საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მიენდეთ იეჰოვას, „ყოველგვარი ნუგეშის მამას“
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 ოქტომბერი
    • მიენდეთ იეჰოვას, „ყოველგვარი ნუგეშის მამას“

      „კურთხეული იყოს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთი და მამა, თანაგრძნობისა და ყოველგვარი ნუგეშის მამა“ (2 კორ. 1:3).

      1. ასაკის მიუხედავად, რა სჭირდება ყველას?

      დაბადებიდანვე თითოეული ჩვენგანი საჭიროებს ნუგეშს. ბავშვი ტირილით ითხოვს ყურადღებას. შესაძლოა, ხელში აყვანა უნდა ან უბრალოდ შია. მაშინაც კი, როდესაც ასაკი გვემატება, ხშირად გვინდა, რომ ყურადღება მოგვაქციონ და გვანუგეშონ, განსაკუთრებით, როცა სირთულეებს ვხვდებით.

      2. როგორ გვარწმუნებს იეჰოვა, რომ ანუგეშებს ყველას, ვინც მასზეა მინდობილი?

      2 მართალია, ოჯახის წევრებსა და მეგობრებს შეუძლიათ გარკვეულწილად გვანუგეშონ, მაგრამ ზოგჯერ ისეთ მდგომარეობაში შეიძლება აღმოვჩნდეთ, რომ ადამიანმა ვერ შეძლოს ჩვენი ნუგეშისცემა. მხოლოდ ღმერთს შესწევს ძალა, გვანუგეშოს ნებისმიერ სიტუაციაში. ბიბლია გვარწმუნებს: „იეჰოვა ახლოს არის ყველასთან, ვინც მას მოუხმობს . . . მოისმენს მათ ღაღადს, როცა დახმარებას სთხოვენ“ (ფსალმ. 145:18, 19). დიახ, „იეჰოვას მართლებისკენ აქვს მიპყრობილი თვალი და ყური — მათი ღაღადისკენ, როცა შველას სთხოვენ“ (ფსალმ. 34:15). მაგრამ, თუ გვსურს ღვთისგან მხარდაჭერისა და ნუგეშის მიღება, უნდა მივენდოთ მას. ამას ფსალმუნმომღერალი დავითის სიტყვები ცხადყოფს: „იეჰოვა იქნება თავშესაფარი მაღლობზე ყოველი დაჩაგრულისთვის, მაღლობზე მდებარე თავშესაფარი გაჭირვების დროს. შენ მოგენდობიან შენი სახელის მცოდნენი, რადგან შენ არ მიატოვებ შენს მაძიებლებს, იეჰოვა“ (ფსალმ. 9:9, 10).

      3. რა მაგალითით ცხადყო იესომ, რომ იეჰოვას უყვარს თავისი ხალხი?

      3 იეჰოვასთვის ძვირფასია ყველა მისი თაყვანისმცემელი. ეს ჩანს იესოს სიტყვებიდან: „განა ხუთ ბეღურას ორ მონეტად არ ყიდიან? მაგრამ ღმერთს არც ერთი მათგანი არ ავიწყდება. თქვენს თავზე კი თმაც დათვლილია. ნუ გეშინიათ: უამრავ ბეღურაზე ძვირფასნი ხართ“ (ლუკ. 12:6, 7). წინასწარმეტყველ იერემიას პირით იეჰოვამ ისრაელ ერს უთხრა: „მარადიული სიყვარულით შეგიყვარე, და ამიტომაც მოგიზიდე სიკეთით“ (იერ. 31:3).

      4. რატომ შეგვიძლია ვენდოთ იეჰოვას დაპირებებს?

      4 იეჰოვასა და მისი დაპირებებისადმი ნდობა რთულ სიტუაციებში გვანუგეშებს. ჩვენ ისევე უნდა მივენდოთ ღმერთს, როგორც იესო ნავეს ძე, რომელმაც თქვა: „არ გამტყუნებულა არც ერთი სასიკეთო სიტყვა, რომელიც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა გითხრათ, ყველა შეგისრულდათ, არც ერთი არ გამტყუნებულა“ (იეს. 23:14). შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ მაშინაც კი, როცა სერიოზული პრობლემის გამო დათრგუნული ვართ, „ღმერთი ერთგულია“ და არასდროს მიატოვებს თავის ერთგულ მსახურებს (წაიკითხეთ 1 კორინთელების 10:13 ).

      5. როგორ შეგვიძლია ვანუგეშოთ სხვები?

      5 იეჰოვას შესახებ მოციქული პავლე ამბობს, რომ ის „ყოველგვარი ნუგეშის მამაა“. ნუგეშისცემა ნიშნავს დამწუხრებული ან გაჭირვებაში მყოფი ადამიანის დამშვიდებასა და დაწყნარებას. ამის გაკეთება შესაძლებელია მხარში ამოდგომითა და თანაგრძნობით. იეჰოვაც სწორედ ასე იქცევა (წაიკითხეთ 2 კორინთელების 1:3, 4 ). ჩვენს ზეციერ მამას ვერავინ და ვერაფერი შეუშლის ხელს, გვანუგეშოს. ასე რომ, მას შეუძლია გააკეთოს ყველაფერი თავისი ერთგული მსახურების სანუგეშებლად. ვინაიდან ღმერთი გვანუგეშებს, ჩვენც შეგვიძლია ვანუგეშოთ თანაქრისტიანები „ყოველგვარ გასაჭირში“. ეს მართლაც კარგად გამოხატავს იეჰოვას უბადლო უნარს, ანუგეშოს დამწუხრებულები.

