-
ვინ დაიხსნის მათ, ვინც შველას ითხოვს?საგუშაგო კოშკი — 2010 | 15 აგვისტო
-
-
ჩვენზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს იესოს უდიდესი თანაგრძნობა, რომელსაც ის დატანჯული ხალხის მიმართ ავლენდა (მათ. 9:35, 36; 15:29—31). მაგალითად, ერთხელ მას კეთროვანი მიუახლოვდა და შეევედრა: „თუკი გსურს, შეგიძლია ჩემი განწმენდა“. იესომ მიუგო: „მსურს, განიწმინდე!“. ის მაშინვე განიკურნა (მარ. 1:40—42). მოგვიანებით იესო შეხვდა ერთ ქვრივ ქალს, რომლის ერთადერთ ვაჟს მოასვენებდნენ. მას „გული დაეწვა“ და მიცვალებულს მიმართა: „ადექი!“. ჭაბუკი გაცოცხლდა და ფეხზე წამოდგა (ლუკ. 7:11—15).
7, 8. რომელი შემთხვევებიდან გამოჩნდა, რომ იესოს განკურნების ძალა აქვს?
7 სასწაულების მოხდენის ძალა იეჰოვამ იესოს მისცა. ეს კარგად გამოჩნდა მაშინ, როდესაც მან განკურნა „ქალი, რომელიც თორმეტი წელი სისხლდენით იტანჯებოდა“. მიუხედავად იმისა, რომ „ექიმებისგან ბევრი ტკივილი“ გადაიტანა და „მთელი სახსრები დახარჯა“, მისი მდგომარეობა უფრო გაუარესდა. ქალი ხალხს შეერია და იესოს შეეხო. ამით მან დაარღვია კანონი, რომელიც სისხლდენით გაუწმინდურებულებს ეხებოდა (ლევ. 15:19, 25). იესომ იგრძნო, რომ მისგან ძალა გავიდა და იკითხა, ვინ შეეხო მას. ქალი „შიშითა და კანკალით მივიდა, მის წინაშე დაემხო და მთელი სიმართლე მოუყვა“. იესო მიხვდა, რომ ეს ქალი იეჰოვამ განკურნა, ამიტომ მას თბილად მიმართა: „შვილო, შენმა რწმენამ გამოგაჯანმრთელა. წადი მშვიდობით. განიკურნე მძიმე დაავადებისგან“ (მარ. 5:25—27, 30, 33, 34).
-
-
ვინ დაიხსნის მათ, ვინც შველას ითხოვს?საგუშაგო კოშკი — 2010 | 15 აგვისტო
-
-
იესო თანამგრძნობია და ჩვენზე ზრუნავს
14, 15. საიდან ვიცით, რომ იესოს ესმის ადამიანური გრძნობები და „ის დაიხსნის ღარიბს, შველას რომ ითხოვს“?
14 ცოდვილი კაცობრიობა სავალალო მდგომარეობაშია და დახმარება სჭირდება. მაგრამ იმედი არსებობს (წაიკითხეთ ფსალმუნის 72:12—14 ). იესოს, დიდ სოლომონს ესმის ჩვენი არასრულყოფილი მდგომარეობა და თანაგვიგრძნობს. უფრო მეტიც, ის სიმართლისთვის ეტანჯა და ღმერთმა დაუშვა, რომ განსაცდელი მას მარტოს გადაეტანა. იესო ემოციურად ისე იტანჯებოდა, რომ „მისი ოფლი სისხლის წვეთებად იქცა და მიწას ეპკურებოდა“ (ლუკ. 22:44). წამების ბოძზე გაკრულმა ხმამაღლა დაიძახა: „ჩემო ღმერთო, ჩემო ღმერთო, რატომ მიმატოვე?“ (მათ. 27:45, 46). იესომ ბევრი იტანჯა და სატანაც ყოველმხრივ ცდილობდა, ის ღვთისგან ჩამოეშორებინა, მაგრამ ის მაინც იეჰოვა ღმერთის ერთგული დარჩა.
