძმები, გასაჭირის მიუხედავად, კვლავაც ერთგულად ემსახურებიან იეჰოვას. მოდი, დავეხმაროთ მათ იეჰოვასადმი განუწყვეტელი მუდარით, რომ მიიღონ ნუგეში (2 კორინთელთა 1:11). დაე, ერთგულები ვიყოთ, სანამ ღმერთი ქრისტეს მეშვეობით სავსებით ‘მოგვწმენდს ყოველგვარ ცრემლს თვალებიდან’. მაშინ სრულყოფილად განვიცდით იეჰოვასგან ნუგეშს სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში (გამოცხადება 7:17; 21:4; 2 პეტრე 3:13).
-
-
ნუგეში ოთხწლიანი ომის დროსსაგუშაგო კოშკი — 1996 | 1 ნოემბერი
-
-
ნუგეში ოთხწლიანი ომის დროს
ოთხწლიანი ომის დროს ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე მრავალი ადამიანი იტანჯებოდა უამრავი გასაჭირითა და ყოველივე აუცილებლის საშინელი ნაკლებობით. მათ შორის იყო იეჰოვას ასობით მოწმე, რომლებიც აგრძელებდნენ ‘ყოველი ნუგეშის ღვთისადმი’ ერთგულ თაყვანისცემას (2 კორინთელთა 1:3).
სარაევოში, ამ დიდ ქალაქში, რომელიც ომის განმავლობაში ალყაშემორტყმული იყო, ადამიანები იტანჯებოდნენ ცხოვრების უფრო მეტი პრობლემებით. არ იყო ელექტროენერგია, წყალი, შეშა და საჭმელი. როგორ ფუნქციონირებდა სარაევოში იეჰოვას მოწმეთა კრება ასეთი საშინელი პირობების დროს? მეზობელი ქვეყნიდან თანაქრისტიანებს საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ფასად მიჰქონდათ შვებისმომტანი დახმარება (იხილე 1994 წლის 1-ლი ნოემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 23–27). ძმები ერთმანეთს უნაწილებდნენ ყველაფერს, რაც ჰქონდათ, განსაკუთრებით კი, სულიერს. ალყის დროს იმ ქალაქის ქრისტიანმა ზედამხედველმა მოგვაწოდა შემდეგი ცნობა:
„ქრისტიანულ შეხვედრებს ძალიან ვაფასებთ. ჩემი ცოლი და მე 30 პიროვნებასთან ერთად შეხვედრაზე დასასწრებად 15 კილომეტრს გავდივართ. ზოგჯერ სწორედ იმ დროს, როდესაც გვაქვს შეხვედრები, აცხადებენ, რომ იქნება წყალი. რას აკეთებენ ძმები? რჩებიან სახლში თუ შეხვედრებს ესწრებიან? ძმების არჩევანი შეხვედრებზე დასწრებაა. ძმები ყოველთვის ეხმარებიან ერთმანეთს; რაც აქვთ ერთმანეთს უნაწილებენ. ჩვენი კრების ერთი და ქალაქის გარეუბანში ცხოვრობს, ტყესთან ახლოს; ამიტომ მისთვის ცოტათი უფრო იოლია შეშის მოგროვება. ის აგრეთვე პურის საცხობში მუშაობს და გასამრჯელოდ ფქვილს აძლევენ. როცა შესაძლებლობა აქვს, აცხობს დიდ პურს და მოაქვს შეხვედრაზე. შეხვედრის შემდეგ კი ყველას ურიგებს თითო ნაჭერს.
მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი ძმა და არც და თავს მიტოვებულად არასოდეს გრძნობდეს. არავინ იცის, თუ რომელ ჩვენგანს დასჭირდება მძიმე მდგომარეობაში დახმარება. როდესაც გზები მოყინული იყო და ერთი და ავად გახდა, ახალგაზრდა, ძლიერ ძმებს მარხილით მოჰყავდათ ქრისტიანულ შეხვედრებზე.
ყველა ვმონაწილეობთ სამქადაგებლო საქმიანობაში და იეჰოვამ აკურთხა ჩვენი ძალისხმევა. მან დაინახა ჩვენი შემზარავი მდგომარეობა ბოსნიაში, მაგრამ გვაკურთხა ზრდით — ზრდა ომამდე არ ჩანდა“.
მსგავსად, ყოფილ იუგოსლავიაში ბრძოლით გაპარტახებულ ტერიტორიებზე იეჰოვას მრავალი მოწმე, გაჭირვების მიუხედავად, ხარობდა ზრდით. იეჰოვას მოწმეთა ხორვატიის ოფისიდან მოვიდა ცნობა იეჰოვას მოწმეთა იზოლირებული ჯგუფის შესახებ: „ველიკო კლადუშაში მცხოვრები ძმები იმყოფებოდნენ უკიდურესად რთულ ვითარებაში. ქალაქზე რამდენჯერმე იყო საბრძოლო შეტევა. ძმებს მოუწიათ თავიანთი ნეიტრალურობის შესახებ აეხსნათ ხორვატებისთვის, სერბებისა და სხვადასხვა მუსულმანი ჯარისკაცებისთვის. ცხადია, რომ მათ ბევრის გადატანა მოუწიათ — დაპატიმრება, ცემა, შიმშილი, სიკვდილით დასჯის მუქარა. მაგრამ ყველა მათგანი ერთგული დარჩა და განსაკუთრებული უპირატესობა აქვთ, დაინახონ იეჰოვას კურთხევა თავიანთ საქმიანობაში“.
ასეთი გასაჭირის მიუხედავად, იეჰოვას მოწმეები ველიკო კლადუშაში და მეზობელ ბიხაჩში კვლავაც ხარობენ ზრდით, რადგან გულმოდგინედ უზიარებენ იეჰოვასგან მომდინარე ნუგეშის ცნობას თავიანთ მოყვასს. მოხსენიებულ ორ ტერიტორიაზე სამეფოს ყველა 26 მაუწყებელი 39 ოჯახში ატარებს ბიბლიის შესწავლას!
-