      სტრესულ სიტუაციებთან გამკლავება

      6. რამ შეიძლება გამოიწვიოს სტრესი?

      6 ნუგეშისცემა მრავალ სიტუაციაში გვჭირდება. ყველაზე დიდ მწუხარებას იწვევს საყვარელი ადამიანის, განსაკუთრებით მეუღლის ან შვილის, სიკვდილი. ნუგეში მაშინაც არის საჭირო, როდესაც ადამიანი დისკრიმინაციის ან უსამართლობის მსხვერპლი ხდება. ადამიანები ნუგეშს საჭიროებენ სუსტი ჯანმრთელობის, ასაკის, სიღარიბის, ოჯახური პრობლემებისა თუ მსოფლიოში არსებული მდგომარეობის გამოც.

      7. ა) რატომ გვჭირდება ნუგეში სტრესულ სიტუაციებში? ბ) რის გაკეთება შეუძლია იეჰოვას „მოდრეკილი და განადგურებული“ გულის განსაკურნავად?

      7 სტრესულმა სიტუაციებმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ჩვენს გულზე, გონებაზე, ემოციებზე, ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობაზე. ამიტომაც ვსაჭიროებთ ნუგეშს. მაგალითად, დავფიქრდეთ, როგორ მოქმედებს ის გულზე. ღვთის სიტყვაში ნათქვამია, რომ ჩვენი გული შეიძლება იყოს „მოდრეკილი და განადგურებული“ (ფსალმ. 51:17). იეჰოვას ნამდვილად შეუძლია ამ სიტუაციაში დახმარების აღმოჩენა, რადგან „ის კურნავს გულგატეხილებს და უხვევს მტკივნეულ ჭრილობებს“ (ფსალმ. 147:3). ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი, ღმერთს შეუძლია დამწუხრებული გულის ნუგეშისცემა, თუ რწმენით ვილოცებთ და დავიცავთ მის მითითებებს (წაიკითხეთ 1 იოანეს 3:19—22; 5:14, 15 ).

      8. როგორ გვეხმარება იეჰოვა, გავუმკლავდეთ მშფოთვარე ფიქრებს?

      8 სხვადასხვა განსაცდელი იწვევს სტრესულ სიტუაციებს, რამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ჩვენს გონებაზე. ნუგეში ამ შემთხვევაშიც გვჭირდება. საკუთარი ძალებით ჩვენ, ალბათ, ვერ შევძლებდით რწმენის გამოცდების გადატანას. მაგრამ ფსალმუნმომღერალმა დაწერა: „როცა მშფოთვარე ფიქრები მომიმრავლდა, შენმა ნუგეშმა მიუალერსა ჩემს სულს“ (ფსალმ. 94:19). პავლემ კი დაწერა: „ნურაფერზე დაიწყებთ წუხილს, არამედ ლოცვით, ვედრებითა და მადლიერებით აცნობეთ ყველა თქვენი სათხოვარი ღმერთს და ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს თქვენს გულებსა და გონებას ქრისტე იესოს მეშვეობით“ (ფილ. 4:6, 7). ღვთის სიტყვის კითხვა და მასზე დაფიქრება გვეხმარება, გავუმკლავდეთ მშფოთვარე ფიქრებს (2 ტიმ. 3:15—17).

      9. როგორ შეგვიძლია გავუმკლავდეთ უარყოფით ემოციებს?

      9 ზოგჯერ შეიძლება სასოწარკვეთილება დაგვეუფლოს და უარყოფითმა ემოციებმა მთლიანად გვშთანთქას. შესაძლოა, იმის თავიც კი არ გვქონდეს, რომ შევასრულოთ გარკვეული ბიბლიური პასუხისმგებლობები, იქნება ეს ოჯახში თუ კრებაში. იეჰოვა ასეთ შემთხვევაშიც გვანუგეშებს და გვეხმარება. მაგალითად, როცა იესო ნავეს ძე ისრაელ ერს ძლიერ მტერთან საბრძოლველად უნდა გაძღოლოდა, მოსემ ხალხს უთხრა: „გამბედაობა მოიკრიბე და გამაგრდი! ნუ შეგეშინდება და ნუ შეძრწუნდები მათ წინაშე, რადგან შენთან ერთად მოდის იეჰოვა, შენი ღმერთი. თავს არ დაგანებებს და არ მიგატოვებს“ (კან. 31:6). იეჰოვას დახმარებით იესო ნავეს ძემ შეძლო ღვთის ხალხის აღთქმულ მიწაზე შეყვანა და მტრებზე გამარჯვება. მანამდე წითელ ზღვასთან ღმერთი მოსესაც მსგავსად ამოუდგა მხარში (გამ. 14:13, 14, 29—31).

      10. რა დახმარების მიღება შეგვიძლია, როდესაც სტრესული სიტუაცია ჩვენს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე მოქმედებს?