15 ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იესო ხედავს ჩვენს ტკივილს. „ის დაიხსნის ღარიბს, შველას რომ ითხოვს, დაჩაგრულს და მას, ვისაც შემწე არა ჰყავს“. მამის მსგავსად, იესოც სიყვარულითა და მზრუნველობით მოუსმენს საწყლებს, განკურნავს გულგატეხილებს და შეუხვევს მტკივნეულ ჭრილობებს (ფსალმ. 69:33; 147:3). ის თანაგვიგრძნობს სისუსტეებში, რადგან „ჩვენსავით გამოიცადა ყველაფერში“ (ებრ. 4:15). რა სასიხარულოა, რომ იესო ახლა ზეცაში მეფობს და ძალიან სურს, რომ დატანჯულ ადამიანებს შვება მოჰგვაროს!
16. რატომ შეეძლო სოლომონს, თანაეგრძნო თავისი ხალხისთვის?
16 სოლომონს სიბრძნე და გამჭრიახობა არ აკლდა და ეჭვგარეშეა მას არ გაუჭირდებოდა საწყალი ხალხის მდგომარეობაში შესვლა. გარდა ამისა, მის ცხოვრებაშიც მოხდა ბევრი სამწუხარო რამ. სოლომონის ძმამ, ამნონმა გააუპატიურა თავისი ნახევარდა თამარი. ამის გამო კი თამარის ღვიძლმა ძმამ, აბესალომმა, ამნონი მოკლა (2 სამ. 13:1, 14, 28, 29). აბესალომმა მამის ტახტის უკანონოდ ხელში ჩაგდება სცადა, მაგრამ ის დამარცხდა და ბოლოს იოაბმა მოკლა (2 სამ. 15:10, 14; 18:9, 14). მოგვიანებით სოლომონის კიდევ ერთმა ძმამ, ადონიამაც მოინდომა გამეფება. მას რომ მიზნისთვის მიეღწია, სოლომონს სიკვდილი არ ასცდებოდა (1 მეფ. 1:5). სოლომონისთვის უცხო არ ყოფილა ადამიანთა ტანჯვა, რაც იეჰოვას ტაძრის მიძღვნისას წარმოთქმული მისი ლოცვიდან გამოჩნდა. თავის ქვეშევრდომებზე მან ასე ილოცა: „თითოეულმა იცის თავისი უბედურება და ტკივილი . . . [იეჰოვა] აპატიე და თითოეულს თავისი გზისამებრ მიაგე“ (2 მატ. 6:29, 30).
17, 18. რა ტკივილს უმკლავდება ღვთის ზოგი მსახური და რა ეხმარება მათ ამაში?
17 ჩვენი ტკივილის მიზეზი შეიძლება მძიმე წარსული იყოს. დაახლოებით 30 წლის მერი,a რომელიც იეჰოვას მოწმეა, წერს: „წესით ბედნიერი უნდა ვიყო, მაგრამ ჩემი წარსულის გამო ხშირად სირცხვილისა და ზიზღის გრძნობა მიჩნდება. გული მიმძიმდება და ვტირი, თითქოს ყველაფერი გუშინ იყო. წარსულის მოგონებები უღირსობისა და დანაშაულის გრძნობას მიღვიძებს“.
18 ღვთის ბევრი მსახურისთვის შეიძლება ნაცნობია ეს გრძნობები, მაგრამ რას შეუძლია მისცეს მათ მოთმინების ძალა? აი, რას ამბობს მერი: „ნამდვილ მეგობრებთან და სულიერი ოჯახის წევრებთან ურთიერთობა მახარებს. ვცდილობ, ვიფიქრო იმაზე, რასაც იეჰოვა გვპირდება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ცრემლები სიხარულის ყიჟინით შეიცვლება“ (ფსალმ. 126:5). იმედი ღვთის მიერ დანიშნულ მმართველზე, მის ძეზე უნდა დავამყაროთ, რომლის შესახებაც ნაწინასწარმეტყველებია: „ის შეიბრალებს საწყალსა და ღარიბს, იხსნის ღარიბთა სულებს. ჩაგვრისა და ძალადობისგან გამოისყიდის მათ სულებს და ძვირფასი იქნება მათი სისხლი მის თვალში“ (ფსალმ. 72:13, 14). ნუთუ არ გვანუგეშებს ამის ცოდნა?!
-