-
დედამიწის ბიოსფეროსთვის აუცილებელი ურთიერთობაგამოიღვიძეთ! — 2003 | ოქტომბერი 8
-
-
ურთიერთობის უნარით, რასაკვირველია, მხოლოდ ადამიანები არ არიან დაჯილდოებულნი. მართალია, ცხოველების ქცევებს ძირითადად ინსტინქტები მართავს, მაგრამ მათაც აქვთ ურთიერთობის საკმაოდ საინტერესო ფორმები. მაგალითად, ყინულოვანი ანტარქტიდის ბინადარი იმპერატორის პინგვინები ყოველწლიურად „ტრფობის“ წინასაზამთრო რიტუალს ასრულებენ: სერიოზული განზრახვების ნიშნად, და არა გასართობად, ისინი ყვირილით მოუხმობენ ერთურთს. როდესაც პინგვინებს ბარტყები უჩნდებათ, მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. როგორ?
მას შემდეგ, რაც დედალი პინგვინი კვერცხს დებს, დედის მოვალეობას მამალი კისრულობს და სანამ დედა პინგვინი გამოსაკვებად ზღვისკენ მიემართება, მამალი თავისი მუცლის ტყავის ნაკეცით კვერცხს ზემოდან ეფარება. დაახლოებით 65 დღის შემდეგ დედალი, რომელმაც უკან 150 კილომეტრი უნდა გამოიაროს, ყინულზე ბაჯბაჯითა და მუცელზე სრიალით ბრუნდება. თვითონ ის ფაქტი, რომ დედალი კოლონიას აგნებს, თავისთავად სასწაულია, მაგრამ როგორ პოულობს ის მამალსა და ახლად გამოჩეკილ ბარტყს ათიათასობით მყვირალა პინგვინთა შორის? ტრფობის პერიოდში თითოეული ფრინველი იმდენად კარგად იმახსოვრებს მეორის ხმას, რომ მრავალთვიანი განშორების შემდეგაც კი პოულობენ ერთმანეთს!
ხმების ამ არაჩვეულებრივი მრავალგვარობის გარდა, ცხოველები ჟესტებით, თვალისმომჭრელი ფერებით, მოციმციმე ნათებებითა და სუნის მეშვეობითაც ამყარებენ ერთმანეთთან ურთიერთობას.
-
-
ურთიერთობა ჩვენს გარემომცველ სამყაროშიგამოიღვიძეთ! — 2003 | ოქტომბერი 8
-
-
ურთიერთობა ჩვენს გარემომცველ სამყაროში
„ურთიერთობის გარეშე ყველა ინდივიდი ერთმანეთისგან იზოლირებულ კუნძულებს დაემსგავსებოდა“ („ცხოველთა ენა“).
ყველგან: ტყეში, სავანასა თუ თქვენს საკუთარ ბაღში ცხოველები შეიძლება აქტიურად ამყარებენ ურთიერთობას. წიგნში „ცხოველთა ენა“ ვკითხულობთ: «ცხოველები მგრძნობელობის ყველა ორგანოს იყენებენ ათასნაირი ჟესტ-მიმიკისა თუ პოზის მისაღებად; გადასცემენ და იღებენ სუსტ — შეშინებული სკუნსის შემთხვევაში კი არცთუ მთლად სუსტ — ყნოსვით სიგნალებს; ისინი წრიპინებენ, ჭყივიან, გალობენ და ჭიკჭიკებენ; ერთმანეთთან კავშირს ამყარებენ ელექტრული და მოციმციმე ნათებების მეშვეობით; იცვლიან კანის შეფერილობას; „ცეკვავენ“, ზოგჯერ კი ატყაპუნებენ და ზედაპირსაც არყევენ». საინტერესოა, რისი თქმა სურთ ამ ყველაფრით?
მეცნიერები საგულდაგულო დაკვირვების შედეგად შიფრავენ ცხოველთა ენას. მაგალითად, აი, რა შენიშნეს მათ: როცა ბენთამურა (მომცრო შინაური ქათმის ჯიში) მტაცებელს — დავუშვათ დედოფალას — შენიშნავს, იგი სხვა ბენთამურებს კო-კო-კოს ძახილით აფრთხილებს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. მაგრამ სადმე თუ ქორს დალანდავს, მხოლოდ ერთხელ გამოსცემს ხანგრძლივ გამკივან ხმას. ბენთამურები თითოეულ სიგნალზე სწრაფად და შესაბამისად რეაგირებენ, რაც აშკარად მიანიშნებს იმაზე, რომ მათ შორის აზრობრივი ინფორმაციის ურთიერთგაცვლა ხდება. როგორც შენიშნეს, მსგავს ბგერით კავშირებს სხვა ფრინველებიც ამყარებენ.
როგორც წიგნში „გალობა, ღრიალი და რიტუალები“ ვკითხულობთ, „ცხოველთა ურთიერთობის შესწავლის ერთ-ერთი ძირითადი მეთოდი ასეთია: შესაბამის სიგნალს ფირზე იწერენ, შემდეგ კი ჩანაწერს ცხოველებს ასმენინებენ და აკვირდებიან, იწვევს თუ არა ის მათში მოსალოდნელ რეაქციას“. ბენთამურებზე ცდა ჩაატარეს და სიგნალის ჩანაწერი მოასმენინეს. მათ ისეთივე რეაქცია ჰქონდათ, როგორიც ბუნებრივ პირობებში. ეს მეთოდი ობობებთანაც კი ამართლებს. მეცნიერებმა გადაწყვიტეს, გამოერკვიათ, თუ რით იზიდავს შეწყვილების დროს მდედრ ტარანტულს (ობობის სახეობა) მამრი, რომელიც ბანჯგვლიანი წინა ფეხების მდედრის ცხვირწინ ქნევით ცდილობს მასზე შთაბეჭდილების მოხდენას. მკვლევარებმა ვიდეოკასეტაზე გადაიღეს მამრი ტარანტული და კომპიუტერული მონტაჟით ფეხებიდან თმის კონები მოაცილეს. როდესაც ვიდეოჩანაწერი მდედრს აჩვენეს, მან მოულოდნელად ყოველგვარი ინტერესი დაკარგა მამრისადმი. მაშ, რას ვიგებთ აქედან? იმას, რომ მდედრ ტარანტულებს მხოლოდ ის მამრები იზიდავს, რომლებიც ბანჯგვლიან ფეხებს უქნევენ ცხვირწინ.
ურთიერთობის დამყარება სუნით
მრავალი ცხოველი ერთმანეთს ინფორმაციას აწვდის ქიმიურად აქტიური ნივთიერებებით — ფერომონებით, რომლებიც სპეციალურ ჯირკვლებში გამომუშავდება ან შარდსა და ექსკრემენტებთან ერთად გამოიყოფა. ადამიანები ღობავენ თავიანთ საკუთრებას და ხშირად სახლის ნომრისა და მფლობელის ვინაობის მიმანიშნებელ დაფას კიდებენ მასზე. მსგავსად ამისა, ფერომონები ამა თუ იმ ცხოველის, მათ შორის ძაღლებისა და კატების, ტერიტორიის ამოსაცნობი ნიშანია. მონიშვნის ეს უხილავი, მაგრამ ძალიან ეფექტური მეთოდი ერთი და იმავე ჯიშის ცხოველებს საშუალებას აძლევს, ერთმანეთისგან საჭირო დისტანცია დაიცვან.
ფერომონების დანიშნულება მხოლოდ ტერიტორიის მონიშვნით არ შემოიფარგლება. ისინი ასრულებენ „განცხადებების დაფის“ მოვალეობას, რასაც დიდი ინტერესით „კითხულობენ“ სხვა ცხოველები. როგორც წიგნში „როგორ ამყარებენ ურთიერთობას ცხოველები“ ვკითხულობთ, სუნი, «რითაც „მობინადრე“ ცხოველის ტერიტორიაა მონიშნული, მის შესახებ სხვებს, როგორც ჩანს, დამატებით ინფორმაციას აწვდის. კერძოდ: რა ხნისაა ის, მდედრია თუ მამრი, ძლიერია თუ სუსტი ფიზიკურად, რა და რა უნარი აქვს, სქესობრივი ციკლის რა ფაზაში იმყოფება ამჟამად და სხვა . . . სუნი, რითაც ტერიტორიას მონიშნავს ცხოველი, მისი პასპორტის მოვალეობას ასრულებს». ამიტომაც, ზოგი ცხოველი ძალიან სერიოზულად ეკიდება ასეთ ნიშნულებს, რაც კარგად არის ცნობილი ზოოპარკის თანამშრომლებისთვის. გალიებისა და ზღუდეების გარეცხვა-გაწმენდის შემდეგ ისინი ხშირად გამხდარან ასეთი სურათის მომსწრე: მრავალი ცხოველი დაუყოვნებლივ იწყებს თავისი ტერიტორიის ხელახლა მონიშვნას სუნით. ზემოხსენებული წიგნის თანახმად, „საკუთარი სუნის არარსებობა დამთრგუნველად მოქმედებს ცხოველზე და ამან შეიძლება არანორმალურ ქცევამდე და უნაყოფობამდეც კი მიიყვანოს ის“.
ფერომონები მწერების სამყაროშიც დიდ როლს ასრულებს. მაგალითად, შიშის ფერომონები მწერებს აღძრავს, რომ შეგროვდნენ და თავდასხმისთვის მოემზადონ. თავმოყრის ფერომონები კი უბიძგებს მათ, საკვებთან ან ბუდის გასაკეთებლად ხელსაყრელ ადგილას მოიყარონ თავი. ამავე სახის ფერომენებს განეკუთვნება სქესობრივი ატრაქტანტებიც, რის მიმართაც განსაკუთრებით მგრძნობიარეა ზოგი ცოცხალი ორგანიზმი. თუთის მამრ აბრეშუმხვევიას აქვს რთული აგებულების მქონე ორი საცეცი, რომლებიც გვიმრის ერთ ბეწო ნაზ ფოთოლს წააგავს. ეს საცეცები იმდენად მგრძნობიარეა, რომ მათ მდედრი აბრეშუმხვევიას სქესობრივი ატრაქტანტის ერთი მოლეკულის აღმოჩენაც კი შეუძლიათ! 200 მოლეკულა კი უკვე საკმარისია იმისათვის, რომ მამრმა მდედრის ძებნა დაიწყოს. თუმცა ქიმიური ნივთიერებებით მხოლოდ ცხოველები როდი ამყარებენ ურთიერთობას.
-