      10 სტრესულმა სიტუაციებმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ჩვენს ფიზიკურ ჯანმრთელობას. ცხადია, სწორი კვება, საკმარისი დასვენება, ვარჯიში და სისუფთავის დაცვა დადებითად იმოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე. მომავალთან დაკავშირებული ბიბლიური იმედიც სასიკეთოდ იმოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე. ამგვარად, როდესაც რაღაც ძალიან გვაწუხებს, კარგი იქნება, თუ გვემახსოვრება პავლეს შემთხვევა და მისი გამამხნევებელი სიტყვები: „ყოველმხრივ შევიწროებულნი ვართ, მაგრამ ისე არა ვართ შებორკილნი, რომ განძრევა არ შეგვეძლოს; საგონებელში ვართ ჩაცვენილი, მაგრამ გამოუვალ მდგომარეობაში არა ვართ; გვდევნიან, მაგრამ მიტოვებულნი არა ვართ; გვამხობენ, მაგრამ არ ვიღუპებით“ (2 კორ. 4:8, 9).

      11. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გვსურს სულიერი დაავადებისგან განკურნება?

      11 ზოგი განსაცდელი შეიძლება ჩვენი სულიერი ჯანმრთელობის შერყევის მიზეზიც გახდეს. იეჰოვა ამ შემთხვევაშიც დაგვიცავს. ღვთის სიტყვა გვარწმუნებს: „იეჰოვა მხარში უდგას ყველას, ვინც ეცემა, და აყენებს ყველა მოდრეკილს“ (ფსალმ. 145:14). თუ გვსურს განვიკურნოთ სულიერი დაავადებისგან, დახმარებისთვის ქრისტიან უხუცესებს უნდა მივმართოთ (იაკ. 5:14, 15). რწმენის გამოცდების დროს სიმტკიცის შენარჩუნებაში დაგვეხმარება ისიც, თუ ყოველთვის გვემახსოვრება მარადიული სიცოცხლის შესახებ ბიბლიური იმედი (იოან. 17:3).

      ღვთის მიერ ნუგეშცემული მსახურები

      12. როგორ ანუგეშა იეჰოვამ აბრაამი?

      12 ღვთის შთაგონებით ფსალმუნმომღერალმა იეჰოვას უთხრა: „გაიხსენე შენი მსახურისთვის ნათქვამი სიტყვა, რომელსაც ველოდი შენი დაპირებისამებრ. ეს არის ჩემი ნუგეში გასაჭირში, რადგან შენმა სიტყვამ სიცოცხლე შემინარჩუნა“ (ფსალმ. 119:49, 50). დღეს ჩვენ გვაქვს ღვთის სიტყვა, რომელშიც მრავლად არის მათი მაგალითები, ვინც ღმერთმა ანუგეშა. მაგალითად, აბრაამი. ის ძალიან დამწუხრდა, როცა გაიგო, რომ იეჰოვა სოდომისა და გომორას განადგურებას აპირებდა. ერთგულმა პატრიარქმა ღმერთს ჰკითხა: „მართლებსაც გაანადგურებ ბოროტებთან ერთად?“ იეჰოვამ ანუგეშა აბრაამი და დაარწმუნა, რომ თუ 50 მართალს იპოვიდა, სოდომს არ გაანადგურებდა. მიუხედავად იმისა, რომ აბრაამმა კიდევ ხუთჯერ ჰკითხა იეჰოვას, რას იზამდა იმ შემთხვევაში თუ 45, 40, 30, 20 ან 10 მართალს აღმოაჩენდა, იეჰოვა არ გაღიზიანებულა და ყოველ ჯერზე მოთმინებითა და რბილად უპასუხა, რომ არ გაანადგურებდა სოდომს. იეჰოვამ დაიხსნა ლოტი და მისი ქალიშვილები, თუმცა იქ 10 მართალიც არ აღმოჩნდა (დაბ. 18:22—32; 19:15, 16, 26).

      13. როგორ გამოავლინა ხანამ იეჰოვასადმი ნდობა?

      13 ელკანას ცოლს, ხანას, ძალიან უნდოდა, შვილი ჰყოლოდა. მაგრამ ის უშვილო იყო და ამის გამო ძალიან წუხდა. მან იეჰოვას გაანდო თავისი საწუხარი. მღვდელმთავარმა ელიმ მას უთხრა: „ისრაელის ღმერთმა შეგისრულოს სათხოვარი“. ამან ხანა ანუგეშა და „აღარ დამწუხრებია სახე“ (1 სამ. 1:8, 17, 18). ხანა მიენდო იეჰოვას და დარწმუნებული იყო, რომ ის იზრუნებდა მასზე. მან არ იცოდა, როგორ მოგვარდებოდა ეს პრობლემა, მაგრამ შინაგან სიმშვიდეს გრძნობდა. გარკვეული დროის შემდეგ იეჰოვამ უპასუხა მის ლოცვას. ის დაორსულდა და გააჩინა ვაჟი, რომელსაც სამუელი დაარქვა (1 სამ. 1:20).

      14. რატომ სჭირდებოდა დავითს ნუგეში და ვის მიმართა მან ამისთვის?

