-
რატომ მიდგენენ ამდენ წესებს?გამოიღვიძეთ! — 2006 | დეკემბერი
-
-
კარგ ურთიერთობას სარგებლობა მოაქვს
თუ მეტი თავისუფლება გსურს ან არ გინდა, რომ შეზღუდვების გამო გაღიზიანდე, კარგი ურთიერთობა იქონიე მშობლებთან. ზოგმა შეიძლება თქვას: „ბევრჯერ ვცადე მშობლებთან საუბარი, მაგრამ არაფერი გამომივიდა“. თუ შენც ასე ფიქრობ, ჰკითხე საკუთარ თავს: „როგორ გამოვნახო მშობლებთან საერთო ენა?“ ურთიერთობა კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ მიიღო ის, რაც გსურს ან უკეთ გაიგო, რატომ გეუბნებიან უარს. თუ გსურს, ისეთი უფლებებით სარგებლობდე, როგორითაც ზრდასრული ადამიანი, გონივრულია მშობლებთან ისეთი ურთიერთობა გქონდეს, როგორიც მოწიფულ ადამიანს შეეფერება.
◼ ისწავლე ემოციების მოთოკვა. ბიბლიაში ნათქვამია: „სულელი თავის სულს გარეთ ღვრის, ბრძენი კი ბოლომდე სიმშვიდეს ინარჩუნებს“ (იგავები 29:11). კარგი ურთიერთობა წუწუნს გამორიცხავს. წუწუნს შეიძლება მორიგი დარიგებები მოჰყვეს. ასე რომ, მოერიდე ბუზღუნს, ბავშვურ ბუტიაობასა და ჯუჯღუნს. როდესაც მშობლები რაღაცაში გზღუდავენ, შეიძლება სურვილი გაგიჩნდეს, გაიჯახუნო კარი ან სახლში წინ და უკან იარო. მაგრამ თუ ასე მოიქცევი, შეიძლება მშობლებმა უფრო შეგზღუდონ.
◼ ეცადე მდგომარეობას მშობლების თვალით შეხედო. ასე მოიქცა ახალგაზრდა ქრისტიანი, სახელად ტრეისი, რომელიც უმამოდ იზრდება. ის ამბობს: „საკუთარ თავს ვეკითხები, რატომ მიდგენს დედა ამა თუ იმ წესს? შემდეგ ვხვდები, რომ დედა ამას იმ მიზნით აკეთებს, რომ კარგი ადამიანი გავხდე“ (იგავები 3:1, 2). ამგვარი მიდგომა დაგეხმარება, უკეთესად აუხსნა მშობლებს შენი თვალსაზრისი. დავუშვათ, მშობლები არ გიშვებენ რომელიმე წვეულებაზე. შეკამათების ნაცვლად, უკეთესია, მშობელს ჰკითხო: „მოწიფული, სანდო მეგობარი რომ გამომყვეს, გამიშვებ“? შეიძლება მშობლებმა თხოვნა ყოველთვის არ შეგისრულონ, მაგრამ, თუ მათ გაუგებ, მათთვის უფრო მისაღებ წინადადებას წამოაყენებ.
◼ მოიპოვე მშობლების ნდობა. მშობლების ნდობის მოპოვება ბანკში ფულის შეტანას შეიძლება შევადაროთ. ბანკიდან მხოლოდ იმის გამოტანა შეგიძლია, რაც ანგარიშზე გაქვს. თუ შეტანილზე მეტ თანხას დახარჯავ, ჯარიმას გადაიხდი, და თუ ამას არაერთხელ გააკეთებ, ანგარიშს საერთოდ დაგიხურავენ. მეტი თავისუფლების მიღება ანგარიშიდან ფულის მოხსნის მსგავსია; მას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოგცემენ, თუ პასუხისმგებლობის მქონე ადამიანის რეპუტაციას შეიქმნი.
◼ მეტისმეტს ნუ მოელი. მშობლებს ევალებათ ზომიერების ფარგლებში აკონტროლონ შვილების მოქმედება. ბიბლია ყურადღებას ამახვილებს „მამის მცნებასა“ და „დედის კანონზე“ (იგავები 6:20). არ იფიქრო, რომ მშობლების მიერ დადგენილი წესები ცხოვრებას დაგინგრევს. პირიქით, თუ მშობლებს ემორჩილები, იეჰოვა გპირდება, რომ საბოლოოდ „ხელი მოგემართება“! (ეფესოელები 6:1—3).
-
-
რატომ მიდგენენ ამდენ წესებს?გამოიღვიძეთ! — 2006 | დეკემბერი
-
-
[ჩარჩო⁄სურათები 11 გვერდზე]
როდესაც დადგენილი წესი ირღვევა
შეიძლება მსგავსი სიტუაცია შენთვისაც ნაცნობია: საღამოს სახლში მისვლა დააგვიანე, დაკისრებული დავალება არ შეასრულე ან ტელეფონით ბევრი ილაპარაკე. ახლა კი, მშობლების წინაშე პასუხი უნდა აგო! როგორ უნდა მოიქცე, რომ სიტუაცია არ გაართულო?
◼ ილაპარაკე სიმართლე. ნუ ეცდები მშობლების მოტყუებას; იყავი გულწრფელი და აღიარე დანაშაული (იგავები 28:13). ტყუილების შეთხზვით საერთოდ დაკარგავ მშობლების ნდობას. თავის მართლებას ნუ დაიწყებ. ყოველთვის გახსოვდეს, რომ „მშვიდი პასუხი სიბრაზეს აცხრობს“ (იგავები 15:1).
◼ მოიბოდიშე. თუ ნანობ, რომ მშობლები ანერვიულე, იმედი გაუცრუე ან შენი საქციელის გამო ზედმეტი საქმე გაუჩინე, ისინი მკაცრად არ დაგსჯიან (1 სამუელი 25:24). უნდა ჩანდეს, რომ გულწრფელად ინანიებ.
◼ მზად იყავი, პასუხი აგო შენს საქციელზე. შეიძლება ბუზღუნი დაიწყო, განსაკუთრებით მაშინ, თუ ფიქრობ, რომ უსამართლოდ დაგსაჯეს (იგავები 20:3). მაგრამ, თუ მზად ხარ, პასუხი აგო შენს საქციელზე, ეს მოწიფულობის ნიშანია (გალატელები 6:7). ამ დროს საუკეთესო გამოსავალი ის იქნება, თუ კვლავ ეცდები მშობლების ნდობის მოპოვებას.
-