საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • სად ვპოვოთ ჭეშმარიტი ნუგეში?
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 1 მაისი
    • სად ვპოვოთ ჭეშმარიტი ნუგეში?

      „ღმერთი და მამა ჩვენი უფლის იესო ქრისტესი . . . ჩვენი ნუგეშისმცემელი ჩვენს ყოველგვარ გასაჭირში“ (2 კორინთელთა 1:3, 4).

      1. განსაკუთრებით რა მდგომარეობაში სჭირდებათ ადამიანებს ნუგეში?

      ზოგი ინვალიდდება და ფიქრობს, რომ მისთვის ყველაფერი დამთავრდა. ზოგს მიწისძვრა, ქარიშხალი, წყალდიდობა ან შიმშილობა აგდებს სასოწარკვეთილებაში. ბევრს ომში ოჯახის წევრი ეღუპება, სახლი ენგრევა ან ყველაფრის დატოვება და საცხოვრებლად სხვაგან გადასვლა უწევს. სხვებს ირგვლივ გამეფებული უსამართლობა აფიქრებინებს, რომ შვებას ვერსად იგრძნობენ. გასაჭირში მყოფ ადამიანებს ნუგეში ესაჭიროებათ. მაგრამ სად შეიძლება ამ ნუგეშის პოვნა?

      2. რატომ შეიძლება ითქვას, რომ ვერავინ გვანუგეშებს იეჰოვას მსგავსად?

      2 არიან ცალკეული პირები და არსებობს ორგანიზაციები, რომლებიც გასაჭირში მყოფთა ნუგეშისცემას ცდილობენ. ნამდვილად დასაფასებელია, როდესაც ვინმე კეთილი სიტყვით ანუგეშებს ადამიანებს. მატერიალური დახმარებაც მნიშვნელოვანია, რადგან გაჭირვებაში ჩავარდნილს მდგომარეობას უმსუბუქებს. მაგრამ უბედურების ყოველგვარი კვალის წაშლა მხოლოდ იეჰოვას, ჭეშმარიტ ღმერთს, შეუძლია. მხოლოდ მას შესწევს ძალა, ისე დაგვეხმაროს, რომ უბედურება აღარასოდეს მოხდეს. მის შესახებ ბიბლიაში ნათქვამია: „კურთხეულია ღმერთი და მამა ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, მოწყალების მამა და ყოველი ნუგეშის ღმერთი. ჩვენი ნუგეშისმცემელი ჩვენს ყოველგვარ გასაჭირში, რომ ჩვენც შევძლოთ ნუგეშისცემა ყოველგვარ გასაჭირში მყოფთათვის იმავე ნუგეშით, რომლითაც გვანუგეშებს ღმერთი“ (2 კორინთელთა 1:3, 4). როგორ გვანუგეშებს იეჰოვა?

      პრობლემების პირველმიზეზი

      3. როგორ არის დაკავშირებული ღვთის მიერ ჩვენთვის მოცემული ნუგეში პრობლემების პირველმიზეზთან?

      3 ადამის ცოდვის შედეგად კაცობრიობამ მემკვიდრეობით არასრულყოფილება მიიღო. ამიტომ არის, რომ ადამიანები უამრავ პრობლემას ხვდებიან და, საბოლოოდ, ყველა კვდება (რომაელთა 5:12). მდგომარეობას ისიც ამწვავებს, რომ „ამ წუთისოფლის მთავარი“ სატანა ეშმაკია (იოანე 12:31; 1 იოანე 5:19). იეჰოვამ მხოლოდ გულისტკივილი როდი გამოხატა იმის გამო, რომ კაცობრიობა ასეთ სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა. მან თავისი მხოლოდშობილი ძე გამოსასყიდ მსხვერპლად გაიღო და გვანუგეშა, რომ მისადმი რწმენის გამოვლენით შესაძლებელია, თავი დავაღწიოთ ადამის ცოდვის შედეგებს (იოანე 3:16; 1 იოანე 4:10). გარდა ამისა, ღმერთმა იწინასწარმეტყველა, რომ იესო ქრისტე — რომელსაც ძალაუფლება აქვს მიცემული ცაში თუ დედამიწაზე — გაანადგურებს სატანას და ბოლოს მოუღებს მის ბოროტ სისტემას (მათე 28:18; 1 იოანე 3:8; გამოცხადება 6:2; 20:10).

      4. ა) რა გააკეთა იეჰოვამ იმისათვის, რომ ჩვენთვის ხსნის შესახებ აღთქმებისადმი ნდობა განემტკიცებინა? ბ) როგორ გვეხმარება იეჰოვა იმის განსაზღვრაში, თუ როდის შესრულდება მისი დანაპირები?

      4 ღმერთს სურს თავისი აღთქმებისადმი ნდობა განგვიმტკიცოს — ის ფაქტებით გვარწმუნებს, რომ, რასაც კი წინასწარმეტყველებს, ყველაფერი სრულდება (იესო ნავეს ძე 23:14). მისი ნებით ბიბლიაში ჩაიწერა ის შემთხვევები, როდესაც მან თავისი მსახურები, ადამიანთა თვალსაზრისით, უიმედო მდგომარეობიდან დაიხსნა (გამოსვლა 14:4—31; 4 მეფეთა 18:13—19:37). იესო ქრისტეს მიერ მოხდენილი სასწაულებით კი იეჰოვამ დაგვანახვა, რომ განზრახული აქვს, ადამიანები „ყოველგვარი სენისგან“ განკურნოს და მკვდრებიც კი აღადგინოს (მათე 9:35; 11:3—6). როდის მოხდება ეს? ბიბლია პასუხს გვცემს ამ კითხვაზე. მასში აღწერილია ამ წუთისოფლის უკანასკნელი დღეები, რომლებიც წინ უძღვის ღვთის ახალ ცასა და ახალ დედამიწას. სწორედ რომ ჩვენს დროს დავახასიათებდით ისე, როგორც იესომ უკანასკნელი დღეები აღწერა (მათე 24:3—14; 2 ტიმოთე 3:1—5).

      ნუგეშისცემა გასაჭირში

      5. რაზე ამახვილებდა იეჰოვა ყურადღებას, როდესაც ძველ ისრაელს ანუგეშებდა?

      5 ბიბლიიდან ვიგებთ, როგორ ეპყრობოდა იეჰოვა ძველ ისრაელს და სწორედ აქედან ვხედავთ, როგორ ანუგეშებდა თავის ხალხს გაჭირვების დროს. იეჰოვა მათ შეახსენებდა იმას, თუ როგორი ღმერთია. ეს კი ისრაელებს მისი აღთქმებისადმი ნდობას განუმტკიცებდა. იეჰოვა თავის წინასწარმეტყველებს აღძრავდა, ნათლად აღეწერათ, რამდენად განსხვავდებოდა ის — ჭეშმარიტი და ცოცხალი ღმერთი — კერპებისგან, რომელთაც არც საკუთარი თავის შველა შეეძლოთ და არც თავიანთი თაყვანისმცემლების (ესაია 41:10; 46:1; იერემია 10:2—15). იეჰოვამ ესაიას უთხრა: „ანუგეშეთ ჩემი ერი“ და აღძრა ის, მაგალითებად მოეყვანა და აღეწერა მისი შემოქმედებითი საქმეები, რათა ხალხისთვის ნათლად დაენახვებინა ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთის სიდიადე (ესაია 40:1—31).

      6. რას ეუბნებოდა ზოგჯერ იეჰოვა თავის მსახურებს იმასთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა ჰქონოდათ ხსნის მოლოდინი?

      6 ზოგჯერ თავის ხალხს იეჰოვა იმით ანუგეშებდა, რომ კონკრეტულად ეუბნებოდა მათ, როდის დადგებოდა ხსნის დრო — უახლოეს თუ შორეულ მომავალში. როდესაც ეგვიპტიდან გათავისუფლების დრო მოახლოვდა, იეჰოვამ დაჩაგრულ ისრაელებს უთხრა: „კიდევ ერთ სასჯელს მოვუვლენ ფარაონს და ეგვიპტელებს. ამის მერე გაგიშვებთ აქედან“ (გამოსვლა 11:1). იოშაფატის მეფობისას, როდესაც სამი ერი გაერთიანდა იუდას დასაპყრობად, იეჰოვამ ანუგეშა ხალხი, რომ „ხვალ“ ჩაერეოდა მათ დასახსნელად (2 ნეშტთა 20:1—4, 14—17). მეორე მხრივ, ბაბილონის ტყვეობიდან გათავისუფლება ესაიამ თითქმის 200 წლით ადრე იწინასწარმეტყველა, ხოლო დამატებითი დეტალები იერემიამ დაახლოებით 100 წლით ადრე აღწერა. რა მანუგეშებელი იყო ეს წინასწარმეტყველებები ღვთის მსახურთათვის მაშინ, როდესაც ხსნის დრო ახლოვდებოდა (ესაია 44:26—45:3; იერემია 25:11—14).

      7. რაზე იყო ხშირად ლაპარაკი ხსნასთან დაკავშირებულ აღთქმებში და რა გავლენას ახდენდა ეს ღვთის ერთგულ ისრაელებზე?

      7 აღსანიშნავია, რომ ღვთის ხალხის მანუგეშებელ აღთქმებში ხშირად მესიის შესახებ იყო ლაპარაკი (ესაია 53:1—12). ეს თაობიდან თაობამდე იმედს უნერგავდა ღვთის ერთგულ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრებაში მრავალ სირთულეს ხვდებოდნენ. ლუკას 2:25-ში ვკითხულობთ: „აჰა, იყო იერუსალიმში კაცი, სახელად სიმონი, კაცი მართალი და ღვთისმოშიში, რომელიც მოელოდა ისრაელის ნუგეშისცემას [ანუ მესიის მოსვლას], და იყო მასზედ სულიწმიდა“. სიმონმა იცოდა, რა იყო აღთქმული წმინდა წერილებში მესიის შესახებ და ღვთის აღთქმების შესრულების მოლოდინი დიდ გავლენას ახდენდა მის ცხოვრებაზე. სიმონს არ ესმოდა, როგორ შესრულდებოდა ღვთის დანაპირები და ის სიცოცხლეში ვერ შეესწრო, როგორ იქცა რეალობად ნაწინასწარმეტყველები ხსნა. მიუხედავად ამისა, მან გაიხარა იმით, რომ საკუთარი თვალით იხილა ის, ვინც ღვთის მიერ გამოგზავნილი ‘მხსნელი’ უნდა გამხდარიყო (ლუკა 2:30).

      ნუგეშისცემა ქრისტეს მეშვეობით

      8. როგორ ეხმარებოდა იესო ხალხს და რას მოელოდა ბევრი მისგან?

      8 დედამიწაზე მსახურებისას იესო ყოველთვის ისე არ ეხმარებოდა ხალხს, როგორც მათ უნდოდათ. ზოგი მესიისგან იმას მოელოდა, რომ ისრაელს რომაელთა ბატონობისგან დაიხსნიდა. იესო კი აჯანყების მომხრე არ იყო. ის ქადაგებდა, ‘კეისრისთვის კეისრისა მიეცათ’ (მათე 22:21). ღმერთს ხალხის რომელიმე პოლიტიკური რეჟიმისგან გათავისუფლებაზე ბევრად მნიშვნელოვანი განზრახვა ჰქონდა. ხალხს იესოს გამეფება უნდოდა, მას კი სულ სხვა რამ — ‘მრავალთა გამოსასყიდად თავის შეწირვა’ — ჰქონდა მიზნად (მათე 20:28; იოანე 6:15). ჯერ არ იყო მოსული მისი გამეფების დრო. გარდა ამისა, ძალაუფლება მისთვის იეჰოვას უნდა მიეცა და არა არსებული მმართველობით უკმაყოფილო ბრბოს.

      9. ა) რა მანუგეშებელ ცნობას ქადაგებდა იესო? ბ) რას აკეთებდა იესო იმისათვის, რომ ხალხს დაენახა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მათთვის ცნობა, რომელსაც მისგან ისმენდნენ? გ) რას ჩაეყარა საფუძველი დედამიწაზე იესოს მსახურებით?

      9 იესო ხალხს ‘ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობით’ ანუგეშებდა. სადაც კი მიდიოდა, ის ყველგან ამ ცნობას ქადაგებდა (ლუკა 4:43, აქ). ადამიანებს აჩვენებდა, რას გააკეთებდა კაცობრიობისთვის მესიანური მმართველობის დროს და ისინიც ხედავდნენ, რამდენად სჭირდებოდათ ეს ცნობა ცხოვრებისეული პრობლემების გადასაჭრელად. იესო გატანჯულ ხალხს სიცოცხლის ხალისს უბრუნებდა — ბრმები კვლავ ხედავდნენ, მუნჯები ლაპარაკობდნენ (მათე 12:22; მარკოზი 10:51, 52), დავრდომილები ფეხზე დგებოდნენ (მარკოზი 2:3—12), საშინელი სენით გაუწმინდურებული ისრაელები იწმინდებოდნენ (ლუკა 5:12, 13) და მძიმე ავადმყოფები ჯანსაღდებოდნენ (მარკოზი 5:25—29). იესო მკვდრეთით აღადგენდა მიცვალებულებს და უდიდეს შვებას ჰგვრიდა მათ მგლოვიარე მშობლებს (ლუკა 7:11—15; 8:49—56). ის ცხადყოფდა, რომ შეეძლო ძლიერი ქარიშხლის დაწყნარება და ხალხის დაპურება (მარკოზი 4:37—41; 8:2—9). იესო მსმენელებს ასწავლიდა პრინციპებს, რომლებიც მათ ცხოვრებისეულ პრობლემებთან გამკლავებაში ეხმარებოდა და მესიის სამართლიანი მმართველობის იმედს უსახავდა. იესოს მსახურებამ მხოლოდ ის ხალხი როდი ანუგეშა, ვინც მას უშუალოდ უსმენდა რწმენით; მისი მსახურებით საფუძველი ჩაეყარა მომავალი ათასწლეულების განმავლობაში მცხოვრები ხალხის ნუგეშისცემას.

      10. რის შესაძლებლობა მოგვცა იესოს მსხვერპლმა?

      10 იესოს მიერ საკუთარი სიცოცხლის მსხვერპლად გაღებიდან და ზეციერი ცხოვრებისთვის მისი მკვდრეთით აღდგენიდან სამოც წელზე მეტი იყო გასული, როდესაც მოციქულმა იოანემ ღვთის შთაგონებით დაწერა: „შვილნო ჩემნო! ამას გწერთ იმისათვის, რომ არ შესცოდოთ. ხოლო თუ ვინმე შესცოდავს, გვყავს შუამდგომელი მამის წინაშე, მართალი იესო ქრისტე. ის არის ჩვენი და არა მარტო ჩვენი, არამედ მთელი წუთისოფლის ცოდვების მიმტევებელი“ (1 იოანე 2:1, 2). მანუგეშებელია ის, რომ იესოს სრულყოფილ მსხვერპლს დიდი სარგებლობა მოაქვს ჩვენთვის. მისი მსხვერპლის საფუძველზე შესაძლებელია, გვეპატიოს ცოდვები, გვქონდეს სუფთა სინდისი, ურთიერთობა დავამყაროთ ღმერთთან და მარადიული სიცოცხლის იმედით გავიხაროთ (იოანე 14:6; რომაელთა 6:23; ებრაელთა 9:24—28; 1 პეტრე 3:21).

      ნუგეშისცემა სულიწმიდის მეშვეობით

      11. რა აღუთქვა ნუგეშთან დაკავშირებით იესომ სიკვდილამდე თავის მოციქულებს?

      11 სიკვდილის წინა საღამოს იესომ თავის მოციქულებს უთხრა, რომ ზეციერი მამა მათ სხვაგვარადაც ანუგეშებდა. «მე მამას შევევედრები, — თქვა იესომ, — და ის სხვა ნუგეშისმცემელს [ბერძნულად „პარაკლეტოს“] მოგივლენთ, რათა თქვენთან იყოს საუკუნოდ — ჭეშმარიტების სულს». იესომ მათ აღუთქვა: „ნუგეშისმცემელი კი, სულიწმიდა . . . ყველაფერს გასწავლით და ყველაფერს გაგახსენებთ, რაც თქვენთვის მითქვამს“ (იოანე 14:16, 17, 26). როგორ ანუგეშა სულიწმიდამ ისინი?

      12. როგორ ანუგეშა ბევრი იმან, რომ სულიწმიდა მოწაფეებს იესოს ნათქვამის გახსენებაში დაეხმარა?

      12 მოციქულებმა იესოსგან ბევრი რამ ისწავლეს. მათ ყოველთვის ემახსოვრებოდათ ის, რაც ნახეს და საკუთარ თავზე გამოსცადეს, მაგრამ გაიხსენებდნენ თუ არა იმას, რაც იესოსგან ჰქონდათ მოსმენილი? არასრულყოფილი მეხსიერების გამო ხომ არ დაავიწყდებოდათ მნიშვნელოვანი დარიგებები? იესომ მოციქულებს აღუთქვა, რომ სულიწმიდა ‘გაახსენებდა მათ ყველაფერს, რაც კი ნათქვამი ჰქონდა’. მართლაც, იესოს სიკვდილიდან დაახლოებით რვა წლის შემდეგ მათემ დაწერა პირველი სახარება, რომელშიც შეიტანა მთაზე ქადაგება, ღვთის სამეფოსთან დაკავშირებული მრავალი თვალსაჩინო მაგალითი და, აგრეთვე, დეტალურად აღწერა მისი მოსვლის დამადასტურებელი ნიშანი. 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ კი მოციქულმა იოანემ დაწერა სახარება, რომელმაც დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდა დედამიწაზე იესოს ცხოვრების უკანასკნელი დღეების შესახებ. დღესაც რამდენად გამამხნევებელია ღვთის შთაგონებით დაწერილი ეს სახარებები!

      13. რა გაგებით შეასრულა სულიწმიდამ მასწავლებლის როლი პირველი ქრისტიანებისთვის?

      13 სულიწმიდამ მოციქულებს მხოლოდ იესოს სიტყვები კი არ გაახსენა, არამედ ცოდნა შემატა მათ და უკეთესად გაარკვია ღვთის განზრახვაში. დედამიწაზე მსახურებისას იესომ ბევრი ისეთი რამ უთხრა თავის მოწაფეებს, რაც მათ მაშინ ნათლად არ ესმოდათ. მოგვიანებით კი სულიწმიდამ აღძრა იოანე, პეტრე, იაკობი, იუდა და პავლე, რომ წერილობით აეხსნათ, შემდგომში როგორ უნდა განხორციელებულიყო ღვთის განზრახვა. ამრიგად, სულიწმიდამ მასწავლებლის როლი შეასრულა და მოწაფეები ღვთის ხელმძღვანელობაში დაარწმუნა.

      14. როგორ ეხმარებოდა სულიწმიდა იეჰოვას ხალხს?

      14 სულიწმიდის სხვადასხვაგვარი სასწაულებრივი ძღვენი ადასტურებდა, რომ ღმერთი ხორციელი ისრაელისადმი კი არა, უკვე ქრისტიანული კრებისადმი ავლენდა კეთილგანწყობილებას (ებრაელთა 2:4). აგრეთვე, ცალკეული ქრისტიანების მიერ გამოვლენილი სულის ნაყოფი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო იესოს ჭეშმარიტი მოწაფეების ამოსაცნობად (იოანე 13:35; გალატელთა 5:22—24). გარდა ამისა, სულიწმიდა განამტკიცებდა ქრისტიანული კრების წევრებს, რათა მათ გაბედულად ქადაგება შეძლებოდათ (საქმეები 4:31).

      დახმარება ურთულეს მდგომარეობაში

      15. ა) რა სირთულეებს ხვდებოდნენ და ხვდებიან ქრისტიანები? ბ) რატომ სჭირდება ზოგჯერ გამხნევება მას, ვინც თვითონ ამხნევებს სხვებს?

      15 ყველა, ვინც იეჰოვას მსახური ხდება და მისადმი ერთგულებას ინარჩუნებს, ამა თუ იმ ფორმით დევნას განიცდის (2 ტიმოთე 3:12). ბევრი ქრისტიანი განსაკუთრებულად რთულ მდგომარეობაში ვარდება. ჩვენს დროში ზოგმა საკუთარ თავზე გამოსცადა ბრბოს თავდასხმები. ზოგს არაადამიანური პირობების ატანა მოუწია საკონცენტრაციო ბანაკებში, ციხეებსა თუ შრომა-გასწორების კოლონიებში. ხშირად, უშუალოდ მთავრობაა მდევნელი ან ის უბრალოდ პასუხს არ აგებინებს კანონის დამრღვევებს ძალადობაზე. ზოგ ქრისტიანს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები ექმნება ან ოჯახში აქვს დაძაბული მდგომარეობა. ასევე, შეიძლება გადაიტვირთოს და რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს მოწიფული ქრისტიანიც კი, რომელიც პრობლემების დროს ხშირად ეხმარება თანამორწმუნეებს. ასეთ შემთხვევაში, სწორედ იმ ადამიანს დასჭირდება გამხნევება, რომელიც სხვებს თვითონ ამხნევებს.

      16. რა დახმარება მიიღო დავითმა დიდ გასაჭირში?

      16 როდესაც მეფე საული დავითის მოკვლას ცდილობდა, დავითმა ღმერთს მიმართა დახმარებისთვის. „ღმერთო, ისმინე ჩემი ლოცვა“, — ევედრებოდა ის იეჰოვას. „შენი ფრთების ჩრდილქვეშ შევაფარებ თავს“, — ითხოვდა დავითი (ფსალმუნები 53:4, 6; 56:2). დაეხმარა მას ღმერთი? დიახ. იმ პერიოდში იეჰოვამ წინასწარმეტყველი გადისა და აბიათარ მღვდლის მეშვეობით გადასცა მას მითითებები, ხოლო საულის ვაჟის, იონათანის, მეშვეობით გაამხნევა (1 მეფეთა 22:1, 5; 23:9—13, 16—18). გარდა ამისა, იეჰოვამ დაუშვა, რომ ქვეყანას თავს დასხმოდნენ ფილისტიმელები, რის გამოც საულმა თავი დაანება დავითის დევნას (1 მეფეთა 23:27, 28).

      17. ვის მიმართა იესომ დახმარებისთვის რთულ მდგომარეობაში?

      17 ურთულეს მდგომარეობაში იყო იესო ქრისტეც დადამიწაზე მსახურების უკანასკნელ პერიოდში. მას კარგად ესმოდა, რამდენად დიდ გავლენას მოახდენდა მისი მოქმედება ზეციერი მამის სახელზე და რამდენად დიდი მნიშვნელობა ექნებოდა კაცობრიობის მომავლისთვის. ის გულმხურვალედ ლოცულობდა და ამ დროს ემოციურ ‘ტანჯვას’ განიცდიდა. ამ ურთულეს მომენტში ღმერთმა იესოს საჭირო დახმარება აღმოუჩინა (ლუკა 22:41—44).

      18. როგორ ანუგეშებდა ღმერთი პირველ ქრისტიანებს, რომლებიც სასტიკად იდევნებოდნენ?

      18 პირველ საუკუნეში ქრისტიანული კრების ჩამოყალიბების შემდეგ იმდენად სასტიკი დევნა დაიწყო, რომ მოციქულების გარდა იერუსალიმიდან ყველა ქრისტიანი გაიქცა. მათ თავს ესხმოდნენ და საკუთარი სახლებიდან ძალით გამოჰყავდათ, როგორც მამაკაცები, ისე ქალები. როგორ ანუგეშებდა ღმერთი თავის მსახურებს? ის თავისი სიტყვის მეშვეობით არწმუნებდა ქრისტიანებს, რომ მათ „უკეთესი და წარუვალი საუნჯე“ ჰქონდათ, ანუ ზეცაში ქრისტეს თანამემკვიდრენი იყვნენ (ებრაელთა 10:34; ეფესელთა 1:18—20). ისინი ქადაგებას განაგრძობდნენ და აშკარად გრძნობდნენ ღვთის სულის დახმარებას, რაც ნამდვილად იყო სიხარულის მიზეზი (მათე 5:11, 12; საქმეები 8:1—40).

      19. რა თქვა პავლემ ღვთის მიერ ნუგეშისცემის შესახებ მიუხედავად იმისა, რომ სასტიკად იდევნებოდა?

      19 სავლე (პავლე), ქრისტიანების სასტიკი მდევნელი, ქრისტიანობის მიღების შემდეგ თვითონ გახდა დევნილი. ერთხელ, კუნძულ კვიპროსზე ერთი ჯადოქარი სიცრუითა და უფლის გზების გამრუდებით შეეცადა ქადაგებისას მისთვის ხელის შეშლას. გალატიაში პავლე ქვებით ჩაქოლეს მდევნელებმა და მიატოვეს, რადგან ეგონათ, რომ მოკვდა (საქმეები 13:8—10; 14:19); მაკედონიაში გაჯოხეს (საქმეები 16:22, 23); ეფესოში კი ბრბოს თავდასხმის მსხვერპლი გახდა, რის შემდეგაც დაწერა: „გაუსაძლისად . . . გვავიწროებდნენ, ისე რომ, სიცოცხლის იმედიც აღარ გვქონდა. ისე ვგრძნობდით თავს, თითქოს სასიკვდილო განაჩენი გვქონდა გამოტანილი“ (2 კორინთელთა 1:8, 9, აქ). მიუხედავად ამისა, ამავე წერილში პავლემ ის მანუგეშებელი სიტყვები დაწერა, რომლებიც ამ სტატიის მე-2 აბზაცში იყო ციტირებული (2 კორინთელთა 1:3, 4).

      20. რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

      20 ჩვენ როგორ შეგვიძლია სხვების ნუგეშისცემა? დღეს მრავალ დამწუხრებულს სჭირდება ნუგეში როგორც იმ უბედურებების გამო, რომელიც ათასობით ადამიანს ატყდება, ისე პირადი ხასიათის სირთულეების გამო. მომდევნო სტატიაში განვიხილავთ, როგორ შეგვიძლია ნუგეშისცემა ორივე შემთხვევაში.

  • ანუგეშეთ დამწუხრებულნი
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 1 მაისი
    • ანუგეშეთ დამწუხრებულნი

      „მცხო უფალმა . . . რათა ვანუგეშო ყველა მგლოვიარე“ (ესაია 61:1, 2).

      1, 2. ვინ და რატომ უნდა ვანუგეშოთ?

      იეჰოვა, ყოველგვარი ნუგეშის ღმერთი, გვასწავლის, რომ ყურადღება მივაქციოთ მათ, ვინც მწუხარებას განიცდის. ის მოგვიწოდებს, ვანუგეშოთ «სულმოკლენი [„დამწუხრებული სულები“, აქ]» და მგლოვიარენი (1 თესალონიკელთა 5:14). საჭიროების შემთხვევაში, თანამორწმუნეებს ვუწევთ ასეთ დახმარებას, მაგრამ სიყვარულს მათ მიმართაც ვავლენთ, ვინც არ არის ქრისტიანული კრების წევრი; თუნდაც ეს ადამიანები ჩვენდამი არანაირ სიყვარულს არ ავლენდნენ (მათე 5:43—48; გალატელთა 6:10, სსგ).

      2 საღვთო წერილის ერთი მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ იესო ქრისტემ თქვა, რომ პირადად ეხებოდა მასში მოცემული წინასწარმეტყველება: „უფალი ღმერთის სულია ჩემზე, რადგან მცხო უფალმა, რომ ვახარო შეჭირვებულთ, წარმომგზავნა მე გულგატეხილთა შესახვევად . . . რათა ვანუგეშო ყველა მგლოვიარე“ (ესაია 61:1, 2; ლუკა 4:16—19). სულით ცხებულ ქრისტიანებს დიდი ხანია ესმით, რომ ეს დავალება მათაც უნდა შეასრულონ, ხოლო „სხვა ცხვრები“ სიხარულით უერთდებიან ამაში (იოანე 10:16).

      3. როგორ შეგვიძლია მათი დახმარება, ვისაც პასუხი ვერ უპოვია კითხვაზე, თუ რატომ უშვებს ღმერთი უბედურებას?

      3 როდესაც უბედურება ხდება და ადამიანები დიდ მწუხარებას განიცდიან, ისინი ხშირად პასუხს ვერ პოულობენ კითხვაზე: „რატომ უშვებს ღმერთი უბედურებას?“. ბიბლია გასაგებ პასუხს იძლევა. თუმცა მათ, ვისაც ბიბლია არ უსწავლია, დრო დასჭირდებათ იმისათვის, რომ ეს პასუხი სრულად აღიქვან. დამწუხრებულთა ნუგეშისცემა შეიძლება იეჰოვას მოწმეთა პუბლიკაციების დახმარებით, მაგრამ ზოგისთვის უმჯობესია, პუბლიკაციის წაკითხვამდე ზოგიერთი ბიბლიური მუხლი — მაგალითად, ესაიას 61:1, 2 — საკუთარი თვალით წაიკითხოს ბიბლიაშიa. ამ მუხლებიდან აშკარად ჩანს, რომ ღმერთს სურს ადამიანების ნუგეშისცემა.

      4. როგორ დაეხმარა დეპრესიაში მყოფ გოგონას იეჰოვას მოწმე მეგობარი პოლონეთში და ამ შემთხვევის გათვალისწინებით, როგორ დაეხმარებოდით სხვებს უკეთესად?

      4 ახალგაზრდებსაც ისევე ესაჭიროებათ ნუგეში, როგორც უფროსებს. ამას მოწმობს პოლონეთში მომხდარი შემთხვევა. დეპრესიაში მყოფმა მოზარდმა გოგონამ რჩევა ჰკითხა მეგობარს. მეგობარმა, რომელიც იეჰოვას მოწმეა, ტაქტიანად გაიგო, რომ ის გაურკვევლობაში იყო და პასუხებს ეძებდა კითხვებზე: რატომ არსებობს ბოროტება? რატომ იტანჯებიან ადამიანები? რატომ იტანჯება ჩემი პარალიზებული და? რატომ მაწუხებს გული? ეკლესიაში ეუბნებოდნენ, რომ ეს ღმერთის ნება იყო, რის გამოც მას ღვთისადმი რწმენა შერყეული ჰქონდა. იეჰოვას მოწმე მეგობარმა თავისთვის ილოცა და უთხრა: „კარგია, რომ მეკითხები. შევეცდები დაგეხმარო“. შემდეგ მოუყვა, რომ ადრე მასაც უამრავი კითხვა ჰქონდა და იეჰოვას მოწმეები დაეხმარნენ პასუხების მიღებაში. „ახლა ვიცი, რომ ღმერთი არ არის დამნაშავე ადამიანების ტანჯვაში, — აუხსნა მან გოგონას. — ღმერთს ვუყვარვართ, ჩვენთვის საუკეთესო უნდა და ამიტომაც მალე დიდ ცვლილებებს მოახდენს დედამიწაზე. ავადმყოფობა, სიბერე და სიკვდილი აღარ იარსებებს და მორჩილი ადამიანები ჩვენს პლანეტაზე მარადიულად იცხოვრებენ“. გოგონამ საკუთარი თვალით ნახა ბიბლიაში გამოცხადების 21:3, 4, იობის 33:25, ესაიას 35:5—7 და 65:21-25. ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ, მან აშკარად შვება იგრძნო და მეგობარს უთხრა: „ახლა კი ვიცი, რისთვისაც ვცხოვრობ. შეიძლება სხვა დროსაც ვილაპარაკოთ?“. ამ გოგონამ ბიბლიის შესწავლა დაიწყო, რისთვისაც კვირაში ორჯერ ხვდებოდა იეჰოვას მოწმეებს.

      ანუგეშეთ ღვთიური ნუგეშით

      5. რით ვანუგეშებთ დამწუხრებულს, როდესაც თანაგრძნობის გამოვლენა გვინდა?

      5 სანუგეშებლად, ცხადია, თანაგრძნობაა საჭირო. ნუგეშისცემისას ვცდილობთ, როგორც სიტყვებით, ისე ხმის ტონით დავანახვოთ დამწუხრებულ ადამიანს, რომ ნამდვილად გვაღელვებს მისი მდგომარეობა. ამას ვერ შევძლებთ გაცვეთილი ფრაზებით. ბიბლია მოგვიწოდებს, „მოთმინებით და წერილთა ნუგეშით გვქონდეს იმედი“ (რომაელთა 15:4). ამ სიტყვების მხედველობაში მიღებით, სათანადო დროს დამწუხრებულს უნდა ავუხსნათ, რა არის ღვთის სამეფო და ბიბლიაში ვაჩვენოთ, როგორ გადაჭრის ეს სამეფო დღევანდელ პრობლემებს. შემდეგ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რატომ არის ეს იმედი უტყუარი. სწორედ ამგვარად შევძლებთ ადამიანის ნუგეშისცემას.

      6. რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დამწუხრებულები წმინდა წერილებით მაქსიმალურად იქნენ ნუგეშცემული?

      6 ნუგეშისცემის დროს დამწუხრებულმა მაქსიმალური დახმარება რომ მიიღოს, საჭიროა, ჭეშმარიტ ღმერთს იცნობდეს — იცოდეს, როგორი ღმერთია ის და რამდენად სანდოა მისი აღთქმები. როდესაც ვანუგეშებთ ადამიანს, რომელიც იეჰოვას თაყვანისმცემელი არ არის, კარგი იქნება, მას ავუხსნათ შემდეგი საკითხები: 1) ბიბლიაში მოცემული მანუგეშებელი სიტყვები იეჰოვასგან, ჭეშმარიტი ღმერთისგან, მომდინარეობს; 2) იეჰოვა ყოვლისშემძლე, ცისა და დედამიწის შემოქმედი, მოსიყვარულე, მწყალობელი და ჭეშმარიტების მოყვარული ღმერთია; 3) ღვთის სიტყვის შესწავლითა და ღმერთთან დაახლოებით სირთულეებთან გასამკლავებლად საჭირო ძალას მივიღებთ; 4) ზოგიერთი ბიბლიური მუხლი უკავშირდება სირთულეებს, რომლებსაც ადამიანები ხვდებიან.

      7. ა) რა შეიძლება დაინახოს დამწუხრებულმა ადამიანმა, თუ იმაზე გავუმახვილებთ ყურადღებას, რომ ღვთისგან მომდინარე ნუგეშს „მრავლად ვიღებთ . . . ქრისტეს მეშვეობით“? ბ) როგორ შეგიძლიათ ანუგეშოთ ადამიანი, რომელიც ხვდება, რომ წარსულში არასწორად მოიქცა?

      7 დამწუხრებულებს, რომლებიც ბიბლიას იცნობენ, ზოგი 2 კორინთელთა 1:3—7-ის წაკითხვით უწევს სულიერ დახმარებას. ამ დროს გამოყოფენ სიტყვებს: «მრავლდება ჩვენი ნუგეშისცემა ქრისტეს მიერ [„მრავლად ვიღებთ ნუგეშისცემას ქრისტეს მეშვეობით“, აქ]». ეს მუხლები დამწუხრებულ ადამიანს დაანახვებს, რომ ბიბლია ნუგეშის წყაროა და მას მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს. ამით შესაძლოა საუბრის გაგრძელების საშუალება მოგეცეთ და საფუძველი ჩაეყაროს მომავალ საუბრებს. თუ დამწუხრებული ადამიანი ხედავს, რომ ასეთ მდგომარეობაში საკუთარი არასწორი საქციელის გამო აღმოჩნდა, არ განსაჯოთ ის; უთხარით, რომ მანუგეშებელია ის სიტყვები, რომლებსაც 1 იოანეს 2:1, 2-სა და ფსალმუნების 102:11—14-ში ვკითხულობთ. ასეთ შემთხვევაში, ნამდვილად ანუგეშებთ მას იმით, რითაც ღმერთი გვანუგეშებს.

      ძალადობა და ეკონომიკური პრობლემები

      8, 9. როგორ შეგვიძლია ვანუგეშოთ ძალადობის გამო დატანჯული ადამიანები?

      8 მილიონობით ადამიანს ტანჯავს ძალადობა — როგორც დამნაშავეობა, ისე ომები. როგორ უნდა ვანუგეშოთ ისინი?

      9 ჭეშმარიტი ქრისტიანები ნეიტრალიტეტს ინარჩუნებენ და მსოფლიო კონფლიქტებში არც სიტყვითა და არც საქმით არავის ემხრობიან (იოანე 17:16). ისინი ხალხს ბიბლიის დახმარებით უხსნიან, რომ დღეს გაბატონებულ სისასტიკეს ბოლო მოეღება. ქადაგებისას ზოგი ქრისტიანი ყურადღებას ამახვილებს ფსალმუნების 10:5-ზე იმის საჩვენებლად, თუ როგორ უყურებს იეჰოვა ძალადობის მოყვარულებს, ან ფსალმუნების 36:1—4-ზე, საიდანაც ჩანს, რომ შურისგება ღმერთს უნდა მივანდოთ. ფსალმუნების 71:12—14-ში ჩაწერილი სიტყვები ცხადყოფს, თუ რას გრძნობს ძალადობისგან დატანჯული უდანაშაულო ხალხის მიმართ დიდი სოლომონი, იესო ქრისტე, რომელიც უკვე მეფობს ზეცაში.

      10. როგორ ანუგეშებს აბზაცში მოყვანილი მუხლები ადამიანს, რომელსაც წლების განმავლობაში საკუთარ თავზე გამოუცდია ომის საშინელება?

      10 ზოგან მოწინააღმდეგე მხარეები განუწყვეტლივ იბრძვიან ძალაუფლებისთვის და კონფლიქტებს ბოლო არ უჩანს. ამ ქვეყნებში მცხოვრები ხალხისთვის ომი და ომის მიერ მოტანილი უბედურება უკვე ცხოვრების ნაწილია. ერთადერთ იმედად ისინი ქვეყნიდან გაქცევას მიიჩნევენ, მაგრამ უმრავლესობა ამას ვერასოდეს ახერხებს, ხოლო ბევრი გაქცევის მცდელობისას სიცოცხლეს კარგავს. სხვა ქვეყანაში ჩასულები კი, მართალია, თავს აღწევენ ძველ პრობლემებს, მაგრამ ახალი სირთულეების წინაშე დგებიან. ასეთ ადამიანებს ფსალმუნების 145:3—6 დაეხმარება, იმედი ემიგრაციაზე კი არ დაამყარონ, არამედ ბევრად უფრო საიმედო წყაროზე. მათეს 24:3, 7, 14-სა და 2 ტიმოთეს 3:1—5-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველებები კი მათ, ალბათ, მთლიანობაში დაანახვებს რეალურ სურათსა და შექმნილი მდგომარეობის მნიშვნელობას — იმას, რომ ამ ძველი სისტემის ბოლო პერიოდში ვცხოვრობთ. ისინი, შესაძლოა, ფსალმუნების 46:2—4, 9, 10-ისა და ესაიას 2:2—4-ის წაკითხვით დარწმუნდნენ, რომ ნამდვილად შეუძლიათ ჰქონდეთ მშვიდობიანი მომავლის იმედი.

      11. რომელმა ბიბლიურმა მუხლებმა ანუგეშა ერთი დასავლეთ აფრიკელი დამწუხრებული ქალი და რატომ?

      11 დასავლეთ აფრიკის ერთ-ერთ ქვეყანაში გაუთავებელი ომის დროს ერთი ქალი ტყვიების ზუზუნში გაიქცა საკუთარი სახლიდან. მას შემდეგ ცხოვრებას შიშსა და მწუხარებაში ატარებდა და სასოწარკვეთილებაში იყო ჩავარდნილი. მოგვიანებით, როდესაც ოჯახთან ერთად უკვე სხვა ქვეყანაში ცხოვრობდა, მისმა ქმარმა, ქორწინების მოწმობა დაწვა, ორსული ცოლი თავიანთ ათი წლის ბიჭუნასთან ერთად სახლიდან გააგდო და გადაწყვიტა, მღვდელი გამხდარიყო. დამწუხრებულ ქალს ფილიპელთა 4:6, 7-სა და ფსალმუნების 54:23-ში ჩაწერილი სიტყვები წაუკითხეს და „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ მისცეს. იქ დაბეჭდილმა ბიბლიაზე დაფუძნებულმა სტატიებმა ქალი ანუგეშა და სიცოცხლის აზრი დაანახვა.

      12. ა) რით ანუგეშებს ბიბლია მათ, ვისაც მძიმე ეკონომიკურ პირობებში უწევს ცხოვრება? ბ) როგორ დაეხმარა იეჰოვას მოწმე ერთ ქალს აზიაში?

      12 მილიონობით ადამიანს მძიმე ეკონომიკურ პირობებში უწევს ცხოვრება. ზოგჯერ ამის მიზეზი ომი და მის მიერ მოტანილი უბედურებაა. ზოგჯერ კი მთავრობის მიერ გატარებული არასწორი პოლიტიკა და ხელისუფლების სათავეში მყოფთა სიხარბე და უპატიოსნობაა იმის მიზეზი, რომ ხალხი სახსრების გარეშე რჩება და ყველაფერს კარგავს. ბევრი არც არასოდეს ყოფილა მატერიალურად უზრუნველყოფილი. ასეთი ადამიანებისთვის მანუგეშებელი იქნება იმის გაგება, რომ ღმერთი შვებას აღუთქვამს თავისზე მინდობილებს და გვპირდება სამართლიან ქვეყნიერებას, სადაც ყველა გაიხარებს საკუთარი შრომის ნაყოფით (ფსალმუნები 145:6, 7; ესაია 65:17, 21—23; 2 პეტრე 3:13). აზიის ერთ ქვეყანაში იეჰოვას ერთმა მოწმემ ეკონომიკური მდგომარეობით შეწუხებული ქალის სიტყვები მოისმინა. იეჰოვას მოწმემ მას აუხსნა, რომ მათ ქვეყანაში არსებული გაჭირვება მსოფლიოში მიმდინარე მოვლენათა ნაწილი იყო და ყურადღება გაუმახვილა მათეს 24:3—14-სა და ფსალმუნების 36:9—11-ზე. ამ ქალმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო.

      13. ა) როგორ უნდა გამოვიყენოთ ბიბლია იმ ადამიანების სანუგეშებლად, რომლებიც ფუჭი დაპირებებით გულგატეხილნი არიან? ბ) როგორ უნდა შეეცადოთ იმ ადამიანებთან საუბრის წარმართვას, რომლებიც მძიმე ცხოვრების გამო ფიქრობენ, რომ ღმერთი არ არსებობს?

      13 წლების განმავლობაში დატანჯულ ან ფუჭი დაპირებებით გულგატეხილ ხალხს, შეიძლება, ეგვიპტის მონობაში მყოფი ისრაელების მსგავსად, არაფრის მოსმენის სურვილი აღარ ჰქონდეს (გამოსვლა 6:9). ასეთ შემთხვევებში, კარგი იქნება ყურადღების გამახვილება იმაზე, თუ როგორ დაეხმარება მათ ბიბლია ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრაში და მისი დახმარებით, როგორ მოერიდებიან იმ უსიამოვნებებს, რომლებიც ბევრს ცხოვრებას უწამლავს (1 ტიმოთე 4:8ბ). ზოგი მძიმე ცხოვრებას იმის დამამტკიცებლად მიიჩნევს, რომ ღმერთი არ არსებობს ან მათზე არ ზრუნავს. იქნებ სათანადო ბიბლიური მუხლების გამოყენებით დაგენახვებინათ ასეთი ადამიანებისთვის, რომ ღმერთი გვეხმარება, მაგრამ ბევრს არ სურს მისი დახმარების მიღება (ესაია 48:17, 18).

      ქარიშხალი და მიწისძვრები

      14, 15. როგორ დაეხმარნენ იეჰოვას მოწმეები უბედურების დროს სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილ ადამიანებს?

      14 ხალხისთვის ზოგჯერ დიდი უბედურება მოაქვს ქარიშხალს, მიწისძვრას, ხანძარსა თუ ვულკანურ ამოფრქვევას. ასეთ დროს მწუხარებამ შეიძლება მრავალი მოიცვას. რის გაკეთებაა შესაძლებელი გადარჩენილთა სანუგეშებლად?

      15 ადამიანებმა უნდა დაინახონ, რომ მათზე ზრუნავენ. ერთ ქვეყანაში ტერორისტული აქტის შემდეგ ხალხი სასოწარკვეთილებაში ჩავარდა. ბევრს დაეღუპა ოჯახის წევრები, ოჯახის მარჩენალი თუ მეგობრები. ზოგმა სამუშაო დაკარგა და ადრინდელივით თავს უსაფრთხოდ ვეღარ გრძნობდა. იეჰოვას მოწმეები ინახულებდნენ დაზარალებულებს, თანაუგრძნობდნენ მათ და ბიბლიის დახმარებით ანუგეშებდნენ. ბევრი დამწუხრებული ადამიანი ძალიან მადლიერი იყო ასეთი დახმარებისთვის.

      16. რატომ უსმენდა ხალხი ყურადღებით იეჰოვას მოწმეებს სალვადორში, როდესაც იმ მხარეში დიდი უბედურება დატრიალდა?

      16 სალვადორში 2001 წელს ძლიერ მიწისძვრას მეწყერი მოჰყვა, რამაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. იეჰოვას ერთ მოწმეს 25 წლის ვაჟი დაეღუპა. მისი ვაჟის საცოლემ კი ორი და დაკარგა. დედა და მისი გარდაცვლილი ვაჟის საცოლე მაშინვე ქადაგებით დაკავდნენ. მათ ბევრი ეუბნებოდა, რომ გარდაცვლილები ღმერთმა წაიყვანა და მათი სიკვდილი ღვთის ნება იყო. ისინი კი ხალხს იგავების 10:22-ზე უმახვილებდნენ ყურადღებას იმის საჩვენებლად, რომ ღმერთს არ სურს ჩვენი ტანჯვა და ის არ არის ჩვენი დარდისა და მწუხარების მიზეზი. შემდეგ კი რომაელთა 5:12-ის გამოყენებით უხსნიდნენ, რომ სიკვდილი ცოდვის შედეგია და არა ღვთის ნება. აგრეთვე მანუგეშებელ სიტყვებს კითხულობდნენ შემდეგი მუხლებიდან: ფსალმუნების 33:19, 36:29, ესაიას 25:8 და გამოცხადების 21:3, 4. ამ დებს, რომლებსაც თვითონაც ჰყავდათ ოჯახის წევრები დაღუპული, ხალხი განსაკუთრებული ყურადღებით უსმენდა, რის შედეგადაც მათ ბევრთან დაიწყეს ბიბლიის შესწავლა.

      17. როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ხალხს უბედურებისას?

      17 უბედურებისას, შესაძლოა, საჭირო იყოს, ადამიანს დაუყოვნებლივ აღმოუჩინოთ პრაქტიკული დახმარება. მაგალითად, ექიმი გამოიძახოთ, დაზარალებული საავადმყოფოში წაიყვანოთ ან ვინმე საკვებითა და თავშესაფრით უზრუნველყოთ. 1998 წელს იტალიაში მომხდარი ერთ-ერთი ასეთი უბედურების დროს ერთმა ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ იეჰოვას მოწმეები „პრაქტიკულ დახმარებას უწევდნენ დაზარალებულებს იმისდა მიუხედავად, თუ რომელ რელიგიას მიეკუთვნებოდნენ ისინი“. ბევრ ქვეყანაში უკანასკნელი დღეებისთვის ნაწინასწარმეტყველები მოვლენები დიდი უბედურების მიზეზია. იეჰოვას მოწმეები ასეთ ქვეყნებში მცხოვრებ ხალხს ყურადღებას ბიბლიურ წინასწარმეტყველებებზე უმახვილებენ და ანუგეშებენ, რომ ბიბლიაში მოცემული აღთქმების თანახმად, ღვთის სამეფო უსაფრთხოებას მოუტანს კაცობრიობას (იგავები 1:33; მიქა 4:4).

      ოჯახის წევრის სიკვდილი

      18—20. სანუგეშებლად რა შეგიძლიათ უთხრათ ან გაუკეთოთ მგლოვიარეს, რომელსაც ოჯახის წევრი დაეღუპა?

      18 მრავალი ადამიანი განიცდის საყვარელი ადამიანის გარდაცვალებით მიყენებულ ტკივილს. მათ შეიძლება ქადაგებისას შეხვდეთ ან სულაც შემთხვევით დაელაპარაკოთ, როდესაც ყოველდღიური საქმეებით ხართ დაკავებული. რის თქმა ან გაკეთება შეგიძლიათ მგლოვიარეთა სანუგეშებლად?

      19 ადამიანს სახეზე დიდი მწუხარება ხომ არა აქვს აღბეჭდილი? სახლში მგლოვიარე ნათესავები ხომ არ არიან? ასეთ შემთხვევაში შეიძლება ბევრი რამის თქმა გინდათ, მაგრამ საჭიროა გონივრული მიდგომა (ეკლესიასტე 3:1, 7). ალბათ, ასეთ დროს უმჯობესია, თანაუგრძნოთ, სათანადო ბიბლიური პუბლიკაცია დაუტოვოთ (ბროშურა, ჟურნალი ან ტრაქტატი) და რამდენიმე დღის შემდეგ მოინახულოთ, რათა, საჭიროების შემთხვევაში, შემდგომი დახმარება აღმოუჩინოთ. უფრო შესაფერის დროს ბიბლიიდან რამდენიმე მანუგეშებელი აზრი გაუზიარეთ. ამან შესაძლოა შედარებით დაამშვიდოს მგლოვიარე (იგავები 16:24; 25:11). ცხადია, თქვენ იესოსავით არ შეგიძლიათ გარდაცვლილის მკვდრეთით აღდგენა, მაგრამ შესაძლებლობა გაქვთ, მგლოვიარეებს აუხსნათ, რა მდგომარეობაში არიან მიცვალებულები. თუმცა ამ დროს, ალბათ, არ იქნება კარგი, ვინმეს არასწორი შეხედულებების შეცვლას შეეცადოთ (ფსალმუნები 145:4; ეკლესიასტე 9:5, 10; ეზეკიელი 18:4). შეგეძლოთ ერთად წაგეკითხათ მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებული ბიბლიური აღთქმები (იოანე 5:28, 29; საქმეები 24:15). აქვე დროული იქნებოდა, ამ აღთქმების მნიშვნელობაზე ლაპარაკი, რისთვისაც, ალბათ, ბიბლიაში ჩაწერილ მკვდრეთით აღდგენის შემთხვევებს გამოიყენებდით (ლუკა 8:49—56; იოანე 11:39—44). ზემოხსენებულის გარდა, შეეცადეთ, ყურადღება გაამახვილოთ ასეთი იმედის მომცემი მოსიყვარულე ღმერთის თვისებებზე (იობი 14:14, 15; იოანე 3:16). უთხარით მგლოვიარეს, პირადად რაში დაგეხმარათ მკვდრეთით აღდგომის შესახებ ბიბლიური სწავლება და რატომ ხართ დარწმუნებული მის ჭეშმარიტებაში.

      20 სამეფო დარბაზში მიწვევა მგლოვიარეს დაეხმარება იმ ხალხის გაცნობაში, რომლებმაც იციან, რა არის მოყვასის ნამდვილი სიყვარული და ერთმანეთის გამხნევება. შვედეთში მცხოვრებმა ერთმა ქალმა აღნიშნა, რომ სწორედ ამას ეძებდა მთელი ცხოვრება (იოანე 13:35; 1 თესალონიკელთა 5:11).

      21, 22. ა) რა მოგვეთხოვება, თუ მგლოვიარის ნუგეშისცემას ვცდილობთ? ბ) როგორ შეგიძლიათ ანუგეშოთ მგლოვიარე, რომელმაც უკვე იცის ბიბლია?

      21 ხომ არ გქონიათ შემთხვევა, როდესაც არ გცოდნიათ, რა გეთქვათ ან რა გაგეკეთებინათ მგლოვიარისთვის — თანაქრისტიანისთვის თუ სხვა ნებისმიერი ადამიანისთვის? ბერძნული სიტყვა, რომელიც ბიბლიაში ხშირად „ნუგეშისცემად“ ითარგმნება, სიტყვასიტყვით „გვერდში ამოდგომის შესახებ თხოვნას“ ნიშნავს. მაშასადამე, ნუგეშისცემა რომ შეძლოთ, საჭიროა, მხარში ამოუდგეთ მგლოვიარეებს (იგავები 17:17).

      22 როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მგლოვიარემ იცის, რა არის ნათქვამი ბიბლიაში სიკვდილის, გამოსასყიდისა და მკვდრეთით აღდგომის შესახებ? მისთვის მანუგეშებელი იქნება იმ ადამიანის მხოლოდ გვერდში ყოფნაც კი, რომელიც მის შეხედულებებს იზიარებს. ყურადღებით მოუსმინეთ, თუ მას ლაპარაკი სურს. ნუ იფიქრებთ, რომ თქვენგან სიტყვით გამოსვლა მოითხოვება. ბიბლიურ მუხლებს თუ წაიკითხავთ, დაანახვეთ მას, რომ ღვთის სიტყვები თქვენთვისაც მანუგეშებელია. გამოხატეთ, რომ მტკიცედ ხართ დარწმუნებული იმ აღთქმების ჭეშმარიტებაში, რომლებიც ორივეს გწამთ. ღვთის მსგავსად თანაგრძნობის გამოვლენითა და ღვთის სიტყვის ჭეშმარიტების გაზიარებით შეძლებთ მგლოვიარეების დახმარებას, რათა ისინი „ყოველი ნუგეშის ღმერთის“, იეჰოვას, მიერ იქნენ ნუგეშცემული და განმტკიცებული (2 კორინთელთა 1:3).

      [სქოლიოები]

      a იხილეთ წიგნები „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“, თავი 8; „მსჯელობა წერილების საფუძველზე“ (ინგლ.), გვერდები 393—400, 427—431; „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“, თავი 10; და ბროშურა „ნამდვილად ზრუნავს თუ არა ღმერთი ჩვენზე?“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება