-
ტექნოლოგიების საუკუნეგამოიღვიძეთ! — 2009 | ნოემბერი
-
-
ტექნოლოგიების საუკუნე
ალბანეთში სახედარზე ამხედრებული მოხუცი კაცი მობილურ ტელეფონზე ესაუბრება ვიღაცას. ინდოეთში მათხოვარი ცოტა ხნით წყვეტს მოწყალების თხოვნას, რომ მობილურზე დარეკოს ან ზარზე უპასუხოს. ღარიბ ქვეყნებში მსგავს სურათს ხშირად ნახავთ. ტექნიკამ, იქნება ეს ტელევიზორი, მობილური ტელეფონი თუ კომპიუტერი, მსოფლიოს ყველა კუთხეში შეაღწია და მდიდრებსა და ღარიბებს შორის ზღვარი წაშალა. დღეს ტექნიკის გარეშე ბევრს ცხოვრება ვერ წარმოუდგენია.
ტექნიკიდან ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობს მობილური ტელეფონი, რომელიც მხოლოდ იმ მიზნით აღარ გამოიყენება, რისთვისაც შეიქმნა. ბოლო მოდელის მობილურებით შესაძლებელია ინტერნეტში შესვლა, იმეილისა და SMS-ის გაგზავნა და მიღება, ტელევიზორის ყურება, მუსიკის მოსმენა, სურათების გადაღება, GPS-ით ადგილმდებარეობის განსაზღვრა და კინაღამ დაგვავიწყდა — დარეკვაც კი!
გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ თანახმად, მრავალფუნქციურ ტელეფონს, სმართფონს, „დღეს უფრო მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე 1965 წელს ჩრდილოეთ ამერიკის აეროკოსმოსური თავდაცვის გაერთიანებულ მეთაურობას შეეძლო“. გაზეთში აგრეთვე ნათქვამია, რომ „მთელ მსოფლიოში ყოველ ორ ადამიანზე ერთი მობილური ტელეფონი მოდის“ და, სულ მცირე, 30 ქვეყანაში მოსახლეობის რიცხვს მობილურების რიცხვი აღემატება. მართლაც, „დღეს, როგორც არასდროს, ტექნიკა ყველაზე სწრაფად ვრცელდება“, — დასძენს გაზეთი.
მსოფლიოში მობილური ტელეფონების მომხმარებელთა თითქმის 60 პროცენტი ღარიბ ქვეყნებში ცხოვრობს. მათგან უმრავლესობა მაღალტექნოლოგიურ საკომუნიკაციო საშუალებებს სწორედ რომ მობილური ტელეფონით ეზიარა. ავღანეთში 2008 წელს მხოლოდ ერთ თვეში აბონენტთა რიცხვმა დაახლოებით 140 000-ით მოიმატა, აფრიკაში კი ბოლო დროს ტელეფონის მომხმარებელთა რიცხვი ყოველ წელს თითქმის 50 პროცენტით იზრდება.
საკომუნიკაციო ტექნიკის განვითარებას თავისი უარყოფითი მხარეებიც აქვს. მობილურებმა, პეიჯერებმა და ნოუთბუქებმა ხალხთან დაკავშირება ნებისმიერ დროსა და ადგილას გახადა შესაძლებელი. ეს ზოგს დისკომფორტს უქმნის, რადგან თავს ისე გრძნობენ, თითქოს ელექტრონულ ქსელში არიან „გაბმულნი“. არსებობს მეორე უკიდურესობაც: ადამიანი იმდენად ხდება ტექნიკაზე დამოკიდებული, რომ უჩნდება მოთხოვნილება, მუდმივად ხაზზე იყოს და იცოდეს, რა არის ახალი.
დღეს თანამედროვე მედია-საკომუნიკაციო საშუალებების ყველაზე უარყოფითი მხარეები ის არის, რომ ადამიანი მათზე ხდება დამოკიდებული, ყურადღება ეფანტება და ხელი ეშლება სხვა მნიშვნელოვანი საქმეების კეთებაში. თუმცა მათი სათანადოდ გამოყენება მრავალმხრივ გვეხმარება. მაშ, როგორ შეიძლება ტექნიკის გაწონასწორებულად და გონივრულად გამოყენება? ამ კითხვას შემდეგ სტატიებში გაეცემა პასუხი.
-
-
„კურთხევაა თუ წყევლა?“გამოიღვიძეთ! — 2009 | ნოემბერი
-
-
„კურთხევაა თუ წყევლა?“
მძღოლი საჭეს ვერ იმორჩილებს, ავტომობილი ბოძს ეჯახება და მძღოლის გვერდით მჯდომი ქალბატონი სერიოზულად ზიანდება. მძღოლი მაშინვე მობილურით რეკავს და სასწრაფო დახმარებას იძახებს. რა იყო ამ ავტოავარიის მიზეზი? მძღოლმა წამიერად მოაცილა თვალი გზას, რომ მობილურზე ეპასუხა.
როგორც ამ მაგალითიდან ვხედავთ, თანამედროვე ტექნიკამ შეიძლება ზიანი მოგვიტანოს ან დიდი დახმარება გაგვიწიოს — ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ვიყენებთ მას. ცხადია, არავინ მოისურვებდა მოძველებული აპარატურის გამოყენებას. ინტერნეტი თავიდან გვარიდებს ისეთ არასასიამოვნო პროცედურებს, როგორიცაა ყიდვა-გაყიდვა და საბანკო ოპერაციები, და გვეხმარება, რომ სხვებს იმეილით, ხმოვანი ფოსტით და ვიდეობმულით დავუკავშირდეთ.
არცთუ ისე დიდი ხნის წინ დილით სახლიდან გასული ოჯახის წევრები საღამომდე ერთმანეთს ვერ ეხმიანებოდნენ. მაგრამ დღეს „ცოლ-ქმრების 70 პროცენტი, ვისაც მობილურები აქვთ, ყოველდღე ურეკავენ ერთმანეთს, რომ უბრალოდ მოიკითხონ, 64 პროცენტი ერთმანეთს თავიანთ გეგმებს ატყობინებს, მშობლების 42 პროცენტი კი ყოველდღე ეხმიანება შვილებს“, — ნათქვამია „იუ-ეს-ეი ტუდეიში“.
თვალს ნუ დახუჭავთ უარყოფით მხარეებზე
შეიძლება ტექნიკის არასათანადოდ და მეტისმეტად ხშირად გამოყენებამ გონებრივი და ფიზიკური ზიანი მოგვაყენოს? განვიხილოთ დასავლეთის ერთ-ერთ ქვეყანაში მცხოვრები ახალდაქორწინებული წყვილის შემთხვევა. როგორც ახალ ამბებში გადმოსცეს, ისინი „ავტომობილსა თუ სპორტდარბაზში გამუდმებით ურეკავდნენ ერთმანეთს მობილურზე და თავიანთი სახლის ერთი ოთახიდან მეორე ოთახშიც კი ტელეფონით ლაპარაკობდნენ“. ზოგჯერ ეს ცოლ-ქმარი თვის განმავლობაში 4 000 წუთს, 66 საათზე მეტს, საუბრობდა მობილურით. მათ თქვეს, რომ მობილურის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ. „ეს ტექნიკაზე დამოკიდებულების კლასიკური შემთხვევაა“, — აღნიშნა ფსიქოლოგმა ჰარის სტრატნერმა, შემდეგ კი დასძინა: „როგორც ჩანს, მათ ნივთის მეშვეობით აქვთ ურთიერთობა“.
შეიძლება იფიქროთ, რომ ეს წყვილი უკიდურესობამდეა მისული, მაგრამ ფაქტია, ეს შემთხვევა შემაშფოთებელ ტენდენციაზე მეტყველებს. ბევრს ვერ წარმოუდგენია, რომ ერთი საათის მანძილზეც კი არავის დაუკავშირდეს. „მოთხოვნილებად გვექცა, ყოველთვის ვნახოთ იმეილი, ინტერნეტში ვიყოთ ჩართული და სწრაფი შეტყობინებების მეშვეობით მეგობრებთან მიწერ-მოწერა გვქონდეს“, — ამბობს 20 წლის გოგონა.
„თუ ტექნიკა უფრო და უფრო მეტ დროს გართმევთ და თქვენს ცხოვრებაში უმთავრეს ადგილს იკავებს, ეს ცუდის ნიშანია“, — თქვა ფსიქოლოგმა ბრაიან იაომ სინგაპურში გამომავალ ერთ-ერთ გაზეთში (The Business Times of Singapore). უფრო მეტიც, ვინც ტექნიკას საათობით უზის, ხშირად ნაკლებს მოძრაობს, რის გამოც ემუქრება დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა ან სხვა სერიოზული დაავადების განვითარების საშიშროება.
ტექნიკის არასათანადოდ გამოყენებას სხვა საშიშროებებიც ახლავს თან, რამაც შეიძლება ადამიანს მაშინვე მიაყენოს ზიანი. მაგალითად, ახლახან ჩატარებული გამოკითხვით დადგინდა, რომ ავტომობილის მართვისას მძღოლებს, რომლებიც მობილურით ლაპარაკობენ, თუნდაც ამ დროს ყურსასმენს იყენებდნენ, ისეთივე შენელებული რეაქცია აქვთ, როგორც ნასვამ მძღოლებს. ავტომანქანის მართვისას მძღოლისთვის შეიძლება SMS-ების წერაც სასიკვდილო აღმოჩნდეს. ერთმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ 27 წლამდე მძღოლების დაახლოებით 40 პროცენტი საჭესთან ჯდომისას SMS-ებს წერს. თუ ავტომობილის მართვისას გინდათ, მობილურით დაელაპარაკოთ ვინმეს ან მესიჯი გაუგზავნოთ, გახსოვდეთ, რომ ავარიის შემთხვევაში პოლიციამ და სადაზღვევო კომპანიამ შეიძლება შეამოწმოს, ავარიამდე გამოიყენეთ თუ არა მობილური. ერთი დარეკვა ან ვინმესთვის ერთი-ორი სიტყვის მიწერა შეიძლება ძალიან ძვირად დაგიჯდეთ!a კალიფორნიაში (აშშ) 2008 წელს სარკინიგზო კატასტროფას 25 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. გამოძიებამ დაადგინა, რომ კატასტროფამდე რამდენიმე წამით ადრე მემანქანეს SMS ჰქონდა გაგზავნილი. მან დამუხრუჭებაც კი ვერ მოასწრო.
უფრო და უფრო იზრდება იმ ბავშვების რიცხვი, რომლებიც მობილურებს, კომპიუტერებსა თუ სხვა ტექნიკურ საშუალებებს იყენებენ გასართობად. ამიტომ მათ უნდა ისწავლონ ტექნიკის გონივრულად და მიზანმიმართულად გამოყენება. შემდეგ სტატიაში განხილული იქნება, რა დაეხმარება მათ ამ მხრივ.
[სქოლიო]
a ყველა, ვინც ბიბლიური ნორმების თანახმად ცხოვრებას ცდილობს, ერიდება ყველაფერს, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მის სიცოცხლეს (დაბადება 9:5, 6; რომაელები 13:1).
[სურათი 5 გვერდზე]
გართმევთ ტექნიკა დიდ დროს?
-
-
მშობლებო, ყურადღებას ნუ მოაკლებთ შვილებს!გამოიღვიძეთ! — 2009 | ნოემბერი
-
-
მშობლებო, ყურადღებას ნუ მოაკლებთ შვილებს!
„ადრე მხოლოდ ტელევიზორი გვართმევდა დიდ დროს, დღეს კი მას ვიდეოთამაშები, კომპიუტერი და მობილური ტელეფონი დაემატა. ეს ყოველივე დიდ გავლენას ახდენს ბავშვებზე. ისინი იმდენად ეჩვევიან ტექნიკას, რომ მასზე დამოკიდებულები ხდებიან. ტექნიკის მეშვეობით მათი ტვინი მხოლოდ სმენითა და მხედველობით აღიქვამს მზა ინფორმაციას და როცა მის გარეშე რჩებიან, აღარ იციან, რა გააკეთონ“ (მალი მენი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი).
ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, რომელიც ტექნიკის გაუმჯობესებისა და ინტერნეტის განვითარების წყალობით უფრო და უფრო „იხლართება“ საკომუნიკაციო ქსელში. მრავალი ახალგაზრდა სახლიდან პლეიერის ან მობილურის გარეშე არ გადის. რამდენადაც ეს და სხვა მსგავსი მოწყობილობები უფრო დაიხვეწა, მეტი ფუნქცია შეიძინა და გაიაფდა, ეს ალბათ მეტად შეუწყობს ხელს ტექნიკის განვითარებას. ამის გამო მშობლებს შეიძლება უფრო გაუჭირდეთ შვილებისთვის ყურადღების მიქცევა და მათი სათანადოდ აღზრდა.
მშობლებს ამ სირთულეების დაძლევაში ორი მნიშვნელოვანი რამ დაეხმარებათ. პირველი, მათ ყოველთვის უნდა ახსოვდეთ იგავების 22:15-ში ჩაწერილი სიტყვები: „ყმაწვილის გულში უგუნურება ბუდობს; აღზრდისას ჯოხის გამოყენება გამოდევნის მას“. მეორე, მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ტექნიკას მათ შვილებზე როგორც დადებითი, ისე უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია, ამიტომ ისინი უნდა დაეხმარონ ბავშვებს, რომ ტექნიკა გონივრულად გამოიყენონ.
პატარაობიდანვე ასწავლეთ კარგისა და ცუდის გარჩევა!
მრავალ ოჯახში ბავშვის ტექნიკასთან შეხება პირველად ტელევიზორით იწყება. ხშირად ტელევიზორი ბავშვისთვის ძიძა ხდება. მაგრამ ზოგი ფსიქოლოგის აზრით, თუ ბავშვი პატარაა და დიდხანს უყურებს ტელევიზორს, ის შეიძლება ფიზიკურად არააქტიური გახდეს, რეალობა ფანტაზიისგან ვეღარ გაარჩიოს, ემოციური პრობლემები გაუჩნდეს და მოგვიანებით სკოლაში ყურადღებით ყოფნა გაუჭირდეს. ასეთ ბავშვებს შეიძლება „არასწორად დაუსვან ყურადღების დეფიციტის ან ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის დიაგნოზი ან შეცდომით დაასკვნან, რომ ბიპოლარული დარღვევა აქვთ“, — თქვა დოქტორმა მალი მენმა. ზოგი მედიკოსი მშობლებს ურჩევს, რომ ორ წლამდე ბავშვებს ტელევიზორი არ აყურებინონ.
„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ბავშვის ცხოვრებაში პირველი ორი წლის განმავლობაში ხდება, არის ის, რომ მშობლებსა და შვილს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა ყალიბდება“, — ამბობს ამერიკის პედიატრთა აკადემიის წარმომადგენელი დოქტორი კენეთ გინზბურგი. ეს ურთიერთობა მაშინ ვითარდება, როცა მშობლები თავიანთ პატარას ელაპარაკებიან, ეთამაშებიან და უკითხავენ. გამოცდილებამ აჩვენა, რომ ბავშვებს, რომლებსაც მშობლები რეგულარულად უკითხავენ, კითხვის სიყვარული უვითარდებათ.
მილიონობით ბავშვისთვის კომპიუტერისა თუ სხვა მოწყობილობების გამოყენების ცოდნა მნიშვნელოვანია და აუცილებელიც კი. მაგრამ, თუ ამჩნევთ, რომ თქვენი შვილი სულ კომპიუტერულ თამაშებს თამაშობს, ინტერნეტშია შესული ან სხვა მსგავსი რამით არის გატაცებული, კარგი იქნება, თუ დაეხმარებით, რომ სხვა საქმითაც დაკავდეს. ასწავლეთ შვილებს რაიმე ხელობა ან რომელიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა — ნებისმიერი რამ, რაც სასარგებლო, განსხვავებული და მათთვის საინტერესო იქნება.
კარგად შერჩეული სახალისო საქმე მომავალში უფრო წაადგება ბავშვს, ვიდრე უბრალოდ გართობა. ეს აგრეთვე დაეხმარება თქვენს შვილს, იყოს მიზანდასახული, ისწავლოს მოთმინებისა და თავშეკავების გამოვლენა და განივითაროს შემოქმედებითი უნარი. ეს თვისებები მას რეალურ ცხოვრებაში გამოადგება, სადაც ვირტუალურისგან განსხვავებით, პრობლემები „მაუსზე“ ერთი დაწკაპუნებით არ წყდება.
ბავშვებმა „სიბრძნე და ჭკუა“ უნდა შეიძინონ
ბიბლია როგორც დიდებს, ისე პატარებს მოუწოდებს, რომ შეიძინონ ‘საზრიანობა და ჭკუა’ (რომაელები 12:1; იგავები 1:8, 9; 3:21). ეს შესაძლებლობას მოგვცემს, ერთმანეთისგან განვასხვავოთ არა მხოლოდ ის, თუ რა არის სწორი და რა არასწორი, არამედ ისიც, თუ რა არის გონივრული და რა არაგონივრული. მაგალითად, აკრძალული არ არის, რომ საათობით უყურო ტელევიზორს ან ითამაშო კომპიუტერული თამაშები, მაგრამ განა ეს გონივრულია?! აკრძალული არც ის არის, რომ იყიდო უახლესი ტექნიკა და ლიცენზირებული პროგრამები, მაგრამ დაფიქრდი, გონივრული იქნება ეს?! როგორ შეგიძლიათ, დაეხმაროთ შვილებს, შეიძინონ ბრძენი გული, როცა საქმე ტექნიკის გამოყენებას ეხება?
◼ დაანახვე საფრთხე. ბავშვები ადვილად ითვისებენ ტექნიკას და მალევე ერკვევიან ინტერნეტში, მაგრამ ისინი გულუბრყვილოები არიან, რადგან სიბრძნე და გამოცდილება აკლიათ. ამიტომ დაანახვეთ საფრთხე და აუხსენით, როგორ შეუძლიათ მისი თავიდან არიდება. მაგალითად, სოციალურ ქსელში ახალგაზრდებს შეუძლიათ განათავსონ პირადი მონაცემები და თანატოლები გაიცნონ, მაგრამ ასეთი საიტების მეშვეობით პედოფილები თუ სხვა არაკეთილმოსურნეები ადვილად იგდებენ ხელში თავიანთ მსხვერპლს (1 კორინთელები 15:33).a ამიტომ წინდახედული მშობლები უხსნიან შვილებს, თუ რატომ არ უნდა განათავსონ პირადი მონაცემები ვებ-გვერდზე.b
მშობლებო, ცხადია, ბავშვებს ზრდასთან ერთად მეტ თავისუფლებას აძლევთ, მაგრამ თქვენ ღვთისგან უფლებამოსილნი და პასუხისმგებელნი ხართ, აღზარდოთ შვილები და ყურადღება მიაქციოთ მათ (იგავები 22:6; ეფესოელები 6:4). იმედია, ბავშვები თქვენს ასეთ ზრუნვაში უანგარო სიყვარულს დაინახავენ და არ იფიქრებენ, რომ მეტისმეტად ზღუდავთ.
მაგრამ თქვენ შეიძლება თქვათ: „როგორ დავეხმარო ჩემს შვილს, როცა თანამედროვე ტექნიკაში საერთოდ ვერ ვერკვევი?“. კარგი იქნება, თუ ძირითადს მაინც ისწავლით. 90 წლის მელბა რამდენიმე წელიწადია, რაც კომპიუტერით სარგებლობს. „როცა პირველად ვცადე კომპიუტერის გამოყენება, ლამის ფანჯრიდან მოვისროლე, — ამბობს ის. — მაგრამ სულ რაღაც ორ თვეში ვისწავლე მისი ძირითადი ფუნქციები. ახლა იმეილის გაგზავნაც შემიძლია და სხვა ფუნქციებშიც ვერკვევი“.
◼ დაუდგინეთ შვილს საზღვრები გონიერების ფარგლებში. თუ თქვენი შვილი საათობით უყურებს ტელევიზორს, ინტერნეტშია შესული ან კომპიუტერულ თამაშებს თამაშობს, კარგი იქნება, თუ მათი გამოყენების კონკრეტულ დროს დაუდგენთ და ტექნიკას გამოსაჩენ ადგილზე დადგამთ. ეს დაეხმარება თქვენს შვილს, დაინახოს, რამდენად გონივრულია შემდეგი ბიბლიური მუხლის გამოყენება: „ყველაფერს თავისი დრო აქვს“. ეს იმას ნიშნავს, რომ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობას, საოჯახო საქმეების კეთებას, ჭამას, ფიზიკურ ვარჯიშსა თუ სხვა ნებისმიერ რამეს, თავისი დრო აქვს (ეკლესიასტე 3:1). გონივრულად დადგენილი წესების მტკიცედ მიყოლა ოჯახს აძლიერებს და ეხმარება ბავშვებს, განივითარონ კარგი ჩვევები, გაითვალისწინონ სხვისი თვალსაზრისი და უყვარდეთ ურთიერთობა.
ამ სტატიათა სერიის ბოლო ნაწილში განხილული იქნება ზოგი პრინციპი, რომლებიც დაეხმარება როგორც პატარებს, ისე დიდებს, ტექნიკა გონივრულად გამოიყენონ და დრო დაზოგონ.
[სქოლიოები]
a მშობლებისთვის დამხმარე იქნება 2008 წლის ოქტომბრის „გამოიღვიძეთ!“-ში დაბეჭდილი სტატია „ბავშვები და ინტერნეტი — რა უნდა იცოდნენ მშობლებმა?“. გარდა ამისა, პორნოგრაფიასთან, ვიდეოთამაშებთან და ინტერნეტთან დაკავშირებით სასარგებლო რჩევები მოცემულია 2007 წლის მარტისა და დეკემბრის, ასევე 2008 წლის იანვრის „გამოიღვიძეთ!“-ში.
b ზოგი მოზარდი მობილური ტელეფონით მეგობრებს უგზავნის საკუთარ სურათებს, რომლებშიც გამომწვევად გამოიყურება. ამგვარი საქციელით ის არა მხოლოდ იმცირებს თავს, არამედ თავის უგუნურებასაც ავლენს. ასეთ სურათებს მისი მეგობრები ხშირად მის დაუკითხავად სხვებს უგზავნიან.
[სურათი 7 გვერდზე]
დაეხმარეთ შვილს, დახელოვნდეს სხვადასხვა საქმის კეთებაში, იყოს მომთმენი და მიზანდასახული
-
-
გამოიყენეთ ტექნიკა გონივრულად და დაზოგეთ დროგამოიღვიძეთ! — 2009 | ნოემბერი
-
-
გამოიყენეთ ტექნიკა გონივრულად და დაზოგეთ დრო
20 წლის კათრინი სამსახურში კომპიუტერთან მუშაობს. სახლშიც ყოველთვის ინტერნეტშია შესული — ათვალიერებს სხვადასხვა საიტსა და ინტერნეტ-მაღაზიას და პასუხობს უამრავ იმეილს. მიუხედავად ამისა, ის გაცილებით ნაკლებ დროს უთმობს ინტერნეტს, ვიდრე მასზე უფრო ახალგაზრდა თანამშრომლები. კათრინი ამბობს: „რატომ მიგზავნიან 24 საათის განმავლობაში ამდენ უაზრო ტექსტურ შეტყობინებას? არ შეუძლიათ, უბრალოდ დამირეკონ?“
კათრინის სიტყვებზე შეიძლება გაგეღიმათ, რადგან არც ტელეფონით მყარდება ადამიანთან უშუალო კავშირი. თუმცა მის სიტყვებში არის ჭეშმარიტების მარცვალი: მრავალი მოწყობილობა ადამიანთა დასაკავშირებლად გამოიგონეს, მაგრამ ისინი ვერასდროს შეცვლის პირისპირ საუბარს, რადგან ამ დროს ადამიანები საუკეთესოდ გამოხატავენ თავიანთ გრძნობებს. შემდეგი ბიბლიური პრინციპები დაგეხმარებათ, რომ ტექნიკა გონივრულად გამოიყენოთ.
◼ „ამიტომ ყველაფერში, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (მათე 7:12). როცა მობილურის ან კომპიუტერის გამოყენების დროს იესო ქრისტეს ამ სიტყვებს ვითვალისწინებთ, სხვებისადმი პატივისცემას ვავლენთ. ერთი ქალბატონი, სახელად ანა გვიყვება: «მე და ჩემი მეუღლე რესტორანში ვიყავით. გვერდით მაგიდასთან ორი მამაკაცი იჯდა. ერთი მათგანი განუწყვეტლივ მობილურზე საუბრობდა. ჩვენ შეგვეცოდა მეორე მამაკაცი, რომელსაც „მარტოს“ უწევდა სადილობა». თქვენ რას იგრძნობდით მის ადგილზე? განაწყენდებოდით? მართალია, მობილური ნებისმიერ დროსა და ადგილას შეგვიძლია გამოვიყენოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყოველთვის ასე უნდა მოვიქცეთ. კარგი იქნება, თუ არასდროს დაგვავიწყდება ზემოთ მოყვანილი პრინციპი.
◼ „კარგად დაუკვირდით, რომ ისე კი არ იაროთ, როგორც უგუნურებმა, არამედ როგორც ბრძენებმა, გამოისყიდეთ თქვენთვის ხელსაყრელი დრო“ (ეფესოელები 5:15, 16). დრო ღვთისგან ბოძებული ძვირფასი ძღვენია, ამიტომ არ უნდა გავფლანგოთ ის. ფაქტია, ტექნიკა დროს გვიზოგავს. მაგალითად, ინტერნეტის მეშვეობით შეგვიძლია რაიმე საკითხის სწრაფად გამოკვლევა, საბანკო ოპერაციების განხორციელება და ყიდვა-გაყიდვა. მაგრამ ინტერნეტი ჩვენს დროსაც იპარავს, თუ საათობით უმიზნოდ „ვხეტიალობთ“ მასში.
დროის კიდევ ერთი ქურდი ერთდროულად ბევრი რამის კეთებაა. კომპიუტერზე მუშაობამ, ტელევიზორის ყურებამ, ტელეფონზე საუბარმა, საიტიდან საიტზე გადასვლამ ან ელ-ფოსტისა თუ სხვა პროგრამების ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება უფრო მეტი დრო წაგართვათ, ვიდრე დაგიზოგოთ. რატომ შეიძლება ერთდროულად ბევრი რამის კეთებამ სასურველი შედეგი არ გამოიღოს?
„ერთდროულად ბევრი რამის კეთების დროს თითქმის შეუძლებელია ამა თუ იმ საკითხის შესახებ საფუძვლიანი ცოდნის შეძენა“, — ამბობს ნევროლოგი ჯორდან გრაფმენი. ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია ერთდროულად რამდენიმე რამეზე კონცენტრირება — რაღაცა ყოველთვის დაზარალდება, საქმე ხარისხიანად არ გაკეთდება და ნასწავლი დიდხანს არ გაგვყვება. გარდა ამისა, როცა ადამიანს ერთი საქმიდან მეორეზე სწრაფად გადააქვს ყურადღება, გაცილებით მეტ შეცდომას უშვებს და „საქმის დასასრულებლად ორჯერ მეტი დრო სჭირდება, ვიდრე მაშინ, როცა ის საქმეებს თანამიმდევრულად აკეთებს“, — ნათქვამია ჟურნალ „ტაიმში“. ამიტომ, კარგად დაფიქრდი, სანამ „დროის მოსაგებად“ რამდენიმე საქმეს ერთად შეეჭიდები!
◼ „თავი დაიცავით ყველანაირი სიხარბისგან, რადგან ადამიანს უხვადაც რომ ჰქონდეს ყველაფერი, მისი სიცოცხლე მის ქონებაზე არ არის დამოკიდებული“ (ლუკა 12:15). რაც არ უნდა დიდი ქონების მფლობელი იყოთ, ეს არც სიცოცხლეს გაჩუქებთ და არც ნამდვილ ბედნიერებას მოგიტანთ. თქვენთვის ამის გაკეთება მხოლოდ ღმერთს შეუძლია. იესომ თქვა: „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი“ (მათე 5:3). მეორე მხრივ, დღევანდელი კომერციული სამყარო ბედნიერებას მატერიალურ ნივთებთან აიგივებს. ხშირად ისმის მოწოდება: „შეიძინეთ! იყიდეთ! თქვენ უახლესი მოდელი უნდა გქონდეთ!“. ნუ მოტყუვდებით და გამოავლინეთ გონიერება! სანამ ამა თუ იმ ნივთში ოფლით ნაშოვნ ფულს დახარჯავთ, კარგად დაფიქრდით, გჭირდებათ თუ არა ის. აგრეთვე გახსოვდეთ, რომ უახლესი მოდელი მალე ძველმოდური გახდება. ასე რომ, თუ გარკვეული ნივთის ყიდვა გსურთ, საკუთარ თავს ჰკითხეთ: „აუცილებლად უახლესი მოდელი უნდა მქონდეს? გამოვიყენებ კი ყველა იმ ფუნქციას, რომელიც მას ექნება?“
თქვენზეა დამოკიდებული, ტექნიკა „კურთხევა იქნება თუ წყევლა“
ზემოთ მოხსენიებულმა კათრინმა აღარ იცოდა, რა ექნა, როცა სახლში კომპიუტერი გაუფუჭდა. ის ამბობს: „თავიდან შოკში ჩავვარდი, მაგრამ მისი შეკეთება სამომავლოდ გადავდე. ერთი თვის შემდეგ ვიგრძენი, რომ ნერვები დამიწყნარდა და კითხვისთვის მეტი დრო მქონდა. ახლა კომპიუტერს მხოლოდ სამსახურში ვიყენებ, ამიტომ სამუშაოს შემდეგ მეგობრებთან ურთიერთობისთვის საკმარისი დრო მრჩება. ტექნიკაზე აღარ ვარ დამოკიდებული. ის მეტად აღარ მართავს ჩემს ცხოვრებას“.
რა თქმა უნდა, მეცნიერებისა და ტექნიკის წინსვლა ბევრ კარგ საქმეს ემსახურება — გვიზოგავს დროსა და ენერგიას. ამიტომ თუ გჭირდებათ, გამოიყენეთ ტექნიკა, ოღონდ ეს გონივრულად გააკეთეთ. ნუ დააყენებთ მას ადამიანებზე წინ; ნუ გაფლანგავთ ძვირფას დროს და ფულს ისეთი მოწყობილობებისა და პროგრამების შესაძენად, რომლებიც არ გჭირდებათ; ნუ გამოიყენებთ ინტერნეტსა და ტელევიზორს გარყვნილი და ძალადობის ამსახველი სიუჟეტების საყურებლად; ნუ გახდებით ტექნიკაზე დამოკიდებული; იყავით გონიერი — გამოიყენეთ ბიბლიაში ღვთის შთაგონებით ჩაწერილი პრინციპები, რომლებმაც დროის გამოცდას გაუძლო! მართლაც, „იეჰოვა თავად იძლევა სიბრძნეს; მისი პირიდან გამოდის ცოდნა და გამჭრიახობა“ (იგავები 2:6).
[ჩარჩო 9 გვერდზე]
გაითვალისწინეთ სხვები მობილურის ან კომპიუტერის გამოყენებისას
ქვემოთ მოყვანილი რჩევები დაგეხმარებათ, რომ მობილურის ან კომპიუტერის გამოყენებისას სხვებისადმი პატივისცემა გამოავლინოთ.
◼ ნუ ილაპარაკებთ მობილურზე ისეთ ადგილებში, სადაც შეიძლება სხვები შეაწუხოთ. საჭიროების შემთხვევაში გამორთეთ ტელეფონი.
◼ როცა მნიშვნელოვან თემაზე ესაუბრებით ვინმეს და ამ დროს ტელეფონი რეკავს, ნუ უპასუხებთ ზარს, თუ აუცილებელი არ არის.
◼ ტელეფონზე საუბრისას ყურადღებით უსმინეთ მოსაუბრეს.
◼ ნუ გადაუღებთ თქვენი მობილურით ვინმეს ფოტოს, თუ მას არ სურს ან უხერხულად გრძნობს თავს.
◼ ნუ გადაუგზავნით სხვებს თქვენთვის „საინტერესო“ იმეილს. მათ შეიძლება სათანადოდ არ დააფასონ ის.
-