      14 ძველი ისრაელის მეფე დავითი კიდევ ერთი ადამიანია, რომელიც იეჰოვამ ანუგეშა. გულთამხილველმა ღმერთმა, როდესაც დავითი ისრაელის მომავალ მეფედ აირჩია, იცოდა, რომ ის გულწრფელი და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ერთგული მხარდამჭერი იყო (1 სამ. 16:7; 2 სამ. 5:10). მაგრამ მოგვიანებით, როცა დავითმა ბათ-შებასთან იმრუშა, თავისი დანაშაულის დაფარვა სცადა და მისი ქმარიც კი მოაკვლევინა. შემდეგ, როდესაც მიხვდა, თუ რა დიდი ცოდვა ჩაიდინა, იეჰოვას ლოცვით მიმართა: „შენი წყალობის სიუხვით წარხოცე ჩემი ცოდვები. მთლიანად ჩამომრეცხე დანაშაული და განმწმინდე ჩემი ცოდვისგან, რადგან ვიცი ჩემი დანაშაული და ჩემი ცოდვა მუდამ თვალწინ მიდგას“ (ფსალმ. 51:1—3). დავითმა გულწრფელად მოინანია და იეჰოვამაც აპატია. მიუხედავად ამისა, დავითმა იწვნია თავისი არასწორი მოქმედების შედეგები (2 სამ. 12:9—12). მაგრამ იეჰოვას გულმოწყალება ამ თავმდაბალი მსახურისთვის ნუგეშის წყარო იყო.

      15. როგორ დაეხმარა ღმერთი იესოს სიკვდილის წინ?

      15 დედამიწაზე ყოფნისას იესო არაერთხელ აღმოჩნდა რთულ სიტუაციაში. ღმერთმა დაუშვა, რომ მისი რწმენა გამოცდილიყო, და იესომ, როგორც სრულყოფილმა ადამიანმა, რომელიც ყოველთვის ენდობოდა იეჰოვას და მხარს უჭერდა მის უზენაესობას, უმწიკვლობა შეინარჩუნა. გაცემამდე და სიკვდილით დასჯამდე იესომ ილოცა: „იყოს არა ჩემი ნება, არამედ შენი“. მაშინ, ციდან მოვლენილმა ანგელოზმა განამტკიცა ის (ლუკ. 22:42, 43). ღმერთმა იესო ანუგეშა, ძალები შემატა და დროული დახმარება აღმოუჩინა.

      16. როგორ გვეხმარება იეჰოვა, როდესაც რწმენის გამო სიკვდილის პირისპირ ვდგავართ?

      16 მაშინაც კი, როდესაც ქრისტიანული რწმენის გამო სიკვდილის პირისპირ ვდგავართ, იეჰოვას შეუძლია და დაგვეხმარება კიდეც უმწიკვლობის შენარჩუნებაში. ამასთანავე, მანუგეშებელია მკვდრეთით აღდგომის იმედიც. ჩვენ მთელი გულით ველოდებით დროს, როდესაც სიკვდილს, „უკანასკნელ მტერს . . . ბოლო მოეღება“ (1 კორ. 15:26). ღვთის ერთგული გარდაცვლილი მსახურები, სხვებთან ერთად, იეჰოვას მეხსიერებაში არიან და მკვდრეთით აღდგებიან (იოან. 5:28, 29; საქ. 24:15). იეჰოვას დანაპირებისადმი ნდობა, რომ მკვდრები აღდგებიან, დევნების დროს გვანუგეშებს და იმედით გვავსებს.

      17. როგორ გვანუგეშებს იეჰოვა, როცა საყვარელი ადამიანი გვიკვდება?

      17 მართლაც მანუგეშებელია, რომ მათ, ვისაც ახლა სიკვდილის ძილით სძინავს, იეჰოვა აღადგენს შესანიშნავ ახალ ქვეყნიერებაში, სადაც აღარ იარსებებს მწუხარების გამომწვევი არავითარი მიზეზი! და რა დიდი პატივი იქნება იეჰოვას მსახური „უამრავი ხალხისთვის“, რომლებიც გადაიტანენ ამ ბოროტი ქვეყნიერების განადგურებას, შეხვდნენ და ასწავლონ მკვდრეთით აღდგენილებს! (გამოცხ. 7:9, 10).

      „ქვემოთ . . . [ღვთის] მარადიული მკლავებია“

      18, 19. დევნების დროს როგორ პოულობდნენ ნუგეშს ღვთის მსახურები?

      18 მოსემ ისრაელები მტკიცე და მანუგეშებელი სიტყვებით დაარწმუნა: „თავშესაფარია ძველ დღეთა ღმერთი, შენ ქვემოთ მისი მარადიული მკლავებია“ (კან. 33:27). წინასწარმეტყველმა სამუელმა მოგვიანებით ისრაელებს უთხრა: „არ განუდგეთ იეჰოვას და მთელი გულით ემსახურეთ . . . არ მიატოვებს იეჰოვა თავის ხალხს თავისი დიდებული სახელის გამო“ (1 სამ. 12:20—22). ვიდრე იეჰოვას მხარეს ვართ და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის დამცველებად გამოვდივართ, ის არასდროს მიგვატოვებს და, საჭიროების შემთხვევაში, ყოველთვის მხარში ამოგვიდგება.

      19 ამ ძნელად ასატან ბოლო დღეებში ღმერთი თავის ხალხს საჭირო დახმარებას უწევს და ანუგეშებს. საუკუნეზე მეტია, რაც მთელ მსოფლიოში ათასობით ჩვენს თანამორწმუნეს დევნიან და აპატიმრებენ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი იეჰოვას ემსახურებიან. მათი მაგალითებიდან ჩანს, რომ გასაჭირის დროს იეჰოვა მართლაც ანუგეშებს თავის მსახურებს. მაგალითად, ყოფილ საბჭოთა კავშირში ერთ ძმას რწმენის გამო 23 წელი მიუსაჯეს. ციხეში ყოფნისას მას ყოველთვის ჰქონდა სულიერი საზრდო, რათა გაძლიერებულიყო და ნუგეში ეპოვნა. მან თქვა: „ამ წლების მანძილზე მასზე [ღმერთზე] მინდობა ვისწავლე და ის ყოველთვის მაძლიერებდა“ (წაიკითხეთ 1 პეტრეს 5:6, 7 ).

      20. რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, რომ იეჰოვა არ მიგვატოვებს?

      20 რაც არ უნდა შეგვემთხვეს მომავალში, კარგი იქნება, თუ გვემახსოვრება ფსალმუნმომღერლის მანუგეშებელი სიტყვები: „იეჰოვა არ მიატოვებს თავის ხალხს“ (ფსალმ. 94:14). მართალია, თავად ვსაჭიროებთ ნუგეშისცემას, მაგრამ ჩვენც უნდა ვანუგეშოთ სხვები. როგორც მომდევნო სტატიიდან დავინახავთ, პრობლემებით სავსე ამ წუთისოფელში შეგვიძლია ვანუგეშოთ მგლოვიარენი.

  • იეჰოვა ანუგეშებს ყველა მგლოვიარეს
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 ოქტომბერი
    • იეჰოვა ანუგეშებს ყველა მგლოვიარეს

      „იეჰოვამ მცხო . . . ყველა მგლოვიარის სანუგეშებლად“ (ეს. 61:1, 2).

      1. რას აკეთებდა იესო მგლოვიარეთათვის და რატომ?

      იესო ქრისტემ თქვა: „ჩემი საჭმელი ის არის, რომ ჩემი გამომგზავნელის ნება შევასრულო და მისი საქმე დავასრულო“ (იოან. 4:34). ღვთისგან მიღებული დავალების შესრულებისას იესო ირეკლავდა მამის დიდებულ თვისებებს და, მათ შორის, ხალხისადმი უდიდეს სიყვარულს (1 იოან. 4:7—10). მოციქულმა პავლემ ხაზი გაუსვა ამ სიყვარულის ერთ-ერთ გამოვლინებას, როდესაც იეჰოვას „ყოველგვარი ნუგეშის მამა“ უწოდა (2 კორ. 1:3). ესაიას წინასწარმეტყველებაში ჩაწერილი სიტყვების შესრულებით იესომაც გამოავლინა ასეთი სიყვარული (წაიკითხეთ ესაია 61:1, 2 ). ნაზარეთის სინაგოგაში იესომ წაიკითხა ეს წინასწარმეტყველება და თქვა, რომ ის მას ეხებოდა (ლუკ. 4:16—21). მთელი მისი მსახურების განმავლობაში იესო სიყვარულით ამხნევებდა და ამშვიდებდა მგლოვიარეებს, და ამგვარად ანუგეშებდა მათ.

      2, 3. რატომ უნდა მიბაძონ ქრისტიანებმა იესოს და ანუგეშონ სხვები?

      2 იესოს ყველა მიმდევარმა უნდა მიბაძოს მას და ანუგეშოს მგლოვიარენი (1 კორ. 11:1). პავლემ თქვა: „ამიტომ ანუგეშეთ და აღაშენეთ ერთმანეთი, რასაც აკეთებთ კიდეც“ (1 თეს. 5:11). ადამიანები განსაკუთრებით ახლა, ამ „მძიმე, ძნელად ასატან დროს“, საჭიროებენ ნუგეშს (2 ტიმ. 3:1). მთელ მსოფლიოში უფრო და უფრო მეტი გულწრფელი ადამიანი განიცდის მწუხარებას, სევდასა და გულის ტკივილს ზოგიერთების მოქმედებისა თუ სიტყვების გამო.

      3 როგორც ბიბლიაშია ნაწინასწარმეტყველები, დღეს, ამ ბოროტი ქვეყნიერების აღსასრულის წინ, ადამიანები არიან: „საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები, თავდაჯერებულები, ამპარტავნები, ღვთისმგმობელები, მშობლების ურჩები, უმადურები, ორგულები, თბილ გრძნობებს მოკლებულები, მათთან შეუძლებელი იქნება მორიგება, იქნებიან ცილისმწამებლები, თავშეუკავებლები, სასტიკები, კარგის მოძულეები, გამცემები, თავნებები, გაყოყოჩებულები, უფრო სიამოვნებათა მოყვარულები, ვიდრე ღვთისა“. ასეთი თვისებები დღეს უფრო ფართოდ არის გავრცელებული, ვიდრე ოდესმე, რადგან „ბოროტები და თვითმარქვიები . . . უფრო უარესად“ იქცევიან (2 ტიმ. 3:2—4, 13).

      4. რა მდგომარეობაშია მსოფლიო დღეს?

      4 ამან არ უნდა გაგვაკვირვოს, რადგან ღვთის სიტყვაში ნათქვამია: „მთელი ქვეყნიერება . . . ბოროტის ხელშია“ (1 იოან. 5:19). „მთელ ქვეყნიერებაში“ იგულისხმება პოლიტიკური, რელიგიური და კომერციული სტრუქტურები; აგრეთვე ყველა ის საშუალება, რომლებსაც სატანა თავისი იდეების გასავრცელებლად იყენებს. სატანა ეშმაკს მართებულად ეწოდება „ქვეყნიერების მმართველი“ და „ამ ქვეყნიერების ღმერთი“ (იოან. 14:30; 2 კორ. 4:4). მდგომარეობა მთელ დედამიწაზე უფრო და უფრო უარესდება, ვინაიდან სატანა დიდად არის განრისხებული. მან იცის, რომ დრო ცოტაღა დარჩა (გამოცხ. 12:12). მართლაც მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ მალე ღმერთი მეტად აღარ მოუთმენს სატანასა და მის ბოროტ ქვეყნიერებას და გადაიჭრება სატანის მიერ წამოჭრილი იეჰოვას უზენაესობის საკითხი (დაბ. მე-3 თავი; იობ. მე-2 თავი).

      სასიხარულო ცნობის ქადაგება მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს

      5. როგორ სრულდება ამ ბოლო დღეებში სამქადაგებლო საქმიანობასთან დაკავშირებული წინასწარმეტყველება?

      5 კაცობრიობის ისტორიის ამ რთულ პერიოდში სრულდება იესოს მიერ ნაწინასწარმეტყველები სიტყვები: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“ (მათ. 24:14). მთელ მსოფლიოში ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგება არნახულ მასშტაბებს აღწევს. დღეს 7 500 000-ზე მეტი იეჰოვას მოწმე, რომლებიც 107 000-ზე მეტ კრებაში არიან გაერთიანებულნი, ქადაგებენ იმ სამეფოს შესახებ, რომელზედაც იესო ქადაგებდა და ასწავლიდა (მათ. 4:17). ასეთმა სამქადაგებლო საქმიანობამ არაერთ დამწუხრებულს მოუტანა დიდი ნუგეში. ბოლო ორი წლის განმავლობაში 570 601 ადამიანი მოინათლა და იეჰოვას მოწმე გახდა.

      6. რას ფიქრობთ სამქადაგებლო საქმიანობის მასშტაბებზე?

      6 სამქადაგებლო საქმიანობის უდიდეს მასშტაბებზე მეტყველებს ისიც, რომ იეჰოვას მოწმეები თარგმნიან და ავრცელებენ ბიბლიურ ლიტერატურას 500-ზე მეტ ენაზე. ასეთი რამ კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს! იეჰოვას ორგანიზაციის მიწიერი ნაწილის საქმიანობა და ზრდა მართლაც უჩვეულოა! ღვთის ძლიერი წმინდა სულის ხელმძღვანელობისა და დახმარების გარეშე ყოველივე ამის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა ქვეყნიერებაში, რომლის მმართველიც სატანაა. ვინაიდან სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას მთელ დედამიწაზე ქადაგებენ, ბიბლიური ნუგეშის მიღება არა მარტო ჩვენს თანამორწმუნეებს შეუძლიათ, არამედ ყველას, ვინც ამ ცნობას დადებითად ეხმაურება.

      ვანუგეშოთ თანამორწმუნეები

      7. ა) რატომ არ უნდა მოველოდეთ, რომ დღეს იეჰოვა აგვარიდებს ყველა სტრესულ სიტუაციას? ბ) საიდან ვიცით, რომ შესაძლებელია, ავიტანოთ დევნა და გასაჭირი?

      7 ბოროტებითა და ტანჯვა-წამებით აღსავსე ამ ქვეყნიერებაში შეუძლებელია, არ ჩავვარდეთ სტრესულ სიტუაციაში. სანამ ეს ქვეყნიერება არსებობს, არ უნდა მოველოდეთ, რომ ღმერთი აგვარიდებს უბედურებისა თუ მწუხარების ყოველგვარ მიზეზს. მანამდე კი, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, დევნილი ვიქნებით, რითაც გამოიცდება იეჰოვას უზენაესი ხელისუფლებისადმი ჩვენი ერთგულება (2 ტიმ. 3:12). მაგრამ ჩვენი ზეციერი მამა გვეხმარება და გვანუგეშებს, რის შედეგადაც შეგვიძლია ვიყოთ თესალონიკეში მცხოვრები ცხებული ქრისტიანებივით, რომლებმაც მოთმინებითა და რწმენით გაუძლეს დევნასა და გასაჭირს (წაიკითხეთ 2 თესალონიკელების 1:3—5 ).

      8. როგორ ცხადყოფს ბიბლია, რომ იეჰოვა ანუგეშებს თავის მსახურებს?

      8 უეჭველია, იეჰოვა ანუგეშებს თავის მსახურებს. მაგალითად, როდესაც ბოროტი დედოფალი იზებელი დევნიდა ელიას, წინასწარმეტყველმა დაკარგა სიმხნევე და გაიქცა; ის სიკვდილსაც კი ნატრობდა. მაგრამ განსჯის ნაცვლად, იეჰოვამ ანუგეშა ელია და გაბედულება შემატა, რომ შეესრულებინა თავისი მოვალეობა, და ეწინასწარმეტყველა (1 მეფ. 19:1—21). ის, რომ იეჰოვა ანუგეშებს თავის ხალხს, პირველი საუკუნის ქრისტიანული კრების მაგალითიდანაც ჩანს. ბიბლიაში ვკითხულობთ იმ პერიოდის შესახებ, რომლის დროსაც „კრებას მთელ იუდეაში, გალილეასა და სამარიაში მშვიდობის დრო დაუდგა და შენდებოდა“; უფრო მეტიც, კრება „იეჰოვას შიშითა და წმინდა სულის ნუგეშით რიცხობრივად იზრდებოდა“ (საქ. 9:31). ნამდვილად მადლიერი ვართ იმისათვის, რომ „წმინდა სულის ნუგეში“ გვაქვს!

      9. როგორ გვანუგეშებს იესოს შესახებ შემეცნების მიღება?

      9 ქრისტიანებს გვანუგეშებს იესო ქრისტეს შესახებ შემეცნების მიღება და მისი მაგალითის მიყოლა. იესომ თქვა: „მოდით ჩემთან, მძიმედ მშრომელნო და ტვირთმძიმენო, და მე გამოგაცოცხლებთ. დაიდგით ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, რადგან რბილი და გულით თავმდაბალი ვარ, და გამოცოცხლდება თქვენი სული. ჩემი უღელი ადვილი სატარებელია და ჩემი ტვირთი მსუბუქია“ (მათ. 11:28—30). როდესაც ვსწავლობთ, როგორ უყვარდა იესოს ადამიანები და, როგორ ზრუნავდა მათზე, შემდეგ კი ვბაძავთ მის დადებით მაგალითს, ეს უკვე თავისთავად გვიმსუბუქებს სტრესს.

      10, 11. ვის შეუძლია კრებაში ნუგეშისცემა?

      10 ჩვენი ნუგეშისცემა თანაქრისტიანებსაც შეუძლიათ. მაგალითად, განვიხილოთ, როგორ ეხმარებიან უხუცესები სტრესულ სიტუაციაში მყოფ კრების წევრებს. მოწაფე იაკობმა დაწერა: „[სულიერად] ავად არის რომელიმე თქვენგანი? მოუხმოს კრების უხუცესებს, მათ კი ილოცონ მასზე“. რა მოჰყვება ამას შედეგად? „რწმენით წარმოთქმული ლოცვა გამოაჯანმრთელებს დასუსტებულს. იეჰოვა წამოაყენებს მას და, თუ ცოდვები აქვს ჩადენილი, ეპატიება“ (იაკ. 5:14, 15). ნუგეშისცემა კრების სხვა წევრებსაც შეუძლიათ.

      11 ქალებს თავიანთი პრობლემების შესახებ საუბარი ერთმანეთთან უფრო უადვილდებათ. განსაკუთრებით უფროსი ასაკის გამოცდილ დებს შეუძლიათ კარგი რჩევები მისცენ ახალგაზრდა დებს. ეს მოწიფული ქრისტიანი ქალები შეიძლება უკვე შეხვედრიან მსგავს სიტუაციებს ცხოვრებაში. მათი თანაგრძნობა და მზრუნველობა მართლაც დამხმარე იქნება (წაიკითხეთ ტიტეს 2:3—5 ). რა თქმა უნდა, უხუცესებსა და სხვებს შეუძლიათ და მართებთ კიდეც „ანუგეშონ დამწუხრებული სულები“ (1 თეს. 5:14, 15). კარგი იქნება, თუ გვემახსოვრება, რომ ღმერთი „ყოველგვარ გასაჭირში გვანუგეშებს, რათა ჩვენც შევძლოთ ყოველგვარ გასაჭირში მყოფთა ნუგეშისცემა“ (2 კორ. 1:4).

      12. რატომ არის მნიშვნელოვანი ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება?

      12 ნუგეშის მიღების კარგი საშუალება ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრებაა. ამ შეხვედრებზე განიხილება ბიბლიური თემები, რომლებიც ძალებს გვმატებს. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ იუდა და სილა „ძმებს მრავალი სიტყვით ამხნევებდნენ და განამტკიცებდნენ“ (საქ. 15:32). კრების შეხვედრის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ ქრისტიანები ერთმანეთს ესაუბრებიან და ამხნევებენ. მაშინაც კი, როცა რთული სიტუაციის გამო დათრგუნული ვართ, არ განვმარტოვდეთ, რადგან ეს მდგომარეობას ნამდვილად არ შეგვიმსუბუქებს (იგავ. 18:1). პირიქით, კარგია, თუ გავითვალისწინებთ მოციქულ პავლეს მიერ ღვთის შთაგონებით დაწერილ რჩევას: „ყურადღებიანები ვიყოთ, რათა წავახალისოთ ერთმანეთი სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის. ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ, არამედ გავამხნეოთ ერთმანეთი და მით უფრო მეტად, რაც უფრო ვხედავთ იმ დღის მოახლოებას“ (ებრ. 10:24, 25).

      ნუგეში პოვეთ ღვთის სიტყვაში

      13, 14. როგორ შეიძლება გვანუგეშოს ბიბლიამ?

      13 მონათლული ქრისტიანები ვართ თუ ღვთისა და მისი განზრახვების შესახებ შესწავლა ახლახან დავიწყეთ, შეგვიძლია ნუგეში ღვთის სიტყვაში ვპოვოთ. პავლემ დაწერა: „ყველაფერი, რაც წინათ დაიწერა, ჩვენ სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებითა და წმინდა წერილებიდან მიღებული ნუგეშით გვქონდეს იმედი“ (რომ. 15:4). ბიბლია გვანუგეშებს და გვეხმარება, „ყველაფერში ჩახედული და ყოველმხრივ მომზადებული ვიყოთ ნებისმიერი კარგი საქმისთვის“ (2 ტიმ. 3:16, 17). ღვთის განზრახვების შესახებ ჭეშმარიტების ცოდნა და მომავლის უტყუარი იმედი ნამდვილად გვანუგეშებს. ამიტომ სრულად ვისარგებლოთ ბიბლიითა და მასზე დაფუძნებული პუბლიკაციებით, რომლებსაც შეუძლია გვანუგეშოს და სარგებლობა მრავალმხრივ მოგვიტანოს.

      14 იესომ შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა, თუ როგორ შეგვიძლია წმინდა წერილების დახმარებით დავარიგოთ და ვანუგეშოთ სხვები. მაგალითად, ერთხელ, მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესო თავის ორ მოწაფეს გამოეცხადა და „წმინდა წერილებს უხსნიდა“. იესოს სიტყვები მათთვის გულში ჩამწვდომი იყო (ლუკ. 24:32). მოციქული პავლეც მიჰყვებოდა იესოს ბრწყინვალე მაგალითს და „მსჯელობდა წმინდა წერილების საფუძველზე“. ბერეაში მისმა მსმენელებმა „უდიდესი გულმოდგინებით მიიღეს სიტყვა და ყოველდღე გულდასმით იკვლევდნენ წმინდა წერილებს“ (საქ. 17:2, 10, 11). მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, ყოველდღე ვიკითხოთ ბიბლია, რათა სარგებლობა მოგვიტანოს მან და მასზე დაფუძნებულმა ქრისტიანულმა პუბლიკაციებმა, რომლებიც ამ რთულ დროს გვანუგეშებს და იმედს გვაძლევს.

      კიდევ როგორ შეიძლება ვანუგეშოთ სხვები

      15, 16. რის გაკეთება შეგვიძლია თანაქრისტიანების დასახმარებლად და სანუგეშებლად?

      15 თანაქრისტიანებს შეგვიძლია სხვადასხვა სახით დავეხმაროთ და ნუგეში ვცეთ. მაგალითად, შეიძლება ხანდაზმულ ან ავადმყოფ ქრისტიანს საყიდლებზე გავეგზავნოთ. ასევე შეგვიძლია საოჯახო საქმეებში აღმოვუჩინოთ დახმარება და ამგვარად გამოვავლინოთ ყურადღება (ფილ. 2:4). კარგი იქნება, თუ შევაქებთ თანაქრისტიანებს კარგი თვისებების, მაგალითად, სიყვარულის, რთული სიტუაციების გამკლავების უნარის, გამბედაობისა და რწმენის გამო.

      16 ხანდაზმულებს ვანუგეშებთ, თუ მოვინახულებთ და გულისყურით მოვუსმენთ, როდესაც თავიანთ წარსულსა და იეჰოვას მსახურებაში მიღებულ კურთხევებზე გვიყვებიან. ასე მოქცევა ჩვენვე გაგვამხნევებს და გვანუგეშებს. აგრეთვე შეგვიძლია წავუკითხოთ ბიბლია ან ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციები. შეგვიძლია მათთან ერთად განვიხილოთ „საგუშაგო კოშკიდან“ მიმდინარე სასწავლო სტატია ან კრების ბიბლიის შესწავლაზე იმ კვირას განსახილველი მასალა. კარგი იქნება, თუ მათთან ერთად ვუყურებთ ჩვენი საზოგადოების მიერ გამოცემულ DVD ფილმებს. აგრეთვე გამამხნევებელი იქნება ჩვენს პუბლიკაციებში მოყვანილი რომელიმე შემთხვევის მოყოლაც.

      17, 18. რატომ ვართ დარწმუნებული, რომ იეჰოვა მხარს დაუჭერს და ანუგეშებს თავის ერთგულ მსახურებს?

      17 თუ შევამჩნევთ, რომ თანაქრისტიანებს ნუგეშისცემა სჭირდებათ, შეგვიძლია ისინი პირად ლოცვებში მოვიხსენიოთ (რომ. 15:30; კოლ. 4:12). როდესაც ცხოვრებისეულ პრობლემებს ვუმკლავდებით და ამასთანავე მთელი გულით ვცდილობთ სხვების ნუგეშისცემას, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ ფსალმუნმომღერალივით, რომელმაც თქვა: „იეჰოვას მიანდე შენი ტვირთი და ის ამოგიდგება მხარში, ის არასოდეს დაუშვებს მართლის წაბორძიკებას“ (ფსალმ. 55:22). დიახ, იეჰოვა ყოველთვის ანუგეშებს და ამოუდგება მხარში თავის ერთგულ მსახურებს.

      18 ძველად ღმერთმა თავის თაყვანისმცემლებს უთხრა: „მე, მე განუგეშებთ თქვენ“ (ეს. 51:12). იეჰოვა ჩვენც ასევე მოგვექცევა და აკურთხებს მგლოვიარეთა სანუგეშებლად გაწეულ ჩვენს ძალისხმევას. ზეცაში ცხოვრების იმედი გვაქვს თუ დედამიწაზე, თითოეულს შეგვიძლია ვინუგეშოთ ცხებული თანაქრისტიანებისთვის მიწერილი პავლეს სიტყვებით: „დაე, თვით ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ და ჩვენმა ღმერთმა და მამამ, რომელმაც შეგვიყვარა და თავისი წყალობით მარადიული ნუგეში და კარგი იმედი მოგვცა, ანუგეშონ თქვენი გულები და განგამტკიცონ ყოველ კარგ საქმესა და სიტყვაში“ (2 თეს. 2:16, 17).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება